რუსული sci-fi და ზოგადად, ფანტასტიკა, როგორც ჟანრი, სათავეებს მე-19 საუკუნიდან იღებს. რუსული ფენტეზის სათავეები რუსულ ფოლკლორსა და მითებში უნდა ვეძიოთ, (გახსოვთ ჩერნაბოგი "ამერიკელ ღმერთებში"?) თუმცა, რა თქმა უნდა, როგორც ჟანრმა, თავის ოქროს ხანას სსრკ-ს პერიოდში მიაღწია. ამ დროს ასპარეზზე გამოჩნდნენ ძმები სტრუგაცკები, ბულიჩოვი, მიხაილ ბულგაკოვი და სხვ.
ეტიმოლოგიური კუთხით, ფენტეზი, sci-fi, ჰორორი და სხვა მსგავსი ჟანრები ერთი საერთო სახელწოდების ქვეშ ერთიანდება, ეს არის - "ცისარტყელა" (Радуга) . თუმცა, ყველაზე ხშირად, რუსებიც ფენტეზის ტერმინს იყენებენ. აგრეთვე, გოთიკური და მისტიკური ნაწარმოებების დახასიათებისას გამოიყენება ტერმინი "მისტიკა". ცისარტყელა გამოიყენა ერთ-ერთმა პირველმა დიდმა გამოცემამ, რომელმაც აქტიურად დაიწყო მსგავსი ჟანრის წიგნების პოპულარიზაცია.
თუკი მე-18/მე-19 საუკუნეების მწერლობაში ძირითადად სოციალური სტატუსი იყო გამოკვეთილი, ეს სრულიად უცხო იყო ფანტასტიკური ჟანრის ნაწარმოებებისათვის. განსაკუთრებით კი, მე-20 საუკუნეში პოპულარული გახდა "წარმოსახვით-ვოიაჟური" ტიპის ნაწარმოებები. პოპულარული იყო უტოპიური და ფანტასტიკური თემებიც.
ჟანრის ფუძემდებლად შეიძლება დავასახელოთ ფიოდორ დმიტრიევ-მამონოვის - „ფილოსოფოსი თავადი“. (1769წ), უტოპიური შინაარსის პიონერია ალექსანდერ სუმაროკოვის "ბედნიერი საზოგადოების ოცნება" (1759). შემდგომ პერიოდში შეიქმნა კიდევ ორი დიდი ნაწარმოები უტოპიურ-ვოიაჟურ ჟანრში. ესენია - ვასილი ლევშინის "უახლოესლი ვოიაჟი" (1784წ.) რომელიც აგრეთვე შეიძლება ჩაითვალოს რუსულ ლიტერატურაში პირველ ისეთ ნაწარმოებად, სადაც მოქმედება ვითარდება მთვარეზე. კერძოდ კი, აღწერილია მთვარეზე მოგზაურობა. და რა თქმა უნდა, მიხაილ შშერბატოვის "მოგზაურობა ოფირის მიწისაკენ", რომელიც წარმოადგენს ფსევდო-ისტორიულ-ჰეროიკულ რომანს.
ჟანრის ფუძემდებლებში არ შეიძლება არ აღინიშნონ ნიკოლაი გოგოლი, ანტონი პოგორელსკი, ნიკოლაი მელგუნოვი, ვლადიმირ კარლგოფი და ა.შ. აქვე, უნდა გავიხსენოთ პუშკინის სახელგანთქმული "დამა ყვავი" (Queen of spades), რომელსაც დოსტოევსკიმ "ფანტასტიკის შედევრი" უწოდა. მე-19 საუკუნის ცენტრალური ფიგურა კი გახლდათ ვლადიმირ ოდოევსკი, რომელიც რომანტიკული შინაარსის ნაწარმოებებს წერდა, მის ნაწარმოებებში იგრძნობა ე.ტ.ა. ჰოფმანის გავლენა. ოდოევსკის სწამდა მეცნიერებისა და ტექნოლოგიების სამომავლო პროგრესის. იგი გახლდათ ბევრი გოთიკური შინაარსის მოთხრობის ავტორიც.
