06 December, 2016

Goodreads-ის არჩევნების საბოლოო შედეგები ცნობილია




გარდა საქვეყნოდ ცნობილი პრემიებისა, როგორებიცაა ჰიუგო, ნებულა, ბრემ სტოკერი და ა.შ. უკვე რამდენიმე წელია, რაც საერთო თანრიგს სოციალურ ქსელ Goodreads-ის ჯილდოც შეემატა. საიტის მომხმარებელი ყოველწლიურად თითო-თითო ხმას აძლევს საყვარელ ავტორებს (მხოლოდ იმ წელს გამოცემული წიგნების მიხედვით) და გამოარჩევს ჟანრში თითო საუკეთესო ნაწარმოებს. ჟანრები გრადირებულია ზოგადი ბელეტრისტიკიდან კულინარიამდე, თუმცა ჩვენ მხოლოდ რამდენიმე მათგანზე გავამახვილებთ ყურადღებას, დანარჩენი კი უფრო დეტალურად შეგიძლიათ იხილოთ აქ.


მისტიკა და თრილერი

მიუხედავად იმისა, რომ მთელი მსოფლიო ერთხმად ვთანხმდებით - სტივენ კინგის დეტექტივში გადასვლა არც თუ ისე წარმატებული გამოდგა, წლევანდელმა ტრილოგიის ბოლო წიგნმა მაინც თავისი თქვა. რა დაგიმალოთ და როცა კინგის ბიბლიოგრაფიის ბოლოში გავალ, მერსედესის ტრილოგიას ალბათ უკანასკნელს გადავშლი, მაგრამ არის ხალხი, ვინც კინგის ამ მიმართულებით განვითარებას ერთგვარ ახალ ნაბიჯად აღიქვამს, ანდაც იმ აუცილებელი ორმოს ამოვსების წარმატებულ მცდელობად, რომელიც ყველა დიდმა მწერალმა უნდა გაიაროს, რომელიც მრავალმხრივ ჟანრობრივ არეალს მოიცავს. მოკლედ, ასეა თუ ისე, კინგის ფანბეიზი მძლავრობს და ისევე როგორც წინა წიგნების შემთხვევაში, პირველობას არც ამ შემთხვევაში უთმობს სხვა ავტორს. საგუშაგოს დასასრულმა 42 000-ზე მეტი ხმა აიღო, მეორე ადგილზე მყოფმა ლუიზი პენის დიდმა გაანგარიშებამ კი მხოლოდ 23 038. პრინციპში, სხვას არც არაფერს ველოდით. თან თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ ლუსი პენის დიდი გამოხმაურება არ მოჰყოლია. როგორც იცით, კინგი უკვე მუშაობს ახალ წიგნზე, რომელიც სავარაუდოდ ამავე ჟანრში დამკვიდრდება და მომავალ წელსაც ძნელად თუ ჩამოაგდებს ვინმე ტახტიდან. ისე, უნდა ითქვას, რომ ტრილოგიისგან განსხვავებით დიდი მოლოდინები გვაქვს მისი 2015 წლის მოთხრობების კრებულის მიმართ (ცუდი სიზმრების ბაზრობა), რომელსაც ყველა აღიარებს, როგორც ერთ-ერთ საუკეთესო კრებულს მის შემოქმედებაში.


