დენ სიმონსის ჰიპერფანტასტიკური ილიადა

სამეცნიერო ფანტასტიკის ჟანრის განვითარებამ დიდი ოთხეულის და მათი თანამედროვე კლასიკოსების შემდეგ მცირედით შეიცვალა კალაპოტი და მეოცე საუკუნის 80-იანი წლებიდან სულ მთლად ახალ საფეხურზე აინაცვლა.

ნილ გეიმანის Marvel 1602

2001 წელს ნილ გეიმანმა, გრაფიკულის ნოველების აწ უკვე აღიარებულმა მწერალმა და The Sandman-ის შექმნელმა, გადაწყვიტა Marvel-თან ეთანამშრომლა და ბედი მეინსტრიმულ კომიქსში მოესინჯა (უფრო სწორად, თავად Marvel-ისგან მიიღო შემოთავაზება).

არტ შპიგელმანის ომგამოვლილი თაგვი

„როდესაც რამდენიმე დღით ერთ ოთახში ჩაგკეტავენ მშივრებს, იქ სიტყვა "მეგობარი" აღარ არსებობს.“

„უფრო მეტი, ვიდრე ადამიანი“: თეოდორ სტარჯენის ევოლოციური თეორია

„ჩვენ გვჭირდება არა ფიზიკური, არამედ - ფსიქიკური ევოლუცია“.

31 October, 2016

სიცოცხლით სავსე სიკვდილის ცეკვა გრძელდება - ნილ გეიმანის ბლოგპოსტი



ახლა ატლანტას აეროპორტის მოსასვენებელ ოთახში ვზივარ და დილის შვიდის ნახევარია, მაგრამ ჩემს სხეულს ჯერ ისევ სჯერა, რომ ჯერ მხოლოდ ოთხის ნახევარია, რადგან სან ფრანცისკოში თვითმფრინავში სულ რამდენიმე საათის წინ ავედი. მე აქ იმ ამბის გამო ვარ რასაც ედი კემბელი თავის ამავე სახელწოდების წიგნში უწოდებს - სიცოცხლით სავსე  სიკვდილის ცეკვას.     
                            
ერთი თვის წინ ბაბუა გავხდი. ჩემს ბიჭს მაიკლს და მის მეუღლეს კორტნის პირველი შვილი ეყოლათ. პატარა ბიჭს ევერეთი დაარქვეს. დღეებს ვითვლიდი, როდის შევძლებდი მათთან მისვლას და ბავშვის ნახვას, მაგრამ ჯერ ფლორიდაში ქარბორბალისგან თავის დაღწევა მომიხდა (საბოლოოდ აღმოჩნდა რომ ჯამში ხუთი ასეთი ქარბორბალა იყო, რომელთაც სიმძლავრე არ დაუკარგავთ), შემდეგ კი სახლისკენ გზა და მოკლედ...
                               
ერთი პერიოდი საბავშვო ურიკის მძღოლის ფუნქციები ავითვისე და ამგვარად ვართობდი პატარა ერთი წლის ეშს. (ურიკა ბოსტონში, ქუჩაში მგდებული ვიპოვე, ასე მოქცეულიყო ამანდას ღრუბლის კლუბის მეპატრონე - ლი. შემდეგ ურიკა შევაკეთე და შევალამაზე). მერე ამანდას და ეშს დავემშვიდობე და პატარა ევროპულ ტურში გავაცილე.                            
ამაზე გამახსენდა: აქვე დავდებ პატარა ლამაზ ვიდეოს, რომელშიც ეში თამაშობს (აკვანში მწოლიარე ერთი წლის ბავშვს). ეს არის ამანდა პალმერის და ჯეკის ქავერი "Wynken, Blynken and Nod"-ზე. აქვეა ამანდაც, მედისი და მოკლედ ბევრი ჩვენი მეგობარი. (როცა ეს ვიდეო გადაიღეს, იმ ღამით შოტლანდიაში ვწერდი, ასე რომ მე ვერ მოვხდი.) თუ შეძლებთ, გირჩევთ სრულ ეკრანზე უყუროთ. ბევრი საინტერესო რამ ხდება.         




