კოსმოსური მგლების სერია შესდგება 6 წიგნისაგან, უილიამ
კინგის ავტორობით. უილიამ კინგი გახლავთ საკმაოდ სერიოზული ავტორი სამეცნიერო ფენტეზისა
და ფენტეზის ჟანრში. თუმცა, მან სახელი გაითქვა სწორედ ვორჰამერის სამყაროში მოღვაწეობით.
მისი ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი პერსონაჟი არის რაგნარი, მაგრამ ვერ ვიტყვით, რომ ეს პერსონაჟი უილიამის გამოგონებულია,
რადგან ის უკვე არსებობდა თამაშში და გააჩნდა მოკლე ბექგრაუნდიც. უილიამმა კი რაგნარის
ისტორია უფრო განავრცო და ნოველთა კრებულის სახე მისცა. დღეს ჩვენ ვისაუბრებთ სწორედ
6 წიგნიდან(რომლის სახელია კოსმოსური მგლები)
პირველზე, სახელწოდებით- კოსმოსური მგელი.
მცირე
ისტორია
პლანეტა ფენრისი...
ოდესღაც, რამდენიმე ათასეული წლის წინ, ამ პლანეტაზე თავისი ძლევამოსილი ლეგიონით(კოსმოსური
მგლების ლეგიონი უშუალოდ შეიქმნა იმპერატორის მიერ) დასახლდა ერთ-ერთი პრიმარქი ლემან რუსი. თავის ლეგიონს უწოდა ფენრისის მგლები და მრავალი სისხლისმღვრელი
ბრძოლის შემდეგ ,,მგლებმა“ ერთ-ერთი უძლიერესი ლეგიონის სახელი მოიპოვეს გალაქტიკაში.
არავინ იცის რა ბედი ეწია ლემან რუსს. ზოგი ამბობს, რომ ის წავიდა თავისი მეგობრისა
და ამასთანავე მოწინააღმდეგის, ბნელი ანგელოზების (პირველი ლეგიონი) პრიმარქის, ლაიონ ელ ჯონსონის საძებნელად, ზოგიც იძახის,
რომ დღეს-დღეობით იგი გადაცმული დადის გალაქტიკიდან გალაქტიკაში და იცავს იმპერატორის
ძალებს ჩრდილებიდან.
ლემან რუსი |
რაგნარ
თანდერფისტი
პლანეტა ფენრისი... 10000-ზე მეტი სტანდარტული წელიწადის
შემდეგ მეექვსე ლეგიონის დაარსებიდან. რაგნარ ბლექმეინი 20 წლამდე ახალგაზრდაა თანდერფისტების
ტომიდან. მიუხედავად მისი მცირეასაკოვნებისა, რაგნარმა სახელი გაითქვა თავისი სიმამაცითა
და შეუპოვრობით. მთელ ტომში დიდი პატივისცემითაც სარგებლობს და თანდერფისტების ტომის
ერთ-ერთი ფესტივალის დროს(რომელიც ყოველწლიურად ტარდება), როდესაც რაგნარი განცხრომაშია,
საყვარელი ქალი გვერდით ჰყავს, სოფელს უეცრად თავს დაესხმება მოწინააღმდეგე ტომი, გრიმსკალები,
რომლებსაც თავის დროზე მიწა წაართვა თანდერფისტების დაჯგუფებამ. სისხლისმღვრელი, დაუნდობელი
ბრძოლა გაჩაღდება. ახალგაზრდა რაგნარი შეუპოვრად იბრძვის, თუმცა საკუთარი თვალით იხილავს,
როდესაც მამამისს, მოწინააღმდეგე ტომის სახელგანთქმული ახალგაზრდა მეომარი, სტრაიბიორნ გრიმსკალი მახვილით განგმირავს. რაგნარი მიუხედავად იმისა, რომ ახალგაზრდაა,
საოცარი პროფესიონალიზმით დააბალანსებს მოზღვავებულ გრძნობებს და მეომრული სულისკვეთებით
სასიკვდილო დარტყმას მიაყენებს გრიმსკალს, თუმცა, საპასუხოდ ანალოგიურ დარტყმას მიიღებს
ახალგაზრდა მეტოქისგან. სწორედ ამ მომენტიდან, გარდაცვალებიდან იწყება რაგნარის ნამდვილი
ისტორია. მკითხველი პირდაპირ გაოცდება, თუ როგორი სიცხადით აქვს აღწერილი უილიამ კინგს
ეს ისტორია, რომელსაც უშუალოდ გადაყავხარ ვორჰამერის საოცარ სამყაროში.
