დენ სიმონსის ჰიპერფანტასტიკური ილიადა

სამეცნიერო ფანტასტიკის ჟანრის განვითარებამ დიდი ოთხეულის და მათი თანამედროვე კლასიკოსების შემდეგ მცირედით შეიცვალა კალაპოტი და მეოცე საუკუნის 80-იანი წლებიდან სულ მთლად ახალ საფეხურზე აინაცვლა.

ნილ გეიმანის Marvel 1602

2001 წელს ნილ გეიმანმა, გრაფიკულის ნოველების აწ უკვე აღიარებულმა მწერალმა და The Sandman-ის შექმნელმა, გადაწყვიტა Marvel-თან ეთანამშრომლა და ბედი მეინსტრიმულ კომიქსში მოესინჯა (უფრო სწორად, თავად Marvel-ისგან მიიღო შემოთავაზება).

არტ შპიგელმანის ომგამოვლილი თაგვი

„როდესაც რამდენიმე დღით ერთ ოთახში ჩაგკეტავენ მშივრებს, იქ სიტყვა "მეგობარი" აღარ არსებობს.“

„უფრო მეტი, ვიდრე ადამიანი“: თეოდორ სტარჯენის ევოლოციური თეორია

„ჩვენ გვჭირდება არა ფიზიკური, არამედ - ფსიქიკური ევოლუცია“.

31 July, 2015

ნილ გეიმანის Marvel 1602


2001 წელს ნილ გეიმანმა, გრაფიკულის ნოველების აწ უკვე აღიარებულმა მწერალმა და The Sandman-ის შექმნელმა, გადაწყვიტა Marvel-თან ეთანამშრომლა და ბედი მეინსტრიმულ კომიქსში მოესინჯა (უფრო სწორად, თავად Marvel-ისგან მიიღო შემოთავაზება). გეიმანი ყოველთვის აღიარებდა, რომ Marvel-ის ფანი იყო, რადგან მისთვის   მარველის მულტივერსი ერთგვარ „ჯადოსნურ“ სამყაროსთან ასოცირდებოდა. გეიმანი დარწმუნებული არ იყო რა სტილის კომიქსს დაწერდა, თუმცა 11 სექტემბრუს მოვლენების შემდეგ გადაწყვიტა, რომ კომიქსში არ ყოფილიყო თვითმფრინავები, ბომბები, იარაღები და ცათამბჯენები. მცირე ხანში, ვენეციაში მოგზაურობიდან დაბრუნებისას, გეიმანს ინსპირაცია ეწვია - ვენეციაში მან დაინახა „თუ რამდენად ახლოს იყო წარსული“.  

როგორც სათაურიდან ჩანს, მოქმედება ხდება 1602 წელს, რადგან ეს იყო „საუკეთესო პერიოდი ამბის მოსათხრობად. ამ პერიოდმა საშუალება მომცა, მომეთხრო ამერიკაზე და განმეხილა სხვა მოვლენები, რომლებიც ცვლიდნენ მსოფლიოს. ამ პერიოდმა ასევე მომანიჭა საოცრებისა და მაგიის განცდა“ - წერს გეიმანი.

Marvel 1602 აერთიანებს ისტორიულ პიროვნებს და მარველის სუპერგმირებს/ვილანებს. ინგლისის სამეფო კარის ინტრიგების პარალელურად მოთხრობილია ესპანეთში მოღვაწე დიდი ინკვიზიტორის, ამერიკაში შექმნილი პირველი კოლონიისა და ტამპლიერთა საიდუმლო განძის შესახებ.  ისტორიული პირვონებებიდან ნარატივში გვხვდებიან ელიზაბეთ I და შოტლანდიის მეფე ჯეიმს I. სწორედ მათი დაპირისპირების ფონზეა მოთხრობილი „ეშმაკის ნაშიერების“ ამბები. ესენი არიან ადამიანები, რომლებმაც, ინკვიზიციის განცხადებით, ეშმაკთან დადეს გარიგება და მიიღეს ზებუნებრივი შესაძლებლობები. ყველაფერი კი იწყება მსოფლიოში ამინდის უცნაური ცვლილებით, პერსონაჟებმა კი უნდა ამოხსნან ამ ფენომენის საიდუმლო და მსოფლიო აპოკალიფსისგან იხნსნან.

Marvel 1602-ის კითხვისას ყველაზე დიდი მუღამი აქვს ცნობილი პერსონაჟების განსხვავებული ვიზუალით და ოდნავ შეცვლილი სახელებით გამოჩენას: ზოგს ვიზუალით ხვდები, ზოგს - ვინაობით, ზოგიერთი პერსონაჟის გამოსაცნობად კი დამატებითი ინფორმაცია გჭირდება. ყოველი პერსონაჟის გაშიფვრის შედეგად მიღებული სიამოვნება კი გაიძულებს ერთ დაჯდომაზე წაიკითხო რვავე ნომერი. 

