ანიმე მოყვარულებს კარგად მოეხსენებათ, რომ ისეთი ანიმეს
პოვნა, სადაც ძალიან კარგად არის დაბალანსებული სიუჟეტი, ვგულისხმობ, ისეთ ისტორიას,
რომელიც შეიცავს მძლავრ ექშენს, მაღალი დონის ბრძოლასა და ამასთანავე დახვეწილ იდეას,
არც ისე ადვილია. ზოგჯერ ანიმეში იგრძნობა საკმაოდ კარგი ბრძოლის ხელოვნებისადმი მიდრეკილება,
თუმცა ხშირ შემთხვევაში ეს განაპირობებს ანიმეს იდეურ კრიზისს, ან პირიქით. ამას წინათ,
ვათვალიერებდი სპეციალურ საიტს, სადაც შევძლებდი მსგავსი მონაცემების ანიმეს პოვნას
და გადავაწყდი Fate/Zero-ს,
რომელზეც მინდა ერთი ორი სიტყვით ვილაპარაკო და იქნებ სხვაც დავაინტერესო, რადგან პირადად
მე ასეთი დახვეწილი გემოვნებით აწყობილი სიუჟეტი, განსაკუთრებით მრავალსერიიან ანიმეში,
კარგა ხანია არ მინახავს.
სანამ სიუჟეტის აღწერაზე გადავალ, მანამდე მინდა ვთქვა,
რომ ამ ანიმეს გააჩნია სხვა ნაწილებიც, რომელიც შინაარსობრივად დაკავშირებულები არიან
Fate/zero-სთან,
თუმცა პირადად მე სწორედ ამ ნაწილით დაწყებას გირჩევდით. ეს ნაწილი მოიცავს 2 სეზონს,
თითოში 13 სერიით.
Fate/zero-ს
სამყაროში, ყოველ 60 წელიწადში ერთხელ წმინდა გრაალის თასი ატარებს ტურნირს. გრაალის
თასი ირჩევს დედამიწაზე მცხოვრებ 7 მაგს, რომლებმაც სპეციალური მაგიური რიტუალის საშუალებით
უნდა გამოიძახონ ლეგენდებსა და მითებში არსებული გმირები, დემონები და ურჩხულები, როგორც
ჩემპიონები, გლადიატორები გრაალის თასის მოსაპოვებლად. ეს მეომრები იყოფიან 7 კლასად (განვიხილავთ სათითაოდ). ხმლოსანი, შუბოსანი, მხედარი, შემლოცველი, მშვილდოსანი, ასასინი და ბერსეკერი. გამარჯვებული მხოლოდ ერთი წყვილი(
მასტერი და მის მიერ გამოძახებული სული) შეიძლება იყოს, შესაბამისად ბრძოლა არის დაუნდობელი.
ვინც საბოლოოდ მოიპოვებს გამარჯვებას, იგი მიიღებს წმინდა გრაალის ჯილდოს, აუსრულდება
1 ნებისმიერი სურვილი. თუმცა მოწინააღმდეგის დამარცხება არ გულისხმობს მხოლოდ სულის(გლადიატორის)
მასტერის განადგურებას, ვინაიდან ამის შემდეგ გრაალი სხვას ირჩევს, სწორედ ამიტომ,
საჭიროა განადგურდეს მასტერი თავის ჩემპიონთან ერთად.
წმინდა გრაალის თასი
უშუალოდ ანიმეს ამ ნაწილში, საუბარია წმინდა გრაალის
თასის მეოთხე ომზე. ეინზბერნების ოჯახმა, წინა სამ გრაალის ომში სერიოზული მარცხი განიცადა.
