11 March, 2015

იასუნარი კავაბატა - ათასფრთიანი წერო (მიმოხილვა)


ალბათ დამეთანხმებით, თუ რაოდენ აქტუალური თემაა თანამედროვე მსოფლიოში გლობალიზაციის პროცესი. გამუდმებით ისმება კითხვები საზოგადოებაში, თუ რა ბედი ეწევა პატარა ქვეყნებს, მათ ისტორიასა თუ წეს-ჩვეულებებს. რამდენად არის იმის შანსი, რომ ზესახელმწიფოები შთანთქავენ და მოსპობენ უძველეს პატარა სახელმწიფოებს? შეიძლება თუ არა თანამედროვე, სწრაფი ცხოვრების ტემპისა და უმწვავესი გამოწვევის პირობებში ერთმანეთს შევუხამოთ თანამედროვე კულტურა (სუბკულტურა) და ძირძველი ტრადიციები? სხვათაშორის, ამ უკანასკნელი მოსაზრების დასადასტურებლად საზოგადოების გარკვეულ ნაწილს მაგალითად მოჰყავს იაპონიაში მიმდინარე პროცესები, რომ ეს სახელმწიფო მოწინავე მაღალტექნოლოგიური მიღწევებით გამოირჩევა და ამასთანავე, პარალელურ რეჟიმში, აგრძელებს თავისი ტრადიციების შენარჩუნებას. თუმცა, რამდენად რეალურია იაპონიაში ამ ორი კონტრკულტურის ჰარმონიულად ცხოვრება, ეს ცალკე თემაა და დღეს სწორედ ამაზე გვექნება საუბარი, რადგან, მინდა განვიხილოთ იაპონელი ნობელიანტი მწერლის, იასუნარი კავაბატას ერთ-ერთ ყველაზე ცნობილ წიგნი - ,,ათასფრთიანი წერო“.

პირველ რიგში, მინდა ერთი-ორი სიტყვა მოგახსენოთ თავად ავტორზე, იმიტომ რომ ქართველი მკითხველისთვის ნამდვილად არ წარმოადგენს ეს ადამიანი ცნობილ ფიგურას. თუ მის ბიოგრაფიას გადავიკითხავთ, ვნახავთ რომ კავაბატას საკმაოდ ტრაგიკული ცხოვრება აქვს. მისი დასასრული ასევე ტრაგიკული იყო (სუიციდი). თუმცა მისი ეს ტრაგიზმი გვერდით გადავდოთ, რადგან სხვა უფრო აღსანიშნავი ფაქტორებსაც შეგვიძლია მივაკვლიოთ მის ცხოვრებაში. მაგალითად, კავაბატა თავდაპირველად განიცდიდა დასავლური მოდერნისტული სკოლის სერიოზულ გავლენას. ფაქტობრივად, ერთი პერიოდი მსოფმხედველობა თითქმის თავიდან ბოლომდეც კი ჰქონდა შეცვლილი, თუმცა დროთა განმავლობაში კავაბატა დაუბრუნდა თავის ძირძველ ტრადიციებს, რადიკალური მეტამორფოზა გააკეთა თავის თავში და გადაიქცა საკუთარი ძირძველი წეს-ჩვეულებების დამცველ ადამიანად. მან გააგრძელა უძველესი იაპონური წერის სტილი, იაპონელ ფილოსოფოსთა აზრების პროპაგანდაც დაიწყო და, რაც ყველაზე აღსანიშნავად მიმაჩნია, არის ის მომენტი, როდესაც მან გადაწყვიტა ჩაის მომზადების ტრადიციაზე - ტიადოზე დაეწერა წიგნი. იაპონელთა აზრით, რომლის მკაცრი დამცველი გახლდათ კავაბატა, ერის ხასიათის გასაღები ჩაის წეს-ჩვეულებებშია საძებარი და არა ,,ბუშიდოში“ (მებრძოლი სამურაის გზა). ბუშიდო ეს სიკვდილის უმაღლესი ხელოვნებაა, ხოლო ტიადო კი - სიცოცხლის ხელოვნება. შესაბამისად, გასაკვირი არ არის, როდესაც იაპონელი ხელოვანი წიგნს სწორედ ამ უკანასკნელს უძღვნის.

