დენ სიმონსის ჰიპერფანტასტიკური ილიადა

სამეცნიერო ფანტასტიკის ჟანრის განვითარებამ დიდი ოთხეულის და მათი თანამედროვე კლასიკოსების შემდეგ მცირედით შეიცვალა კალაპოტი და მეოცე საუკუნის 80-იანი წლებიდან სულ მთლად ახალ საფეხურზე აინაცვლა.

ნილ გეიმანის Marvel 1602

2001 წელს ნილ გეიმანმა, გრაფიკულის ნოველების აწ უკვე აღიარებულმა მწერალმა და The Sandman-ის შექმნელმა, გადაწყვიტა Marvel-თან ეთანამშრომლა და ბედი მეინსტრიმულ კომიქსში მოესინჯა (უფრო სწორად, თავად Marvel-ისგან მიიღო შემოთავაზება).

არტ შპიგელმანის ომგამოვლილი თაგვი

„როდესაც რამდენიმე დღით ერთ ოთახში ჩაგკეტავენ მშივრებს, იქ სიტყვა "მეგობარი" აღარ არსებობს.“

„უფრო მეტი, ვიდრე ადამიანი“: თეოდორ სტარჯენის ევოლოციური თეორია

„ჩვენ გვჭირდება არა ფიზიკური, არამედ - ფსიქიკური ევოლუცია“.

27 January, 2015

სტივენ კინგი- ჯოილენდი (მიმოხილვა)


ბოლო რამდენიმე წელია აშკარად იგრძნობა საქართველოში სტივენ კინგის გაფეტიშება (როგორც ეს მანამდე სხვა ავტორების მიმართ იგრძნობოდა). თუმცა, რამდენიმე უარყოფითი ფაქტორისა, ამ მოვლენასაც აქვს რაღაც დადებითი. კერძოდ, ჩვენმა წიგნის გამომცემლობებმა, მიუხედავად იმის არ ცოდნისა, თუ კინგის რა ლიტერატურა თარგმნონ, მაინც დაიწყენ ნელ-ნელა ამ კაცის ნაწარმოებების ქართულ ენაზე თარგმნა, რაც საბოლოო ჯამში იმის იმედს იძლევა, რომ ადრე თუ გვიან უფრო ხარისხიან ლიტერატურასაც მიადგებიან. რამდენიმე თვის უკან დიოგენემ თარგმნა ,,ჯოილენდი“, რომელმაც მკითხველთა შორის აზრთა სხვადასხვაობა წარმოშვა. ნაწილი იძახდა, რომ ეს ნაწარმოები ძალიან კარგი იყო, ნაწილი კი ამბობდა, რომ ,,ჯოილენდი“ უბრალოდ ,,ნაგავია“ და სხვა არაფერი. დღეს მე პირადად შევეცდები ვისაუბრო ამ ნაწარმოებზე და შემოგთავაზოთ როგორც ჩემი სუბიექტური აზრი, ასევე რამდენიმე ობიექტურად დაკვირვების შედეგადად აღმოჩენილი ფაქტი და ამის შემდეგ თქვენთვითონ განსაჯეთ ამ ნაწარმოების ავ-კარგიანობა. იმაზე არავინ არ დავობს, რომ წიგნის მოწონება გემოვნების ამბავია, თუმცა რაღაც კუთხით ლიტერატურული ღირებულებაც ემორჩილება გარკვეულ დოგმებს და ამ უკანასკნელთა დაუცველობა საბოლოო ჯამში განაპირობებს ნაწარმოების მხატვრულ სიღარიბეს.

უპირველეს ყოვლისა დავიწყოთ სიუჟეტის აღწერით. ახალგაზრდა დევინ ჯონსმა გადაწყვიტა მუშაობა დაეწყო(საზაფხულო სამუშაო) გასართობ პარკ ჯოილენდში, იმ იმედით, რომ პირველ რიგში მას დაავიწყდებოდა იმ გოგოს დაკარგვით გამოწვეული ტკივილი და ამასთანავე ეს სამუშაო ერთგვარი რელაქსაციაც იქნებოდა კოლეჯში გატარებული პერიოდის შემდეგ. თუმცა, როგორც ყველას მოგეხსენებათ, კინგის ირონია და სისასტიკე მკითხველისა და პერსონაჟის მიმართ უსაზღვროა. შესაბამისად ჩვენი დევინის ჩაფიქრებული გეგმაც(რომელიც ზემოთ ვახსენეთ) ისე ვერ განხორციელდებოდა, როგორც თვითნ სურდა. ხოლო პრობლემები, რისი თვალებში ჩახედვაც ჩვენს პერსონაჟს მოუწევს არის ყველაზე საინტერესო ნაწილი ამ წიგნში და ეს პრობლემები იშლება 3 ძირითად პლანად, რომელთა განვითარება თითქმის დამოუკიდებელი წიგნის სცენარი იქნებოდა, რაც საერთო ჯამში მოგვცემდა მართლაც შედევრ ლიტერატურულ ქმნილებას მისტიკისა და საშინელებათა ჟანრში. თუმცა პირადად ჩემი აზრით, კინგმა რატომღაც ვერ შესძლო ამ სამი სიუჟეტიდან ვერცერთის ნორმალურად გაშლა და განვითარება, თითქოს რაღაც მოვალეობის მიზნით იყო მიფუჩეჩებული ნაწარმოები. არადა ჩანაფიქრი კი ნამდვილად გენიალური იყო. დღეს სწორედ ამ 3 ძირითად სიუჟეტის განვითარების შესაძლებლობაზე გვექნება საუბარი და როგორც ხვდებით, რეკომენდირებულია ეს სტატია წაიკითხოს მხოლოდ იმან, ვისაც წაკითხული აქვს უკვე ეს წიგნი(თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ ეს სტატია შეიცავს სპოილერებს. უბრალოდ ჩემი ნაწერის ადეკვატურად აღქმისთვის და უფრო კარგად გასაგებად უმჯობესია წიგნი გქონდეთ წაკითხული).

