თავიდანვე მინდა გითხრათ, რომ თანმიმდევრობა მხოლოდ პირობითია და სიის შემადგენლობა ემყარება მხოლოდ და მხოლოდ ავტორის ფაქტობრივ ცოდნას და მახსოვრობას.
მაშ, ყორანი...
შავი ფრინველი, შიშის, სიკვდილის და ათასი უბედურების სიმბოლო.
1. ჰუგინი (თუ მუმინი) - "ამერიკელი ღმერთები" - ნაილ გაიმანის სპეციფიკური პერსონაჟი. ერთ-ერთ ეპიზოდში შედოუს გამცილებელი, მძაღე ხასიათის მქონე ყორანი. წიგნის ერთ-ერთი ყველაზე იუმორისტური ეპიზოდი, სწორედ მას უკავშირდება.
"- ჰეი შენ ! ჰუგინი ხარ, თუ მუმინი, თუ ვინ ჯანდაბაც ხარ
ჩიტმა თავი მოაბრუნა და შედოუს მანათობელი თვალებით შეხედა.
- თქვი "Nevermore" ! უთხრა შედოუმ
- Fuck you ! უპასუხა ერთი და იმავე ხუმრობით დაღლილმა ყორანმა.
2. მეთიუ - "სენდმენი" - ისევ გაიმანის ირგვლივ ვტრიალებთ. უდავოდ მისი საუკეთესო ნამუშევარი, გრაფიკული ნოველების ერთ-ერთი ყველაზე თვალსაჩინო წარმომადგენელი და მისი მთავარი გმირის ერთგული მსახური. მეთიუ, მიუხედავად იმისა, რომ სხვადასხვა სახის მიღება შეუძლია, ძირითადად მთელი ნაწარმოების განმავლობაში, მაინც ყორანია. მისი ბატონის უერთგულესი მსახური. ერთადერთი, ვინც სიზმრების მეფეს ყველაზე ძნელ წუთებში გვერდში ჰყავდა.
3. მოზესი - "ცხოველების ფერმა" - ჯორჯ ორველის ამ მცირე ზომის ნაწარმოებში ყორანისთვისაც მოიძებნა სათანადო ადგილი. მოზესი ჯოუნსის საყვარელი ფრინველი იყო და ცხოველებს გამუდმებით უყვებოდა აღთქმული ადგილის - შუგარქენდის მთის შესახებ, სადაც ყოველთვის კვირა დღეა და სადაც მათ შეუძლიათ ბედნიერად ცხოვრება სიკვდილის შემდეგ. საინტერესოა, რომ ფერმაში აჯანყების შემდეგ, მოზესი მიფრინავს ფერმიდან, თუმცა ქარის წისქვილის ბრძოლის შემდეგ უკან ბრუნდება და აგრძელებს "ქადაგებას".
4. კარკი და როაკი - "ჰობიტი" - ტოლკინის მიერ დაგეგმილ სმაუგის განადგურებაში თავისი წვლილი ამ პატარა არსებებმაც შეიტანეს. ყორნების გორა მთის მაღალ ქედზე მდებარეობდა და გადაჰყურებდა მდინარე მორბენალს და ველისმიდამოებს. ერებორის ჯუჯების მიერ სწორედ ამ გორაზე გაკეთდა საგუშაგო. აქვე ახლოს ცხოვრობდნენ ყორნები, კარკი და როაკი. როაკი არის კარკის შვილი, რომელიც თავის მხრივ გახლავთ შიკრიკი ყორნების ტომის ბელადი. შემდგომში სწორედ როაკი მიუტანს თორინს სმაუგის დაღუპვის ამბავს.
5.რუფია - "ამბავი ლილე იროელისა" - მართალია, რუფია ყვავია, მაგრამ ნატო დავითაშვილმა იმდენად საინტერესო პერსონაჟი შექმნა, (თან ქართველია) მე მგონი ბევრი არაფერი დაშავდება თუ მის ბიძაშვილ ფრინველებთან მოვიხსენიებთ. ნაწარმოების განმავლობაში ვხვდებით რუფიას ფერისცვალებას. ყვავში ჩასახლებული ბოროტი სული ნელ-ნელა კეთილშობილდება და ლილეს ერთგულ თანმხლებლად იქცევა. წიგნის დასასრულს, იმ მნიშვნელოვან მომენტში, როდესაც ლილე ახალ მოგზაურობას იწყებს, თან მხოლოდ რუფია ახლავს. ბევრჯერ გამოცდილი, ერთგული და ცოტა უტაქტო ყვანჩალა.
6. სამთვალა ყორანი - "ყინულისა და ცეცხლის სიმღერა" - ჯორჯ მარტინის წიგნების სერიაში პირველივე სეზონში ჩნდება სამთვალა ყორანი. მისი გამოჩენა დაკავშირებულია ბრანის ტრავმასთან. პატარა სტარკი სიზმრად ხედავს შავ ფრინველს და მისი ქცევის მიხედვით, მამის სამყოფელის პოვნას ცდილობს.მე-3 სეზონში, ბრანს კიდევ ერთხელ ესიზმრება ყორანი, რომლის მოკვლასაც ძილში ამაოდ ცდილობს. სიზმრად გამოცხადებული ჯოჯენი კი უმხელს, რომ მას არ შეუძლია სამთვალა ყორნის მოკვლა, რადგან ის თავად არის შავთვალა ყორანი.
7. გრიპი - "ბერნაბი რაჯი" - ჩარლს დიკენსმა თავის მთავარი გმირის, ბერნაბის თანმხლებლად, შავი ყორანი აირჩია. ბერნაბი მთელი ნაწარმოების განმავლობაში მასთან ერთად მოძრაობს. გრიპი ერთგული და ძალიან ბევრის მცოდნე ფრინველია. თუმცა, მისი მთავარი დამსახურება იმაშია, რომ ერთ-ერთი ვერსიით, სწორედ ის გახდა ედგარ ალან პოს შთაგონების წყარო.
8. ყორანი - "Raven" - ედგარ ალან პო წარმოუდგენელია მის გარეშე. ყორანი და პო ერთდროულად დაიბადნენ.
პოს მთელ შემოქმედებას გასდევს ყორანის ჩახლეჩილი ხმა, რომელიც გამუდმებით იმეორებს იდუმალ სიტყვას: Nevermore...
ავტორი: ირაკლი სულაძე