26 August, 2016

აღორძინება - სტივენ კინგი დიდ ავიაციას დაუბრუნდა


სახელწოდება: აღორძინება
ავტორი: სტივენ კინგი
ქვეყანა: აშშ 
ენა: ინგლისური 
პირველი გამოცემის წელი: 2014 
შეფასება Goodreads-ზე: 3.75/5


"სახლი არის იქ, სადაც მათ სურთ რომ შენ დიდ ხანს დარჩე ."


   როდესაც სტივენ კინგი 2013 წელს "გუმბათის ქვეშ"-ს არეკლამირებდა, ერთ-ერთ პრესკონფერენციაზე მკითხველს ახარა, რომ მალე მისი ახალი რომანი "აღორძინება" გამოვიდოდა, რომელიც მოგვითხრობდა ახალგაზრდა ბიჭის და მისი ბავშვობის დროინდელი პადრეს ამბავს. აღორძინების მცირედი ნაწილი "ექიმი ძილის" ერთ-ერთ გამოცემასაც დაერთო თან. ავტორის თქმით წიგნს საფუძვლად ედო მერი შელის "ფრანკენშტეინი" და არტურ მეიჩენის "დიდებული ღვთაება პანი". 2014-ში აღორძინებაც გამოვიდა და მიუხედავად ტრადიციული მოლოდინისა, წიგნმა დიდი მასების მოლოდინი ვერ გაამართლა. მკაცრი კრიტიკოსები კვლავ იმ აზრზე დარჩნენ, რომ მერსედესის ტრილოგიით შექმნილი ფონი კინგის ირგვლივ გრძელდებოდა და კიდევ ერთხელ ამტკიცებდა იმ მოსაზრებას, რომ მწერალი, რომელიც სიბერეში დეტექტივების წერას იწყებს, ნელ-ნელა უკან-უკან ეშვება. პრინციპში, არც მისტერ მერსედესამდე ჰქონდათ კრიტიკოსებს განსხვავებული აზრი და 11/22/63-ც კი ვერ დააყენეს ახალგაზრდობის დროინდელი საუკეთესო რომანების გვერდით, მაგრამ ამჯერად ყველას აღორძინება აინტერესებდა. იყო კინგის მრევლის დიდი ნაწილი, რომელიც ისევე როგორც მის ყველა წიგნს, ამ ახალ რომანსაც უმაღლეს შეფასებებს უწერდა. საბოლოოდ კი მივიღეთ ის, რომ აღორძინებამ მხოლოდღა "ჯოილენდს აშკარად სჯობს..." შეფასება დაიმსახურა.

  არადა, სიუჟეტს ბანალური არ ეთქმის. ატმოსფერო - ნაცნობი და საუკეთესოა. ის მოიცავს ყველა იმ ესთეტიკურ-შინაარსობრივ დეტალს, რომელიც ყველაზე მეტად უხდება სტივენ კინგის წიგნებს. რომელიც, თავის დროზე "სალემის ხვედრის" და "შინაური ცხოველების სასაფლაოს" მთავარი დასაყრდენი გახდა. ზოგადად, აღორძინება აერთიანებს ავტორისთვის საყვარელ თემებს: პატარა ქალაქი, ბავშვი - შემდგომში ბავშვობის მოგონებებით დამძიმებული ახალგაზრდა, კათოლიციზმი, სიკეთისა და ბოროტების ბრძოლა, ცხოვრებისეული შემთხვევითობით გამოწვეული უბედურებით გაბოროტებული კეთილი ადამიანები და ა.შ.

   შინაარსობრივი დეტალების გამხელის გარეშე, მოკლედ რომ ვთქვათ, ეს არის ისტორია ერთ-ერთ პატარა ამერიკულ ქალაქში მცხოვრებ ოჯახზე და ამ ქალაქის ახალგაზრდა პადრეზე, რომელიც ამ ოჯახის ყველაზე პატარა წევრს დაუმეგობრდება. ქალაქში დატრიალებული უბედურება პადრეს აიძულებს უარი თქვას თავის საქმეზე და სხვაგან გადასახლდეს. ბედის უკუღმართობით ბიჭი და ღვთისმსახური წლების შემდეგ სულ სხვა ვითარებაში შეხვდებიან. მაშინ, როცა არც ერთია პადრე და აღარც მეორე პატარა ბავშვი. ყველაფერი სრულდება დაპირისპირებით, უნდობლობით და აწ უკვე გიჟ-მეცნიერად ქცეული პადრეს ტესლასეული ელექტრული ექსპერიმენტებით, რომლითაც ის ბიბლიის საწინააღმდეგო სენტენციების დამტკიცებას ცდილობს.

  აღორძინების მთავარი ხაზი დაპირისპირებაშია. (Good evening, 'The Stand') დაპირისპირებაში ახალგაზრდულ სულსა და გადაღლილ მოზრდილებს შორის. დაპირისპირებაში რწმენასა და ნიჰილიზმს, ნარკოტიკებით გაჟღენთილ ორგანიზმსა და მომაკვდავის წრფელ სურვილებს შორის. ბევრის აზრით წიგნის საუკეთესო ეპიზოდი ის რამდენიმე გვერდია, სადაც ჯეიკობი (პადრე) თავის უკანასკნელ მსახურებას ატარებს და საკმაოდ ვრცელ მონოლოგში თითქმის დამარწმუნებლად ასაბუთებს ყველა იმ იდეის სიმცდარეს, რომელსაც მთელი ცხოვრების განმავლობაში თავად ქადაგებდა.


