16 March, 2015

კურტ ვონეგუტის 8 მცნება მწერლებს


                                 

1. თქვენთვის სრულიად უცხო ადამიანის დროს, ქალი იქნება თუ კაცი, ისე მოეკიდეთ, რომ ეს დრო დაკარგულად არ მიიჩნიოს.

2. სულ მცირე, ერთი ისეთი გმირი მაინც წარუდგინეთ მკითხველს, რომლის გულშემატკივრობასაც მოინდომებს.

3. ყველა გმირს რაღაც უნდა უნდოდეს, თუნდაც უბრალოდ ჭიქა წყალი.

4. ყველა წინადადება უნდა ემსახურებოდეს ორი მიზნიდან ერთ-ერთს: ან გმირის ხასიათს უნდა ხსნიდეს, ანდა მოქმედებას უნდა ავითარებდეს.

5. ნაწარმოების ამბის კულმინაცია ფინალთან რაც შეიძლება ახლოს გადასწიეთ.

6. სადისტივით მოიქეცით. განურჩევლად იმისა, თუ რამდენად საყვარლები და უმანკონი არიან თქვენი მთავარი გმირები, საშინელებები დამართეთ, რომ მკითხველმა დაინახოს, სინამდვილეში რა ცომით არიან მოზელილი.

7. მარტო ერთი ადამიანის მოსახიბლად წერეთ. ფანჯარას თუ გამოაღებთ და მთელ მსოფლიოს გამოაუტყდებით სიყვარულში, თქვენს მონათხრობს ასე ვთქვათ, პნევმონია შეეყრება.

8. რაც შეიძლება დროულად მიაწოდეთ თქვენს მკითხველს რაც შეიძლება მეტი ინფორმაცია. ჯანდაბამდე გზა ჰქონია დაძაბულობას და მოლოდინს! ისე კარგად უნდა ესმოდეს მკითხველს, რა, სად და რატომ ხდება, რომ ამბავი თვითონაც დაასრულოს, ვინიცობაა, ბოლო რამდენიმე ფურცელი ტარაკანებმა შეუჭამონ.


                                             

ვონეგუტის მიერ ჩამოყალიბებული პრინციპული თეზისები მის მთელ შემოქმედებას ხაზად გასდევს. მკითხველი კარგად იცნობს მის არც თუ ისე დიდი ზომის რომანებს, რომლებიც მიუხედავად მცირესიტყვიანობისა (სხვა მწერლების სქელყდიან ნაწარმოებებთან შედარებით), თავის თავში მარტივად იტევს მსუყე სიუჟეტებს მსოფლიოს სხვადასხვა ლოკაციიდან. შავგვრემანი კულულებისა და გამხმარი სახის მქონე ამერიკელი ცალი ხელით ომს ებრძოდა, მეორეს კი სამყაროს პირველი წლების დროინდელი ადამიანის ცნობიერებაში აფათურებდა. თავდაყირა აყენებდა დროის კლასიკურ მდინარებას და ადამიანთა გრძნობებს კატის აკვანში ძაფებს შორის ბურდავდა. კურტ ვონეგუტი იყო ადამიანი, რომელმაც ბევრად მეტი შესძინა მსოფლიო ლიტერატურას, ვიდრე ეს თავად ეგონა. ის არ იყო ამერიკელი მწერალი, ის მსოფლიო მშვიდობის დამცველი პილიგრიმი იყო, რომელიც საკუთარ თავს თავისივე წიგნებში ამოგზაურებდა და მსოფლიოს მილიონობით მკითხველს თავის თავს აცნობდა. თუმცა, სიცოცხლის ბოლომდე ინარჩუნებდა თავმდაბლობას, თუმცა როგორც თავადვე ამბობდა, „ჩვენ ვართ ისინი, რადაც ჩვენს თავს წარმოვიდგენთ. ამიტომ, ფრთხილად უნდა ვიყოთ წარმოდგენისას“.


Be Careful What You Wish For, Mr. Vonnegut



ავტორი: ირაკლი სულაძე