დენ სიმონსის ჰიპერფანტასტიკური ილიადა

სამეცნიერო ფანტასტიკის ჟანრის განვითარებამ დიდი ოთხეულის და მათი თანამედროვე კლასიკოსების შემდეგ მცირედით შეიცვალა კალაპოტი და მეოცე საუკუნის 80-იანი წლებიდან სულ მთლად ახალ საფეხურზე აინაცვლა.

ნილ გეიმანის Marvel 1602

2001 წელს ნილ გეიმანმა, გრაფიკულის ნოველების აწ უკვე აღიარებულმა მწერალმა და The Sandman-ის შექმნელმა, გადაწყვიტა Marvel-თან ეთანამშრომლა და ბედი მეინსტრიმულ კომიქსში მოესინჯა (უფრო სწორად, თავად Marvel-ისგან მიიღო შემოთავაზება).

არტ შპიგელმანის ომგამოვლილი თაგვი

„როდესაც რამდენიმე დღით ერთ ოთახში ჩაგკეტავენ მშივრებს, იქ სიტყვა "მეგობარი" აღარ არსებობს.“

„უფრო მეტი, ვიდრე ადამიანი“: თეოდორ სტარჯენის ევოლოციური თეორია

„ჩვენ გვჭირდება არა ფიზიკური, არამედ - ფსიქიკური ევოლუცია“.

Showing posts with label ფენტეზი. Show all posts
Showing posts with label ფენტეზი. Show all posts

06 December, 2016

Goodreads-ის არჩევნების საბოლოო შედეგები ცნობილია




გარდა საქვეყნოდ ცნობილი პრემიებისა, როგორებიცაა ჰიუგო, ნებულა, ბრემ სტოკერი და ა.შ. უკვე რამდენიმე წელია, რაც საერთო თანრიგს სოციალურ ქსელ Goodreads-ის ჯილდოც შეემატა. საიტის მომხმარებელი ყოველწლიურად თითო-თითო ხმას აძლევს საყვარელ ავტორებს (მხოლოდ იმ წელს გამოცემული წიგნების მიხედვით) და გამოარჩევს ჟანრში თითო საუკეთესო ნაწარმოებს. ჟანრები გრადირებულია ზოგადი ბელეტრისტიკიდან კულინარიამდე, თუმცა ჩვენ მხოლოდ რამდენიმე მათგანზე გავამახვილებთ ყურადღებას, დანარჩენი კი უფრო დეტალურად შეგიძლიათ იხილოთ აქ.


მისტიკა და თრილერი

მიუხედავად იმისა, რომ მთელი მსოფლიო ერთხმად ვთანხმდებით - სტივენ კინგის დეტექტივში გადასვლა არც თუ ისე წარმატებული გამოდგა, წლევანდელმა ტრილოგიის ბოლო წიგნმა მაინც თავისი თქვა. რა დაგიმალოთ და როცა კინგის ბიბლიოგრაფიის ბოლოში გავალ, მერსედესის ტრილოგიას ალბათ უკანასკნელს გადავშლი, მაგრამ არის ხალხი, ვინც კინგის ამ მიმართულებით განვითარებას ერთგვარ ახალ ნაბიჯად აღიქვამს, ანდაც იმ აუცილებელი ორმოს ამოვსების წარმატებულ მცდელობად, რომელიც ყველა დიდმა მწერალმა უნდა გაიაროს, რომელიც მრავალმხრივ ჟანრობრივ არეალს მოიცავს. მოკლედ, ასეა თუ ისე, კინგის ფანბეიზი მძლავრობს და ისევე როგორც წინა წიგნების შემთხვევაში, პირველობას არც ამ შემთხვევაში უთმობს სხვა ავტორს. საგუშაგოს დასასრულმა 42 000-ზე მეტი ხმა აიღო, მეორე ადგილზე მყოფმა ლუიზი პენის დიდმა გაანგარიშებამ კი მხოლოდ 23 038. პრინციპში, სხვას არც არაფერს ველოდით. თან თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ ლუსი პენის დიდი გამოხმაურება არ მოჰყოლია. როგორც იცით, კინგი უკვე მუშაობს ახალ წიგნზე, რომელიც სავარაუდოდ ამავე ჟანრში დამკვიდრდება და მომავალ წელსაც ძნელად თუ ჩამოაგდებს ვინმე ტახტიდან. ისე, უნდა ითქვას, რომ ტრილოგიისგან განსხვავებით დიდი მოლოდინები გვაქვს მისი 2015 წლის მოთხრობების კრებულის მიმართ (ცუდი სიზმრების ბაზრობა), რომელსაც ყველა აღიარებს, როგორც ერთ-ერთ საუკეთესო კრებულს მის შემოქმედებაში.


ფენტეზი

ავად თუ კარგად, ზემოთ თქმული ტენდენცია გრძელდება შემდეგ ჟანრში, რომელშიც ლიდერობა არავის დაუთმო როულინგის დაწყევლილმა ბავშვმა, რომლის ყდაზეც ჰარი პოტერი იმხელა ასოებით წერია, რომ ძნელია მასზე, როგორც დამოუკიდებელ ნოველაზე იფიქრო. კრიტიკოსები ამ წიგნს არაერთგვაროვნად აფასებენ, თუმცა კარგია, რომ გუდრიდსის მომხმარებელი კრიტიკოსების აზრს არასდროს ითვალისწინებს და აქ რომანტიკული გრძნობები უფრო ჭარბობს ხოლმე, ვიდრე ლოგიკური შეფასება. ამ შემთხვევაშიც, ძნელია როულინგს სხვა თვალით შეხედო. არადა, ჟანრში ისეთი კონკურენტები ჰყავდა, როგორებიც არიან ბრენდან სანდერსონი, მარკ ლოურენსი, პატრისია ბრიგსი და სხვები. ისე, საინტერესოა, რომ სანდერსონის მისთბორნის მორიგ ნოველას - მგლოვიარე რაზმები, მეორე ადგილი მთელი 10 000 ხმით აწაპნა ვიქტორია შვაბმა მაგიის ჩრდილების მეორე წიგნით - აჩრდილთა კრება.
აღსანიშნავია, რომ თანამედროვე ფანტასტებს შორის ერთ-ერთი გამორჩეული - მარკ ლოურენსი (განადგურებული იმპერიის ტრილოგიის ავტორი), რომელიც აქტიური მომხმარებელია Goodreads-ზე და ხშირად გვანებივრებს კარგი ლიტერატურული მიმოხილვებით, თავისი ოშეიმის ბორბლით, რომელიც წითელი დედოფლის სერიის მესამე წიგნით იყო ჩართული ამ შეჯიბრში, მხოლოდ მე-18 ადგილს და 1 613 ხმას დასჯერდა.


სამეცნიერო ფანტასტიკა

ბოლო წლების მიდგომა აისახა სამეცნიერო ფანტასტიკის ჟანრშიც, სადაც შარშანდელის მსგავსად წელსაც პირს ბრაუნმა გაიმარჯვა, ამჯერად უკვე წითელი აღზევების ტრილოგიის მესამე წიგნით - დილის ვარსკვლავი. რატომ სამწუხაროდ? იმიტომ, რომ კლასიკური საი-ფაი პოზიციებს კარგავს და მკითხველი უფრო მარტივად საკითხავ წიგნებს ეტანება. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენთვის ყველასთვის საყვარელმა და სასურველმა მარსელმა შარშანწინ პირველობა არავის დაუთმო, ესეც ხომ არ არის წმინდა სამეცნიერო ფანტასტიკა? ენდ უეირში ჩვენ ხომ უფრო მეტად მისი იუმორი მოგვწონს, ვიდრე ფუტურისტული იდეები? არც პირს ბრაუნის ნაშრომებია ამ მხრივ დიდად განსხვავებული. ამასობაში კი ყურადღების მიღმა რჩებიან ისეთი ავტორები, როგორებიც არიან ნილ სტივენსონი, ორსონ სკოტ კარდი, ჯონ სკაცი და კიმ სტენლი რობინსონი.
წელს თითქმის 14 000 ხმის ჩამორჩენით მეორე ადგილზე ბლეიქ ქრაუჩის შავი მატერია გავიდა, მას მოჰყვა ვარსკვლავური ომების მორიგი ნოველა კლაუდია გრეის ავტორობით, მეოთხეზე კი ტერი პრეტჩეტის გრძელი კოსმოსი გავიდა, რომელიც ოსტატმა 2014 წელს სიკვდილამდე, 18 თვით ადრე დაასრულა, თუმცა ეს არ ყოფილა მისი უკანასკნელი ნამუშევარი. ეს გრძელი დედამიწის 5-ნაწილიანი საგის ბოლო წიგნია, რომლის თანაავტორადაც კიდევ ერთი ვეტერანი - სტივენ ბაქსტერი ევლინება.


გრაფიკული ნოველა

ცოტა არ იყოს უცნაური იყო კომიქსების კატეგორიაში გამარჯვებული სარა ანდერსენი, რომელმაც წელს გამოაქვეყნა გრაფიკული ნოველა - ზრდასრულობა მითია. აქაც, რაღა დაგიმალოთ და თინეიჯერი გოგონების წილი უფრო მეტი მგონია ამ ავტორის გამარჯვებაში, ვიდრე კომიქსის ღირსება. ჯერაც ნაკლებად ცნობილი სარა თავის გუდრიდსის აღწერაში გვეუბნება, რომ მან 2014 წელს დაამთავრა მერილენდის ხელოვნების კოლეჯი და ამჟამად ბრუკლინში ცხოვრობს. მისი კომიქსები კი ნახევად ავტობიოგრაფიულია, რომელიც მის მოგზაურობებს, მის პიროვნებას, მეგობრებსა და საყვარელ შინაურ ცხოველებზე მოგვითხრობს. მოკლედ, არ ვიცი... მეტი ამ ავტორის შესახებ მეც არაფერი გამიგია. სამაგიეროდ, ყველა კარგად ვიცნობთ მეორე ადგილზე გასულ საგას, რომელიც ბრაიან ვოგანის მიერ შექმნილი თანამედროვეობის ერთ-ერთი საუკეთესო კომიქსია. საგა წლევანდელ დაჯილდოებაზე მე-6 ვოლუმით შევიდა, თუმცა პირველ ადგილს მაინც ვერ შესწვდა. არადა, ის ერთნაირად გამორჩეულია უნიკალური მხატვრობითა და შიინარსით, რომელსაც აღფრთოვანებაში მოჰყავს როგორც ოქროს ხანის კომიქსების ფანები, ისე ამ ჟანრის დამწყები მკითხველი. უნდა ითქვას ისიც, რომ მისის მარველი მე-4 ადგილზე გავიდა, პოლ დინის - ბნელი რაინდი: ბეთმენის ნამდვილი ამბავი კი მხოლოდ მეშვიდეზე. 


საშინელება

და ბოლოს: წლევანდელი დაჯილდოების ყველაზე ლოგიკური, ყველაზე საინტერესო და ყველაზე საშიში განყოფილება. აი, ამიტომ არის ჯო ჰილი თანამედროვეობის ერთ-ერთი თვალსაჩინო მწერალი, რომელიც მალევე გამოვიდა მამამისის ჩრდილიდან და მე-20 საუკუნის მოჩვენებების კრებულის შემდეგ ყოველწლიურად უფრო და უფრო ღრმად ეფლობა საშინელებათა ჟანრში. მას სრული სიცხადით აქვს გაცნობიერებული, თუ როგორი უნდა იყოს საშინელება, რომელიც მკითხველს დააინტერესებს და ყოველ ახალ წიგნს ახალი მოლოდინით შეხვდება. ეს კატეგორია საინტერესო იყო იმითაც, რომ პირველ და მეორე ადგილოსანს შორის სხვაობა 2 000-ზე ნაკლები ხმა იყო. ამ საპატიო ადგილს დოტ ჰაჩისონის პეპლის ბაღი შესწვდა, მესამეზე ათასზე ოდნავ მეტი ხმის სხვაობით ჯასტინ კრონინის სარკეების ქალაქი გავიდა, ლავკრაფტისეული ჰორორის მორიგი ნოველა - ლავკრაფტის ქვეყანა კი, რომელიც მეტ რაფმა დაწერა, 5 8881 ხმით მეექვსე ადგილს იკავებს.


მოკლედ, წლევანდელმა დაჯილდოებამ ზედმეტი მოულოდნელობების გარეშე ჩაიარა. კვლავ გაიმარჯვეს მკითხველთა საყვარელმა ავტორებმა და კვლავ ჩრდილში დარჩნენ ნაკლებად პოპულარული, მაგრამ ძალიან კარგი მწერლები. თუმცა, ეს მხოლოდ იმ ჟანრებს ეხება, რომელიც ზემოთ ვახსენეთ და მათ შორისაც არის ის ერთი, რომელიც აუცილებლად, ყოველ მიზეზგარეშე იმსახურებდა ამ პრემიას. ჯო ჰილი თანამედროვე ჰორორს მხრებით ქაჩავს და მას ღირსეულად ემსახურება. Goodreads კი უკვე მომავალი წლისთვის ემზადება და 2017 წლისთვის გამზადებული წიგნებისთვის საპატიო თაროებს წინასწარ ამზადებს.







ავტორი: ირაკლი სულაძე 

31 October, 2016

სიცოცხლით სავსე სიკვდილის ცეკვა გრძელდება - ნილ გეიმანის ბლოგპოსტი



ახლა ატლანტას აეროპორტის მოსასვენებელ ოთახში ვზივარ და დილის შვიდის ნახევარია, მაგრამ ჩემს სხეულს ჯერ ისევ სჯერა, რომ ჯერ მხოლოდ ოთხის ნახევარია, რადგან სან ფრანცისკოში თვითმფრინავში სულ რამდენიმე საათის წინ ავედი. მე აქ იმ ამბის გამო ვარ რასაც ედი კემბელი თავის ამავე სახელწოდების წიგნში უწოდებს - სიცოცხლით სავსე  სიკვდილის ცეკვას.     
                            
