დენ სიმონსის ჰიპერფანტასტიკური ილიადა

სამეცნიერო ფანტასტიკის ჟანრის განვითარებამ დიდი ოთხეულის და მათი თანამედროვე კლასიკოსების შემდეგ მცირედით შეიცვალა კალაპოტი და მეოცე საუკუნის 80-იანი წლებიდან სულ მთლად ახალ საფეხურზე აინაცვლა.

ნილ გეიმანის Marvel 1602

2001 წელს ნილ გეიმანმა, გრაფიკულის ნოველების აწ უკვე აღიარებულმა მწერალმა და The Sandman-ის შექმნელმა, გადაწყვიტა Marvel-თან ეთანამშრომლა და ბედი მეინსტრიმულ კომიქსში მოესინჯა (უფრო სწორად, თავად Marvel-ისგან მიიღო შემოთავაზება).

არტ შპიგელმანის ომგამოვლილი თაგვი

„როდესაც რამდენიმე დღით ერთ ოთახში ჩაგკეტავენ მშივრებს, იქ სიტყვა "მეგობარი" აღარ არსებობს.“

„უფრო მეტი, ვიდრე ადამიანი“: თეოდორ სტარჯენის ევოლოციური თეორია

„ჩვენ გვჭირდება არა ფიზიკური, არამედ - ფსიქიკური ევოლუცია“.

26 June, 2015

გალერეა: 24 ახალი სიტყვა Urban Dictionary-სგან



























ავტორი: გიორგი ნაკაშიძე

25 June, 2015

Critical Mass Tbilisi. 26.02.2015



Critical Mass გახლავთ ველოსიპედის მოყვარულების მიერ შექმნილი ღონისძიება, რომელიც იმართება ყოველი თვის ბოლო პარასკევს. ივენთის ისტორია იწყება 1992 წლიდან, როდესაც ქალაქ სან ფრანცისკოში პირველად მოეწყო ეს ღონისძიება. მას შემდეგ სამასზე მეტმა ქალაქმა მიბაძა სან ფრანცისკოს. 

Critical Mass უბრალოდ გართობისთვის შეკრება და ველოსიპედებით ქალაქში მოძრაობა როდი გახლავთ. ჩემი აზრით, მან უკვე შეიძინა სოციალური მოძრაობის, ერთგვარი პროტესტის ფორმა, როდესაც ველომოყვარულები ღია აცხადებენ და გამოხატავენ თავიანთ დამოკიდებულებას, რომ ქუჩებზე ერთპიროვნული მფლობელობის უფლება მხოლოდ მანქანებს არ ეკუთვნით! 

ამ დღეებში დაანონსებულია კიდევ ერთი მსვლელობა. 26 ივნისს ველომოყვარულები 20:00 საათზე იკრიბებიან ვაკის პარკის მთავარ შესასვლელთან, საიდანაც მსვლელობა აიღებს გეზს. როგორც ფეისბუქის ივენთის აღწერაში წერია, მსვლელობას სიმბოლური ხასიათი ექნება და იგი მიეძღვნება 13 ივნისის კატასტროფის შედეგად დაღუპული ადამიანების ხსოვნას:

,, ივნისის თვის ბოლო პარასკევს გაიმართება პერმანენტული მსვლელობა Critical Mass. მსვლელობით ველომოყვარულები პატივს მიაგებენ 13 ივნისს მომხდარი კატასტროფის შედეგად გარდაცვლილ ადამიანთა ხსოვნას და საერთო თანადგომას გამოხატავენ მოქალაქეების მიმართ, რომლებიც ტრაგედიის დღიდან დაუღალავად შრომობდნენ, თავიანთი ჯანმრთელობის და სიცოცხლის რისკის ფასად. გმირთა მოედნიდან დაღუპულთა ხსოვნისთვის გავუშვებთ მანათობლებს.“

ასე რომ, ყველას მოგიწოდებთ მიიღოთ ამ ღონისძებაში მონაწილეობა, იქნება ეს ველოსიპედი, როლიკები, სკეიტ ბორდი და ნებისმიერი მსგავსი გადაადგილების საშუალებას.


"ჩვენ არ ვბლოკავთ მოძრაობას, ჩვენ ვართ მოძრაობა"




20 June, 2015

საბჭოთა კავშირში აკრძალული 38 ცნობილი მუსიკალური ჯგუფი

                             
ცნობილი ამბავია, რომ მუსიკა შესაძლოა ძლიერ და საშიშ პოლიტიკურ იარაღად იქცეს. საბჭოთა კავშირშიც შესანიშნავად იცოდნენ ეს ფაქტი, სწორედ ამიტომ 1985 წელს კომკავშირის მიერ გამოქვეყნდა ცნობილი მუსიკალური ბენდების სია (იხილეთ ქვემოთ), რომლებიც საზოგადოებისთვის საშიშად ჩაითვალნენ. 

ამ სიაში შევიდა ე.წ. ახალი ტალღის 38 ჯგუფი. მათ ,,ბრალს სდებდნენ“ ანტისახელმწიფოებრივ პროპაგანდაში და საბჭოთა ქვეყნებისთვის მიუღებლად თვლიდნენ. 

აქ შეხვდებით ისეთ ტიტანებს, როგორებიცაა ,,Black Sabbath”, ,,Iron Maiden", ,,ძალადობრივი და რელიგიური მისტიციზმით“ აღსავსე ,,Nazareth”-ი და სხვ.

,,Pink Floyd”-ს ბრალი ედება საბჭოთა კავშირის საგარეო პოლიტიკის მასხრად აგდებაში. (საუბარია ავღანეთში საბჭოთა კავშირის სამხედრო ინტერვენციაზე, რასაც ჯგუფმა სიმღერაც მიუძღვნა სახელწოდებით ,,Get your filthy hands off my desert”). 

რამდენადაც არ უნდა გაგიკვიდრეთ ამ სიაში მოხვდა, იმ პერიოდის ალბათ ყველაზე წყნარი ბენდი ,,Depeche Mode”-ი, რომელსაც ბრალი ძალადობაში ედება... 

მოკლედ გაეცანით საბჭთა კავშირში აკრძალული ბენდების სიას:


Sex Pistols: ძალადობა 
Madness: ძალადობა 
Clash: punk, ძალადობა 
Stranglers: ძალადობა 
Kiss: ძალადობა, ნეოფაშიზმი 
Crocus: ძალადობა 
Styx: ძალადობა, ვანდალიზმი 
Iron Maiden: ძალადობა, რელიგიური მისტიციზმი 
Judas Priest: რასიზმი, ანტიკომუნიზმი 
AC/DC: ძალადობა, ნეოფაშიზმი 
Sparks: რასიზმი, ნეოფაშიზმი 
Black Sabbath: ძალადობა 
Alice Cooper: ძალადობა, ნადალიზმი 
Nazareth: ძალადობა, რელიგიური მისტიციზმი 
Scorpions: ძალადობა 
Gengis Khan: ანტიკომუნიზმი, ნაციონალიზმი 
UFO: ძალადობა 
Pink Floyd (1983): საბჭოთა კავშირის საგარეო კურსის აბუჩად აგდება 
Talking Heads: ძალადობა 
Perron: ეროტიზმი 
Bohannon: ეროტიზმი 
Originals: სექსი 
Donna Summer: ეროტიზმი 
Tina Turner: სექსი 
Junior English: სექსი 
Canned Heat: ჰომოსექსუალიზმი 
Munich Machine: ეროტიზმი 
Ramones: ძალადობა 
Van Halen: ანტისაბჭოთა პროპაგანდა 
Julio Iglesias: ნეოფაშიზმი 
Yazoo: ძალადობა 
Depeche Mode: ძალადობა 
Village People: ძალადობა 
Ten CC: ნეოფაშიზმი 
Stooges: ძალადობა 
Boys: ძალადობა 
Blondie: ძალადობა

