შემოდგომა
კი კართან იდგა და იცდიდა...
იცდიდა და ელოდა ზამთრისწინა სუსხს, ქარბუქს, გამხმარი
ფოთლის ტეხვის ხმას, გამოჭრილ გოგრაში დანთებული ცეცხლის ხმას, ქვაფენილზე ჩამოდენილ
ტალახიან წყლის და ნაწვიმარი ასფალტის სურნელს. იცდიდა, რადგან იცნობდა ქალაქს, რომელსაც
უნდა შეხვედროდა. ეს პატარა ქალაქი იყო, პატარა ქალაქები კი განსაკუთრებით მგრძნობიარენი
არიან ყველაფრის - მათ შორის წელიწადის დროების მიმართაც. ეს ქალაქი სალემი იყო. სალემიდან,
რამდენიმე წლის შუალედით, ათობით ადამიანი გაუჩინარდა. უფრო სწორად, კიარ გაუჩინარდა
- მოკვდა! დაიხოცნენ ისე, რომ სალემში ბუნებრივი სიკვდილი ლამის სანატრელი გახდა. ამერიკის
ეს პატარა ქალაქი გახდა შუშის სფეროგადაფარებული სათამაშო, რომლის თითოეულ მცხოვრებსაც
ყოველი მომდევნო დილის გათენება შიშის ზარს სცემდა.
შიში და შიშის ფსიქოლოგია რაც არ უნდა უცნაური იყოს,
ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო სფეროა. ის კი უფრო საინტერესოა, რომ შიშის, როგორც მოვლენის
გამოსაკვლევად საუკეთესო ხერხი - საშინელებათა ჟანრია. ჟანრი, რომელსაც ინგლისურად
მარტივად horror ეწოდება. ეტიმოლოგიურად, უნდა ვაღიაროთ, რომ ჰორორის პირდაპირი
ქართული თარგმანი - „საშინელება“ ბევრად სუსტად ჟღერს და იმის ნახევარსაც არ გადმოსცემს,
რასაც, მაგალითად, რუსული - ужас. შეიძლება ამიტომაცაა, რომ საშინელებათა ჟანრმა ჩვენში
აგდებული და არასერიოოზული დამოკიდებულება დაიმსახურა. „უჟასების“ ოთხმოცდაათი პროცენტი
თავის ხერხიან-ზარებიანად ერთი დიდი კომედიაა. კომედია, რომელზეც დალაგებულ ადამიანს
არ უნდა გაგეცინოს, სხვა მხრივ კი ამ ყოველივეში საშიში არაფერი. შიში ბევრად უფრო
რთული და დაფარული გრძნობაა. საშინელება ყველაზე შემზარავი მაშინ არის, როდესაც ის
არ ჩანს. ის, როგორც ბოროტების მთავარი დამქაში ლოგინის ქვეშ ან ტანსაცმლის კარადაში
იმალება, მის თვალებს ვგრძნობთ ბნელ დერეფნებში და ძალაუნებურად ვუჩქარებთ ნაბიჯს.
სწორედ იმიტომ არის ჰორორი საინტერესო, რომ ის გვთავაზობს სამყაროს ყველაზე დაფარული
ოთახების გასაღებს, რომელიც ამასთან ერთად არც მთლად ფანტასტიკურია.
სტივენ კინგმა, „ღამის ცვლის“ შესავალში საკმაოდ ბევრი
ილაპარაკა ჰორორზე და იმ შინაგან სურვილებზე, რის გამოც მან საშინელებათა ჟანრს მოკიდა
ხელი. მისი თქმით, ადამიანები ვკითხულობთ ნოველებს საშიში შინაარსით, თუნდაც იმიტომ,
რომ დავთრგუნოთ ჩვენი საკუთარი შიშები. ეს შიშები კი, არ არის არც ვამპირების, არც
მოჩვენებებისა და არც სიკვდილის შიში. ჩვენ სხვა, ერთი შეხედვით უმნიშვნელო მოვლენების
მიმართ უფრო დიდი შიში გვაქვს. ჩვენ გვეშინია ბრძოლის, იმედის, თავაზიანობის, სიხარულის,
ასაკობრივი ზრდის, მსუყედ ჭამის, უჭმელობის, შუქნიშანზე სწორად გადასვლის და სისუფთავის
დაცვის, ქართული ასოებისთვის საკუთარი სახელის დარქმევისაც კი გვეშინია; და არავინ
თქვას, რომ ეს უბრალოდ უყურადღებობა ან სიზარმაცეა. ეს შიშია! შიში, რომელსაც ვერ ვებრძვით
და ნელ-ნელა მისი მსხვერპლი ვხდებით.
აუცილებელი არ არის დიდრონმა შავმა თვალებმა შემოგვანათოს,
ან ბნელ ოთახში მძიმე სუნთქვის ხმა გავიგოთ, არც სასიკვდილო დიაგნოზია საჭირო სიკვდილის
შიშისთვის. შესაბამიასად, ვამპირები და ბანჯგვლიანი მონსტრები - არ არის ის, რისთვისაც
იქმნება საშინელებათა ლიტერატურა. საქმე ბევრად რთულად არის. როდესაც „სალემის ლოტში“
აღწერილია პატარა ქალაქის ბატონმპყრობელობა თავის მცხოვრებლებზე, ნაჩვენებია მისი
- როგორც ყოველისმცოდნის და ყოვლისმჭვრეტელის სახე, ძნელია ამ ყოველივეს მხოლოდ მხატვრული
ლიტერატურის ჭრილში უყურო. ჰორორი რაღაცით ფოკუსის პრინციპს ჰგავს (a.k.a. „პრესტიჟში
როა, ის“) - ის მანამ არის საშიში და საინტერესო, სანამ არ ჩანს, სანამ ჩუმად მოიპარება
და მანამ არ მოგეშვება, სანამ ძილის წინ სხეულის ყველა ნაწილს არ დაიფარავ იმის შიშით,
რომ ლოგინის ქვეშიდან ამოსულმა კლანჭმა ხელი არ ჩაგავლოს. იცი, რომ ის არ არსებობს,მაგრამ
მაინც გირჩევნია დაცული იყო. რა იცი, რა ხდება...
ძილის წინ "იმ" ერთი მომენტის გარდა, არის კიდევ რამდენიმე მომენტი. ერთ-ერთი მათგანი მთლიანად ძილისწინა შიშებს უკავია. ეშინია - ყველას, განურჩევლად სქესის, ასაკის და მისწრაფებებისა. ამ ნაწერსაც ალბათ რაღაცის ეშინია, ამიტომ სჯობს ფარად ჰორორის მთავარი ოსტატის სიტყვები ამოვუყენოთ.
"ასე რომ, ქუჩაში ისევ ბნელა და წვიმს, მაგრამ ჩვენ წინ ფრიად საინტერესო საღამო გველის. იმიტომ, რომ მე თქვენთვის რაღაცის ჩვენებას ვაპირებ. თქვენ კი შეგიძლიათ მას ხელით შეეხოთ. ის აქვეა, მეზობელ ოთახში...
თუმცა, უფრო ახლოს - მომდევნო გვერდზე...
მაშ, მზად ხართ?"
/ბრიჯსტონი, მენი, 1977 წლის 27 თებრევალი/
ავტორი: ირაკლი სულაძე