26 August, 2015

სერიალის მიმოხილვა: Mr. Robot

Our Democracy has been hacked.

როცა დამღლელი დღის ბოლოს უხალისოდ დაეგდები კომპიუტერთან და ფიქრობ, თუ რითი გაიხალისო შენი პოტენციურად მოსაწყენი მომდევნო დღეები, ამ დროს შეიძლება გაგახსენდეს მეგობრის სხვათაშორის ნათქვამი წინადადება, რომ ახალი სერიალი დაიწყო ჰაკერებზე - „მისტერ რობოტი“. ამას მოსდევს ინსტინქტური ქმედება: IMDb-ზე შესვლა და სერიალის მოკლე აღწერის წაკითხვა, თან ცალ თვალს რეიტინგსაც გადაავლებ და თუ ამ ინფორმაციის შემდეგ დაიჯერებ, რომ  ღირს კვირაში ერთი საათი გამოყო და კვირიდან კვირამდე ახალ სერიას ელოდო, მაშინ მეგობრის რჩევასაც აფასებ და შინაგან მესაც უხარია, რომ ახალი თავშესაქცევი მონახე.

„მისტერ რობოტი არის ფსიქოლოგიური თრილერი, რომელიც მოგვითხრობს დღისით კიბერ-უსაფრხოების კომპანიაში მომუშავე ინჟინრის შესახებ, რომელიც ღამით მეამბოხე ჰაკერად იქცევა.“ ამ სტანდარტული ჰოლივუდური რეცენზიის წაკითხვის შემდეგ მაქსიმუმ პირველი ეპიზოდის ნახვის სურვილი შეიძლება გაგიჩნდეს „ცდა ბედის ნახევარია“ განწყობით. ელოდები ორობითი სიმბოლოების მწვანედ ჩამომდინარე ნაკადებს; თითების გაურკვეველი მოძრაობების შედეგად კარგად დაცული კომპიუტერული სისტემების მარტივ მამრავლებად დაშლას; ყოვლისშემძლე ჰაკერს და ყოველი სერიის ბოლოს მის გარდაუვალ გამარჯვებას კომპიუტერულ ალგორითმებთან ბრძოლაში. თუმცა, ეს მოლოდინი ისევე განიცდის კრახს, როგორც კომპანიის ან საჯარო დაწესებულების კომპიუტერზე მომხმარებლის მიერ ახალი პროგრამის დაინსტალირების მცდელობა. 

„მისტერ რობოტი“ არის კარგი შოუ. ამ სერიალს აქვს ყველაფერი, რაც უნდა ჰქონდეს ისეთ პროექტს, რომლის რეცენზიაში ფიგურირებს ორი საკვანძო სიტყვა: „ფსიქოლოგიური“ და „ჰაკერი“. დაწყებული კინემატოგრააფიდან, დამთავრებული ტექნიკური სიზუსტით, „მისტერ რობოტი“ შეძლებს სერიალების მოყვარულებში გატეხოს ის ფაიერვოლი, რომელიც მათ ასეთი ტიპის სერიალების ნახვის წინააღმდეგ უაქტიურდებათ.

მიუხედავად იმისა, რომ სერიალში მთავარი აქცენტი ციფრულ ტექნოლოგიებზეა გაკეთებული, მთავარი მუღამი მაინც სხვაა: ზედმეტ სპეცეფექტებსა და სპეციალური ტერმინოლოგიით დახუნძლულ დიალოგებს არაფერი გამოუვათ, თუ პერსონაჟები მოსაწყენები და ადვილად გაშიფვრადები არიან. „მისტერ რობოტის“ მთავარი კოზირი სწორედ პერსონაჟებია და არა - ტექნოლოგიები. მთავარი გმირი ელიოტი  (რემი მალეკი) ტიპური ნერდი, ნარკოტიკების პრობლემების მქონე სოციოპათია, მენტალური აშლილობით და ინტროვერტული მახასიათებლებით. ფსიქოლოგთან სეანსების დროს თვითონ შიფრავს და აანალიზებს ფსიქოლოგს. მას შეუძლია ჰქონდეს წვდომა ნებისმიერი უცხო ადამიანების ფიქრებზე, გრძნობებზე და პერსონალურ ინფორმაციებზე. სერიალში გვხვდება კიდევ ერთი საინტერესო პერსონაჟი - მისტერ ველიკი, ადამიანი, რომელიც ცხოვრობს დევიზით „საქმეს დასჭირდა და გავაკეთე“: ჰომოსექსუალური კავშირის დამყარება, მკვლელობა და ა.შ. მისთვის ის საშუალებებია, რომლებიც მიზანს ამართლებს. ამ ორი პერსონაჟის ტანდემის ფონზე ყველას ავიწყდება სერიალის მთავარი ვარსკვლავი -  კრისტიან სლეიტერი, რომელიც მისტერ რობოტის როლს ასრულებს.

