"ყურადღებით მისმინეთ, აი, რას გიამბობთ."
"ვემსახურებოდი ინგლისის მეფეს" ჩეხი ავტორის - ბოჰუმილ ჰრაბალის ერთ-ერთი გამორჩეული ნაშრომია. ის არ არის ჰრაბალის ყველაზე ცნობილი წიგნი, თუმცა ფართო მასებმა ის სწორედ ამ ნაწარმოების ეკრანიზაციით გაიცნეს. ჩვენთან კი წიგნი "დიოგენეს" დამსახურებით ითარგმნა/გამოიცა და სერია "დიოგენეს ბიბლიოთეკაში" საპატიო ადგილი დაიკავა.
ისტორია მოგვითხრობს ახალგაზრდა ჩეხი ყმაწვილის - დიტერის ამბავს, რომელიც ადრეული ასაკიდანვე რესტორნებსა და სასტუმროებში მსახურობდა. უწევდა სასტიკი უფროსების უაზრო კაპრიზების ატანა და ძილის წინ სავალდებულო ბანვითი პროცედურების ჩატარება. თუმცა, ამასობაში ნელ-ნელა გამოიწრთო და მალე "ფულის კეთებაც" ისწავლა. დიტერს თავისი სპეციფიკური და განუმეორებელი ტექნიკა ჰქონდა, სადგურზე შესასვენებლად გაჩერებული მატერებლის ფანჯრებიდან გადმოწვდილ მსხვილ კუპიურებს მძიმე-მძიმედ ახურდავებდა და სანამ ცხელი სოსისით ნერწყვმომდგარი კლიენტი ხურდის მიღებას ელოდებოდა, მატარებელიც იძვროდა, დიტერი ამ დროს ოდნავ უჩქარებდა ნაბიჯს, თუმცა რა თქმა უნდა, ვერ ეწეოდა "მსხვერპლს". ასე და ამგვარად აგროვებდა უმცროსი მოჯამაგირე პირველი ქალის ფულს.
ქალები კი მისთვის ფულის შემდეგ რიგით მეორე მთავარი ცდუნება იყო. ვაჭრობის პირველ წლებში მხოლოდ იმაზე ფიქრობდა, რა გზით "მოეტეხა" კრონები, რომ შემდეგ კვირის ბოლოს ახალ-ახალი პრაღული ნუგბარი გაესინჯა იქვე, ქალაქის ბორდელში. ისევე როგორც ვაჭრობაში, დიტერი ამ საქმეშიც გამორჩეული იყო და თავისებური ახალგაზრდული მონდომებით აღვსილი შემოქმედობითობით თითქმის ყველა გოგოს თავს აყვარებდა.
თუმცა, მისი სამსახურებრივი თუ პირადი კარიერა, იმ პერიოდის პოლიტიკური მდგომარეობის მსგავსად, მეტად არასტაბილური იყო. დიტერი სამსახურს, პარტნიორსა და საცხოვრებელს იმდენად ხშირად იცვლიდა, რომ დღიურში, რომელსაც ჩვენ წიგნის სახით ვეცნობით, დეტალები ხშირად ერთმანეთშიც კი აქვს არეული. თუმცა არ არევია ის ისტორია, რომელიც მისი და არიელი ქალის სიყვარულზე მოგვითხრობს. ამის პარალელურად ჰრაბალი გადმოგვცემს მე-20 საუკუნის ორმოციანი წლების ჩეხოსლოვაკიის ცხოვრებას. გვაჩვენებს თავისივე თანამემამულეებს, რომლებიც ოკუპაციამდე პერიოდში გერმანელებს სასტიკად ექცეოდნენ. სწორედ ეს გახდა იმის მიზეზი, რომ დიტერი ბოლომდე "სოკოლელად" ვერ იქცა და იმდროინდელი ჩეხური პატრიოტიზმიც ბოლომდე ვერ გაითავისა.
კადრი ფილმიდან - "ვემსახურებოდი ინგლისის მეფეს". 2006წ. რეჟისორი: ირჟი მენცელი. |
საბოლოოდ დიტერი სახელის მოხვეჭასაც ახერხებს და ბავშვობის ოცნებასაც ისრულებს - ექცევა პომპეზური შეხვედრების, ფუფუნებით განებივრებული ჩეხებისა და მსხვილი სასტუმროს მფლობელების საზოგადოების წევრად. მაგრამ რა შუაშია მეფე? ინგლისის მეფის მსახურობას დიტერის ერთი უფროსი მეგობარი იჩემებდა, რომელსაც მის ყველა "საგმირო საქმეზე" ერთი პასუხი ჰქონდა: "ვემსახურებოდი ინგლისის მეფეს"-ო. ინგლისის ვერა, მაგრამ ეთიოპიის იმპერატორის მსახურობა დიტერსაც მოუწია. ეს "სტატუსი" კი, რომელიც სინამდვილეში არანაირ ღირსებას წარმოადგენდა, ჩვენს მთავარ გმირს არაერთხელ დახმარებია. ისევე როგორც სხვა, არაფრისმომცემი დეტალები, რომლებსაც მის ირგვლივ მყოფები აგრერიგად აფასებდნენ.
საინტერესო დეტალი: წიგნი პირობითად ხუთ ისტორიადაა დაყოფილი და თითოეული ამბავი ერთი და იმავე წინადადებით იწყება და სრულდება. გამონაკლისია მხოლოდ ბოლო თავის უკანასკნელი ფრაზა.
საერთოდაც, დიდი მაღვალაკი ვინმე იყო დიტერი. ჯერ ხომ კლიენტებს ფულს აწერდა, მერე საროსკიპოში გოგოები გადარია - ისეთები აკეთა. /ის არა, რაც თქვენ იფიქრეთ/. უბრალოდ სილამაზეს იმდენად აფასებდა, რომ მათ "უმანკო" სხეულებს ცოცხალი ყვავილებით და ნაძვის ტოტებით რთავდა, შემდეგ კი დიდ სარკეს დაკიდებდა და გოგოებს აჩვენებდა, რა მშვენიერები იყვნენ სინამდვილეში. მერე სასტუმროს ბობოლა კლიენტებს უჩუმრად ხურდის ფულს უყრიდა იატაკზე და იმით ტკბებოდა, როგორი რუდუნებით ცდილობდნენ საპატივსაცემო საზოგადოების ჩასუქებული წევრები თითოეული მუქთად ნაშოვნი კრონის ხელში ჩაგდებას.
მერე უეცრად ყველას ომის უბედურება ატყდება თავს, თუმცა რადგან ეს წიგნის ყველაზე სევდიანი და თანაც ყველაზე არადიტერისეული ნაწილია, მასზე ზედმეტის თქმა არ ღირს.
სჯობს ის ისეთი გვახსოვდეს, როგორიც წიგნის პირველ ნახევარში, ეთიოპიის მეფეს რომ ემსახურებოდა, ე მაშინ.
"ამით უკვე ნამდვილად ვასრულებ."
ავტორი: ირაკლი სულაძე