მაშ დავიწყოთ. პირველ რიგში მინდა ვისაუბროთ ნაწარმოების მთავარი გმირის, დევინის სასიყვარულო კრახზე, ანუ იმ გოგოს დაკარგვით გამოწვეულ ტრამვაზე, რომელიც მას უყვარდა. აქ საინტერესოა არა თვითონ ეს გოგო, რომელზეც ფაქტობრივად არაფერი ვიცით ტექსტში, ან თუნდაც თვითონ დევინი, არამედ ყურადღება უნდა მივაქციოთ დევინის მდგომარეობას ამ ყველაფრის შემდეგ, რომელიც საშუალებას აძლევდა მწერალს სერიოზულ ფსიქოლოგიური ხაზი გაეტარებინა მთელი წიგნის მანძილზე(როგორც ,,უიმედოთა ქალაქში“ არსებულ სიუჟეტს სდევდა რელიგიური ხაზი). მკითხველი ნახავს ნაწარმოებში, რომ გოგოს დაკარგვამ ჩვენი მთავარი მოქმედი გმირი დეპრესიაში ჩააგდო, ამ ტრამვამ იძულებული გახადა დროებით გასცლოდა საკუთარი ოჯახის ერთადერთ წევრს- მამას იმის იმედით, რომ ფიზიკურ შრომაში მაინც გამოსულიყო ამ დეპრესიიდან. ობიექტურობა, რომ არ დავკარგოთ, მაშინ აუცილებლად უნდა ვახსენოთ ის ადგილი, სადაც მუშაობის გადაწყვეტილების მიღება დევინის მიერ ნამდვილად ნიშანდობლივია უშუალოდ სტივენ კინგის მხრიდან. კერძოდ, მოგეხსენებათ, რომ ‘’ჯოილენდი“ არის გასართობი პარკი ბავშვებისთვის, ამ უკანასკნელთ კი სტივენ კინგის ძალიან ბევრ ნაწარმოებში უმნიშვნელოვანესი ადგილი უკავიათ. თუ კინგის წიგნში ფიგურირებს ბავშვი, მაშინ მას აუცილებლად აკისრია რაღაც მესიანური მისია, რაღაც უნიკალური დადებით თვისება, რომელმაც ყოველ მიზეზ გარეშე უნდა დაამარცხოს ბოროტება. ჩვენ კიგნის ბავშვის ფენომენზე ცოტა ქვემოთ უფრო კარგად ვისაუბრებთ, მაგრამ ახლა იმის თქმა მინდა, რომ დევინის გადაწყვეტილება, ემუშავა ბავშვებისთვის(თავისუფლად შეგვიძლია ასე ვუწოდოთ მის სამუშაოს) იყო ბრწყინავლე არჩევანი, რადგან ბავშვების კეთილ და ლაღ ბუნებასთან ურთიერთობა ადრე თუ გვიან აუცილებლად განაპირობებდა დევინში არსებულ დეპრესიის ხრწნას, რადგან დეპრესია ეს ბოროტების ნაყოფია, რომელსაც არაფერი ესაქმება სიკეთესთან, ანუ კინგის სამყაროში ბავშვის ფენომენთან. სტივენის ბავშვთან ზოგადად ასეთი დამოკიდებულება, ვფიქრობ, შეიძლება იყოს სახარებისეული გავლენა, სადაც ბავშვის ბუნებას ასევე დიდი მნიშვნელობა ენიჭება. საბოლოო ჯამში ეს აბზაცი მინდა დავასრულო იმით, რომ ჩემი სუბიექტური მოსაზრებით, კინგს შეეძლო უკეთესად გამოეყენებინა ზოგადად დევინის ეს მდგომარეობა(რომელიც აერთიანებს მის გადაწყვეტილებებს) წმინდა ფსიქოლოგიური თვალსაზრისით, ანუ ამ წიგნისთვის დაახლოებით ისეთივე ფსიქოლოგიური ჟანრის ელფერი მიენიჭებინა, როგორც დაახლოებით აქვს ,,მწვანე მილს“, ,,გაქცევა შოუშენკის საპატიროდან“-სა და ,,ჯერალდის თამაშებს“(ეს უკანასკნელი არ არის ნათარგმნი).

ახლა დროა გადავიდეთ მეორე ტიპის სიუჟეტის განვითარების შესაძლებლობაზე, რომელიც ნაწარმოებში გვევლინება დაბრკოლებად, რომლის გადალახვაც უწევს დევინს. საუბარია იმ საზარელ მკვლელობაზე, რომელიც მოხდა ჯოილენდის გასართობი პარკის ,,საშინელებათა ოთახის“ განყოფილებაში. მკვლელმა, რომელმაც დაუნდობლად ყელი გამოჭრა ახალგაზრდა გოგონას და საშინელებათა ლაბირინთში მოისროლა, სხვა გოგონებიც იმსხვერპლა. საინტერესოა ამ შემთხვევაში ის ფაქტი, რომ პარკში მომუშავე რამდენიმე ადამიანის აზრით ლაბირინთში სწორედ ამ გარდაცვლილი გოგოს აჩრდილი ბინადრობს, რომელიც გათავისუფლებას ელის. ვფიქრობ, რაც ნამდვილად კარგად არის გაკეთებული კინგის მიერ, არის ის მისტიკური ატმოსფერო, რომელიც ამ მოვლენის გარშემო იგრძნობა. თუმცა სამწუხაროდ, თქვენ ნახავთ, რომ ეს მისტიკური გარემოც ძალიან მალე იშლება და ნადგურდება. ისე მარტივად იქცევა ეს წიგნი პოტენციური მისტიკა-ჰორორის ჟანრის ნაწარმოებიდან უბრალოდ დეტექტივად, რომ მკითხველში ნამდვილად იმედგაცრუებას გამოიწვევს. ,,ჯოილენდს“ აშკარად ჰქონდა შესაძლებლობა ყოფილიყო ბრწყინვალე ნამდვილი ,,კინგისეული“ ქმნილება, რომელიც მკითხველში შიშს გაამეფებდა და არა იაფფასიან დეტექტიურ განწყობას.

რაც შეეხება ნაწარმოების განვითარების მესამე ელემენტს. ეს უკანასკნელი ისეთი მნიშვნელოვანი ფაქტორი იყო ამ წიგნში, რომ მისი იმპროვიზაციით, უფრო მაგიური ელფერის მინიჭებით იმ დონეზე შეეძლო მწერალს მოვლენებისა და პერსონაჟების მანიპულირება, რომ ზემოთ ხსენებული 2 მოვლენა ზუსტად ისე რომ დარჩენილიყო, როგორც არის, მაინც შედევრი იქნებოდა ეს წიგნი. საუბარია მომაკვდავი ბავშვის ფენომენზე, რომელიც უნიკალური თვისებებითა და შესაძლებლობებითაა დაჯილდოებული. ამ ბავშვს, მაიკს, რომელიც ფილტვების ანთების გამო ცოტა ხნის სიცოცხლე აქვს დარჩენილი, დევინი პლაჟზე გაიცნობს, როდესაც ფრანის გაშვებას ასწავლის. სწორედ აქედან იწყება მათი ურთიერთობა. ზემოთ კინგის ნაწარმოებებში ბავშვის ცნებაზე ვისაუბრე და შესაბამისად, ადვილი მისახვედრია რომ ანალოგიური იდეოლოგიის გამტარი უნდა იყოს მაიკი ,,ჯოილენდში“. ეს არის ბავშვი, რომელიც თავისდაუნებურად, არაცნობიერის დონეზე უპირისპირდება ბოროტებას და ამასთანავე სხვასაც ანიჭებს უდიდეს შვებას, როგორც ცოცხლებს, ასევე გარდაცვლილებსაც.(ამას უფრო ზუსტად რომ წაიკითხავთ მიხვდებით). როგორც უკვე ვთქვი, ეს ბავშვი არის უნიკალური თვისებებით დაჯილდოებული, რაღაც მისტიკური ინტუიციითა და გარდაცვლილებთან საუბრის უნარით ხვდება ვის,სად და როდის უჭირს. თუმცა დანამდვილებით არ შეუძლია თქმა ვინ არის ბოროტების მატარებელი, უბრალოდ გამზადებულ ფრაზებს, მინიშნებებს იღებს , რომელსაც შემდეგ ხმამაღლა უცხადებს მათ, ვისაც საჭიროა. ეს ადამიანი ამ ყველაფერთან ერთად არის საკმაოდ დიდი ტრაგიზმის მატარებელიც, რადგან მან იცის, რომ სიკვდილი გარდაუბალია, ისიც იცის, რომ ეს ძალიან მალე მოხდება და მანამდე უნდა რაც შეიძლება მეტი ადამიანი გადაარჩინოს და ამასთანავე ის გააკეთოს, რასაც აქამდე მისი ჯანმრთელობა უშლიდა ხელს- ,,ჯოილენდში“ გაატაროს დაუვიწყარი დღე. მიუხედავად ასეთი კარგი პოტენციალისა ნორმალური პერსონაჟით გაცილებით საინტერესო გაეხადა თხრობა ავტორს, რატომღაც აქაც იგრძნობა არასრულყოფილების გრძნობა, ისევე მალე სრულდება ამ ბავშვის ბუნდოვანებით მოცული ამბავი, როგორც იმ მკვლელობის საქმის მისტიკურობა.

