15 June, 2015

„გობლინთა ნაკრძალი“: წიგნი საოცარ სამყაროზე



ალბათ, ძალიან ცოტაა ისეთი წიგნი, რომელშიც სამეცნიერო ფანტასტიკისა და ფენტეზის სამყარო თანაბრადაა წარმოდგენილი. კლიფორდ დ. საიმაკის „გობლინთა ნაკრძალი“ ერთ-ერთი მათგანია. ერთი მხრივ, შორეული მომავალი, განვითარებული ტექნოლოგიები, დროში მოგზაურობა, გალაქტიკათშორისი ექსპედიციები და მეორე მხრივ, მითოლოგიური და ფოლკლორული არსებები, ქმნიან სინთეზს, რომელიც აცოხლებს მომავალსა და წარსულს, გვიხატავს მუდმივი განვითარების ძიებაში მყოფი კაცობრიობის ფუტურისტულ მოლოდინებს და არ ივიწყებს იმ ფესვებს, რომელიც საუკუნეების მანძილზე საფუძვლად დაედო მრავალ თქმულებას, ლეგენდას, ზღაპარსა და თუ ფენტეზის ჟანრის უმნიშვნელოვანეს ნაწარმოებებს. საიმაკი, რომლისთვისაც უცხო არ არის ნებულას, ჰიუგოსა და ბრემ სტოკერის ჯილდოები, გვევლინება ისეთი სამყაროს არქტიტექტორად, რომელიც თავისი მრავალფეროვნებითა და მასშტაბურობით არ ჩამოუვარდება მისი კოლეგების ეპიკურ საგებს.

ნაწარმოები თანაბარი ზომით გვთავაზობს დეტექტივს და თავგადასავალს. მთავარი ინტრიგა იხლართება შემდეგი დეტალების ირგვლივ: მთავარი გმირი, პროფესორი მაქსველი, კოსმოსური მოგზაურობიდან დაბუნებისას გაიგებს, რომ მის ჩამოსვლამდე დედამიწაზე ჩამოვიდა მისი ორეული, რომელიც მოკლეს; არსებობს ამოუცნობი ნივთი, ე. წ. არტეფაქტი - მასიური შავი კუბი, რომლის გაშიფვრა ვერავინ შეძლო და რომლის გარშემო ინტრიგები იხლართება.

„გობლინთა ნაკრძალის“ კითხვისას თავიდანვე ყურადღებას იქცევს პერსონაჟების პალიტრა: პროფესორი მაქსველი, რომელიც შორეული კოსმოსური ოდიესადან ბრუნდება; განვითარებული ნეანდერტალელი; ბიომექანიკური ხმალკბილა; ბორბლებზე მოძრავი ამაზრზენი უცხოპლანეტელები (ვილერები); უცხოპლანეტელი ხამანწკა, რომელიც დედამიწაზე მხოლოდ იმიტომ ჩამოვიდა, რომ დროის არსს ჩაწვდეს, რადგან მის პლანეტაზე დროის გაგება არ არსებობს; მხატვარი, რომელიც ტვინში იმპლანტირებული დროის არამდგრადი მანქანით იურიული პერიოდის დედამიწაზე დასეირნობს და მიღებული შთაბეჭდილებები ტილოზე გადააქვს; მოჩვენება, ტროლები, გობლინები, ბანშები, ფერიები, დრაკონი და თავად შექსპირიც. დიახ, შექსპირი.

დედამიწა გადაქცეულია საპლანეტათშორისო საუნივერსიტეტო პლანეტად, სადაც თავს იყრიან სწავლას მოწყურებული უცხოპლანტელები. ყველა ჩვენგანი დაუფიქრებლად ისწავლიდა „დროის უნივერსიტეტში“. ეს არის სასწავლო დაწესებულება ისეთ ფაკულტეტებით, როგორიცაა მაგიის, ზებუნებრივის, დროში მოგზაურობის, კოსმოსური ექსპედიციების ფაკულტეტები. ამ დაწესებულებამ შეძლო შეექმნა მუზეუმი, სადაც ყველა ანტიკვარი და ისტორიული ნივთი ახალია, რადგან პირდაპირ მათი პერიოდიდან გადმოაქვთ. ამ უნივერსიტეტმა შეძლო დაემტკიცებინა, რომ გობლინები, ტროლები, ბანშები, დინოზავრები და ა.შ. არ იყო მხოლოდ ცრუმორწმუნეთა მიერ შეთხზული არსებები.

