დენ სიმონსის ჰიპერფანტასტიკური ილიადა

სამეცნიერო ფანტასტიკის ჟანრის განვითარებამ დიდი ოთხეულის და მათი თანამედროვე კლასიკოსების შემდეგ მცირედით შეიცვალა კალაპოტი და მეოცე საუკუნის 80-იანი წლებიდან სულ მთლად ახალ საფეხურზე აინაცვლა.

ნილ გეიმანის Marvel 1602

2001 წელს ნილ გეიმანმა, გრაფიკულის ნოველების აწ უკვე აღიარებულმა მწერალმა და The Sandman-ის შექმნელმა, გადაწყვიტა Marvel-თან ეთანამშრომლა და ბედი მეინსტრიმულ კომიქსში მოესინჯა (უფრო სწორად, თავად Marvel-ისგან მიიღო შემოთავაზება).

არტ შპიგელმანის ომგამოვლილი თაგვი

„როდესაც რამდენიმე დღით ერთ ოთახში ჩაგკეტავენ მშივრებს, იქ სიტყვა "მეგობარი" აღარ არსებობს.“

„უფრო მეტი, ვიდრე ადამიანი“: თეოდორ სტარჯენის ევოლოციური თეორია

„ჩვენ გვჭირდება არა ფიზიკური, არამედ - ფსიქიკური ევოლუცია“.

15 October, 2015

აიზეკ აზიმოვის „The God Themselves“ და მასტურბაცია პარალელურ სამყაროში



ზიგმუნდ ფროიდი შესანიშნავი მწერალი იქნებოდა: მისი პერსონაჟები ლიტერატურის არც ერთ კრიტიკოსს არ დაუტოვებდნენ მათ ფსიქოლოგიასა და ფარულ მოტივებზე მსჯელობის საშუალებას. ფროიდის ყველაზე ცნობილ „ამბავს“ მხოლოდ სამი პერსონაჟი ჰყავს: იდი, ეგო და სუპერეგო. ეს არის ამბავი სურვილის, ძალაუფლებისა და კონტროლის, რთული შინაარსითა და გახსნილი პერსონაჟებით, რომელთა გაგება მათი ბოლომდე გახსნილი პერსონალურობის გამო კიდევ უფრო რთულია. ფროიდის მიხედვით, ჩვენი პიროვნება ჩვენსავე გონებაში ასახული სურვილებისა და მისწრაფებების „დრამაა“. ძველი ბერძნები ფიქრობდნენ, რომ ადამიანთა ცხოვრება ოლიმპოს მთაზე მცხოვრები ღმერთების მიერ შექმნილი დრამა იყო. ფროიდსაც მიაჩნდა, რომ ადამიანები მათი გონების მიერ დადგმული დრამის მსახიობები არიან. ეს მსახიობები კი სამი ასპექტის - იდის, ეგოსა და სუპერეგოს ჯამია. იდი მოქმედებს სურვილებით, ეგო - მოლაპარაკებებს აწარმოებს იდთან, თან ცდილობს ასიამოვნოს სუპერეგოს, სუპერეგო კი ცივ გონებას ინარჩუნებს და ერთგვარი მშობლის ფუნქციას თამაშობს, რათა იდმა და ეგომ გზიდან არ გადაუხვიოს. თითოეულ მათგანს „ამბის“ თავისებური ფინალი მიაჩნია სწორად. იდს ერთი დიდი კოზირი აქვს, ძალა სახელად ლიბიდო - ინსტინქტებიდან წარმოქმნილი პირველყოფილი სასიცოცხლო ენერგია. ლიბიდოს გარეშე დრამაში თამაში მინიმუმ მოსაწყენი იქნებოდა.

The God Themselves 1972 წელს გამოიცა. ამ დრომდე დაახლოებით 15 წლის განმავლობაში აზიმოვს არც ერთი მნიშვნელოვანი სამეცნიერო ფანტასტიკის ნაწარმოები არ დაუწერია, გარდა პოპულარული სამეცნიერო ნაშრომებისა და მოკლე მოთხრობებისა. გამოსვლიდან ერთ წელიწადში ამ მოთხრობამ ნებულასა და ჰიუგოს აღება მოახერხა. აზიმოვი ისევ ძველ ფორმაში იყო, თუმცა The God Themselves-მა აზიმოვის შემოქმედებაში ახალი ელემენტი შემოიტანა, რაც კრიტიკოსების დამსახურება იყო. კრიტიკოსები ყოველთვის შენიშნავდნენ, რომ აზიმოვის ნაწარმოებებს აკლდა უცხოპლანეტელები და სექსი. The God Themselves იყო პასუხი ამ კრიტიკაზე - სამეცნიერო ფანტასტიკის მორიგი შედევრი, ბევრი სექსითა და უცხოპლანეტელებით, უფრო სწორად, უცხოპლანეტელებს შორის სექსით. 