ეს არის ჩემი დაკვირვებით აღმოჩენილი სამი ძირითადი სიუჟეტური კვანძი, რომლის განვითარებაც ვერ მოახერხა მწერალმა. მიუხედავად იმისა, რომ ნაწარმოებში არიან სხვა პერსონაჟებიც, მათ შორის ნათელმხილველი ქალი, რომელიც უწინასწარმეტყველებს დევინს საკმაოდ საინტერესო რამეს(ეს მკითხველმა თავად ნახოს), საბოლოო ჯამში ისინი უბრალოდ სიუჟეტის შევსების მცდელობას წარმოადგენს და სხვას არაფერს. რამდენიმე სიტყვით რომ შევაჯამო, ეს არის წიგნი, გენიალური მაგრამ განუხორციელებული გეგმით.


ავტორი: გიორგი წერეთელი


24 January, 2015

ენდი უიერის თანამედროვე რობინზონი

"კოსმოსში არავის ესმის, თუ როგორ ტირი პატარა გოგოსავით..."








ენდი უიერის სახელი და გვარი ფართო მასებისთვის მხოლოდ შარშან გახდა ცნობილი. მას შემდეგ, რაც სოციალურმა ქსელმა - "goodreads" საკუთარი რჩეულები დაასახელა. უფრო სწორად, არა გუდრიდსმა, არამედ გუდრიდსის მომხმარებელმა. 2014 წლის საუკეთესო წიგნად სამეცნიერო ფანტასტიკის ჟანრში დასახელდა უცნობი ამერიკელი ავტორის - "კაცი მარსზე" (გნებავთ მარსელი, ადამიანი მარსიდან და ა.შ) - The Martian. აქამდე ენდი თავის ლიტერატურულ ნაშრომებს (რომელთა შექმნაც 20 წლის ასაკიდანვე დაიწყო) საკუთარ ვებ-გვერდზე აქვეყნებდა. განსაკუთრებული მოწონება დაიმსახურა მისმა მოთხრობამ "კვერცხი", რომელშიც აღწერილია ადამიანისა და ღმერთის საუბარი ამ ადამიანის გარდაცვალების შემდეგ.

რაც შეეხება შარშანდელ გამარჯვებულს, ეს მისი პირველი ვრცელი რომანია, რომელშიც ავტორმა მაქსიმალური სიზუსტით დაიცვა როგორც ჟანრის, ასევე მკითხველის გულის მოგების ტრადიციული კანონები. ამ ყველაფერს დაუმატა მსუბუქი იუმორი და შედეგად მიიღო წიგნი, რომელიც თანაბრად საინტერესოა როგორც კრიტიკული მკითხველის, ასევე ჟანრის მოყვარული ნერდისათვის.

წიგნის მთავარი გმირია ბოტანიკოსი მარკ უატნი, რომელიც ექსპედიცია "არესის" ეკიპაჟის წევრია. არესი მარსის ზედაპირის შესწავლის მიზნითაა წითელ პლანეტაზე გაგზავნილი. შემთხვევითობისა და მარსის მძიმე კლიმატის გამო, ბორდზე დაგვიანებულ მარკს ყველა დაღუპულად ჩათვლის და მისიის დასრულების შემდეგ დედამიწისკენ უმისოდ გამოემგზავრებიან. უატნი კი, გონზე მოსვლის შემდეგ, რჩება მარსზე და იწყება მის "კოლონიზაციას". რომანის პირველი ნაწილი მთლიანად მის დღიურს აქვს დათმობილი, რომელშიც დეტალურად ყვება, როგორ ცდილობს რადიოს შეკეთებას, საკვები მარაგის რაციონალურად გადანაწილებას და უცნობი პლანეტის ნიადაგის მაქსიმალურად გამოყენებას. მალევე, ახალ პირობებს შეჩვეული დედამიწელი საკუთარ ხომალდში კარტოფილის ბოსტანსაც გააშენებს.


მიუხედავად თითქოსდა განწირული მდგომარეობისა, მარკი საკუთარ შესაძლებლობებს მაქსიმალურად იყენებს და ყველაფერთან ერთად, არც იუმორის გრძნობას კარგავს. მოქმედება სამ ლოკაციაში მიმდინარეობს. მარსზე, დედამიწასა და ხომალდზე, რომელზეც უკანგამობრუნებული კოსმონავტები იმყოფებიან. წიგნი მსუბუქად იკითხება და არ არის გადატვირთული ზედმეტი სამეცნიერო ტერმინებით. ინტერსტელარის მოქიშპეებს გაახარებს ისიც, რომ ენდი უიერმა მაქსიმალურად გვერდი აუარა სენტიმენტებს, სასიყვარულო ურთიერთობებსა და ცრემლისღვრას. ეს არის მარტივად, ისტორია მებრძოლ ადამიანზე, რომელიც მარსზეც კი, საკუთარ სამყაროს ქმნის. სამყაროს, რომელშიც ცდილობს იცხოვროს ისე, რომ მშრალ პლანეტას მაქსიმალურად გამოწუროს სარგებელი.

"...სასაცილოა არა? რამდენი პირველი რამ ვარ. მე ვარ პირველი ადამიანი, რომელიც დაიკარგა მარსზე, პირველი ადამიანი, რომელიც მებაღეობას ეწევა მარსზე, აი დაუკვირდით, მარსის ტერიტორია არავის ეკუთვნის, ის პრაქტიკულად თავისუფალი ზღვის მსგავს რეჟიმს ექვემდებარება, ხომალდი კი, შტატების საკუთრებაა. შესაბამისად, ახლა თუ ხომალდიდან გავალ, და შიგნით შემოვალ, მე პრაქტიკულად აშშ-ს კუთვნილი ხომალდის მფლობელი ვხდები. სასაცილოა, ამგვარად, შეიძლება რომ მეკობრეც კი მეწოდოს. ხედავთ? მე პირველი კოსმოსური მეკობრე ვარ..."

ნამდვილად არ ვიცი, როგორი იყო გუდრიდსის სხვა ნომინანტები ამ ჟანრში, მაგრამ "კაცი მარსზე"-ს წაკითხვის შემდეგ, დარწმუნებული ვარ, არავინ იდავებს იმაზე, რომ ეს თანამედროვე სამეცნიერო ფანტასტიკის ერთ-ერთი საუკეთესო ნიმუშია. პრინციპში, ეს არც არის ფანტასტიკური ნაწარმოები. მე-20 საუკუნის "მამებისგან" განსხვავებით, რომლებიც ძალიან შორეულ მომავალში იყურებოდნენ, ენდი უიერმა ფანტასტიკური მომავალი კიდევ უფრო მოგვიახლოვა. მთელი ნაწარმოები იმგვარად მიედინება, იქმნება შთაბეჭდილება, რომ ეს ყველაფერი აქვე, ორი თვის წინ მოხდა, ან ორი თვის შემდგომ მოხდება (ვინ იცის, იქნებ ასეც იყოს...).