Top 5 მხატვრული წიგნი ჰაკერებზე... და არა მარტო მათზე




მიუხედავად ჰაკერებისადმი დღეს არსებული განწყობისა, რომელიც მათ კრიმინალებად და ტერორისტებად წარმოჩენას ემსახურება, მხატვრულ სამყაროში ისინი გვევლინებიან გმირებად, ჰაკტივისტებად, რომლებიც ან დამოუკიდებლად მოქმედებენ, ან დიდი წვლილი შეაქვთ მთავარი პროტაგონისტების მიერ დასახული ამოცანების წარმატებით შესრულებაში. რას გააკეთებდა ჯეკ ბაუერი ქლოე ო'ბრაიენის გარეშე? ან და გავიხსენოთ ფელისიტი სმოუკი Arrow-დან. ასევე, არ დაგვავიწყდეს ჰაკერები „მატრიცადან“, რომლებმაც სუპერ ხელოვნურ ინტელექტს ცარიელი ადგილები მოუძებნეს და მის სამყაროში შეაღწიეს. კიდევ ბევრის გახსენება შეიძლება... თუმცა ეს ფილმებია, საინტერესოა, რა ხდება ლიტერატურაში.

ლიტერატურაში საქმე უფრო სერიოზულადაა, რადგან აქ ჰაკერებს მუშაობა უწევთ განვითარებულ ვირუსებთან, ხელოვნურ ინტელექტებთან, გადაგვარებულ საზოგადოებაში ცხოვრების პირობებში, ისეთ სამყაროებში, რომლებიც სამეცნიერო ფანტასტიკისთვისაა დამახასიათებელი. ცხადია, რომ ჰაკინგი სამეცნიერო ფანტასტიკის სფეროა. ეს ორი მიმართულება მშვენივრად ეწყობა ერთმანეთს და ქმნის კლასიკური სამეცნიერო ფანტასტიკისგან განსხვავებულ, ჩვენთვის უფრო ნაცნობ ატმოსფეროს, რადგან ჰაკერები და კომპიუტერები, დროში მოგზაურობისა და შორეული პლანეტების კოლონიზაციისაგან განსხვავებით, მეტ-ნაკლებად ყველა ჩვენაგანისთვის ნაცნობი თემებია. 

ჯერ კიდევ '80-იან წლებში, როცა კომპიუტერები ჯერ კიდევ არ ქცეულიყო მეინსტრიმულ მოვლენად, ისეთმა ავტორებმა, როგორებიცაა ნილ სტივენსონი და უილიამ გიბსონი, დაიწყეს სამეცნიერო ფანტასტიკისა და ჰაკინგის გამოყენება დისტოპიური სამყაროების „დასაპროგრამებლად“, რათა შეექმნათ კიბერპანკი, უახლოესი მომავლის შიშის მომგვრელი ხედვა, სადაც ტექნოლოგია არის ღმერთი, ხოლო საზოგადოება - თავისივე ქმნილების მსხვერპლი. 


1. უილიამ გიბსონი - „ნეირომანტი“
 William Gibson - Neuromancer

ამ სიის უდავო ლიდერი - „ნეირომანტი“, არის კიბერპანკის საკულტო ნამუშევარი: პირველი წიგნი, რომელმაც მოახერხა სამეცნიერო ფანტასტიკის „სამმაგი გვირგვინის“ (ნებულა, ჰიუგო, ფილიპ კ. დიკის პრემია) მოპოვება. გიბსონის ეს სადებიუტო ნოველა გამოქვეყნდა 1984 წელს და მალევე მოიპოვა პოპულარობა. დღეს კიბერპანკში ეს წიგნი ისეთივე სტატუსის მატარებელია, როგორც „დრაკულა“ ვამპირთა მხატვრულ სამყაროში, ან „ნათლია“ მაფიის შესახებ დაწერილ წიგნებში. მართალია, ეს არის არის სუფთად ჰაკინგზე დაწერილი წიგნი, რადგან აქ ისევ გვხვდება სამეცნიერო ფანტასტიკის კლიშეები (კოსმოსში მოგზაურობა, მოდიფიცირებული ჰუმანოიდები და ა.შ.), თუმცა გამოჩნდა ისეთ ფენომენები, როგორიც იყო ვირტუალური რეალობა, კომპიუტერებით მანიპულაცია და სხვა ჰაკერული აქტივობები. წიგნმა ასევე მოახერხა, რომ დაეძლია მკითხველთა შეზღუდული წრე (სამეცნიერო ფანტასტიკის ნერდები) და გასულიყო ფართო საზოგადოებაში. სწორედ „ნეირომანტის“ დამსახურებაა ისეთი ტერმინის დამკვიდრება და პოპულარიზება, როგორიცაა „კიბერსივრცე.“ უფრო მეტიც, ზოგი სამართლიანად მიიჩნევს, რომ არა გიბსონი ნამუშევარი, დღეს ინტერნეტი ისეთი არ იქნებოდა, როგორსაც ვიცნობთ. ამ ნაწარმოებმა განავითარა „მატრიცას“ კონცეფცია: „მატრიცას საფუძვლად უდევს პრიმიტიული საბრძოლო თამაშები... კიბერსივრცე. ეს არის კონსენსუალური ჰალუცინაცია, რომელსაც ყოველდღიურად განიცდის მილიარდობით ლეგიტიმური ოპერატორი, ყველა ქვეყანაში, ბავშვები, რომლებიც სწავლობენ მათემატიკურ კონცეფციებს... ეს არის ადამინთა სისტემაში არსებული თითოეული კომპიუტერული ბაზიდან განცალკევებული, გრაფიკულად წარმოდგენილი მონაცემები. წარმოუდგენელი სირთულე. ცნობიერების მიღმა ნაკადებად ჩამომდინარე სინათლის ხაზები, მონაცემთა ჯგუფები და თანავარსკვლავედები,  ქალაქის მოციმციმე სინათლეების მსგავსად.“ როგორი სირთულითაცაა დაწერილი ეს წიგნი, მით უფრო საინტერესო და შემეცნებითია გიბსონის ეს შედევრი, რომელშიც უცნობი პირის მიერ დაქირავებულმა, სულიერად დაცემულმა ჰაკერმა უნდა განახორციელოს ჯერ არ ნახული, მაქსიმალური დონის ჰაკინგი.