„ორლეანელ ქალწულში“ ფრიდრიხ შილერმა დაწერა, რომ „სისულელის წინააღმდეგ თავად ღმერთებიც კი ამაოდ ირჯებიან“ (Against stupidity the gods themselves contend in vain). აზიმოვმა The God Themselves სამ ნაწილად დაყო და თითოეულ ნაწილს შილერის ზემოთხსნებული ციტატის ნაწილები შეუსაბამა: „სისულელის წინააღმდეგ“, „თავად ღმერთები“ და „ამაოდ ირჯებიან“. ყველაფერი კი იმით დაიწყო, რომ დედამიწამ იპოვა სუფთა, უფასო და დიდი პოტენციალის მქონე ენერგიის წყარო, რომლის ფუნქციონირება ეფუძნება დედამიწასა და პარალელურ სამყაროს შორის ვოლფრამისა და პლუტონიუმის იზოტოპების გაცვლას, რომლებიც, განსხვავებული ფიზიკური კანონების მოქმედების შედეგად, გამოყოფენ თავისუფალ ნაწილაკებს და წარმოქმიან დიდ ენერგიას. კაცობრიობა იმდენად მიეჩვია ახალ ენერგიას, რომ ტრადიციულ ნავთობზე და ბუნებრივ აირზე დაბრუნება ქვის ხანაში დაბრუნებად მიაჩნია.

თუმცა, პრობლემა პირველივე ნაწილში იკვეთება. მეცნიერთა ნაწილი თვლის, რომ ასეთი ენერგიის გამოყენება მზის, ხოლო საბოლოოდ - „რძიანი გზის“ განადგურებასაც კი გამოიწვევს. მიუხედავად ამისა, ამ „ერეტიკული“ აზრის განვითარებას მომავალი არ უწერია, რადგან ახალი ენერგიის აღმომჩენი მეცნიერის გავლენა უკვე ისეთი სიძლიერისაა, რომ ყოველგვარ განსხვავებულ აზრს ჩანასახშივე სპობს. პირველი ნაწილის პირველი 50 გვერდი  ჩვეულებრივი „ლაბორატორიული თრილერია“, საინტერესოც ნაკლებად ხდება, თუმცა მწიფდება ის პრობლემა, რაც მუდმივად არსებობდა მეცნიერების ისტორიაში: ახალი გამოგონების გვერდითი (ნეგატიური) ეფექტების დაუნახავობა - კაცობრიობის დიდი სისულელე. ატომური ბომბი, მასობრივი განადგურების იარაღები, მაღალი სიხშირის ანთროპოგენული ზემოქმედება გარემოზე - ყველა მათგანი მეცნიერული პროგრესითაა გამართლებული. წარმატებებით მოხიბლულ მეცნიერებას ნაკლებად აინტერესებს კაცობრიობის ბედი. სიტუაცია განსაკუთრებით მაშინ რთულდება, როცა მთელ ამ „მეცნიერებას“ კონკრეტული ერთი მეცნიერი წარმოადგენს. ამის შედეგი ლაკონურად და შავი იუმორით გვიჩვენა კურტ ვონეგუტმა „კატის აკვანში“. გამოგონებები, რომლებიც კაცობრიობისთვის იქმნება, სინამდვილეში კონკრეტული მეცნიერის გამოწვევა და მასში მოპოვებული გამარჯვებაა, ყველგან ინდივიდუალური ინტერესი ფიგურირებს. როგორც ერთ-ერთი პერსონაჟი სენატორი ამბობს, კაცობრიობას კი არ უნდა საყოველთაო კეთილდღეობა, არამედ - ყველა ადამიანს უნდა პირადი კეთილდღეობა. შეიძლება შედეგი ერთი და იგივე იყოს, მაგრამ განსხვავება ისაა, რომ კაცობრიობის მომავალი აღარავის ანაღვლებს. ყველა დღევანდელი დღით ცხოვრობს. კოლექტიური „ჩვენ“-ის მაგივრად არსებობს ინდივიდუალური „მე“. თუმცა პოლიტიკური იდეოლოგია ბუნებას ნაკლებად აინტერესებს, ის თავისი კანონებით მოქმედებს. პირველი ნაწილიდან ადვილად შეიძლება დავასკვნათ, რომ სისულელის წინააღმდეგ, რომელიც საზრდოობს სამეცნიერო ფანატიზმის გავლენისა და კომფორტული ცხოვრების სურვილით, ყველა მეცნიერის საღი აზრი იმთავითვე განწირულია.

