დენ სიმონსის ჰიპერფანტასტიკური ილიადა

სამეცნიერო ფანტასტიკის ჟანრის განვითარებამ დიდი ოთხეულის და მათი თანამედროვე კლასიკოსების შემდეგ მცირედით შეიცვალა კალაპოტი და მეოცე საუკუნის 80-იანი წლებიდან სულ მთლად ახალ საფეხურზე აინაცვლა.

ნილ გეიმანის Marvel 1602

2001 წელს ნილ გეიმანმა, გრაფიკულის ნოველების აწ უკვე აღიარებულმა მწერალმა და The Sandman-ის შექმნელმა, გადაწყვიტა Marvel-თან ეთანამშრომლა და ბედი მეინსტრიმულ კომიქსში მოესინჯა (უფრო სწორად, თავად Marvel-ისგან მიიღო შემოთავაზება).

არტ შპიგელმანის ომგამოვლილი თაგვი

„როდესაც რამდენიმე დღით ერთ ოთახში ჩაგკეტავენ მშივრებს, იქ სიტყვა "მეგობარი" აღარ არსებობს.“

„უფრო მეტი, ვიდრე ადამიანი“: თეოდორ სტარჯენის ევოლოციური თეორია

„ჩვენ გვჭირდება არა ფიზიკური, არამედ - ფსიქიკური ევოლუცია“.

Showing posts with label კინგი. Show all posts
Showing posts with label კინგი. Show all posts

15 December, 2014

ბლეიზი - რიჩარდ ბახმანი (სტივენ კინგი)


-         ჯორჯ!
პასუხი არ არის.

1973 წელს, როდესაც სტივენ კინგმა ბლეიზის წერა დაამთავრა, მისი, როგორც ჰორორის ამომავალი მეფის გზა ჯერ ახალი გაკვალული იყო. შესაბამისად, ისეთმა რომანებმა, როგორებიცაა, „ქერი“ და „სალემის ლოტი“, რბილად რომ ვთქვათ, დაჩრდილეს ბლეიზი. სტივენი ახალგაზრდობიდანვე ბევრს წერდა. ზოგჯერ ისე ხდებოდა, რომ ერთი კალენდარული წლის განმავლობაში გამოსაცემად რამდენიმე რომანს ამზადებდა. გამომცემლობის პრეტენზიების გათვალისწინებით, ავტორი იძულებული იყო, რომ გამოცემული ორი წიგნიდან ერთ-ერთისთვის ფსევდო-ავტორის სახელი მიენიჭებინა. ასე დაიბადა რიჩარდ ბახმანი. თუმცა, საშინელებითა და მისტიკით გართულმა კინგმა საერთოდ გადაიფიქრა ბლეიზის გამოცემა და როგორც მას ხშირად სჩვევია, ხელნაწერი იმდენად უყურადღებოდ მიაგდო, რომ მხოლოდ ოცდაათი წლის შემდეგ, მენის ერთ-ერთ ბიბლიოთეკაში წააწყდა. ისიც შემთხვევით. ამჟამად უკვე დაღვინებულმა ავტორმა უფრო მეტად დააფასა თავისი ერთ-ერთი პირველი ქმნილება და მას უკვე სხვა თვალით შეხედა. ასე იხილა ბლეიზმა დღის სინათლე 2007 წელს.