2. ნილ სტივენსონი - „ხარვეზი“
Neal Stephenson - Snow Crash

კიბერპანკის კიდევ ერთი უმნიშვნელოვანესი, განსაკუთრებით კომპლექსური ნაწარმოები, რომელმაც მანამდე უცნობი ნილ სტივენსონი '90-იანი წლების სამეცნიერო ფანტასტიკის ერთ-ერთ გამორჩეულ მწერლად აქცია. ეს ნაწარმოები, სხვა ბევრ თემასთან ერთად, იკვლევს ადამიანის ბუნებას (ავატარებისა და კიბორგების ფონზე), საზოგადოების მიზანს და ა.შ. განსაკუთრებით თვალშისაცემია ენის მნიშვნელობა და მისი არსი. სტივენსონი გვთავაზონს ენების წარმოშობის ინოვაციურ ვერსიას და ენის, როგორც ფენომენის, კავშირს კომპიუტერულ ვირუსთან. არსებობდა ქალღმერთი აშერა, როგორც ლინგვისტური ვირუსი, ყველა ადამიანი, ინფიცირებული ამ ვირუსით, ლაპარაკობდა ერთ ენაზე. ამ პრობლემის მოსაგვარებლად კი ღმერთმა, სახელად ენკიმ, შეიმუშავა ანტივირუსი, რომელმაც ადამიანები, აშერას ვირუსისგან დასაცავად, აალაპარაკა სხვადასხვა ენაზე. სწორედ ამ ნაწარმოებმა მოახდინა ისეთი ტერმინის პოპულარიზება, როგორიცაა „ავატარი“ (ეს სანსკრიტული ტერმინი მანამდეც არსებობდა კომპიუტერულ სამყაროში). „ხარვეზში“ აღწერილ სისტემა `Earth`-ს კი მიიჩნევენ ისეთი პროგრამების პროტოტიპად, როგორიცაა NASA World Wind და Google Earth. „ხარვეზის“ მოქმედება ხდება პრივატიზებულ ერთეულებად ქცეულ სამყაროში, სადაც არ არსებობს ცნება „საჯარო“. ადამიანის ცხოვრების ყველა ასპექტი პრივატიზებულია კერძო კორპორაციების მიერ, მთავრობა ფაქტობრივად არ არსებობს (შეიძლება ეს სურათი არც თუ ისე შორეული მომავალი იყოს დღევანდელი კაცობრიობისთვის). წიგნში დახატულია ადამიანთა ყოფა ინფორმაციის მუდმივად პროგრესირებად პირობებში, რაც ადამიანებისთვის არც თუ ისე ოპტიმალური კონდიციაა (ეს პრობლემაც აღარ არის უცხო ინტერნეტის წყალობთ). ორმაგი ცხოვრებით მცხოვრებმა მთავარმა გმირმა კი, გენიოსმა ჰაკერმა, უნდა გატეხოს ეს ახალი ინფორმაციული ვირუსი და კაცობრიობა იხსნას... ინფოკალიფსისგან.

3. ნილ სტივენსონი - „კრიპტონომიკონი“
Neal Stephenson - Cryptonomicon

ნილ სტივენსონი
ისევ სტივენსონი. მას შემდეგ, რაც ალან ტიურინგის შესახებ გადაღებული `The Imitation Games` გამოვიდა, ფართო საზოგადოებამ იხილა, თუ როგორ მუშაობდნენ მეორე მსოფლიო ომის დროინდელი „ჰაკერები“. „კრიპტონომიკონის“ სიუჟეტის ნაწილი სწორედ ასეთ „ჰაკერებს“ ეხება, რომლებიც ყველაფერს აკეთებენ ნაცისტებისა და მათი მოკავშირეების დასამარცხებლად. სიუჟეტის მეორე ნაწილი კი მოგვითხრობს '90-იან წლებში მოქმედ ჰაკერთა მიწისქვეშა ჯგუფზე, რომლებიც ცდილობენ შექმნან საიდუმლო ინტერნეტბანკინგის ქსელი, ციფრული ვალუტითა და ოქროს კურსით, რათა დაეხმარონ გენოციდის სამიზნე ჯგუფებს თავდაცვითი სტრატეგიების განვითარებაში. სტივენსონი სხვა ნოველებთან შედარებით, „კრიპტონომიკონი“ უფრო მეტად ისტორიული რომანი და თანამედროვე ტექნო-თრილერია, ვიდრე - სამეცნიერო ფანტასტიკა. ნაწარმოებში შევხვდებით ისეთი ისტორიული ადამიანების ფიქციურ ვერსიებს, როგორებიცაა ალან ტიურინგი, ალბერტ აინშტაინი, დუგლას მაკარტური, უინსტონ ჩერჩილი, ისოროკუ იამამოტო, კარლ დიონიცი, ჰერმან გერინგი და რონალდ რეიგანი. ამ ყველაფერს კი ემატება ტექნიური დეტალებით დატვირთული პასაჟები თანამედროვე კრიპტოგრაფიაზე, ინფორმაციის დაცვაზე, უმაღლეს მათემატიკაზე და ა.შ. (ასეთი საკითხები ყოველთვის საინტერესოა მკითხველისთვის, მიუხედავად იმისა, რომ შეიძლება ვერაფერი გაიგონ). მიუხედავად იმისა, რომ წიგნი მხატვრულია, მას „კრიპტოგრაფის ბიბლიად“ მოიხსნებენ, რომელიც თავს უყრის ამერიკის მთელ ცოდნას კრიპტოგრაფიის შესახებ. მიუხედავად იმისა, რომ წიგნი ფართო მასებზე არ იყო გათვლილი, მან დიდი აღიარება ჰპოვა როგორც სტივენსონის ფანებში, ისე - კრიტიკოსებისგან და მკითხველებისგან. თუმცა, რომანს მაინც შერჩა „ნერდებისთვის დაწერილი“ წიგნის სტატუსი. წიგნის სახელწოდება წარმოადგენს ჰოვარდ ფილიპ ლავკრაფტის საშინელებათა მოთხრობების - „ნეკრონომიკონის“ სახელწოდების ვარიაციას: „ისეთი სათაურის მოფიქრება მინდოდა, როგორიც ექნებოდა XVII საუკუნის მეცნიერის ნაშრომს. ასე მოვიფიქრე „კრიპტონომიკონი“. ყური მქონდა მოკრული ისეთი სიტყვისთვის, როგორიც იყო ნეკრონომიკონი. ნამდვილად არ წამიკითხავს ლავკრაფტი, თუმცა სახელწოდება ნამდვილად მისი დამსახურებაა“ - ამბობს სტივენსონი.