ერთი თვის წინ ბაბუა გავხდი. ჩემს ბიჭს მაიკლს და მის მეუღლეს კორტნის პირველი შვილი ეყოლათ. პატარა ბიჭს ევერეთი დაარქვეს. დღეებს ვითვლიდი, როდის შევძლებდი მათთან მისვლას და ბავშვის ნახვას, მაგრამ ჯერ ფლორიდაში ქარბორბალისგან თავის დაღწევა მომიხდა (საბოლოოდ აღმოჩნდა რომ ჯამში ხუთი ასეთი ქარბორბალა იყო, რომელთაც სიმძლავრე არ დაუკარგავთ), შემდეგ კი სახლისკენ გზა და მოკლედ...
                               
ერთი პერიოდი საბავშვო ურიკის მძღოლის ფუნქციები ავითვისე და ამგვარად ვართობდი პატარა ერთი წლის ეშს. (ურიკა ბოსტონში, ქუჩაში მგდებული ვიპოვე, ასე მოქცეულიყო ამანდას ღრუბლის კლუბის მეპატრონე - ლი. შემდეგ ურიკა შევაკეთე და შევალამაზე). მერე ამანდას და ეშს დავემშვიდობე და პატარა ევროპულ ტურში გავაცილე.                            
ამაზე გამახსენდა: აქვე დავდებ პატარა ლამაზ ვიდეოს, რომელშიც ეში თამაშობს (აკვანში მწოლიარე ერთი წლის ბავშვს). ეს არის ამანდა პალმერის და ჯეკის ქავერი "Wynken, Blynken and Nod"-ზე. აქვეა ამანდაც, მედისი და მოკლედ ბევრი ჩვენი მეგობარი. (როცა ეს ვიდეო გადაიღეს, იმ ღამით შოტლანდიაში ვწერდი, ასე რომ მე ვერ მოვხდი.) თუ შეძლებთ, გირჩევთ სრულ ეკრანზე უყუროთ. ბევრი საინტერესო რამ ხდება.         




შემდეგ ტორონტოში მომიწია წასვლა, სადაც ამერიკელი ღმერთების სატელევიზიო შოუს პირველი სეზონის საპატივცემულოდ მოწყობილ წვეულებას დავესწარი, რადგან მსურდა რომ მსახიობების და პერსონალისთვის მადლობა გადამეხადა იმ დიდებული შრომისთვის, რომელიც ამ სერიალის მზადებისას გასწიეს. შემდეგ ლოს ანჯელესისკენ გავსწიე, სადაც ერთი ძალიან მაგარი და თან გასაიდუმლოებული (რატომ - გაიგებთ მომავალ წელს) საქმე გავაკეთე და იქვე მივეცი ინტერვიუ Electronic Press Kit-ს ასევე ამერიკელი ღმერთების შესახებ. (სერიალი გაზაფხულზე გამოვა. ძალიან ვღელავ).                           
და მერე როგორც იქნა გავემგზავრე სან ფრანცისკოში, რათა ოფიციალურად გავმხდარიყავი ბაბუა.            

ევერეთი ძალიან საყვარელი ბავშვია. ისეთი სახე აქვს, თითქოს ქროქეთ ჯონსონს დაეხატა იმ კონკრეტულ დღეს, როცა თავს გამორჩეულად ეშმაკურად გრძნობდა. ცოტათი ბერნაბის და ოდნავ მისტერ ო'მეილისაც ჰგავს - ბერნაბის ნათლიას. რამდენიმე ბედნიერი დღე გავატარე საფენების ცვლაში და ბავშვის ფერებაში. უამრავ, უამრავ ფერებაში.                      

შევეცადე ტვიტერზე ამეხსნა, თუ რას ნიშნავს იყო ბაბუა. - "მოსარგებად ძალიან მოსახერხებელი რამ არის. ახლად შეკერილ ძველებურ ქურთუკს ჰგავს." მართლაც ასეა. არ გჭირდება არანაირი ინსტრუქცია, უბრალოდ ირგებ და გიყვარს როგორ გათბობს და გერგება. დაახლოებით ასეთივე შეგრძნებაა შვილის დაბადებაც.          
                       
ეს ფოტო მაიკლს და ევერეთს გადავუღე. ჩემი ვაჟი და მისი ვაჟი. კორტნის და მაიკლის გამო თავს ძალიან ამაყად ვგრძნობ: ძალიან კარგი მშობლები არიან. თან ვგრძნობდი რომ ამ ყველაფრის პარალელურად უნდა გამეკეთებინა რაღაც ძალიან კარგი და სწორი.


სან ფრანცისკოში მათთან კიდევ ოთხი დღის გატარებას ვგეგმავდი, მაგრამ შემდეგ ჩემი ბიძაშვილის - სიდნის სიკვდილის ამბავი გავიგე.         
         
სიდნიმ ელენი 68 წლის წინ მოიყვანა. ის გარდაცვალების დღისთვის 94 წლის იყო, ელენი 98-ის არის. ის მხიარული, თავისრებურად ცელქი, ჭკვიანი და ძალიან უშფოთველი კაცი იყო. სამშენებლო ბიზნესში იყო ჩართული და როცა სამსახურს თავი დაანება მოქანდაკე გახდა. შექმნა ბრწყინვალე ნამუშევრები - ძალიან რეალისტური და აბსტრატული, მაგრამ ისეთები, რომლებსაც ყოველთვის გინდოდა რომ ხელით შეხებოდი. ბოლო ათი წლის განმავლობაში უფრო და უფრო აკლდებოდა სმენა, თითქოს უფრო შორეული ხდებოდა, მაგრამ მისი თვალების ნათება ყოველთვის დაგანახებდა მთელ თავის ბუნებას და გაგრძნობინებდა, რომ ყველაფერი რასაც ამბობდი, იდეალურად წარმოედგინა.                 

აქ სიდნი და ამანდა არიან გადაღებული 2013 წელს: სარასოტაში წავიყვანე მათთან შესახვედრად და ჩვენ ექსპრომტულ უკულელეს კონცერტს  (ამანდას მხრიდან) და საჯარო კითხვას (ჩემ მხრიდან) დავესწარით. ეს ყველაფერი ელენის და სიდნისთვის მოეწყო, თუმცა იქ იყო კიდევ რამდენიმე ასეული ადამიანი, რომლებმაც ამ შეხვედრის შესახებ ტვიტერიდან შეიტყვეს.



იხილეთ სიდნის ნეკროლოგი. ნახეთ მონაკვეთი სადაც ნათქვამია, რომ ის ყველას უყვარდა და ყველას ხიბლავდა? ეს სრული სიმართლეა. სტანდარტული, ნეკროლოგისთვის შექმნილი ფრაზა არ გეგონოთ.          
                
ხოდა ვზივარ ატლანტაში და სსიდნის დაკრძალვაზე დასასწრებად ვემზადები.    
                      
ჩავალ და დავესწრები პროცესიას. რატომ? იმიტომ, რომ მიყვარდა და იმიტომ, რომ ჰყავდა ასეთი ოჯახი და მყავდა ბაბუა, რომელიც ჩვენ ოჯახის პირველი წარმომადგენელი იყო, რომელიც ბრიტანული ნაწილიდან ამერიკულ ნაწილს დაუკავშირდა; თან ევერეთი და ეში მახსენდება, ცოცხლად ვუყურებ ცხოვრების წრეს. ედი კემბელმა ეს სწორად გაიგო. სიცოცხლით სავსე სიკვდილის ცეკვა. ეს არც თუ ისე ცუდია. ვიღაც საცეკვაოდ გადის, ვიღაც კი სცენას ტოვებს, ცეკვა გრძელდება და გრძელდება სიყვარულიც.                      

სიყვარულზე გამახსენდა - ედისთვის შესანიშნავ ოდრი ნიფენეგერზე დაქორწინება არ მიმილოცია, არც ოდრისთვის მიმილოცია შესანიშნავ ედი კემბელზე დაქორწინება. ძალიან მიხარია, როცა ჩემი მეგობრები ოჯახს ქმნიან.





წყარო: http://journal.neilgaiman.com/2016/10/lifey-death-dances-again.html

მთარგმნელი: ირაკლი სულაძე


15 August, 2016

სკოტ ლინჩი - ლოკი ლამორას ტყუილები



სახელწოდება: ლოკი ლამორას ტყუილები
ავტორი: სკოტ ლინჩი
ციკლი: ჯენტლმენი ნაძირლები
ქვეყანა: აშშ
ენა: ინგლისური
პირველი გამოცემის წელი: 2006
შეფასება Goodreads-ზე: 4.29/5


ცეცხლი და მახვილი, მაგია და ჯადოქრობა, დრაკონები, ტროლები და გობლინები, სისხლიანი ორთაბრძოლები და წინასწარმეტყველებით განსაზღვრული მეფეთა ჯახი, - ეს იმ თემების მცირედი ჩამონათვალია, რომელსაც მე-20 და 21-ე საუკუნის ფენტეზი ჟანრში ვხვდებით. შესაბამისად, დღესდღეობით უკვე ძნელადღაა წარმოსადგენია წიგნი, რომელსაც პრეტენზია აქვს იდგეს ჯორჯ მარტინის, გლენ კუკის, ანდჟეი საპკოვსკის და სხვათა გვერდით მასში გამოყენებული ტრადიციული რასების, მაგიის სისტემების და შუა საუკუნეების დროინდელი ფეოდალური ელემენტების გარეშე. თუმცა, არსებობს გამონაკლებიც და ერთ-ერთი ასეთი თვალსაჩინო გამონაკლისი ამერიკელი მწერალი სკოტ ლინჩია, რომელმაც გადაწყვიტა, რომ თავისი სერიის მოქმედება პოსტ რენესანსული ვენეციის ტიპის ქალაქ-სახელმწიფო, კამორაში გადაეტანა, მთავარ გმირებად კი ადგილობრივი ქურდები გამოეყვანა. 


"ლოკი ლამორას ტყუილები" - გაგიკვირდებათ და მთავარ გმირ ლოკი ლამორას შესახებ მოგვითხრობს, რომლის ნამდვილი სახელი და გვარიც ბოლომდე უცნობი რჩება. (თუ...???) წიგნი იწყება თავით სახელწოდებით - 'ბიჭი რომელიც ბევრ იპარავდა' და პირველივე თავში ვეცნობით პატარა ლოკის, რომელიც მასზე მაღლა მდგომ ჩინოვნიკთა ვაჭრობის უბიექტია და საბოლოოდ სხვა მისნაირ უპატრონოებს მამაო ჩეინსთან შეუერთდება. ჩეინი ბავშვების გარისტა, ანუ მეთაურია და გარდა მათი აღმზრდელ-მასწავლებლისა, უმაღლესი რანგის ქურუმიც არის, რომელიც მეცამეტე ღმერთს ემსახურება. ლინჩის სამყაროში ადამიანებს თორმეტი ღმერთის სწამთ, ჩეინსის თქმით კი არსებობს მეცამეტეც - ქურდების ღმერთი, რომელიც მათი მფარვალი იქნება. ლოკი ბავშვობიდანვე ითვისებს ქურდობის, მათხოვრობის და ყალთაბანდობის ტექნიკას და ყველასდა გასაოცრად უმაღლეს შედეგებსაც აღწევს. მისი მთავარი პრობლემა ის არის, რომ ქურდობა იმდენად აქვს გასისხლხორცებული, რომ კამორას დაუწერელ კანონებსაც ხშირად არღვევს. ამ კანონებს კი ერთი მხრივ კრიმინალური დაჯგუფებები, მეორე მხრივ კი ქურდები და დიდგვაროვანი ფეოდალები ადგენენ. არსებობს ისეთი წესები, როგორიცაა, მაგალითად: 'არასდროს დაესხა თავს ყვითელპიჯაკიანს (აქაურ გვარდიელებს და მცველებს)', 'არასდროს მოიპარო მონიშნული ტერიტორიიდან' და ა.შ. ერთ-ერთი ასეთი ეპიზოდი 'მონიშნული' ფუნდუკში ხანძრის გაჩენით მთავრდება და ერთადერთი, რაც ლოკის სიცოცხლეს გადაარჩენს, ის არის, რომ ფერფლად ქცეულ შენობაში ვერავინ ხვდება ვინმემ თუ რამე მოიპარა.


საინტერესოა, რომ წიგნი ორ ძირითად კალაპოტს მიჰყვება. ერთი - აწმყო, უკვე გაზრდილი ლოკი თავის კოლეგა-მეგობრებთან ჯინთან, ტყუპებთან და 'ხოჭოსთან' ერთად, რომლებიც ხან ერთ ჰერცოგს ძარცვავენ და ხან მეორე ჰერცოგთან შეთანხმებით ნაცრისფერ მეფეს უპირისპირდებიან. ინტერლუდების სახით კი ლოკის ბავშვობაა მოთხრობილი. მომენტებში ლინჩი ოდნავ ზედმეტად მოწადინებულიც კია სრულად გაგვაცნოს ლამორას წარსული, რაც წიგნის მუხტს და ენერგიას ადგილ-ადგილ აგდებს, თუმცა შედეგად ვღებულობთ იდეალურად განვითარებულ სტრუქტურას და ლოგიკურად მიწყობილ სიუჟეტს. ლინჩი, მიუხედავად იმისა, რომ ეს მისი პირველი რომანია, არ ერიდება ისეთ საბედისწერო და მკაცრ ნაბიჯებს, როგორიც საყვარელი პერსონაჟების დახოცვაა და თან ამას იმდენად მოულოდნელად აკეთებს და ეპიზოდებსაც ისე სწრაფად და ტექნიკურად ცვლის, რომ გაბრაზებასაც ვერ ასწრებ. შინაარსობრივად, აშკარად იგრძნობა, რომ მიუხედავად რადიკალურად განსხვავებული ატმოსფეროს და სიტუაციისა, ლინჩის მწერლობა განიცდის რობერტ ჯორდანის და ჯორჯ მარტინის გავლენას. მიუხედავად ამისა, ლინჩი მაინც იმ ახალგაზრდა ფანტასტთა რიგებშია, რომელსაც დღესდღეობით პატივცემული როტფუსი უდგას სათავეში და რომლებიც პირველ რიგში თავიანთი წერის სტილის მელოდიურობით გამოირჩევიან.