ინგლისის დაზვერვის სამსახურის უფროსი - ადამიანი ცალი თვალით; ქუჩის ბრმა მომღერალი; ახალგაზრდა ჯაშუში, რომელიც „რატომღაც“ სულ ობობებთან ერთად „იჩითება“; ლატვერიის ჰერცოგი, ზედმეტსახელად „სიმპატიური“; „სიმპატიურის“ ჯაშუში - ევროპაში ყველაზე საშიში ქალი (რომელზედაც აუცილებლად გაგახსენდებათ „სამი მუშკეტერის“ მილედი), გემ „ფანტასტიკას“ ეკიპაჟი, რომლებიც ოკეანეში უცნაური გამოსხივების ქვეშ მოხვდნენ; დედოფლის პირადი ექიმი ბევრი მისტიური ნივთით სახლში; დიდი ინკვიზიტორი, რომელსას უხარია, რომ მკვლელი რკინის ხანჯლით მიეპარა და არა სხვა საშუალებით; დიდი ინკვიზიტორის ორი მსახური: და-ძმა (ძმა ყველაზე კარგი შიკრიკია ევროპაში, რადგან ერთ დღეში რამდენჯერმე „დაქრის“ ესპანეთიდან ინგლისში, ინგლისიდან ვატიკანში და ა.შ.); ინვალიდი კარლოს ხავიერი, სკოტიუს სამერისლი, ჰალ მაკკოი და ა.შ. ეს იმ პერსონაჟთა მცირე ჩამონათვალია, რომლებიც ამ უცნობი გრაფიკული ნოველას კითხვისას უფრო მეტად ფამილიარულ ატმოსფეროს შეგიქმნიან, ვიდრე - მრავალჯერ ნაქები თუ განხილული კლასიკის პირველად წაკითხვისას გაგიჩნდებათ.

რაც შეეხება ლიტერატურულ შეფასებას, აქ ოდნავ გაგიცრუვდებათ იმედები, რადგან ნილ გეიმანისგან აშკარად ბევრის მოლოდინი გაქვს, ბოლოს და ბოლოს რევოლუციური კომიქსი - The Sandman დაწერა. კომიქსი მთლიანად დაცლილია გეიმანის სტილისგან, არ გვხვდება მისტიური განწყობით გაჟღენთილი წინადადებები, უცნაურად დაწყობილი სიტყვები, რაც გეიმანს ახასიათებს. მაქსიმუმ ერთ-ორ ადგილზე წააწყდეთ ისეთ ციტატას, დამახსოვრების სურვილი რომ გაგიჩინოთ. ზედაპირულადაა დახატული პერსონაჟების ფსიქოლოგიური პორტრეტები. ყურადღება გამახვილებულია მოქმდებებზე, თავგადასავლებზე, ინტრიგებზეთუმცა, ეს სულაც არ არის იმის ბრალი, რომ გეიმანი ამ დროს სრულიად დაცლილი იყო გრაფიკული კომიქსების წერის მუზისგან და არც ის უნდა დავასკვანათ, რომ The Sandman მისი ერთი დიდი იღბლიანი გასროლა იყო. აქ გასათვალისწინებელია, რომ Marvel 1602 არის მეინსტრიმული კომიქსი, რომელიც იმთავითვე მარველის სამყაროს ფარგლებით და პერსონაჟებით იყო შეზღუდული, The Sandman კი უშუალოდ გეიმანის ქმნილებაა. სწორედ ასეთი შეზღუდვის ფარგლების მიხედვით თუ შევაფასებთ, Marvel 1602 „ხოშიანი“ გრაფიკული ნოველაა, რომელიც იმდენად წარმატებული (მარკეტინგულად) გამოდგა, რომ მარველის სამყაროში სათავე დაუდო Earth-616-ის (ეს არის სამყარო, სადაც მარველის კომიქსების აბსოლუტური უმრავლესობის მოქმედება მიმდინარეობს) პარალელურ სამყაროს - Earth-313-ს.

ორიოდ სიტყვა Marvel 1602-ის არტზე. გრაფიკული ნოველის ილუსტრაცია შექმნილია განსხვავებული ხერხით: თუ კომიქსთა უმრავლესობა ფანქრით შესრულებული კონტურების შემდეგ ეგზავნება მელნით დამუშავების სპეციალისტებს, Marvel 1602-ის შემთხვევაში ეს ეტაპი გამოტოვებულია და ფანქრით შესრულებული ესკიზების შემდეგ ილუსტრაციები შესრულებილია პირდაპირ გამფერადებლების მიერ (ე.წ. enhanced pencils ტექნიკა). ამგვარი ტექნიკა ქმნის ისტორიული ნამუშევრის ეფექტს, რაც პირდაპირ ეხამება ნაწარმოების ქრონოლოგიურ გარემოს. 

თუ მარველის ალტერნატიული ისტორიები ოდნავ მაინც მოგწონთ, მაშინ Marvel 1602 აუცილებელია თქვენი ბიბლიოთეკისათვის, განსაკუთრებით მაშინ, თუ ზემოთ აღწერილ დიდ ინკვიტორში და მის მსახურებში მაგნეტო, სკარლეტ ვიტჩი და ქვიქსილვერი, დაზვერვის სამსახურის უფროსში ნიკ ფიური, სკოტიუს სამერისლში კი ციკლოპი ამოიცანით და ა.შ. თუ გაინტერესებთ, რა არის ტამპლიერთა საიდუმლო განძი და რამ გამოიწვია დედამიწაზე იქს-ადამიანების 400 წლით ადრე გამოჩენა, მაშინ ეწვიეთ ტორენტებს და გაეცანით ნილ გეიმანის მიერ მოთხრობილ ჯადოსნურ ისტორიას.


