ისევ მოგვატყუა...
მოგვატყუა ისე, როგორც სალემში, სადაც პირველი გვერდის წაკითხვამდე, ყველას ეგონა, რომ ახალგაზრდა მწერლის რიგით მეორე რომანი სხვა არაფერი იყო, თუ არა ისტორია ვამპირებზე, რომელიც ბრემ სტოკერით შთაგონებულმა ინგლისურის მასწავლებელმა შეთხზა და ამ გზით სცადა მატერიალური მდგომარეობის გამოსწორება. გეგმამ იმუშავა და წიგნი დიდი ტირაჟით გაიყიდა, ქერის შემდეგ ეს სტივენ კინგის კიდევ ერთი აღიარება იყო, თუმცა ნებსით თუ უნებლიედ, ბევრს არ შეუმჩნევია, რომ რეალურად წიგნი საერთოდ არ ეხებოდა ვამპირებს. კარგი, ბოლო რამდენიმე თავში ბერლოუს ამბები ტიპური სტოკერისეული ჰორორია, მაგრამ ყველამ კარგად ვიცით, რომ ისტორია სულ სხვა თემებს ეხებოდა, ვიდრე ეს მკითხველში სიბნელეში წაწვეტებული კბილების გამოჩენით გამოწვეული შიშია. სინამდვილეში, საშიში სულ სხვა რამ არის, ის, რაც ბევრად ახლობელი და ბუნებრივია, ვიდრე ვამპირი.
თითქმის იგივე მეორდება "ცხოველების სასაფლაოში," რომელიც ავტორმა 1983 წელს გამოსცა, თუმცა თავიდანვე უნდა ითქვას, რომ კინგს სძულდა ეს წიგნი. პირველი ხელნაწერი ჯერ მეუღლეს აჩვენა, შემდეგ პიტერ სტრაუბს (ვისთანაც ერთადაც მალევე, 1984 წელს, გენიალური წიგნი "თალისმანი" გამოსცა და შემდეგ სიქუელი - "შავი სახლიც" მიაყოლა) და ორივესგან ერთი და იგივე პასუხები მიიღო. ცოლიც და საუკეთესო მეგობარიც წიგნის მიმართ ავტორის აზრს იზიარებდნენ. მოკლედ, ცხოველების სასაფლაო ძველმანების ყუთში აღმოჩნდა და კინგმა მის ნაცვლად მკვდარი ზონა გამოაქვეყნა. არავინ იცის, იყო თუ არა ჯონი სმიტის და მთლიანად ზონის გავლენა იმ საქმეში, რომ კინგი მალევე მიუბრუნდა ყუთში მოსროლილ წიგნს, მაგრამ ფაქტია, რომ "ცხოველების სასაფლაო" დაასრულა, გამოსცა და თან ეს აღმოჩნდა მისი ბოლო წიგნი, რომელზე უფლებებიც "დაბლდეი"-მ შეიძინა.
მიუხედავად იმისა, რომ წიგნმა საკმაო აღიარება მოიპოვა, ავტორს მაინც არ მოსწონდა ის. არა იმიტომ, რომ საკმარისად საშიში არ იყო, უბრალოდ, კინგს არ მოსწონდა შინაარსი, რომელსაც გადმოსცემდა ეს ისტორია. ისტორია კი, "ნათების" შემდეგ, ალბათ ყველაზე ავტობიოგრაფიულია მის შემოქმედებაში. წიგნში მოთხრობილი ამბის ძალიან ბევრი ეპიზოდი ემთხვევა კინგის ცხოვრებისეულ ფაქტებს, ასე მაგალითად, ახალ ქალაქში ოჯახთან ერთად გადასვლა, შინაური კატის სიკვდილი და უმცროსი ბიჭის კინაღამ მანქანის ბორბლებქვეშ დაღუპვა. შინაარსი რომ ნაწყვეტ-ნაწყვეტ არ მოვყვეთ, მოკლედ შეიძლება იმის თქმა, რომ წიგნი მოგვითხრობს ახალგაზრდა ამერიკელი ექიმის და მისი ოჯახის პატარა ქალაქში გადასვლის და ახალი ცხოვრების დაწყების შესახებ, სადაც ერთმანეთს ებმის უცნაური, თუმცა ბუნებრივი მოვლენები და ამ ყველაფერს ფონად სდევს სახლის უკან განთავსებული სასაფლაო, სადაც შინაური ცხოველები არიან დამარხული. ეს მთლიანი ტერიტორია, თავის აკლდამებიან-სახლებიანად იმ მიწაზეა, რომელიც ერთ დროს ინდიელებს ეკუთვნოდათ.