სწორედ მეოთხე ომისთვის, ამ ოჯახმა დაიქირავა ცნობილი მაგიკოსების გამანადგურებელი,
პროფესიონალი ქილერი კირიცუგუ ემია, რომელსაც
გრაალის თასის მოპოვებით სურს გადაარჩინოს კაცობრიობა უსამართლობისგან. მას მთელი ცხოვრება
სურდა ყოფილიყო გმირი, რომელიც სამყაროს გადაარჩენდა, თუმცა დროთა განმავლობაში მიხვდა,
რომ ერთი ადამიანის გადარჩენას, აუცილებლად ვიღაცის გაწირვა აქვს საფასურად, სწორედ ამიტომ, მან გადაწყვიტა, რომ გაანადგუროს ყველა და ყველაფერი, ვინც კი უდანაშაულო ადამიანებსა და მსოფლიო მშვიდობის იდეალს უქმნის საფრთხეს. საკმაოდ
საინტერესო პერსონაჟია, რომელსაც მთავარი მოქმედი გმირიც შეიძლება ვუწოდოთ. იგი იყენებს
მაგების სისუსტეებს მათ წინააღმდეგ, ფლობს ცეცხლსასროლი იარაღის მართვის უმაღლეს ხელოვნებას
და აქვს სპეციალური ტყვიები, რომლებიც შეიქმნა მისი პირველი და მეორე ნეკნისგან(სულ 66 ცალი ტყვია).
ნებისმიერ მსხვერპლს, ვისაც კი ეს ტყვიები მოხვდება, ფაქტობრივად, გადარჩენის შანსი
არ აქვს. გარედან არანაირი ფიზიკურ დარტყმას არ აყენებს. ორგანიზმში არსებული ტყვია
შიგნიდან ანადგურებს ადამიანს მენტალურ და ფიზიკურ დონეზე. გარდა
ამის, მას აქვს უნარი დროის მანიპულირების, შეუძლია შეანელოს დრო და ამგვარ პირობებში
მაღალი სიჩქარის განვითარებით დიდი უპირატესობა მოიპოვოს მოწინააღმდეგეზე, თუმცა ამ
უნარის გამოყენებას ძალიან დიდი ფიზიკური ენერგია სჭირდება.
კირიცუგუ ემია
ახლა დროა ნელ-ნელა გადავიდეთ ლეგენდალური გმირების
დახასიათებაზე, რომლებიც თავიანთი პატრონებისთვის გრაალის თასის მოსაპოვებლად. პირველ
რიგში უნდა ვახსენო სეიბერი(Saber)(ხმლოსანი),
კირიცუგუს ჩემპიონი. სეიბერი მსოფლიო ისტორიაში ცნობილია როგორც ართურ პენდრაგონი,
უფრო ნათელი რომ იყოს თქვენთვის, უბრალოდ ლეგენდალური მეფე ართური(სხვაგვარად, რაინდთა
მეფე). მიუხედავად იმისა, რომ მეფე ართურს ჩვენ ვიცნობთ როგორც მამაკაცს, ამ ანიმეში
ის რეიკარნირებულია ქალის სხეულში. ბუნებრივია, სეიბერი ფლობს ექსკალიბურს, მითებსა
და ლეგენდებში არსებულ ხმალს.
ხასიათი:
სეიბერი ამ ანიმეში გვევლინება როგორც ძლიერი ნებისყოფის მქონე და წინდახედული ადამიანი. იგი არის მამაცი, მიზანდასახული და ნაკლებად აინტერესებს, მოცემულ მომენტში მისი სული როგორი სქესის სხეულში მოქცეულია. იგი თავის თავს აღიქვამს
პირველ რიგში რაინდად, ხოლო შემდეგ კი მეფედ. იგი უაღრესად უფრთხილდება თავის ღირსებას და სწორედ ამიტომ, ზოგჯერ კომფლიქტიც კი მოსდის
თავის მასტერთან, კირიცუგუ ემიასთან.
საბრძოლო მონაცემები:
სეიბერი არის ხმლის საოცარი ოსტატი. მას აქვს უნარი, უხილავი ჰაერის მასით შებუროს თავისი ხმალი და მტრისთვის უჩინარი გახადოს, რაც საშუალებას არ აძლევს მოწინააღმდეგეს განსაზღვროს მისი იარაღის სიგრძე. მაგიური ჯავშანი კი საუკეთესო დაცვას წარმოადგენს მისი სხეულისთვის. სეიბერს აქვს საოცარი ინსტიქტი, რომელიც ხშირ შემთხვევაში მისი მთავარი თავდაცვის საშუალებაა, წინასწარ შეუძლია განსაზღვროს მოწინააღმდეგის შემდეგი რამდენიმე ნაბიჯი. მას აქვს უნარი მომენტალურად დაეუფლოს თანამედროვე სატრანსპორტო საშუალებებს: ავტომანქანებს, მოტოციკლს და სხვ. თუმცა, მას არ შეუძლია ატაროს ლეგენდალური არსებები, როგორებიც არიან დრაკონები, გრიფონები ან პეგასი, რადგან ის არ არის მხედრის კლასის მეომარი.