ნაწარმოების მეორე ნაწილი - „თავად ღმერთები“ - სხვა განზომილებაა როგორც ლოკაციით (პარალელური სამყარო), ისე - ლიტერატურული სტილის გათვალისწინებით. ამ ნაწილში გადავდივართ პარალელურ პლანეტაზე, რომელიც ბრუნავს მომაკვდავი მზის გარშემო. პარაპლანეტის საზოგადოება იყოფა ორ ძირითად ნაწილად: „მკვრივები“ და „რბილები“. „მკვრივები“ წარმოადგენენ პარაპლანეტის ინტელექტუალურ საზოგადოებასა და სამეცნიერო წრეს, ხოლო „რბილები“ - რიგით მოსახლეობას. „რბილების“ საზოგადოება დაყოფილია ტრიადებად, თითოეულ ტრიადაში ყოველ „რბილს“ თავისი სტატუსი აქვს: „ემოციური“, „რაციონალური“ და „მშობლიური“. თითოეულ ტრიადას კი ერთი მენტორი ჰყავს „მკვრივის“ სახით.

სწორედ ამ ნაწილში გვჭირდება, რომ ფროიდის ზემოთხსენებული „ამბავი“ ერთხელ მაინც გვქონდეს წაკითხული ან მოსმენილი. ამ ნაწილის ცენტრალური ტრიადა - ოდინი, დუა და ტრიტი (რუსულად ერთი, ორი, სამი) - ფროიდისეული „სამი მუშკეტერის“ ყველაზე კარგი ლიტერატურული განსახიერებაა. მიუხედავად სამეცნიერო ფანტასტიკისა, აიზოვმა შეძლო, რომ ნაწარმოების ეს ნაწილი სექსუალობის, ორგაზმის, მასტურბაციისა და სექსუალური ტაბუს სამცენიერო ფანტასტიკის მანიფესტად ექცია. პარაპლანეტის საზოგადოებაში ტრიადას აქვს მხოლოდ ერთი ფუნქცია - წარმოქმნას ახალი ტრიადა. პარაპლანეტის ბუნებრივი კანონების გამო, სქესობრივი კავშირი რადიკალურად განსხვავებული ინტერაქციით ხასიათდება, ვიდრე დედამიწაზე. სექსის დრო ტრიადის წევრები ატომები ერთმანეთს იმდენად შორდება, რომ შესაძლებელია საკუთარ ატომებს შორის წარმოქმნილი სივრცე ტრიადის სხვა წევრმა შეავსოს. შესაბამისად, სამი წევრი ისე ერწყმის ერთმანეთს, რომ სივრცეში იმავე მოცულობას იკავებენ, რასაც თითოეული წევრი ცალ-ცალკე. და კიდევ ერთი თავისებურება: ახალი ორგანიზმის წარმოსაქმნელად საჭიროა სამივე წევრის სქესობრივი ინტერაქცია, ამ დროს ყოველ წევრს თავისი როლი აქვს: „ემოციური“ ტრიადას უზრუნველყოფს ენერგიით (ლიბიდო), „რაციონალური“ გამოიმუშავებს სპერმას, ხოლო „მშობლიურში“ ხდება ნაყოფის ჩასახვა (სხვათაშორის „მშობლიური“ მამრობითი სქესისაა).