წერის სტილი იქეთ იყოს და სანამ მსუქანი კაცი იმას გადაწყვეტს, თუ როდის გვახაროს მეფის მკვლელის მესამე დღის შესახებ, თავს ტრადიციულად Goodreads-ის შეფასებებით ირთობს და რა თქმა უნდა, განსაკუთრებით ინტერესდება თანამედროვე ფანტასტებით. ლოკი ლამორას პირველი წიგნის შესახებ როტფუსი წერს:

"ადრე, მაშინ როცა პირველად გამომცეს, ხალხი ხშირად ავლებდა პარალელებს ჩემსა და სკოტ ლინჩს შორის. ძირითადად სენტიმენტალური შეფასებები ამგვარად გამოიყურებოდა - 'პატ როტფუსი ახალი სკოტ ლინჩია!'           
საქმე ის არის, რომ ლოკი ლამორას ტყუილები ჩემ პირველ წიგნამდე ზუსტად ერთი წლით ადრე გამოიცა და ესეც სკოტის პირველი რომანი იყო მის ფენტეზი სერიაში. მის მიერ დახატული სამყარო იყო ძალიან რეალისტური და მსუყე და თავისი სიკარგით ყველას ყურადღებას იქცევდა."  - შემდეგ როტფუსი ყვება თუ როგორ გაატარებინა უძილო ღამეები ლინჩის თხრობამ და როგორ მოეწონა ლამორას ისტორია. არც იმის თქმას თაკილობს თუ რა სხვაობაა მის და ლინჩის წიგნებს შორის, ბოლოს კი თავისებურად ასრულებს - "მოკლედ რომ ვთქვა: როცა პირველად გამომცეს, ცოტა არ იყოს გამაღიზიანა სკოტ ლინჩთან შედარებამ. ახლა კი ვხდები, თუ რამხელა კომპლიმენტი მიმიღია ამით."

გარდა უზადო ხელოვნებისა - მოატყუოს და გააცუროს ყველა და ყველაფერი, ლოკი ლამორა დიდებული მსახიობიცაა. ლინჩის სამყარო სავსეა მეჯლისებით, ბალ-მასკარადებით და ჭრელად მორთული ჰერცოგებით, ჰერცოგინებით და მათი საზეიმო მიღებებით. ამ შემთხვევაში ერთ დროს უპატრონო ლოკი, რომელიც ლუკმა პურის საშოვნელად კამორას ბინძურ ქუჩებში დარბოდა, ახლა ლუკას ფერვიტის სახელით წარმატებულად არის გარეული მაღალი წოდების ხალხში. 

მოკლედ, ეს არის ძალიან საინტერესო ისტორია - სავსე იუმორით, ინტრიგებით, ტექნიკურად გამართული სიუჟეტით და ფენტეზი ჟანრისთვის ძალიან განსხვავებული გარემოთი, რომელიც ძნელია, არ მოგეწონოს. ის ტკბილხმოვანება, რომელიც ლოკის ისტორიას თან სდევს, აუცილებლად საყვარელ პერსონაჟად გახდის ნებისმიერი მკითხველისთვის გაიძვერა ობოლ ლამორას.

ლინჩი ახერხებს ოსტატურად შერწყას წარსული არმწყოსთან, სიღარიბე სიმდიდრესთან, მკაცრი მორწმუნეები ერეტიკოსებთან და ეს ყველაფერი ჭკუით და ცხოვრებისეული სიბრძნით სავსე პერსონაჟებით წარმოადგინოს. 'ნაძირლების' სერია ერთ-ერთი მიმდინარე ფენტეზი ქრონიკაა, რომლის მეოთხე ნაწილიც სულ ახლახანს გამოვიდა და შეფასებებით უკვე გადაუსწრო წინა ნაწილებს. რაც ყველაზე საინტერესოა, პირველი წიგნი სრულდება მოქმედების ლოკაციის ცვლილებით და 'ნაძირლების' ღია ზღვაში გასვილთ. აქ კი უკვე მეორე წიგნი - 'წითელი ზღვა წითელი ცის ქვეშ' იწყება.






ავტორი: ირაკლი სულაძე





06 June, 2016

რობერტ სალვატორე - ბნელი ელფის ტრილოგია



სახელწოდება: ბნელი ელფის ტრილოგია ("სამშობლო", "გაძევება", "დროებითი სამყოფელი"
ავტორი: რობერტ სალვატორე
ციკლი: დავიწყებული სამეფო
ქვეყანა: ამერიკა
ენა: ინგლისური
პირველი გამოცემის წელი: 1990
შეფასებები Goodreads-ზე: 4.26, 4.24, 4.23



დიდი ხანია აღარაფერი დაგვიწერია და ახალი მიმოხილვისთვის რამე განსხვავებულის, შედარებით ნაკლებ ცნობილის და შინაარსით თავისებური რომანის არჩევს გვსურდა. ამასობაში, ხელში ჩაგვივარდა ამერიკელი ავტორის, რობერტ სალვატორეს "სამშობლო", რომელიც სხვადასხვა ენებზე სულ სხვა ტერმინებითაა თარგმნილი და ალბათ ეს სწორიც არის, თუმცა ზუსტი თარგმანი სწორედ ასეთია და ჩვენც მას მივყვეთ. საქმე ის არის, რომ ეს წიგნი არის დასაწყისი იმ ვრცელი და საინტერესო ამბისა, რასაც "დავიწყებული სამეფო" (Forgotten Realms) ეწოდება და რაც მთავარია, ეს არის პირველი წიგნი საქვეყნოდ ცნობილ ბნელ ელფზე, დრიცდ დ'უორდენზე და ამავდროულად "ბნელი ელფის ტრილოგიის" პირველი ნაწილი. ეს ტრილოგია კი თავის მხრივ სხვა სერიების პრიქველია. თუმცა, წიგნის მთავარი ღირსება მაინც ის არის, რომ ის ბნელი ელფების რასის ერთგვარი ქრონიკაა და თუ ცოტა ხნის წინ მიმოხილულ "ელფებში" ბერნჰარდ ჰენენმა თეთრი ელფების რასა გაგვაცნო, აქ სალვატორე მათი ბოროტი ნათესავების და მათი დიდებული ქალაქის, მენზობერანზანის შესახებ გვიყვება.

ავტორი

რობერტ ენტონი სალვატორე 1959 წლის 20 იანვარს დაიბადა. ამერიკელი ავტორი ყველაზე ცნობილი ე.წ. დემონვორზის საგით გახდა. თუმცა, არანაკლები პოპულარობა მოუტანა დავიწყებული სამეფოს ნოველებმაც, სადაც პირველად გააცნო მკითხველს ბნელი ელფი დრიცთ დ'უორდენი. სალვატორე ავტორია ვარსკვლავური ომების თემაზე დაწერილი ნოველებისაც, მათ შორის - "ვარსკვლავური ომები: ჯედაის ახალი ორდენი". 2010 წელს ახალი კონტრაქტით სალვატორემ სავიწყებული სამეფოს ციკლის გაგრძელება იკისრა, ამის შემდეგ კი შექმნა ოთხ წიგნიანი "Neverwinter Saga", "Sundering", "Companions Codex", სულ ბოლოს კი "Homecoming"-ის ციკლში 2015-ში ჯერ "Archmage" გამოსცა, შემდეგ კი "Maestro", 2016-ში.


მისი წიგნები ხასიათდება კლასიკური ფენტეზის ელემენტებით, ტოლკინისეური რასებით, სხვადასხვა უნარებისა და შესაძლებლობის მქონე არსებებით, ბევრი ბრძოლით, სისხლისღვრითა და რაც მთავარია, მთავარ გმირზე ძირითადი აქცენტით გაკეთებით. თუკი სხვა ავტორები პერსონაჟთა ჯგუფებს ქმნიან და მათ სხვადასხვა ლოკაციებში, სხვადასხვა მიმართულებით ავითარებენ, ბნელი ელფის ტრილოგია თავიდან ბოლომდე კონცენტრირებულია დრიცთზე და მკითხველიც მხოლოდ მას უნდა მიჰყვეს, რადგან მისი ყველაზე ერთგული მეგობარიც კი, შესაძლოა შემდეგ გვერდზე გადაფურცვლისას ან რომელიმე მტარვალის სარს წამოეგოს, ან უბრალოდ თავად დრიცთმა გადაწყვიტოს, რომ ახლა გზის გაგრძელება ცალ-ცალკე სჯობს...



ბნელი ელფები

როგორც ვთქვით, ბნელი ელფის ტრილოგიის მთავარი მიღწევა ჟანრის სამსახურში სწორედ ის არის, რომ ყურადღებას ამახვილებს ერთ კონკრეტულ რასაზე (თავდაპირველად) და მხოლოდ მათი გაცნობის შემდეგ იშლება სიუჟეტი სხვადასხვა მიმართულებით. თავიდანვე უნდა ითქვას, რომ სალვატორე ბნელი ელფის ტიპაჟის კლასიკურ გაგებას აღიარებს და არაფერ ახალს არ იგონებს. თუმცა, შეძლებისდაგვარად დეტალურად გვაცნობს მათ ყოფას, პრინციპებს და მისწრაფებებს. ბნელი ელფები მიწისქვეშეთში ცხოვრობენ, მათი დედაქალაქი კი ძლევამოსილი მენზობერანზანია. ამ ქალაქის სიდიადე ალბათ ის მომენტია, რომელსაც სალვატორე ყველაზე ლამაზად აღწერს პირველ თავებში და სწორედ ეს არის ის მიმზიდველი მომენტი, რაც მკითხველს პირველი წაკითხვისას ატყვევებს. უზარმაზარი სტალაქტიდები და სტალაგმიტები, ჩაბნელებული და მხოლოდ ფერმკრთალი ნათებით განათებული ქვაში გამოყვანილი დარბაზები, შიგადაშიგ დაბერილი ცივი ნიავი და მხოლოდ რამდენიმე ადგილზე მოჩუხჩუხე მიწისქვეშა წყლები. ეს ყველაფერი იმდენად სულისშემძვრელადაა დახატული, რომ არ შეიძლება, ამ სამეფოს მოწყობამ არ დაგაინტერესოს. სამეფო კი თავიდან ბოლომდე სისასტიკეზე, ფლიდობასა და ერთმანეთისთვის ზურგში დანის ჩარტყმაზეა აგებული. მიწისქვეშეთში რამდენიმე სახლი ბატონობს, რომლებიც შესაბამისი საფეხურებრივი დონით განსხვავდებიან ერთმანეთისგან. აქ დაშვებულია, რომ ერთ-ერთმა სახლმა სხვა რომელიმეს განადგურება, მისი მიწასთან გასწორება გადაწყვიტოს, ოღონდ ეს ისე უნდა გააკეთოს, რომ ამის შესახებ არავინ გაიგოს და შესაბამისად, მოწინააღმდეგე სახლის ყოველი წევრი, ბავშვიან-ქალიანად უნდა განადგურდეს, რადგან თუ არ დარჩება მოწმე ომისა, ეს ნიშნავს, რომ ომი არ ყოფილა.

ბნელი ელფები თაყვანს სცემენ ობობის დედოფალ ლოსს, რომელიც მათთვის ერთდროულად, უმაღლესი სუვერენიც არის, და მთავარი ღვთაებაც, რომელსაც თავისუფლად სწირავენ მსხვერპლს, მისი სახელით იწყებენ ომებს და მის სათაყვანებელ ანადგურებენ მეზობელ ქალაქებს. მენზობერანზანში არ არსებობს მორალისა და ღირსების გაგება. ზოგადი პრინციპების დონეზე, ნებისმიერს შეუძლია მოკლას, უღალატოს, გააცუროს გვერდზე მდგომი, თუკი ეს მისი პირადი წარმატებისთვის მნიშვნელოვანია. აქ რიგითი მცხოვრების სიკვდილი ისეთივე ჩვეულებრივია, როგორც წვიმა, მიწისზედა სამეფოებში.


პერსონაჟები

და აი, როგორც წესი და რიგია, სწორედ ასეთ საზოგადოებაში იბადება ისეთი პერსონაჟი, რომელიც პირველად იჩენს მორალურ პრინციპებს და უჩნდება შეკითხვები, მისი ხალხის ჩვეული ყოფის საპირისპიროდ. არადა, დრიცთი შემთხვევით გადარჩა. მისი გადარჩენის საიდუმლო მოგვიანებით ირკვევა და ისიც, თუ ვინ არის მისი ნამდვილი მამა. მანამდე კი, დრიცთი იზრდება, იწვრთნება და ემზადება ღირსეული უფლისწულობისთვის. თავდაპირველად, მისი მომავლის შესახებ ბჭობისას გადაწყდება, რომ მისი უნარები უფრო მეტად მებრძოლისას ჰგავს, ვიდრე ჯადოქრის, შესაბამისად მის აღზრდასა და წვრთნას ხელს მოჰკიდებს ჯერ მისი და, შემდეგ კი სამეფოს რჩეული მებრძოლი ზაკნაფეინი, რომელიც აღმოჩნდება, რომ დრიცთის იდეების და შეხედულებების ფარულად გამზიარებელია, რასაც სასტიკად ეწინააღმდეგება დედა - მელისა, რომელიც ამავდროულად დ'უორენების სახლის მმართველია. საერთოდაც, ბნელ ელფებში მატრიარქატი ბობოქრობს და მიუხედავად იმისა, რომ მმართველი ქალები საშინლად გამაღიზიანებლად იქცევიან და სამეფოს საუკეთესო მებრძოლ კაცებსაც კი ჩალის ფასად თვლიან, მეორე და მესამე ნაწილებში ეს მდგომარეობა შემაწუხებელი აღარ არის. 

