ბოლო დროინდელი მუსიკალურ-სპორტულ-ტრაგიკული მოვლენების გამო, უსამართლოდ დაგვიგვიანდა დიმიტრი გლუხოვსკის ახალი წიგნის მიმოხილვა. არადა, ეს მეტროს საგის მესამე ნაწილია, რომელიც აგერ უკვე ერთი თვეა რუსეთის წიგნის მაღაზიების თაროებს ამშვენებს. ჯერ არც ინგლისურად არის წიგნი ნათარგმნი და (ჯერ!) არც ქართულად. ამიტომ, მის შესახებ განხილვებსა და დისკუსიებს მხოლოდ რამდენიმე რუსულ ფორუმზე თუ წააწყდებით, იქაც შეფასებები არაერთგვაროვანია. ნაწილი თვლის, რომ წიგნი ღირსეულად ასრულებს ტრილოგიას, დანარჩენს კი გლუხოვსკი "დაბერებასთან" ერთად, დასუსტებულიც ეჩვენათ და ამიტომ გამუდმებით ამტკიცებენ, ეპიკური გაგრძელების ნაცვლად ხელში ნაუცბათევად დაწერილი, მშრალი რომანი შეგვრჩაო. ჩვენი აზრით კი, ის უბრალოდ, გაიზარდა და წიგნსაც ეს აშკარად ეტყობა.
სინამდვილეში საქმე გაცილებით მარტივად არის. მეტრო 2035-მა რეალურად გაამართლა ის მოლოდინი, რაც მის მიმართ უნდა გვქონოდა. ზუსტად 10 წელი გავიდა მას შემდეგ, რაც მეტროს ფანები მისი პირველი ნაწილის გაგრძელებას ელოდებიან. ვინაიდან 2034 წლის მოვლენებმა აქცენტი სხვა გმირებზე გადაიტანა და მიუხედავად ძალიან კარგი დასასრულისა, მას პირველ ნაწილის დონემდე ასვლა მაინც გაუჭირდა, მკითხველის მთელი ყურადღება საგის მესამე ნაწილისკენ იყო მიმართული. მესამე ნაწილს ჩვენც დიდი ენთუზიაზმით ველოდით და მის შესახებ რაღაც პროგნოზებსაც ვაკეთებდით, მაგრამ უნდა ვაღიარო, რომ წიგნმა ოდნავადაც არ გამიმართლა მოლოდინი. თუმცა, ეს იმას არ ნიშნავს, რომ ის რამენაირად უკეთესი, ან უარესი გამოვიდა. არა, უბრალოდ, როგორც ჩანს, არასწორად შევაფასეთ ამხანაგი გლუხოვსკი და რატომღაც ველოდით, რომ 10 წლის შემდეგაც იმავე სტილში აღწერდა სულ რაღაც ორ წელიწად განვლილ ისტორიას, მაგრამ ამის საპირისპიროდ, მეტრო 2035-მა აშკარად აჩვენა, რომ გლუხოვსკი, როგორც მწერალი ძალიან გაიზარდა. გაიზარდა მისი მხატვრული ენა, პერსონაჟების მრავალფეროვნება და მათი პრობლემების რაოდენობაც. უცვლელი დარჩა მხოლოდ ბნელი და ნესტიანი მეტროს განუყრელი ატრიბუტები - სოკოს არაყი, სიმამოგდებული გიტარა და ზედაპირი - რომელზეც არავინ უწყის, რა იმალება.