პარაპლანეტის მორალის მიხედვით, ტრიადაში მყოფ „ემოციურს“ ეკრძალება დამოუკიდებელი სქესობრივი აღგზნება, თუმცა დუა („ემოციური“) არ ერიდება და როგორც აზიმოვი წერს, ხშირად იკავებს ადგილს კლდის მოლეკულებს შორის, მარტივად რომ ვთქვათ, მასტურბირებს. ორგაზმის დროს კიდევ ერთი უცნაურობა შეინიშნება - ტრიადა „მყარდება“, უფრო მკვრივი ერთიანობა ხდება, ფიზიკური მახასიათებლებით „მკვრივებს“ უახლოვდებიან. სქესობრივი აქტი რამდენიმე დღე გრძელდება და ცნობიერების გათიშვას იწვევს. „ემოციური“ დუა ასევე ინტერესს იჩენს მეცნიერებისადმი, რაშიც ეხმარება „რაციონალური“ ოდინი, თუმცა ეს ყველაფერი არ სიამოვნებს „მშობლიურ“ ტრიტს. მოკლედ, „თავად ღმერთებიც“ ფროიდისეული „დრამის“ მონაწილეები არიან: დუა (იდი) მოქმედებს სურვილებით, ოდინი (ეგო) ცდილობს დიპლომატიური პოზიცია დაიკავოს ტრიადაში, ხოლო ტრიტი (სუპერეგო) მხოლოდ ტრიადის ფუნქციის შესრულებაზეა ორიენტირებული, ის ცივი გონებით მოქმედებს. სწორედ დუა აღმოჩნდება ის, ვინც მიხვდება, რომ ენერგიის გაცვლა დედამიწასთან დედამიწის გალაქტიკის განადგურებას გამოიწვევს, თუმცა მისი „საღი“ აზრი პარალელურ სამყაროშიც განწირულია, რადგან პარაპლანეტას თავისი პოლიტიკა აქვს: თუ დედამიწა განადგურდება, მისი განადგურების შედეგად წარმოქმნილი ენერგია პარაპლანეტას მილიარდობით წელი ეყოფა.

რაც შეეხება „თავად ღმერთების“ მეორე განზომილებას - ლიტერატურულ სტილს - აქ საქმე კიდევ უფრო რთულადაა: პირველი რამდენიმე გვერდის წაკითხვის შემდეგ მინიმუმ წიგნის ყდას დახედავთ, რათა დარწმუნდეთ რომ მართლაც აზიმოვს კითხულობთ. თავის ავტობიოგრაფიაში (I. Asimov: A Memoir..) აზიმოვმა დაწერა, რომ მთლიანად ეს ნაწარმოები, განსაკუთრებით კი მეორე ნაწილი, იყო ყველაზე რთული გამოწვევა მისი სამწერლობო შემოქმედების ისტორიაში. სირთულე მდგომარებს იმაში, რომ პარაპლანეტის წყობაზე და საზოგადოებაზე ინფორმაციას ვიღებთ ტრიადის თითოეული წევრის პერსპექტივიდან, თუმცა ეს ინფორმაცია წარმოადგენს ცნობიერების ნაკადებს, სპონტანურ ფიქრებს, რადგან ტრიადის წევრების ერუდიცია მათ საშუალებას არ აძლევს ყველაფერს თავისი სახელი დაარქვან. მეორე ნაწილის დასრულების შემდეგად შეიძლება ბევრი კითხვა პასუხგაუცემელი დარჩეს - საჭიროა საკვანძო სიტყვებისა და ფრაზების დაჭერა და საბოლოოდ, მეტ-ნაკლებად აწყობილ მოზაიკასაც მიიღებთ. „თავად ღმერთების“ სტილი ცნობიერების ნაკადისა და მაგიური რეალიზმის ერთგვარი ნაზავია. სამეცნიერო ფანტასტიკაში ასეთი წერის სტილი ცოტა იშვიათია, თუმცა იგივე სტილი გვხვდება თეოდორ სტარჯენის „უფრო მეტი, ვიდრე ადამიანში“.

