"კოსმოსში არავის ესმის, თუ როგორ ტირი პატარა გოგოსავით..." |
ენდი უიერის სახელი და გვარი ფართო მასებისთვის მხოლოდ შარშან გახდა ცნობილი. მას შემდეგ, რაც სოციალურმა ქსელმა - "goodreads" საკუთარი რჩეულები დაასახელა. უფრო სწორად, არა გუდრიდსმა, არამედ გუდრიდსის მომხმარებელმა. 2014 წლის საუკეთესო წიგნად სამეცნიერო ფანტასტიკის ჟანრში დასახელდა უცნობი ამერიკელი ავტორის - "კაცი მარსზე" (გნებავთ მარსელი, ადამიანი მარსიდან და ა.შ) - The Martian. აქამდე ენდი თავის ლიტერატურულ ნაშრომებს (რომელთა შექმნაც 20 წლის ასაკიდანვე დაიწყო) საკუთარ ვებ-გვერდზე აქვეყნებდა. განსაკუთრებული მოწონება დაიმსახურა მისმა მოთხრობამ "კვერცხი", რომელშიც აღწერილია ადამიანისა და ღმერთის საუბარი ამ ადამიანის გარდაცვალების შემდეგ.
რაც შეეხება შარშანდელ გამარჯვებულს, ეს მისი პირველი ვრცელი რომანია, რომელშიც ავტორმა მაქსიმალური სიზუსტით დაიცვა როგორც ჟანრის, ასევე მკითხველის გულის მოგების ტრადიციული კანონები. ამ ყველაფერს დაუმატა მსუბუქი იუმორი და შედეგად მიიღო წიგნი, რომელიც თანაბრად საინტერესოა როგორც კრიტიკული მკითხველის, ასევე ჟანრის მოყვარული ნერდისათვის.
წიგნის მთავარი გმირია ბოტანიკოსი მარკ უატნი, რომელიც ექსპედიცია "არესის" ეკიპაჟის წევრია. არესი მარსის ზედაპირის შესწავლის მიზნითაა წითელ პლანეტაზე გაგზავნილი. შემთხვევითობისა და მარსის მძიმე კლიმატის გამო, ბორდზე დაგვიანებულ მარკს ყველა დაღუპულად ჩათვლის და მისიის დასრულების შემდეგ დედამიწისკენ უმისოდ გამოემგზავრებიან. უატნი კი, გონზე მოსვლის შემდეგ, რჩება მარსზე და იწყება მის "კოლონიზაციას". რომანის პირველი ნაწილი მთლიანად მის დღიურს აქვს დათმობილი, რომელშიც დეტალურად ყვება, როგორ ცდილობს რადიოს შეკეთებას, საკვები მარაგის რაციონალურად გადანაწილებას და უცნობი პლანეტის ნიადაგის მაქსიმალურად გამოყენებას. მალევე, ახალ პირობებს შეჩვეული დედამიწელი საკუთარ ხომალდში კარტოფილის ბოსტანსაც გააშენებს.
მიუხედავად თითქოსდა განწირული მდგომარეობისა, მარკი საკუთარ შესაძლებლობებს მაქსიმალურად იყენებს და ყველაფერთან ერთად, არც იუმორის გრძნობას კარგავს. მოქმედება სამ ლოკაციაში მიმდინარეობს. მარსზე, დედამიწასა და ხომალდზე, რომელზეც უკანგამობრუნებული კოსმონავტები იმყოფებიან. წიგნი მსუბუქად იკითხება და არ არის გადატვირთული ზედმეტი სამეცნიერო ტერმინებით. ინტერსტელარის მოქიშპეებს გაახარებს ისიც, რომ ენდი უიერმა მაქსიმალურად გვერდი აუარა სენტიმენტებს, სასიყვარულო ურთიერთობებსა და ცრემლისღვრას. ეს არის მარტივად, ისტორია მებრძოლ ადამიანზე, რომელიც მარსზეც კი, საკუთარ სამყაროს ქმნის. სამყაროს, რომელშიც ცდილობს იცხოვროს ისე, რომ მშრალ პლანეტას მაქსიმალურად გამოწუროს სარგებელი.
"...სასაცილოა არა? რამდენი პირველი რამ ვარ. მე ვარ პირველი ადამიანი, რომელიც დაიკარგა მარსზე, პირველი ადამიანი, რომელიც მებაღეობას ეწევა მარსზე, აი დაუკვირდით, მარსის ტერიტორია არავის ეკუთვნის, ის პრაქტიკულად თავისუფალი ზღვის მსგავს რეჟიმს ექვემდებარება, ხომალდი კი, შტატების საკუთრებაა. შესაბამისად, ახლა თუ ხომალდიდან გავალ, და შიგნით შემოვალ, მე პრაქტიკულად აშშ-ს კუთვნილი ხომალდის მფლობელი ვხდები. სასაცილოა, ამგვარად, შეიძლება რომ მეკობრეც კი მეწოდოს. ხედავთ? მე პირველი კოსმოსური მეკობრე ვარ..."
ნამდვილად არ ვიცი, როგორი იყო გუდრიდსის სხვა ნომინანტები ამ ჟანრში, მაგრამ "კაცი მარსზე"-ს წაკითხვის შემდეგ, დარწმუნებული ვარ, არავინ იდავებს იმაზე, რომ ეს თანამედროვე სამეცნიერო ფანტასტიკის ერთ-ერთი საუკეთესო ნიმუშია. პრინციპში, ეს არც არის ფანტასტიკური ნაწარმოები. მე-20 საუკუნის "მამებისგან" განსხვავებით, რომლებიც ძალიან შორეულ მომავალში იყურებოდნენ, ენდი უიერმა ფანტასტიკური მომავალი კიდევ უფრო მოგვიახლოვა. მთელი ნაწარმოები იმგვარად მიედინება, იქმნება შთაბეჭდილება, რომ ეს ყველაფერი აქვე, ორი თვის წინ მოხდა, ან ორი თვის შემდგომ მოხდება (ვინ იცის, იქნებ ასეც იყოს...).
ნამდვილად არ ვიცი, როგორი იყო გუდრიდსის სხვა ნომინანტები ამ ჟანრში, მაგრამ "კაცი მარსზე"-ს წაკითხვის შემდეგ, დარწმუნებული ვარ, არავინ იდავებს იმაზე, რომ ეს თანამედროვე სამეცნიერო ფანტასტიკის ერთ-ერთი საუკეთესო ნიმუშია. პრინციპში, ეს არც არის ფანტასტიკური ნაწარმოები. მე-20 საუკუნის "მამებისგან" განსხვავებით, რომლებიც ძალიან შორეულ მომავალში იყურებოდნენ, ენდი უიერმა ფანტასტიკური მომავალი კიდევ უფრო მოგვიახლოვა. მთელი ნაწარმოები იმგვარად მიედინება, იქმნება შთაბეჭდილება, რომ ეს ყველაფერი აქვე, ორი თვის წინ მოხდა, ან ორი თვის შემდგომ მოხდება (ვინ იცის, იქნებ ასეც იყოს...).
ასეა თუ ისე, სადებიუტო ნაშრომი ახალგაზრდა ამერიკელს ნამდვილად სანაქებო გამოუვიდა. ეს არის კოსმოსური ლიტერატურის თანამედროვე სახე. ტრადიციული კლასიკური ჟანრი 21-ე საუკუნის ელემენტებით. ჩვენ კი ისღა დაგვრჩენია ვიმედოვნოთ, რომ ენდრიუ "მარსზე არ გაჩერდება".
ავტორი: ირაკლი სულაძე