შემდეგ ტორონტოში მომიწია წასვლა, სადაც ამერიკელი ღმერთების სატელევიზიო შოუს პირველი სეზონის საპატივცემულოდ მოწყობილ წვეულებას დავესწარი, რადგან მსურდა რომ მსახიობების და პერსონალისთვის მადლობა გადამეხადა იმ დიდებული შრომისთვის, რომელიც ამ სერიალის მზადებისას გასწიეს. შემდეგ ლოს ანჯელესისკენ გავსწიე, სადაც ერთი ძალიან მაგარი და თან გასაიდუმლოებული (რატომ - გაიგებთ მომავალ წელს) საქმე გავაკეთე და იქვე მივეცი ინტერვიუ Electronic Press Kit-ს ასევე ამერიკელი ღმერთების შესახებ. (სერიალი გაზაფხულზე გამოვა. ძალიან ვღელავ).                           
და მერე როგორც იქნა გავემგზავრე სან ფრანცისკოში, რათა ოფიციალურად გავმხდარიყავი ბაბუა.            

ევერეთი ძალიან საყვარელი ბავშვია. ისეთი სახე აქვს, თითქოს ქროქეთ ჯონსონს დაეხატა იმ კონკრეტულ დღეს, როცა თავს გამორჩეულად ეშმაკურად გრძნობდა. ცოტათი ბერნაბის და ოდნავ მისტერ ო'მეილისაც ჰგავს - ბერნაბის ნათლიას. რამდენიმე ბედნიერი დღე გავატარე საფენების ცვლაში და ბავშვის ფერებაში. უამრავ, უამრავ ფერებაში.                      

შევეცადე ტვიტერზე ამეხსნა, თუ რას ნიშნავს იყო ბაბუა. - "მოსარგებად ძალიან მოსახერხებელი რამ არის. ახლად შეკერილ ძველებურ ქურთუკს ჰგავს." მართლაც ასეა. არ გჭირდება არანაირი ინსტრუქცია, უბრალოდ ირგებ და გიყვარს როგორ გათბობს და გერგება. დაახლოებით ასეთივე შეგრძნებაა შვილის დაბადებაც.          
                       
ეს ფოტო მაიკლს და ევერეთს გადავუღე. ჩემი ვაჟი და მისი ვაჟი. კორტნის და მაიკლის გამო თავს ძალიან ამაყად ვგრძნობ: ძალიან კარგი მშობლები არიან. თან ვგრძნობდი რომ ამ ყველაფრის პარალელურად უნდა გამეკეთებინა რაღაც ძალიან კარგი და სწორი.


სან ფრანცისკოში მათთან კიდევ ოთხი დღის გატარებას ვგეგმავდი, მაგრამ შემდეგ ჩემი ბიძაშვილის - სიდნის სიკვდილის ამბავი გავიგე.         
         
სიდნიმ ელენი 68 წლის წინ მოიყვანა. ის გარდაცვალების დღისთვის 94 წლის იყო, ელენი 98-ის არის. ის მხიარული, თავისრებურად ცელქი, ჭკვიანი და ძალიან უშფოთველი კაცი იყო. სამშენებლო ბიზნესში იყო ჩართული და როცა სამსახურს თავი დაანება მოქანდაკე გახდა. შექმნა ბრწყინვალე ნამუშევრები - ძალიან რეალისტური და აბსტრატული, მაგრამ ისეთები, რომლებსაც ყოველთვის გინდოდა რომ ხელით შეხებოდი. ბოლო ათი წლის განმავლობაში უფრო და უფრო აკლდებოდა სმენა, თითქოს უფრო შორეული ხდებოდა, მაგრამ მისი თვალების ნათება ყოველთვის დაგანახებდა მთელ თავის ბუნებას და გაგრძნობინებდა, რომ ყველაფერი რასაც ამბობდი, იდეალურად წარმოედგინა.                 

