დენ სიმონსის ჰიპერფანტასტიკური ილიადა

სამეცნიერო ფანტასტიკის ჟანრის განვითარებამ დიდი ოთხეულის და მათი თანამედროვე კლასიკოსების შემდეგ მცირედით შეიცვალა კალაპოტი და მეოცე საუკუნის 80-იანი წლებიდან სულ მთლად ახალ საფეხურზე აინაცვლა.

ნილ გეიმანის Marvel 1602

2001 წელს ნილ გეიმანმა, გრაფიკულის ნოველების აწ უკვე აღიარებულმა მწერალმა და The Sandman-ის შექმნელმა, გადაწყვიტა Marvel-თან ეთანამშრომლა და ბედი მეინსტრიმულ კომიქსში მოესინჯა (უფრო სწორად, თავად Marvel-ისგან მიიღო შემოთავაზება).

არტ შპიგელმანის ომგამოვლილი თაგვი

„როდესაც რამდენიმე დღით ერთ ოთახში ჩაგკეტავენ მშივრებს, იქ სიტყვა "მეგობარი" აღარ არსებობს.“

„უფრო მეტი, ვიდრე ადამიანი“: თეოდორ სტარჯენის ევოლოციური თეორია

„ჩვენ გვჭირდება არა ფიზიკური, არამედ - ფსიქიკური ევოლუცია“.

Showing posts with label დენ სიმონსი. Show all posts
Showing posts with label დენ სიმონსი. Show all posts

07 August, 2015

დენ სიმონსის ჰიპერფანტასტიკური ილიადა


სახელწოდება: ილიუმი
ავტორი: დენ სიმონსი
ციკლი: ილიუმ/ოლიმპო
ქვეყანა: აშშ
ენა: ინგლისური
პირველი გამოცემის წელი: 2003

პრემია: 2004 წელს, ლოკუსის პრემია საუკეთესო სამეცნიერო-ფანტასტიკური ჟანრის რომანისთვის.
შეფასება Goodreads-ზე: 3.99/5



სამეცნიერო ფანტასტიკის ჟანრის განვითარებამ დიდი ოთხეულის და მათი თანამედროვე კლასიკოსების შემდეგ მცირედით შეიცვალა კალაპოტი და მეოცე საუკუნის 80-იანი წლებიდან სულ მთლად ახალ საფეხურზე აინაცვლა. ამ შემთხვევაში, ძნელია შეაფასო - ხარისხობრივი სხვაობა ამ პერიოდის ფანტასტებსა და აზიმოვ-ჰაინლაინის ეპოქის მწერლებს შორის, თუმცა თვალშისაცემია ის ძირითადი კონტურები, რასაც მეოცე საუკუნის მიწურულის სამეცნიერო ფანტასტიკა სახავს. 80-იანი წლების ჟანრობრივ ლიტერატურაზე უდიდესი გავლენა მოახდინა ამერიკელმა მწერალმა - დენ სიმონსმა, რომლის შესახებაც ადრე უკვე ვწერდით, როცა მის "ჰიპერიონს" მიმოვიხილავდით. სიმონსის ხელწერა მეტნაკლებად მსგავსია მის ყველა ვრცელტანიან რომანში. ეს უკანასკნელი კი სიმონსს ნამდვილად სანაქებოდ გამოსდის. დასტურად მისი ლიტერატურული პრემიების ჩამონათვალის ნახვაც საკმარისია. მართალია, ჰიპერიონ კანტოსით მოპოვებულ აღიარებას მისი სხვა ვერც ერთი რომანი უტოლდება, მაგრამ მრავალფეროვნება, რომელსაც სიმონსი თავის ნაშრომებში იყენებს და მხატვრულ სამყაროთა შექმნის ოსტატობა იმდენად მაღალია, რომ მისი წიგნების გარეკანიც კი, სამეცნიერო-ფანტასტიკის ჟანრის მოყვარულებს ძნელად თუ დატოვებს გულგრილად .

"ილიუმი", რომლის შესახებაც ჯერაც არაფერი გვითქვამს, სიმონსის საყვარელი ფორმით - დიალოგიითაა შედგენილი და ჰიპერიონ/ენდიმიონის მსგავსად, აქაც ორ-რომანიან ციკლთან გვაქვს საქმე. ილიუმს მალევე, არასრულ ორ წელიწადში "ოლიმპოს" გამოცემა მოჰყვა, რომელსაც ილიუმის მკითხველი მოუთმენლად ელოდა. ორივე წიგნი საერთო სიუჟეტს მიჰყვება და პრინციპში, ავტორისეული ჩანაფიქრის სრულად თუ არა, უმეტესწილად გასაგებად, ოლიმპოს გაცნობაც აუცილებელია. 