ასეა თუ ისე, სადებიუტო ნაშრომი ახალგაზრდა ამერიკელს ნამდვილად სანაქებო გამოუვიდა. ეს არის კოსმოსური ლიტერატურის თანამედროვე სახე. ტრადიციული კლასიკური ჟანრი 21-ე საუკუნის ელემენტებით. ჩვენ კი ისღა დაგვრჩენია ვიმედოვნოთ, რომ ენდრიუ "მარსზე არ გაჩერდება".


ავტორი: ირაკლი სულაძე


20 January, 2015

ჯონ მაქსველი - ახალგაზრდობა, ანუ ყველა დროის უძლიერესი გრძნობა



ჯონ მაქსველი გოთზე, 1940 წელს დაიბადა სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკაში. ავტორი, 62 წლის იყო, როდესაც დაწერა, ჩემი საუბრის თემაზე - ახალგაზრდობაზე. ალბათ საინტერესო იმიგომ გახდა ჩემთვის, რომ 62 წლის კაცი ახალგაზრდობაზე, ახალგაზრდის თვალით, გრძნობებითა და ემოციებით წერს.

ჯონ მაქსველის რომანი „ახალგაზრდობა“, შეიძლება ითქვას მწერლის შემოქმედების გვირგვინს წარმოადგენს. რა თქმა უნდა აქვე უნდა აღვნიშნოთ, რომ განსხვავებულია, როგორც წმინდა ლიტერატურული შეხედულებები, ასევე მკითხველის ინტერპრეტაცია. შეიძლება, არ დამეთანხმოთ, მაგრამ გრძნობათა გამოხატვისა და მკითხველში გატადანის თვალსაზრისით მაქსველის შეუდარებელი ნაწარმოებია ზემოხსენებული ქმნილება, სადაც, ავტორის ხერხი, მკითხველის გულთან ხიდი ძალიან მცირე პასაჟებშია დამალული, რომლის აღმოჩენაც ცალკე სიხარულია მკითხველისათვის.

საინტერესოა, როდესაც ადამიანი ორი თვალსაზრისით აფასებს მხატვრულ ნაწარმოებს. ვინადან ამ უფრო მრავალმხრივი და უფრო ფერადი საუბართან გვექნება საქმე. ისიც საკამათოა, მხატვრულ ნაწარმოებისადმი დამოკიდებულება, ინტერესი რამდენად დამოკიდებულია ადამიანის ასაკთან ან მის გარშემო არსებულ ვითარებასთან. ყოველ შემთხვევაში ჩემი აზრით, ლიტერატურასთან ურთიერთობაში, საგანგებო როლს ასრულებს ადამიანის ფსიქოლოგიური მდგომარეობა და არა ასაკი. მაგრამ, მაინც ყოველთვის არსებობს, რაღაც მუდმივი, შეუცვლელი, მარადმწვანე წერტილი ადამიანში (შეიძლება იყოს გონებაში, მაგრამ ხშირ შემთხვევაში ეს მარადმწვანე წერტილი ასოცირდება ადამიანის გულთან) დაბადებიდან სიკვდილამდე. სწორედ ეს არის, ცხოვრებისა და სიკვდილის, ორივე სამყაროს, რეალურისა და იდეალურის წინაშე ადამიანის გამარჯვების მოწმე, დასტური...

რომანში „ახალგაზრდობა“, შექმნილი ახალგაზრდა გუთზეს სახე, პერსონაჟი წარმოდგენილია მე-3 პირის აღწერით. მისი დახასიათებით, გუთზე არის არასასურველი, უმადური და უნამუსო პიროვნება. რომანში იგი დახასიათებელია, როგორც თავის მიმართ ზიზღის მატარებელი, თავისა და ამბიციებს შორის დარჩენილი, არაფრის მკეთებელი ადამიანი. რომანი მნიშვნელოვანი და საინტერესოა, კერძოდ იმ თვალსაზრისით, რომ ადამინაის შინაგან სამყაროში ხდება უზარმაზარი ბრძოლა. არ შეიძლება არ აღვნიშნო, რომ ეს უზარმაზარი ბრძოლა და მისი მხარეები (ამ შემთხვევაში , თვითონ ადამიანი და მისი იდეალები, სურვილები და გრძონებები) დიდი მხატვრული ოსტატობითაა წარმოდგენილი. ერთი შეხედვით ჯონ მაქსველის რომანი ტოლსტოის რომანს - ახალგაზრდობას- შეგვახსენებს. როგორც ტოლსტოის რომანში, ასევე ჯონ მაქსველის რომანში ჩანს ავტორის ცხოვრება და პიროვნება, მისი პროტოტიპი. აქვე შეგახსენებთ, რომ ეს არის მისი მე-2 რომანი რომელიც ავტობიოგრაფიული ხასიათისაა. პირველი ასეთი ნაწარმოები იყო 1997 წელს დაწერილი „ბავშვობა“, ხოლო „ახალგაზრდობა“ 2002 წლის ქმნილებაა. მკითხველს ნამდვილად შეუძლია, ნახოს თავისი ახალგაზრდობა ამ ნაწარმოებში, იმდენად რეალური და იმდენად სადად აღწერილია ყველაფერი, მკითხველს არ ტოვებს ეჭვს მის რეალობასთან, ამქვეყნიურობასთან დაკავშირებით. ყველას შეუძლია, აღმოაჩინოს თავისი ცხოვრების ამ „უძვირეს“ ნაწილიდან რაღაცა ეპიზოდი ამ რომანში. ახალგაზრდობაზე დაწერილი სხვა ტრადიციულ ნაწარმოებიდან განსხვავებულად, აქ ვერ ვხედავთ, სიხარული, რომლითაც სავსე უნდა იყოს ყმაწვილის ცხოვრება, უდიდეს სიძნელეთა და პრობლემათა შორსაც კი. პრობლემები, რომლებზეც გუთზეს გმირი ჯონი ნერვიულობს, ალბათ ყველა ჩვენგანის ცხოვრებაში ერთხელ მაინც ყოფილა და ხშირად გვიფიქრებინებს კიდეც. მაგალითად: სამშობლოდან გაქცევის, დაშორების სურვილი, შეცდომების ძებნა თავის საქციელში, ამასთან დაკავშირებით შეკითხვები თავის მიმართ, მიუხედავად იმისა, რომ ორი უმაღლესის დიპლომი აქვს, მაინც უჭირს კარგი სამსახურის პოვნა და ა.შ.