აქ სიდნი და ამანდა არიან გადაღებული 2013 წელს: სარასოტაში წავიყვანე მათთან შესახვედრად და ჩვენ ექსპრომტულ უკულელეს კონცერტს  (ამანდას მხრიდან) და საჯარო კითხვას (ჩემ მხრიდან) დავესწარით. ეს ყველაფერი ელენის და სიდნისთვის მოეწყო, თუმცა იქ იყო კიდევ რამდენიმე ასეული ადამიანი, რომლებმაც ამ შეხვედრის შესახებ ტვიტერიდან შეიტყვეს.



იხილეთ სიდნის ნეკროლოგი. ნახეთ მონაკვეთი სადაც ნათქვამია, რომ ის ყველას უყვარდა და ყველას ხიბლავდა? ეს სრული სიმართლეა. სტანდარტული, ნეკროლოგისთვის შექმნილი ფრაზა არ გეგონოთ.          
                
ხოდა ვზივარ ატლანტაში და სსიდნის დაკრძალვაზე დასასწრებად ვემზადები.    
                      
ჩავალ და დავესწრები პროცესიას. რატომ? იმიტომ, რომ მიყვარდა და იმიტომ, რომ ჰყავდა ასეთი ოჯახი და მყავდა ბაბუა, რომელიც ჩვენ ოჯახის პირველი წარმომადგენელი იყო, რომელიც ბრიტანული ნაწილიდან ამერიკულ ნაწილს დაუკავშირდა; თან ევერეთი და ეში მახსენდება, ცოცხლად ვუყურებ ცხოვრების წრეს. ედი კემბელმა ეს სწორად გაიგო. სიცოცხლით სავსე სიკვდილის ცეკვა. ეს არც თუ ისე ცუდია. ვიღაც საცეკვაოდ გადის, ვიღაც კი სცენას ტოვებს, ცეკვა გრძელდება და გრძელდება სიყვარულიც.                      

სიყვარულზე გამახსენდა - ედისთვის შესანიშნავ ოდრი ნიფენეგერზე დაქორწინება არ მიმილოცია, არც ოდრისთვის მიმილოცია შესანიშნავ ედი კემბელზე დაქორწინება. ძალიან მიხარია, როცა ჩემი მეგობრები ოჯახს ქმნიან.





წყარო: http://journal.neilgaiman.com/2016/10/lifey-death-dances-again.html

მთარგმნელი: ირაკლი სულაძე


რიჩარდ ბახმანი - სტივენ კინგის უმცროსი ორეული


წლების წინ, როცა სტივენ კინგის მწერლობა თავის პიკს აღწევდა, წიგნის მაღაზიების თაროებზე გამოჩნდა ვინმე რიჩარდ ბახმანის რომანები. ბახმანი წერდა ფსიქოლოგიურ დრამებს/თრილერებს და მის წიგნებში ძნელად თუ იპოვნიდით არამიწიერ არსებებს და ბევრ სისხლისღვრას (ისე, არც ამას აკლებდა), თუმცა აქ იყო ყველაფერი ის, რაც სტივენ კინგს მკითხველისთვის საყვარელ მწერლად ქმნიდა და რისი დაფარვაც ნებისმიერი ფსევდონიმისთვის შეუძლებელი იყო. ასე და ამგვარად რამდენიმეწლიანი ცხოვრების შემდეგ ვაშინგტონის ერთ-ერთი წიგნის მაღაზიის კლერკმა ვინმე სტივ ბრაუნმა მისი ვინაობა გაშიფრა და კინგის გამომცემელს დაუკავშირდა, ეგება და მითხრათ, რა გავაკეთოო. რამდენიმე დღეში სტივ ბრაუნს სტივენ კინგი პირადად ურეკავს, სთავაზობს სტატიის დაწერას იმის შესახებ, თუ როგორ გაშიფრა მან ბახმანი და თანხმდება ინტერვიუს მიცემაზე. 