განსაკუთრებული საბრძოლო უნარი:
Fate/zero-ს ყველა გამოძახებულ ჩემპიონს აქვს განსაკუთრებული უნარი, საბრძოლო კოზირი, მეტოქის წინააღმდეგ(Noble Phantasm). სეიბერისთვის ეს არის ექსკალიბურის უნიკალური უნარი, გაუკეთოს აკუმულირება უზარმაზარ სინათლის ენერგიას, რომელიც ერთ-ერთი პერსონაჟის თქმით არის განუხორციელებელი იმედები, ნათელი ოცნებები იმ მეომრებისა, რომლებიც ბრძოლის ველზე დაეცნენ, ახლაც იხოცებიან და მომავალშიც დაიხოცებიან. შესაბამისად თუ მოწინააღმდეგემ ეს უზარმაზარი სინათლის ენერგია არ აიცილა თავიდან, მას გადარჩენის შანსი არ აქვს.
სეიბერი ახდენს ენერგიის აკუმულირებას
შემდეგი ჩემპიონი: ლანსერი (Lancer)
ლანსერი არის შუბოსნის კლასის მეომარი წმინდა გრაალის თასის მეოთხე ომში, რომელიც ემსახურება არჩიბალდს. იგი გახლავთ რაინდული სულის მატარებელი ადამიანი, რომელსაც უნდა ყველაფერი გააკეთოს, მისი მასტერის სასიკეთოდ. რა თქმა უნდა, ისიც მზად არის ბოლომდე იბრძოლოს წმინდა გრაალის თასის მოსაპოვებლად. ლანსერი საკმაოდ ტრაგიკული პიროვნება იყო წინა ცხოვრებაში, რომელსაც არ გაუმართლა თავის საყვარელ ქალთან ერთად და სასიკვდილოდ დაჭრილს(ნადირობის დროს), არ უმკურნალა თავისმა მეგობარმა, შურითა და ეჭვით დაბრმავებულმა, რომელიც მეგობრობას ეფიცებოდა.
ხასიათი:
მიუხედავად წინა ცხოვრებაში გადატანილი უმძიმესი ტრაგედიისა, ის მაინც არ იყო ბედის უმადური, პირიქით, იგი ყველანაირად ცდილობდა ერთგულად ემსახურა თავისი მასტერისთვის. მას მიაჩნდა, რომ წმინდა გრაალის ომი იყო პირდაპირ სასწაული, რომელიც საშუალებას აძლევდა აღედგინა რაინდული ღირსება და სამართლიანად ებრძოლა მოწინააღმდეგეებთან. მას პირადად არ აინტერესებდა წმინდა გრაალის თასი, არ ჰქონდა არანაირი სურვილი, რადგან მისი უდიდესი სურვილი უკვე ასრულებული იყო, როდესაც ნახევრად ცოცხალი მოევლინა ამ ქვეყანას და საშუალება მიეცა კიდევ ეცადა თავისი ძალა მტერთან. ასეთი კეთილშობილური თვისებებით, მან მოხიბლა კიდეც სეიბერი და სურდა , თანაბარ ბრძოლაში გაერკვიათ ვინ ფლობდა უპირატესობას.(რამდენიმე ბრძოლაში ისინი ერთადაც კი იყვნენ დემონური არსებების წინააღმდეგ) ლანსერის ასეთი ხასიათი აუცილებლად მოგაგონებთ მეფე ართურის მრგვალი მაგიდის რაინდთაგან ერთ-ერთს, სერ ლამორაკ უელსელს, რომელიც შუბის ასევე უდიდესი დიდოსტატი გახლდათ. სამწუხაროდ როგორც ლამორაკი, ისევე ლანსერიც უღირსი ხერხებით მოიცილეს თავიდან (ამას თქვენთითონ ნახავთ).