ამ რომანში ავტორი საკმაოდ სასტიკია და არანაირი შეღავათის გარეშე, აღწერს მის გარშემო არსებულ რეალობას. კერძოდ ქმნის „ახალგაზრდობის ბრძოლის“ რეალურ სურათს. გმირის ( და თამამად შეიძლება ითქვას თვითონ ავტორის ) უკეთესისკენ მისწრაფებაა ამ ბრძოლის საფუძველი. იგი ვერ თავისუფლდება თავის უხერხულ, არასასურველ ვიზუალურ მდგომარეობიდან. გუთზე დიდი ოსტატობით ქმნის იმ ახალგაზრდობის პორტრეტს, რომლებიც არ იციან, რა უნდა გააკეთონ ცხოვრების გასაგრძლებლად, მთელი მათი ცხოვრება დაუთმოს ლიტერატურას. ჯონ მაქსველლი აღნიშნული მდგომარეობისა და მათ წინაშე მდგომი დილემის საუკეთესო აღმწერია. რომანში „ახალგაზრდობა“ - მოთხრობილია 1959 წლიდან 1964 წლამდე მისი ლონდონში ცხოვრების პერიოდი. მიუხედავად იმისა, რომ ავტორი ამ ნაწარმოებს მხოლოდ მხატვრულ ქმნილებას უწოდებს, თქვენ ნახავთ, რომ ის მაინც მისი ცხოვრების შინაგანი სამყაროს ერთ-ერთი უდიდესი ფანჯარაა, რომელიც ღიაა მკითხველისათვის. ნაწარმოები, მნიშვნელოვანია, იმით რომ მკითხველი შედის, როგორც ავტორის, ასევე თავის სამყაროში.

„ჯონ მაქსველი საკმაოდ უხიაგო ადამიანია. მარტოობა უყვარს, ცხოვრობს როგორც ბერი, არ უყვარს სიგარეტი, ალჰოკოლი, ხორცს საერთოდ არ ჭამს, არ უყვარს ხუმრობა“, - ამბობს მისი ერთ-ერთი მეგობარი. ისიც აღსანიშნავია, რომ ნობელის ცერემონიალში, თავისი სიტყვით გამოსვლა მთლიანად მარტოობას მიუძღვნა. ეს ყველაფერი კი აისახება მის ნაწარმოებში, რა თქმა უნდა „ახალგაზრდობაშიც“.


ავტორი: ქამრან კირიაკოვი
                 

16 January, 2015

რეი ბრედბერი - ცუდადაა საქმე



"By the pricking of my thumbs 
Something wicked this way comes..."

შექსპირი - "მაკბეტი"


პირველად ოთხი წლის იყო, როცა დედამ კარუსელზე დასვა, შემდგომ ნახა ლონ ჩანი და ეშმაკის ბორბალი, ლორეტა იანგი და ფილმი - "Laugh, Clown, laugh", რომელმაც კლოუნის გრიმს მიღმა შეახედა. ამას მოჰყვა ჩაპლინის "The Circus" და ლონ ჩანის "He Who Gets Slapped". ყველაზე დიდი შოკი კი 12 წლის ასაკში მიიღო, როცა მის ქალაქს მისტერ ელექტრიკო ეწვია, 1932-ში, მუშათა დღე მისტიურმა სტუმარმა ცნობისმოყვარე ბავშვი კულისებში შეიყვანა და მის მიერ დადგმული "შოუს" დეტალები გააცნო.

"როცა უკვე დაღლილობისგან ფეხზე ვეღარ ვდგებოდი, მისტერ ელექტრიკომ მითხრა: 'იცი, მე და შენ ადრეც შევხვედრივართ.' 'ოჰ, არა, სერ!' 'როგორ არა' - არ იშლიდა ვირტუოზი მაესტრო. - 'მე და შენ ერთად ვიბრძოდით არდენესის ტყეში, პარიზის მახლობლად, 1918 წლის ოქტომბერში. რა დამავიწყებს, ჩემი საყვარელი მეგობარი იყავი და ხელებში ჩამაკვდი. მართალია, ახალი სახითა და სახელით, მაგრამ შენ დაბრუნდი. შენი თვალების ნათება მისი სულის ანარეკლია. კეთილი იყოს შენი დედამიწაზე დაბრუნება..."

გაიზარდა, მაგრამ როგორც მის ახალგაზრდა პერსონაჟებს, არც მას დავიწყება ბავშვობის მნიშვნელოვანი მომენტები. ამ ყველაფერმა პატარა რეიზე იმხელა ზეგავლენა მოახდინა, რომ 1962 წელს მკითხველს წარუდგინა ახალი რომანი - ბავშვების, კარუსელების, ბოროტმოქმედი ილუზიონისტების, ბოროტისა და კეთილის შესახებ.

"Something Wicked This Way Comes" - გრინთაუნის ტრილოგიის ერთ-ერთ ნაწილად განიხილება. ("ბაბუაწვერას ღვინო"-სთან და "მშვიდობით ზაფხულო"-სთან) ერთად. მისი მოქმედება იმავე ქალაქში ვითარდება, თუმცა პერსონაჟები განსხვავდებიან. არ განსხვავდება მხოლოდ ჩოგბურთის კედები და ისტორიის ავტორი. თხრობის დასაწყისში ცამეტი წლის ორი განუყრელი მეგობრის - უილის და ჯიმის ცხოვრებაში გაგანია ოქტომბერი დგას. ყველაზე მძაღე და უინტერესო თვე. - "ის არც სექტემებრს ჰგავს, რომელიც სულ ეს-ესაა რაც საზაფხულო არდადეგებს გამოექცა, არც აგვისტოს, დასვენების ბოლო, ტკბილ დღეებით რომ განებივრებს, არც მცხუნვარე ივლისს, ივნისზე რომ აღარაფერი ვთქვათ". რომანში შემდგომ განვითარებული მოვლენები ისეთივე საშიში და იდუმალებით მოცულია, როგორც ოქტომბერი - ზაფხულს გამოქცეული და ზამთრის არადადეგებამდე ჯერ შორს მდგარი ნახევრადცივი თვე.
მთავარი ანტაგონისტი ბრედბერის სხვა ძალიან კარგი ნაწარმოების, უფრო სწორად კი, მოთხრობების კრებულის მოსათაურეა - Illustrated Man, რომელსაც ყველა თავისი მსხვერპლის სახე სხეულზე აქვს ამოსვირინგებული. ჰელოუინამდე ცოტა ხნით ადრე გრინთაუნის მკვიდრი ბავშვები ხვდებიან უცნაურ მოგზაურ კარნავალს, რომელიც სავსეა უამრავი თვალშისაცემი კარუსელით, სარკეებიანი ოთახით და სხვა გასართობებით. თუმცა, გართობა უკანასკნელია, რაზეც ისინი ფიქრობენ.

წიგნი კლასიკური გოთიკური ჰორორია, თუმცა რეი რის რეი იყო, რომ ერთ ჟანრში ჩაკეტილიყო და ისეთ თემებს არ შეხებოდა როგორიცაა მეგობრებს შორის არსებული წინააღმდეგობები, სიყვარული, პასუხისმგებლობის გრძნობა და ა.შ. მამის პერსონაჟი, რომელიც თავს შვილის ცხოვრებაში უადგილოდ თვლის და რომელიც ცდილობს პასუხი გასცეს ისეთ კითხვებს, როგორიცაა მაგალითად, - "შესაძლებელია, ადამიანი დარჩე კარგ ადამიანად, მაშინ როცა ირგვლივ მხოლოდ ნაძირლები არიან?!". - 'ეს ისეთივე რთულია, როგორც ღამით, ლოგინში, ლიმონის იმ ნამცხვრის დავიწყება, რომელიც სამზარეულოს მაგიდაზე დევს, მაგრამ შენ არ გეკუთვნის'.