ტრილოგიის უმთავრესი და დრიცთის განუყრელი პერსონაჟია მაგიური პანტერა - გვენვივარი, რომლის 'გამოძახებაც' სპეციალური მაგიური მინიატურული ქანდაკებითაა შესაძლებელი. აქვე ნელ-ნელა ჩნდებიან და ქრებიან ორკები, მიწისქვეშა ჯუჯები, მათი ღირსეული და ბუზღუნა მეფე, მთავარი მებრძოლი, რომელსაც ბნელ ელფებთან შეტაკების შემდეგ ხელების ნაცვლად წერაქვი და ჩაქუჩი აქვს მიმაგრებული, აგრეთვე ბოროტი გნოლები, მთის გიგანტები და კიდევ ძალიან ძალიან ბევრი პერსონაჟი. ტრილოგიას კი ხურავს მიწისზედა ჯუჯების სამეფო, რომლის მთავარიც, ალბათ ერთ-ერთი ყველაზე ღირსეული მამრობითი სქესის პერსონაჟია მთელ ტრილოგიაში.


დრო

ამ კომპონენტზე ზედმეტი ყურადღება ნამდვილად არ არის გამახვილებული, თუმცა რადგან ჰენენის ელფების მსგავსად მიმოვიხილავთ ამ ტრილოგიას, ორიოდ სიტყვა დროის განსაზღვრებაზეც შეიძლება ითქვას. ბნელი ელფები, მათი ნათესავების მსგავსად, ასწლოვანი ცხოვრებით გამოირჩევიან. მათ გააჩნიათ მაგიური შესაძლებლობები, რიგ შემთხვევებში მკვდრეთით აღდგენის უნარიც, თუმცა რეალურად ბნელი ელფიც იმგვარად კვდება, როგორც ჩვეულებრივი ადამიანი. განსხვავება ის არის, რომ ელფები, რომლებსაც სალვატორე აგრეთვე უწოდებს - დროვებს, ადამინებზე ბევრად კარგი მებრძოლები და ჯადოქრები არიან. დრო განსაკუთრებით ჩქარა გადის ტრილოგიის პირველ წიგნში, სადაც პირველ თავში დრიცთი ჯერ დაბადებულიც არ არის, შემდეგ კი მალევე გადის ჯერ 10 წელი, როცა ის მისი დის მზრუნველობის ქვეშ იზრდება, შემდეგ კიდევ 10, 20 და მეორე წიგნი კი უკვე ორმოცი წლის ახალგაზრდის ამბით იწყება. რადგან, ორმოცი წლის ბნელი ელფი, პრაქტიკულად გარდატეხის ასაკში მყოფ ადამიანზე უფრო პატარაა. სხვათა შორის, როგორც კი ტრილოგიის დასკვნით თავებში ადამიანები აქტიურ პერსონაჟებად შემოდიან, სალვატორეც იმ საინტერესო პასაჟს ეხება, რაც ჰენენმა თავის ელფებთან განავრცო, თუმცაკი, მას საამისოდ იდეალური პერსონაჟი, ადამიანთა უკანასკნელი მეფე ჰყავდა. ასეთ ძლიერ კაცებს კი, სალვატორესთან ვერ ვხვდებით, თუმცა დრიცთის თვალით, ისიც საინტერესოდ აღწერს ამ რასას. რასას, რომლებიც ყველაზე უნდობლები და საშიშები არიან, თუმცა რომელთაც ყველაზე დიდი სიყვარული შეუძლიათ, რადგან მათი ცხოვრება ისეთივე ხანმოკლეა, როგორც რიგითი ბნელი ელფის მიერ მაგიის სკოლაში გატარებული დრო.


ფონი და მტერი

მიუხედავად იმისა, რომ შიგადაშიგ ვკითხულობთ დრიცთის ჩანაწრებს აწმყოდან, მის მორალისტურ შეხედულებებს, მის მიერ მოწონებულ ჯუჯების ცხოვრების წესს, - დემოკრატიულ პრინციპებს, ურთიერთდახმარებასა და გუნდურ პრინციპებს, საერთო ჯამში ტრილოგიას მაინც ბრძოლის და სისხლიანი ცხელი მახვილის სურნელი გასდევს. თან, დრიცთს ასეთი მახვილი ორი აქვს. ის ჯერ თავისიანებს ებრძვის, შემდეგ მოწინააღმდეგე რასებს, ჭკუასუსტ გიგანტურ ქმნილებებს, თუმცა ყველაზე დიდი ბრძოლა საკუთარ თავთან აქვს და ხანდახან გამაღიზიანებელიც კია, მენზობერანზანის საუკეთესო მკვლელის მიერ წყლისა პირსა მჯდომი მოყმის როლში ყოფნა, თანაც საფიქრალ-სადარდებელი მრავალ თემაში, საბედნიეროდ, ქალი არსად ურევია. მავანი იფქრობს, რომ ამის მიზეზი მისი სასტიკი და/დედები და მენზობერანზანის მატრიარქატია, თუმცა ვინ იცის...

მიუხედავად ამისა, სამივე წიგნში იმდენად ბევრი საინტერესო თემაა გაშლილი, რომ ხანდახან გიჩნდება შთაბეჭდილება, რომ მე-20 საუკუნის ომის შემდგომი პერიოდის რომანტიკულ დრამას კითხულობ და ცოტა არ იყოს, გავიწყდება კიდეც, რა საგმირო საქმეები აქვს ჩადენილი მთავარ გმირს თავისი ერთგული იარაღის დახმარებით.

ღირს?


სალვატორე არის ძალიან კარგი მთხრობელი, მას შეუძლია ჭიქის ქვეშ ჩასვას ორი ბუზი და მათი ცხოვრება იმპერიული ყოფის მსგავსად წარმოგვიდგინოს, გვაჩვენოს ბუზებს შორის დაპირისპირება, ერთმანეთის შეჭმის სურვილი და ყველაფერი ის, რაც ეპიკურ ფენტეზის ეპიკურად აქცევს. მიუხედავად იმისა, რომ ტრილოგია სავსეა ამერიკული კლიშეებით და შეიძლება ითქვას, რომ მიუხედავად დიდი დოზით სისასტიკისა, აქ მაინც ძალიან ბევრი "ნედ სტარკი" პერსონაჟია, თანაც ბევრ მომენტში სალვატორე ზოგან ჟანრის კლასიკური კანონების დაცვით, ზოგაც ან სიზარმაცით, ან ხუმრობით, ლამაზად, თუმცა შეუსხვაფერებლად იმეორებს ტოლკინს, ეს მაინც ის ტრილოგიაა, რომელიც გულგრილს არავის დატოვებს, რადგან ავტორი ქმნის იდეალურ პერსონაჟს, რომელიც თანაბრად საყვარელია როგორც მორალისტი, ისე სამყაროზე გაბრაზებული მკითხველისთვის. დრიცთი ის მებრძოლია, რომელიც სჭირდება ნებისმიერ რასას, რათა თავდადება და ბრძოლისუნარიანობა ღირსებით შემოფარგლულ ჩარჩოებს არ გასცდეს.

ღირს, ნამდვილად ღირს, თანაც მიუხედავად ყველაფრისა, ეს არის ძალიან ინდივიდუალური და თვითმყოფადი ტრილოგია, რომელიც გარდა ტიპური სისხლიანი სცენებისა, მკითხველს კლასიკური ლიტერატურისთვის დამახასიათებელი დამაფიქრებელ საუბრებსაც სთავაზობს. დრიცთი კი, უდავოდ ის კაცია, რომელიც ჯორჯ მარტინს რომ პირველ წიგნში ჰყოლოდა, ნედ სტარკზე ადრე მოკლავდა.







ავტორი: ირაკლი სულაძე

18 March, 2016

ელანტრისი - ღმერთების ქალაქი



სახელწოდება: ელანტრისი
ავტორი: ბრენდან სანდერსონი
ციკლი: ელანტრისი
ქვეყანა: აშშ
ენა: ინგლისური
პირველი გამოცემის წელი: 2005
შეფასება Goodreads-ზე: 4.14/5



თუკი დღეს რომელიმე ავტორის სახელი ეპიკურ ფენტეზის უკავშირდება, ეს პირველ რიგში ბრენდან სანდერსონია. კაცი, რომელმაც რობერტ ჯორდანის ლეგენდარული დროის ბორბალი დაასრულა და რომელიც ამ ეტაპზე ალბათ ერთ-ერთი ყველაზე კაშკაშა წარმომადგენელია ახალი თაობის ეპიკურ მეზღაპრეებს შორის. მისი პოპულარობა ძირითადად სწორედ დროის ბორბალის ბოლო რამდენიმე წიგნმა, მისთბორნის ტრილოგიამ და აგერ, ახლახანს დაწყებულმა სამომავლოდ გამზადებული 10-წიგნიანი საგის პირველმა ორმა ნაწილმა (რომელსაც ქართულადაც მალე ვიხილავთ) განაპირობა, თუმცა პირველი ვრცელი რომანი, რომელმაც ახალგაზრდა ავტორს წარმატება მოუტანა, 2005 წელს გამომცემლობა "თორმა" გამოსცა და ამ რომანს "ელანტრისი" ჰქვია. ელანტრისი თავის მხრივ მხოლოდ მცირედით არის დაკავშირებული ავტორის სხვა რომანებთან და პრინციპში, მისი შემოქმედების პირველ სერიოზულ ნაშრომს წარმოადგენს, თუ არ ჩავთვლით მანამდე გამოცემულ რამდენიმე მცირე ზომის მოთხრობას.

ელანტრისის სიქუელის გამოცემას მკითხველი დღემდე ელოდება, თუმცა როგორც ჩანს, ბრენდანი ზედმეტად გადატვირთულია მიმდინარე საგების წერით და თავისი პირველი პირმშოც ჯერჯერობით მივიწყებული ჰყავს. ზოგადად, წიგნი კლასიკური ეპიკური ფენტეზია, მცირედი პოსტ-აპოკალიპტური, დრამატული და შიგადაშიგ რომანტიკული ელემენტებითაც. მის შესახებ საუბრისას, კრიტიკოსები როგორც წესი პირველ პლანზე იმ ელემენტს აყენებენ, რაც სანდერსონმა თავის მთავარ ნიშადაც გაიხადა. ეს არის ძალიან ორიგინალური მაგიური სისტემა და ის მხატვრული სიმსუყე, რასაც სანდერსონი თავის შემდგომ ნამუშევრებში კიდევ უფრო ამრავალფეროვნებს. თორემ, ეს რომ არა, წიგნს აშკარად ეტყობა დამწყები ავტორის ხელი და შიგადაშიგ სიუჟეტი ბანალურიც ხდება, მაგრამ მიუხედავად ამისა, ელანტრისი მაინც რჩება აუცილებლად წასაკითხ წიგნების სიაში, როგორც საწყისი საფეხური დიდ და მშვენიერ "სანდერსონისეულ" სამყაროში.


წიგნი ეხება ქალაქს და მისი მთავარი გმირიც ქალაქია. ელანტრისი - ღმერთების ქალაქად იწოდებოდა და მისი სიმშვენიერე ყველას თვალს სჭრიდა. ელანტრისის უშველებელი კოლონები და ციხე-კოშკები ცის კაბადონს სწვდებოდა, მისი მაცხოვრებლები კი იმდენად დიდ სიმაღლეებს აღწევდნენ, როგორც სულიერი, ისე მატერიალურ-ტექნიკური განვითარებით, რომ დროთა განმავლობაში ისინი თავიანთ თავს უკვე ღმერთებსაც უტოლებდნენ, რამეთუ აღარაფერი იდგა ელანტრისელთა მაღლა და მალე მთელმა სამყარომ შეიცნო ელანტრისი - როგორც ღმერთების სამყოფელი. თუმცა, ჟამთასვლამ ღვთიურ ქალაქს განსაცდელი მოუვლინა და ეს განსაცდელი ერთგვარი სენი, დაავადება - შაოდი აღმოჩნდა. შაოდმა შთანთქა ქალაქი და მისი მცხოვრებლები, დაანგრია და გააჩანაგა ერთ დროს დიდებული შენობები და მალევე ელანტრისი მხოლოდ წარსულის დიდების ნაშთად იქცა. 

ელანტრისის გარდა წიგნს მეორე მთავარი გმირიც ჰყავს და ეს გმირიც ქალაქია. არელონი - ტიპური ეპიკური ციხე-ქალაქია, რომლის პრინციც პირველივე თავში ავადდება შაოდით. საქმე ის არის, რომ მამამისი, ანუ არელონის მეფე, როგორც წესი და რიგია, შვილის "ელანტრისელად" ქცევას საგულდაგულოდ მალავს და ხალხში ხმას ავრცელებს, თითქოს ის ავადმყოფობით გარდაიცვალა. თუმცა, საქმე ის არის, რომ დაავადებული ელანტრისელის მოკვლა შეუძლებელია. ის კარგავს თმას, გამძლეობას, სუსტდება და ნადგურდება, თუმცა არ კვდება. ყველა ამგვარ ინდივიდს არელონის იურისდიქციის ქვეშ მყოფ ელანტრისის ნასახლარში მიერეკებიან და საგულდაგულოდ შემოსაზღვრული კედლის მიღმა რეზერვაციაში ამყოფებენ. ასე და ამგვარად, ყველამ იცის, რომ ახლა ელანტრისში მხოლოდ ცოცხალ-მკვდარი ნახევრად-ადამიანები ცოცხლობენ, თუმცა არავის წარმოუდგენია, რომ ერთ-ერთი მათგანი დიდებული არელონის ტახტის მემკვიდრე, რაოდენია.


რაოდენის პერსონაჟი არის მთავარი რევოლუცია ელანტრისში. ის იწყებს მშიერი ელანტრისელების გონების კვებას და ცდილობს მათი ფსიქოლოგია შეცვალოს. საინტერესოა, რომ ეს ყველაფერი ისეთივე რთული აღმოჩნდება როგორც ახალი ქალაქის მშენებლობა, თუმცა დროთა განამვლობაში ელანტრისი ხელახლა იბადება და მისი მცხოვრებლებიც ივიწყებენ ისეთ მოთხოვნილებებს როგორიც შიმშილი და წყურვილია. ელანტრისი ემსგავსება იდეალური სოციალისტური წყობის საზოგადოებას. 