თუ ვინმეზე შეიძლება ითქვას, რომ სამეცნიერო ფანტასტიკის პირველი "ნაღდი" წარმომადგენელია, ეს გახლავთ ალექსანდრე ველტმანი. მისი ნაწარმოებები გაჯერებულია ფსევდო-ისტორიული შინაარსითა და ფიქციური გმირებით. ველტმანის ნოველებში ჩნდება ცნობილი რუსი "გმირი" კაშეი ბისმერტნი. (უკვდავი კაშეი) - 1833წ. რაც შეეხება დროში მოგზაურობას, ამ თემატიკაში პირველია, აგრეთვე ველტმანის - "კალიმეროსას წინაპრები: ალექსანდრ ფილიპოვიჩ მაკედონსკი". ამ ნაწარმოებში ნარატორი მოგზაურობს ძველ საბერძნეთში და იქ არისტოტელეს ხვდება. აგრეთვე, მოგზაურობს ალექსანდრე მაკედონელთან ერთად მე-19 საუკუნეში. ამავე რომანში მთავარი გმირი მოგზაურობს წარმოსახვით ბალკანურ ქვეყანა - ბოსფორანიაში. აქვე აღწერილია სამეცნიერო და ტექნოლოგიური მიღწევები 35-ე საუკუნეში.
მიუხედავად იმისა, რომ მე-19 საუკუნის შუა ნახევრიდან პოპულარული გახდა რეალიზმი ლიტერატურაში, მაინც აქა-იქ ჩანდნენ sci fi-ს მიმდევრებიც, ასეთები იყვნენ, მაგალითად, ნიკოლაი ახშაურუმოვი, ნიკოლაი ვაგნერი და სხვანი. აღსანიშნავია ივან ტურგენევის "მისტიური ნოველები". აგრეთვე, ვერა ძელიხოვსკის "ოკულტური ფიქცია". მიხაილ მიხაილოვის ნაწარმოები "ისტორიის მიღმა" (1869წ.) პრეისტორიული ფიქციაა და პრე-დარვინისტულ ფანტასტიკის ელემენტებს შეიცავს. შემდგომში პრეისტორიულ ადამიანზე ბევრმა დაწერა, მათ შორის ვილჰელმ ბიტნერმა - "პრეისტორიული ადამიანი" (1890წ.).
მამონტისა და ყინულის კაცის ამბავი მოგვიყვა პიოტრ დრავერტმა, 1909 წელს. 1910-ში კი, ვლადიმირ ბოგორაჟმა "დრაკონის მსხვერპლები" დაწერა. "ცხოველთა აჯანყება" 1917 წელს დაიწერა, ისტორიკოს ნიკოლაი კოსტომაროვის მიერ. ეს ნაწარმოები ძალიან ძალიან ჰგავს ორველის "ცხოველების ფერმას". (რომელიც 1945 წელს გამოიცა).
დოსტოევსკის რამდენიმე მოკლე მოთხრობაც შეიძლება ჩაითვალოს ფანტასმაგორიული დეტალების შემცველად. მაგალითად, "სასაცილო კაცის სიზმარი" (სხვა პლანეტაზე არსებული უტოპიური საზოგადოების შესახებ). აგრეთვე, ნოველა - "დაბბლი (The double)" პეტერბურგის პოემა, სადაც ჩნდება დოპპელგენგერი. აქვე უნდა ითქვას, რომ დოსტოევსკის ჟურნალმა - "ვრემია", პირველად გამოაქვეყნა ედგარ ალან პოს "ნანტაკეტელი არტურ გორდონ პიმის ამბავი"
უტოპიურ თემატიკაზე ბევრს აღარ შევჩერდებით. იმ პერიოდში, ხარისხიანი ამ ჟანრში თითქმის არაფერი შექმნილა. თუ ვინიცობაა და ვინმეს გაინტერესებთ, გადახედეთ კონსტანტინ ციოლკოვსკის, ალექსანდერ გრინს, ალექსანდერ ბოგდანოვს და ვალერი ბრიუსოვს.