ავტორი: გიორგი ნაკაშიძე

23 July, 2015

არტ შპიგელმანის ომგამოვლილი თაგვი


"როდესაც რამდენიმე დღით ერთ ოთახში ჩაგკეტავენ მშივრებს, იქ სიტყვა "მეგობარი" აღარ არსებობს."

კომიქსს - ქართულ თარგმანში გრაფიკულ ნოველად, ან გრაფიკულ რომანად მოვიხსენიებთ, თუმცა ძალიან ცოტაა "სარომანე" კომიქსები. ამ მხრივ ერთ-ერთი უდავოდ გამორჩეულია ამერიკელი ავტორის - არტ შპიგელმანის 296 გვერდიანი, შავ-თეთრ ნახატებში შესრულებული, თითქმის მინიმალიზმამდე დაყვანილი გრაფიკული რომანი - "თაგვი" (Maus), რომელიც დასრულებული სახით პირველად 1991 წელს გამოიცა და გახდა პირველი კომიქსი, რომელმაც პულიცერის პრემია მოიპოვა. პრემიის არ ვიცი, მაგრამ მისმა პერსონაჟებმა და უაღრესაც დაინტერესო სიუჟეტმა მსოფლიოს მილიონობით მკითხველი ნამდვილად დააინტერესა, მიუხედავად იმისა, რომ კომიქსის მთავარი თემა ცოტა გაცვეთილი ჰოლოკოსტია. 

კომიქსის კითხვის დაწყებისთანავე თვალში გხვდება მარტივი ნახატები, ადამიანთა ნაცვლად გამოყვანილი ცხოველები, რომლებიც ეროვნების მიხედვით განირჩევა და საკმაოდ მსუყე ტექსტი, რომელიც რამდენიმე სხვადასხვა ამბავს მოგვითხრობს. თავიდანვე, იქმნება შთაბეჭდილება, თითქოს მხატვარმა სქელი შავი ფანქარი აიღო და რომანის დასურათება ერთი ხელის მოსმით შეძლო, ისე, რომ ესკიზებიც კი არ შეუქმნია. მთავარი მოქმედი პერსონაჟები თავად ავტორი და მისი მამა არიან. არ ვიცი, რამდენად სანდოა რეალობის კომიქსისეული აღწერა, თუმცა წიგნის დიდი ნაწილი ბიოგრაფიული ხასიათისაა. ახალდაოჯახებული, წარმატებული არტი ჩადის მამასთან, რომელიც მეორე ცოლთან ერთად ცხოვრობს და ცდილობს მისგან მოსმენილი ამბებით ახალი ნაწარმოები შექმნას. ნაწარმოები, რომელიც გრაფიკულად იქნება გაფორმებული და ზედმიწევნით ზუსტად მოყვება ერთი იღბლიანი ებრაელის ამბავს.

მთავარი ებრაელი - არტის მამა, უფროსი შპიგელმანია, რომელიც სხვა მისი თანამემამულეების მსგავსად თაგვის სახითაა წარმოდგენილი. აქვე არიან ძაღლი - ამერიკელები, (თუმცა "ძაღლი" ცოტა უხეშად ჟღერს, რადგან იანკები კომიქსში საკმაოდ დადებითი კუთხით არიან წარმოჩენილი. მათი შექმნისას, ალბათ, შპიგელმანი მცირედით თავის კარიერაზეც ფიქრობდა.) ღორი - პოლონელები (არაებრალი პოლონელები), კატა - გერმანელები, ირემი - შვედები და ა.შ.  რომანი რამდენიმე თავადაა დაყოფილი, რომლებიც ნელ-ნელა ამძაფრებს სიუჟეტს და საბოლოოდ ლოგიკურ დასასრულამდეც მიდის. საწყის თავებში ძალიან ახლოს ვეცნობით შპიგელმანების ოჯახს, მათ ომისწინანდელ მდგომარეობას და რაც მთავარია, ებრაელებთან დაკავშირებულ მსოფლიოში გავრცელებული სტერეოტიპების დამდასტურებელ უამრავ ფაქტს.

ძალიან საინტერესო პერსონაჟია უფროსი შპიგელმანი - ვლადეკი. შეუძლებელია, მისი ერთგვაროვნად დახასიათება. თითქოს, ტანჯული, მძიმე წარსულის მქონე "თაგვია", თუმცა, მეორე მხრივ, მისი ახლანდელი ხუშტურები არც მთლად მოსაწონი და ძნელადაც გასამართლებელია. იმ ომშიც, თავისი მოხერხებულობის და ჭკუის წყალობით ბევრ მომენტში "გამოძვრა", რამაც საბოლოოდ გადაარჩინა კიდეც. ვლადეკის პერსონაჟი, მიუხედავად ძალიან საინტერესო ხასიათისა, ალბათ მცირედ ჩრდილს სცხებს მთლიან რომანს, იმ მხრივ, რომ ის არ არის უბრალო, გაჭირვებული ტყვე, რომელმაც სულ მთლად ბედის ირონიით მოახერხა სამშვიდობოს გასვლა. ვლადეკი მუდამ კარგად გამოიმუშავებდა და საგულდაგულოდ შენახული ძვირფასეულობაც არაერთხელ დაეხმარა მძიმე წუთების გადატანაში. თუმცა, სიმართლე უნდა ითქვას, - მეგობარი და კეთილი საქმის გამკეთებელი არასდროს დავიწყებია და ყველას სათანადოდ აჯილდოვებდა, მიუხედავად იმისა, ისინი კატები იყვნენ, ღორები თუ თაგვები.