4. ჯონ ბრანერი - „The Shocwave Rider“

ეს წიგნი 1975 წელს გამოიცა. ამ ნაწარმოებში მთავარი გმირი ცდილობს თავისი ჰაკერული უნარების დახმარებით შეძლოს დისტოპიური მომავლის სამყაროდან თავის დაღწევა. სწორედ ამ წიგნის შემდეგ გადხდა პოპულარული ისეთი ტერმინი, როგორიცაა „კომპიუტერული ჭია“. მიუხედავად იმისა, რომ ნაწარმოებმა კრიტიკოსები ვერ მოხიბლა, წიგნი, ცალკეული ეპიზოდებისა და მთლიანი ლაიტმოტივის გათვალისწინებით, ნამდვილად არის ერთხელ წაკითხვის ღირსი, თუნდაც მხოლოდ იმ ფაქტის გათვალისწინებით, რომ წიგნი 1975 წელს გამოიცა, როცა ჯერ კიდევ კონცეფციების დონეზე იყო შემუშავებული მსოფლიოს გლობალური კომპიუტერული ქსელი, წიგნმა კი, „მონაცემთა ბაზის“ სახით, საკმაოდ ნათლად იწინასწარმეტყველა ის რეალობა, რომელშიც დღეს ვცხოვრობთ. ამას ემატება ის, რომ წიგნში მთავარი გმირი ცდილობს ხალხი იხსნას მენტალური ილუზიებისგან, რომლებმაც თითქმის რელობის დონეზე დაიწყეს არსებობა, რადგან შეიცვალა „აღქმის“ არსი ადამიანებში. ნუ, მოკლედ, როგორც მიხვდით, ეს სურათი ძალიან წააგავს ვაჩოვსკების „მატრიცას“ სიუჟეტს, რაც ნამდვილად მატებს ღირებულებას 1975 წელს გამოცემულ წიგნს.

5. ჯეფრი დივერი - „ლურჯი სიცარიელე“
Jeffery Deaver - The Blue Nowhere

„ლურჯი სიცარიელე“ არის კიბერ-თრილერი, რომლის მოქმედება ხდება '90-იანი წლების პერიოდში. ჯეფრი დივერი, რომელმაც ნამდვილად იცის თავის საქმე, მშვენივრად უმკლავდება კიბერ თემას. ზემოთ განხილული ნაწარმოებებისგან განსხვავებით, ეს წიგნი წარმოადგენს მეტი მოქმედებითი ელემენტების მქონე ნამუშევარს, რომელიც კარგად აღწერს კონკურენტ ჰაკერთა ბრძოლას. სერიულ მკვლელად გადაქცეული ჰაკერი, რომელიც მსხვერპლს ინტერნეტის ისტორიის მიხედვით არჩევს, აღმოჩნდება პოლიციის მიერ ციხიდან გამოყვანილი ჰაკერის წინაშე, და მათ შორის იწყება ერთგვარი ბლიცკრიგი: მუდმივი ბრძოლა იმის გასარკვევად, თუ რომელი მოიპოვებს უპირატესობას ინფორმაციულ ინჟინერიაში და ჰაკერულ ოპერაციებში. წიგნი წარმოადგენს ერთგვარ მემუარულ ნამუშევარს იმის შესახებ, თუ როგორ ხორციელდებოდა ჰაკინგი ინტერნეტული ერის გარიჟრაჟზე. წიგნს აქვს პოტენციალი, რომ გახდეს კიბერ-უსაფრთხოების კანონიკური ტექსტი.


ავტორი: გიორგი ნაკაშიძე

18 June, 2015

The Escapists - ექვს ნომერში ჩატეული დიდი ისტორია


წელი: 2006
ავტორები: ბრაიან ვოიგენი, მაიკლ შეიბონი

ჟანრი: კრიმინალური, მოქმედებითი, სათავგადასავალო
გამომცემლობა: Dark Horse
ნომრების რაოდენობა: 6


ერთხელ, მკითხველებთან შეხვედრისას, ერთ-ერთმა დამსწრე ახალგაზრდამ ურსულა ლე გუინს ჰკითხა, დამწყები მწერალი ვარ, მაგრამ ვერავის მივაწვინე ჩემი ხმა და ხომ ვერ მირჩევთ, აგენტი როგორ მოვხიბლოო. მაშინ ლე გუინმა ახალგაზრდას ზუსტი პასუხი ვერ გასცა, რადგან პრინციპში ზუსტი პასუხის გაცემა შეუძლებელიც იყო. მარკეტინგი და "პი არი", სხვა ბოროტ ტერმინებთან ერთად, ის ორი ცუდი ბიძიაა, ხელოვანთა დიდ ნაწილს რომ დღემდე ხელს უშლის. თითქოს პირიქით, უნდა ეხმარებოდეს, თუმცა მათი არასწორად, ან სულაც არ გამოყენებას ბევრი ავტორი არარეალიზებისკენ მიჰყავს.

ჩვენ ყოველდღიურად ვკითხულობთ კომიქსებს, ვეცნობით მათ ავტორებს, გონებამახვილურ დიალოგებს, თვალწარმტაც მხატვრობას და უბრალოდ, ძალიან საინტერესო სიუჟეტებს, თუმცა ხშირად ყურადღების მიღმა რჩება ის ხალხი, ვისაც პროდუქტი ჩვენამდე მოაქვს და უმეტესობამ არც კი ვიცით, როგორ ხდება ერთი შეხედვით სულელური და ბავშვური გმირების მსოფლიო დონის ვარსკვლავებად ქცევა. 

Escapist  - არის ისტორია ახალგაზრდა ებრაელი ბიჭის შესახებ. მას ძალიან უყვარს კომიქსები და ძალიან უყვარს თავისი ოჯახი, რომელსაც სამწუხაროდ მალევე კარგავს და მისგან მხოლოდ ორი რამ რჩება: მამისგან - კომიქსებისა და მასთან დაკავშირებული ატრიბუტიკის უზარმაზარი კოლექცია, დედისგან კი - გარდაცვალების სანაცვლო სადაზღვეო თანხა. ყმაწვილი მთლიანად მამის საყვარელ პერსონაჟ Escapist-ში ეფლობა და ცხოვრებას ერთადერთი მიზნით აგრძელებს: მკვდრეთით აღადგინოს ხალხში მივიწყებული სუპერ-გმირი და ამით მამის ხსოვნას პატივი სცეს. ის მშობლების დანატოვარი თანხით ადვილად შეძლებს ობმოდებულ გმირზე საავტორო უფლების მოპოვებას და თავის ორ მეგობართან ერთად იწყებს იმ დიდ საქმეს, რასაც კომიქსის შექმნა ჰქვია.

თხრობა ორ პარალელურ სივრცეში მიმდინარეობს. ერთი - რეალური, მთავარი გმირების ყოველდღიური დაუღალავი შრომა და გამუდმებით იმის ცდა, რომ როგორმე შეაღწიონ ამ უზარმაზარ ბაზარზე და თავიანთი სიტყვა თქვან, მეორე მხრივ კი ის Escapist, რომელსაც ისინი ქმნიან. ამ უკანასკნელის მხატვრობა ბევრად აღემატება რეალურ მოქმედებებს, რაც პრინციპში ავტორების სათქმელს კიდევ უფრო კარგად უსვამს ხაზს. კომიქსის გმირები ჩვეულებრივი გამოუცდელი ახალგაზრდები არიან, რომლებიც დატვირთული არიან იდეებით, რომელთა განხორციელებისთვისაც საკმარისი არც სახსრები აქვთ და არც გავლენა.