რაგნარის
რეიკარნაცია
ფაქტობრივად მკვდარი, სისხლისგან დაცლილი რაგნარი ელოდება,
როდის შეუერთდება თავის ოჯახის წევრებს სამოთხეში, როდესაც ყურში ჩაესმის კოსმოსური
მგლების მღვდლის, რანეკის სიტყვები, რომელიც
მაგიის წყალობით გადაარჩენს მომაკვდავ მეომარს. გონს მოსული რაგნარი ნახავს, რომ მასთან
ერთად, რანეკმა გადაარჩინა მისი მოსისხლე მტერი, სტრაიბიორნიც და მის მოკვლასაც კი
შეეცდება, რომ არა რანეკი. თქვენ მიხვდებით, რომ ამ მომენტიდან, რაგნარს უჩნდება გარკვეული
მოვალეობები, ახალი მიზნები, რომლის გათვალისწინებაც მოუწევს რაგნარს უნდა თუ არ უნდა.
რაგნარი იძულებულია გაიმარჯვოს საკუთარ სიძულვილზე სტრაიბიორნის მიმართ, თუ უნდა რომ
გარდაუვალი მარცხი აიცილოს თავიდან. ამასვე ეუბნება ჩვენს პერსონაჟს რანეკიც. რაგნარს
ფაქტობრივად აჩუქეს მეორე სიცოცხლე და ბუნებრივია მისი მოვალეობებიც განსხვავდება მის
პირველ სიცოცხელში არსებული მოვალეობებისგან. იგი გადაარჩინეს მხოლოდ ერთი მიზნით-
ის უნდა გახდეს კოსმოსული მგლების ორდენის წევრი! იბრძოლოს თავის ახალ ძმებთან, მგლებთან
ერთად და ქაოსის ძალები დაუნდობლად გაანადგუროს.
რანეკი |
კოსმოსური
მგელი
თუმცა ძლევამოსილი ორდენის წევრობა მხოლოდ რჩეულთა ხვედრია.
კოსმოსურ მგლად ჩამოყალიბება ურთულესი პროცესია, რომლის გასავლელად საჭიროა რამდენიმე
ფსიქოლოგიური თუ ფიზიკური გამოცდის ჩაბარება. ეს გამოცდები მოიცავს კრიტიკულ სიტუაციაში
რამდენად აკონტროლებს მეომარი საკუთარ გრძნობებს, ამ გამოცდაში ყურადღება ენიჭება მეომრის
ფსიქოლოგიურ სისუსტეებს. კონკრეტიკას მკითხველი თავად გაეცნობა. ამ გამოცდის წარმატებით
ჩაბარების შემდეგ, მეომარმა უნდა შესძლოს იარაღის წყალობით გაიკვალოს გზა ფენრისის
დაუნდობელი მონსტრების წიაღში, რათა მოიპოვოს ,,გენესიდი“(გენების ნაკრები, რომელიც აუცილებელია კოსმოსურ მგლად ტრანსფორმაციისთვის)
აქ თავს გადამხდარი ამბები ერთი ამოსუნთქვით იკითხება. ბუნებრივია, ვისაც ოდნავ მაინც
გაქვთ წარმოდგენა Warhammer-ის
წარმოდგენაზე, გეცოდინებათ, რომ ამ სამყაროში სისასტიკე გაცილებით უფრო მეტია, ვიდრე
სიკეთე და სათნოება, შესაბამისად უილიამ კინგი, რომელსაც ხშირ შემთხვევაში ყურადღება
აქვს გამახვილებული პერსონაჟების ხასიათებზე, არ წყდება ამ სამყაროს უმთავრეს ხაზს
და იქ არსებულ ტრაგიზმს მაინც ხაზს უსვამს. მეგობრის დაკარგვა, ღალატი და სხვა უარყოფითი
ხასიათის მატარებელი საქციელი უილიამ კინგის ამ ნაწარმოებშიც შეხვდება მკითხველს.