სერიალის სავიზიტო ბარათია ელიოტის დიალოგების დროს დიალოგის ხმის გადაფარვა მისივე ფიქრებით. ამას დაახლოებით ისეთივე ეფექტი აქვს, როგორც გაი რიჩის „შერლოკ ჰოლმსში“ ჰოლმსის მიერ პერსონაჟების გაშიფვრას „ხმამაღალი ფიქრებით“. თუმცა, „მისტერ რობოტში“ ეს რეჟისორული სვლა სულ სხვა დონეზეა აყვანილი. თვალში  ასევე მოგხვდებათ კიდევ ერთი ხრიკი: კადრებში პერსონაჟები ნაჩვენებია კადრების კიდეებში და კუთხეებში, ნაცვლად კადრების ცენტრისა. ამას ემატება მაქსიმალურად რეალისტური ჰაკინგი და პროგრამული მოქმედებები: ელიოტი ხსნის ტერმინალურ ფანჯარას (დაახლოებით ისეთს, ვინდოუსში რომ command prompt-ია), იყენებს Linux-ის ოპერაციულ სისტემას, დისკებზე ჩაწერის ჩვეულებრივ პროგრამებს, ვირუსებს ბლოკავს Avast Antivirus, პასვორდების გასატეხად ელიოტი იყენებს Facebook-ის მონაცემებს და ა.შ. სერიალში, რა თქმა უნდა, არის უფრო რთული ოპერაციები, რომლებსაც სჭირდება სერვერებისა და პროგრამული ენების ცოდნა, მაგრამ შემქმნელებმა გაითვალისწინეს მაყურებლის თავმოყვარეობა და პერსონაჟები ძალიან ლაკონურად ცდილობენ ახსნან რამ გამოიწვია და როგორ შეაჩერეს DDoS შეტევა, რადგან რთულ და ზუსტ ახსნებს აზრი არ აქვს - ამით სერიების ქრონომეტრაჟსაც უფრთხილდებიან და მაყურებლის თვითშეფასების კოეფიციენტსაც.

რაც შეეხება სერიალის იდეას: ელიოტი და მისი საძმო (fsociety) მიზნად ისახავს გლობალური კორპორაციის E Corp-ის (E ისევე დახრილად წერია კომპანიის ლოგოზე, როგორც კომპანია DELL-ის შემთხვევაში) სერვერების წაშლას და მოსახლეობის გათავისუფლებას ამ კორპორაციისადმი მართებული ვალებისგან. ასეთ მიზანს ნაწილობრივ საფუძვლად უდებს შურისძიების მოტივიც, რადგან ელიოტის და კიდევ ერთი პერსონაჟის მშობლების ამ კომპანიის კანონგარეშე მოქმედებამ იმსხვერპლა. fsociety გეგმავს ხალხის გადარჩენას E Corp-ის კონსუმერისტული პოლიტიკისგან. ამ ეპიზოდების ნახვისას აუცილებლად გაგახსენდებათ „მებრძოლთა კლუბი“ და მათი გეგმა Project Mayhem. სერიალსა და ამ ფილმს შორის არსებულ იდეურ პარალელებს ასევე ემატება მთავარი პერსონაჟების მენტალური აშლილობის მსგავსებაც. აქ უკვე სპოილერები იწყება და გავჩერდები.

„მისტერ რობოტს“, მასში მოცემული სამსახიობო შესრულების, კინემატოგრაფიული მახასიათებლების, ემოციურ-ფსიქოლოგიური მომენტებისა და რეალისტური ტექნოლოგიების წყალობით, გააჩნია სრული პოტენციალი, რომ ადგილი დაიკავოს უკვე საკულტო სერიალების გვერდით და მოიპოვოს ერთ-ერთი საუკეთესო სერიალის სახელი კიბერპანკის და არა მარტო ამ ჟანრში.

სერიალი ქართული გახმოვანებით შეგიძლიათ ნახოთ ამ ლინკზე.


ავტორი: გიორგი ნაკაშიძე