ყველაფერი კი დაიწყო იმით, რომ გამომცემლებმა სტივენ კინგს უარი უთხრეს - გამოეცათ წელიწადში მისი ერთზე მეტი წიგნი. კინგი კი თავის მხრივ წერის ჟინით იყო სავსე და თან როგორც შემდეგ ომნიბუს "ბახმანის წიგნები - 4 ადრეული რომანი" შესავალში ამბობს, სურდა გაეგო რა იყო მისი წარმატების მთავარი მიზეზი - ნიჭი, თუ გამართლება. თან ბახმანის სახელით ისეთი წიგნები გამოსცა, რომელიც მასაში პოპულარულ 'ცუდ პერსონაჟებს' არ ეხებოდა და არც გაცვეთილ თემებს ფარავდა საშინებელებათა საბურველში. შედეგად ბახმანის წიგნები საკმაოდ პოპულარული გახდა, თუმცა მაგალითდ ერთ-ერთი მათგანი - "მხდომარე" (Thinner) 28 000 ასლი გაიყიდა, ბახმანის რეალური ვინაობის გააშკარავების შემდეგ კი ეს რიცხვი ათჯერ გაიზარდა.



კინგმა ბახმანს შეუქმნა თავისი მოკლე ბიოგრაფიაც, რომლებსაც წინასიტყვაობებში იყენებდა. სახელი კი ერთი მხრივ დონალდ უესტლეიქის ფსევდონიმ რიჩარდ სტარკიდან (შემდგომში სტარკს კინგი თავის "ბნელ ნახევარში" გამოიყენებს) და მეორე მხრივ Bachman - Turner Overdrive - იდან აიღო. ეს იყო როკ'ნ'როლ ბენდი, რომელსაც ავტორი იმ პერიოდში აქტიურად უსმენდა. ეს ფოტო კი, ერთადერთია რომელზეც ვითომდა ამერიკელი მწერალი რიჩარდ ბახმანია გამოსახული და რომელიც თურმე მისმა მეუღლემ კლაუდია ინეზ ბახმანმა გადაიღო. სინამდვილეში ეს არის რიჩარდ მანუელი - კინგის ლიტერატურული აგენტის, კირბი მაკკოლის სადაზღვევო აგენტი. აი, მისი ფიქციური მეუღლე კლაუდია ინეზ ბახმანი კი კინგმა ბნელი კოშკის საგაში ჩართო.



საერთო ჯამში ბახმანის სახელით 7 წიგნი გამოვიდა. მე-8-ზე მუშაობისას მისი ვინაობა გატყდა ამიტომ მისი გამოცემა უკვე სტივენ კინგის სახელით მოხდა. ჩვენთან ადრე 2007 წელს გამოცემული ბლეიზი მიმოვიხილეთ, ამიტომ მასზე აღარ შევჩერდებით და დანარჩენ რომანებს მოკლედ და ზოგადად შევეხებით ქრონოლოგიური წესების სრული დაცვით.


მრისხანება (1977)