წიგნი შეგვიძლია პირობითად რამდენიმე ნაწილად დავყოთ. პირველი - ერთ-ერთი საუკეთესო, შესავალი ნაწილია, სადაც პირველი ფრაზიდან მოყოლებული (რომელიც საშინლად ჰგავს 2033-ს საწყის ფრაზას) რამდენიმე თავის განმავლობაში იმგვარადაა ყოველივე დახატული, რომ ყველაზე მკაცრ მკითხველსაც ნოსტალგიის გრძნობას უღვიძებს, გულს უყუჩებს და იმ დამპალ, მაგრამ ერთიანად საყვარელ სამყაროს ახსენებს, რომელიც წლების წინ შეაყვარა არტიომმა, მელნიკმა, ჰანთერმა, дядя საშამ და საზარელმა "ბიბლიოთეკარმაც" კი. ეს განწყობა ნელ-ნელა უფერულდება და სიუჟეტის მეორე ნაწილში უკვე ნათლად წარმოგვიდგება წიგნის მთავარი გმირი, გაზრდილი და "გავირებული" არტიომი, რომელიც შავებთან შეხვედრის შემდეგ უცნაურად იქცევა. ის ახლა მეტროს ნამდვილი გმირია, თუმცა საკუთარი უსუსურობის გამო (რომელიც თავის აღსარებაში დეტალურად აღწერა) ამ ყოველივეს სიამოვნების ნაცვლად, ტანჯვით განიცდის.
წიგნის ერთ-ერთი მთავარი მშვენება გახლავთ - მთავარ გმირთაგან უხუცესი, მეტსახელად - ვინმე "ჰომეროსი", (თუმცა მეტროს მოყვარულებისთვის ის სულაც არ აღმოჩნდება - "ვინმე") რომელიც საკუთარ ოჯახს დროებით ტოვებს, რათა თან ახლდეს არტიომს და რაც მთავარია, მის შესახებ დაწეროს წიგნი. წიგნი, რომელიც თანამედროვე მეტროს ახალი ოდისეა გახდება. ოდისეა გმირზე, რომელმაც ცოცხალი სამყარო მომხდურთაგან იხსნა. ასე და ამგვარად, სიუჟეტის დიდი ნაწილი ჰომეროსის და არტიომის ერთობლივ გზას აღწერს, რომელსაც ისინი ერთმანეთისგან რადიკალურად განსხვავებული მიზნით განმსჭვალულები, ერთად მიიკვალავენ.
უნდა ვაღიაროთ, რომ მეტრო 2035-მა არ გასცა პასუხები წინა ნაწილებში დასმულ ყველა კითხვას, არც "არტიომის აღსარების" მსგავსი სიმძაფრის ტექსტები შემოგვთავაზა, თუმცა საერთო ჯამში, მივიღეთ ისეთი წიგნი, როგორიც უნდა ყოფილიყო საგის მესამე, მაგრამ არა საბოლოო ნაწილი. მართალია, ავტორი მეტროს თავიდანვე ტრილოგიად განიხილავდა, თუმცა მესამე წიგნის დასასრული მეტის მოთხოვნის საფუძველს გვაძლევს. ბოლო რამდენიმე თავში საოცარი სიცხადით ჩანს მთავარი გმირების ყველა დაფარული თვისება. ის, რაც მათ უხსოვარი დედამიწური დროიდან შემორჩათ. იკვეთება პერსონაჟების ნაწილი, რომლებიც მეტროს მენტალური ტყვეობის ქვეშ ყოფნას ეწინააღმდეგებიან და ბრძოლის სურვილს სოკოს არაყზე არ ცვლიან.
დასასრულს კი, უნდა ითქვას, რომ დიმიტრი გლუხოვსკიმ თავისი ახალი წიგნით თავისივე შემოქმედება ახალ საფეხურზე აიყვანა. შეჰმატა რა მას - მაგიური რეალიზმისთვის დამახასიათებელი რომანტიზმი. რომანტიზმი, რომელიც თანამედროვეობის ერთ-ერთ ყველაზე მძიმე რომანთა ციკლს კიდევ უფრო ახლობელს ხდის მკითხველისთვის და თითოეულ მათგანს უღვიძებს დაუოკებელ სურვილს, მეტრო 2035-ს ყოველი თავი - ძველებური გიტარის სევდიანი ჰანგების ფონზე წაიკითხოს.