დავიწყებ იმით, რომ ნაწარმოების სიუჟეტი, პირადად ჩემი აზრით, არის ძალიან მოსაწყენი. არანაირი დინამიკა, სიმძაფრე, მოვლენების ცვლილება. ალბათ მკითხველისთვის, რომელიც მიჩვეულია პოსტმოდერნისტულ ქარიშხალს, ეს წიგნი ისეთი აუტანელი იქნება, რომ ერთი სული ექნება უბრალოდ გვერდზე მოისროლოს. თუმცა თუ დავუკვირდებით და ყველაფერს თავის სახელს დავარქმევთ, ვნახავთ რომ ნაწარმოები არის არა მდორე და მოსაწყენი, არამედ ისეთი ნელი და ფაქიზი, როგორც თავად იაპონური ჩაის მოდუღების პროცესი. წიგნში თქვენ გაიცნობთ მთავარ მოქმედ გმირს კიკუძუს, რომელსაც მაინცდამაინც დადებითი თვისებების ადამიანდ ვერ დავახასიათებთ. მამამისი საკმაოდ აღვირახსნილი ადამიანი გახლდათ, რომელსაც რამდენიმე ქალთან ჰქონდა ურთიერთობა და მისი სიკვდილის შემდეგ, კიკუძიმაც სწორედ ამ ქალთაგან ერთ-ერთან გააგრძელა ურთიერთობა (აქ იკითხება იდეა მამის ცოდვის გაგრძელება შვილზე). აღსანიშნავია, რომ თითქმის ყველა მნიშვნელოვანი შეხვედრა ნაწარმოების გმირებს შორის ხდება ჩაის ცერემონიალის დროს, ან ჩაის ფესტივალზე, ან სახლში - უბრალოდ ჩაის დუღილის პროცესში. ეს პირდაპირ მიგვანიშნებს იმ ფაქტზე, რომ მიუხედავად ადამიანის დადებითი თუ უარყოფითი ბუნებისა, იაპონელთათვის ჩაის მაინც ადამიანების შემაკავაშირებელი ძალა გააჩნია. სხვათაშორის, რაც ცოტა უცნაურად შეიძლება მოგვეჩვენოს, მწერალი ნაწარმოების გმირების დადებითობა-უარყოფითობას განსაზღვრავს იმით, თუ როგორი დამოკიდებულება აქვთ ამ უკანასკნელთ ჩაის მოდუღების ტრადიციის მიმართ. მაგალითად, მკითხველი ამ წიგნში გაიცნობს იუკიკუს, რომლის ნატიფი მოძრაობა სამუდამოდ ჩარჩება გონებაში ჩვენს კიკუძის. სხვათაშორის, აქაც ერთ უცნაურობას ვხვდებით. მწერალს ერთი სიტყვაც არ აქვს ნახსენები ამ გოგოს გარეგნობაზე, ის მხოლოდ იმით იფარგლება, რომ ჩაის მოდუღეის პროცესში ამ ადამიანს კარგი, ნატიფი მიმოხრა აქვს და მშვენიერი ფუროსაკი უჭირავს ხელთ, რომელზეც ათასფრთიანი წეროს გამოსახულებაა ამოქარგული. აქ კიდევ ერთხელ დასტურდება ის ფაქტი, რომ იაპონელ ადამიანს ტიადო გაცილებით მაღალ რანგში აჰყავს, ვიდრე ვინმე კონკრეტული ადამიანი ან ადამიანთა ჯგუფი.

აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ ნაწარმოებს გარკვეულ მსუბუქ ფონად გასდევს უძველესი ჩაის ფინჯნის ისტორია, რომელიც საუკუნეების განმავლობაში იქცა მორალისა და ეთიკური ნორმების სიმბოლოდ. ის განასახიერებს იაპონური ჩაის მოდუღების ტრადიციას, რომელსაც გამუდმებით უხდება ჭიდილი სუბკულუტრასთან. მაგალითად, თანამედროვე მეპატრონეების ხელში, ჩაის ფინჯანზე, რომელსაც ოთხი საუკუნის განამვლობაში სათუთად უვლიდნენ და უფრთხილდებოდნენ, ჩნდება პომადის წარუშლელი ნაკვალევიც, რომელიც, ავტორის თქმით, ბილწავს ამ უძველესი ტრადიციების მატარებელ ნივთს (?). ფინჯანი არის უღირსი, ვნებიანი ადამიანების ხელში და ეს მეტაფორა, უდავოა, მწერალმა გამოიყენა, რათა ეჩვენებინა, რომ იაპონურ წეს-ჩვეულებებსაც ემუქრება წალეკვისა და განადგურების საფრთხე. თუმცა, ამ წიგნის კითხვისას, ალბათ ისიც იგრძნობა, რომ მომავალს ავტორი გარკვეული იმედით უყურებს, რადგან მიუხედავად იმისა, რომ მოცემულ მომენტში ფინჯანი (იაპონური ტრადიცია) საფრთხის ქვეშაა, საბოლოო ჯამში ის მარადიულ იდეები, რომლის არსებობასაც გულისხმობს ტიადო და ზოგადად, მთელი იაპონური წეს-ჩვეულება, სამარადჟამოდ ურყევია, მისთან მიმართებაში დროებითი ვნებები, ადამიანის ცოდვიანი ბუნება შუშასავით იმსხვრევა.

მაშასადამე, როგორც უკვე ხვდებით, ამ წიგნში თქვენ ვერ შეხვდებით რამე მძაფრ და ამაღელვებელ მოვლენებს, რომელიც მკითხველში დაძაბულობას იწვევს. არაფერი განსაკუთრებული, უნიკალური აქ არ ხდება. უბრალოდ აუცილებელია წიგნის მდორედ მოთხრობილმა ტემპმა კითხვის პროცესში მთლიანად არ მოადუნოს და გათიშოს მკითხველი (ეს ეფექტი კი ნამდვილად აქვს), რათა არ ჩაიკარგოს მეტაფორების ენაზე გადმოცემულ იაპონური ტრადიციის ამბის ლაბირინთში.

ავტორი: გიორგი წერეთელი