25 November, 2014

კურტ ვონეგუტის „კატის აკვანი“ ანუ In God We Trust?



კითხულობ „კატის აკვანს“ და ალუზიები, ქვეტექსტები, კითხვები და პასუხები პატარა ატომურ აფეთქებას იწვევს შენს ცნობიერებაში, ყოველ შემთხვევაში ტვინის იმ ნაწილში მაინც, რომელიც ადამიანის შეზღუდულ აზროვნებაზეა პასუხისმგებელი. ეს არის წიგნი პოლიტიკაზე, რელიგიაზე, მეცნიერებაზე, გამანადგურებულ ტექნოლოგიებზე, ომზე, კაცობრიობაზე. მრავალგზის გადამღერებული თემებია, თუმცა ეს ვონეგუტია. შავი იუმორი, ლაკონური და ექსპრესიული ნარატივი, ნახევარგვერდიანი თავები და ერთწინადადებიანი კულმინაციები - ძლიერი კომბინაციაა, ვერაფერს იტყვი.

„კატის აკვანი“ არის მოხალისე მწერლის იონას (იგივე ჯონის) თავგადასავალი, რომელიც გადაწყვეტს დაწეროს დოკუმენტური წიგნი დღეზე, როცა ჰიროშიმას „პატარა ბიჭი“ ესტუმრა. ინფორმაციის მისაღებად ჯონი უკავშირდება ატომური ბომბის მამათაგან ერთ-ერთის, ნობელიანტი ფიზიკოსის, ფელიქს ჰოენიკერის შვილებს, რომლებიც ფლობენ მამის საიდუმლო გამოგონებას „ყინულ-9“-ს. ეს არის წყლის იზოტოპი, რომელსაც შეუძლია დედამიწის წყლის მარაგი წამებში გაყინოს. ეს არ არის წიგნი ჰიროშიმაში განვითარებული მოვლენების შესახებ. ეს არი წიგნი ამერიკის ერთ დღეზე, იმაზე, თუ როგორია იყო ამერიკელი ამ დღეს.

წიგნი გამოვიდა 1963 წელს, კარიბის ზღვის კრიზისიდან ერთი წლის შემდეგ და კუბრიკის „დოქტორ სტრეინჯლავის“ გამოსვლამდე ერთი წლით ადრე. გამალებული შეიარაღება. ცივი ომით გამოწვეული მაღალი ტემპერატურა მთელ მსოფლიოში და ამ დროს ვონეგუტი მსოფლიო საზოგადოებას აწვდის სიტუაციის ობიექტურ შეფასებას (თვითონვე ამბობს, რომ ეს არადიპლომატიური ნაბიჯია მწერლის მხრიდან).

წითელი ხაზი, რომელიც ნაწარმოებს გასდევს, არის პასუხისმგებლობის თავიდან აცილების მცდელობა, ინდიფერენტიზმი საკუთარი ქმედებების შედეგების მიმართ. თუმცა არსებობს ამგვარი პოზიციის მყარი არგუმენტი - ბოროტი განზრახვის არარსებობა. ატომური ბომბი და „ყინული-9“ ჰოენიკერისათვის არა მსოფლიოზე გაბატონების სურვილის, არამედ წმინდა მეცნიერული ინტერესის ნაყოფია. ის ისეთივე ინტერესით მუშაობდა ამ გამოგონებებზე, როგორი ინტერესითაც სწავლობდა კაბინეტში გამომწყვდეული კუს ქცევას. როცა ატომური ბომბი ჩამოაგდეს, ჰოენიკერის კოლეგამ აღნიშნა, რომ იმ დღიდან მეცნიერებამ იცოდა რა იყო ცოდვა, რაზეც ჰოონიკერმა გულუბრყვილოდ დასძინა: „რა არის ცოდვა?“ (ოპნეჰაიმერი „ტრინიტის“ გამოცდის დროს იმას მაინც მიხვდა, რომ იმ დღეს მსოფლიოს გამანადგურებელი სიკვდილი შექმნა. იქნებ ჰოენიკერის კოლეგა სწორედ ოპენჰაიმერია). ჰოენიკერი ჰუმანიზმისგან დაცლილი მეცნიერების სიმბოლოა (ნობელის პრემიაც ხომ დინამიტისგან მიღებული შემოსავლით დაარსდა).