რაგნარი ფენრისული ჯიშის მგელთან ერთად |
ამ გამოცდების წარმატებით ჩაბარების შემდეგ, რაგნარი და
მისი ორი მეგობარი, სვენი და სტრაიბიორნი, რომლებთან ერთადაც რაგნარს მოუწევს
ბრძოლა მომავალში, იღებენ გენესიდს და გადაიქცევიან ტიპურ კოსმოსურ მგლად. თუმცა, აქ ხაზი მინდა გავუსვა იმას, რომ ამ ორდენის მეომარი მხოლოდ რობოტის მსგავსი მეომარი არ არის, რომელსაც არ გააჩნია წარსული და არ გააჩნია ის, რისთვისაც მან უნდა იბრძოლოს. კოსმოსურ მგელს უნდა შეეძლოს კრიტიკულ სიტოაციაში სწორი გადაწყვეტილების მიღწევა, რაც განპირობებულია წარსულში ლეგიონების წევრების მიერ დაშვებული შეცდომების გაანალიზებით. აქედან გამომდინარე, კოსმოსური
მგლისთვის აუცილებელია მთელი ლეგიონის ისტორიის ცოდნა, ლეგიონის სუსტი და ძლიერი მხარეები. ამ ყველაფრით კი მგლები უზრუნველყოფილნი
არიან სპეციალური აპარატით, რომელიც წამის მეასედებში აწვდის უზარმაზარ ცოდნას მეომარს.
რაგნარი მეგობრებთან ერთად |
საბრძოლო
მონაცემების გაუმჯობესება
კოსმოსურ მგლად ტრანსფორმირებული ადამიანი ხდება უფრო
ძლიერი. იგი ფიზიკურად არის გაცილებით დიდი, ვიდრე ჩვეულებრივი მოკვდავი ადამიანი.
მას აქვს უფრო სხარტი, მოქნილი მოძრაობები, მომაკვდინებელი დარტყმის უნარი, გაძლიერებული
ყნოსვა, ჭრილობის შემთხვევაში სწრაფი რეგენერაცია, ნებისმიერი შხამის საწინააღმდეგო
ტოქსინები თვითონ ორგანიზმში, რომელიც საშუალებას აძლევს ველურ პირობებში მოინელოს
ყველა სახის ნივთიერება, თუნდაც ყველაზე შხამიანი მცენარეები. კოსმოსური მგელი არის
ტიპური საბრძოლო მანქანა(ამასთანაცე საოცრად მოაზროვნე), რომელსაც ევალება იმპერატორის სახელით ერეტიკოსთა და დემონური
წარმონაქმნი არსებების განადგურება.
ამ წიგნში მკითხველი შეხვდება უფრო მასშტაბურ ბრძოლებსაც
ბნელეთის არსებებთან, ერეტიკოსებთან და მათ შორის, თავად 10000 წლოვანი გამოცდილების
მქონე ვეტერან მოდოქსთან დაპირისპირებულ რაგნარს. საინტერესოა, რომ კოსმოსური მგლების
ცხოვრებაში, რაც უფრო რთულ და სისხლისმღვრელ ბრძოლას ექნება ადგილი, მით უფრო მეტი
ღირსება ემატება მეომარს, მით უფრო დასაფასებელი და პატივსაცემი ხდება თანამებრძოლების
მხრიდან. სწორედ ესაა ჭეშმარიტი კოსმოსური მგლის სახე. მათ აქვთ მიზეზი რატომაც იბრძვიან, მათ აქვს შესაძლებლობა რითიც იბრძვიან, მათ აქვთ მიზანი რის მისაღწევადაც იბრძვიან და რაც
მთავარია, მათ აქვთ იმედი, რაც ამ სამი ცხოვრებისეული წესის განხორციელებაში ეხმარებათ.
ავტორი: გიორგი წერეთელი
მოდოქსი |
ავტორი: გიორგი წერეთელი