ფორმალურად სიუჟეტი სამ ხაზად იშლება. ერთი - ზემოხსენებული რაოდენის ელანტრისეული ცხოვრება, მეორე - მისი აწ "დაქვრივებული" მეუღლის (რომელიც არც კი ენახა თვალით, სანამ სენი შეეყრებოდა, თუმცა საქორწინო კონტრაქტი ერთ-ერთი მეუღლის გარდაცვალების შემთხვევაში ქორწინებას მაინც კანონიერ ძალაში ტოვებდა), რომელიც არელონის გამოცოცხლებას და მისი ბელთაყვა მეფის აზრზე მოყვანას ცდილობს და მესამე - ფანატიკოსი რელიგიური ლიდერის, რომელიც მთელი რუდუნებით უმტკიცებს ხალხს, რომ ელანტრისელები ღვთის რისხვით დასჯილი ხალხია და რომ მათი ადგილი იმ დედამიწისეულ ჯოჯოხეთშია, რომელშიც ისედაც იმყოფებიან.

წიგნი თავიდან ბოლომდე ეძღვნება მდუმარებიდან, სიჩუმიდან და უმოძრაობიდან გამოღვიძებას. ახლის შექმნისა და დაწყების სურვილს, ჩაკლული ენერგიის, სულისა და მონდომების ხელახლა გაღვივებას და ამ ყველაფრის სასიკეთოდ გამოყენებას. ელანტრისი ბრენდან სანდერსონის პირველი სერიოზული ნაბიჯია დიდ ლიტერატურაში და როგორც ჩანს, ეს ნაბიჯი გრძელი ბილიკის დასაწყისი აღმოჩნდა. ბრენდანი შესვენებას არ აპირებს; თანამედროვე ეპიკური ფენტეზის ხმალამოღებული რაინდი დღესაც დაუღალავად აგრძელებს ცდას იმისათვის, რომ მკითხველს თავისი ზღაპრული სამყარო შეაყვაროს. 
ჩვენც სხვა რა დაგვრჩენია....






ავტორი: ირაკლი სულაძე

06 October, 2015

მეფის მკვლელის ქრონისტი - ზარმაცი პატრიკ როტფუსი


არადა, შეხედავ - ერთი ჩვეულებრივი, მსუქანი ამერიკელია. გაბურძგნული წვერით და არც თუ ისე სასიამოვნოდ დაშლილი კულულებით. ერთი შეხედვით არც იმას იფიქრებ, რომ ეს ყმაწვილი ჯერ მხოლოდ 42 წლის არის და იმას მით უმეტეს არ გაივლებ თავში, რომ ასეთი ფიზიონომიისა და სულელური გამოხედვის მქონე ინდივიდს წერა შეეძლოს. ხოდა, სწორი უთქვამთ, მსუქან კაცს მხოლოდ გარეგნობით ნუ შეაფასებთო. ეს პატრიკ როტფუსი გახლავთ, ამერიკელი ავტორი, რომელიც 1973 წელს ვისკონსინის შტატის ქალაქ მედისონში დაიბადა და 2002 წელს უკვე "მომავლის მწერლის" პრემიაც დაიმსახურა. როტფუსი ძირითად დროს ლექციების მომზადებასა და კითხვას უთმობდა, მანამ სანამ მის ცხოვრებაში კოუტი გამოჩნდებოდა. კოუტი - მხატვრული გმირია, რომელიც "მეფის მკვლელის ქრონიკების" მთავარ პერსონაჟსა და მთავარ მამოძრავებელ ძალას წარმოადგენს. მასზეა აგებული ტრილოგიის პირველი ორი წიგნი და დასკვნით ნაწილშიც წესით კიდევ უფრო უნდა დაიტვირთოს.

მოკლედ, შეხსენებას აღარ საჭიროებს, რომ როტფუსი თანამედროვე ფანტასტთა კასტას მიეკუთვნება, მისი ქვეჟანრი კი - ეპიკური ფენტეზია. ენციკლოპედიური განმარტება ამ შემთხვევაშიც არასწორია, რადგან ეპიკური ფენტეზი ალბათ უფრო აბერკრომბს,სანდერსონს,ჯორდანს,მარტინს და სხვა ამგვარ ავტორებს გვახსენებს. როტფუსი კი, ყველასგან განსხვავებულია. ერთი მხრივ, მისი წიგნების მოქმედება გამოგონილ სამყაროში მიმდინარეობს, რომლის გარემოც ძალიან წააგავს შუა საუკუნეების ფეოდალურ ევროპას. თუმცა, ეს არის და ეს. საგის ვერც ერთ ნაწილში ვერ შეხვდებით ეპიკურ ბრძოლებს, სამეფოებს შორის დაპირისპირებებს, შვილის მკვლელ მეფეებს, სატრფოს გულის მოგების მიზნით ბრძოლის წინა ფრონტზე გაჭრილ რაინდებს და ა.შ. მეფის მკვლელის ქრონიკების თხრობა მშვიდად, თავის რიტმში მიედინება და არ საჭიროებს ზედმეტ დაძაბულობას.


ქრონიკების პირველი წიგნი - "ქარის სახელი" 2007 წელს გამოიცა და მალევე მოიპოვა აღიარება თავისებური თხრობის მანერის, გამორჩეული მხატვრულობისა და ჟანრისთვის დამახასიათებელი ელემენტების ნაკლები სიჭარბით. ისტორია მოგვითხრობს პატარა ქალაქში მდებარე ფუნდუკის მეპატრონე, ვინმე ჟღალთმიანი კოუტის შესახებ, რომელიც თავის მსახურ ბასტთან ერთად ცხოვრობს და ერთი არაფრით გამორჩეული კაცია. ყველაფერი იცვლება მას შემდეგ, რაც კოუტს მოგზაური ქრონისტი ეწვევა და მისი ისტორიის მოსმენასა და ჩაწერას სთხოვს. თანაც, წარსულის აჩრდილს, მითებსა და ლეგენდებში შემორჩენილ ვინმე კვოუტს ახსენებს. ზოგადად, ტრილოგიის ტექნიკური მხარეც ცალკე აღნიშვნის ღირსია, რადგან ყოველი წიგნი ერთი დღის მონათხრობის ჩანაწერია. საბოლოოდ კი, ისტორია კოუტისა და ქრონისტის საუბრის სამ-დღიან ქრონიკას წარმოადგენს. კოუტი თხრობას იწყებს თავისი ბავშობიდან, როდესაც ის და მისი მშობლები მოგზაურ მუსიკოსთა ჯგუფთან ერთად ცხოვრობდა. ბედის უკუღმართობის, თუ ბედისწერის წყალობით კი მისი მშვიდი ცხოვრება საპირისპირო კალაპოტს ქმნის და ახალგაზრდა წითურის ცხოვრებაც რადიკალურად იცვლება.

პირველი წიგნის განმავლობაში არც თუ ისე ბევრ პერსონაჟს ვეცნობით. ზოგადი ცნობები გვეძლევა კოუტის ოჯახის და გარემოცვის შესახებ, ტყეში, გზად შეხვედრილი ხალხი კი იმდენად მცირე კვალს ტოვებს, რომ სახელიც კი აღარ გვამახსოვრდება. სამაგიეროდ, პერიოდულად "აწმყოში" ვბრუნდებით და კოუტის, ბასტის და ქრონისტის საინტერესო ტრიალოგს ვისმენთ. სხვათა შორის, ბევრი იდუმალებით მოცული ფაქტი სწორედ ამ ტრიალოგის დროს ამოდის ზედაპირზე. ახალგაზრდა ყმაწვილი, რომელსაც ცხოვრების ორ უმთავრეს მიზნად მუსიკოსობა და მაგიის შესწავლა გაუხდია, საკუთარ თავს სრულებით ახალ გარემოში აღმოაჩენს, სადაც ყოველი ლუკმისთვის დღისა და ღამის გასწორება უწევს. ხასიათით გულუბრყვილო კოუტი თითქმის სრულებით არის მოკლებული ცხოვრებისეულ გამოცდილებას. მის ირგვლივ მოძრავი ადამიანები კი, ამას ხშირად ბოროტად იყენებენ.

ქარის სახელს ძნელად თუ ვუწოდებთ - წიგნს მაგიის შესახებ, რადგან პრაქტიკულად მხოლოდ ერთ მომენტში ვხვდებით მაგიის გამოვლინებას. თუმცა, ამ სერიისთვის დამახასიათებელი შტრიხი ისიც გახლავთ, რომ აქ მაგია რაიმე, ზებუნებრივ და ფანტასტიკურ მოვლენად არ არის მიჩნეული. პირიქით - მაგია ერთგვარი კარგად განვითარებული მეცნიერებაა (დიახ, ჩვენც არტურ კლარკი გაგვახსენდა), რომლის შესწავლაც ნებისმიერ ადამიანს ძალუძს. ყველას შეუძლია შესაბამისი მომზადების და დაუზოგავი შრომის შემდეგ ჩასწვდეს ბუნების საიდუმლოებებს, ყოველდღიურ ცხოვრებაში გამოყენებული დეტალების რეალურ ფუნქციებს და საბოლოოდ შეძლოს მათი სახელების სწავლა. სახელი - ის ბერკეტია, რომლის გამოყენებითაც კარგ სიმპატისტს (როტფუსთან არ ვხვდებით ტერმინს "ჯადოქარი", ან "მაგი". აქ ყველა მსგავსი პროფესიის მქონე ადამიანს თავისი, მეცნიერული ხარისხი აქვს მინიჭებული) ნებისმიერი საგნის თუ მოვლენის დამორჩილება ძალუძს.


მეფის მკვლელის ქრონიკები გამოირჩევა სპეციფიკური ქალი პერსონაჟების სიმრავლით. აქ შეხვდებით ალბათ მსოფლიო ლიტერატურის ისტორიაში ყველაზე გამაღიზიანებელ გოგონას - სახელად დენნას (თუმცა არავინ იცის ეს მისი ნამდვილი სახელია თუ არა), რომელიც ახალგაზრდა კოუტს და მკითხველს თანაბარი წარმატებით უშლის ნერვებს. ის ყველაზე მოულოდნელ მომენტებში გაუჩინარდება ხოლმე და შემდეგ შეიძლება ასი გვერდი ისე წაიკითხოთ, ვერც თქვენ და ვერც კოუტმა მის შესახებ ვერაფერი გაიგოთ. აქვეა ბევრად ეფექტური (აქ სამწუხაროდ ჩვენი და ახალგაზრდა სიმპატისტის გემოვნებები ერთმანეთს არ ემთხვევა) ჟღალ-თმიანი დევი, არკანუმის ყოფილი წევრი, რომელიც იქაურ ლომბარდს კურირებს და ხშირად კოუტის სწავლის საფასურის გადახდის მთავარ წყაროდაც იქცევა, თუმცა მისი მიზანსწრაფვები თავად როტფუსისა არ იყოს, ჯერაც გაურკვეველია.

ზოგადად, იმდენად მრავლად დაგროვდა პირველ ორ წიგნში პასუხგაუცემელი კითხვები, რომ კაცმა არ იცის, რამდენად შეძლებს ავტორი ამ ყველაფრის ბოლო ნაწილში თავმოყრას და ჩვენი მკითხველობითი კვებითი უკმარისობის ბოლომდე დაკმაყოფილებას. თუმცა, მესამე ნაწილს ვინ ჩივის... მეორე წიგნის სათაურიც კი იდუმალებითა მოცული. ზუსტად არავინ იცის (და თუ ამბობს რომ იცის, ის აუცილებლად გატყუებთ, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენ თავად როტფუსს ესაუბრებით) რატომ ჰქვია მეორე წიგნს "ბრძენკაცის შიში". რომელი ბრძენკაცი იგულისხმება აქ, რა ან ვინ აშინებს, ან საერთოდ რატომ ჰქვია ტრილოგიას "მეფის მკვლელის ქრონიკები"? კოუტია მეფის მკვლელი? ჯერ მსგავსი არაფერი ეტყობა. ეგ კიარა, მეფე, ან მასთან მიახლოებული პერსონაჟიც კი არ გამოჩენილა ჯერ. მოკლედ, როტფუსმა ერთ დიდ გაუკაფავ ტყეში შეგვითრია და დაგვარწმუნა, გაჰყევით კოუტს და ადრე თუ გვიან ყველაფერს გაიგებთო. აქ ის თავის სულიერ მამასა და კუმირს, თანამედროვეობის ყველაზე წარმატებულ და ჭარბწონიან ფენტეზი-ს ავტორს, მისტერ მარტინს ემსგავსება. სამწუხაროდ, მარტინისგან კიდევ ერთი თვისება აქვს აღებული. გულისგამაწვრილებლად წელავს წერის პროცესს და ჯერაც არ ვიცით ზუსტად, როდის გვეღირსება (ამბობენ 2016-ში აუცილებლად გამოვაო) ქრონიკების დასკვნითი დღე. არადა, როგორია ლოდინი? ჯერ მხოლოდ მეორეჯერ დაღამდა, მეორეჯერ გაეშურნენ გმირები თავთავიანთი სენაკებისკენ, მეორეჯერ დაისადგურა სამნაკადურმა სიჩუმემ.


"...ფუნდუკი "გზაგამყოფი ქვა" სიჩუმეში ჩაიძირა. და ეს სიჩუმე სამ ნაკადად დაიღვარა. პირველი, შედარებით შესამჩნევი - უდაბური სიჩუმე იყო, არარსებულისგან წარმოქმნილი. რომ ეწვიმა, წვიმის წვეთები სახურავს დაუშვებდნენ, მილებიდან ჩამოწვეთდნენ, ასე თუ ისე, ზღვის სიმყუდროვესაც დაარღვევდნენ. ფუნდუკში რომ საყვარლებს სძინებოდათ, მათი ოხვრის და კვნესის ხმა გაისმებოდა და სიჩუმეს შორეულ მხარეში განდევნიდა. ვინმეს რომ მუსიკა დაეკრა... თუმცა არა, რა თქმა უნდა, აქ მუსიკის ხმას ვერ გაიგებდით. სინამდვილეში, არაფერი მსგავსი არ ისმოდა. ამიტომ, სიჩუმეც ფეხს არ იცვლიდა.

