XIX საუკუნის ბელგიაში ცხოვრობდა ერთი ასეთი სიმბოლისტი მწერალი და პოეტი ჟორჟ როდენბახი, რომელმაც რამდენიმე ნაწარმოებთან ერთად მსოფლიოს დაუტოვა ნოველა ერთ მკვდარ ქალაქზე. მიუხედავად იმისა, რომ ცხოვრების უმეტესობა მან პარიზში გაატარა, მის შემოქმედებაში უმთავრეს როლს თამაშობდა ეს ქალაქი. ამ ნოველის შესავალში როდენბახი წერს: „ჩემი მთავარი მიზანია, ეს ქალაქი წარმოვაჩინო როგორც ცოცხალი არსება, პიროვნება, რომლის ცვალებადი ხასიათი გვარწმუნებს ან გადაგვარწმუნებს და განსაზღვრავს ჩვენს მოქმედებებს.“
ამ ნოველაში აღწერილი ამბავი არის ავადმყოფურ (აკვიატებულ) სიყვარულზე. ეს არის სიმბოლისტური ნოველა, შეიძლება ერთადერთი სიმბოლისტური ნოველა, რომელმაც განიცადა სიმბოლიზმის მთავარი ნიშნების - ხასიათების და მწუხარების გავლენა. ნოველის მთავარი პერსონაჟია ქვრივი კაცი, ჰიუგ ვიანი, რომელსაც რამდენიმე ხნით ადრე მოუკვდა ცოლი და დიდი წუხილით მოსილი გადადის ამ ქალაქში. აქ ის ცხოვრობს თავისი ცოლის ტანსაცმელთან, წერილებთან, მის თმასთან ერთად. სახლს მხოლოდ იმისთვის ტოვებს, რომ ქუჩებში უმიზნოდ იხეტიალოს. ერთ-ერთი ხეტიალისას წააწყდება თავისი ცოლის მსგავს ქალს (ჯეინი), რომელსაც ხმაც კი იგივე აქვს. რამდენიმე ხნის განმავლობაში ამ ქალთან ბედნიერია. თუმცა აღმოაჩენს, რომ მისი მკვდარი ცოლისგან მკვეთრად განსხვავებულია:
„ ჰიუგს იმ დღიდან, როცა ჯეინს თავისი ცოლის ერთ-ერთი ძველმოდური კაბა ჩააცვა, უცნაური გრძნობა დაეუფლა. მან შორს შეტოპა. ორი ქალის გაერთიანების მცდელობას შედეგად მათ შორის ზღვრის წაშლა მოჰყვა. თავის მოტყუება მაშინ ხდებოდა შესამჩნევი, თუ ისინი ერთმანეთისგან მოშორებით იმყოფებოდნენ, სიკვდილის ბურუსით განცალკევებულნი. ახლოს ყოფნისას ყველა განსხვავება თვალშისაცემი ხდებოდა.“
ბოლოს ეს ქალი ჰიუგს დასცინებს, მისი ცოლის თმასაც შეეხება, იმ ტაძარს დაანგრევს, რომელმაც ჰიუგმა ცოლის სახსოვრად ამ მკვდარ ქალაქში ააგო. ასეთი შეურაცხყოფის მოთმენა მისთვის ძნელი აღმოჩნდა და ამ საქციელს ჰიუგი საკადრის პასუხს სცემს [!]
ეს ნოველა აღსანიშნავია იმ კუთხითაც, რომ მიიჩნევა პირველ მხატვრულ ნაწარმოებად, რომელიც ილუსტრირებულია ფოტოსურათებით. სურათებში ასახულია ქალაქის უკაცრიელი ხედები, რომელთა არქიტექტურა ზუსტად არის არეკლილი ქალაქის წყლის არხებში.
ეს ნოველა აღსანიშნავია იმ კუთხითაც, რომ მიიჩნევა პირველ მხატვრულ ნაწარმოებად, რომელიც ილუსტრირებულია ფოტოსურათებით. სურათებში ასახულია ქალაქის უკაცრიელი ხედები, რომელთა არქიტექტურა ზუსტად არის არეკლილი ქალაქის წყლის არხებში.