სიუჟეტის მოქმედება, ტრადიციულად, თანამედროვეობიდან ორი ათასზე მეტი წლით დაშორებულ მომავალში მიმდინარეობს, სადაც ადამიანი ისეთივე უცხო არსებაა, როგორც დღევანდელობისთვის თეთრი ლომი. დედამიწა უკვე აღარ არის პოპულარული და მთავარი ბრძოლის ველიც წითელ პლანეტაზეა გადატანილი. მარსის მტვერს თელავენ ბერძნული მითოლოგიის ღმერთები, რომლებიც ახლებური ფორმითაა წარმოდგენილი, თუმცა არც ერთ მათგანს არ აქვს დაკარგული თავისი სიდიადე, ძლევამოსილება და რაც მთავარია, სხეულის ფორმები, რომლითაც თითოეული მათგანი ადამიანს მრავალჯერ აღემატება. ზევსი, არესი, ათენა, მუზები და ოლიმპოს მთელი შემადგენლობა ხელახალი ინტერესით აკვირდება მოკვდავთა ფენაში განვითარებულ მოვლენებს, რომელშიც თითქმის იდენტურად მეორდება ჰომეროსის ილიადას სიუჟეტი. აგანემნონი, ჰექტორი, აქილევსი და ელენა - კვლავაც ჩვეულ როლებს ირგებენ, თუმცა ახლანდელი რეალობა ლიტერატურულ ჩარჩოებს სცდება და ის, რომ თითოეული მათგანი ოდესღაც ერთი წვეროსანი ბერძნის შემოქმედების ნაწილი იყვნენ, ნაწარმოების მხოლოდ ერთმა პერსონაჟმა - მკვდრეთით აღმდგარმა ყოფილმა სწავლულმა - ჰოქენბერიმ იცის.

ჰოქენბერი თითქმის ერთადერთი ადამიანური ადამიანია, რომელიც ამ ორომტრიალშია ჩართული. მუზის მიერ ნაჩუქარი ღვთიური აქსესუარებით, ის არაადამიანური პრივილეგიების მოპოვებას შეძლებს და ნელ-ნელა "მომავლის ღმერთების" ამბებშიც გაერკვევა. საინტერესოა მისი დამოკიდებულება არსებულ რეალობაში, შესაძლებლობა - მოირგოს ნებისმიერი ადამიანის როლი, ცდუნებები, რომელთა დაძლევასაც ვერ ახერხებს და მუდმივი დაპირისპირება მის "პატრონ" ღმერთებთან, რომლებმაც ის ახალი თაობის ჯაშუშად აქციეს. ჰოქენბერის გარდა, გვხვდებიან ადამიანისებრი ორგანიზმები დედამიწაზეც. აქ მათ სიცოცხლის ხანგრძლივობა მკაცრად, ასი წლით აქვთ განსაზღვრული, ამის შემდგომ კი ისინი ხდებიან ე.წ. პოსტადამიანები. პოსტადამიანები ახლებურ რასას წარმოადგენენ, რომლებიც ღია კოსმოსში, მათთვის განსაზღვრულ პლანეტისებრ წარმონაქმნებზე ცხოვრობენ. 

ილიუმში სიმონსი თხრობის რამდენიმე გზას ირჩევს. პირველ პირში მოთხრობილი ერთადერთი ამბავის ავტორი ზემოხსენებული ჰოქენბერია, რომელიც დღიურისებრი ჩანაწერით მოგვითხრობს მარსზე დაბუდებული ოლიმპოს ღმერთების, მათ შორის არსებული დაპირისპირებების, ომის, მძვინვარების და ვნებების შესახებ. თავის მხრივ, ალბათ, მისი შეხედულებები და ემოციები წიგნის ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო თემაა. მეორე მხრივ, შინაარსის მცირედი ნაწილი რობოტებსაც ეთმობათ, რომლებიც იმდენად ადამიანურები არიან, რომ მათი სერიული ნომრის ხსენებისას, უხერხულობის გრძნობა გიპყრობს. ამგვარი რობოტების წრეს მიეკუთვნებიან მაჰნმუტი და იოს'ორფუ, რომლებიც გამუდმებით განიხილავენ ადამიანთა ისტორიული გონის მიღწევებს. განსაკუთრებით, ლიტერატურული დისკუსიები იტაცებთ და ხშირად კამათობენ შექსპირისა და პრუსტის ირგვლივ. მათ და მათ მსგავს მექანიზმებს სიმონსი "მორავეცებად" მოიხსენიებს. (ავსტრიელი ფუტურისტის, რობოტიკისა და ხელოვნური ინტელექტის მკვლევარის - ჰანს მოროვეცის საპატივცემულოდ).