ისევ ტყუილს რომ დავუბრუნდეთ, პატივცემული ავტორი დიდებულ მწერლობასთან ერთად, დიდებული გამყიდველიცაა, მან ზუსტად იცის როგორ შეფუთოს წიგნები, როგორი ყდა გააკეთოს და რა თქვას პრეზენტაციებზე. ის ყოველთვის ამერიკელი მკითხველის იმ სათუთ გრძნობებს ეთამაშება, რომლებზეც თავისი წიგნების შინაარსებს აგებდა. ასე მოხდა ქერის შემთხვევაში, როცა ტელეკინეზი და მისნაირი ზებუნებრივი შესაძლებლობები ყოველი ამერიკელისთვის ახლადაღმოჩენილი საშიში ამბავი იყო, შემდეგ ექსტრასენსების ბუმი და ექსტრასენსი ჯონი სმიტი "მკვდარ ზონაში", "ცეცხლის წამკიდებელი" კონსპირაციული თეორიების ირგვლივ და ა.შ. ამ შემთხვევაშიც, სანამ პირველ თავს არ ჩაიკითხავ, ჯიუტად გჯერა, რომ წიგნი არის დახოცილ ცხოველებზე, რომლებიც შემდეგ ან ცოცხლდებიან, ამ მათი სული ბრუნდება, თვალები საშიშად უნთიათ, ხალხს ხოცავენ, ირგვლივ სისხლი და ცხედრების ნაფლეთებია და მოკლედ, ეს ხომ საკმარისია, რომ გვეშინოდეს, ხოდა ამიტომაც ვყიდულობთ კინგის ჰორორს.
სინამდვილეში წიგნს ოდნავი სიახლოვეც კი არ აქვს ყოველივე ზემოთქმულთან. აქ კინგი გვიყვება იმ დიდი გრძნობის შესახებ, რასაც სიკვდილის სიახლოვე ჰქვია. სიკვდილის სიახლოვე, რომელიც მისი არსებობის შეცნობას აადვილებს და რომელსაც ყველა თავს არიდებს. ახალგაზრდა ექიმი მანამ ცდილობდა ბედნიერ ცხოვრებას, სანამ პირადად არ შეეჩეხება გარდაუვალი ტრაგედიის მძიმე მარწუხებს. მანამ კი, საგულდაგულოდ ცდილობს მისი მეუღლე, პატარა ქალიშვილს სიკვდილის არსებობა დაუმალოს, თუმცა მიუხედავად მცდელობისა, პატარა ელი თვითონვე იკვლევს გზას ამ ლაბირინთში მაშინ, როცა ტრიალ მინდორზე აღმართულ ქვის ყურღანებს შეამჩნევს, ზედ მოსიყვარულე ცხოველების შესახებ ეპიტაფიებით. ამას მოყვება ექიმის ცოლის ბავშვობისდროინდელი ტრაგედია, რომელიც ის ნამდვილი საშინელებაა, რომელიც ამ წიგნში ყველაზე საშიშია. უახლოესი ადამიანის სიკვდილით გამოწვეული გაუმხელელი ბედნიერება და ამ ბედნიერებით გამოწვეული ცხოვრებისეული ტანჯვა. ის ყოველივე, რასაც წიგნის გმირები განიცდიან, მოსალოდნელი და უბედურების მომასწავებელია. არ არსებობს ადამიანი, რომელიც შორს დგას ცხოველების სასაფლაოსგან, რადგან ეს ადგილი სიკვდილის სავანე და იმ მდუმარების აკვანია, რომელშიც ადრე თუ გვიან ყოველი სულიერი ჩაესვენება და არანაირი აზრი არ აქვს პატარა ბავშვისთვის ამის დამალვას. ის მაინც მიხვდება, რომ მისი კატა, რომელიც ტრაილერმა გაიტანა, ფეხზე ვეღარასდროს წამოდგება .
თუკი არ...
ძნელია დაუშვა ის, რაც არ გინდა რომ დაუშვა. შეიძლება გსმენოდეს ამის ათასგვარი ვარიაცია და ისტორია, რომელშიც დეტალურად იყო აღწერილი ყოველი მოქმედება, მაგრამ მაინც შორეული, უცნობი და დაუჯერებელი გეჩვენოს, თუმცა დგება მომენტი, როცა გახსენდება ძველი პარადოქსი - "ვინ ჭრის ქალაქელ დალაქს?"
'' ერთ ქალაქში ერთი დალაქი ცხოვრობდა და ის მხოლოდ იმ ადამიანებს ჭრიდა, ვინც თავად არ იცოდა თმის შეჭრა. დრო გადიოდა და არაფერი იცვლებოდა, პასუხგაუცემელი რჩებოდა მხოლოდ ერთი კითხვა - ვინ ჭრის ქალაქელ დალაქს? ''
იხსენებს გამოცანას მთავარი გმირი და თვალწინ უდგება მესაფლავე ძია კარლი და კიდევ ერთი პასუხგაუცემელი კითხვა - ვინ დაასაფლავა მესაფლავე ძია კარლი?