რა განასხვავებს "თაგვს" მეორე მსოფლიო ომის და ჰოლოკოსტის შესახებ დაწერილი ისტორიებისგან? გარდა იმისა, რომ ისტორიის გრაფიკულმა გადაწყვეტამ მონათხრობის სიმძაფრე, თითქოს, ერთი შეხედვით, შეამცირა, ბოლო გვერდამდე არ გტოვებს მოუსვენრობის გრძნობა და მიუხედავად იმისა, რომ მისი გმირები შესაძლოა შენთვის საყვარელი და ახლობელი არსებები არ გახდნენ, მათდამი თანაგრძნობა იმდენად დიდია, რომ უკანასკნელმა წინადადებამ და ნახატმა შეიძლება ცრემლიც ვერ შეგაკავებინოს.

გარდა ამისა, შპიგელმანის მთავარი პლუსი მაინც ის მგონია, რომ მიუხედავად უთანასწორო ბრძოლისა, ამ ამბის ყველა პერსონაჟი თანაბრად "გათხვარა" და არც ერთი ცოცხლად დარჩენილი გმირი არ წარმოუჩენია განტევების ვაცად. "თაგვში" ერთდროულად, ძალიან ბევრი და ძალიან ცოტა "მსხვერპლია". თავად ავტორიც კი, (არ ვიცი, განზრახ, თუ ავტორისეული პატიოსნებით) რიგ მომენტებში გამაღიზიანებელ შთაბეჭდილებას ტოვებს და ამით ბოლო გვერდებზე შემცირებული "კატების" სურათებიც კი შეიძლება მოგანატროთ.

დაბოლოს, ღირს კი, ჩვენი დროის, თვალების და წარმოსახვის უნარის "თაგვების ისტორიაზე" დახარჯვა? - დიახ! უდავოდ, ღირს. რადგან, არტი არის ძალიან ძალიან საინტერესო მთხრობელი და მას ვლადეკის (რომელიც სალფეთქსაც კი არ ყიდულობს, ზედმეტი ფინანსები რომ არ დახარჯოს და ქუჩაში დაგდებულ ელექტრო-სადენებს ზიდავს შინ, - რაიმეში ოდესმე გამომადგებაო) სახით ჰყავს ძალიან ძალიან მსუყე წყარო, რომლის ისტორიაც თავისი შინაარსით განსხვავდება ყველა აქამდე მოსმენილი/ნანახი ამბისგან. არ ვიცი, რამდენად იმსახურებს "თაგვი" ლიტერატურულ პრემიებს, მაგრამ ის ნამდვილად იმსახურებს მსოფლიოს მკითხველთა დიდ ინტერესს, რადგან აქ მოთხრობილი ამბები იმავე წარმატებით შეიძლება მოვყვეთ ჩვენსავე თავებზე - ძროხებზე, დათვებზე, კურდღლებზე, ჭიანჭველებზე...


ავტორი: ირაკლი სულაძე

19 July, 2015

გალერეა: Breakfast Mugshot


ფოტოგრაფმა ლანს კარენმა გადაწყვიტა თავისი ჭიქების ნერდული კოლექცია ფოტოსერიად ექცია და თავისი შვილების საუზმე ყოველ დილით თითო სუპერმგირით გაემრავალფეროვნებინა. ბავშვებს უყვართ თავიანთი ნერდი მამიკო. 
© Lance Curran


0

ავტორი: გიორგი ნაკაშიძე

16 July, 2015

„უფრო მეტი, ვიდრე ადამიანი“: თეოდორ სტარჯენის ევოლოციური თეორია


„ჩვენ გვჭირდება არა ფიზიკური, არამედ - ფსიქიკური ევოლუცია“.

ოდესმე გიფიქრიათ, რას გრძნობდნენ იქს-ადამიანები, როდესაც საკუთარ ახლად შეძენილ ზებუნებრივ ძალებთან პირისპირ აღმოჩნდნენ? იყო ეს ანომალია, დაავადება თუ ადამიანის განვითარების მორიგი საფეხური ჯერ კიდეც ბურუსით მოცულ ევოლუციურ კიბეზე? ახლა წარმოიდგინეთ, რას მივიღებდით, იქს-ადამიანების მენტალური კონდიციის აღწერა ფიოდორ დოსტოევსკს რომ დაეწერა „ძმები კარამაზოვების“ ფსიქოლოგიით, ან ჯეიმს ჯოისს - „ულისეს“ ცნობიერების ნაკადით, ან კარლოს ფუენტესს - „არტემიო კრუსის სიკვდილის“ მაგიური რეალიზმით. ეს იქნებოდა ფსიქოლოგიური სამეცნიერო ფანტასტიკის შესანიშნავი ნაწარმოები, რომლის ლიტერატურულ ღირებულებას ეჭვქვეშ ვეღარ დააყენებდნენ მხოლოდ იმის გამო, რომ სიუჟეტი ფანტასტიკური ელემენტებით იქნებოდა დაცხრილული, რაც გულზე მაინცდამაინც არ ეხატება კლასიკაზე „გაგიჟებულ“ მკითხველს.