საბრძოლო მონაცემები:
ლანსერი გახლავთ შუბის უბადლო დიდოსტატი. მას შეუძლია უდიდესი სისწრაფით ერთდროულად შეუტიოს მოწინააღმდეგეს თავისი ორი შუბით, ერთი გრძელია , მეორე კი მოკლე. ბრძოლის დროს იგი არის განსაკუთრებით მშვიდი, სწრაფი და მოხერხებული მოძრაობით იგი უდიდეს უპირატესობას ფლობს მეტოქის წინააღმდეგ.
განსაკუთრებული საბრძოლო უნარი:
ლანსერის განსაკუთრებულ იარაღს წარმოადგენს მისი ორი სპეციალური შუბი, გაე ბუიდი (Gae Buedhe), რომლიდანაც დაჭრის შემთხვევაში მოწინააღმდეგის ჭრილობის მორჩენა შეუძლებელია. უბრალოდ არ ინკურნება მცირე ნაკაწრიც კი. მეორე შუბია გაე დეარგი (Gae Dearg), რომელსაც შეუძლია მოწინააღმდეგის მაგიურ ჯავშანში, მანის გარსში თავისუფლად გაიაროს. ამ ორი შუბით ერთდროულად დარტყმის შემთხვევაში, მოწინააღმდეგეს აღარ შეუძლია გამოიყენოს საკუთარი Noble Phantasm, განსაკუთრებული უნარი, რაც ფაქტობრივად წაგების ტოლფასია.
ლანსერი თავისი ორი ლეგენდალური იარაღით
მშვილდოსანი ანუ არჩერი (Archer)
არჩერი გახლავთ მშვილდოსნის კლასის მეომარი. იგი წინა ცხოვრებაში გახლდათ ურუქის ლეგენდალური მეფე, ეპოსების მთავარი გმირი გილგამიში.
ხასიათი:
როგორც თქვენთითონ ნახავთ, არჩერი არის წმინდა გრაალის მეოთხე ომის პერიოდში ყველაზე პატივმოყვარე და საკუთარ თავზე მზრუნველი გმირი, რომელსაც არანაირი ინტერესი არ გააჩნია წმინდა გრააალის თასის მოგებაში. იგი ნამდვილად არ არის ბოროტი პერსონაჟი, უბრალოდ მას სურს თავი დაიმკვიდროს, როგორც ყველაზე ძლიერი გმირი ამ ბრძოლების ისტორიაში. იგი ნანობდა კიდეც, რომ მისი რეალურ ცხოვრებაში არ იყო მსგავსი ტიპის შეჯიბრებები. ღირსების მხრივ, იგი უაღრესად ღირსეული პიროვნებაა, მიუხედავად ქედმაღლობისა. თავის ნამდვილ მეტოქედ, ის მიიჩნევს რაიდერს, მხედარს, რომელსაც ნამდვილად თავის სწორად ელაპარაკება.
საბრძოლო უნარები:
არჩერი არის მშვილდოსნის ტიპის მეომარი, შესაბამისად იგი უპირატესობას ანიჭებს დისტანციურ ბრძოლას და ამისთვის მას შესაბამისი რესურსიც გააჩნია. მისი ძირითადი შეტევის იარაღი არის ბაბილონის კარიბჭე, რომელიც მის ერთ-ერთ განსაკუთრებულ საბრძოლო უნარს წარმოადგენს (Noble Phantasm-ს). ბაბილონის კარიბჭის არსი იმაში მდგომარეობს, რომ იგი რეალურ სამყაროში აჩენს სპეციალურ პორტალს, რომელიც დაკავშირებულია თავის დროზე გილგამიშის სამეფო საგანძურთან, სადაც მოიპოვება აურაცხელი რაოდენობის ხმლები და შუბები, შესაბამისად, არჩერს შეუძლია თავისი სურვილისამებრ გამოიყენოს უსასრულო რაოდენობის იარაღი, ესროლოს მოწინააღმეგეს რამდენიც და როგორც თვითონ სურს. თითოეულ იარაღს აქვს ძალიან დიდი ძალა, რაც მოწინააღმდეგისთვის დიდ პრობლემას წარმოადგენს.
