07 December, 2014

13 - Black Sabbath - ის დაბრუნება





End of the Beginning?


უდიდესი წარმატების, შემდგომ განშორების, ურთიერთდაპირისპირების, უამრავი უსიამოვნებისა და ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემების შემდეგ, ისინი დაბრუნდნენ იქ, საიდანაც დაიწყეს. „შესანიშნავი სამეული“ (სამწუხაროდ, უორდის გარეშე) დაგვიბრუნდა შედევრით. ვინძლო 13-ს სახით, წლის მუსიკალურ მოვლენასთან გვქონდეს საქმე. ყველაფერი, როგორც იტყვიან до боли знакомо, მაგრამ...Black Sabbath ახერხებს იმას, რომ გადმოგვცეს ძველი ახლებურად და ისე, თითქოს არასდროს დაუწერიათ მსგავსი მუსიკა, რაც მსუბუქად რომ ვთქვათ, აღფრთოვანებას იწვევს და დღემდე ამოუხსნელია. ალბომის პროდიუსერმა, რიკ რუბინმა, რომელსაც მანამდეც ჰქონია შეხება ლეგენდარულ ჯგუფთან, შეგვიძლია ვთქვათ, რომ საბოლოო სიტყვა თქვა, დახვეწა რა და სრულყოფილი გახადა დისკი. ტექსტების ძირითად ავტორად (როგორც მანამდე, ხშირ შემთხვევაში) გიზერ ბატლერი გვევლინება და ძალზედ ფილოსოფიურად და ღრმააზროვნად უდგება საკითხს. მარტო, God Is Dead?-ის ტექსტი კმარა, ამის დასამტკიცებლად.

13 იხსნება ისე, როგორც უნდა გაიხსნას! მძლავრი რიფით და „საბატური“, ტრადიციული გადასვლებით. ოსბორნი კი, თავიდანვე გვაჩვენებს, რომ ის აღარ არის ის ძველი „ოზი“, რომელიც მის ბოლო, რამდენიმე სოლო ალბომში მღეროდა და საუცხოოდ და მსმენელთა გასაოცრადაც კი მღერის. End o fth eBeginning-ის მოსმენისთანავე, რაღა თქმა უნდა, Black Sabbath (სიმღერა) გაგახსენდებათ.

ალბომის, რიგით მეორე სიმღერა God Is Dead? ულაპარაკოდ შედევრია! მის ტექსტურ ღრმააზროვნებასა და დატვირთვაზე ზემოთაც მოგახსენეთ. ბატლერი, ნამდვილ ბას-ფოიერვერკს მოგვიწყობს და საოცარი ბგერით გასდევს მთელ სიმღერას ფონად, წამიერი აფეთქებებით. აიომი, ორ სასწაულ, სახასიათო სოლოს დაუკრავს, ხოლო ოსბორნი კიდევ ერთხელ დაამტკიცებს თავის შესაძლებლობებს. მოკლედ, God Is Dead? აშკარად, ალბომის ერთ-ერთი ძლიერი სიმღერაა.


უდიდესი ზეგავლენა იგრძნობა ბატლერისა Loner-ში, რომელიც, თავისთავად ძველ BlackSabbath-ს მოგვაგონებს. სიმღერა ერთი ამოსუნთქვით ისმინება და ძალზედ ხალასია. აღსანიშნავია აიომის სოლოც. სრული ანტიპოდია Loner-ისა Zeitgeist. ბუნდოვანი, გაუგებარი, მაგრამ ამავდროულად ულამაზესი სიმღერა. ფაქტიურად, Zeitgeist-ს შეგვიძლია Planet Caravan II ვუწოდოთ და ვერც ვიტყვით რომ მასზე ნაკლებია. აიომი კი, ბოლოსკენ, ძალზედ უცნაურ სოლოს დაუკრავს.

მონოლითური Age of Reason-ის მოსმენის შემდეგ, ისეთი შთაბეჭდილება რჩება, რომ სიმღერა უნდა აიღო და სადღაც 1975 წელს, ალბომ Sabotage-ში უნდა ჩასვა. აიომის სასწაულად დახატული სოლო კი, აშკარად აღნიშვნის ღირსია. Live Forever კიდევ ერთ, ძველისძველ ჰიტს, Children of the Grave-ს მოგვაგონებს… ასე ვთქვათ, მელოდია ნაცნობია, რიფი ნაცნობია და მაინც სხვაა, ახალი. ამაშია Black Sabbath-ის ხიბლი და გამოცანა.

Born in a graveyard adopted by sin..ასე იწყება Damaged Soul. ისევ და ისევ რელიგიური ტექსტური დატვირთვა, რომელსაც საწყის ფესვებთან მივყავართ. მძიმე ბლუზური ჯემი, შერწყმული ჰარმონიკასთან, ალბომის ნამდვილი მშვენებაა. აიომი და ბატლერი, აქ ნამდვილ სასწაულებს სჩადიან.

დამაგვირგვინებელი Dear Father კი შეიძლება ალბომის უძლიერეს სიმღერად მივიჩნიოთ. Insilence, your violence has left my life in ruins… სხვაგვარად არც შეიძლება. ოზი აქ დიდებულია! ხოლო დრამერი, ბრედ უილკი, რომელიც აქამდე არც კი გვიხსენებია, საუკეთესოდ, სწორედ აქ წარმოაჩენს თავს. და მივედით, ალბათ მთავარ კითხვამდე: აკლია თუ არა ჯგუფს ბილ უორდი? პასუხი, ცალსახაა - დიახ! თანაც ძალიან. თუმც, უილკს ეს არანაირად არ აკნინებს, რომელმაც ხუთიანზე შეასრულა თავისი საქმე. დავუბრუნდეთ სიმღერას, რომელიც გიტარ სოლოს გარეშე რჩება და ჭექა-ქუხილის, წვიმისა და ეკლესიური ზარების ფონზე მთავრდება. სწორედ აქ არის გამოძახილი თავდაპირველი შეკითხვისა - Is this the end of the beginning? Or the beginning of the end? თუ ეს ასეა, ისინი მიდიან ისე, როგორც არავინ სხვა! ჭეშმარიტებაა და ნათელი დასტური, სწორედ ეს ალბომი, სახელწოდებით 13 (რომელიც, ასევე ერთგვარად სიმბოლურია). და შეიძლება ის ისეთი მძლავრი ვერ არის, როგორც მათი პირველი 6 ალბომი, მაგრამ არც ბევრით ჩამორჩება და სხვა ალბომებზე ასჯერ მაღლა დგას. ღმერთმა ქნას, რომ ჯგუფი ამაზე არ გაჩერდეს და პირველ რიგში ჯანმრთელობამ შეუწყოს მათ საქმიანობას ხელი, მაგრამ განვმეორდეთ და თუ ეს დასაწყისის დასასრულია ანდა დასასრულის დასაწყისი, მაშინ თამამად ვთქვათ კიდევ ერთხელ, წრე შეიკრა!


ავტორი: ლაშა ონიკაშვილი