მას შეეძლო ძვლების მტვრევის ხმის ფონზე მარსზე მტვერი გაეთელა, შემდეგ მომავალში გადასროლილიყო და უკანდაბრუნებულს აპოკალიპსისთვის თვალებში ჩაეხედა. ის იყო მოხუცი, რომელსაც კარგად ახსოვდა, რომ სამყაროს საუკეთესოდ ბავშვები აღიქვამენ.
ეს იყო მოხუცი, რომლის სახლიც რამდენიმე დღის წინ დაანგრიეს. ფეხქვეშ გათელეს, როგორც Sound Of Thunder - ის პეპელა. პეპელა, რომლის მკვლელობამაც ისტორია შეცვალა. ბრედბერის სახლის ნგრევა ისტორიას ვერ შეცვლის. შეიძლება არც არაფერი შეცვალოს, ისე როგორც შეიძლება ვიღაცისთვის არაფერი შეცვლილიყო მისი რომელიმე გამოუქვეყნებელი ნოველის დაწვით. (ხელნაწერები კი, სამწუხაროდ, იწვის) უბრალოდ, სამწუხაროა, რომ, ძეგლს ვინ ჩივის და, დიდი ადამიანები ჩვენს დროში უსახლოდ იკარგებიან. თუმცა რეი არ დაიკარგება, ის მუდამ იცოცხლებს ბაბუაწვერას ყვავილში, კალეიდოსკოპში, ოქტომბრის წვიმიან დღეებსა და მზით გახურებულ წიგნის ფურცლებზე.

არ ვიცი, ასეთი რა აუცილებლობა იყო მისი სახლის ნგრევისა, მაგრამ ერთი რამ ნათელია - იქ, სადაც მსგავსი ფაქტები ხდება, ყველაფერი რიგზე არ არის. ცუდადაა საქმე. Something Wicked This way comes...


ავტორი: ირაკლი სულაძე



15 January, 2015

ხულიო კორტასარი- მდევარი, ანუ ჯაზ მუსიკისა და მაგიური რეალიზმის შედევრი


ჩრდილოეთ ამერიკული ლიტერატურის განხილვის შემდეგ, რომელიც ქადაგებდა პიროვნულ თავისუფლებასა და მისი მიღწევის იდეებს, ნელ-ნელა უნდა გადავინაცვლოთ სამხრეთით, სადაც თითქოს, კოლოსალურად განსხვავებული სიტუაციაა. სამხრეთ ამერიკაში(ვგულისხმობ ძირითადად ლათინო-ამერიკის სახელმწიფოებს) ჩაისახა თითქოს ნაცნობი, მაგრამ ამასთანავე უცნობი იდეების მქონე ლიტერატურული მიმდინარეობა მაგიური რეალიზმი, რომელიც არ ჰგავდა არც ევროპულ რეალიზმს და მითუმეტეს არც ფენტეზის ჟანრის ლიტერატურას. მაგიური რეალიზმი წარმოიშვა ქრისიტანობის უკიდეგანო ფანატიზმის საფუძველზე. მან დასვა შემდეგი საკითხი: ქრისტიანებო, თუ თქვენ გწამთ რელიგიური სასწაულების, დავრდომილთა განკურნების წმინდა ნაწილებით, მირონმდინარე ხატების, მაშინ რა გიშლით ხელს იწამოთ კიდევ უფრო სხვა ამოუცნობი მოვლენები? რატომ გსურთ ჩარჩოში მოქციოთ სამყარო და რატომ არ გინდათ გახვიდეთ ამ საზღვრებს გარეთ? მაგიურმა რეალიზმა ჩამოაყალიბა მსოფმხედველობა, რომლის ფარგლებში მოღვაწე ხელოვანები თითქოს რეალობას არ წყდებიან, მაგრამ ამასთანავე სწამთ რაღაც მისტიკური, ამოუცნობი მოვლენების, რასაც ხშირ შემთხვევაში აკავშირებენ ზებუნებრივ ძალებთან, ღმერთთან ანუ ამოუცნობ მოვლენებს ენიჭება რაღაც ბუნებრიობის ეფექტი. ოღონდ ღმერთის ამგვარი რწმენა ამ მიმდინარეობაში არის ქრისტიანობის ფანატიზმზე დაფუძნებული. ამგვარ იდეოლოგიის გავლენის ქვეშ იმყოფებოდა(იმყოფება) სამხრეთ ამერიკული ლიტერატურა, რომლის წაიღში შექმნილი ნაწარმოებები ძალიან დიდი პოპულარობით სარგებლოს მსოფლიოში და რა თქმა უნდა, ბევრ მწერალზეც კი ჰქონდა გავლენა ამ მიმდინარეობას, მათ შორის ქართველ მწერლებზეც. ერთ-ერთი ასეთი მაგალითი გვაქვს გურამ დოჩანაშვილის ,,სამოსელი პირველი“, თუმცა ეს წიგნი ახლა უნდა გადავდოთ გვერდით, რადგან დღეს უნდა ვისაუბროთ ხულიო კორტასარის პატარა მოთხრობაზე - ,,მდევარი“.

პირველ რიგში, აუცილებელია ვახსენოთ თუ რა ტიპის სიუჟეტთან გვაქვს შეხება. ცხადია, მთელ ნაწარმოებში ადვილია შეიგრძნო მაგიური რეალიზმის მკვეთრი ნიშნები, რომელიც მკითხველს თითქოს წყვეტს და ამასთანავე არ წყვეტს რეალობას. მწერალი მოგვითხრობს ხელოვანის, ცნობილი ამერიკელი ჯაზ მუსიკოსის(ჯონი) ცხოვრების უკანასკნელი დღეების შესახებ. აუცილებელია აქ აღვნიშნოთ, რომ ავტორი გვესაუბრება ჯონის მეგობრისა და ამასთანავე კრიტიკოსის ენით(ამის მნიშვნელობაზე ქვემოთ ვისაუბრებთ), თითქოს ეს ადამიანი აღწერს ჯაზის გენიოსის ცხოვრებას, რომელიც თავიდან ბოლომდე ტრაგიზმია. პიროვნება, რომლის ნელ-ნელა ნაკუწებად იფლითება ნარკოტიკების ზემოქმედების შედეგად. ამას ემატება ის ფაქტი, რომ თითქოს ჯონი ვერ პოულობს თავის ადგილს ამ სამყაროში და მუდმივად ცდილობს გაექცეს რეალობას. ნარკოტიკები სწორედ ამის ერთადერთ საშუალებად მიაჩნია. თუმცა ერთადერთ საშუალებად არა. მისთვის კიდევ არსებობს ერთი გზა, რაც თავიდან ბოლომდე ავიწყებს საკუთარი თავის არსებობას, უქრება ის ეგზისტენციალისტური განცდა, რაც ფხიზელ მდგომარეობაში მუდამ თან დასდევს- ეს არის მუსიკა. სწორედ მწერლის ამ უკანასკნელისადმი უნიკალური დამოკიდებულება ამაღლებს ნაწარმოებს ერთი-ორად მკითხველის თვალში. თქვენ ნახავთ, რომ ჯონი მართლაც გენიოსია და მისი ამ გენიოსობის გამოვლენა მხოლოდ ჯაზ მუსიკის შესრულების დროს არის შესაძლებელი. აი რას წერს ვირტუოზი ამ ყველაფერზე: ,, როცა დაკვრა ვისწავლე, ვირძენი, რომ ლიფტში შევდივარ, ოღონდ, ასე ვთქვათ, დროის ლიფტში. დაკვრის მომენტში ჩემთვის არ არსებობს ტანისამოსი. ტანისამოსი მაშინ არსებობს, როცა მას ვიცვამ. იპოთეკები და ლოცვებიც მაშინღა იწყებდნენ არსებობას, როცა დაკვრას ვამთავრებდი და შემომდიოდა თმააბურძგნილი ბებრუხანა და იწყებდა წუწუნს- თითქოსდა თავი უსკდებოდა ამ ,,დაწყევლილი მუსიკით’’. ‘’

