06 December, 2014

მარკ ტვენი - ჰეკლბერ ფინის თავგადასავალი (მიმოხილვა)

მეცხრამეტე საუკუნის მიწურულს ხელოვნებაში კვლავ ფუნდამენტური ცვლილებები დაიწყო. აზროვნება შეიცვალა როგორც სამყაროს იდეისტურ აღქმადობასთან დაკავშირებით, ასევე ლიტერატურისა და ფერწერული ნამუშევრების შექმნის მხრითაც. საზოგადოება დაიღალა იმ დეპრესიული, ნიჰილისტური და უიმედო ნაკადით, რაც რომანტიზმმა მოიტანა. ამ უკანასკნელმა ხელოვნების მიმდინარეობამ თითქმის ყველანაირი იმედი მოსპო რეალობაში(აწმყოში) რამის პროგრესულად შეცვლის მხრივ, სწორედ ამგვარმა დამძიმებულმა განწყობამ გამოიწვია ხალხის პროტესტი. მათ სურდათ ეს ნიჰილისტური ბინდი გაექროთ გონებიდან და სამყაროს ობიექტურად დაკვირვებოდნენ. არტისტული(ხელოვანი) საზოგადოების ნაწილმა კი დასვა კითხვები: ზედმეტად ხომ არ მივსტირით წარსულ ან მომავალს? იქნებ ეს ყველაფერი ხელს გვიშლის მოვლენების რეალურად აღქმაში? უმჯობესი ხო არ იქნება შევეშვათ კონკრეტული ადამიანის აღწერას და რომელიმე, არაკონკრეტული პიროვნების გაანალიზებით განვაზოგადოთ ჩვენი ეპოქის პრობლემა? ამ კითხვებზე პასუხის გასაცემად კი რეალიზმის მიმდევრებმა სწორედ ამ იდეოლოგიის გავლენით დაიწყეს წერა, რომელიც საკმაოდ წარმატებული გზა იყო ეპოქისეული პრობლემისა და ხასიათის აღსაწერად. რეალიზმმა ყოველდღიურობა შემოიტანა, როგორც ხელოვანთა ინტერესის მთავარი საგანი. ხელოვნების ამ მიმდინარეობის წიაღში მოღვაწეობდნენ ტოლსტოი, ბალზაკი, მარკ ტვენი. მათ ნამდვილად შეძლენ რეალიზმის უმნიშვნელოვანესი ფაქტორის, ყოფითი მოტივის შემოტანა თავიანთ ნაწარმოებებში. დღეს საუბარი კი სწორედ მარკ ტვენის ,,ჰეკლბერ ფინის თავგადასავალზე“ გვექნება.

ძალიან ბევრი ადამიანისგან მსმენია, რომ მარკ ტვენის ნაწარმოებები, მათ შორის ,,ჰეკლბერ ფინის თავგადასავალი“ ერთი ჩვეულებრივი ბავშვური მოთხრობაა, რომელიც მხოლოდ სკოლის ასაკის პერიოდში იკითხება. თუმცა, მე პირადად ეს ძალიან პრიმიტიულ და ბანალურ შეფასებად მიმაჩნია, რომელსაც სიმართლესთან ძალიან ცოტა კავშირი შეიძლება ჰქონდეს. ჰეკლბერ ფინში რახან მთავარი მოქმედი პირი ბავშვია, ეს სრულებითაც არ ნიშნავს წიგნის ,,გაზღაპრებას“. თუ ამ ნაწარმოებს კარგად განვიხილავთ(ეპოქისეულ ჭრილში, ხელოვნების იმ მიმდინარეობის კუთხით, რომლის ფარგლებშიც იგი დაწერილია), ვნახავთ რომ მარკ ტვენი ძალიან სერიოზულ პრობლემებზე საუბრობს. ამ პრობლემებს ბუნებრივია ვერ დავინახავთ, თუ წინასწარვე იმ განწყობით დავიწყებთ კითხვას, რომ წიგნის მთავარი მოქმედი პირის იქით არაფერი საინტერესო არ ხდება. სინამდვილეში სწორედ ამ დროს შეიძლება გამოგვეპაროს მნიშვნელოვანი იდეები, რადგან ის აქტუალური პრობლემები, რომლებმაც ავტორმა წამოჭრა ნაწარმოებში, არა თვითონ ჰეკლბერ ფინშია, არამედ მის თავგადასავალში და იმ დაბრკოლებებში, რომლის გადალახვაც მოუწია ჰეკლბერ ფინს. რატომ? იმიტომ რომ ნაწარმოები უაღრესად რეალისტური იდეითაა დაწერილი, რაც თავის თავში გულისხმობს იმას, რომ მთავარ გმირს არ უნდა ახასიათებდეს რამე სპეციფიკური, განსაკუთრებული თვისება, რითიც ის იმდროინდელი საზოგადოებისგან განსხვავებული იქნება. პირიქით- ის უნდა იყოს იმდროინდელი საზოგადოების სახე, ჩვენს შემთხვევაში კი იმდროინდელი ახალგაზრდობის განზოგადება. ეს მოვლენა კარგად რომ აღვიქვათ, მართებული იქნება ილიას მაგალითი მოვიყვანოთ(მიუხედავად იმისა, რომ ის კრიტიკული რეალიზმის წარმომადგენელი იყო). მან ლუარსაბ თათქარიძის(ან ოთარაანთ ქვრივის) სახით იმდროინდელი ხალხის ზოგადი სახე შექმნა და არა კონკრეტულად ვინმე ლუარსაბის. ოთარაანთ ქვრივში კი ქალს სახელიც კი არ დაარქვა, ეს ყველაფერი კი იმიტომ, რომ რეალისტ მწერალს არ აინტერებს პიროვნება, მას აინტერესებს საზოგადოება.