თუმცა, რა თქმა უნდა, მომავლის ილიადას მთავარი გმირები ბერძენი გმირები არიან. - ბერძნები და ტროელები... აქ გვერდიგვერდ იბრძვიან აქილევსი, ოდისევსი და აგამემნონი. მენალაუსი, დიომედესი და ნესტორი. მეორე მხარეს კი, ღირსების დასაცავად ჰექტორი, ანდრომაქე, პარისი და ელენა გამოდიან. ტროას ომი შეფარვითი ზავებით უფრო და უფრო იწელება, ამ ყოველივეს კი ოლიმპოს მთიდან თვალყურს ადევნებენ ზევსი,ჰერა,ათენა,არესი,აპოლონი და კაცობრიობის ბედის კიდევ ერთხელ გადაწყვეტას ცდილობენ. აქვე შევხვდებით შედარებით მცირედ დატვირთულ ძველებურ ადამიანებს - ადას, ჰერმანს, დაემანსა და სავის - მოხეტიალე ებრაელს.


ასე და ამგვარად, ილიუმის პირველი 50 გვერდის წაკითხვაც საკმარისია საიმისოდ, რომ დაეჭვდეთ - სწორი იყო თუ არა, მისი ხელში აღების გადაწყვეტილება. ერთიანად უამრავი პერსონაჟის და ისტორიის ერთმანეთში გადახლართვა სიმონსის რომანებში მისი მთავარი გატაცებაა. თხრობის ენასაც არ ეთქმის მარტივი. გარდა ამისა, გმირების უხეშობა, (ამ სიტყვის პირდაპირი გაგებით. უხეშობა, და არა სისასტიკე, რომელიც ნებისმიერ ბატალურ სცენას თან სდევს) პირდაპირობა და ზოგ მომენტებში გაურკვეველი მოქმედებები, პრინციპში, ნერვების მომშლელია. გარდა ამისა, ავტორი არ ერიდება საკუთარი პოლიტიკურ-სოციალური შეხედულებების თავისივე უდიდეს ცოდნაში არევას. ზოგადად, დამღლელია, როდესაც გრძნობ, რომ ავტორმა ბევრი რამ იცის და ამ ყოველივეს შენთვის გაცნობას ცდილობს. როდესაც მსგავსი გრძნობა გეუფლება, მისდამი უნდობლობით ივსები, მაგრამ მიუხედავად ამ ყველაფრისა, უნდა ითქვას, რომ თუ ითამაშებ სიმონსის წესებით, ის აუცილებლად ჩაგითრევს იმ ჰიპერ-განვითარებული სამყაროს გაურკვეველ ხვეულებში, რომელსაც ასე სრულყოფილად წარმოაჩენს თავის წიგნებში. ილიუმი არის ძალიან საინტერესო ისტორია, რომელიც სრულდება ძალიან ცუდ მომენტში. გიჩნდება ოლიმპოს წაკითხვის დაუოკებელი სურვილი, თუმცა იცი, რომ ეს გზა კიდევ უფრო დამღლელი იქნება, ვიდრე პირვანდელი.



მაგრამ, მიუხედავად ამისა, დარწმუნებული ხარ, რომ ოდესმე აუცილებლად მიაღწევ ოლიმპომდე და მისი ნაწილიც გახდები.