ახლა კი, საბჭოთა ერა... sci-fi-სა და ფენტეზის ოქროს ხანა. სსრკ-ში არსებული შეზღუდვები კიდევ უფრო აღაგზნებდა იმდროინდელ ავტორებს. რუსეთში მომხდარ პოლიტიკურ ცვლილებებთან ერთად, იცვლებოდა ლიტერატურული მიმართულებებიც. 20-იან წლებში ალექსანდერ ბელიაევი, გრიგორი ადამოვი, ვლადიმირ ობრუჩევი და ძმანი მათი ერთიანად გამოჩნდნენ რუსულ ლიტერატურაში.
ეს ხალხი თავიანთ ნაშრომებში დიდ ზეგავლენას განიცდიდნენ პატივცემული ჟიულ ვერნის, არტურ კონან დოილისა და ჰერბერტ უელსის ნაშრომებიდან. 20-იანი წლებიდან იმდროინდელი რუსული ფიქციური ლიტერატურა დიდი დოზით შეიცავს სამეცნიერო პროგნოზებს მომავლისათვის, განსაკუთრებით პოპულარული იყო კოსმოსური მოგზაურობები, ხშირი იყო ასევე მუშა კლასის ბრძოლა კაპიტალიზმის წინააღმდეგ. (ალექსეი ნ. ტოლსტოის "აელიტა" (1923), რომელიც მარსზე რუსების მიერ მოწყობილ ევოლუციას აღწერს). "ინჟინერ გარინის სიკვდილის დღე" (1926წ.) - მოგვითხრობს გიჟი მეცნიერის გეგმების შესახებ, თუ როგორ სურს მას სამყაროს დაპყრობა. თუმცა უცაბედად მას კაპიტალისტები თავიანთ რიგებში იღებენ. მსგავსი ანტაგონისტური განწყობაა ბელიაევის "ჰაერის გამყიდველში" (1926წ.) ასევე ბელიაევის "ბრძოლა ეთერში" (1928წ.) რომელიც მომავალ მსოფლიო ომს ეხება, კომუნისტ ევროპასა და კაპიტალისტურ ამერიკას შორის. ბელიაიევი აღწერს ასევე "ისტორიული" ატლანტიდის ქრონიკებს. - "ატლანტიდის უკანასკნელ ადამიანში". რა თქმა უნდა, ყველას გვახსოვს, ჩვენი ბავშვობის უკვდავი ქმნილება - "ადამიანი ამფიბია".
ობრუჩევი კი, ცნობილია თავისი ფანტასტიკურ-ვოიაჟური ნაწარმოებით - "პლუტონია", რომელიც გამოიცა 1924 წელს და ეხება დედამიწის ცენტრისკენ მოგზაურობას სადაც ექსპედიტორები აღმოაჩენენ პრეისტორიული პერიოდის ხანას, დასახლებულს დინოზავრებითა და სხვა გადაშენებული ცხოველებით. ობრუჩევი ცნობილია ასევე თავისი "დაკარგული სამყაროს" ტიპის ნოველით - "სანიკოვის მიწა" (1924წ.) ობრუჩევის წიგნებში დიდია ჟიულ ვერნის და არტურ კონან დოილის გავლენა.