პირველად როცა მრისხანებას კითხულობ, გახსენდება მარკ დეივიდ ჩაპმანი და გიჩნდება შეკითხვა - რა იქნებოდა, რომ მისი ბინძური გონება სელინჯერის ნაცვლად სწორედ ბახმანის პირველი წიგნით დაინტერესებულიყო. სავარაუდოდ კარგი არაფერი, რადგან მე თუ მკითხავთ, ეს ბევრად მძიმე რომანია საზოგადოების წინააღმდეგ ამხედრებული ახალგაზრდის შესახებ, რომელიც გადაწყვეტს რომ ერთ 'მშვენიერ' დღეს კლასში გამოკეტოს კლასელები, მასწავლებლები და ცეცხლსასროლი იარაღის დახმარებით თვალებში ჩახედოს მათ და მათ ტყუილებს, გამოააშკარავოს მათი ყველაზე ცხოველური სურვილები და მისწრაფებები, წარმოაჩინოს მათი რეალური, ადამიანური სახე და ამ ყველაფერს იმაზე ბევრად ნაკლები ტრაგიზმით შეხედოს, როგორც ეს ერთი მოსმენით ჩანს. მთავარი გმირი ჩარლი დეკერი და მისი მსხვერპლები ერთგვარ ფსიქოთერაპევტული ჯგუფის წევრებს ემსგავსებიან. ნოველა არის ერთიანად ძალიან მძაფრი და ძალიან რეალისტური. ეს არის ნამდვილი საშინელება. ისეთი, რომელსაც ვერ გამოიგონებ. კინგიც ასე იყო, რეალურად მრისხანება გამოძახილი იყო იმ გახშირებული მკვლელობებისა, რომლებიც იმ პერიოდში ამერიკაში ხდებოდა და რომლის 'შემოქმედიც' ძირითადად სკოლის მოსწავლეები იყვნენ. სიტუაცია იმდენად გართულდა, რომ კინგმა თავადვე სთხოვა გამომცემლობას, ერთიანად ამოეღოთ გაყიდვებიდან ეს წიგნი. საბოლოოდ მრისხანება ამერიკულ წიგნის ბაზარზე მხოლოდ ბახმანის წიგნების ომნიბუსის სახით გამოჩნდა. მოგვიანებით გამოცემული ბლეიზის ბოლოსიტყვაობაში კი კინგი ამბობს: "მრისხანება გაყიდვებიდან ამოღებულია და ეს ძალიან კარგია." მისთვის გადამწყვეტი აღმოჩნდა სენდი ჰუკის დაწყებითი სკოლის ამბავი, რომელიც 2012 წლის დეკემბერში ქალაქ ნიუთაუნში, კონეკტიკუტის შტატში მოხდა. აქ ოცი წლის ადამ ლანზამ 6-დან 7  წლამდე ასაკის 20 ბავშვი დახოცა. ასევე სკოლის ექვსი თანამშრომელი. შინ ასევე მოკლა საკუთარი დედა. საბოლოოდ ლანზამ ეს სისხლიანი პროცესია თვითმკვლელობით დაასრულა. მოკლედ, მრისხანება ჯერაც რჩება კინგის ახალგაზრდობისდროინდელ ერთ-ერთ ყველაზე მძიმე ნამუშევრად, რომელსაც დღემდე შიშით უყურებს და გულის სიღრმეში ისიც აწუხებს, რომ სადღაც ერთი პატარა ბრალი მთელ ამ სისხლიან ამბებში მრისხანებასაც უდევს.


დიდი გასეირნება (1979)

ბახმანი, როგორც ასეთი, მრისხანების შემდეგ დიდად ლიტერატურულად შემსუბუქდათქო რომ გითხრათ, მოგატყუებთ. საერთოდაც სიმძაფრე და სიმძიმე მის წიგნებს ქრონოლოგიურად კლების პრინციპით სდევს. რიგით მეორე რომანი გრძელი გასეირნებაა, სადაც მრისხანებისგან განსხვავებით არარეალური, ასე ვთქვათ, დისტოპიური ამერიკაა წარმოჩენილი. მთელი წიგნი მოგვითხრობს ასი მოზარდი ბიჭის ამბავს, რომლებიც ჩართულნი არიან სატელევიზიო გასართობ შოუ-მარათონში - დიდი გასეირნება. თამაშის პრინციპი მარტივია: რაც არ უნდა მოხდეს, არ უნდა შეწყვიტო სიარული, დრო შეუზღუდავი, საპრიზო ფონდი კი მხოლოდ ერთ ადამიანზე გათვლილი. ყველა ვინც შეჩერდება, ან შესაბამისი რაოდენობის გაფრთხილებებს დააგროვებს, დამკვირვებელი სამხედროებისგან ტყვიას მიიღებს. მთავარი გმირი აქაც მოზარდი ბიჭია - რეიმონდ დეივის გერეთი. აქვე არიან მისი მეგობრები მაკვრაისი, ბეიკერი, ოლსონი, პარკერი, პირსონი, აბრაამი და ა.შ. შინაარსი მთლიანად ამ სამკვდრო-სასიცოცხლო მარათონს მიჰყვება, მონაწილე პერსონაჟების დიალოგებით, სამხედროების სისასტიკით და ამ ყველაფერს ფონს გაყოლებული 'გულშემატკივრებით', რომლებიც სამარათონე გზის პირას დგანან და თავთავიანთ 'ფალავნებს' ემოციურად და მხიარულად ახმიანებენ. საინტერესო გამოხმაურება მოჰყვა დიდ გასეირნებასაც. ასე მაგალითად ადრიანო გაცამ და ჯიმი პრიტსმა შექმნეს ძალიან საინტერესო მოკლემეტრაჟიანი ვიდეო-ფილმი ამ ნოველის შესახებ, რომელიც ცოტა ხნის წინ ჩვენს გვერდზეც დავდეთ.