განსაკუთრებული საბრძოლო უნარი:
იმის გარდა, რომ არჩერი ფლობს ,,ბაბილონის კარიბჭეს", მისი უნიკალური უნარი არის 2 უძლიერესი იარაღის გამოძახება პორტალიდან. ესენია ენქიდუ: სამოთხის ჯაჭვები და ხმალი ეა. ენქიდუს ანუ სამოთხის ჯაჭვები არის ყველაზე საიდუმლო იარაღი რაც კი ბაბილონის კარიბჭეში მოიპოვება. თავის დროზე, სწორედ ამ ჯაჭვებით დააბა ღმერთები გილგამიშის ერთადერთმა მეგობარმა ენქიდუმ. სწორედ ეს ჯაჭვია ერთ-ერთი იმ ცოტა იარაღთაგან, რომელიც სამოთხის ძალის წინააღმდეგ გამოიყენება. რაც შეეხება ხმალ ეას, ის არის ყველაზე ძლევამოსილი იარაღი ბაბილონის კარიბჭეში რაც კი მოიპოვება. მას არ აქვს ჩვეულებრივი ხმლის ფორმა, შესაბამისად ძნელია უწოდო ხმალი. ეს იარაღი გაჩნდა გაცილებით ადრე, ვიდრე თვითონ ხმლის ცნება. ერთი მოქნევით ეა ანადგურებს ყველაფერს, საითაც კი მოქნევა განხორციელდება. არანაირი ლიმიტი არ არსებობს მის მიერ განადგურებული საგნების. თითოეული მოქნეულიდან გამოყოფილი ენერგია მიდის უსასრულო მანძილზე, ანადგურებს ნებისმიერი ტიპის ჯავშანს, მაგიას, უნიკალურ უნარს(Noble Phantasm-ს). ხმლის მოქნევით წარმოიქმნება ვაკუუმი, ქაოსის სამყარო, რომელიც ანადგურებს როგორც მატერიალურს, ასევე არამატერიალურს. მიწას, წყალს, ჰაერს, მათ შორის ცასაც. მიუხედავად იმისა, რომ არსებობს სპეციალური საგნები, რომელიც არკვევს ნებისმიერი ტიპის იარაღის წარმომავლობასა და ძალას, ეას ხმლის ძალის ლიმიტი ან წარმომავლობა გაურკვეველია. მისი შესაძლებლობები უსაზღვროა.
ენქიდუ: სამოთხის ჯაჭვი
ხმალი ეა
მხედარი (Rider)
რაიდერი არის მხედრის ტიპის მეომარი Fate/Zero-ს სერიებში. იგი გახლავთ ვეივერ ველვეტის, ყმაწვილი ადამიანის მსახური წმინდა გრაალის მეოთხე ომში. რაიდერი წინა ცხოვრებაში იყო ლეგენდალური იმპერატორი, ალექსანდრე მაკედონელი.
ხასიათი:
რაიდერი არის წარჩინებული, ფიზიკურად ძლიერი და ბევრის ამტანი პიროვნება. იგი არ არის პრაგმატულად მოაზროვნე, მიყვება ჩვეულებრივ დროის დინებას და მოქმედებს თავისი იმპულსების შესაბამისად. იგი ყოველთვის ძალიან მხიარულ განწყობაზეა, ძალიან აფასებს მეგობრობას და მისი აზრით, თავის მეომრებზე ძვირფასი განძი მას არ გააჩნია. იგი ასევე უდიდეს პატივს სცემს ადამიანებს, ვინც მეგობრობის სიწმინდეს გულწრფელად ეკიდება. რაიდერი, მიუხედავად იმისა რომ ტირანია, იგი საერთოდ არ ამჟღავნებს მსგავს მკაცრ ხასიათს. პირიქით, იგი ერიდება ყველანაირ ბრძოლასა და სისხლისღვრას, მიუხედავად იმისა, რომ იგი მოწოდებით გამანადგურებელი და დამპყრობელია. იგი უღირსად და ფლიდობით ვერავის შეებრძოლება. თავიდან ყველა ჩემპიონი მას თვლითა როგორც გიჟ და არასერიოზულს, თუმცა საბოლოო ჯამში იგი ყველას პატივისცემას დაიმსახურებს, თვით გილგამიშის, არჩერის პატივსიცემასაც.