ამ პერიოდის მნიშვნელოვანი ნაშრომი ეკუთვნის ევგენი ზამიატინს, ავტორს წიგნისა "ჩვენ" (1924წ.) და აგრეთვე მიხაილ ბულგაკოვს, რომელმაც სამეცნიერო ფანტასტიკას აჩუქა "ძაღლის გული" (1925), ფატალური კვერცხები (1925) და ივან ვასილიევიჩი (1936). ეს ორი ავტორი, სამეცნიერო ფანტასტიკას უფრო მეტად საბჭოთა რეჟიმის გასაკრიტიკებლად იყენებდნენ, ვიდრე სამეცნიერო წინასწარმეტყველებად. 50-60-იან წლებში ჟანრი მძიმე სტაგნაციას განიცდის. ეს რა თქმა უნდა, იმდროინდელ ცენზურას უნდა დავაბრალოთ. თუმცა, მიწისქვეშა ლიტერატურა მაინც ვრცელდებოდა, ისეთი ავტორების წყალობით,როგორებიც იყვნენ ალექსანდერ კაზანცევი, გეორგი მარტინოვი, ვლადიმირ სავჩენკო და სხვები.
მე-20 საუკუნის მეორე ნახევარში, ჟანრზე უდიდესი გავლენა მოახდინა სსრკ-ს კოსმოსში გასვლამ. ისევ იწერებოდა უტოპიურ მომავალზე, აპოკალიპტური შინაარსის წიგნები და ა.შ. გარდატეხა კი მოახდინა, ივან იეფრემოვის "ანდრომედამ" (1957 წ.) - უტოპია, უახლოეს მომავალში. ამას მოჰყვა ძმების, არკადისა და ბორის სტრუგაცკების გამოჩენა, რომლებიც უფრო კრიტიკულად მიუდგნენ საქმეს: მათი წიგნები შეიცავდა ბნელ თემებს და სოციალურ სატირას. მათი ყველაზე ცნობილი აადრეული ნაწარმოებებია "ძნელია ღმერთობა" (1964 წ.) და "ძალაუფლების ტყვეები" (1969 წ.) ძმებმა შექმნეს ასევე პირველი საბჭოთა სამეცნიერო ფანტასტიკური ტრილოგია - "ორშაბათი იწყება შაბათს" (1964 წ.) და მათი პირველი პოსტ-აპოკალიპტური ნოველა "პიკნიკი გზის ნაპირზე" (1971) რომლის ეკრანიზაციაც წარმატებულად ითავა ანდრეი ტარკოვსკიმ, თავისი კინოშედევრით - "სტალკერი". ეს ნაწარმოები უკავშირდება ჩერნობილის კატასტროფას, სასოწარკვეთილი ადამიანების ყოველდღიურ ყოფას, თავზეხელაღებულ რამდენიმე "თანამედროვე რაინდს" და კიდევ მრავალს და მრავალს.
სტრუგაცკები ისეთი თემაა, რომ ძნელია, მოიხსენიო სხვა მწერლებთან ერთად. ისინი არც რუსი ავტორები იყვნენ და არც რუსული ლიტერატურის წარმომადგენლები. ძმები სტრუგაცკები მსოფლიო საგანძურის ნაწილია, რომელთაც გაფრთხილება და მტვრისგან ხშირი გაწმენდა სჭირდება.
ერთ-ერთი ცნობადი სსრკ-ს ბოლო წლების მწერალი გახლდათ კირ ბულიჩოვი. მისი წიგნები შეიცავდა დროში მოგზაურობის და პარალელური სამყაროების არსებობა/არარსებობის თემატიკას. აქტიურად ჰქონდა წინ წამოწეული ანტიმატერიალიზმი და გარემოს დაცვის საკითხებიც. რუს მკითხველში ასევე პოპულარული იყო ალექსანდერ კოლპაკოვი, თავისი "გრიადა"-თი, და სერგეი სნეგოვის ტრილოგია - "ადამიანები,როგორც ღმერთები" (1966-1977).
ამას უკვე მოჰყვა ნანატრი 21-ე საუკუნე. ახდენილი წინასწარმეტყველებები და ახალი გამოწვევები..."ღამის გუშაკი"... "მეტრო 2033"... მაგრამ, როგორც იტყვიან, Впрочем, это уже совсем другая история...
ავტორი: ირაკლი სულაძე