ცხოვრებისეული დრამატიზმით დატვირთული საშინელება ერთიანად ამძიმებს ისედაც მძიმე სიუჟეტს და ყოველ ნაბიჯზე სურვილს გიჩენს, შორს მოისროლო ეს დაწყევლილი წიგნი და მის შესახებ აღარასდროს არაფერი გაიგო. ეს გრძნობა უცხო არ არის, თავად პერსონაჟებსაც ასეთი გრძნობა აქვთ თავიანთი ცხოვრების მიმართ, თუმცა არსებობენ გამონაკლისებიც. ასეთ გამონაკლისს მიეკუთვნება ოთხმოც წელს გადაცილებული ჯუდი, რომელიც ართრიტით გაწამებულ მეუღლესთან ერთად ცხოვრობს ახლადდასახლებულ ოჯახის მეზობლად და ყველანაირად ცდილობს მათ უცხო ქალაქის სიუცხოვე არ აგრძნობინოს და დეტალურად გააცნოს ყოველი კუთხე-კუნჭული - ადგილობრივი ქიმიური ქარხნის კუთვნილი მაღალსიჩქარიანი ტრაილერებით გადატვირთული გამყოფი გზიდან დაწყებული ინდიელების კუთვნილ მიწაზე გათხრილი ცხოველების საფლავებით დამთავრებული.
ჯუდს უადვილდება მწარე რეალობისთვის თვალის გასწორება. მისი სიტყვები კი კარგად წარმოაჩენს ამ რეალობის აღქმის საკითხში ეპოქათშორის სხვაობას . - "ჩვენს დროში სიკვდილთან უფრო ახლო დამოკიდებულება გვქონდა... არა, მაშინ სიკვდილს სკოლაში არ ასწავლიდნენ. ის უბრალოდ მოდიოდა შენთან სახლში და სავახშმოდ ჯდებოდა."
რაც არ უნდა ბევრი ვილაპარაკოთ, ცხოველების სასაფლაო მაინც ბოლომდე ამოუცნობ და მისტიურ წიგნად რჩება. საამისოდ ისიც კი კმარა, რომ თავად კინგმა ვერა და ვერ შეიყვარა თავისი ქმნილება, რომელიც ავტობიოგრაფიული ელემენტებით იმდენად დახუნძლა რომ ჰორორით შეზავების დროს, ის, პირველი ინგრედიენტი რომ უკვე დამატებული ჰქონდა, დაავიწყდა და მასშიც რაღაც შიშები აღძრა. თუმცა, ეს მხოლოდ ვარაუდია და ვინ იცის, შეიძლება წიგნი მართლაც არაფრად ვარგა, თუმცა ამის მიუხედავად მაინც ძნელია ყურადღება არ მიაქციო იმ დეტალებს, რომლებიც აქა-იქ თავს იჩენს და ცოტა ხნით გავიწყებს საფლავის მიწის სურნელებით ამყრალებულ კატას.
საერთოდ, კინგი სოციალური მოდგმის მწერალია და ეს მის წიგნებშიც კარგად ჩანს. მისი საუკეთესო ნამუშევრებიც ხომ პატარა, ამერიკულ ქალაქებში აღწერილი მოვლენებია. ამ მხრივ ცხოველების სასაფლაოში საინტერესოდ აქვს გამოყოფილი ინდიელების თემა. ზოგადად, ცნობილია რომ ამერიკელებს საკუთრების და უძრავი ქონების მიმართ განსაკუთრებული დამოკიდებულება აქვს, მიწის ნაკვეთი, რომელიც მათ ეკუთვნის, ხშირად ბაბუის ბაბუის ბაბუის მიერ არის მოზომილი, პირველი პილიგრიმობის დროს და არ უნდა გაგიკვირდეთ, თუ ამის დამადასტურებელ ეტრატსაც გიჩვენებენ, სადღაც წინა საუკუნეებში რომელიღაც ევროპელი მეფის ხელმოწერით. თუმცა, კინგი ხაზს უსვამს, რომ მიუხედავად ამერიკელების მიერ კონტინენტის დაპატორნებისა, მიწის მიმართ მათი პირვანდელი პატრონების კვალი არ გამქრალა და ისინი მუდმივ კავშირში არიან ახლაც. არ არსებობს გაწყვეტილი კავშირი მეპატრონეს და წართმეულ მიწას შორის. ისევე როგორც შეუძლებელია კავშირის გაქრობა სიკვდილსა და სიცოცხლეს შორის.
წიგნი არ უყვარს, მაგრამ უყვარს რამონესი. რამონესი აფორმებს მთელ ამ შემძრწუნველ ამბავს. მისი როკ'ნ'როლი ახმიანებს მიცვალებულთა ძვლებს, მისი რიტმული ჰანგები ჩაესმით ჭირისუფლებს და უდროო დროს გაუაზრებლად ჰყვებიან მისამღერს. რამონესის მუსიკის ხმა ის გამონათებაა, რაც სიკვდილზე გაბრაზებულ და უიმედო ადამიანებს სიცოცხლისკენ აბრუნებენ და სისულელის ჩადენაზე ხელის აღებას აფიქრებინებენ, თუმცა ადამიანები რის ადამიანები არიან, სწორ დროს რომ სწორად დაფიქრდნენ.
...ხოდა დგანან ასე, ცოცხალ-მკვდრები, მომავლის და ნათელის იმედის გარეშე.
ავტორი: ირაკლი სულაძე
...ხოდა დგანან ასე, ცოცხალ-მკვდრები, მომავლის და ნათელის იმედის გარეშე.
ავტორი: ირაკლი სულაძე