მიუხედავად იმისა, რომ კომიქსი ექვს ნომერშია ჩატეული, მასში ყველაფერია: ტრაგედია, კომედია, იმედგაცრუება, სიყვარული, აღელვება, საზოგადოებრივი ჩაგვრა და რეკეტიც კი. მოკლედ რომ ვთქვათ, Escapist ზედგამოჭრილია მათთვის, ვინც საზოგადოებაში თავისი ადგილით არც თუ მთლად კმაყოფილია. ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო სცენა ვითარდება დიდ კორპორაციაში, რომელშიც კომიქსის ერთ-ერთი მთავარი გმირი ბლოკნოტში სუპერგმირის ჩანახატებს აკეთებს, ამასობაში მისი კოლეგა ხუმრობით აღნიშნავს, რომ უმჯობესია ფანჯარაში გაიხედოს და ის სივრცე დახატოს, რასაც იქ ხედავს, ვიდრე დრო კუბიკებში ჩახატული ფიგურების შექმნაში დახარჯოს. ამასობაში კადრი იცვლება და ზედხედით ჩანს კორპორაციის უზარმაზარი ოთახი, რომელიც ტიხრებით პატარ-პატარა კუბიკის მსგავს განყოფილებებადაა დაყოფილი.

რა თქმა უნდა, შინაარსი ვერ დგას მოწოდების სიმაღლეზე, არც მოულოდნელი მოქმედებებით გამოირჩევა და არც პერსონაჟების მრავალფეროვნებით, სიუჟეტის ბანალურობაც რამდენიმე ადგილზე შემაწუხებელია, თუმცა, საერთო ჯამში, ეს ყველაფერი ტოვებს შთაბეჭდილებას, რომ ეს გრაფიკული რომანიც ისეთივე ახალგაზრდის შექმნილია, როგორიც მისი მთავარი გმირია. კომიქსი არ ადგენს მაღალ თამასას საკუთარი თავის მიმართ და არც იმის პრეტენზია აქვს, რომ სხვა ბუმბერაზების გვერდით იდგეს, თუმცა მისი ხიბლიც ამაშია. ეს ექვსი ნომერი არის საკმარისზე მეტი საიმისოდ, რომ კარგად დავინახოთ ხელოვნების ამ კონკრეტულ დარგში მოღვაწე ახალგაზრდების (და არა მარტო) მისწრაფებები და სულისკვეთება. ყველაფრის მიუხედავად, უსამართლობა იქნება არ აღინიშნოს, რომ დასკვნითი სცენა ყოველგვარ მოლოდინს აჭარბებს და ისეთი ემოციით გვავსებს, რომ ერთიანად გული გვწყდება, რადგან ისტორია მთავრდება. გვსურს, ჩვენც გვქონდეს Escapist-ის უნარი და უნივერსალური გასაღები, რომ ამ ამბის ბოლოში მდგარი კარი შევაღოთ და გმირების შემდგომი ამბებიც ჩვენ წინ გადაიშალოს.

კომიქსის ლინკი

ავტორი: ირაკლი სულაძე


10 საინტერესო ფაქტი რეი ბრედბერის შესახებ


1. თინეიჯერების უმრავლესობის პირველი სამუშაო მაღაზიებში ბოსტნეულის დახარისხება ან ბურგერების დაჭრა გახლავთ. ბრედბერი კი 14 წლის ასაკში ჯორჯ ბარნსის სატელევიზიოი შოუში სცენარისტად მუშაობდა. ,,ქუჩაში მოვსეირნობდი," - იხსენებს ბრედბერი ,,როდესაც თეატრის წინ ჯორჯ ბარნსი დავინახე. მივედი და ვუთხარი: ბატონო ბარნს, დღეს გადაცემა გაქვთ, არა? მან მიპასუხა: დიახ. მე კი მივუგე: მაყურებლები არ გყვათ, ხომ არ მომცემდით ნებას თქვენი მაყურებელი ვიყო? ჯორჯი დამთანხმდა და პირველ რიგებში გამომინახა ადგილი. როდესაც ფარდა აიწია, მე უკვე სატელევიზიო შოუში გახლდით. ყოველ ოთხშაბათობით დავდიოდი, შემდგომ კი სცენარების წერა დავიწყე და ჯორჯს გავაცანი. მხოლოდ ერთადერთი სცენარი გამოიყენეს, მაგრამ მთავარია - ხომ გამოიყენეს!“

2. 22 წლის ასაკში რეიმ პირველად მოიკრიბა ძალა და გოგო პაემანზე დაპატიჟა. გოგონა სახელად მეგი წიგნის მაღაზიაში მომსახურე პერსონალად მუშაობდა. თავიდან მას რეი წიგნის ქურდი ეგონა მისი გრძელი ქურთუკის გამო. შემდეგ კი ყავაზე შეხვდნენ ერთმანეთს, რასაც კოქტეილები მოჰყვა, შემდეგ ვახშამი, რომელიც ქორწინებაში, 56 წლის ქორწინების წლისთავში და 4 შვილში გადაიზარდა. მეგი ერთდაერთი გოგო იყო, რომელსაც ბრედბერი პაემანზე შეხვედრია.

3. ბრედბერის არათუ მართვის მოწმობა არ ჰქონდა, არამედ საერთოდ არ ენდობოდა მანქანებს. მისი ამ ფობიის მიზეზი გახლდა უბედური შემთხვევა, რომელსაც ის 16 წლის ასაკში შეესწრო. 1996 წელს ჟურნალ ,,ფლეიბოისთან“ ინტერვიუში მან თქვა: ,,შევესწარი ექვსი ადამიანის სიკვდილის საშინელ ავტოკატასტროფაში. თვეები დამჭირდა ამ სტრესიდან რომ გამოვსულიყავი. ამიტომაც არ ვატარებ. მაგრამ, ვატარებ თუ არა, ამას მნიშვნელობა არ აქვს. ავტომანქანა ყველაზე საშიში იარაღია ჩვენს საზოგადოებაში - მანქანა უფრო მეტ ადამიანის კლავს, ვიდრე - ომები“

4. ბრედბერის ეზიზღებოდა კომპიუტერები. ,,ბილ გეითსი და მისი პარტნიორები უბრალოდ გვატყუებენ, ამბობს ბრედბერი ,,ფლეიბოისთან“ ინტერვიუში, შეხედეთ ვინდოუს 95-ს, ძალიან სულელურია. ის ასევე აცხადებდა, რომ მისთვის კომპიუტერი მხოლოდ საბეჭდი მანქანა იყო. ინტერნეტს კი ძველმოდურს უწოდებდა: ,,ხალხი კითხვას გისვამს, შენ კი პასუხს უბრუნებ. ეს 30 წლის უკანაც არსებობდა. იგივეს გაკეთება ხომ ტელეფონითაც შეიძლება. რატომ ვართ გაოცებულები ისეთი რამით, რაც უწინაც გვქონდა?"

