"By the pricking of my thumbs
Something wicked this way comes..."
შექსპირი - "მაკბეტი"
პირველად ოთხი წლის იყო, როცა დედამ კარუსელზე დასვა, შემდგომ ნახა ლონ ჩანი და ეშმაკის ბორბალი, ლორეტა იანგი და ფილმი - "Laugh, Clown, laugh", რომელმაც კლოუნის გრიმს მიღმა შეახედა. ამას მოჰყვა ჩაპლინის "The Circus" და ლონ ჩანის "He Who Gets Slapped". ყველაზე დიდი შოკი კი 12 წლის ასაკში მიიღო, როცა მის ქალაქს მისტერ ელექტრიკო ეწვია, 1932-ში, მუშათა დღე მისტიურმა სტუმარმა ცნობისმოყვარე ბავშვი კულისებში შეიყვანა და მის მიერ დადგმული "შოუს" დეტალები გააცნო.
"როცა უკვე დაღლილობისგან ფეხზე ვეღარ ვდგებოდი, მისტერ ელექტრიკომ მითხრა: 'იცი, მე და შენ ადრეც შევხვედრივართ.' 'ოჰ, არა, სერ!' 'როგორ არა' - არ იშლიდა ვირტუოზი მაესტრო. - 'მე და შენ ერთად ვიბრძოდით არდენესის ტყეში, პარიზის მახლობლად, 1918 წლის ოქტომბერში. რა დამავიწყებს, ჩემი საყვარელი მეგობარი იყავი და ხელებში ჩამაკვდი. მართალია, ახალი სახითა და სახელით, მაგრამ შენ დაბრუნდი. შენი თვალების ნათება მისი სულის ანარეკლია. კეთილი იყოს შენი დედამიწაზე დაბრუნება..."
გაიზარდა, მაგრამ როგორც მის ახალგაზრდა პერსონაჟებს, არც მას დავიწყება ბავშვობის მნიშვნელოვანი მომენტები. ამ ყველაფერმა პატარა რეიზე იმხელა ზეგავლენა მოახდინა, რომ 1962 წელს მკითხველს წარუდგინა ახალი რომანი - ბავშვების, კარუსელების, ბოროტმოქმედი ილუზიონისტების, ბოროტისა და კეთილის შესახებ.
"Something Wicked This Way Comes" - გრინთაუნის ტრილოგიის ერთ-ერთ ნაწილად განიხილება. ("ბაბუაწვერას ღვინო"-სთან და "მშვიდობით ზაფხულო"-სთან) ერთად. მისი მოქმედება იმავე ქალაქში ვითარდება, თუმცა პერსონაჟები განსხვავდებიან. არ განსხვავდება მხოლოდ ჩოგბურთის კედები და ისტორიის ავტორი. თხრობის დასაწყისში ცამეტი წლის ორი განუყრელი მეგობრის - უილის და ჯიმის ცხოვრებაში გაგანია ოქტომბერი დგას. ყველაზე მძაღე და უინტერესო თვე. - "ის არც სექტემებრს ჰგავს, რომელიც სულ ეს-ესაა რაც საზაფხულო არდადეგებს გამოექცა, არც აგვისტოს, დასვენების ბოლო, ტკბილ დღეებით რომ განებივრებს, არც მცხუნვარე ივლისს, ივნისზე რომ აღარაფერი ვთქვათ". რომანში შემდგომ განვითარებული მოვლენები ისეთივე საშიში და იდუმალებით მოცულია, როგორც ოქტომბერი - ზაფხულს გამოქცეული და ზამთრის არადადეგებამდე ჯერ შორს მდგარი ნახევრადცივი თვე.
მთავარი ანტაგონისტი ბრედბერის სხვა ძალიან კარგი ნაწარმოების, უფრო სწორად კი, მოთხრობების კრებულის მოსათაურეა - Illustrated Man, რომელსაც ყველა თავისი მსხვერპლის სახე სხეულზე აქვს ამოსვირინგებული. ჰელოუინამდე ცოტა ხნით ადრე გრინთაუნის მკვიდრი ბავშვები ხვდებიან უცნაურ მოგზაურ კარნავალს, რომელიც სავსეა უამრავი თვალშისაცემი კარუსელით, სარკეებიანი ოთახით და სხვა გასართობებით. თუმცა, გართობა უკანასკნელია, რაზეც ისინი ფიქრობენ.
წიგნი კლასიკური გოთიკური ჰორორია, თუმცა რეი რის რეი იყო, რომ ერთ ჟანრში ჩაკეტილიყო და ისეთ თემებს არ შეხებოდა როგორიცაა მეგობრებს შორის არსებული წინააღმდეგობები, სიყვარული, პასუხისმგებლობის გრძნობა და ა.შ. მამის პერსონაჟი, რომელიც თავს შვილის ცხოვრებაში უადგილოდ თვლის და რომელიც ცდილობს პასუხი გასცეს ისეთ კითხვებს, როგორიცაა მაგალითად, - "შესაძლებელია, ადამიანი დარჩე კარგ ადამიანად, მაშინ როცა ირგვლივ მხოლოდ ნაძირლები არიან?!". - 'ეს ისეთივე რთულია, როგორც ღამით, ლოგინში, ლიმონის იმ ნამცხვრის დავიწყება, რომელიც სამზარეულოს მაგიდაზე დევს, მაგრამ შენ არ გეკუთვნის'.
მას შეეძლო ძვლების მტვრევის ხმის ფონზე მარსზე მტვერი გაეთელა, შემდეგ მომავალში გადასროლილიყო და უკანდაბრუნებულს აპოკალიპსისთვის თვალებში ჩაეხედა. ის იყო მოხუცი, რომელსაც კარგად ახსოვდა, რომ სამყაროს საუკეთესოდ ბავშვები აღიქვამენ.
ეს იყო მოხუცი, რომლის სახლიც რამდენიმე დღის წინ დაანგრიეს. ფეხქვეშ გათელეს, როგორც Sound Of Thunder - ის პეპელა. პეპელა, რომლის მკვლელობამაც ისტორია შეცვალა. ბრედბერის სახლის ნგრევა ისტორიას ვერ შეცვლის. შეიძლება არც არაფერი შეცვალოს, ისე როგორც შეიძლება ვიღაცისთვის არაფერი შეცვლილიყო მისი რომელიმე გამოუქვეყნებელი ნოველის დაწვით. (ხელნაწერები კი, სამწუხაროდ, იწვის) უბრალოდ, სამწუხაროა, რომ, ძეგლს ვინ ჩივის და, დიდი ადამიანები ჩვენს დროში უსახლოდ იკარგებიან. თუმცა რეი არ დაიკარგება, ის მუდამ იცოცხლებს ბაბუაწვერას ყვავილში, კალეიდოსკოპში, ოქტომბრის წვიმიან დღეებსა და მზით გახურებულ წიგნის ფურცლებზე.
არ ვიცი, ასეთი რა აუცილებლობა იყო მისი სახლის ნგრევისა, მაგრამ ერთი რამ ნათელია - იქ, სადაც მსგავსი ფაქტები ხდება, ყველაფერი რიგზე არ არის. ცუდადაა საქმე. Something Wicked This way comes...
ავტორი: ირაკლი სულაძე