ავტორი: ირაკლი სულაძე

02 February, 2015

დენ სიმონსის ჰიპერიონი


ძლევამოსილი შრაიკი

ადამიანთა რასის არსებობის 28-ე საუკუნე დგას. დედამიწა დიდი ხანია რაც შავმა ხვრელმა შთანთქა. ადამიანების დომინაცია კი, უკვე 200-ზე მეტ პლანეტაზე ვრცელდება. ისინი იყენებენ "ჰოკინგის ძრავებს", ქმნიან ლეგიონებს და მოქმედებენ ტრადიციული მეთოდებით. სამყაროს საფუძველია ტექნოკორი, სამყაროს წევრები კი ერთიანად არიან ჩართული მსოფლიო ქსელში (WorldWeb). ერთ-ერთი მთავარი პლანეტა, რომელზეც ადამიანები თავიანთ ძალებს ამაგრებენ - ჰიპერიონია. ჰიპერიონი ერთ-ერთი ლაბირინთული ტიპის პლანეტათაგანია, რაც იმას ნიშნავს, რომ მისი მიწისქვეშეთი გაურკვეველი წარმომავლობისა და დანიშნულების უძველესი ლაბირინთებითაა სავსე. ჰიპერიონზე მოქმედებს ჰეგემონია. ჰეგემონია - დიდი საზოგადოებრივი ერთობაა, საკუთარი მოსახლეობით და სამხედრო ძალით. ჰეგემონია თავის საზღვრებს ინტერსტელარული ბარბაროსებისგან იცავს. ჰეგემონიის მმართველობით ფუნქციებს კი სპეციალური მრჩეველთა საბჭო ახორციელებს, რომელსაც სათავეში კონსული უდგას.

ტექნოკორი აგრეთვე მოიცავს ე.წ. დროის საფლავის ქვებს (Time Tombs) რომელთა დახმარებითაც დროსა და სივრცეში გადაადგილებაა შესაძლებელი. ლეგენდის თანახმად, დროის საფლავის ქვების მცველებიდან მხოლოდ ერთია ცოცხალი, მისი სახელია შრაიკი (Shrike) და ის მასთან მისულ მოგზაურს ერთ სურვილს უსურვებს. ის სამყაროში ყველაზე ძლევამოსილი პერსონაა. შრაიკის ნელი ნაბიჯის ხმა პილიგრიმებს ძილშიც არ ასვენებს. პილიგრიმები კი კონსულმა სწორედ მასთან შესახვედრად გაამზადა. წიგნის თითქმის მთელი შინაარსი პილიგრიმების ისტორიებს ეთმობა. ისინი ყვებიან იმის შესახებ, თუ როგორ მოხვდნენ იქ სადაც ახლა არიან, რა გზა განვლეს ჰიპერიონამდე და რას გეგმავენ შრაიკთან შეხვედრის დროს.

უძველესი ხომალდი - TreeShip

დენ სიმონსის „ჰიპერიონი“ 1989 წელს გამოიცა, მალევე მოიგო სხვადასხვა პრემიები, მათ შორის Hugo Awards, ავტორმა კი მალევე მოაყოლა სიქუელი - „ჰიპერიონის დაცემა“. ნაწარმოების მოქმედება შორეულ მომავალში ვითარდება, სადაც კითხვის ნიშნის ქვეშ დგას ადამიანთა დედამიწამდელი შეხედულებები სამყაროს, რელიგიის და ერთმანეთის მიმართ. ტექნოლოგიური წინსვლის და ინტერნეტის წინაპრის - WorldWeb - ის დახმარებით სამხედრო ძალა ერთი-ორად გაზრდილია, ადამიანთა პირადი შესაძლებლობები კი ერთი-ორად შემცირებული.

ჰიპერიონი ჩარჩოებრი (frame story) სტილით დაწერილი წიგნია, სადაც ვხვდებით ისტორი(ებ)ას ისტორიაში.

ჰიპერიონი რამდენიმე პირობით ნაწილად იყოფა. თითოეული ნაწილი შესაბამისად, ერთ-ერთი პილიგრიმის ისტორიას ეთმობა. აქ არის მამა პოლის და მამა ლენარის ამბავი, რომლებიც კათოლიკური ეკლესიის უკანასკნელი მოჰიკნები არიან. აქვე ვეცნობით ბიკურას სოფელს, რომლის მკვიდრებიც როგორც შემდგომ აღმოჩნდება, დროის საფლავის ქვების "წყალობით" შორეული წარსულიდან გადმოსროლილი პრიმიტივები არიან. მამა პოლი ბიკურას სოფელშივე ხვდება პირველად - შრაიკს. თავად შრაიკი, ბოლომდე ამოუცნობ მოვლენა/არსებად რჩება. ერთი მხრივ თითქოს ბოროტი ძალის მთავარი დამქაშეა, მაგრამ ამასთან, თითქმის არ ჩანს აქტიურ მოქმედ პერსონაჟად. ჰიპერიონი პრაქტიკულად, დიდი შესავალია "ჰიპერიონის დაცემისთვის", და goodreads-ის სპოილერნარევ მიმოხილვებს თუ ვენდობით, სწორედ "ჰიპერიონის დაცემა" ახდის ფარდას სამყაროს ყველაზე იდუმალ წარმონაქმნს, რკინის ბასრი ქსოვილებით "ნაგებ" წითელი თვალებით მანათობელ შრაიკს.