5. 1947 წელს ჟურნალ ,,Mademoiselle”-ს რედაქტორმა რეის მოკლე მოთხრობა ,,Homecoming" წაიკითხა. ეს მოთხრობა ერთი ბიჭის ისტორიას გვიყვება, რომელიც ერთდერთი ადამიანია ზებუნებრივი არსებების ოჯახში. რედაქტორს მოეწონა და ჟურნალშიც დაბეჭდა. იმავე წელს ამ ნოველამ საუკეთესო მოთხრობის ჯილდოც კი აიღო. და გაინტერესებთ ვინ იყო ეს ახალგაზრდა რედაქტორი? არც მეტი არც ნაკლები - ტრუმენ კეპოუტი.

6. ცნობილი ნოველის ,,ფარენჰეიტ 451“-ის დაწერას რეიმ მხოლოდ ცხრა დღე მოანდომა. წიგნის სახელი კი უკავშირდება ფურცლის წვის ტემპერატურას, რომელზედაც ფურცელი იწვის ცეცხლის დახმარების გარეშე.

7. ბრედბერის თანამედროვე სკოლები დიდად არ ხიბლავდა. ,,მე ბიბლიოთეკების უფრო მჯერა, რადგანაც დღეს სტუდნეტებს ფული არ აქვთ. სკოლა დიდი კრიზისის დროს დავამთავრე. უფულოდ ვიყავი, ამიტომაც კვირაში სამჯერ, ათი წლის განმავლობაში , ბიბლიოთეკაში დავდიოდი.

8. უოლტ დისნეი და ბრედბერი კარგი მეგობრები იყვნენ. რეი დისნეის პარკების დიდი გულშემატკივარი გახლდათ: ,,მსოფლიოს ყველა კუთხიდან მოვლენ ამ შესასვლელთან. რატომ? იმიტომ, რომ ხალხს სურს იხილოს მომავლის სამყარო, უნდათ გაიგონ, როგორ გახდეს ადამიანი უკეთესი. დისნეი ცდილობს დაანახოს კაცობრიობას, რომ არსებობს ალტერნატიული გზები, რომლებიც ყველას ბედნიერს გახდის.“

9. მან ერთხელ განაცხადა, რომ როცა მოკვდებოდა, სურდა მისი ფერფლი კეტჩუპის ქილაში მოეთავსებინათ და მარსზე დაემარხათ. მოგვიანებით აზრი შეიცვალა და ისეთი ადგილი შეარჩია, სადაც ფანები პატივის მიგებას შეძლებდნენ. შემდგომ იფიქრა, რომ თავად გააკეთება საფლავის ქვის დიზაინს, სადაც მისი წიგნების სათაურები იქნებოდა დატანილი, საბოლოო წარწერა კი შემდეგი შინაარსის იქნებოდა: ,,აქ განისვენეთ, ბაბუაწვერებო“ (Place dandelions here) - ცნობილი ნოველის ,,ბაბუაწვერას ღვინოს“ საპატივცემულოდ. ან, უბრალოდ. მარტივად ეწერებოდა: ,,ფარენჰეიტ 451-ის ავტორი“. მოკლედ, ლოს ანჯელესში თუ მოხვდებით, ვესტვუდის პარკშია დაკრძალული ეს კაცი და ბაბუაწვერების წაღება არ დაგავიწყდეთ.

10. ალბათ, ყველაზე მნიშნელოვანი მოვლენა, რაც მისი გარდაცვალების შემდგომ მოხდა , გახლავთ ის, რომ როდესაც ნასას მარსის მისია (Mars Curiosity) წარმატებულად დაეშვა პლანეტაზე, იმ მიდამოს ,,ბრედბერის დაფრენა“ (,,Bradbury Landing”) უწოდეს.



17 June, 2015

ჰერმან მელვილის „მობი დიკი“


"მობი დიკი" ჰერმან მელვილის შემოქმედებიდანაა. ამ წიგნმა დიდი გავლენა მოახდინა ჩემზე და, ალბათ, ყველა მკითხველზე. ზოგადად, ეს ნაწარმოები კარგად აღწერს რეალურ ცხოვრებას. უიმედობა, წარმატება, უდროო მარცხი, შურისძიება, სიკვდილი.

თვითონ მოთხრობა არც თუ ისე საინტერესოდ იწყება. ერთი უბრალო ყმაწვილი ისმაილი გადაწყვეტს, რომ მან ცხოვრება ფათერაკებს და ზღვაში მოგზაურობას უნდა დაუთმოს. ამ ბიჭს უნდა დიდ ზღვაოსნობაში ჩაერთოს, როცა სამგზავრო გემზე სულ რამდენჯერმეა ნამყოფი. ბიჭი ეძებს გემს და ამ ძებნისას ის შემთხვევით შეხვდება მის მომავალ მეგობარს ქვიგეგს. ნაწარმოები საინტერესო უკვე ამ მომენტიდან ხდება. ისმაილი დაინახავს უზარმაზარ პოლინიზიელ კანიბალს. პირველი შეხვედრა ძალიან საინტერესო ადგილას  - სასტუმროს ნომერში ხდება, როცა ისმაილს ქვიგეგის საწოლში თბილად წევს, ამ დროს კი პოლინეზიელი გოლიათი შინ ბრუნდება. პოლინეზიელი გოლიათი სულაც არ აღმოჩნდა ისეთი საშიში, როგორსაც ბედისმაძიებელი ისმაილი ეძებდა. მოკლედ, ისმაილმა წიგნის დასაწყისშივე იპოვა მეგობარი და მასთან მეგობრობა, ამის შემდეგ, არ შეუწყვეტია. 

აღმოჩნდა რომ ქვიგეგი ბარჯის მტყორცნელი იყო, საკმაოდ გამოცდილი მეზღვაური და ისიც ეძებდა ახალ სამუშაოს. ქალაქში მდგარი რამდენიმე გემიდან ისმაილმა "პეკოდი" შეარჩია, სახელგანთქმული კაპიტნის - აქაბის გემი. ისმაილი და ქვიგეგი მიიღეს პეკოდის ეკიპაჟში. სამწუხაროდ კაპიტანი აქაბი არ აღმოჩნდა ისეთი, როგორსაც ისმაილი ელოდა. ოდესღაც დიდი მეზღვაური, ერთი საშინელი ამბის შემდეგ, გულჩათხრობილი და თავის თავში ჩაკეტილი გახდა. რამდენიმე კვირა მგზავრობის დაწყებიდან ეკიპაჟს კაპიტანი არც კი ენახა. აქაბის ასეთი ცვლილება თეთრ ვეშაპს უკავშირდებოდა. მას მობი დიკს ეძახდნენ. მისი დაჭერა ვერავინ მოახერხა. თვით აქაბიც მისი დაჭერის მცდელობისას ჩაფლავდა, თანაც ფეხი დაკარგა. ამის შემდეგ, ერთ დროს გენიალური მეზღვაური შურისძიების სურვილმა შეიპყრო. ახლა აქაბი მთელ სამყაროში დაეძებდა მის დაუძინებელ მტერს.

წიგნში ხშირად არის წარმოდგენილი მეცნიერული ჩართვები. გემზე ისმაილმა თავის თავში აღმოაჩინა ახალი გატაცება - სამეცნიერო ნარკვევების წერა. რა თქმა უნდა, ვეშაპებზე მონადირე ხომალდზე ისმაილიც ვეშაპებზე წერდა. ამ წიგნის წაკითხვის შემდეგ რეალურად გავერკვიე ცეტოლოგიაში (მეცნიერება ვეშაპებზე).