ბევრიც რომ არ ვილაპარაკო ხელოვნების ამ მიმდინარეობაზე, პირდაპირ ,,ჰეკლბერ ფინის თავგადასავლის“ მიმოხილვაზე გადავალ. ზემოთ როგორც ვახსენე ნაწარმოებში რამდენიმე მნიშვნელოვანი მომენტია, რაც ჩემი აზრით,ნამდვილად ყურადსაღებია. წიგნის დასაწყისშივე ავტორი გვთავაზობს პიროვნული თავისუფლების იდეას ჰეკლბერ ფინის გრძნობების სახით. ის ვერ ჩერდება ერთ ადგილზე, განსაკუთრებით კი ვერ ეგუება იმ ერთფეროვან ცხოვრებას, როდესაც შვილად აყვანის შემდეგ უწევს. ვერ ეგუება საზოგადოებრივ ეთიკურ ნორმებს, ,,დავარცხნილ“ ქცევის წესებსა და ლაპარაკს, რომლებსაც უფროსები ასწავლიან. ის ამგვარ გარემოებაში ტიპური გაუცხოების მსხვეპლია. სხვათაშორის, პარალელისთვის, ზუსტად 1 საუკუნის შემდეგ ამ პრობლემაზე ისაუბრებს პროგრესული როკის ერთ-ერთი წარმომადგენელი ჯგუფი, პინკ ფლოიდი, როდესაც ერთ-ერთ ყველაზე ცნობილ ალბომს ,,The Wall”-ს გამოუშვებს. (თუმცა, ბუნებრივია, ამ ალბომის გამოშვება სხვა პრობლემების გამოხმაურებაც იყო).

ჰეკლბერ ფინის პიროვნული თავისუფლების იდეა, რა თქმა უნდა იმ ეპოქის ანარეკლია, რომელშიც ცხოვრობდა მარკ ტვენიც. ის წერდა იმ პრობლემებზე, რომლებიც აწუხებდა საზოგადოებას. ახალგაზრდობა პიროვნული თავისუფლების მისაღწევად გამუდმებით ცდილობდა საკუთარი სამყაროს შექმნას, სადაც ისინი იქნებოდნენ თავიანთი სურვილისამებრ მეფეები, ჰერცოგები, მეკობრეები, ყაჩაღები, მოკლედ რომ ვთქვათ  პატარა ,,დონ კიხოტები“, ანუ ადამიანები, რომლებიც საკუთარ სამყაროში თავისუფლად ცხოვრობდნენ. სხვათაშორის წიგნში ეს კარგად არის აღწერილი, როდესაც ტომ სოიერი ჰეკლბერს და სხვა ბავშვებს შესთავაზებს ,,ყაჩაღობანას“, სადაც ისინი მგზავრებს ,,აყაჩაღებენ“, ,,კლავენ“ და ,,გამოსასყიდს“ თხოულობენ. ეს ტიპური ანარეკლია იმ ეპოქის ბავშვებისა, რომლის დროსაც მოღვაწეობდა ავტორი. თუმცა, აქ ცოტა ღრმა ანალიზის შედეგად შეგვიძლია სხვა უფრო შორეული და ბუნდოვანი პრობლემაც ამოვიკითხოთ. მიუხედავად იმისა, რომ ბავშვების ეს ,,ბოროტული“ განზრახვა მხოლოდ ფანტაზიორობა იყო და სხვა არაფერი, აქ ავტორმა ერთ რამეს მაინც გაუსვა ხაზი- ახალგაზრდებს კეთილშობილური იდეის მაგალითის მიმცემი არავინ ჰყავდათ. მარკ ტვენმა კარგად დაინახა თუ რა შედეგები შეიძლება მოჰყოლოდა ამას, მაგალითად უარეს შემთხვევაში უბრალოდ ბავშვის ფსიქოლოგიის დამახინჯება, კეთილისა და ბოროტის გარჩევის უნარის დაკნინება. ამას ემატებოდა ისიც, რომ სკოლაც არ იყო ცოდნის ძლიერი ინსტიტუტი. ამის ნათელი მაგალითი კი ტომ სოიერი გახლდათ, რომელიც წიგნების გავლენის ქვეშ მყოფი გაუცნობიერებლად ისეთ საშიშ როლებს ირგებდა და ამის შედეგად სხვებსაც თავის გავლენის ქვეშ აყენებდა, რომ წარმოდგენაც კი საშიშია. ვფიქრობ, მარკ ტვენმა ეს დაინახა და ირიბადაც კი შეეხო ამ საშიშროებას.