ფენტეზი

ავად თუ კარგად, ზემოთ თქმული ტენდენცია გრძელდება შემდეგ ჟანრში, რომელშიც ლიდერობა არავის დაუთმო როულინგის დაწყევლილმა ბავშვმა, რომლის ყდაზეც ჰარი პოტერი იმხელა ასოებით წერია, რომ ძნელია მასზე, როგორც დამოუკიდებელ ნოველაზე იფიქრო. კრიტიკოსები ამ წიგნს არაერთგვაროვნად აფასებენ, თუმცა კარგია, რომ გუდრიდსის მომხმარებელი კრიტიკოსების აზრს არასდროს ითვალისწინებს და აქ რომანტიკული გრძნობები უფრო ჭარბობს ხოლმე, ვიდრე ლოგიკური შეფასება. ამ შემთხვევაშიც, ძნელია როულინგს სხვა თვალით შეხედო. არადა, ჟანრში ისეთი კონკურენტები ჰყავდა, როგორებიც არიან ბრენდან სანდერსონი, მარკ ლოურენსი, პატრისია ბრიგსი და სხვები. ისე, საინტერესოა, რომ სანდერსონის მისთბორნის მორიგ ნოველას - მგლოვიარე რაზმები, მეორე ადგილი მთელი 10 000 ხმით აწაპნა ვიქტორია შვაბმა მაგიის ჩრდილების მეორე წიგნით - აჩრდილთა კრება.
აღსანიშნავია, რომ თანამედროვე ფანტასტებს შორის ერთ-ერთი გამორჩეული - მარკ ლოურენსი (განადგურებული იმპერიის ტრილოგიის ავტორი), რომელიც აქტიური მომხმარებელია Goodreads-ზე და ხშირად გვანებივრებს კარგი ლიტერატურული მიმოხილვებით, თავისი ოშეიმის ბორბლით, რომელიც წითელი დედოფლის სერიის მესამე წიგნით იყო ჩართული ამ შეჯიბრში, მხოლოდ მე-18 ადგილს და 1 613 ხმას დასჯერდა.


სამეცნიერო ფანტასტიკა

ბოლო წლების მიდგომა აისახა სამეცნიერო ფანტასტიკის ჟანრშიც, სადაც შარშანდელის მსგავსად წელსაც პირს ბრაუნმა გაიმარჯვა, ამჯერად უკვე წითელი აღზევების ტრილოგიის მესამე წიგნით - დილის ვარსკვლავი. რატომ სამწუხაროდ? იმიტომ, რომ კლასიკური საი-ფაი პოზიციებს კარგავს და მკითხველი უფრო მარტივად საკითხავ წიგნებს ეტანება. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენთვის ყველასთვის საყვარელმა და სასურველმა მარსელმა შარშანწინ პირველობა არავის დაუთმო, ესეც ხომ არ არის წმინდა სამეცნიერო ფანტასტიკა? ენდ უეირში ჩვენ ხომ უფრო მეტად მისი იუმორი მოგვწონს, ვიდრე ფუტურისტული იდეები? არც პირს ბრაუნის ნაშრომებია ამ მხრივ დიდად განსხვავებული. ამასობაში კი ყურადღების მიღმა რჩებიან ისეთი ავტორები, როგორებიც არიან ნილ სტივენსონი, ორსონ სკოტ კარდი, ჯონ სკაცი და კიმ სტენლი რობინსონი.
წელს თითქმის 14 000 ხმის ჩამორჩენით მეორე ადგილზე ბლეიქ ქრაუჩის შავი მატერია გავიდა, მას მოჰყვა ვარსკვლავური ომების მორიგი ნოველა კლაუდია გრეის ავტორობით, მეოთხეზე კი ტერი პრეტჩეტის გრძელი კოსმოსი გავიდა, რომელიც ოსტატმა 2014 წელს სიკვდილამდე, 18 თვით ადრე დაასრულა, თუმცა ეს არ ყოფილა მისი უკანასკნელი ნამუშევარი. ეს გრძელი დედამიწის 5-ნაწილიანი საგის ბოლო წიგნია, რომლის თანაავტორადაც კიდევ ერთი ვეტერანი - სტივენ ბაქსტერი ევლინება.