რა შეიძლება იყოს ადამიანის განვითარების მორიგი საფეხური? იქს-ადამიანები ალბათ ყველაზე ფესვებგადგმული სტერეოტიპია ჩვენს ცნობიერებაში, მაგრამ თეოდორ სტარჯენმა სცადა ამ „რეალობის“ შეცვლა. მან თავისი იქს-ადამიანების შექმნა: ქუჩაში მდგომი, გონებრივად ჩამორჩენილი მათხოვარი, რომელიც მუდმივად იტანჯება ამოუცნობი ხმებით; ორი შავკანიანი პატარა ტყუპი და, რომლებიც ყოველთვის სადღაც იკარგებიან; ჩვილი, რომელიც არ იზრდება; გოგონა, რომელიც ისე ხატავს, რომ ხელს არ ანძრევს. ყველაფერი შეიცვლება, თუ მივხვდებით, რომ მათი ეს ნიშან-თვისებები ტელეპათია, ტელეპორტაცია, ტელეკინეზი და კომპიუტერული აზროვნებაა. ისევ იქს-ადამიანების გარშემო ვტრიალებთ. თუმცა სტარჯენმა თითოეულ პერსონაჟს დამოუკიდებლად ცხოვრების უნარი წაართვა (გონებაჩამორჩენილობა, არასრუწლოვნება, ანტისოციალურობა), რამაც მათ უბიძგა, ერთმანეთი მოეძებნათ, ერთმანეთის ნაკლოვანებები შეევსოთ და Homo Sapiens-დან ახალი ორგანიზმი შეექმნათ. ასე დაიბადა Homo Gestalt - კოლექტიური ცნობიერებით მოცული ინდივიდები, როცა თითოეული მათგანი არის „ყველა“.

თეოდორ სტარჯენი
„უფრო მეტი, ვიდრე ადამიანი“ Homo Gestalt-ის დაბადებისა და განვითარების ქრონიკაა, თუმცა ეს სამ ნაწილიანი ქრონიკა მოთხრობილია გონებაჩამორჩენილი მათხოვრის, ქუჩის ბიჭის ფსიქიატრთან სესიისა და საგიჟეთიდან გამოსული პაციენტის პერსპექტივიდან, რაც აძნელებს ნაწარმოების მთლიანი ხაზის აღქმას. სწორედ ამიტომ ოდნავ მაინც უნდა იცნობდეთ დოსტოევსკის ფსიქოლოგიას, ცნობიერების ნაკადსა და მაგიურ რეალიზმს. თითოეული პერსონაჟის ფსიქოლოგია იმდენად დეტალურად არის წარმოდგენილი, რომ მთლიანად გავიწყდება ზებუნებრივი შესაძლებლობების არსებობა ნაწარმოებში. ისინი მხოლოდ ფონის შექმნის ფუნქციის როლს ასრულებენ. „უფრო მეტი, ვიდრე ადამიანი“ ერთგვარი „რბილი“ სამეცნიერო ფანტასტიკაა, დეტალურად აღწერილი ტექნოლოგიებისა და აზიმოვისეული ალფაბეტურ-რიცხვული სახელების გარეშე.

რა შეიძლება Homo Gestalt-ის სრულყოფის ბოლო კომპონენტი? განუსაზღვრელი შესაძლებლობები? მასზედ დაბლა მდგომი Homo Sapiens-ების დამონება? სტარჯენი ჰუმანისტია. ის კაცობრიობის პოზიციიდან ქადაგებს: Homo Gestalt მხოლოდ მაშინ იქნება სრულყოფილი ორგანიზმი, თუ ის მორალისა და ეთიკის არსს ჩაწვდება და თავისი არსების განუყოფელ ნაწილად აქცევს. რაში სჭირდება განვითარებულ ორგანიზმს ისეთი იდეალისტური კონცეფციის შეგნება, როგორიც ეთიკაა? Homo Gestalt-ს მორალი არ სჭირდება, მხოლოდ ეთიკას შეუძლია ახალი ორგანიზმის ცნობიერებასთან ადაპტაცია, რადგან:

„იცი, რა არის მორალი? მორალი არის მორჩილება იმ წესებისადმი, რომლებიც შექმნა ხალხმა, რათა გაგიადვილდეს მათ შორის ცხოვრება. შენ არ გჭირდება მორალი. მორალის არც ერთი სისტემა შენ მიმართ არ იმუშავებს. შენ არ შეგიძლია, დაემორჩილო შენი მსგავსების მიერ შექმნილ წესებს, რადგან შენი მგავსი ხალხი არ არსებობს. შენ არ ხარ ჩვეულებრივი, შესაბამისად, ჩვეულებრივი ხალხის მორალი ისევე გამოგადგება, როგორც ჭიანჭველების საზოგადოების მორალი - მე... თუმცა, შენთვის არსებობს სხვა სახის კოდექსი, რომელიც მორჩილების ნაცვლად გულისხმობს რწმენას. მას ჰქვია ეთიკა... ეს არის სწავლება იმ მთავარი მამოძრავებელი ძალის, რომელმაც შეგქმნა შენ... დაეხმარე კაცობრიობას... რადგან ის არის შენი დედა და მამა... და კაცობრიობა დაგეხმარება, რომ გაჩნდეს შენი მგავსნი, და შენ აღარ იქნები მარტო... და როცა შენი მსგავსნი იქნებიან საკმარისი რაოდენობის, შენი მორალი იქნება მათი ეთიკა. და როცა მათი მორალი უვარგისი გახდება მათთვის, შენ ან სხვა ეთიკური არსება შექმნით საკუთარ მორალს...“

დანარჩენს მომავალი გვიჩვენებს.