საიდანღაც, შორი ტყიდან წვეულების სუსტი ხმა ისმოდა. ისმოდა ფეხსაცმლის მიწასთან შეხების ხმები. ეს მსუბუქი, მფრთხალი ხმა, ქარის მიერ გარხეულ გაბმულ ძაფს ემსგავსებოდა. სულ მალე კი, ისიც გაქრა. დარჩნენ მხოლოდ ღამის ნიავში მოშრიალე ფოთლები. მალე ისინიც დადუმდნენ და დარჩა მხოლოდ სიჩუმის მეორე ნაკადი. სიჩუმე მოლოდინისა, თითქოს ვიღაცამ ჰაერი ღრმად ჩაისუნთქა და ჯერად არ ამოესუნთქა.

მესამე სიჩუმის შემჩნევა კი, საკმაოდ რთული გახლდათ. ალბათ საათობით მოგიწევდათ მისთვის სიბნელის შიგნით შემოშვების გამო საგულდაგულოდ დარაზულ ათობით რკინის სასახლის ცივ კედლებში ლოდინი. სიჩუმე საერთო დარბაზის მიყრუებულ კუნჭულებში იმალებოდა, იქ, სადაც ადრე სკამები და მაგიდები იდგა. ის ბუდობდა მრავალრიცხოვან ნაიარევში და იმ კაცის ხელებში, რომელიც ამ ნაიარევებს ატარებდა და ახლა გაჭირვებით, ტკივილით ერთმანეთზე მაგრად დაჭერილი კბილებით სარეცელისკენ მიემართებოდა.

კაცს წითელი, ალისფერი თმები ჰქონდა. მისი გამოხედვა ბნელი და იდუმალებით მოცული იყო, და ის მოძრაობდა შუაღამეში ისე ფრთხილად და დაკვირვებით, როგორც ქურდი. დაბლა დაეშვა. და აქ, გამოცდილი მოცეკვავისებრ გაშალა ხელები, წინ გადაიხარა და ერთი, იდეალური ნაბიჯი გადადგა.

ფუნდუკი "გზაგამყოფი ქვა" ამ კაცს ეკუთვნოდა. ისვე ფლობდა სიჩუმის მესამე ნაკადსაც. დამსახურებულად, ეს ყველაზე დიდი სიჩუმე იყო: პირველ ორს აღემატებოდა და მათ თავის თავში მოიცავდა, - ის იყო უნაპირო და უძირო, შემოდგომის დასასრულის მსგავსი. იყო მძიმე, როგორც მდინარის გამორიყული კაჭარი. ეს იყო მოწყვეტილი ყვავილის მომთმენი მორჩილება, - სიჩუმე კაცისა, რომელიც ელოდა სიკვდილს."








ავტორი: ირაკლი სულაძე

24 August, 2015

ბერნჰარდ ჰენენი და ელფების სამყარო




სახელწოდება: ელფები (პირველი ნაწილი)
ავტორი: ბერნჰარდ ჰენენი
ციკლი: ელფები
ქვეყანა: გერმანია
ენა: გერმანული
პირველი გამოცემის წელი: 2004
შეფასება Goodreads-ზე: 3.94/5



ცოტა ხნის წინ ერთ-ერთმა ინტერნეტ ჟურნალმა იმ 51 ფენტეზი-სერიის სია გამოაქვეყნა, რომლის წაკითხვაც ნამდვილად ღირს ჟანრის ნებისმიერი მოყვარულისთვის. აქ შეხვდებოდით თქვენთვის ნაცნობ ყველა ცნობილ საგას - "ბეჭდების მბრძანებელს", "ყინულისა და ცეცხლის სიმღერას", "მეფის მკვლელის ქრონიკებს", "ბნელი ელფის ტრილოგიას" და ა.შ. თუმცა, არც 51-წიგნიან სიაში მოხვდა თანამედროვე გერმანელი ავტორის - ბერნჰარდ ჰენენის საგა ელფების შესახებ (ორიგ. "Die Elfen"). საერთოდ, რატომღაც არავინ აქცევს ყურადღებას ამ სერიას, ინგლისურადაც კი არ არის სრულად ნათარგმნი, არადა პირველი ისტორია ელფების შესახებ 2004 წელს გამოიცა. მას შემდეგ, დღემდე, არ ეშვება ჰენენი გრძელყურა არსებებს და მათ შესახებ უფრო და უფრო სიღრმისეულ ქრესტომათიას ქმნის.

ავტორი
ბერნჰარდ ჰენენი 1966 წელს დაიბადა. პროფესიით - ფილოლოგი-გერმანისტი, არქეოლოგი და ისტორიკოსი გახლავთ. დაამთავრა კიოლნის უნივერსიტეტი. სწავლის პერიოდში მუშაობდა ჟურნალისტად სხვადასხვა გაზეთებსა და რადიო-ჟურნალებში. 1994 წელს ვოლფგანგ ჰოლბაინთან ერთად თავისი პირველი რომანი - "მიღების წელიწადი" (ორიგ. Das Jahr des Greifen) გამოსცა, იმავე წელს ნომინირებულ იქნა საუკეთესო გერმანულ რომანის კატეგორიაში ფენტეზის ჟანრში. დღესდღეობით მის კალამს ეკუთვნის 25-მდე ისტორიულ-ფანტასტიკური რომანი და კიდევ უფრო ბევრი მოთხრობა. ის ძირითადად გერმანულენოვან მკითხველს შორისაა ცნობილი, თუმცა რუსულმა გამოცემებმაც დროულად ითავეს ჰენენის წიგნების თარგმნა. შედეგად, თითქმის სრულად არის ნათარგმნი მისი სერია ელფების შესახებ. პირველი საგა სახელწოდებით "ელფები" (ორიგ. Die Elfen), 5 ნაწილისგან შედგება. მეორე, 2007 წელს დაწყებული სერია სახელწოდებით "ელფების რაინდი" (ორიგ. Elfenritter) ტრილოგიის ფორმითაა შედგენილი, ასეთივეა 2011 წლიდან გამოცემული - "დრაკონის ელფები" (ორიგ. Drachenelfen). 

Die Elfen
ზოგადად, ფენტეზის ჟანრმა განვითარების არც თუ ისე მცირე გზა განვლო და ამ პერიოდში მისმა ძირითადმა ელემენტებმა მრავალგვარი ცვლილება განიცადა. შეიცვალა პერსონაჟების, რასების ხასიათი, ბუნება და ერთმანეთისადმი დამოკიდებულება. თუმცა, ძირითადი რასების ტიპაჟები მაინც ერთიანი სტერეოტიპების ქვეშ გაერთიანდა. ასე მაგალითად, ტროლი ყველასთვის დაბალ, სუნიან და უარყოფით არსებად დარჩა, ჯუჯა - მიწისქვეშეთის ბინადარ ჭამა-სმის მოყვარულად, ელფი კი სისპეტაკესთან, წესრიგთან და მშვილდოსნობასთან იქნა ასოცირებული. ცალკეული რასებისადმი სქელტანიანი რომანების დათმობით განსაკუთრებით თავი იჩინეს გერმანულენოვანმა ავტორებმა. ასე მაგალითად, უდიდესი პოპულარობით სარგებლობს კრისტოფ ჰარდბუხის "ტროლები" (ორიგ. Die Trollen) და მარკუს ჰაიცის "ჯუჯები" (ორიგ.. Die Zwerge). აი, ბერნჰარდ ჰენენმა კი ელფების გზა აირჩია და დაიწყო მათი სამყაროს შექმნა. ააგო ძლევამოსილი ალვენმარკი, ფიორლანდია და ფაინგორნი. შექმნა უკვდავ ელფთა ორი შტო - ნათელი და ბნელი ელფები, რომლებიც საერთო წინაპარს - ალვებს მიეკუთვნებიან. აქ, ოდნავ უცნაურობას იწვევს ბნელი ელფების სახე, რომლებიც თავიანთი შორეული ნათესავებისგან ფრიად განსხვავდებიან, ისინი სიმაღლით დაბლები, მუქი კანის მქონენი და მშვილდისგან განსხვავებული საბრძოლო იარაღების ხმარებაში გაწაფულები არიან. 


პერსონაჟები
ჰენენის ელფების მონარქი დიდებული ემერელია, რომელიც საუკუნეების განმავლობაში მართავს ელფებს და მათი ბედ-იღბლის მთავარ განმგებლად რჩება. აქვე არსებობს ადამიანთა რასაც, რომლებიც პარალელურად, მათთვის ჩვეულ სამყაროში ცხოვრობენ. რომან - "ელფების" მთავარი გმირი, რაც არ უნდა გასაკვირი იყოს, სწორედ ადამიანია. უფრო სწორად, ადამიანთა ყველა დროის ყველაზე ბრწყინვალე მეფე - მანდრედი. მანდრედი, რომელმაც ლეგენდების თანახმად, საუკუნეებს გადააბიჯა და თავის ელფ მეგობრებთან - ნურამონთან და ფაროდინთან ერთად ათასგვარ სიძნელეს დაუსხლტა ხელიდან. მანდრედის შვილი - ალფადრასი კი, ალვენმარკში გაზრდილი ადამიანია. მისი წესი და ჩვეულება ელფურია, გული კი ადამიანურად ძგერს. ადამიანების და ელფების გვერდით მშვიდობიანად თანაარსებობენ ალვების კიდევ ერთი წინაპრები - კენტავრები და მათი ერთ-ერთი ყველაზე თვალსაჩინო წარმომადგენელი - აიგილაოსი. აიგილაოსის და მანდრედის მეგობრების ისტორია, ალბათ მამაკაცებს შორის არსებულ უერთიერთობაზე მოყოლილი ყველაზე სევდიანი ამბავია ფენტეზის ისტორიაში. "ელფებს" არ აკლია რომანტიკული და ჰეროიკული არომატიც. ამის დასამტკიცებლად ისიც საკმარისია, რომ ნურამონი და ფაროდინი, ერთმანეთის ლამის ძმადნაფიცი მებრძოლები, საერთო სატრფოს - ნოროელის გულის მოგებას ცდილობენ და აგერ უკვე რამდენიმე ასწლეულის განმავლობაში ელიან მისგან პასუხს. 


დრო
ჰენენის სამყაროს ალბათ ყველაზე მეტად დამახასიათებელი ტექნიკური მომენტი ისტორიის დროში გაწელვადობაა. თავისუფლად შეიძლება ერთი თავიდან მეორე თავზე გადასვლისას 200-300 წელი გავიდეს, შემდგომ 40-გვერდიანი ისტორია ერთ-ერთი პერსონაჟის 60-წლიან ცხოვრებას დაეთმოს, სიუჟეტის შუაწელზე კი, საუკუნეთა მიჯნაზე გახლეჩილი მებრძოლი ჯგუფის გაერთიანების მოწმენი გავხდეთ. ამ ყველაფრის პარალელურად წინა პლანზე გამოდის რასათა შორის სხვაობა. ელფებისა და ადამიანების თვისობრიობის ერთ-ერთ მთავარ განმასხვავებელ ელემენტად სწორედ დროის ფაქტორი ჩნდება. მხოლოდ მაშინ თუ ესმით უკვდავ არსებებს ადამიანთა ავარდნილობის, სიხარბის, მომხვეჭელობისა და ნაყროვანობის, როდესაც სრული გონებით იაზრებენ მათი ცხოვრების სიმცირეს, მათი სიცოცხლის ხაზის სიმოკლეს. ადამიანები კი, თავის მხრივ, ელფების სიმშვიდესა და გაწონასწორებულობას სწორედ იმ ფაქტს მიაწერენ, რომ მათთვის პრაქტიკულად არ არსებობს "დღეს" და "ხვალ", რადგან მათთვის საუკუნეებს შორის სხვაობა პრაქტიკულად წაშლილია.

ფონი
ისევე, როგორც ყველა სხვა სათავგადასავლო რომანს, არც ელფების საგას აკლია ქვეტექსტები. მათ, ბუნებრივია, მკითხველი ყველა თავისებურად აღიქვამს, თუმცა ერთი - რაც აშკარაა, არის ის, რომ წიგნში წარმოჩენილ რასებისა და პერსონაჟების თვისებები ძალიან წააგავს თანამედროვე მსოფლიოს სხვადასხვა ხალხთა დამახასიათებელ ნიშნებს. ალბათ, ქართველი მკითხველი ყველაზე ახლობელად (თავისთავად, ადამიანების გარდა) კენტავრთა რასას მიიჩნევს. კენტავრებს ხომ აგრერიგად უყვართ ჭამა-სმა, ხმაურიანი ღრეობა და მეორე დილით მინიმალური ამუნიციით ბრძოლაში შებმა. ჰენენის მიერ შექმნილი ელფები, რომლებიც ძირითადი შტრიხებით მცირედით თუ განსხვავდება, საზოგადოდ ჩამოყალიბებული შეხედულებებისგან, მკაცრი, ცივი ხასიათის არსებები არიან. მათი წესრიგისა და სიბეჯითისკენ მიდრეკილება სანიმუშოა ყველასთვის. თუმცა, ელფების პრობლემების მთავარი მიზეზიც ხშირ შემთხვევებში მათივე განცალკევებით დგომა და უადგილო შოვინიზმია.


