18 June, 2015

The Escapists - ექვს ნომერში ჩატეული დიდი ისტორია


წელი: 2006
ავტორები: ბრაიან ვოიგენი, მაიკლ შეიბონი

ჟანრი: კრიმინალური, მოქმედებითი, სათავგადასავალო
გამომცემლობა: Dark Horse
ნომრების რაოდენობა: 6


ერთხელ, მკითხველებთან შეხვედრისას, ერთ-ერთმა დამსწრე ახალგაზრდამ ურსულა ლე გუინს ჰკითხა, დამწყები მწერალი ვარ, მაგრამ ვერავის მივაწვინე ჩემი ხმა და ხომ ვერ მირჩევთ, აგენტი როგორ მოვხიბლოო. მაშინ ლე გუინმა ახალგაზრდას ზუსტი პასუხი ვერ გასცა, რადგან პრინციპში ზუსტი პასუხის გაცემა შეუძლებელიც იყო. მარკეტინგი და "პი არი", სხვა ბოროტ ტერმინებთან ერთად, ის ორი ცუდი ბიძიაა, ხელოვანთა დიდ ნაწილს რომ დღემდე ხელს უშლის. თითქოს პირიქით, უნდა ეხმარებოდეს, თუმცა მათი არასწორად, ან სულაც არ გამოყენებას ბევრი ავტორი არარეალიზებისკენ მიჰყავს.

ჩვენ ყოველდღიურად ვკითხულობთ კომიქსებს, ვეცნობით მათ ავტორებს, გონებამახვილურ დიალოგებს, თვალწარმტაც მხატვრობას და უბრალოდ, ძალიან საინტერესო სიუჟეტებს, თუმცა ხშირად ყურადღების მიღმა რჩება ის ხალხი, ვისაც პროდუქტი ჩვენამდე მოაქვს და უმეტესობამ არც კი ვიცით, როგორ ხდება ერთი შეხედვით სულელური და ბავშვური გმირების მსოფლიო დონის ვარსკვლავებად ქცევა. 

Escapist  - არის ისტორია ახალგაზრდა ებრაელი ბიჭის შესახებ. მას ძალიან უყვარს კომიქსები და ძალიან უყვარს თავისი ოჯახი, რომელსაც სამწუხაროდ მალევე კარგავს და მისგან მხოლოდ ორი რამ რჩება: მამისგან - კომიქსებისა და მასთან დაკავშირებული ატრიბუტიკის უზარმაზარი კოლექცია, დედისგან კი - გარდაცვალების სანაცვლო სადაზღვეო თანხა. ყმაწვილი მთლიანად მამის საყვარელ პერსონაჟ Escapist-ში ეფლობა და ცხოვრებას ერთადერთი მიზნით აგრძელებს: მკვდრეთით აღადგინოს ხალხში მივიწყებული სუპერ-გმირი და ამით მამის ხსოვნას პატივი სცეს. ის მშობლების დანატოვარი თანხით ადვილად შეძლებს ობმოდებულ გმირზე საავტორო უფლების მოპოვებას და თავის ორ მეგობართან ერთად იწყებს იმ დიდ საქმეს, რასაც კომიქსის შექმნა ჰქვია.

თხრობა ორ პარალელურ სივრცეში მიმდინარეობს. ერთი - რეალური, მთავარი გმირების ყოველდღიური დაუღალავი შრომა და გამუდმებით იმის ცდა, რომ როგორმე შეაღწიონ ამ უზარმაზარ ბაზარზე და თავიანთი სიტყვა თქვან, მეორე მხრივ კი ის Escapist, რომელსაც ისინი ქმნიან. ამ უკანასკნელის მხატვრობა ბევრად აღემატება რეალურ მოქმედებებს, რაც პრინციპში ავტორების სათქმელს კიდევ უფრო კარგად უსვამს ხაზს. კომიქსის გმირები ჩვეულებრივი გამოუცდელი ახალგაზრდები არიან, რომლებიც დატვირთული არიან იდეებით, რომელთა განხორციელებისთვისაც საკმარისი არც სახსრები აქვთ და არც გავლენა.

მიუხედავად იმისა, რომ კომიქსი ექვს ნომერშია ჩატეული, მასში ყველაფერია: ტრაგედია, კომედია, იმედგაცრუება, სიყვარული, აღელვება, საზოგადოებრივი ჩაგვრა და რეკეტიც კი. მოკლედ რომ ვთქვათ, Escapist ზედგამოჭრილია მათთვის, ვინც საზოგადოებაში თავისი ადგილით არც თუ მთლად კმაყოფილია. ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო სცენა ვითარდება დიდ კორპორაციაში, რომელშიც კომიქსის ერთ-ერთი მთავარი გმირი ბლოკნოტში სუპერგმირის ჩანახატებს აკეთებს, ამასობაში მისი კოლეგა ხუმრობით აღნიშნავს, რომ უმჯობესია ფანჯარაში გაიხედოს და ის სივრცე დახატოს, რასაც იქ ხედავს, ვიდრე დრო კუბიკებში ჩახატული ფიგურების შექმნაში დახარჯოს. ამასობაში კადრი იცვლება და ზედხედით ჩანს კორპორაციის უზარმაზარი ოთახი, რომელიც ტიხრებით პატარ-პატარა კუბიკის მსგავს განყოფილებებადაა დაყოფილი.

რა თქმა უნდა, შინაარსი ვერ დგას მოწოდების სიმაღლეზე, არც მოულოდნელი მოქმედებებით გამოირჩევა და არც პერსონაჟების მრავალფეროვნებით, სიუჟეტის ბანალურობაც რამდენიმე ადგილზე შემაწუხებელია, თუმცა, საერთო ჯამში, ეს ყველაფერი ტოვებს შთაბეჭდილებას, რომ ეს გრაფიკული რომანიც ისეთივე ახალგაზრდის შექმნილია, როგორიც მისი მთავარი გმირია. კომიქსი არ ადგენს მაღალ თამასას საკუთარი თავის მიმართ და არც იმის პრეტენზია აქვს, რომ სხვა ბუმბერაზების გვერდით იდგეს, თუმცა მისი ხიბლიც ამაშია. ეს ექვსი ნომერი არის საკმარისზე მეტი საიმისოდ, რომ კარგად დავინახოთ ხელოვნების ამ კონკრეტულ დარგში მოღვაწე ახალგაზრდების (და არა მარტო) მისწრაფებები და სულისკვეთება. ყველაფრის მიუხედავად, უსამართლობა იქნება არ აღინიშნოს, რომ დასკვნითი სცენა ყოველგვარ მოლოდინს აჭარბებს და ისეთი ემოციით გვავსებს, რომ ერთიანად გული გვწყდება, რადგან ისტორია მთავრდება. გვსურს, ჩვენც გვქონდეს Escapist-ის უნარი და უნივერსალური გასაღები, რომ ამ ამბის ბოლოში მდგარი კარი შევაღოთ და გმირების შემდგომი ამბებიც ჩვენ წინ გადაიშალოს.

კომიქსის ლინკი

ავტორი: ირაკლი სულაძე