ავტორი: გიორგი ნაკაშიძე

15 July, 2015

რეი ბრედბერი - „ბაბუაწვერას ღვინო“, ანუ ზაფხულის მოგონებები








წელიწადის განმავლობაში, ერთადერთი სეზონი, როდესაც ადამიანი შესაძლოა ყველაზე თავისუფლად გრძნობდეს თავს, ზაფხულია. ეს პერიოდი პირდაპირ დაკავშირებულია იმ საგნებთან, რისკენაც ადამიანი ტრადიციულად ისწრაფვის ხოლმე, თუმცა დროის უქონლობის გამო ამას ვერ ახერხებს. მსგავსი პრობლემის დასასრული კი სწორედ იმ მომენტიდან იწყება, როდესაც საათის წამების ისარი ზაფხულის პირველი დღის პირველ წამს ჩამოჰკრავს და მისი ხმა თითქოს ახალი სიცოცხლის დასაწყისი, ნიშანია, რომლის შემდეგ ადამიანი თავისფლდება სკოლის, უნივერსიტეტის და თვით სამსახურის ვალდებულებებისგან და გადადის ახალ დროის სისტემაში, ახალ განზომილებაში, სადაც უკვე საზრუნავია არა ის, გამოცდებისთვის რა მოამზადო, რა იმეცადინო, ან სამსახურში რაღაც წინასწარგაწერილ კოდებმორგებულმა იარო, არამედ ის, თუ როგორ შეიგრძნო ზაფხულის, თავისუფლების თითოეული წამი. ბუნებრივია, მსგავს სიტუაციაში, ადამიანი უკვე თავისდაუნებურად იძირება აზრების კორიანტელში, სადაც ფიქრს იწყებს იმ საგნებზე, რაზეც ფიქრის დრო არ ჰქონდა შრომის პერიოდში. შესაბამისად ეს პერიოდი ხდება აურაცხელი მოგონებების, პოზიტივისა და თავისუფლების გენერატორი. აქედან გამომდინარე, თუ დავაკვირდებით, ზაფხული ნელ-ნელა იძენს არა უბრალო წელიწადის ერთ-ერთი დროის, არამედ გაცილებით უფრო ფართო, ფილოსოფიურ მნიშვნელობას.

რეი ბრედბერის ,,ბაბუაწვერას ღვინო“ კი იდეალური საშუალებაა ამ ყველაფრის შესაცნობად. ზოგადად, ყველამ იცის, რომ ბრედბერი განთქმულია სამეცნიერო-ფანტასტიკის სფეროში უნიკალური იდეებითა და მოსაზრებებით. თუმცა, ,,ბაბუაწვერას ღვინოში“ თქვენ ნახავთ, რომ ბრედბერმა გადაწყვიტა დროებით მოწყვეტოდა ამ ჟანრს და ცოტა რეალობას დაბრუნებოდა. უფრო რომ დავაზუსტოთ, ბრედბერი კი არ ამოვარდა თავისი მრავალფეროვანი სამყაროდან, არამედ ჩაიძირა რეალობის იმ სამყაროში, რომელიც თავის თავში უკვე მოიცავს ყოველგვარ საოცრებას, ყოველგვარ ფანტასტიკას და უნიკალურ წარმოდგენებს სამყაროს შესახებ. ამ რეალობას ბავშვობა ჰქვია. 

ბრედბერის ,,ბაბუაწვერას ღვინო“ რამდენიმე პატარა მოთხრობისგან შედგება, რომელიც ერთმანეთთა მჭიდრო სიუჟეტურ კავშირშია და ერთობაში ცალკე ნაწარმოებს ქმნის. წიგნში მიმდინარე პროცესები ძირითადად ვითარდება ძმები დუგლასი და ტომის ირგვლივ, რომლებიც ილინოისის ერთ-ერთ პატარა ქალაქში მიმდინარე მოვლენების მონაწილეები ხდებიან. წიგნში აღწერილი მოვლენების კითხვისას მკითხველი განუწყვეტლივ შეიგრძნობს იმ უცნაურ, თავბრუდამსხმელ ატმოსფეროს, რომელიც მომაჯადოებლად მოქმედებს ადამიანის გრძნობებზე. საინტერესოა, რომ კითხვისას მოგვრილი ეს გრძნობა საოცრად ნაცნობი არის ყველა ადამიანისთვის, ვინაიდან მოვლენები ვითარდება ზაფხულში, რომელიც ბრედბერს ცალსახად გაიგივებული აქვს ბავშვობასთან, რომელიც ყველა ადამიანის შემადგენელი ნაწილია. სწორედ ამიტომ, მკითხველი შეამჩნევს კიდეც, თუ როგორი კონტრასტი აქვს შექმნილი ავტორს ბავშვებსა და უფროსებს შორის. მისთვის ეს ორი კატეგორიის ადამიანი სხვადასხვა არსებებს წარმოადგენენ, რომლებსაც გაურკვეველი მიზეზების გამო არანაირი საერთო აღარ აქვთ. 