მესამე ნაწილი - „ამაოდ ირჯებიან“ - მოგვითხრობს რამდენიმე წლის შემდეგ მთვარეზე განვითარებულ მოვლენებს. დედამიწელებმა შესძლეს და მთვარეზე შექმნეს მიწისქვეშა კოლონია. მთვარეს აქვს დამოუკიდებელი სტატუსი, მის „მოქალაქეებს“ კი ყოველგვარი კავშირი გაწყვეტილი აქვთ დედამიწასთან. დედამიწიდან ჩასულ ადამიანებს „იმიგრანტებადაც“ მოიხსენიებენ. ამ ნაწილში ერთგვარად თავს იყრის პირველი ორი ნაწილის მთავარი თემები: მეცნიერული ფანატიზმი და სექსუალობა. დედამიწიდან ჩასული მეცნიერი ცდილობს იპოვოს გამოვასავალი მზის განადგურების შესაჩერებლად და, პარალელურად, ვითარდება სექსუალური ლტოლვა მასსა და მთავარის მოქალაქე სელენს შორის (დედამიწელსა და მთვარის მოქალაქეს შორის სექსი საშიშია, რადგან გრავიტაციული განსხვავებების გამო მათი ორგანიზმები იმდენად განსხვავდება ერთმანეთისგან, რომ შესაძლოა დედამიწელმა სექსის დრო მთვარეული პარტნიორი, პირდაპირი გაგებით, ძვლებში დაამტვრიოს). რაც შეეხება მეცნიერულ ფანატიზმს, დედამიწელ მეცნიერს მთვარი სამეცნიერო ელიტის წარმომადგენელი ყველანაირად უშლიას ხელს, რომ მთვარის ზედაპირზე ცდები არ ჩაატაროს. მთვარეზეც კი მეცნიერული საღი აზრი საერთო პოლიტიკის წინააღმდეგ ამოჩნდება. თუმცა, მეცნიერი საბოლოოდ შეძლებს პრობლემის მოგვარებას. პრობლემის არსი კი შემდეგია: ენერგიის გაცვლა პარალელურ სამყაროს შორის იწვევს პარასამყაროების ფიზიკის ბაზისური კანონების ერთმანეთში არევას, რასაც შეეძლო აპოკალიფსის გამოწვევა. მეცნიერის თეორიის მიხედვით, თუ არსებობს ერთი პარალელური სამყარო, იარსებებს კიდევ მათი განუსაზღვრელი რაოდენობა. თუმცა, პრობლემა კვლავ იმაში მდგომარეობს, რომ შეუძლებელია ენერგიის ცალმხრივი  გადაცემა სამყაროებს შორის. მაგრამ, გამოსავალი ყოველგვარი სიტუაციიდან არსებობს და მეცნიერიც იპოვის ასეთ პარალელურ სამყაროს - სამყაროს „დიდი აფეთქების“ მდგომარეობამდე, რომელსაც არ გააჩნია ფიზიკის კანონები. ასეთი ენერგიის გამოყენებით კი შესაძლებელია ისეთი გეგმის შესრულება, როგორიცაა მთვარის გადაადგილება კოსმოსში, რათა საბოლოო კავშირი გაწყვიტონ დედამიწასთან.

„სისულელის წინააღმდეგ თავად ღმერთებიც კი ამაოდ ირჯებიან“ - შილერის ამ სენტენციის აზიმოვისეული განვითარება წარმოადგენს პასუხს კაცობრიობის „დიდ სისულელეებზე“. ამასთანავე, The God Themselves არის ფროიდის „ამბის“ თხრობა სამეცნიერო ფანტასტიკის განზომილებაში. საბოლოო ჯამში კი ეს არის წიგნი, რომლის წაკითხვა ერთხელ მაინც ღირს უცხოპლანეტელთა სქესობრივი აქტისა და აზიმოვის განსხვავებული წერის სტილის შედეგად მიღწეული ინტელექტუალური ორგაზმის განსაცდელად.


ავტორი: გიორგი ნაკაშიძე.

06 October, 2015

მეფის მკვლელის ქრონისტი - ზარმაცი პატრიკ როტფუსი


არადა, შეხედავ - ერთი ჩვეულებრივი, მსუქანი ამერიკელია. გაბურძგნული წვერით და არც თუ ისე სასიამოვნოდ დაშლილი კულულებით. ერთი შეხედვით არც იმას იფიქრებ, რომ ეს ყმაწვილი ჯერ მხოლოდ 42 წლის არის და იმას მით უმეტეს არ გაივლებ თავში, რომ ასეთი ფიზიონომიისა და სულელური გამოხედვის მქონე ინდივიდს წერა შეეძლოს. ხოდა, სწორი უთქვამთ, მსუქან კაცს მხოლოდ გარეგნობით ნუ შეაფასებთო. ეს პატრიკ როტფუსი გახლავთ, ამერიკელი ავტორი, რომელიც 1973 წელს ვისკონსინის შტატის ქალაქ მედისონში დაიბადა და 2002 წელს უკვე "მომავლის მწერლის" პრემიაც დაიმსახურა. როტფუსი ძირითად დროს ლექციების მომზადებასა და კითხვას უთმობდა, მანამ სანამ მის ცხოვრებაში კოუტი გამოჩნდებოდა. კოუტი - მხატვრული გმირია, რომელიც "მეფის მკვლელის ქრონიკების" მთავარ პერსონაჟსა და მთავარ მამოძრავებელ ძალას წარმოადგენს. მასზეა აგებული ტრილოგიის პირველი ორი წიგნი და დასკვნით ნაწილშიც წესით კიდევ უფრო უნდა დაიტვირთოს.