რომანი მისი მთავარი გმირის სახელს ატარებს. ბლეიზი კლეიტონ ბლეიზდელის მეტსახელია. აღნაგობით - მაღალი, ზორბა, ჩამოყალიბებული მუტრუკი. გონებრივად - ოდნავ განუვითარებელი. ხასიათით - გულჩვილი და ცოტა სულელი. ბლეიზი, მეგობრის, ჯორჯის მკვლელობის შემდეგ, მათი ერთობლივი გეგმის განხორციელებას და მდიდარი მამიკოსთვის შვილის მოტაცებას გადაწყვეტს. მთელი სიუჟეტის განმავლობაში ბლეიზი ესაუბრება ჯორჯს, ცხადად ხედავს მას ოთახში, მისგან სწავლობს ბავშვის მოვლას, საფენების გამოცვლას. გარდაცვლილი ჯორჯი აძლევს ცხოვრების ძალას და მატებს გამბედაობას.თუმცა, არის მომენტები, როდესაც ჯორჯი აღარ ჩანს, ბლეიზი რჩება მარტო, გადის დრო და მასში იღვიძებს სტაინბეკის „ადამიანებისა და თაგვების შესახებ“ - ის ლენნის მსგავსი კეთილშობილური არსება.გახსოვთ არა? სცენა, როდესაც მალკოვიჩი ეფერება პატარა ლეკვს. სწორედ ასეთი ხდება ბოროტმოქმედი ბლეიზი პატარა ჯოსთან მიმართებით. ნელ-ნელა ბლეიზისთვის მისი ქმედებების მთავარი მიზანი - ფული, უკვე უმნიშვნელო ხდება და მის  ერთადერთ სურვილად იქცევა პატარა ჯოსთან სიახლოვე და მისი მოვლა - პატრონობა.

წიგნის თხრობა ორ პარალელურ სივრცეში მიმდინარეობს. ერთი - ახლანდელი, „ვზროსლი“, ნასამართლევი და ათას უბედურებას გადაყრილი ბლეიზის ამბავია, მეორე კი - მისი და ჯორჯის პატარაობა ბავშვთა სახლში. უნდა ითქვას, რომ ბავშვობის ისტორიები უფრო საინტერესოა, ნათლად ჩანს ყველა ის ფაქტორი, რაც ნელ-ნელა, შეუმჩნევლად უდიდეს ზეგავლენას ახდენს ბავშვების შემგომ ცხოვრებაზე. ბლეიზი ხშირად უბრუნდება ბავშობისდროინდელი მოგონებების ადგილებს, ვერ ივიწყებს ჯორჯს და ცდილობს მუდმივი კავშირი ჰქონდეს წარსულთან. 

ისევე როგორც კინგის "ის"-ში, ბლეიზშიც, მკვეთრად არის გამოხატული პატარაობისდროინდელი ტრავმების ზეგავლენა ადამიანის ფსიქოლოგიაზე, მის შეხედულებებზე სამყაროსადმი. არც ერთ ადამიანს ისეთი ზეგავლენა არ მოუხდენია მთავარ გმირზე, როგორც ბავშვობისდროინდელ მეგობარს, მასზე გამხდარს, გაცვეთილ და ხულიგან ჯორჯს. ჯორჯს, რომლის გარეშეც ბლეიზის ბავშვობა არასრულყოფილია და რომლის სიკვდილის შემდეგაც ბლეიზი შეიცვალა. შეიცვალა იმიტომ, რომ მთელი მისი ცხოვრება დაკავშირებული იყო ჯორჯთან. თუ ჯორჯისგან ლანძღვას და დაცინვას თუნდაც ერთი დღე არ მოისმენდა, ბლეიზს ყოველთვის რაღაც აწუხებდა. ჯორჯი და ბლეიზი ერთი მთლიანობა იყო, ერთმანეთს აბალანსებდნენ და ერთ საშიშ ორგანიზმს ქმნიდნენ. ამ ორგანიზმის დაშლამ კი ბლეიზის ცვლილება გამოიწვია. თუმცა, დადებითი კუთხით (ალბათ).

ჯერ ერთი, ჯორჯი არც არასდროს მომკვდარა, ის მუდამ ცოცხალი იყო ბლეიზის თავში, მუდამ ჰქონდა მასთან კონტაქტი. თანაც, რაც დრო გადიოდა, ბლეიზი უფრო მეტად დამოუკიდებელი ხდებოდა, აგრესიის კონტროლს სწავლობდა და თავისი სიშტერის აღარ ეშინოდა.