ვინაიდან წელიწადის ეს სეზონი ავტორმა რაღაც უნიკალურ დროის მონაკვეთად დაგვიხატა, ნაწარმოების მთავარი მოქმედი გმირი დუგლასი აანალიზებს ზაფხულის(ან უბრალოდ ბავშვობის) მნიშვნელობას, მან იცის რომ ეს პერიოდი არ არის დასაკარგი, ვინაიდან თავისუფლების, განცხრომის ეს საათები მხოლოდ 3 თვე გრძელდება და ამ 3 თვის განმავლობაში მან უნდა შეიმეცნოს და დააგროვოს იმდენი მოგონებები, რომელიც მას მთელი სიცოცხლის განმავლობაში ეყოფა. ის გულმოდგინედ აკვირდება ყველა იმ მოვლენას, რომელიც მისთვის შესაძლოა საჭირო აღმოჩნდეს და თითოეულ მნიშვნელოვან მომენტს აღრიცხავს დღიურში, რომელიც მისი განუყოფელი ნაწილია. ამ დღიურში მოექცა ისიც, როდესაც დუგლასმა მამასთან და ძმასთან სერინობის დროს პირველად შეიგრძნო მთელი არსებით, რომ ის ცოცხალი იყო და არსებობდა. მნიშვნელოვანი მოვლენა იყო ისიც, როდესაც ერთ-ერთმა ქალაქის მაცხოვრებელმა, რომელიც დაიღალა ამდენი მოწყენილი, ნაღვლიანი სახეების ყურებით, გადაწყვიტა ბედნიერების მანქანა შეექმნა, რომლის გამოყენებითაც ადამიანი განიცდიდა სიცოცხლის უბედნიერეს წუთებს და ამ ყველაფერს არ ექნებოდა დასასრული, თუკი ამას თავად ადამიანი მოისურვებდა. თუმცა, მსგავსი უნივერსალური მანქანის ხელოვნურად შექმნა არათუ რეალობაში, არამედ ბრედბერის საოცარ სამყაროშიც კი არ შეიძლება, რადგან ყველა ადამიანისთვის ბედნიერება ძალზედ სუბიექტურია და შესაძლოა ბედნიერება სწორედ იქ იმალებოდეს, სადაც ყოველდღიური დაკვირვების გამო შესაძლოა ვერც კი აღვიქვამდეთ. დაწვრილებით ამ ყველაფრის შესახებ კი მკითხველი თავად გაიგებს წიგნის შესაბამის თავში.

საინტერესოა, რომ ამერიკის პატარა ქალაქში თვით პრობლემებიც კი განსხვავებული, რაღაც არა სისტემატური ხასიათისაა. ამ ქალაქში არ არის საუბარი სოციალური სიღატაკეზე, უმუშევრობაზე და მსგავს ყოველდღიურ პრობლემებზე, რომელიც მთელ მსოფლიოში აქტუალურია. თქვენ ნახავთ, რომ ნაწარმოების გმირებისთვის მნიშვნელოვანია ისეთი თემები, როგორიცაა უკვდავება, მარადიული ახალგაზრდობა, ბედნიერების მანქანის შექმნა და ზაფხულის დაუსრულებელი დღეები, რომელიც თავგადასავლებითაა სავსე.

თუ ბრედბერის ნაწარმოებებს დავუკვირდებით, აღმოვაჩენთ, რომ თითქმის ყველა თავის ნაწარმოებში მწერალი ცდილობს რაღაც კუთხით შეეხოს სიკვდილსაც, რადგან ის ყველა  ჩვენგანის თანამდევი მოვლენაა და მისი კონტექსტიდან ამოგდება ნებისმიერი ჟანრის ლიტერატურას ხიბლს უკარგავს. ,,ბაბუაწვერას ღვინო“ ამ მხრივ არ არის გამონაკლისი, მაგრამ აქ სიკვდილი ცოტა სხვა ფორმითაა შეფასებული. ბრედბერმა შესძლო და საოცარი პროფესიონალიზმით აღწერა სიცოცხლის ახლადგაღვივებული ცეცხლის მატარებლის, ანუ ბავშვის ფიქრები სიკვდილის შესახებ. თუ როგორ აცნობიერებს შვიდიოდე წლის ადამიანი ყოვლისმმუსვრელი ცნების შინაარსს:

,,ადამიანებს ვერ ენდობი, რადგან...

ისინი გტოვებენ.

უცხო ადამიანები კვდებიან.

ისეთი ადამიანები, ვისაც კარგაც ინცობ, კვდებიან.

მეგობრები კვდებიან.

ადამიანები ერთმანეთს კლავენ, როგორც წიგნებში.

შენი საკუთარი ოჯახის წევრიც კი შეიძლება მოკვდეს.

ამიტომაც..!

თუკი ტრამვაები, მანქანები, მეგობრები და ახლო მეგობრები შეიძლება წავიდნენ დროებით ან სამუდამოდ, ან დაჟანგდნენ, დაიშალონ, მოკვდნენ, თუკი ადმაიანი შეიძება მოკლა და თუკი დიდი ბებოს მსგავსი ვინმეც კი, წესით უსასრულოდ რომ უნდა ეცოცხლა, შეიძლება მოკვდეს... თუკი ეს ყველაფერი მართალია... ესე იგი... მე, დუგლას სპოლდინგი, ოდესმე... უნდა...