საგზაო სამუშაოები (1981)

წარმოიდგინეთ ამერიკის ჩრდილოეთის პატარა ქალაქი (წარმოსადგენად დაიხმარეთ ფარგო, ან თვინ ფიქსი) თავისი პატარა სასადილოთი, სიცივისგან დამცავი ბუთხუზა სპეც-ქურთუკიანი პოლიციელებით და ქალაქის გასწვრივ გაყოლებული დიდი მაგისტრალით. ახლა ამ ყველაფერს დაუმატეთ ერთი ნაკლებად სასიამოვნოდ ჟღერადი სამართლებრივი ტერმინი - ექსპროპრიაცია და თქვენ ზოგადი წარმოდგენა გექნებათ იმის შესახებ, თუ რა ემართება წიგნის მთავარ გმირს ბარტონ ჯორჯ დაუზს. ეს არის კაცი, რომელსაც ჯერ ცხოვრება წაართმევს ყველაფერს, შემდეგ კი სახელმწიფოც იმავეს გაკეთებას შეეცდება. ყველაფერი იქამდე მიდის რომ მან არჩევანი უნდა გააკეთოს იმ ერთადერთი სახლის (რომელთანაც იმაზე მეტი აკავშირებს, ვიდრე ნებისმიერ სხვა რამესთან ამ სახლის გარეშე) გაყიდვასა და ერთგვარ იმდროინდელ ფირალობას შორის. თუმცა, გარდა მთავარი პრობლემისა წიგნში მეორე ძალიან საინტერესო ხაზიც არის. სახლიდან გამოქცეული ბარტონი გზად ყინვისგან გალურჯებულ ლამაზ გოგონას აიყვანს ავტო-სტოპით და კარგა მანძილს მასთან ერთად გაივლის. ერთი 'სიამოვნებაა' მისი ნატანჯი ფიზიონომიის დაკვირვება, როცა უკანა ხედვის სარკეში სიბნელეში მისი მანქანის სავარძელზე მიწოლილ ნარკოტიკებით გაჟღენთილ, მშიერ-მწყურვალ და მაინც ახალგაზრდობით აგრერიგად ქორფად და ლამაზად წარმოჩენილ გოგონას უყურებს. საგზაო სამუშაოები არის წიგნი ერთი ადამიანის შესახებ, რომელიც უიმედო ბრძოლაშია ჩაბმული და რომელმაც წინასწარვე იცის ამის შესახებ, თუმცა მისთვის მიზანს აღარ აქვს მნიშვნელობა. მთავარი პროცესია, პროცესი რომელიც უკანმოუხედავად გარბის.