აქვე არიან სამხედრო პირი - ფედმან კასადი (რომელიც თავის სამიზნედ შრაიკთან ერთად ყოფილ საყვარელს - მონეტას დაისახავს), დედამიწელი მწერალი მარტინ სილენუსი, (რომელიც ჯონ კიტსის მსგავსად (კარგად დაიმახსოვრეთ ეს კაცი) დაუსრულებელ ნაწარმოებზე მუშაობს და საუკუნეების შემდგომ კვლავ ბრუნდება ჰიპერიონზე დაწყებული პოემის დასასრულებლად, რომლის სახელიც მთლიანად ჰიპერიონის სამყაროს აღმწერი წიგნების საერთო სახელად მოიხსენება - Hyperion Cantos), აქვეა მოწყენილი მეფე - ბილლი, სოლ ვაინშტრაუბი(რომლის ქალიშვილსაც ბენჯამინ ბატონის მსგავსი დაავადება სჭირს და ასაკის მატებასთან ერთად ახალგაზრდავდება), გალაკტიკათშორისი დეტექტივი და რა თქმა უნდა, საბჭოს თავმჯდომარე - კონსული, რომელიც წიგნის დასასრულს დედამიწის შავი ხვრელის მიერ "შთანთქმის" მიზეზს დაადგენს.

ჰიპერიონი და მისი სიქუელები

ჰიპერიონი სავსეა ალეგორიებით სხვადასხვა კლასიკურ ნაწარმოებებთან. თუმცა, სიმონსს განსაკუთრებით მაინც ჯონ კიტსის შემოქმედება უყვარს. ღიმილის მომგვრელია მე-6 ნაწილში საბჭოს თავმჯდომარის მონათხრობ ამბავში გამოჩენილი ელექტრონული ანდროიდისმაგავრი არსება, რომელიც კიტსის კლონს წარმოადგენს.

სხვათა შრის, Hyperion Cantos-ის ყველა წიგნის სათაური სწორედ კიტსის ნაწარმოებებიდან არის აღებული. - (ჰიპერიონი, ენდიმიონი)

ჰიპერიონის დედაქალაქსაც კიტსი ჰქვია. სწორედ კიტსისკენ მიემართებიან პილიგრიმები ხომალდით, რომელსაც იგგდრაზილს ეძახიან. (უხხ..იდეალური სახელია ხომალდისთვის. Yggdrasil ). დამქანცველი მოგზაურობის შემდეგ, პილიგრიმები ბოლოს და ბოლოს მიადგებიან ქრონოსს - შრაიკის მიმდევრების მიერ აშენებულ ციხეს. ერთმანეთს ხელს კიდებენ და ღიღინებენ სიმღერას "ოზის ჯადოქრიდან". ღიღინებენ და შესაშური სიმამაცით მიემართებიან დროის საფლავის ქვებისკენ.

სხვა დანარჩენისთვის ჰიპერიონი უნდა გაიცნოთ. უნდა წაიკითხოთ ის თვალწარმტაცი სამყარო, რომელიც სიმონსმა შექმნა, უნდა დაუკვირდეთ და შეისწავლოთ პილიგრიმების მიერ მოყოლილი ისტორიების ყოველი დეტალი, რომლებიც თითოეული ცალ-ცალკე და ყოველივე ერთად, ეხება ადამიანთა მოდგმის მიერ საუკუნეების განმავლობაში ნაფიქრ და ნააზრევ ფილოსოფიურ თემებს - რწმენის ძალას, რაინდობას და რაინდულ თვისებებს - როგორც ბებერი ევროპის დღემდე აღიარებულ ერთ-ერთ მთავარ მიღწევას, ხელოვნების ძალას, შემოქმედის სულიერ სწრაფვას თავისუფლებისკენ, ბოროტებას, როგორც სამყაროს მაწონასწორებელ ასპექტს და მრავალ სხვას. ხოლო თუ ამ ყველაფრის გაცნობის შემდეგ თქვენ მაინც არ მოგეწონებათ ჰიპერიონი, ესე იგი ჯერ მზად არ ყოფილხართ შრაიკთან შესახვედრად.


ავტორი: ირაკლი სულაძე