საბრძოლო უნარები:
რაიდერი თავის ყველა ბრძოლაში იყენებს მის ერთ-ერთ განსაკუთრებულ უნარს, გამოიძახოს გორდიასის ეტლი. ეტლი გარშემორტყმულია ელვით და გამწევ ძალას წარმოადგენს ორი ღვთაებრივი წარმომავლობის ხარი. ასეთ კომბინაციას უდიდესი ძალა აქვს და თქვენ ნახავთ, ერთი დარტყმით როგორ ზიანს მიაყენებს ბერსეკერის ტიპის მეომარს. გორდიასის ეტლს შეუძლია დიდი სისწრაფით მოძრაობა როგორც ხმელეთზე, ასევე ჰაერში. რაიდერის ხმალიც განსაკუთრებულია. ეს ხმალი მან თავის დროზე მიიღო კვიპროსის მეფისგან საჩუქრად. ხმალს განსაკუთრებული სიმსუბუქე და სიმტკიცე გააჩნია, რაც ამ იარაღს ადვილად მანევრირებადს ხდის.
გორდიასის ეტლი
რაიდერის მახვილი
განსაკუთრებული საბრძოლო უნარი:
რაიდერის განსაკუთრებული უნარი მართლაც რომ გრაციოზული და მასშტაბურია. იგი თავის წარმოსახვაში ითრევს მოწინააღმდეგეს, სადაც მეტოქე აღმოჩნდება თვალუწვდენელი, უსაზღვრო უდაბნოს შუაგულში. რაიდერს თავის წარმოსახვით სამყაროში ჰყავს ლეგენდალური მაკედონიური ურიცხვი არმია, უსასრულო მანძილზე უსასრულო რაოდენობის ჯარი, რომელიც მზად არის რაიდერის სიტყვაზე მტერი გაანადგუროს. თითოეული ჯარისკაცი უკვდავია, სიკვდილის შემთხვევაში ისევ რეინკარნირდება მისი სული, ასე რომ რაიდერის წარმოსახვით სამყაროში არსებული ჯარი მუდმივია. რაიდერი თავად ამხედრებულია ლეგენდალურ ბუცეფალზე და ბრძოლის ყიჟინით მეტოქისკენ მიისწრაფის.
შემლოცველი, კასტერი (Caster)
კასტერი არის შემლოცველის ტიპის მეომარი. იგი გახლავთ წმინდა გრაალის მეოთხე ომში რიუნოსუკე ურიუს, სისხლისმსმელი და მანიაკალური მიზნებით დაავადებული მოზარდის მსახური. კასტერი წინა ცხოვრებაში იყო ფრანგი წარჩინებული ბარონ დე რაისი, რომელიც 100 წლიან ომშიც კი იღებდა მონაწილეობას ჟანა დ' არკთან ერთად. მოგვიანებით, მას ბრალი დასდეს როგორც ბავშვების სერიულ მკვლელს.
ხასიათი:
კასტერი ერთი შეხედვით საკმაოდ რთული და ტრაგიკული პიროვნებაა, რომელმაც საყვარელი ქალი დაკარგა(ჟანა დ'არკი). თუმცა, როგორც თავისი მასტერი, ისიც მოკლებულია ყოველგვარ მორალურ ნორმებს. ორთავე ბავშვებს ატყვევებენ, შემდეგ კი იმედს აძლევენ რომ გაუშვებენ და გაქცევის მომენტში აუტანელი, ამაზრზენი სიკვდილის კლავენ. ამის გამო მთელი ანიმეს განმავლობაში, ისინი ყველაზე საზარელ წყვილებად არიან შერაცხულები.
საბრძოლო უნარები:
ტიპურ შემლოცველის კლასის მეომრებს შორის, შესაძლოა კასტერი ყველაზე სუსტი მაგიკოსი იყოს, თუმცა, რაც მის უნიკალურობას წარმოადგენს არის ის წიგნი, რომლიდანაც ის აურაცხელ მანას(ენერგიას) იღებს, შესაბამისად, მას აქვს უნარი უსასრულო რაოდენობის დემონური წარმონაქმნის ამფიბიები გამოიძახოს და მეტოქე ყველა მხრიდან შეავიწროვოს. ეს წარმოადგენს მის განსაკუთრებულ უნართაგან ერთ-ერთს.