მოკლედ, შეხსენებას აღარ საჭიროებს, რომ როტფუსი თანამედროვე ფანტასტთა კასტას მიეკუთვნება, მისი ქვეჟანრი კი - ეპიკური ფენტეზია. ენციკლოპედიური განმარტება ამ შემთხვევაშიც არასწორია, რადგან ეპიკური ფენტეზი ალბათ უფრო აბერკრომბს,სანდერსონს,ჯორდანს,მარტინს და სხვა ამგვარ ავტორებს გვახსენებს. როტფუსი კი, ყველასგან განსხვავებულია. ერთი მხრივ, მისი წიგნების მოქმედება გამოგონილ სამყაროში მიმდინარეობს, რომლის გარემოც ძალიან წააგავს შუა საუკუნეების ფეოდალურ ევროპას. თუმცა, ეს არის და ეს. საგის ვერც ერთ ნაწილში ვერ შეხვდებით ეპიკურ ბრძოლებს, სამეფოებს შორის დაპირისპირებებს, შვილის მკვლელ მეფეებს, სატრფოს გულის მოგების მიზნით ბრძოლის წინა ფრონტზე გაჭრილ რაინდებს და ა.შ. მეფის მკვლელის ქრონიკების თხრობა მშვიდად, თავის რიტმში მიედინება და არ საჭიროებს ზედმეტ დაძაბულობას.


ქრონიკების პირველი წიგნი - "ქარის სახელი" 2007 წელს გამოიცა და მალევე მოიპოვა აღიარება თავისებური თხრობის მანერის, გამორჩეული მხატვრულობისა და ჟანრისთვის დამახასიათებელი ელემენტების ნაკლები სიჭარბით. ისტორია მოგვითხრობს პატარა ქალაქში მდებარე ფუნდუკის მეპატრონე, ვინმე ჟღალთმიანი კოუტის შესახებ, რომელიც თავის მსახურ ბასტთან ერთად ცხოვრობს და ერთი არაფრით გამორჩეული კაცია. ყველაფერი იცვლება მას შემდეგ, რაც კოუტს მოგზაური ქრონისტი ეწვევა და მისი ისტორიის მოსმენასა და ჩაწერას სთხოვს. თანაც, წარსულის აჩრდილს, მითებსა და ლეგენდებში შემორჩენილ ვინმე კვოუტს ახსენებს. ზოგადად, ტრილოგიის ტექნიკური მხარეც ცალკე აღნიშვნის ღირსია, რადგან ყოველი წიგნი ერთი დღის მონათხრობის ჩანაწერია. საბოლოოდ კი, ისტორია კოუტისა და ქრონისტის საუბრის სამ-დღიან ქრონიკას წარმოადგენს. კოუტი თხრობას იწყებს თავისი ბავშობიდან, როდესაც ის და მისი მშობლები მოგზაურ მუსიკოსთა ჯგუფთან ერთად ცხოვრობდა. ბედის უკუღმართობის, თუ ბედისწერის წყალობით კი მისი მშვიდი ცხოვრება საპირისპირო კალაპოტს ქმნის და ახალგაზრდა წითურის ცხოვრებაც რადიკალურად იცვლება.

პირველი წიგნის განმავლობაში არც თუ ისე ბევრ პერსონაჟს ვეცნობით. ზოგადი ცნობები გვეძლევა კოუტის ოჯახის და გარემოცვის შესახებ, ტყეში, გზად შეხვედრილი ხალხი კი იმდენად მცირე კვალს ტოვებს, რომ სახელიც კი აღარ გვამახსოვრდება. სამაგიეროდ, პერიოდულად "აწმყოში" ვბრუნდებით და კოუტის, ბასტის და ქრონისტის საინტერესო ტრიალოგს ვისმენთ. სხვათა შორის, ბევრი იდუმალებით მოცული ფაქტი სწორედ ამ ტრიალოგის დროს ამოდის ზედაპირზე. ახალგაზრდა ყმაწვილი, რომელსაც ცხოვრების ორ უმთავრეს მიზნად მუსიკოსობა და მაგიის შესწავლა გაუხდია, საკუთარ თავს სრულებით ახალ გარემოში აღმოაჩენს, სადაც ყოველი ლუკმისთვის დღისა და ღამის გასწორება უწევს. ხასიათით გულუბრყვილო კოუტი თითქმის სრულებით არის მოკლებული ცხოვრებისეულ გამოცდილებას. მის ირგვლივ მოძრავი ადამიანები კი, ამას ხშირად ბოროტად იყენებენ.

