07 December, 2014

11/22/63 - სტივენ კინგი








სანამ ქართული გამომცემლობები იმაზე ფიქრით არიან დაკავებული, თუ კინგის რომელი წიგნის თარგმნა იქნება მარკეტინგულად უფრო მომგებიანი, მსოფლიოს კინგომანთა გულებს ნელ-ნელა იპყრობს მისი 2011 წელს გამოცემული რომანი – „11/22/63“. თარიღი რომელმაც მსოფლიო შეცვალა. (ყოველ შემთხვევაში, ავტორის აზრით)

მისივე თქმით, მსგავსი ტიპის რომანის დაწერის იდეა ჯერ კიდევ „ქერის“ გამოქვეყნების დროიდან გააჩნდა, თუმცა, ფაქტია, რომ „11/22/63“ რადიკალურად განსხვავებულია კინგის ყველა სხვა ნაწარმოებისგან. ზოგადად, მისი უკანასკნელი ნამუშევრებიც იმაზე მეტყველებს, რომ სტივენი ნელ-ნელა ბერდება. ჰორორის წარუმატებელ ცდას „დოქტორ სლიფში“, მალევე მოაყოლა „მისტერ მერსედესი“. „მისტერ მერსედესი“ დეტექტიური ჟანრისაა და თავისუფლად შეგვიძლია ეს მისი შემოქმედების „გადარჩენის“ მცდელობად მივიჩნიოთ. რამდენიმე წლით ადრე კინგმა გამოსცა რომანი დროში მოგზაურობაზე. და თუ დეტექტივი უფრო მეტად მასაზე გათვლილი ჟანრია, დროში მოგზაურობით მხოლოდ ფანტასტიკის მოყვარულებს თუ მოიზიდავ. საქმე ის არის, რომ ამ წიგნში გარდა დროში მოგზაურობისა, ავტორმა გააერთიანა უახლოესი ისტორიის უმნიშვნელოვანესი მოვლენა, სასიყვარულო ისტორიის კლასიკური შინაარსი და კიდევ მრავალი რამ…

წიგნის მთავარი გმირი, ჯეიკი ხვდება თავის მეგობარს, ადგილობრივი სასაუზმის მფლობელს, რომელიც ყველასდა გასაკვირად უმაღლესი ხარისხის ბიფშტექსებს ძალიან დაბალ ფასში ყიდის. როგორც შემდგომ აღმოჩნდება, ამის მიზეზი მოხუც მზარეულის სახლის სარდაფში შემთხვევით ნაპოვნი „კურდღლის სოროა“. სორო, რომელიც წარმოადგენს პორტალს 1958 წელში. საინტერესოა, თავად დროში მოგზაურობის სპეციფიკა. სოროში“ ჩასული თანამედროვე ადამიანი 1958 წელში ინაცვლებს, ხოლო მიუხედავად იმისა, თუ რა დროს დაჰყოფს წარსულში, უკან დაბრუნების შემდეგ, აწმყოში გასულია სულ რაღაც 2 წუთი. ამასთან, მოგზაურობა შესაძლებელია მხოლოდ დროის ამ ერთ კონკრეტულ წერტილში, ხოლო უკანდაბრუნებულის სოროში ხელახლა ჩასვლა იწვევს წინა მოგზაურობით გამოწვეული ცვლილებების გაუქმებას და ყველაფერი იწყება ნულიდან.








მიუხედავად დამაბნეველი სიუჟეტისა, ავტორი ახერხებს ჯეიკთან ერთად, მკითხველსაც მალევე მარტივად გააგებინოს „კურდღლის სოროს“ მუშაობის პრინციპი. ჯეიკიც მალე კეთილშობილური მიზნებით აღივსება და იწყებს დროში მოგზაურობას. მიუხედავად ყველაფრის დეტალური გათვლისა, პეპლის ეფექტი ძალიან ძლიერია. განსაკუთრებით მაშინ, როდესაც მთავარი გმირი ამერიკის პრეზიდენტის სიცოცხლის გადარჩენას ცდილობს. მთელ წიგნს ფონად მიყვება ჯეიკის ფიქრები, იმის შესახებ, რომ წარსული ჯიუტობს… წარსულს არ უნდა ცვლილება… დროითი კონტინიუმის რღვევას ეწინააღმდეგება კიდევ ერთი პერსონაჟი. ე.წ. „ყვითელი ბარათი“. უსახლკარო ქუჩაში მცხოვრები, რომელიც „კურდღლის სოროს“ მეორე მხარეს, 1958-ში ცხოვრობს.

ძალიან ძნელია, ამ წიგნზე საუბრისას გვერდი აუარო „სპოილერებს“. თითოეული თავი ახალ-ახალ მინიშნებას ხსნის. მკითხველი ჯეიკთან ერთად მოგზაურობს წარსულში და გაფაციცებით აკვირდება მომავლის სავარაუდო ცვლილებას. ჯეიკი რამდენიმე “ცვლილებას” წარმატებით ახორციელებს. რა თქმა უნდა, სიუჟეტში ერთვება „იქაური“ ქალბატონი, რომელიც მოგზაურის გეგმებს თავდაყირა აყენებს. ჯეიკი იცვლის სახელს, გვარს, იყენებს ყალბ საბუთებს, (ვინაიდან „ტკბილ“ 60იანებში ჯერ კიდევ ძალიან ადვილი იყო ყალბი საბუთის დამზადება) 2011-დან წამოღებულ საფეხბურთო ანგარიშების შედეგებს, მოკლედ ერთი სიტყვით, იქმნის იდეალურ პირობებს თავისი გეგმის განსახორციელებლად. თუმცა, ეს ყველაფერი საკმარისი არ არის., რადგან, წარსული ჯიუტია… მას არ სურს ცვლილება.

„11/22/63“ არის ნაწარმოები აბსოლუტურად ყველა ჟანრის მოყვარულისთვის. ჯეიკის და სეიდის ურთიერთობაი რომანის არც ერთ მოყვარულს დატოვებს გულგრილს, ფანტასტიკის მიმდევრებს გააოცებს დროში მოგზაურობის თვისებურება და პეპლის ეფექტის დამანგრეველი ძალა. ხოლო სტაინბეკისტებს პირზე ღიმილს მოჰგვრის 60-იანების ამერიკის და კერძოდ დალასის, ახლოდან გაცნობა… თუმცა, ამ უკანასკნელთ ალბათ უფრო ის გაახარებთ, რომ ჯეიკი (რომელიც დამავიწყდა მეთქვა რომ სკოლის მასწავლებლად მუშაობდა „იქაც“ და „აქაც“) სკოლაში „თაგვებისა და ადამიანების შესახებ“ სპექტაკლს დგამს.

ბევრი რომ არ გავაგრძელოთ, ეს არის წიგნი, რომელშიც სტივენ კინგმა გააერთიანა თავისი შემოქმედების საუკეთესო შტრიხები. „11/22/63“ არის ისტორიული ნაშრომი, წარმოდგენილი მხატვრულ ფორმაში. ეს არის წიგნი, რომელსაც არ უნდა ენდო წინასიტყვაობის ან მოკლე აღწერის მიხედვით, რადგან მისი მრავალფეროვნებიდან გამომდინარე, მისი მთავარი სიუჟეტი შეიძლება სულაც არ ყოფილიყო დროში მოგზაურობა, ან კენედის გადარჩენა.

იმოგზაურეთ დროში,მაგრამ უფრთხილდით, შემთხვევით პეპელა არ შემოგაკვდეთ…

დჯიმლააა !!!!




ავტორი: ირაკლი სულაძე