კასტერის ,,ამფიბია"
განსაკუთრებული საბრძოლო უნარი:
კასტერი თავის ყველაზე განსაკუთრებულ უნარს ამჟღავნებს, როდესაც გამოძახებულ დემონურ არსებებს თავიდან ბოლომდე შეერწყმება და ერთ უზარმაზარ მონსტრს შექმნის, რომლის დასამარცხებლად, დანარჩენი ჩემპიონები იძულებულები გახდებიან გაერთიანდნენ. სეიბერი, რაიდერი, არჩერი და ლანსერი სწორედ ამ ურჩხულის გასანადგურებლად დროებით მოკავშირეებად გადაიქცევიან.
კასტერის უნიკალური მონსტრი
ასასინი (Assasin)
ასასინი გახლავთ ტიპური ქილერის კლასის მეომარი წმინდა გრაალის მეოთხე ომში. იგი არის კირეი კოტომინეს მსახური. თუმცა, სანამ ასასინის მახასიათებლებზე გადავიდოდეთ, მანამდე მინდა ერთი-ორი სიტყვით აუცილებლად შევეხოთ მის მასტერს, კირეი კოტომინეს.
კირეი გახლდათ მთავარი ანტაგონისტი პერსონაჟი Fate/zero-ს სერიებში. კირეი დაბადებით გარკვეულ წილად დეფექტიანი იყო, მას ჰქონდა რაღაც ჩამოუყალიბებელი, დამახინჯებული გონება. იგი გახლდათ ძალიან ბოროტი ადამიანი, მაგრამ არა ტიპური ვილეინი, დემონური იდეების მატარებელი, მაგრამ ადამიანი, არც ჭკუიდან შეშლილი, თუმცა არ გონებრივად დალაგებული. მთელი ცხოვრების მანძილზე იტანჯებოდა საკუთარი თავის შეუცნობლის კომპლექსით. ეძებდა რაღაცას, რაც მას დააკმაყოფილებდა სულიერად, თუმცა ვერ იპოვა. რაშიც სხვა ადამიანები ბედნიერებას ნახულობდნენ, იმ საგნებში ის ვერ პოულობდა ბედნიერებას. კირიცუგუ კირეის თვლიდა როგორც ყველაზე სახიფათო ადამიანს ყველა მასტერს შორის, მას ამის მიზეზებიც გააჩნდა. კირეიმაც იცოდა საკმარისი კირიცუგუზე, რომ მასში დაინტერესებულიყო. დროთა განმავლობაში, კოტომინემ აღმოაჩინა, რომ შესაძლებელი იყო თავისი სულიერი სიცარიელის პასუხები სწორედ კირიცუგუს პერსონაჟში იმალებოდა, თუმცა ამაოდ. მათ საინტერესო ისტორიებს და ბრძოლას თქენ ანიმეში ნახავათ.
კირეი კოტომინე
ასასინის ხასიათი:
ასასინს ერთი კონკრეტული ხასიათი არ გააჩნია, იმიტომ რომ იგი შედგება რამდენიმე პერსონისგან, რომლებთაც ინდივიდუალური ხასიათი აქვთ. თითოეული ასასინის მიერ მიღებული გამოცდილება არ გადადის ერთმანეთის გონებაში. ისინი დამოუკიდებლები არიან, მაგრამ ამასთანავე ერთიანიც. ყველაზე ბუნდოვან პერსონაჟადაც შეიძლება ჩაითვალოს. იგი პირველი იყო, ვინც წმინდა გრაალის ომს გამოეთიშა.
საბრძოლო უნარები:
ასასინის საბრძოლო უნარები და განსაკუთრებული საბრძოლო უნარი ფაქტობრივად ერთი და იგივეა. იგი გულისხმობს ერთი ჩემპიონის რამდენიმე არსებად დაყოფას. ამ უნარის მეშვეობით, ასასინი სულს ყოფს რამდენიმე ნაწილად, რომლებიც ბრძოლისუნარიანები არიან. მათ ინდივიდუალური ბრძოლის მანერა აქვთ, თუმცა, სამწუხაროდ მხოლოდ ერთი არის ნაჩვენები ანიმეში, ეს არის ერთ-ერთი ასასინის მიერ შესრულებული პროფესიონალური აკრობატის მოძრაობა და ქვების ზუსტ მიზანში სროლა.