მუსიკა არის ჯონისთვის ყველაფრის დასაწყისი და დასასრული. მისი შესრულების დროს ის წყდება ყოველივე მატერიალურს და გადადის თავიდან ბოლომდე მეტაფიზიკაში, სადაც ძნელია გაიგო რა არის სინამდვილე და რა ილუზია. მუსიკის შესრულების დროს იცვლება დროის სვლაც, რასაც ადასტურებს მისივე სიტყვები: ,,ნეტავ შემეძლოს ისე ვცხოვრობდე, როგორც იმ წუთებში როგორც მუსიკაში ვცხოვრობ ხოლმე, როდესაც დრო აგრეთვე სულ სხვანაირად გადის. რეალობაში ის სხვანაირი დრო რომ გვაპოვნინა, მაშინ ადამიანები შევძლებდით ასობით წელი გვეცხოვრა, ათასჯერ იფრო დიდხანს, ვიდრე ახლა, ამ ეშმაკეულ საათს რომ შევცქერით...“ როგორც ყველა მუსიკის ვირტუოზისთვის, ასევე ჯონისთვისაც მუსიკა ზოგჯერ საშინელ სასჯელადად კი გარდაიქმენობდა, ამის ახსნა ცოტა ძნელია, თუმცა მარტივად რომ ვთქვათ, როდესაც მუსიკას არ ძალუძს სრული კმაყოფილების მონიჭება, იგი იქცევა განუწტვეტლივ აღმგზნებად საშუალებად, რომელსაც არ გააჩნია დაბოლოება და პირდაპირ დამანგრეველად მოქმედებს ადამიანის ფსიქოლოგიაზე. რაოდენ პარადოქსულადაც არ უნდა მოგვეჩვენოს, მუსიკა იყო ერთგვარი სალბუნიც და ამასთანავე უდიდესი ტკივილიც. ცოტა უხეში შედარება რომ გავაკეთოთ, გავიხსენოთ ლადო ასათიანის ერთ-ერთი ლექსი, რომელიც კარგად ხსნის ამ ფაქტორს(თუმცა მუსიკის მაგივრად მას ლექსის ცნება აქვს შემოტანილი):

,,როცა გულს გაჰკრავს ცივი ნიავი
რომ ლექსი შველის ყოველგვარ ტკივილს
და ლექსი თვითონ ტკივილი არის...

მე ზემოთ ვახსენე, რომ ჯონი მუდამ გაურბოდა რეალობას, თუმცა თავად ავტორს კი სხვაგვარი მოსაზრება გააჩნია ამ ყველაფერზე, რომელშიც რა თქმა უნდა, არის რაღაც კუთხით სიმართლეც. მწერალს მიაჩნია, რომ ჯონი ცხოვრებას არ გაურბოდა. ,,რაღაცის შესახვედრად სწრაფვა არ შეიძლება ნიშნავდეს გაქცევას, თუმცაღა ამ რაღაცასთან შეხვედრის ადგილი ყოველთვის იქით იწევა.“ თუ ამ მსჯელობას გავყვებით, ჯონს გააჩნდა რაღაც მიზანი, თუმცა ეს მიზანსწრაფვა რას გულისხმობდა, რის მიღწევას ლამობობდა, თვითონაც არ იცოდა. ჯონი განსაკუთებით იტანჯებოდა საკუთარი თავის შეუცნობლობის კომპლექსით, რომელიც თავის თავში გულისხმობდა საკუთარი ცხოვრების არსის შეუცნობლობას. ეს ყველაფერი, რა თქმა უნდა უფრო აძლიერებს მკითხველის თვალში ჯონის მიღმა არსებულ ტრაგიკულ პიროვნებას. თუმცა მიუხედავად ამ ყველაფრისა, ჯონი ამ პრობლემებს არ აძლევდა უფლებას ხელი შეეშალა მუსიკის შესრულებაში. ინსტრუმენტის ხელის მოკიდებისთანავე , ეს ინსტრუმენტი მაშინვე გადაიქცეოდა ჩვენი ვირტუოზის არსების ნაწილად, თითქოს 2 განსხვავებული საგნიდან( ჯონი და საკსაფონი) ერთი რაღაც იქმნებოდა. ,, ... როდესაც მე მას ხელში ვიღებ, განვიცდი და შევიგრძნობ, რომ ისიც არსებობს სამყაროში, თუკი შემიძლია ავიღო იგი და შევიგრძნო, მაშასადამე, სინამდვილეში აღარ შეიძლება ითქვას, რომ ეს არის- საგანი თავისთავად,- მეც თავისთავად...“ - იძახის ჯონი. სხვათაშორის, ცოტა თემას რომ გადავუხვიოთ, ლოგიკოსებსა და ფილოსოფოსებს დღესაც ვერ გადაუწყვეტიათ, ჩვენს გარეთ არსებული საგანი დამოუკიდებელ ფენომენად აღიქვან თუ უშუალოდ ადამიანის წარმოდგენის ნაყოფად. ანუ რაღაც A საგანი ჩვენს გარეთ ნამდვილად არსებობს თუ მხოლოდ და მხოლოდ ჩვენი ნაწილია. ეს ყველაფერი იმიტომ ვახსენე, რომ ჯონის ამგვარი წარმოდგენა არ არის მარტო მისტიკის სფერო...

ახლა რაც შეეხება ნაწარმოების ამბის მთხრობელს, ვგულისხმობ მთავარი მოქმედი პირის მეგობარსა და ამასთანავე კრიტიკოსს. როგორც ზემოთ ვახსენე, ის ძალიან საინტერესო პერსონაჟია, იმიტომ რომ მთელი მოთხრობის მანძილზე გამუდმებით იგრძნობა მათ შორის დაპირისპირება. დაპირისპირება არა პიროვნულად(რამე პირადი შუღლი, შური ან სხვა რამე), არამედ იდეურად. ჯაზმენი, რომელიც სულიერი ტანჯვის წამალს ეძებს ნარკოტიკებსა და მის შედეგად წარმოშობილ ჰალუცინაციებში(რა თქმა უნდა მუსიკაშიც) უპირისპირდება კრიტიკოსს, რომელიც არის ანალიტიკური აზროვნებისა და მკაცრი წესრიგის მომხრე. საუბარია შემოქმედსა(მუსიკის შემქმნელსა) და მსმენელის(მომხმარებლის) დაპირისპირებაზე. ბუნებრივია ამგვარი ცხოვრების წესის ორი ადამიანი ვერასდროს მიაღწევენ რამე შეთანხმებას. თქვენ ნახავთ, რომ ჩვენი ჯაზმენის ერთადერთი მიზანი არის ჯაზის საშუალებით წყვდიადის გაფანტვა და სინათლის დასადგურება. სწორედ ამიტომ, მართებული იქნება დავეთანხმოთ მწერალს, როდესაც იძახის, რომ ,,ჯონი სრულიადაც არ არის მსხვერპლი და კი არ დევნიან, როგორც ყველა ვარაუდობს, ჯონის კი არ ჰყოლია ბედი მდევარი, არამედ თვითონვე ქცეულა მდევრად, რომ ყველა მისი ცხოვრებისეული წარუმატებლობა მონადირის ხელმოცარულობაა და არა დევნისგან გამწარებული მხეცის ნახტომი.“ ეს იმის მანიშნებელია, რომ ბედმა კი არ დაიმორჩილა ჯონი, არამედ ჯონმა საკუთარი ნებით შექმნა თავისი ბედი.


