20 აპრილიდან "კოსმოსური ოდისეა 2001"-ის ახალი ქართული გამოცემა იხილავს მზის სინათლეს და ჩვენ კიდევ ერთხელ ჩავხედავთ სერ არტურ კლარკის მიერ აღწერილ თვალუწვდენელ სამყაროს სიღრმეებს. მიუხედავად იმისა, რომ სტენლი კუბრიკის ფილმი წიგნზე არანაკლებ პოპულარულია, თავად კლარკიც თავის დროზე სინანულს გამოთქვამდა ფილმში ამოჭრილი კადრების გამო. ეს ის იშვიათ შემთხვევათაგანია, როდესაც წიგნი და ამ წიგნის მიხედვით გადაღებული ფილმი თითქმის ერთდროულად იხილა ფართო მასებმა. ამ ყველაფერს დაემატა ისიც, რომ კინო-პროდუქტი პრაქტიკულად კლარკი-კუბრიკის სრული კოლაბორაციის შედეგი იყო.
"სტენლი კუბრიკმა ჭკვიანური გზით აუარა გვერდი ფილმში ადამიანსა და მონოლითს შორის მესამე საკონფრონტაციო ველად იუპიტერის თანამგზავრების გამოყენებას. სატურნი სცენარიდან საერთოდ ამოიღეს, ამ ყოველივეში დიდი როლი ითამაშა დუგლას თრამბელმა, რომელმაც შემდგომში აქ მიღებული ცოდნა რკალშემოვლებული პლანეტის შესახებ თავისი პირმშოს –„ჩუმი სირბილი“–ს შესაქმნელად გამოიყენა."
ოდისეა არამხოლოდ დიდი სამეცნიერო-ფანტასტიკური ნაწარმოებია, ის გახდა ერთგვარი გზამკვლელი წინა საუკუნის კოსმონავტებისთვის. სერ არტური ზოგჯერ მათ გვერდიგვერდ ამოწმებდა მგზავრობის მარშრუტებსა და კოსმოსიდან მიღებულ მონაცემებს. თავის მხრივ, კოსმონავტებსაც არაერთხელ დაუფლებიათ მოულოდნელი შემთხვევითობით გამოწვეული შიშის გრძნობა. ყოფილა შემთხვევები, როცა კოსმოსურ ობიექტებსა თუ ღია სივრცეში წიგნში აღწერილი სცენების მსგავსს ამჩნევდნენ და ეს ყოველივე კიდევ უფრო საინტერესოს ხდიდა მათ მოგზაურობას. მოგზაურობას, რომელიც თავის მხრივ - სამყაროსთვის ერთი მორიგი ნაბიჯი იყო დიდი მიზნის მისაღწევად. ეს მიზანი კი - ადამიანთა კოსმოსში გასვლის საბოლოო დანიშნულების ადგილი, მთელ წიგნს ფონად გასდევს. გამოუსწორებელი ოპტიმისტი გახლდათ სერ არტური. იცოდა, რომ შეიძლება მონოლითი მისი მატერიალური არსით არსად არსებულიყო, მაგრამ ის მიზანი, რასაც "მხატვრული მონოლითი" ემსახურებოდა, მუდამ რეალური იქნებოდა. არ იცოდა, როდის მოხდებოდა გარდამტეხი "შეხვედრა", მაგრამ იმაში დარწმუნებული იყო, რომ ეს შეხვედრა გარდაუვალი იყო.
ოდისეის გამოცემის შემდეგ მის ირგვლივ გარდა ყველასთვის კარგად ცნობილი ლიტერატურულ-სამეცნიერო რეზონანსისა, აგრეთვე შეიკრა იდუმალი წრე, რომელშიც ერთმანეთს დაუკავშირდა რამდენიმე დიდი მოვლენა, მათ შორის აპოლო 13-ის ეკიპაჟის კატასტროფა და ბოუმანსა და ფლოიდს დამსგავსებული რეალური კოსმონავტები, რომლებიც ხშირად პირდაპირ კლარკს უგზავნიდნენ სიგნალს - "მართალი იყავით, ყველაფერი ისე მოხდა, როგორც თქვენ წერდით"-ო. კლარკიც იაზრებდა ამ ფსევდო-პასუხისმგებლობას და სიცოცხლის ბოლომდე აწუხებდა იგი.
მათთვის კი, ვისაც "კოსმოსური ოდისეა 2001"-ის პირველად წაკითხვის სიამოვნება ჯერაც წინ აქვთ და არც კუბრიკის კინო-შედევრი უნახავთ, ექმნებათ შესანიშნავი შესაძლებლობა, ქართულ ენაზე გაეცნონ მე-20 საუკუნის საუკეთესო კოსმოსურ-ვოიაჟურ რომანს. სათქმელია ისიც, რომ პირველად წაკითხვისას საწყისი რამდენიმე თავი დაბნეულობის შეგრძნებას იწვევს, გაურკვეველია - რა კავშირი აქვს პრიმატებსა და მკვდარ ლეოპორდს კოსმოსურ მოგზაურობებთან, თუმცა ნელ-ნელა ყველაფერი თავის ადგილზე დგება და მკითხველის წინ იშლება თვალსაწიერის გამაფართოებელი არაერთი სეგმენტი. აქ შეხვდებით სამყაროს სპირალურობის იდეას, პოლიტიკურ-სოციალურ მოწოდებებს, საკუთარ თავთან მარტო დარჩენილი ადამიანების ფსიქოლოგიურ დაცემასა და აღმავლობას. წიგნს თან ერთვის ავტორის საკმაოდ მოცულობითი წინა და ბოლოსიტყვაობა, მისი შეხედულებები იმდროიონდელი კოსმონავტიკის, წიგნის ფილმად ადაპტაციისა და იმ შეხვედრის შესახებ, რომელიც ოდესმე აუცილებლად მოხდება.
"ახლა,როცა სადღაც შუა პერიოდი დგას, 2001 წელსა და იმ მომენტს შორის, როცა მე და სტენლი კუბრიკმა პირველად დავიწყეთ ერთად მუშაობა, შემიძლია ვთქვა,რომ როგორც წესი,სამეცნიერო ფანტასტიკური ჟანრის მწერლები ძალიან იშვიათად წინასწარმეტყველებენ მომავალს, სამაგიეროდ როგორც ერთხელ რეი ბრედბერიმ აღნიშნა, ისინი უფრო ხშირად ამ მომავლის თავიდან აცილებას ახერხებენ."
თუმცა, ოდისეაში აღწერილი ნაწინასწარმეტყველები აშკარად კლარკის სასურველი მომავალი უფროა, ვიდრე თავიდან ასაცილებელი.
ავტორი: ირაკლი სულაძე