გრაფიკული ნოველა

ცოტა არ იყოს უცნაური იყო კომიქსების კატეგორიაში გამარჯვებული სარა ანდერსენი, რომელმაც წელს გამოაქვეყნა გრაფიკული ნოველა - ზრდასრულობა მითია. აქაც, რაღა დაგიმალოთ და თინეიჯერი გოგონების წილი უფრო მეტი მგონია ამ ავტორის გამარჯვებაში, ვიდრე კომიქსის ღირსება. ჯერაც ნაკლებად ცნობილი სარა თავის გუდრიდსის აღწერაში გვეუბნება, რომ მან 2014 წელს დაამთავრა მერილენდის ხელოვნების კოლეჯი და ამჟამად ბრუკლინში ცხოვრობს. მისი კომიქსები კი ნახევად ავტობიოგრაფიულია, რომელიც მის მოგზაურობებს, მის პიროვნებას, მეგობრებსა და საყვარელ შინაურ ცხოველებზე მოგვითხრობს. მოკლედ, არ ვიცი... მეტი ამ ავტორის შესახებ მეც არაფერი გამიგია. სამაგიეროდ, ყველა კარგად ვიცნობთ მეორე ადგილზე გასულ საგას, რომელიც ბრაიან ვოგანის მიერ შექმნილი თანამედროვეობის ერთ-ერთი საუკეთესო კომიქსია. საგა წლევანდელ დაჯილდოებაზე მე-6 ვოლუმით შევიდა, თუმცა პირველ ადგილს მაინც ვერ შესწვდა. არადა, ის ერთნაირად გამორჩეულია უნიკალური მხატვრობითა და შიინარსით, რომელსაც აღფრთოვანებაში მოჰყავს როგორც ოქროს ხანის კომიქსების ფანები, ისე ამ ჟანრის დამწყები მკითხველი. უნდა ითქვას ისიც, რომ მისის მარველი მე-4 ადგილზე გავიდა, პოლ დინის - ბნელი რაინდი: ბეთმენის ნამდვილი ამბავი კი მხოლოდ მეშვიდეზე. 


საშინელება

და ბოლოს: წლევანდელი დაჯილდოების ყველაზე ლოგიკური, ყველაზე საინტერესო და ყველაზე საშიში განყოფილება. აი, ამიტომ არის ჯო ჰილი თანამედროვეობის ერთ-ერთი თვალსაჩინო მწერალი, რომელიც მალევე გამოვიდა მამამისის ჩრდილიდან და მე-20 საუკუნის მოჩვენებების კრებულის შემდეგ ყოველწლიურად უფრო და უფრო ღრმად ეფლობა საშინელებათა ჟანრში. მას სრული სიცხადით აქვს გაცნობიერებული, თუ როგორი უნდა იყოს საშინელება, რომელიც მკითხველს დააინტერესებს და ყოველ ახალ წიგნს ახალი მოლოდინით შეხვდება. ეს კატეგორია საინტერესო იყო იმითაც, რომ პირველ და მეორე ადგილოსანს შორის სხვაობა 2 000-ზე ნაკლები ხმა იყო. ამ საპატიო ადგილს დოტ ჰაჩისონის პეპლის ბაღი შესწვდა, მესამეზე ათასზე ოდნავ მეტი ხმის სხვაობით ჯასტინ კრონინის სარკეების ქალაქი გავიდა, ლავკრაფტისეული ჰორორის მორიგი ნოველა - ლავკრაფტის ქვეყანა კი, რომელიც მეტ რაფმა დაწერა, 5 8881 ხმით მეექვსე ადგილს იკავებს.


მოკლედ, წლევანდელმა დაჯილდოებამ ზედმეტი მოულოდნელობების გარეშე ჩაიარა. კვლავ გაიმარჯვეს მკითხველთა საყვარელმა ავტორებმა და კვლავ ჩრდილში დარჩნენ ნაკლებად პოპულარული, მაგრამ ძალიან კარგი მწერლები. თუმცა, ეს მხოლოდ იმ ჟანრებს ეხება, რომელიც ზემოთ ვახსენეთ და მათ შორისაც არის ის ერთი, რომელიც აუცილებლად, ყოველ მიზეზგარეშე იმსახურებდა ამ პრემიას. ჯო ჰილი თანამედროვე ჰორორს მხრებით ქაჩავს და მას ღირსეულად ემსახურება. Goodreads კი უკვე მომავალი წლისთვის ემზადება და 2017 წლისთვის გამზადებული წიგნებისთვის საპატიო თაროებს წინასწარ ამზადებს.







ავტორი: ირაკლი სულაძე