ქარის სახელს ძნელად თუ ვუწოდებთ - წიგნს მაგიის შესახებ, რადგან პრაქტიკულად მხოლოდ ერთ მომენტში ვხვდებით მაგიის გამოვლინებას. თუმცა, ამ სერიისთვის დამახასიათებელი შტრიხი ისიც გახლავთ, რომ აქ მაგია რაიმე, ზებუნებრივ და ფანტასტიკურ მოვლენად არ არის მიჩნეული. პირიქით - მაგია ერთგვარი კარგად განვითარებული მეცნიერებაა (დიახ, ჩვენც არტურ კლარკი გაგვახსენდა), რომლის შესწავლაც ნებისმიერ ადამიანს ძალუძს. ყველას შეუძლია შესაბამისი მომზადების და დაუზოგავი შრომის შემდეგ ჩასწვდეს ბუნების საიდუმლოებებს, ყოველდღიურ ცხოვრებაში გამოყენებული დეტალების რეალურ ფუნქციებს და საბოლოოდ შეძლოს მათი სახელების სწავლა. სახელი - ის ბერკეტია, რომლის გამოყენებითაც კარგ სიმპატისტს (როტფუსთან არ ვხვდებით ტერმინს "ჯადოქარი", ან "მაგი". აქ ყველა მსგავსი პროფესიის მქონე ადამიანს თავისი, მეცნიერული ხარისხი აქვს მინიჭებული) ნებისმიერი საგნის თუ მოვლენის დამორჩილება ძალუძს.


მეფის მკვლელის ქრონიკები გამოირჩევა სპეციფიკური ქალი პერსონაჟების სიმრავლით. აქ შეხვდებით ალბათ მსოფლიო ლიტერატურის ისტორიაში ყველაზე გამაღიზიანებელ გოგონას - სახელად დენნას (თუმცა არავინ იცის ეს მისი ნამდვილი სახელია თუ არა), რომელიც ახალგაზრდა კოუტს და მკითხველს თანაბარი წარმატებით უშლის ნერვებს. ის ყველაზე მოულოდნელ მომენტებში გაუჩინარდება ხოლმე და შემდეგ შეიძლება ასი გვერდი ისე წაიკითხოთ, ვერც თქვენ და ვერც კოუტმა მის შესახებ ვერაფერი გაიგოთ. აქვეა ბევრად ეფექტური (აქ სამწუხაროდ ჩვენი და ახალგაზრდა სიმპატისტის გემოვნებები ერთმანეთს არ ემთხვევა) ჟღალ-თმიანი დევი, არკანუმის ყოფილი წევრი, რომელიც იქაურ ლომბარდს კურირებს და ხშირად კოუტის სწავლის საფასურის გადახდის მთავარ წყაროდაც იქცევა, თუმცა მისი მიზანსწრაფვები თავად როტფუსისა არ იყოს, ჯერაც გაურკვეველია.

ზოგადად, იმდენად მრავლად დაგროვდა პირველ ორ წიგნში პასუხგაუცემელი კითხვები, რომ კაცმა არ იცის, რამდენად შეძლებს ავტორი ამ ყველაფრის ბოლო ნაწილში თავმოყრას და ჩვენი მკითხველობითი კვებითი უკმარისობის ბოლომდე დაკმაყოფილებას. თუმცა, მესამე ნაწილს ვინ ჩივის... მეორე წიგნის სათაურიც კი იდუმალებითა მოცული. ზუსტად არავინ იცის (და თუ ამბობს რომ იცის, ის აუცილებლად გატყუებთ, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენ თავად როტფუსს ესაუბრებით) რატომ ჰქვია მეორე წიგნს "ბრძენკაცის შიში". რომელი ბრძენკაცი იგულისხმება აქ, რა ან ვინ აშინებს, ან საერთოდ რატომ ჰქვია ტრილოგიას "მეფის მკვლელის ქრონიკები"? კოუტია მეფის მკვლელი? ჯერ მსგავსი არაფერი ეტყობა. ეგ კიარა, მეფე, ან მასთან მიახლოებული პერსონაჟიც კი არ გამოჩენილა ჯერ. მოკლედ, როტფუსმა ერთ დიდ გაუკაფავ ტყეში შეგვითრია და დაგვარწმუნა, გაჰყევით კოუტს და ადრე თუ გვიან ყველაფერს გაიგებთო. აქ ის თავის სულიერ მამასა და კუმირს, თანამედროვეობის ყველაზე წარმატებულ და ჭარბწონიან ფენტეზი-ს ავტორს, მისტერ მარტინს ემსგავსება. სამწუხაროდ, მარტინისგან კიდევ ერთი თვისება აქვს აღებული. გულისგამაწვრილებლად წელავს წერის პროცესს და ჯერაც არ ვიცით ზუსტად, როდის გვეღირსება (ამბობენ 2016-ში აუცილებლად გამოვაო) ქრონიკების დასკვნითი დღე. არადა, როგორია ლოდინი? ჯერ მხოლოდ მეორეჯერ დაღამდა, მეორეჯერ გაეშურნენ გმირები თავთავიანთი სენაკებისკენ, მეორეჯერ დაისადგურა სამნაკადურმა სიჩუმემ.