წიგნში ყველაზე აღსანიშნავი თავები ისინია, სადაც ვეშაპებზე ნადირობის სცენებია აღწერილი.წიგნის კითხვისას ნელნელა აზარტში შედიხარ. თანაც მობიდიკი უკვე გამოჩნდა და აქაბი მის დასაჭერად სერიოზულად ემზადება. მან მობი დიკისთვის სპეციალური ბარჯი გამოჭედა, რომელიც მობი დიკს სხეულში ჩაესობოდა და მოკლავდა. ბოლო ბრძოლა გადამწყვეტი აღმოჩნდა. ამ წიგნში ნათლადაა აღწერილი ის, რომ შურისძიება უბრალოდ უაზრობაა. აქაბმა მთელი თავისი დიდება და სიცოცხლეც ამ შურისძიებას შესწირა. მობი დიკმა გაანადგურა პეკოდი. პეკოდი, აქაბი და მისი ეკიპაჟი სამუდამოდ ზღვის ფსკერზე დარჩა. მხოლოდ ბედისმაძიებელი ისმაილი გადარჩა სასწაულებრივად.

მოკლედ თუ წაიკითხავთ ამ წიგნს დიდად ისიამოვნებთ!


ლორდი კობიტი

15 June, 2015

„გობლინთა ნაკრძალი“: წიგნი საოცარ სამყაროზე



ალბათ, ძალიან ცოტაა ისეთი წიგნი, რომელშიც სამეცნიერო ფანტასტიკისა და ფენტეზის სამყარო თანაბრადაა წარმოდგენილი. კლიფორდ დ. საიმაკის „გობლინთა ნაკრძალი“ ერთ-ერთი მათგანია. ერთი მხრივ, შორეული მომავალი, განვითარებული ტექნოლოგიები, დროში მოგზაურობა, გალაქტიკათშორისი ექსპედიციები და მეორე მხრივ, მითოლოგიური და ფოლკლორული არსებები, ქმნიან სინთეზს, რომელიც აცოხლებს მომავალსა და წარსულს, გვიხატავს მუდმივი განვითარების ძიებაში მყოფი კაცობრიობის ფუტურისტულ მოლოდინებს და არ ივიწყებს იმ ფესვებს, რომელიც საუკუნეების მანძილზე საფუძვლად დაედო მრავალ თქმულებას, ლეგენდას, ზღაპარსა და თუ ფენტეზის ჟანრის უმნიშვნელოვანეს ნაწარმოებებს. საიმაკი, რომლისთვისაც უცხო არ არის ნებულას, ჰიუგოსა და ბრემ სტოკერის ჯილდოები, გვევლინება ისეთი სამყაროს არქტიტექტორად, რომელიც თავისი მრავალფეროვნებითა და მასშტაბურობით არ ჩამოუვარდება მისი კოლეგების ეპიკურ საგებს.

ნაწარმოები თანაბარი ზომით გვთავაზობს დეტექტივს და თავგადასავალს. მთავარი ინტრიგა იხლართება შემდეგი დეტალების ირგვლივ: მთავარი გმირი, პროფესორი მაქსველი, კოსმოსური მოგზაურობიდან დაბუნებისას გაიგებს, რომ მის ჩამოსვლამდე დედამიწაზე ჩამოვიდა მისი ორეული, რომელიც მოკლეს; არსებობს ამოუცნობი ნივთი, ე. წ. არტეფაქტი - მასიური შავი კუბი, რომლის გაშიფვრა ვერავინ შეძლო და რომლის გარშემო ინტრიგები იხლართება.

„გობლინთა ნაკრძალის“ კითხვისას თავიდანვე ყურადღებას იქცევს პერსონაჟების პალიტრა: პროფესორი მაქსველი, რომელიც შორეული კოსმოსური ოდიესადან ბრუნდება; განვითარებული ნეანდერტალელი; ბიომექანიკური ხმალკბილა; ბორბლებზე მოძრავი ამაზრზენი უცხოპლანეტელები (ვილერები); უცხოპლანეტელი ხამანწკა, რომელიც დედამიწაზე მხოლოდ იმიტომ ჩამოვიდა, რომ დროის არსს ჩაწვდეს, რადგან მის პლანეტაზე დროის გაგება არ არსებობს; მხატვარი, რომელიც ტვინში იმპლანტირებული დროის არამდგრადი მანქანით იურიული პერიოდის დედამიწაზე დასეირნობს და მიღებული შთაბეჭდილებები ტილოზე გადააქვს; მოჩვენება, ტროლები, გობლინები, ბანშები, ფერიები, დრაკონი და თავად შექსპირიც. დიახ, შექსპირი.

დედამიწა გადაქცეულია საპლანეტათშორისო საუნივერსიტეტო პლანეტად, სადაც თავს იყრიან სწავლას მოწყურებული უცხოპლანტელები. ყველა ჩვენგანი დაუფიქრებლად ისწავლიდა „დროის უნივერსიტეტში“. ეს არის სასწავლო დაწესებულება ისეთ ფაკულტეტებით, როგორიცაა მაგიის, ზებუნებრივის, დროში მოგზაურობის, კოსმოსური ექსპედიციების ფაკულტეტები. ამ დაწესებულებამ შეძლო შეექმნა მუზეუმი, სადაც ყველა ანტიკვარი და ისტორიული ნივთი ახალია, რადგან პირდაპირ მათი პერიოდიდან გადმოაქვთ. ამ უნივერსიტეტმა შეძლო დაემტკიცებინა, რომ გობლინები, ტროლები, ბანშები, დინოზავრები და ა.შ. არ იყო მხოლოდ ცრუმორწმუნეთა მიერ შეთხზული არსებები.

ცხენზე ამხედრებული ბატონი ო'ტული,
გობლინები და მათი ციხე-სიმაგრე
ისინი ცხოვრობენ სპეციალურ რეზერვაციებში, გობლინთა ნაკრძალიც ერთ-ერთი მათგანია. მათ უწოდებენ „პატარა რასებს.“ ადამიანები არ უყვართ, თუმცა პროფესორი მაქვსველი მათი მეგობარია. გობლინთა ნაკრძალში ცხოვრობენ ტროლებიც და ფერიებიც. გობლინები და ტროლები დაუძინებელი მტრები არიან. ნაკრძალის თავში დგას გობლინების სასახლე, სადაც მათი მეთაური, ბატონი ო'ტული ხარშავს ოქტომბრის ლუდს, რომლის დალევის ისეთივე სურვილი გაგიჩნდებათ, როგორც - დაგლას სპოლდინგის ბაბუაწვერას ღვინის შემთხვევაში. შეგიყვარდებათ პატარა, ბოროტი, ბუზღუნა, მაგრამ საყვარელი ტროლები. იშვიათად ჩანან ფერიები, რომლებიც გობლინებისა და ტროლების ომში ნეიტრალიტეტს იცავენ. თუმცა, ყველა მათგანი პატარა რასის წარმომადგენლები არიან, ერთმანეთის გარეშე ვერ გაძლებენ. ამას ხვდებიან და ამ სულისკვეთებით ცხოვრობენ. გობლინთა ნაკრძალში ცხოვრობს ბანშიც, იურული პერიოდის უსახო და უსხეულო არსება, მრავლის მნახველი შავი ღრუბელი, რომელიც სიცოცხლის ბოლო დღეებს ითვლის.