სწორედ სურათების გამო მიიღწევა ის ეფექტი, რომ თითქოს ნოველაში ერთმანეთთანაა დაკავშირებული ფიქცია და რეალობა. მთხრობელი აღწერს ნამდვილ ადგილებს, ეკლესიებს, ხელოვნების ნიმუშებს, ქუჩებს. ამის შედეგად იზრდება რეალობის შეგრძნება და გარემო ხდება ნამდვილი. ნოველაში აღწერილი გარემო თვითმყოფადია, შეუძლებელია სხვაგან არსებობდეს. ის არ ჰგავს მაგალითად, „მადამ ბოვარს“, რომელიც საფრანგეთის ნებისმიერ პროვინციაში შეიძლება იპოვო.
ამის გამო იქმნება შთაბეჭდილება, რომ ქალაქი თავად არის ნოველის მთავარი გმირი, როგორც, მაგალითად, ჰიუგოს პარიზის ღვთისმშობლის ტაძარი. ემოციური კავშირი, რომელიც მთავარ გმირსა და ქალაქს შორის მყარდება, ერთის მხრივ, ქალაქის გარემოს მელანქოლიით სავსე სიცოცხლეზე მიანიშნებს. მეორე მხრივ კი, ქალაქის ატმოსფერო ნისლის, ცივი ქარებისა და უსიცოცხლო ქვების კონსტრუქციების სიმრავლის გამო სიკვდილის საუფლოს ემსგავსება. დიდია ალბათობა იმისა, რომ როდენბახმა სწორედ ქალაქი ჩაიფიქრა თავის მთავარ პერსონაჟად, მას ხომ ურთიერთობის უნარი აქვს:
„ქალაქებს აქვთ პიროვნულობა, საკუთარი სული, ფართო ხასიათი, რომელიც ეხმიანება სიხარულს, ახალ სიყვარულს, სასოწარკვეთას, დაქვრივებას. თითოეული ქალაქი არის გონების მდგომარეობა, ხასიათი, რომელიც ცოტა ხნის შემდეგ უკვე გეკონტაქტება, ჩვენში შემოდის და ჩვენ მისით ვიჟღინთებით, თუნდაც იმ ჰაერით, რომელსაც ვსუნთქავთ.“
ნოველა დიდი პოპულარობით სარგებლობდა გამოცემის პერიოდში, თუმცა მომავალ თაობებში სრულად მივიწყებულიც კი იქნა. 1920 წელს ერიხ კორნგოლდმა ნოველის მიხედვით დაწერა ოპერა Die Tote Stadt, რომელიც დღესაც ბევრ სცენაზე იდგმება. არსებობს ვერსიები, რომ ამ ნოველამ შთააგონა ალფრედ ჰიჩკოკს Vertigo-ს გადაღება (მსგავსებები მართლაც დიდია, თუმცა ამაზე არ ვისაუბრებ). ჰიჩკოკი არ ვიცი, მაგრამ დარწმუნებული ვარ, რომ ეს ნოველა ნამდვილად წაიკითხა ბრიტანელ-ირლანდიელმა რეჟისორმა მარტინ მაკდონაჰმა (თუმცა ამაზე მითითება ინტერნეტსივრცეში ვერ ვიპოვე).
ნოველის დასაწყისში როდენბახი წერს:
„ქალაქი, რომელიც მართლაც ლამაზი და მომხიბვლელი იყოს წარსულში, წარმოადგენდა ჰიუგის პირადი დანაკარგის ვირტუალურ ინკარნაციას. ბრიუგე იყოს მისი ცოლი, ქალი კი თავად იყო ბრიუგე. მათი ბედისწერები ერთმანეთს დაუკავშირდა. ეს იყო მკვდარი ბრიუგე, მკვდარი ქალაქი, მისსავე ქვის ნავმისადგომებსა და სიკვდილის სუსხის მქონე არხებში განსახიერებული.“
ამ ქალაქს კიდევ ერთი გარემოება ახასიათებს: მის სურათებზე ხალხი თითქმის ან საერთოდ არ ჩანს - ბრიუგე მკვდარი ქალაქია. ნოველასაც ასე ჰქვია: „მკვდარი ბრიუგე“. „მკვდარი ბრიუგე“ სიმბოლიზმის შედევრია.
ავტორი: გიორგი ნაკაშიძე.
ავტორი: გიორგი ნაკაშიძე.