შიში? არ ვიცი, რამდენად საშიშია ის ეპიზოდები, რომელშიც ბლეიზი ბნელ ოთახში ბავშვის მოტაცებას ცდილობს, ან მკვლელობის ის სცენები, რომელიც აბსოლიტურად შემთხვევითია, მაგრამ ამ რომანით კინგმა თავისი მეორე სახე არამარტო ფორმალურად, არამედ წმინდა ლიტერატურულადაც შექმნა. მისი საბეჭდი მანქანის კლავიშების მრავალფეროვნება სწორედ იმაში გამოიხატება, რომ საშინელებათა და მისტიკური თრილერების ჟანრის კლასიკურ რომანებთან ერთად, სტივენი ქმნიდა ოდნავ სევდიან, ქანთრის მელოდიით გაჟღენთილ ამერიკულ ისტორიებს, პატარა ბავშვებით და ბუნჩულა ბოროტმოქმედებით.


ავტორი: ირაკლი სულაძე


07 December, 2014

11/22/63 - სტივენ კინგი








სანამ ქართული გამომცემლობები იმაზე ფიქრით არიან დაკავებული, თუ კინგის რომელი წიგნის თარგმნა იქნება მარკეტინგულად უფრო მომგებიანი, მსოფლიოს კინგომანთა გულებს ნელ-ნელა იპყრობს მისი 2011 წელს გამოცემული რომანი – „11/22/63“. თარიღი რომელმაც მსოფლიო შეცვალა. (ყოველ შემთხვევაში, ავტორის აზრით)

მისივე თქმით, მსგავსი ტიპის რომანის დაწერის იდეა ჯერ კიდევ „ქერის“ გამოქვეყნების დროიდან გააჩნდა, თუმცა, ფაქტია, რომ „11/22/63“ რადიკალურად განსხვავებულია კინგის ყველა სხვა ნაწარმოებისგან. ზოგადად, მისი უკანასკნელი ნამუშევრებიც იმაზე მეტყველებს, რომ სტივენი ნელ-ნელა ბერდება. ჰორორის წარუმატებელ ცდას „დოქტორ სლიფში“, მალევე მოაყოლა „მისტერ მერსედესი“. „მისტერ მერსედესი“ დეტექტიური ჟანრისაა და თავისუფლად შეგვიძლია ეს მისი შემოქმედების „გადარჩენის“ მცდელობად მივიჩნიოთ. რამდენიმე წლით ადრე კინგმა გამოსცა რომანი დროში მოგზაურობაზე. და თუ დეტექტივი უფრო მეტად მასაზე გათვლილი ჟანრია, დროში მოგზაურობით მხოლოდ ფანტასტიკის მოყვარულებს თუ მოიზიდავ. საქმე ის არის, რომ ამ წიგნში გარდა დროში მოგზაურობისა, ავტორმა გააერთიანა უახლოესი ისტორიის უმნიშვნელოვანესი მოვლენა, სასიყვარულო ისტორიის კლასიკური შინაარსი და კიდევ მრავალი რამ…

წიგნის მთავარი გმირი, ჯეიკი ხვდება თავის მეგობარს, ადგილობრივი სასაუზმის მფლობელს, რომელიც ყველასდა გასაკვირად უმაღლესი ხარისხის ბიფშტექსებს ძალიან დაბალ ფასში ყიდის. როგორც შემდგომ აღმოჩნდება, ამის მიზეზი მოხუც მზარეულის სახლის სარდაფში შემთხვევით ნაპოვნი „კურდღლის სოროა“. სორო, რომელიც წარმოადგენს პორტალს 1958 წელში. საინტერესოა, თავად დროში მოგზაურობის სპეციფიკა. სოროში“ ჩასული თანამედროვე ადამიანი 1958 წელში ინაცვლებს, ხოლო მიუხედავად იმისა, თუ რა დროს დაჰყოფს წარსულში, უკან დაბრუნების შემდეგ, აწმყოში გასულია სულ რაღაც 2 წუთი. ამასთან, მოგზაურობა შესაძლებელია მხოლოდ დროის ამ ერთ კონკრეტულ წერტილში, ხოლო უკანდაბრუნებულის სოროში ხელახლა ჩასვლა იწვევს წინა მოგზაურობით გამოწვეული ცვლილებების გაუქმებას და ყველაფერი იწყება ნულიდან.