      რა თქმა უნდა, აღორძინებას ვერ მოაქვს ის მუხტი, რომელიც უნდა მოჰქონდეს (სხვათა შორის, ელექტრული მუხტის 'მოტანას' წიგნის მთავარი გმირიც უშედეგოდ ცდილობს თავისი მიზნის მისაღწევად) და არც ისეთი დამაინტრიგებელია, როგორც კინგის ერთ-ერთი ბოლო ნამუშევარი, აწ უკვე სერიალად ქცეული - 11/22/63, თუმცა ეს მაინც სერიოზული ნაბიჯია უკან. უკან - დიდი ავიაციისკენ.

რატომ?

იმიტომ, რომ აქ მთელ წიგნს კინგისთვის დამახასიათებელი, ძალიან კარგი მუსიკა სდევს თან,
იმიტომ, რომ ეს არის მისი ერთი ძალიან საყვარელი თემის - პატარა ქალაქის და ამ პატარა ქალაქში დატრიალებული საშინელების, ამ ქალაქში 'გაზრდილი და ბავშვობისტრავმადაღდასმული მოზარდების' ერთ-ერთი საუკეთესო ისტორია,
იმიტომ, რომ ეს არის ამბავი რწმენადაკარგულ, ერთ დროს ბიბლიამომარჯვებულ პადრეზე,
იმიტომ, რომ ეს არის ამბავი განდგომილობაზე, დაკარგულ იმედებსა და სიკვდილზე,
იმიტომ, რომ ამ სიკვდილს კინგი ლავკრაფტისეული საშინელებით აღწერს,
იმიტომ, რომ ის არ უშინდება ფაქიზ წერტილებთან შეხებას და არ ტოვებს არც ერთ თემას, რომელსაც დიდ შავ კითხვისნიშანს არ უსვამს თავზე...

                                                                        
   მიუხედავად რამდენიმე ისეთი მომენტისა, რომელიც გვიანდელი პერიოდის კინგს ნამდვილად არ ახასიათებს დადებითად, რომელიც სიტუაციურად ფანტაზიადაშრეტილი შემოქმედის ნაშრომს მოგაგონებთ და რომელიც სამწუხაროდ ყველაზე კარგად "ექიმ ძილში" ჩანს, აღორძინების მთავარი ღირსება მაინც იმ ჰარმონიაშია, რომელსაც მისი ტრაგიკული პერსონაჟები ქმნიან. ძნელია გულგრილად წაიკითხო ამბავი ხალხზე, რომლებიც აბსოლუტურად შემთხვევით კარგავენ ყველას და ყველაფერს

     და კიდევ უფრო ძნელია განსაჯო ეს ხალხი მათი შემდგომში ჩადენილი 'სისულელეების' გამო. ამას თავად ავტორიც ხვდება და მიუხედავად იმისა, რომ ბევრ რომანში კინგი ხმალამოღებულ მეთოდისტია, ხშირად ის უფრო მეტად მიწაზე მყარად მდგომი რეალისტია, რომელიც ასეთ ხალხს მეტ პატივს სცემს, ვიდრე მათ, ვინც ტრაგიკული ამბის შემდეგ ან არ იცვლებიან, ან მხოლოდ დემორალიზებას მიეცემიან. გახსოვთ 'ცხოველების სასაფლაო' და მისი დასასრული? აღორძინებაც იმავე ხაზს მიჰყვება და შინაარსის მსვლელობასთან ერთად აშკარად იგრძნობა, რომ სტივენ კინგიც აქვე, თქვენ გვერდით ზის და თქვენს მოღუშულ სახეს და შეკრულ კოპებს თანაგრძნობით უყურებს, რადგან იცით, რომ ისიც იმავე აზრზეა და ისიც იზიარებს თავისი პერსონაჟების ტრაგიზმს.


   ზოგადად, სტივენ კინგის 'საშინელების' მთავარი პლუსი მისი რეალისტური მხარეებია. არასდროს ყოფილა მიმზიდველი სალემის ვამპირები, შუამიწეთის კიბორგები, მკვლელი მობილურები, მაგრამ ყველა დაუოკებელი მაგნიტიზმით ილტვოდა იმ შიშების მიმართ, რომლებიც - რეალურია. ყველას აძრწუნებდა კუნძულზე მარტო დარჩენილი კაცი, რომელიც საკუთარი თითების ჭამას იწყებს და ის გოგოც, რომელიც თანატოლებისგან დაჩაგრული, მზად არის სისხლიან მკვლელობაზე წავიდეს.

        ასეთივეა აღორძინებაც. ის გვახედებს იმ სარკეში, რომელსაც ყველა თვალს არიდებს და რომელში ჩახედვაც გარდაუვალია. კინგი უსვამს შეკითხვას ღრმა მორწმუნეებს - და იქნებ თქვენ ცდებით, მეგობრებო? იქნებ დედამიწაზე მოღვაწე ყველაზე კეთილშობილი კაციც კი სიკვდილის შემდგომ სამუდამო წამებისთვისაა განწირული?

      თუმცა, ნებისმიერი რომანი მაკულატურად ჩაითვლებოდა, მას რომ ლაბირინთიდან გასვლის მეორე ალტერნატიული გზა არ ჰქონოდა. არც კინგია უმეცარი და მიუხედავად კარგად ღრმა მოხუცებულობისა, თავის ბოლო ვრცელ ნოველაში ის მაინც საკმაო რაოდენობის ხელმოსაჭიდებს ტოვებს იმ რწმენით სავსე მკითხველებისთვის, რომლებიც წიგნში გაშიშვლებულ სიკვდილს არასერიოზულად უყურებენ და მას მხოლოდ პარალელურად, ბუნებრივისგან ოდნავ განსხვავებულ მდგომარეობად აღიქვამს. მდგომარეობად, რომელიც არის არა დაცემა და დეგრადირება, არამედ რაღაც ახალი, განსხვავებული... რაღაც აღორძინების მაგვარი.




ავტორი: ირაკლი სულაძე