მტერი
ბოროტი ძალის საკითხი ჰენენთან ოდნავ განსხვავებულად დგას. ერთი მხრივ, მთავარი მტერი პირველივე გვერდებზე "თავს გვესხმის", მეორე მხრივ კი, შემდგომ ასეულობით გვერდის განმავლობაში იკარგება და სიუჟეტი სულ სხვა მიმართულებით ვითარდება. თუმცა, ჰეროიკულობის სრული წესების დაცვით, გერმანელი ავტორი დასასრულისკენ მძიმე ბატალურ სცენას გვთავაზობს, სადაც უკვე "რასობრივი" ომია გაჩაღებული. უნდა
ითქვას ისიც, რომ Die Elfen-ის რუსული თარგმანი დასათაურებულია როგორც - "Во власти девантара". დევანტერები უძველესი დროის დემონები არიან, რომლებსაც ალვების შთამომავლებთან ათასწლიანი ომის შემდეგ თავიანთი პოზიციები დათმეს. თუმცა, მაშინ როცა ელფებს ყველა დევანტერი განადგურებული ეგონა, ერთ-ერთმა მათგანმა ადამიანთა სამყოფელზე თავდასხმა და ამ გზით ალვენმარკის დაჩოქება გადაწყვიტა. ეპოქალური ომი, რომელმაც უნდა გადაწყვიტოს ალვების შვილების სამომავლო ბედი და ადამიანთა რასის არსებობა-არარსებობა, უდიდეს მომზადებას საჭიროებს. მოსამზადებლად კი, საკმაო დრო გვაქვს. ალვენმარკში დრო ძალიან ნელა გადის.

ეს დევანტერი არ არის. დევანტერს გარეული ტახის თავი აქვს.
ეს ისკანდერიის ბიბლიოთეკაა, - სამყაროს ერთ-ერთი საკვანძო ლოკაცია

დიდია, მაგრამ ღირს
ჰენენის ელფების საგა იმ რომანთა (რომანთა კრებულის) კატეგორიას მიეკუთვნება, რომელთა წაკითხვასაც დიდი ხნით გეგმავ, თვეობით გადადებ მის დაწყებას და როცა დაიწყებ, კითხვაში წინსვლა იმდენად ნელია, რომ თავის დანებების სურვილი გიჩნდება. ყველაფერი კი იმიტომ, რომ გერმანელი ძალიან ვრცლად აღწერს თავის სამყაროს, დეტალურად გვაცნობს თითოეულ პერსონაჟს, ქალაქს და ლოკაციას. სამაგიეროდ, მისი პოეტური თხრობის მანერა, უმაღლესი მხატვრული ოსტატობა და რაც (ჩემთვის) ყველაზე მნიშვნელოვანია - ტოპონიმებისა და საკუთარი სახელების იდეალურად შერჩევის შესაძლებლობა, მკითხველს უდიდეს სიამოვნებას ჰპირდება. შეუძლებელია, პირველი წიგნის დასრულების შემდეგ კვლავაც არ გაგიჩნდეთ ალვენმარკსა და ისკანდერიის ბიბლიოთეკაში მოგზაურობის სურვილი, დევანტერის მალულად თვალთვალი, მისი გამყინავი ხმის მოსმენა და ბრძოლის წინ ნასვამი მანდრედის ცალყბა ხუმრობები.

სასიამოვნოა ისიც, რომ ეს მხოლოდ მოგზაურობის დასაწყისია. წინ "ელფების ზამთარი" (Elfenwinter) და "ელფების ნათელი" (Elfenlicht) გველის.







ავტორი: ირაკლი სულაძე

02 July, 2015

სერიალის მიმოხილვა: Jonathan Strange & Mr. Norrel


2004 წელს ბრიტანელმა მწერალმა სიუზან კლარკმა გამოაქვეყნა თავისი სადებიუტო ნაწარმოები, რომელიც მოგვითხრობს ნაპოლეონის ომებში ჩართული XIX საუკუნის ინგლისის ალტერნატიულ ისტორიას. ნაწარმოების მიხედვით, 300 წელი გავიდა მას შემდეგ, რაც ინგლისში ჯადოქრობა აღარ გამოიყენება. არსებობენ მხოლოდ თეორეტიკოსი მაგიკოსები და ამ დროს სცენაზე გამოდიან ჯონათან სტრეინჯი და მისტერ ნორელი, პრაქტიკოსი ჯადოქრები, რომლებმაც ინგლისში უნდა დააბრუნონ ჯადოქრობა. ნაწარმოების ითვლება როგორც ფენტეზის, ისე - ისტორიული რომანის წარმომადგენლად. სერიალის ნაცვლად რომ წიგნის მიმოხილვა არ გამომივიდეს, მხოლოდ იმას დავამატებ, რომ წიგნის გამოსვლის დღიდანვე ნაწარმოებს აქტიურ პოპულარიზაციას უწევდა ნილ გეიმანი, რომლის აზრითაც „ჯონათან სტრეინჯი და მისტერ ნორელი“ არის „უდავოდ საუკეთესო ინგლისური ნაწარმოები ფანტასტიკის ჟანრში, რომელიც ბოლო 70 წელში დაწერილა.“

იმავე 2004 წელს New Line Cinema-მ შეიძინა საავტორო უფლებები ნაწარმოების ეკრანიზაციაზე. ასევე ცნობილი გახდა, რომ ავტორმა ამ გარიგებისთვის მიიღო „შვიდნიშნიანი თანხა“ და მაშინვე აღინიშნა, რომ ეს იყო ერთ-ერთი ყველაზე დიდი ანაზღაურება ასეთი სახის უფლებების შეძენის ისტორიაში. 2006 წელს განაცხადეს, რომ მზად იყო სცენარის პირველი ვერსია, თუმცა პროექტი ვეღარ განხორციელდა New Line Cinema-ში არსებული კორპორაციული პრობლემების გამო.

უნდა ვაღიაროთ, რომ „ჰარი პოტერის“ ფრენჩაიზის შემდეგ, კინოსამყაროში იგრძნობა უშუალოდ ჯადოქრობაზე და ჯადოქრებზე გადაღებული ნამუშევრების ნაკლებობა. ეს ან იმის ბრალია, რომ სცენარისტებს ეშინიათ „ჰარი პოტერთან“ კონკურენციისა და მათი ნამუშევრების a priori კრახის, ან აღარ მოიძიება მსგავსი შინაარსის მქონე ნაწარმოები, რომლის ეკრანიზაცია „ჰარი პოტერს“ თუ არ აჯობებდა, მინიმუმ სხვა სტერეოტიპებს ჩამოაყალიბებდა ჩვენში ჯადოქრებისა და მათი საქმიანობის შესახებ. რაც შეეხება „ჰარი პოტერის“ ასე ხშირად ხსენებას, სულაც არ ვაპირებ, რომ ეს სერიალი მასთან შედარების ფონზე განვიხილო. უბრალოდ „ჰარი პოტერი“ ის ფენომენია, რომელსაც (ალბათ) განსაკუთრებული ადგილი უკავია ჩვენს ბავშვობაში და შესაბამისად, საორიენტაციო ნამუშევრადაც გამოდგება.

პირველი დადებითი გარემოება ისაა, რომ მოქმედება ხდება ვიქტორიანულ ეპოქაში, თანაც ინგლისში. ვიქტორიანული ინგლისი, რომელიც დოგმებთან, კონსერვატიზმის ძლიერ აღქმასთან და გოთიკურ გარემოსთან ასოცირდება, სწორედ ის მთავარი გამოწვევაა, რომელის არსებობის პირობებში ორმა პრაქტიკოსმა (და არა თეორეტიკოსმა) ჯადოქარმა უნდა დაამტკიცოს, რომ მაგია არ ინგლისში არ გამქრალა. სერიალში არ გვხვდება ტროლები, გობლინები ან სხვა მითოლოგიურ-ფოლკლორული არსებები. სერიალი არც ისეთი ჰორორია, როგორც, მაგალითად Penny Dreadful. ეს არის ჯადოქრების ამბავი, დიდებზე გათვლილი „ჰარი პოტერი“ (თუმაც „ჰარი პოტერიც“ არაა მხოლოდ საბავშვო ნაწარმოები), ჯეინ ოსტინის ან ჩარლზ დიკენსის მიერ მოყოლილი ქრონიკები მათი თანამედროვე პრაქტიკოსი ჯადოქრების შესახებ.

Raven King (ყორნების მეფე)
მთავარი გმირები წარმოადგენენ აბსოლუტურად განსხვავებულ პერსონაჟებს. ერთი მხრივ მისტერ ნორელი, წიგნების ჭია, ბიბლიოთეკის ბუ, რომელმაც ჯადოქრობის შესახებ ინგლისში არსებული ყველა წიგნი შეაგროვა და ამდენი კითხვის შემდეგ პრაქტიკაც „დაამუღამა“. მეორე მხრივ კი, მის ანტიპოდად გვევლინება ექსცენტრიკული ახალგაზრდა ჯონათან სტრეინჯი, რომელსაც პრაქტიკული მაგიის თანდაყოლილი ნიჭი, კრეატივის უნარი და წარმოსახვის რეალიზაციის გასაოცარი ტალანტი აქვს. მათი მიზნებიც განსხვავებულია: ნორელს სურს, რომ მაგია ინგლისურ ელიტაში იქცეს „პატივსაცემ“ ფენომენად, ხოლო სტრეინჯს სურს, რომ მკვდრეთით აღადგინოს ანტიკური მაგია, ისეთი, როგორიც მაგიის ინგლისში შემომტანის - „ყორნების მეფის“ (Raven King) დროს არსებობდა. ასეთმა რადიკალურმა განსხვავებამ კი შესაძლოა ინგლისი დაღუპვის საფრთხემდეც მიიყვანოს.

მთავარი ანტაგონისტი არის ფერია, პირობითი სახელით „ჯენტლმენი“, რომელიც ერთ დროს „ყორნების მეფის“ მსახური იყო. ინგლისის პარალელურად არსებობს ზღაპრული სამყარო - „დაკარგული იმედი“, ფერიის სამფლობელო. „ჯენტლმენი“ არ არის ფერია კლასიკური გაგებით. პატარა ფრთოსანი გოგონას ნაცვლად „ჯენტლმენი“ არის ამბიციური, გაიძვერა, ადამიანების მანიპულაციის განსაკუთრებული უნარის მქონე არსება ინგლისელი არისტოკრატის ვიზუალით, რომელიც ფლობს პირველყოფილი მაგიის ძალას. მას თავისი გეგმები აქვს, სტრეინჯისა და ნორელის გამოჩენა კი მის გეგმებში არ შედიოდა.

„ჯენტლმენი“
გარდა ამისა, სერიალში გვხვდება რამდენიმე საინტერესო პერსონაჟი: ვინკულუსი - ფსიქიკურად აშლილი ქუჩს ჯადოქარი, უფრო სწორად „შარლატანი“, რომელიც დიდ საიდუმოს ინახავს. მისტერ სეგუნდუსი, რომელსაც წამს, რომ ინგლისი გაჟღენთილია მაგიით და მისი დაბრუნებაც შესაძლებელია. ჩილდერმასი - ნორელის მსახური, რომელიც თავისი უხეში ხასიათით აუცილებლად დაიპყრობს საყვარელი პერსონაჟებისთვის გამოყოფილ ადგილს თქვენს ცნობიერებაში. სტივენი - შავკანიანი მსახური, უსახელო მონა, რომლის მიმართ არსებობს წინასწარმეტყველება. ამათ გარდა, სერიალში გვხვდება კიდევ ბევრი პერსონაჟი, რომელთა გათვალისწინებით შეიძლება იმის თქმა, რომ სერიალს პერსონაჟების მდიდარი პალიტრა აქვს.

სერიალში მონაწილეობას იღებს საკმაოდ კარგი ქასტი: ვეტერანი ედი მარსანი (მისტერ ნორელი)[Sherlock Holmes, V for Vendetta, The Illusionist, Hancock]; შედარებით გამოუცდელი ბერტი კარველი (ჯონათან სტრეინჯი) [Les Miserables, Babylon], რომელიც შესანიშნავად ასრულებს ასევე ახალბედა და მხიარული ჯადოქრის როლს; მარკ ვარენი (ფერია) [Wanted, Green Street Hooligans]; ენზო კილენტი (ჩილდერმასი) [Guardians of the Galaxy, Pride and Prejudice, Next]. დასამახსოვრებელია ქასტის სხვა წევრების თამაშიც. ამ სერიალის ნახვა მარტო ქასტის გამოც ღირს, სულ რომ არ გაინტერესებდეთ ფენტეზი და ჯადოქრობა. 

დიდია სერიალის მოქმედების ტერიტორიული მასშტაბიც: დაწყებული ინგლისითა და ვენეციით, დამთავრებული „დაკარგული იმედითა“, „მეფის გზით“. რაც შეეხება სპეცეფექტებს. ბიუჯეტის გათვალისწინებით სერიალი ძალ-ღონეს არ იშურებს, რომ შესაძლებლობის ფარგლებში სრულად გამოიყენოს CGI და ეფექტურად გვაჩვენოს მოლაპარაკე ქანდაკებები, სარკეებში მოგზაურობა, გზების გაყვანა მთებში შელოცვის საშუალებით, საფრანგეთის სანაპიროებზე მიმდგარი ინგლისის ფლოტი, რომელიც მთლიანად ოპტკური ილუზიაა, გაცოცხლებული ზომბები, ქვიშის ცხენების საოცარი სცენა და ა.შ. ბატალური სცენებიც კი უფრო ეფექტურია, ვიდრე Game of Thrones-ში. 

მოკლედ, „ჯონათან სტრეინჯი და მისტერ ნორელი“ არის ინგლისური გოთიკით, „ჰარი პოტერისეული“ ჯადოქრობით, დიკენსისეული თხრობის მანერის არომატით გაზავებული და კარგი სამსახიობო შესრულების სინთეზი, რომელიც თავისი 7 სერიის მანძილზე ოდნავ მაინც დაგაჯერებთ, რომ მაგია ჯერ კიდევ არსებობს, ყველა პოტენციური ჯადოქარია, უბრალოდ არავის უცდია მისი გამოყენება, რადგან ყველამ დიდი ხნის წინ დაივიწყა.