გობლინთა ნაკრძალში არ ცხოვრობს დრაკონი. მაქსველის ამოცანაც სწორედ ისაა, რომ იპოვნოს ცოცხალი დრაკონი, თუ კი ისინი რეალურად არსებებობდნენ. სწორედ ამ მიზნით კოსმოსში გამგზავრებისას ის გააორეს, მოხდა მისი კლონირება და პროფესორი აღმოჩნდება ყველაზე იდუმალ ადგილზე, რომელსაც ის კრისტალურ პლანეტას უწოდებს: „უკიდეგანო კრისტალური ვაკე, რომელსაც არ ჰქონდა დასასრული, და კრისტალური ცა - კრისტალური სვეტებით... მათი მწვერვალები რძისფერ ცაში ჩაკარგულიყო.“ კრისტალური პლანეტის აჩრდილისებური მაცხოვრებლები პროფესორს შეატყობინებენ, რომ მათი პლანეტა ინახავს ცოდნას. მათ არ სურთ, რომ ეს ცოდნა ტყუილად დაიკარგოს. პლანეტა არის ასტრონომიული მოცულობის ბიბლიოთეკა:

კრისტალური პლანეტა მოდის იმ სამყაროდან, იმ ძველი სამყაროს ნაწილია, რომელიც ჩვენი სამყაროს გაჩენამდე არსებობდა... მათ იცოდნენ, რომ დადგებოდა დრო, როცა ენერგია სრულად გაქრებოდა, მთელი ეს მკვდარი მასა ნელ-ნელა შეკუმშვას დაიწყებდა და მის ადგილას ახალი კოსმოსური კვერცხი წარმოიქმნებოდა, რომ ეს კვერცხი ისევ აფეთქდებოდა და კვლავ ახალი სამყარო გამოიჩეკებოდა. მათ იცოდნენ, რომ მათი სამყარო აღსასრულს უახლოვდებოდა და ვეღარაფერს შეცვლიდნენ. ეს მათი აღსასრულიც იქნებოდა და ამიტომ ახალი პროექტი წამოიწყეს. პლანეტარული პროექტი. მათ შეისრუტეს ენერგია, ენერგიის უზარმაზარი მარაგები შექმნეს და შეინახეს... მათ ნახეს ძველი სამყაროს სიკვდილი, იმისი, რომელიც ამის წინ იყო. ისინი მარტო დარჩნენ კოსმოსში, სამყაროში... შესაძლებელია, მათ ახალი კვერცხის შექმნაც იხილეს... და თუ მართლა ნახეს, მის აფეთქებასაც იხილავდნენ, რაც იმ სამყაროს დაბადების მაუწყებელი იქნებოდა, რომელშიც ახლა ჩვენ ვცხოვრობთ, დამაბრმავებელი ნათება, როცა ენერგია ისევ მოაწყდა სამყაროს. მათ იხილეს პირველი ვარსკვლავების გაჩენა, მათ ნახეს გალაქტიკების ფორმირება... მათმა რასამ, მიუხედავად იმისა, რომ ორი სამყაროს სიბრძნეს ინახავს, სიცოცხლის ხალისი და უნარი დაკარგა.
- ორმოცდაათი მილიარდი წელი, - თქვა უფსმა, - ცოდნის დაგროვების ორმოცდაათი მილიარდი წელი.“

ვილერები - ორ ბორბალზე ჩამოკიდებული, საზიზღარი სუნის მქონე მატლებისა და ჭიების სკა, კოლექტიური აზროვნების უნარით - სწორედ ისინი იყვნენ კრისტალური პლანეტის მუშები პლანეტარული პროექტის განხორციელებისას, რომლებმაც თავიანთი იმპერიის შექმნა მოახერხეს გადაკარგული გალაქტიკების კუთხეებში. ყველას ეზიზღება ვილერები, მიუხედავად იმისა, რომ მათზე თითქმის არაფერია ცნობილი. მოჩვენება - ერთ-ერთი საინტერესო პერსონაჟი, იმით იტანჯება, რომ არ ახსოვს, თუ ვისი მოჩვენებაა. მას ტელეპორტაციის განსაკუთრებული უნარი აქვს, თუმცა მის შესაძლებლობებს არ იკვლევენ, რადგან მისი ტექნოლოგიის ტრანსპორტის სფეროში დანერგვა სატრანსპორტო კომპანიებს უმუშევრად დატოვებს (შორეულ მომავალშიც კი პრიორიტეტულია ბიზნესინტერესები). შექსპირი - ყველა დროის ეს უდიდესი მწერალი მხოლოდ იმიტომ ჩამოიყვანეს წარსულიდან, რომ წაიკითხოს ლექცია იმაზე, თუ როგორ მოხდა, რომ მას არ დაუწერია ის ნაწარმოებები, რომლებიც დღესაც შექსპირის გვგონია.

თუ გინდათ, რომ იმოგზაუროთ გალაქტიკების იდუმალ კუთხეებში, შეხვდეთ უცნაურ უცხოპლანეტელებს, ლუდის მხარშავ გობლინებს, მაგიის უნარის მქონე ტროლებს, მომაკვდავ ბანშებს, ამაზრზენ ვილერებს, მუსიკოს ფერიებს, გაიგოთ არტეფაქტის საიდუმლო და ის, თუ რა კავშირია მას, დრაკონსა და კრისტალურ პლანეტას შორის, მაშინ უნდა ეწვიოთ „გობლინთა ნაკრძალის“ საოცარ სამყაროს, სადაც „ერთმანეთის პირისპირ, ფერიების ორკესტრის მუსიკაზე, მოჩვენება და უილიამ შექსპირი ცეკვავდნენ.“

P.S. როდესაც კიმ სტენლი რობინსონს შეეკითხნენ, თუ რამ გამოიწვია მისი სამეცნიერო ფანტასტიკით დაინტერესება და რამ შეცვალა მისი ცხოვრება, მან პირდაპირ უპასუხა, რომ ახალგაზრდობისას ბიბლიოთეკაში შევიდა და შემთხვევით „გობლინთა ნაკრძალი“ წაიკითხა.


ავტორი: გიორგი ნაკაშიძე


11 June, 2015

გალერეა: საკულტო ფილმების პოსტერები (ბევრი პერსონაჟით)
















ბალტიმორელი არტისტის ჯოშუა ბუდიჩის მიერ მარტინ სკორსეზეს, ძმები კოენების, უეს ანდერსონის, კვენტინ ტარანტინოს, სტენლი კუბრიკისა და ხარისხიანი კინოს სხვა თანამედროვე რეჟისორების ნამუშევრებზე შექმნილი ალტერნატიული და პერსონაჟებით დახუნძლული პოსტერები.

© Joshua Budich




























ავტორი: გიორგი ნაკაშიძე