"...ფუნდუკი "გზაგამყოფი ქვა" სიჩუმეში ჩაიძირა. და ეს სიჩუმე სამ ნაკადად დაიღვარა. პირველი, შედარებით შესამჩნევი - უდაბური სიჩუმე იყო, არარსებულისგან წარმოქმნილი. რომ ეწვიმა, წვიმის წვეთები სახურავს დაუშვებდნენ, მილებიდან ჩამოწვეთდნენ, ასე თუ ისე, ზღვის სიმყუდროვესაც დაარღვევდნენ. ფუნდუკში რომ საყვარლებს სძინებოდათ, მათი ოხვრის და კვნესის ხმა გაისმებოდა და სიჩუმეს შორეულ მხარეში განდევნიდა. ვინმეს რომ მუსიკა დაეკრა... თუმცა არა, რა თქმა უნდა, აქ მუსიკის ხმას ვერ გაიგებდით. სინამდვილეში, არაფერი მსგავსი არ ისმოდა. ამიტომ, სიჩუმეც ფეხს არ იცვლიდა.

საიდანღაც, შორი ტყიდან წვეულების სუსტი ხმა ისმოდა. ისმოდა ფეხსაცმლის მიწასთან შეხების ხმები. ეს მსუბუქი, მფრთხალი ხმა, ქარის მიერ გარხეულ გაბმულ ძაფს ემსგავსებოდა. სულ მალე კი, ისიც გაქრა. დარჩნენ მხოლოდ ღამის ნიავში მოშრიალე ფოთლები. მალე ისინიც დადუმდნენ და დარჩა მხოლოდ სიჩუმის მეორე ნაკადი. სიჩუმე მოლოდინისა, თითქოს ვიღაცამ ჰაერი ღრმად ჩაისუნთქა და ჯერად არ ამოესუნთქა.

მესამე სიჩუმის შემჩნევა კი, საკმაოდ რთული გახლდათ. ალბათ საათობით მოგიწევდათ მისთვის სიბნელის შიგნით შემოშვების გამო საგულდაგულოდ დარაზულ ათობით რკინის სასახლის ცივ კედლებში ლოდინი. სიჩუმე საერთო დარბაზის მიყრუებულ კუნჭულებში იმალებოდა, იქ, სადაც ადრე სკამები და მაგიდები იდგა. ის ბუდობდა მრავალრიცხოვან ნაიარევში და იმ კაცის ხელებში, რომელიც ამ ნაიარევებს ატარებდა და ახლა გაჭირვებით, ტკივილით ერთმანეთზე მაგრად დაჭერილი კბილებით სარეცელისკენ მიემართებოდა.

კაცს წითელი, ალისფერი თმები ჰქონდა. მისი გამოხედვა ბნელი და იდუმალებით მოცული იყო, და ის მოძრაობდა შუაღამეში ისე ფრთხილად და დაკვირვებით, როგორც ქურდი. დაბლა დაეშვა. და აქ, გამოცდილი მოცეკვავისებრ გაშალა ხელები, წინ გადაიხარა და ერთი, იდეალური ნაბიჯი გადადგა.

ფუნდუკი "გზაგამყოფი ქვა" ამ კაცს ეკუთვნოდა. ისვე ფლობდა სიჩუმის მესამე ნაკადსაც. დამსახურებულად, ეს ყველაზე დიდი სიჩუმე იყო: პირველ ორს აღემატებოდა და მათ თავის თავში მოიცავდა, - ის იყო უნაპირო და უძირო, შემოდგომის დასასრულის მსგავსი. იყო მძიმე, როგორც მდინარის გამორიყული კაჭარი. ეს იყო მოწყვეტილი ყვავილის მომთმენი მორჩილება, - სიჩუმე კაცისა, რომელიც ელოდა სიკვდილს."








ავტორი: ირაკლი სულაძე