ავტორი: გიორგი ნაკაშიძე

02 June, 2015

Click-clack the Rattlebag: ნილ გეიმანის ახალი მოთხრობის თარგმანი


„Click-clack the Rattlebag“ („მოჩხრიალე საჩხრიალო“) არის ერთ-ერთი მოთხრობა ნილ გეიმანის მოთხრობების კრებულიდან „Trigger Warning“, რომელიც წარმოადგენს მწერლის ბოლო ნამუშევარს. ამ წიგნში გეიმანი არღვევს რეალობის ფარდას, რათა აღმოვაჩინოთ სამყარო, რომელიც არსებობს ჩვენი სამყაროს პარარელურად. ეს არის ფენტეზის, ჰორორის, გეიმანისეული პროზისა და პოეზიის (დიახ, კრებულში გეიმანის რამდენიმე ლექსია შესული) გროტესკული და სასიამოვნო ანთოლოგია. თქვენ კი გეძლევათ საშუალება, წაიკითხოთ ამ კრებულის ერთ-ერთი მოთხრობა, რომელიც გაგაცნობთ აქამდე უცნობ მონსტრებს და შეიძლება ახსნათ, თუ რისი ხმები გესმით ღამით, ძილის დროს, კედლების მიღმა (ასევე შეგიძლიათ წაიკითხოთ ნილ გეიმანის მიერ რეი ბრედბერისადმი მიძღვნილი მონოლოგი).

მოჩხრიალე საჩხრიალო
(Click-clack the Rattlebag)


„სანამ დამაძინებ, ამბავს მომიყვები?“

„მართლა გინდა, რომ მე დაგაძინო?“ - შევეკითხე ბიჭს.

ბიჭი ცოტა ხნით ჩაფიქრდა. შემდეგ კი სრული სერიოზულობით თქვა: „დიახ, მართლა ეგრე ვფიქრობ. საშინაო დავალება დავამთავრე, უკვე ჩემი ძილის დროა და ცოტა მეშინია. ძალიან არა. მხოლოდ ოდნავ. თუმცა ეს დიდი სახლია, ხშირად შუქიც არ არის და ბნელა.“

მივუახლოვდი და თმები ავუჩეჩე.

„მესმის“ - ვუთხარი მე. „ეს ძალიან დიდი, ძველი სახლია.“ მან თავი დამიქნია. ჩვენ სამზარეულოში ვიყავით, სადაც თბილოდა და შუქიც ენთო. ჩემი ჟურნალი სამზარეულოს მაგიდაზე დავდე. „როგორი ამბავი გინდა, რომ გიამბო?“

„მოიცა“ თქვა ღრმააზროვნად. „ძალიან საშიშიც არ მინდა, რადგან როცა დასაძინებლად ავალ, მთელი დროის განმავლობაში მხოლოდ მონსტრებზე ვიფიქრებ. თუმცა ოდნავ მაინც საშიში თუ არ იქნება, არ დამაინტერესებს. შენ თვითონაც თხზავ ამბებს, არა? ის გოგო ამბობს, რომ ასეა.“

„ის უბრალოდ აჭარბებს. დიახ, მე ვწერ მოთხრობებს. თუმცა, ჯერ არც ერთი არ გამოქვეყნებულა. მე ბევრი სახის მოთხრობებს ვწერ.“

„და საშიშ მოთხრობებსაც წერ?“

„დიახ.“

ბიჭმა კარის ჩრდილიდან ამომხედა, სადაც მელოდებოდა. „იცი რომელიმე მოთხრობა მოჩხრიალე საჩხრიალოებზე?“

„არა მგონია.“

„ყველაზე მაგარი ამბებია.“

„სკოლაში გიყვებიან მაგ ამბებს?“

მან მხრები აიჩეჩა. „ხანდახან.“

„არასოდეს მსმენია მოჩხრიალე საჩხრიალოების ამბავი.“

ბიჭი ძალიან განვითარებული ბავშვი იყო და სულაც არ ესიამოვნა საკუთარი დის შეყვარებულის უცოდინრობა. ეს ყველაფერი მის სახეზე იკითხებოდა. „ყველამ იცის ეს ამბები.“

„არ ვიცი“ - ვუთხარი მე და ვცდილობდი, არ გამეღიმა.

მან ისე ამომხედა, თითქოს ცდილობდა გაერკვია, ვეღადავებოდი თუ არა. „მგონი აჯობებს დასაძინებლად წამიყვანო და შემდეგ, სანამ დამეძინება, ამბავი მომიყვე, თუმცა ძალიან საშიშიც არა, რადგან ჩემს საძინებელში ცოტა ბნელა“ - თქვა მან.

„შენს დას წერილი ხომ არ დავუტოვოთ ჩვენი ადგილსამყოფელის შესახებ?“ - შევეკითხე მე.

„თუ გინდა დაუტოვე. თუმცა ისედაც გაიგებ, როცა დაბრუნდებიან, წინა კარი ძალიან ხმაურიანია.“ 

თბილი და მყუდრო სამზარეულოდან დიდი სახლის ჰოლში გავედით, სადაც სუსხი, სიმშრალე და სიბნელე გამეფებულიყო. შუქის ანთება ვცადე, თუმცა ამაოდ.

„ეგ ნათურა გადამწვარია“ - თქვა ბიჭმა. „ყოველთვის ასე ხდება“.

ჩვენი თვალები სიბნელეს შეეჩვია. მთვარე თითქმის სავსე იყო და მთვარის მოლურჯო თეთრი შუქი მაღალი ფანჯრების გავლით ჰოლში, კიბეზე იღვრებოდა. „არა უშავს“ - ვუთხარი მე.

„დიახ“ თქვა ბიჭმა სერიოზული სახით. „მიხარია, რომ აქ ხარ.“ ახლა ნაკლებად სერიოზული ჩანდა. მისმა ხელმა ჩემი ხელი მოძებნა, თითებზე კომფორტულად, სანდომიანად ჩამეჭიდა, თითქოს დიდი ხანი იყო, რაც მიცნობდა. პასუხისმგებლობა ვიგრძენი და მივხვდი, რომ უფროსი ვიყავი. არ ვიცოდი, იმავეს ვგრძნობდი თუ არა მისი დის მიმართ, რომელიც ჩემი შეყვარებული იყო, თუმცა მომწონდა, რომ ბიჭი თავისი ოჯახის წევრად მთვლიდა. თავი მის უფროს ძმად ვიგრძენი, უფრო მაღლა ვიდექი და თუ კი ამ ცარიელ სახლში რაიმე არასასიამოვნო არსებობდა, აუცილებლად ვეცდებოდი, რომ ბიჭს არაფერი გაეგო.

კიბე მძიმე ხალიჩის ქვეშ ჭრიალებდა.

„მოჩხრიალეები საუკეთესო მონსტრები არიან“ - თქვა ბიჭმა.

„ტელევიზიიდან წარმოიშვნენ?“

„არა მგონია. ვფიქრობ, რომ არავინ იცის, თუ საიდან გაჩნდნენ. უმეტესად სიბნელიდან მოდიან ხოლმე.“

„მშვენიერი ადგილია მონსტრისთვის.“

„დიახ.“

მივდიოდით ჩრდილებით მოცულ ზედა დერეფანში, მთვარის შუქიდან მთვარის შუქამდე. მართლაც დიდი სახლი იყო. კარგი იქნებოდა, ელექტროფარანი რომ მქონოდა.

„ისინი სიბნელიდან ჩნდებიან“ თქვა ბიჭმა, რომელსაც ჩემთვის ხელი ჩაეკიდა. „შეიძლება თავადაც სიბნელისგან არიან შექმნილნი. ისინი მაშინ ჩნდებიან, როცა არ ელოდები. სწორედ მაშინ გამოდიან. შემდეგ კი თავიანთ ბუდეში წაგიყვანენ... არა ბუდე, არა... რა ჰქვია იმას, ბუდე რომ არის, მაგრამ ბუდეც არ არის?“

„სახლი?“

„არა, სახლი არ არის.“

„სორო?“

ბიჭი ჩუმად იყო. „მგონი ეგ ჰქვია - სორო, ჰო ეგ არის. მან ხელზე ხელი მომიჭირა და ლაპარაკი შეწყვიტა.

„გასაგებია. მათ ხალხი, რომლებიც ყურადღებას არ აქცევენ, თავიანთ სოროებში მიჰყავთ. და შემდეგ რას აკეთებენ შენი მონსტრები? მთელ სისხლს გამოგწოვენ, როგორც ვამპირები?

მან ამოიხვნეშა. „ვამპირები ბევრ სისხლს არ სვამენ. მხოლოდ იმდენს, რამდენიც საარსებოდ და საფრენად უნდათ. მოჩხრიალეები უფრო საშიშები არიან, ვიდრე  -ვამპირები.“

„არ მეშინია ვამპირების“ - ვუთხარი მე.

„არც მე. ვამპირების არც მე მეშინია. გინდა იცოდე, რას აკეთებენ მოჩხრიალეები? ისინი გსვამენ“ - თქვა ბიჭმა.

„კოლას მსგავსად?“

„კოლა ძალიან საზიანოა“ - თქვა ბიჭმა. „თუ დილით კბილს კოლაში ჩადებ, კბილი დაიშლება. სწორედ ამიტომ არის კოლა ცუდი და ამიტომ უნდა გაიხეხო ყოველ საღამოს.“

ბავშვობაში მეც მსმენოდა კოლას ამბავი და როცა გავიზარდე, გავიგე, რომ არ იყო მართალი. თუმცა ტყუილი, რომელიც გეხმარებოდა პირის ღრუს ჰიგიენის შენარჩუნებაში, იყო კეთილი ტყუილი და ყურადღება აღარ მიმიქცევია.

„მოჩხრიალეები გსვამენ“ - თქვა ბიჭმა. „ჯერ გიკბენენ, შემდეგ შიგნით უცნაური გრძნობა დაგეუფლება, მთელი შენი ხორცი და ტვინი, გარდა ძვლებისა და კანისა, გადაიქცევა სველ, მილქშეიკის მსგავსს მასად და მოჩხრიალეები ყველაფერს გამოგწოვენ იმ სიცარიელებიდან, სადაც ერთ დროს შენი თვალები იყო.“

„ამაზრზენია. შენ გამოიგონე?“ - ვკითხე მე.

უკვე დიდი სახლის კიბის ბოლოს ნაწილს მივუახლოვდით.

„არა.“

„ვერ ვიჯერებ რომ ბავშვებს ასეთი რაღაცების გამოგონება შეგიძლიათ.“

„საჩხრიალოებზე არ გიკითხავს“ - თქვა მან.

„კარგი, რა არის საჩხრიალოები?“

„რა არის და...“ - თქვა მან ბრძნულად, სერიოზულად და დაბალ ხმაზე იმ წყვდიადიდან, რომელიც ჩემს გვერდით იდგა. „როცა მხოლოდ ძვლები და კანი დარჩები, ისინი საკიდზე ჩამოგკიდებენ და ქარში იჩხრიალებ ხოლმე.“

„როგორ გამოიყურებიან მოჩხრიალეები?“  - ვკითხე ბიჭს, თუმცა ვინატრე, რომ ეს კითხვა არ დამესვა. ვიფიქრე, რომ დიდი ობობების მსგავსი არსებები არიან, იმის მგავსნი, დილით აბაზანაში რომ ვნახე. მეშინია ობობების.

შვებით ამოვისუნთქე, როცა ბიჭმა თქვა: „ისინი ისე გამოიყურებიან, როგორსაც არ ელოდები. რასაც ყურადღებას არ აქცევ.“

უკვე ხის კიბეებზე ავდიოდით. მარცხენა ხელი სახელურს მოვკიდე, მარჯვენა კი - ბიჭის ხელს, გვერდით რომ მომყვებოდა. სახლში, მაღლა, მტვრისა და ძველი ხის სუნი იდგა. ბიჭის ნაბიჯები ადვილად შესამჩნევი იყო, მიუხედავად იმისა, რომ მთვარის შუქი სუსტად ანათებდა.

„უკვე იცი, რომელ ამბავს მომიყვები დაძინებისას?“ - მკითხა მან. „საჭირო არ არის, რომ მართლა საშიში იყოს.“

„ჯერ არ ვიცი.“

„შეგიძლია, ამ საღამოს შესახებ მიამბო. მიამბო, თუ რა გააკეთე.“

„ეგ ნამდვილად არ დაგაინტერესებს. ჩემი შეყვარებული ახლახანს გადავიდა ახალ სახლში ქალაქის განაპირას, სახლი მემკვიდრეობით მიიღო მამიდასგან თუ ვიღაცისგან. ის ძალიან დიდი და ძალიან ძველია. ვაპირებ, რომ ჩემი პირველი ღამე გავატარო მასთან ერთად, ამ ღამით, ამიტომ ერთი საათია ველოდები მას და მისი ოჯახის წევრებს, რათა ღვინო და ინდური საჭმელი მოიტანონ“.

„ხედავ?“ - მკითხა ბიჭმა. ისევ ვიგრძენი სერიოზული გაკვირვება. შესაძლებელია, რომ ყველა ბავშვი აუტანლად მოგეჩვენოს, როცა მათ ისეთი რაღაც იციან, რაც შენ არ იცი. შეიძლება, ეს მათთვის კარგიც კი არის. „შენ ყველაფერი იცი, მაგრამ არ იაზრებ. უბრალოდ შენს ტვინს უნდა მისცე საშუალება, რომ სიცარიელეები ამოავსოს.“

მან სხვენის კარი შეაღო. უკვე სრული წყვდიადი იდგა. ღია კარმა ჰაერის ნაკადს გასაქანი მისცა და გავიგონე საგნების ჩუმი ჩხრიალი, ისეთი, ჩანთებში რომ ძვლები ჩაყარო და მსუბუქ ნიავში ჩამოკიდო. ჩხრრრ. ჩხრრრ. ჩხრრრ. ასეთი ხმები ისმოდა.

მაშინვე გავიქცეოდი, მაგრამ ვერ შევძელი, მტკიცე თითებმა შეუჩერებლად წამათრიეს, წინ, წყვდიადში.

ნილ გეიმანი,
2015

მთარგმნელი: გიორგი ნაკაშიძე