მიუხედავად დამაბნეველი სიუჟეტისა, ავტორი ახერხებს ჯეიკთან ერთად, მკითხველსაც მალევე მარტივად გააგებინოს „კურდღლის სოროს“ მუშაობის პრინციპი. ჯეიკიც მალე კეთილშობილური მიზნებით აღივსება და იწყებს დროში მოგზაურობას. მიუხედავად ყველაფრის დეტალური გათვლისა, პეპლის ეფექტი ძალიან ძლიერია. განსაკუთრებით მაშინ, როდესაც მთავარი გმირი ამერიკის პრეზიდენტის სიცოცხლის გადარჩენას ცდილობს. მთელ წიგნს ფონად მიყვება ჯეიკის ფიქრები, იმის შესახებ, რომ წარსული ჯიუტობს… წარსულს არ უნდა ცვლილება… დროითი კონტინიუმის რღვევას ეწინააღმდეგება კიდევ ერთი პერსონაჟი. ე.წ. „ყვითელი ბარათი“. უსახლკარო ქუჩაში მცხოვრები, რომელიც „კურდღლის სოროს“ მეორე მხარეს, 1958-ში ცხოვრობს.

ძალიან ძნელია, ამ წიგნზე საუბრისას გვერდი აუარო „სპოილერებს“. თითოეული თავი ახალ-ახალ მინიშნებას ხსნის. მკითხველი ჯეიკთან ერთად მოგზაურობს წარსულში და გაფაციცებით აკვირდება მომავლის სავარაუდო ცვლილებას. ჯეიკი რამდენიმე “ცვლილებას” წარმატებით ახორციელებს. რა თქმა უნდა, სიუჟეტში ერთვება „იქაური“ ქალბატონი, რომელიც მოგზაურის გეგმებს თავდაყირა აყენებს. ჯეიკი იცვლის სახელს, გვარს, იყენებს ყალბ საბუთებს, (ვინაიდან „ტკბილ“ 60იანებში ჯერ კიდევ ძალიან ადვილი იყო ყალბი საბუთის დამზადება) 2011-დან წამოღებულ საფეხბურთო ანგარიშების შედეგებს, მოკლედ ერთი სიტყვით, იქმნის იდეალურ პირობებს თავისი გეგმის განსახორციელებლად. თუმცა, ეს ყველაფერი საკმარისი არ არის., რადგან, წარსული ჯიუტია… მას არ სურს ცვლილება.

„11/22/63“ არის ნაწარმოები აბსოლუტურად ყველა ჟანრის მოყვარულისთვის. ჯეიკის და სეიდის ურთიერთობაი რომანის არც ერთ მოყვარულს დატოვებს გულგრილს, ფანტასტიკის მიმდევრებს გააოცებს დროში მოგზაურობის თვისებურება და პეპლის ეფექტის დამანგრეველი ძალა. ხოლო სტაინბეკისტებს პირზე ღიმილს მოჰგვრის 60-იანების ამერიკის და კერძოდ დალასის, ახლოდან გაცნობა… თუმცა, ამ უკანასკნელთ ალბათ უფრო ის გაახარებთ, რომ ჯეიკი (რომელიც დამავიწყდა მეთქვა რომ სკოლის მასწავლებლად მუშაობდა „იქაც“ და „აქაც“) სკოლაში „თაგვებისა და ადამიანების შესახებ“ სპექტაკლს დგამს.

ბევრი რომ არ გავაგრძელოთ, ეს არის წიგნი, რომელშიც სტივენ კინგმა გააერთიანა თავისი შემოქმედების საუკეთესო შტრიხები. „11/22/63“ არის ისტორიული ნაშრომი, წარმოდგენილი მხატვრულ ფორმაში. ეს არის წიგნი, რომელსაც არ უნდა ენდო წინასიტყვაობის ან მოკლე აღწერის მიხედვით, რადგან მისი მრავალფეროვნებიდან გამომდინარე, მისი მთავარი სიუჟეტი შეიძლება სულაც არ ყოფილიყო დროში მოგზაურობა, ან კენედის გადარჩენა.

იმოგზაურეთ დროში,მაგრამ უფრთხილდით, შემთხვევით პეპელა არ შემოგაკვდეთ…

დჯიმლააა !!!!




ავტორი: ირაკლი სულაძე