დასაწყისში ვახსენე, რომ ყველაზე საინტერესო იდეები, რაც წიგნში დევს, სწორედ ჰეკლბერ ფინის თავგადასავლებშია. მის ფათერაკებში კი ყველაზე გამორჩეული იყო შეფერდსონებისა და გრენჯერფორდების საგვარეულოს დაპირისპირება და ჰეკლბერის განცდები ამ შუღლის პერიოდში. როგორც მოგეხსენებათ, ეს ორი საგვარეულო 30 წელზე მეტია სამკვდრო-სასიცოცხლოდ იყვნენ ერთმანეთს გადაკიდებული, საგვარეულო ომი ჰქონდათ გამოცხადებული ერთმანეთისთვის. ჰეკლბერმა, ფაქტობრივად აქამდე, არც კი იცოდა რა იყო სიკვდილი, ადამიანის მკვლელობა და ღალატი, სანამ საკუთარი თვალით არ ნახა ეს ყველაფერი. ალბათ ეს თავი ერთ-ერთი(შესაძლოა ერთადერთიც) ყველაზე ტრაგიკულია ამ წიგნში. ჩვენმა მთავარმა პერსონაჟმა რეალობაში ნახა ყველა ის მოქმედება, რაც ცოტა ხნის წინ ის და მისი მეგობრები თამაშის დროს განასახიერებდნენ, როდესაც ყაჩაღებისა და მკვლელის როლს ირგებდნენ. მან რეალობაში ნახა თუ როგორია მეგობრის სიკვდილი, როცა მის თანატოლს, პატარა ბიჭს სასიკვდილოდ გაიმეტებს დაპირისპირებული საგვარეულოს ერთ-ერთი წარმომადგენელი და ამის შემდეგ კი მთელ საგვარეულოში არსებულ მამაკაცებს ამოწყვეტენ. აი რას ამბობს ჰეკლბერი ამ ყველაფერზე: ,,ნეტავ იმ ღამეს სულაც არ გავსულიყავი ნაპირზე  და არ მენახა ის, რაც ვნახე. სამუდამოდ ჩამრჩა მეხსიერებაში და ბევრჯერ სიზმარშიდაც კი ვხედავდი...“ მას მთელი სიცხადით წარმოუდგა ცხოვრების მკაცრი რეალობა თვალწინ. ობიექტური მოვლენის ყოველგვარი შეფუთვის გარეშე მკითხველისთვის პირში მიხლა სწორედ რეალიზმის უპირველესი ნიშანია. შესაბამისად მარკ ტვენის ეს გადაწყვეტილებაც ლოგიკურობისა და ბუნებრიობის საზღვრებს არ სცდება.

აქვე მინდა ვისაუბრო შავკანიან მოხუც ჯიმზე და ჰეკლბერ ფინის მამაზეც. ორივე ერთად იმიტომ ვახსენე, რომ ადვილი მისახვედრია, ისინი ძალიან კონტრასტული პერსონაჟები არიან. მაშინ როცა ჰეკის მამა თავის შვილს გამუდმებით ლანძღავს, სცემს, სკოლაში სიარულს უშლის და არანაირ თანაგრძნობას იჩენს მისდამი, ჯიმი პირიქითაა. ამ ნაწარმოებში იგი შესაძლოა იყოს სიკეთისა და მორალის განსახიერება, მიუხედავად იმისა, რომ გაუნათლებელია და ხშირ შემთხვევაში ძალზედ გულუბრყვილო ცრურწმენებისაც კი სჯერა. ჯიმის ნამდვილი ერთგულება და თავდადება ნაწარმოების ბოლოშიც ჩანს, როდესაც ფეხში დაჭრილს ტომს არ მიატოვებს. მან ძალიან კარგად იცოდა, რომ შესაძლოა ამ თავდადების გამო თვითონ დაღუპულიყო, თუმცა მისი იდეოლოგიის ამოსავალი წერტილი იყო მეგობარი და არა საკუთარი თავი. ეს თავიდან ბოლომდე ეწინააღმდეგება ჰეკლბერის მამის ფენომენს, რომელსაც საკუთარი თავის გარდა არაფერი ადარდებდა და ამ ფანატიზმის გამო კინაღამ შემოაკვდა კიდეც ჰეკლბერი. მარკ ტვენმა ძალიან კარგად შექმნა ეს კონტრასტი, რომელიც მთელ ნაწარმოებს გამუდმებით ფონად სდევდა. დასასრული კი ვფიქრობ, ზუსტად შეესაბამებოდა მოვლენებს, კერძოდ მან იმავე იდეით დაასრულა თხრობა, რითიც დაიწყო, ვგულისხმობ თავისუფლების იდეის პროპაგანდას. უფრო ზუსტად კი ჰეკლბერის გადაწყვეტილებას, ადრე თუ გვიან ,,გაპარულიყო ინდიელების  და აესრულებინა თავისი სურვილი - Libertas Quae Sera Tamen (თავისუფლება, თუნდაც დაგვიანებით).


ავტორი: გიორგი წერეთელი