ბერსეკერი (Berserker)
ბერსეკერი არის ერთ-ერთი მეომრის ტიპის Fate/zero-ს სერიებში. ბერსეკერი გახლდათ კარია მატოს მსახური. წინა ცხოვრებაში იგი იყო (სპოილერის წასაკითხად მონიშნეთ გაფერადებული ველი) სერ ლანსელოტი, მრგვალი მაგიდის რაინდებს შორის უძლიერესი...
ხასიათი:
ეს პერსონაჟი წინა ცხოვრებაში გახლდათ მეფის უერთგულესი რაინდი. თუმცა მოცემულ მომენტში არსებულ ბერსეკერს დაბინდული აქვს გონება, იგი გადაქცეულია ტიპურ ცხოველად, რომელსაც ფაქტობრივად საუბარი არ შეუძლია, გამოსცემს რაღაც ცხოველურ ბგერებს. იგი სისხლს მოწყურებული, შეშლილი ცხოველია, რომელიც ანადგურებს ყველას და ყველაფერს. მიუხედავად იმისა, რომ ბნელ მაგიას იგი მთლიანად დამორჩილებული ჰყავს გონებრივად, მას ელემენტალური ინტელექტი მაინც გააჩნია, შეუძლია აღიქვას დროებითი ალიანსის წევრი, შეუძლია სხვადასხვა ხრიკის მოფიქრება.
საბრძოლო უნარები:
ბერსეკერი შეიძლება ითქვას, რომ ზედმეტად ძლიერი ფიზიკური მონაცემებით არის დაჯილდოვებული. მას არ აქვს არანაირი შიში, არ გრძნობს არანაირ დაღლას. მისი კონტროლიც ურთულესია თავად მასტერის მიერ. თითოეულ ბრძანებას მასტერი ნელ-ნელა სიკვდილის პირას მიჰყავს. ბერსეკერის სიგიჟეს საზღვარი არ აქვს. ეს სიგიჟე მას საშუალებას აძლევს არაადამიანური სიჩქარით იმოძრავოს, უძლიერესი დარტყმები მიაყენოს მოწინააღმდეგეს. თავისი იდენტობის დასაფარად, მისი ჯავშანი შებურულია შავი ნისლით, რაც ართულებს მოწინააღმდეგის მიერ მის აღქმას. აქვს უმაღლესი დონის საბრძოლო ტექნიკა, სისწრაფით ერთ-ერთი უპირველესია სხვა ჩემპიონებს შორის.
განსაკუთრებული საბრძოლო უნარი:
ბერსეკერის განსაკუთრებულ უნარს წარმოადგენს ის, რომ მას შეუძლია ნებისმიერი საგანი თავის უნიკალურ იარაღად გადააქციოს. ნებისმიერ ნივთს, რასაც ის შეეხება, ენიჭება მაგიური ძალა. ბერსეკერს აქვს უნარი აკონტროლოს ეს ნივთი სურვილისამებრ. თქვენ ნახავთ, რომ იგი აკონტროლებს ავიაგამანადგურებლის რაკეტებს (თავად თვითმფრინავსაც), პულიმიოტს და სხვა ცეცხლსასროლ იარაღს. ერთ-ერთ ეპიზოდში, თქვენ ნახავთ რომ გილგამიშიც უნიკალურ იარაღს, ბაბილონის ჭიშკრის შედეგად გამოტყორცნილ ხმალს ბერსეკერი დაიჭერს და უკან მიუბრუნებს. მოწინააღმდეგის უნიკალური იარაღის კონტროლი ფაქტობრივად შეუძლებელია. ბერსეკერმა კი ეს შესძლო.
ბერსეკერი ავიაგამანადგურებელს აკონტროლებს
მაშ ასე. ესენი არიან 7 ლეგენდალური მეომარი წმინდა გრაალის მეოთხე ომის დროს. ეპიკური ბრძოლები, სულისშემძვრელი ისტორიები, მძაფრი ტრილერი, ტრაგიზმი, ფსიქოლოგიური დრამა. ამ ყველაფრის ჰარმონიული ნაზავი გახლავთ Fate/zero. დარწმუნებული იყავით, რომ ამ ანიმეს ყურებას ნამდვილად არ ინანებთ.
ავტორი: გიორგი წერეთელი