ცხენზე ამხედრებული ბატონი ო'ტული,
გობლინები და მათი ციხე-სიმაგრე
ისინი ცხოვრობენ სპეციალურ რეზერვაციებში, გობლინთა ნაკრძალიც ერთ-ერთი მათგანია. მათ უწოდებენ „პატარა რასებს.“ ადამიანები არ უყვართ, თუმცა პროფესორი მაქვსველი მათი მეგობარია. გობლინთა ნაკრძალში ცხოვრობენ ტროლებიც და ფერიებიც. გობლინები და ტროლები დაუძინებელი მტრები არიან. ნაკრძალის თავში დგას გობლინების სასახლე, სადაც მათი მეთაური, ბატონი ო'ტული ხარშავს ოქტომბრის ლუდს, რომლის დალევის ისეთივე სურვილი გაგიჩნდებათ, როგორც - დაგლას სპოლდინგის ბაბუაწვერას ღვინის შემთხვევაში. შეგიყვარდებათ პატარა, ბოროტი, ბუზღუნა, მაგრამ საყვარელი ტროლები. იშვიათად ჩანან ფერიები, რომლებიც გობლინებისა და ტროლების ომში ნეიტრალიტეტს იცავენ. თუმცა, ყველა მათგანი პატარა რასის წარმომადგენლები არიან, ერთმანეთის გარეშე ვერ გაძლებენ. ამას ხვდებიან და ამ სულისკვეთებით ცხოვრობენ. გობლინთა ნაკრძალში ცხოვრობს ბანშიც, იურული პერიოდის უსახო და უსხეულო არსება, მრავლის მნახველი შავი ღრუბელი, რომელიც სიცოცხლის ბოლო დღეებს ითვლის.

გობლინთა ნაკრძალში არ ცხოვრობს დრაკონი. მაქსველის ამოცანაც სწორედ ისაა, რომ იპოვნოს ცოცხალი დრაკონი, თუ კი ისინი რეალურად არსებებობდნენ. სწორედ ამ მიზნით კოსმოსში გამგზავრებისას ის გააორეს, მოხდა მისი კლონირება და პროფესორი აღმოჩნდება ყველაზე იდუმალ ადგილზე, რომელსაც ის კრისტალურ პლანეტას უწოდებს: „უკიდეგანო კრისტალური ვაკე, რომელსაც არ ჰქონდა დასასრული, და კრისტალური ცა - კრისტალური სვეტებით... მათი მწვერვალები რძისფერ ცაში ჩაკარგულიყო.“ კრისტალური პლანეტის აჩრდილისებური მაცხოვრებლები პროფესორს შეატყობინებენ, რომ მათი პლანეტა ინახავს ცოდნას. მათ არ სურთ, რომ ეს ცოდნა ტყუილად დაიკარგოს. პლანეტა არის ასტრონომიული მოცულობის ბიბლიოთეკა:

კრისტალური პლანეტა მოდის იმ სამყაროდან, იმ ძველი სამყაროს ნაწილია, რომელიც ჩვენი სამყაროს გაჩენამდე არსებობდა... მათ იცოდნენ, რომ დადგებოდა დრო, როცა ენერგია სრულად გაქრებოდა, მთელი ეს მკვდარი მასა ნელ-ნელა შეკუმშვას დაიწყებდა და მის ადგილას ახალი კოსმოსური კვერცხი წარმოიქმნებოდა, რომ ეს კვერცხი ისევ აფეთქდებოდა და კვლავ ახალი სამყარო გამოიჩეკებოდა. მათ იცოდნენ, რომ მათი სამყარო აღსასრულს უახლოვდებოდა და ვეღარაფერს შეცვლიდნენ. ეს მათი აღსასრულიც იქნებოდა და ამიტომ ახალი პროექტი წამოიწყეს. პლანეტარული პროექტი. მათ შეისრუტეს ენერგია, ენერგიის უზარმაზარი მარაგები შექმნეს და შეინახეს... მათ ნახეს ძველი სამყაროს სიკვდილი, იმისი, რომელიც ამის წინ იყო. ისინი მარტო დარჩნენ კოსმოსში, სამყაროში... შესაძლებელია, მათ ახალი კვერცხის შექმნაც იხილეს... და თუ მართლა ნახეს, მის აფეთქებასაც იხილავდნენ, რაც იმ სამყაროს დაბადების მაუწყებელი იქნებოდა, რომელშიც ახლა ჩვენ ვცხოვრობთ, დამაბრმავებელი ნათება, როცა ენერგია ისევ მოაწყდა სამყაროს. მათ იხილეს პირველი ვარსკვლავების გაჩენა, მათ ნახეს გალაქტიკების ფორმირება... მათმა რასამ, მიუხედავად იმისა, რომ ორი სამყაროს სიბრძნეს ინახავს, სიცოცხლის ხალისი და უნარი დაკარგა.
- ორმოცდაათი მილიარდი წელი, - თქვა უფსმა, - ცოდნის დაგროვების ორმოცდაათი მილიარდი წელი.“

ვილერები - ორ ბორბალზე ჩამოკიდებული, საზიზღარი სუნის მქონე მატლებისა და ჭიების სკა, კოლექტიური აზროვნების უნარით - სწორედ ისინი იყვნენ კრისტალური პლანეტის მუშები პლანეტარული პროექტის განხორციელებისას, რომლებმაც თავიანთი იმპერიის შექმნა მოახერხეს გადაკარგული გალაქტიკების კუთხეებში. ყველას ეზიზღება ვილერები, მიუხედავად იმისა, რომ მათზე თითქმის არაფერია ცნობილი. მოჩვენება - ერთ-ერთი საინტერესო პერსონაჟი, იმით იტანჯება, რომ არ ახსოვს, თუ ვისი მოჩვენებაა. მას ტელეპორტაციის განსაკუთრებული უნარი აქვს, თუმცა მის შესაძლებლობებს არ იკვლევენ, რადგან მისი ტექნოლოგიის ტრანსპორტის სფეროში დანერგვა სატრანსპორტო კომპანიებს უმუშევრად დატოვებს (შორეულ მომავალშიც კი პრიორიტეტულია ბიზნესინტერესები). შექსპირი - ყველა დროის ეს უდიდესი მწერალი მხოლოდ იმიტომ ჩამოიყვანეს წარსულიდან, რომ წაიკითხოს ლექცია იმაზე, თუ როგორ მოხდა, რომ მას არ დაუწერია ის ნაწარმოებები, რომლებიც დღესაც შექსპირის გვგონია.

თუ გინდათ, რომ იმოგზაუროთ გალაქტიკების იდუმალ კუთხეებში, შეხვდეთ უცნაურ უცხოპლანეტელებს, ლუდის მხარშავ გობლინებს, მაგიის უნარის მქონე ტროლებს, მომაკვდავ ბანშებს, ამაზრზენ ვილერებს, მუსიკოს ფერიებს, გაიგოთ არტეფაქტის საიდუმლო და ის, თუ რა კავშირია მას, დრაკონსა და კრისტალურ პლანეტას შორის, მაშინ უნდა ეწვიოთ „გობლინთა ნაკრძალის“ საოცარ სამყაროს, სადაც „ერთმანეთის პირისპირ, ფერიების ორკესტრის მუსიკაზე, მოჩვენება და უილიამ შექსპირი ცეკვავდნენ.“

P.S. როდესაც კიმ სტენლი რობინსონს შეეკითხნენ, თუ რამ გამოიწვია მისი სამეცნიერო ფანტასტიკით დაინტერესება და რამ შეცვალა მისი ცხოვრება, მან პირდაპირ უპასუხა, რომ ახალგაზრდობისას ბიბლიოთეკაში შევიდა და შემთხვევით „გობლინთა ნაკრძალი“ წაიკითხა.


ავტორი: გიორგი ნაკაშიძე