ვონეგუტის შეუწყალებელი დაცინვის ობიექტია ადამიანთა სისულელის პირმშო - ომი. ყველაფერი უაზრო არ იქნებოდა, თუ იარსებებდა მიზანი, რისთვისაც მილიონობით ჯარისკაცი კვდება რამდენიმე ცივსახიანი და ჰალსტუხიანი ნაბიჭვრის ჩხუბში. ერთ-ერთი პერსონაჟის აზრით, ომში დაღუპულთა ხსენების დღეს უმჯობესია ადამიანებმა სხეული შეიღებონ, ოთხზე იარონ და ღორებივით იღრუტუნონ, ვიდრე დროშები აფრიალონ და გულისამრევი და გამაღიზიანებელი დემაგოგიით ილაყბონ (თავად ვონეგუტი მეორე მსოფლიო ომის მონაწილე იყო, რომელმაც თავის თავზე გამოცადა დრეზდენის დაბომბვა და სამხედრო ტყვეობა).

„კატის აკვნის“ სავიზიტო ბარათია ბოკონონიზმი - რელიგია, რომლის მიმდევარია კარიბის ზღვაში მდებარე და ამერიკის მეგობარი ფიქციური ბანანის რესპუბლიკის - სან ლორენცოს მოსახლეობა. ბოკონიზმის მიხედვით მხოლოდ სულელმა იცის, რას აკეთებს ღმერთი, ამიტომ ადამიანი (კიდევ ერთი მინიშნება ადამინთა სისულელეზე) ქმნის რელიგიას, „იმედის ერთადერთ ეფექტურ ინსტრუმენტს“, რომელიც მას ბედისწერის განკარგვის ილუზიას უქმნის. სან ლორენცოს მთავრობისთვის ბოკონონიზმი [მოჩვენებითი] საფრთხეა, რომელიც კეისარს არა მარტო თავისას არ აძლევს, არამედ საერთოდ უგულვებელყოფს მის არსებობას. ნაპოლეონი ამბობდა, რელიგიაში საზოგადოებრივი წყობის მექანიზმს ვხედავ და არა ღვთიური განსახიერების საიდუმლოსო და ეს კონცეფცია გარკვეული მოდიფიკაციებით ბრწყინვალედ მუშაობს სან ლორენცოში (ამის ბოლომდე გასაგებად წაიკითხეთ წიგნი). ბოკონონიზმი, სხვა საი-ფაი რელიგიებთან შედარებით (მაგალითად მერსერიზმი „ესიზმრებათ ანდროიდებს ელექტრული ცხვრებში?“, ფორდიზმი „ახალ მშვენიერ სამყაროში“), ყველაზე მაგარი გამოგონილი რელიგიაა, რადგან, თავისი არსით, რეალურია.

ბოკონინზმის მიხედვით ვერ ვიტყვით, რომ ღმერთი არ არსებობს. ის უბრალოდ გულგრილია თავის ხატად შექმნილთა მიმართ, აღარ აინტერესებს რა მოუვა ადამიანებს. ღმერთს ყელში ამოუვიდა ადამინთა სისულელე, რაც გინდათ ის გიქნიათო. სხვათაშორის, ჰოენიკერმა „ყინული-9“ გზებზე ტალახის პრობლემის მოსაგვარებლად შექმნა, ბოკონონიზმის მიხედვით კი ღმერთმა ადამიანი ტალახისგან შექმნა [!]

თავად კატის აკვანი საბავშვო თამაშია. თითებზე ძაფების მოძრაობით ქმნი ალუზიურ ფიგურებს და ბავშვი ამ ფიგურებს მისთვის სასურველ ცხოველს ამსგავსებს. თამაშის ბოლოს ძაფების იღებს X-ს მაგვარ ფორმას და ისმება კითხვა: ვერ ხედავ კატას? ვერ ხედავ აკვანს? შეიძლება ითქვას, რომ კატის აკვანი ტყუილებზე აგებული თამაშია. იმ დღეს, როცა დედამიწის არსებობა დასრულდა (ასე ჰქვია ჯონის წიგნს), ჰოენიკერი თავის უმცროს შვილს კატის აკვანს ეთამაშებოდა, თუმცა შვილმა, როგორც ამერიკამ, იმ დღეს ვერც კატა დაინახა და ვერც - აკვანი.

„ჩემპიონთა საუზმეში“ ვონეგუტმა დაწერა, რომ ამერიკის ჰიმნს ერთი უცნაური თავისებურება ახასიათებს, მის ტექსტში კითხვის ნიშნების სიმრავლეა. XXI საუკენეში ღმერთი გულგრილია. თუმცა ამერიკას (და „ამერიკაში“ მარტო ამერიკას ნუ მოიაზრებთ) ასეთი დაშვება არ აწყობს. როგორ უნდა დაიჯერო ასეთი ღმერთის? In God We Trust? საკითხავი აი ეს არის.


ავტორი: გიორგი ნაკაშიძე