მორბენალი კაცი (1982)

გარბის ბენ რიჩარდსიც, რომელიც ბახმანის "მორბენალი კაცის" მთავარი გმირია. საერთოდ, ბევრი რამით არი ეს წიგნი გამორჩეული. სტივენ კინგის შემოქმედებაში თითქოს ორ რომანს უკავია განსაკუთრებული, თავისებური ადგილი. ერთი - დრაკონის თვალებია, რომელიც ჩვეულებრივი ეპიკური ფენტეზია, უფრო მეტად რობერტ ჰოვარდის, რობერტ სილვერბერგის სტილში. მეორე კი - მორბენალი კაცი, რომელიც ძალიან ჩვეულებრივი სამეცნიერო ფანტასტიკაა, ოღონდ უფრო 90-იანების პერიოდის მსგავსი. თავიდანვე გეტყვით რომ არ უნდა შეგაცდინოთ მისმა სატელევიზიო ადაპტაციამ და არნოლდ შვარცნეგერის მიერ ბენ რიჩარდსის როლის მორგებამ. ამის ყურებას უმჯობესია გადაიმეოროთ ნისლი, მიზერი, ან მხდომარე. ისე კი, ამ წიგნის სიუჟეტი 2025 წლის დისტოპიურ ამერიკაში მიმდინარეობს, სადაც სრული ტოტალიტარული რეჟიმია დამყარებული. მთავარი გმირის შვილი ავად არის და სასწრაფოდ ძვირადღირებულ წამალს საჭიროებს. ამ მიზნით რიჩარდსის ცოლი პროსტიტუციაში ებმება, თავად რიჩარდსი კი გადაწყვეტს მონაწილეობა მიიღოს სატელევიზიო შოუში - მორბენალი კაცი. მონაწილეები გამოცხადებული არიან სახელმწიფოს მტრებად. 30 დღის განმავლობაში ის იძულებულია გაექცეს პოლიციას და სამხედრო ძალას, ყოველ ახალ ცოცხლად დარჩენილ ერთ საათში მას ასი დოლარი ეძლევა, დამატებით ასი დოლარია გამოყოფილი მის მიერ მოკლულ ყოველ ოფიცერზე, იმ შემთხვევაში კი თუ მორბენალი ერთ თვეს ცოცხალი გასტანს, მთავარ პრიზს - ერთ მილიარდ დოლარს მოიგებს. მას შეუძლია იმოგზაუროს ნებისმიერი მიმართულებით და დაიმალოს სადაც სურს. წიგნის მთავარი ღირსება მის აგებულებაშია. ყოველი მცირედი ქვეთავი იწყება და მთავრდება წამზომის შეხსენებით. დრო იწურებს, ბენ რიჩარდსი კი უფრო და უფრო უახლოვდება სიკვდილს.

 რეგულატორები (1996) 

სანამ ბოლო წიგნზე გადავალთ გეტყვით რომ 1996 წელს ბახმანის ავტორობით გამოიცა რეგულატორები, ამავე წელს გამოდის სტივენ კინგის უიმედოთა ქალაქიც. ბევრი რომ არ გავაგრძელოთ, რეგულატორები არის უიმედოთა ქალაქის ერთგვარი "სარკისებრი რომანი". მსგავსი სიუჟეტით, მსგავსი პერსონაჟებით და რადიკალურად განსხვავებული მიმართულებით. როგორც მკითხველები ამბობენ, კინგის უიმედოთა ქალაქში ღმერთი არსებობს, რეგულატორებში კი არა. ზოგადად, ვფიქრობთ უმჯობესია ამ ორი რომანის ერთად შეფასება და არა რეგულატორების ცალკე, ბახმანის სახელქვეშ მიმოხილვა.


მხდომარე (1984)