მაგრამ ციცინათელები, თითქოს დუგლასის მძიმე ფიქრებმა დააფრთხესო, მოულოდნელად რბილად ჩაქრნენ.

დიახ, ბრედბერმა ამ შემთხვევაში სიცოცხლეს გაამარჯვებინა სიკვდილზე, არ მისცა საშუალება ბიჭს, რომელსაც სიცოცხლე ახლადდაწყებული ჰქონდა, სიკვდილის წყვდიადით მოცულ ფიქრებში ჩაძირულიყო. თქვნენ ნახავთ, რომ ბრედბერი კიდევ ერთხელ შეძლებს დუგლასს გაამარჯვებინოს სიკვდილზე წიგნის ბოლოს და იმედგაცრუებული დააბრუნოს წყვდიადის საუფლოში, ეს გამარჯვება კი გაცილებით უფრო სიხარულის მომტანი, გაცილებით უფრო შვებისა და ნეტარების მატარებელი იქნება, სადაც უდიდეს როლს ითამაშებს ზაფხულის სურნელი, ანუ მეტაფორა რომ გავშალოთ, ბავშვობის მოგონებების კორიანტელი. ამ ყველაფერს მკითხველი თავად გაეცნობა.

მაგრამ რა არის მაინც ბაბუაწვერას ღვინო, რომელზეც ჯერ არაფერი გვითქვამს? ბაბუაწვერას ღვინო, ეს მისტიური რიტუალით დაწურული ღვინოა, რომელიც ბაბუაწვერებისგან მიიღება და რომელიც ზაფხულის გემოს, ზაფხული მოგონებებს ინახავს და საკმარისია ზამთრის ცივ, სუსხიან დღეს 1 წვეთიც კი დააგემოვნო, რომ მაშინვე სხვა განზომილებაში გადადიხარ. ამ რიტუალს დუგლასის ბაბუა ატარებს, რომლის დროსაც დუგლასს რიტუალის მნიშვნელობასთან ერთად სხვა ფილოსოფიურ თემებზეც ესაუბრება, შეიძლება დუგლასი ამას ვერც კი ხვდება, მაგრამ ოდესღაც, როდესაც ისიც შევა იმ ასაკში, რომელშიც ბაბუა იყო, აუცილებლად მიხვდება...

,,უბრალო იასამნის ბუჩქი ორქიდეებზე უფრო ძვირფასია. ბაბუაწვერა და ეშმაკის ბალახიც ძვირფასია. რატომ? იმიტომ, რომ ძირს დაგაჩოქებს, სულ ცოტა ხნით ჩამოგაშორებს ქალაქსა და ხალხს, ოფლს გამოგადენს და შენი ცხვირის არსებობას შეგახსნეებს. და როცა ასე მარტო რჩები საკუთარ თავთან, ცოტა ხნით კვლავაც საკუთარ თავად იქცევი. ეჩვევი ფიქრსა და განმარტოებას. მებაღეობა ხომ ყველაზე მარჯვედ ამართლებს ფილოსოფოსობას. ვერავინ გამჩნევს, ვერავინ გსაყვედურობს, არადა პეონების კვალში მუხლმოყრილი პლატონი ხარ, კონიოს კვლებზე მზრუნველი სოკრატე. კაცი, რომელიც თავისი ბაღის ბილიკზე ნაკელით სავსე ტომარას მიარწევს, მხრებზე სამყაროს ტვირთდაკიდებულ ატლასს ემსგავსება. როგორც ოდესღაც ბრძანა სემუელ სპოლდინგმა, ,,რაც მეტად ვთხრით მიწას, მით უფრო ღრმად ვაღწევთ საკუთარი სულის წიაღში.“

ბუნებრივია, ეს ამბები მხოლოდ მცირედია იმ ყველაფრისა, რასაც წიგნში შეხვდებით. ბრედბერის გენიალური ჩანაფიქრი მკითხველი რეალობისა და ფანტასტიკის ზღვარზე ამყოფოს, საოცარ ეფექტს ქმნის. შესაძლოა წამით დაიბნეთ კიდეც და გონს ვერ მოეგოთ სად იმყოფებით, რადგან ნაწარმოებში გადმოცემული მოვლენებთან საოცარ ადამიანურ სიახლოვეს იგრძნობთ. აუცილებლად დაგრჩებათ იმის გრძნობა, რომ სადღაც, ოდესღაც თქვენც გადაგხდენიათ თავს მსგავსი თავგადასავლები, რაც დუგლასს გადახდა. თქვენც შებრძოლებიხართ ბოროტ გამყიდველს, რომელსაც ,,ასწლოვანი ჯადოქარი“ ჰყავდა დატყვევებული, თქვენც განგიცდიათ ახალი ნივთის შეძენის სიხარული, რომელსაც ცხოვრების ახალი სტიმული მოუცია თქვენთვის. თქვენც გიგრძვნიათ საკუთარი მეგობრის, ახლობლის დაკარგვის საშიშროება, თუმცა საბედნიეროდ ეს ბნელი ფიქრები იმ ნათელს გაუყრია, რომელიც სწორედ თქვენთვის საყვარელი ადამიანის უეცარ გამოჩენას მოჰყოლია, რაც პირდაპირ იმის მანიშნებელია, რომ სიბნელე სინათლის თანმდევი მოვლენაა, შიში კი განუზომელი სიხარულის.



ავტორი: გიორგი წერეთელი