თავიდანვე უნდა ითქვას რომ 1996 წლის ადაპტაცია, რომელიც ტომ ჰოლანდმა გადაიღო, საკმაოდ კარგია. მართალია, დასასრული ოდნავ შეცვლილია და ყველაფრის თავი და თავიც ოდნავ გადასხვაფერებული (ფილმში ცოლი ქმარს ორალურ სიამოვნებას ანიჭებს, წიგნში კი მხოლოდ ხელსაქმით შემოიფარგლება), მაგრამ საერთო ჯამში მაინც კარგი ეთქმის. მთავარი გმირი ბილი ჰალეკია - ჭარბწონიანი ადვოკატი კონეკტიკუტიდან, რომელსაც ჭარბი წონა აწუხებს და რომელიც საგზაო 'სიამოვნების' პიკში მოხუც ბოშას გაიტანს. ბევრი რომ არ გავაგრძელოთ, გარდაცვლილის 106 წლის მამის 'შელოცვით' ყოველდღიურად არაადეკვატურად ბევრ წონას იკლებს. ყველაფერი იქეთკენ მიდის, რომ ჰალეკი ოჯახიდან გარბის და იწყებს შემლოცველი ციგნის ძიებას. რაღა უნდა თქვა, საინტერესო საშინელებათა სიუჟეტია. სასამართლო პროცესის სამივე მონაწილე (ბრალდებული, მოსამარლე და პოლიციელი, - ერთმანეთის მეგობრები), რომელთა დახმარებითაც ბრალდებული ჰალეკი ამ საგზაო შემთხვევაში უდანაშაულოდ ცნეს, საბოლოოდ საშინელი სენით ავადდება. ისე, ცოდვა გამხელილი სჯობს და Thinner-ის ზუსტ ქართულ თარგმანზე ჯერაც ვერ ჩამოვყალიბდით, მაგრამ ეგ არაფერი, იყოს მხდომარე. ისე, უნდა ითქვას რომ ეს ყველაზე მეტად კინგისეული წიგნია ბახმანის შემოქმედებაში. აი, თავად კინგს კი მისი იდეა ისევე სპონტანურად მოუვიდა, როგორც სხვა მრავალი წიგნის (მაგალითად 'ის'. კინგი იხსენებს, რომ ერთხელ სააბაზანოში შევიდა, ჩახედა ნიჟარას და გაიფიქრა, "ჰმ.. ნეტავ როგორი იქნება ახლა ამ ნიჟარიდან მწვანე ბრჭყალმა რომ ამოყოს წვერიო." ნუ, რას გაუგებ...). ცხოვრების რაღაც ეტაპზე კინგი 236 ფუნტს იწონიდა (107კგ.), ამიტომ ექიმმა სავალდებულო დიეტა და სიგარეტის აკრძალვა დაუნიშნა. ჩაპუტკუნებული კინგი კი დაფიქრდა, რა იქნებოდა რომ ეს 'იძულებითი გახდომა' სულაც არ იყოს ჩვენზე, ან ჩვენს ექიმზე დამოკიდებულიო. აქედან დაიბადა მხდომარეს შექმნის იდეა და შედეგად ძალიან კარგი, კაცობრიობის ერთ-ერთ რეალისტურ შიშზე აგებული რომანი შეიქმნა.



დასასრულს, აუცილებელია ითქვას ისიც, რომ იმ მომენტში, როცა ბახმანი მის რეალურ სახეში გამოიჭირეს, კინგი მუშაობდა არც მეტი არც ნაკლები, "მიზერი"-ზე. მიზერი კი, სხვისი არ ვიცი და მე თუ მკითხავთ მის სამ საუკეთესო ნამუშევარში შედის. კაცმა არ იცის, რა მოხდებოდა რომ მიზერი ბახმანის სახელით გამოცემულიყო და სტივენ კინგის ორეულიც არ გამჟღავნებულიყო, ანკი მიზერიც ასეთივე 'დიდი' წიგნი იქნებოდა, თუ არა, მაგრამ ფაქტია, რომ სტივენ კინგმა თავის მიზანს მიაღწია და რამდენიმე წელიწადში შექმნა საკუთარი თავის მეორე მე, რომლითაც მწერლობაში შემოვიდა ახალი მიმართულებით, ახალი ტიპის საშინელებებით (მიზერიც ხომ არატიპური კინგია) და სამუდამოდ დატოვა არარსებული მწერლის კვალი თავისი მძაფრი და სახასიათო პერსონაჟებით. 

რიჩარდ ბახმანს უნდა ეცხოვრა და რიჩარდ ბახმანი უნდა მომკვდარიყო.

p.s. მაგრამ მიზერის გამოცემა უნდა ეცლიათ...


                                             
  იკითხეთ ბახმანი და უსმინეთ ბახმანს







ავტორი: ირაკლი სულაძე