საინტერესოა ნაწარმოების ფინალიც. ბუნებრივია ჯონისმიერი ადამიანის სიცოცხლის გაგრძელება არ შეიძლებოდა, რადგან ეს მისი ტანჯვის გაგრძელება იქნებოდა. მან ვერ იპოვა თავისი ადგილი ადამიანთა სამყაროში, თუმცა მკითხველს თუ ჰგონია, რომ ეს ყველაფერი სუიციდით მთავრდება ძალიან ცდებით. დასასრული ძალიან მარტივი და დამამშვიდებელია. ამ ყველაფერს ჯობია თვითონ გაეცნოთ და ეზიაროთ მაგიური რეალიზმისა და ჯაზ მუსიკის ჰარმონიულ ნაზავს.




ავტორი: გიორგი წერეთელი

11 January, 2015

კენ კიზი - გუგულის ბუდეზე სხვა გადაფრინდა (მიმოხილვა)


თუ თქვენ გაინტერესებთ ამერიკული ლიტერატურის ჭეშმარიტი ღირებულება და ის შარმი, რომელიც მილიონობით ადამიანს იზიდავს მისი წიაღისკენ, მაშინ წარმოუდგენელია ამ ყველაფრის შეცნობა 40-70იანი წლების სოციალურ-ინტელექტუალური მოძრაობის, ბიტნიკების თაობის ნაშრომების წაკითხვის გარეშე. მათი დავიწყება იგივეა, რომ ევროპულ კლასიკურ მწერლობას წაართვა რეალიზმის ეპოქაში შექმნილი ნაწარმოებები. თუ დავაკვირდებით ამ ერის ლიტერატურას, დავინახავთ, რომ ამერიკული ,,თავისუფლება“ უნიკალური ცნებაა, რომელიც თავის თავში საკმაოდ განსხვავებულ კრიტერიუმებს მოიცავს. თავისუფლების ,,ამერიკული“ ვერსიის განვითარებას საფუძველი ჩაეყარა იმ მომენტიდან, როდესაც მათ დაიწყეს ბრძოლა კოლონიზატორების წინააღმდეგ და მისი პიკი იყო სწორედ ბიტნიკების( მათთან ერთად ჰიპების) თაობა, რომლებსაც სურდათ ყოველგვარი საზოგადოებრივი ნორმების წინააღმდეგ გალაშქრება, თუნდაც ამის გამო სულ ველურ პირობებში ეცხოვრათ. მათთვის უპირველესი მიზანი იყო ჯერ სულიერი თავისუფლების მოპოვება, რომელსაც საბოლოო ჯამში ფიზიკური თავისუფლება მოჰყვებოდა. ამ ოპტიმისტურმა სულისკვეთებამ ასახვა ჰპოვა ლიტერატურაშიც, რაც საბოლოო ჯამში ამერიკული კლასიკური ლიტერატურის დოგმად იქცა. ეს უმნიშვნელოვანეს განმასხვავებელ ფაქტორად იქცა ევროპულ და ამერიკულ ლიტერატურას შორის. კერძოდ, თითქმის ყველა ამერიკული ლიტერატურას დასასრული აქვს ისეთი, რომელიც თავის თავში გულისხმობს სიცოცხლის გაგრძელებას, ან ამის სურვილს მაინც. ხშირ შემთხვევაში ამ ოპტიმისტურ დასასრულს საფუძვლად უდევს საკმაოდ ამაზრზენი(თუმცა ესე სუბიექტურია) მოვლენა, მაგრამ ამის მიუხედავად ამერიკული ნაწარმოები აუცილებლად ნიშნავს ისეთ დასასრულს, სადაც მოვლენები მთავრდება არა ვიღაცის სიკვდილით, არამედ სიცოცხლით. მაგალითად გავიხსენოთ ფოლკნერის ,,სული რომ ამომდიოდა“, სტეინბეკის ,მრისხანების მტევნების“ და ნებისმიერი სხვა ნაწარმოების ფინალი, რასაც ვერ ვიტყვით ევროპულ ლიტერატურაზე, რომელიც ხშირ შემთხვევაში მთავრდება პერსონაჟების სუიციდით( ,,ეშმაკნი“) ან ვიღაცის მკვლელობით(,,ჯადოსნური მთა“).

ზემოთ ხსენებულიდან, ლოგიკურია, ჩვენ საუბარი გვექნება ერთ-ერთ ,,თავისუფლების“ მოყვარე ამერიკელი მწერალის, კენ კიზის წიგნზე- ,,გუგულის ბუდეზე სხვა გადაფრინდა“. სანამ უშუალოდ დავიწყებდეთ ამ წიგნზე მსჯელობას, მინდა აღვნიშნო, რომ კენ კიზი მთელი გულით წინააღმდეგი იყო ამ ნაწარმოებზე ფილმის გადაღების, რადგან ფილმში გამოტოვებული იყო რამდენიმე ისეთი ადგილი, რომელიც მისი აზრით, დაუშვებელი იყო და როგორც თავად ავტორს, ასევე წიგნს უდიდეს შეურაცხყოფას აყენდებდა. ბუნებრივია, ამის გამო სასამართლოში სარჩელიც შეიტანა, მაგრამ ამის მიუხედავად, პროცესი წააგო. თუმცა, ერთი რამ ცხადია, ფილმში ნამდვილად არის გამოტოვებული ბევრი ადგილი, რომლის გამოტოვება მართლა არ შეიძლებოდა, რადგან ისეთი სიმბოლური მომენტები იყო, რაც ამერიკული ლიტერატურისთვის და სწორედ რომ ,,თავისუფლების“ იდეისთვის დამახასიათებელი იყო. ერთი მომენტი, რომელიც ნადმვილად მნიშვნელოვანი იყო, არის ერთი შეხედვით ძალიან სასაცილო, თუმცა ცოტა თუ დავუკვირდებით, მართლაც ყურადსაღები. საუბარია, მთავარი გმირის, მაკმერფის შორტის მსგავს ტრუსზე, რომელზეც გამოსახული იყო ვეშაპები. მოგეხსენებათ, საუბარი რომ იყოს ევროპულ ან აზიურ ლიტერატურაზე, ამ ვეშაპებს მაინცდამაინც დიდ ყურადღებას არ მივაპყრობდით, თუმცა ამერიკულ ლიტერატურაში ის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. გავიხსენოთ ლეგენდალური წიგნი ,,მობი დიკი“. მემგონი ამის შეხსენებაც საკმარისია, რათა გავიგოთ რისი თქმაც მინდა. მობი დიკი იყო და გახდა თავისუფლების, დაუმორჩილებლობის სიმბოლო და ვეშაპის გამოსახვა შორტებზე კი ნამდვილად სიმბოლური გადაწყვეტილება იყო მწერლის მხრიდან. ეს ნიუანსი კი ფილმში ნამდვილად არ ჩანს. რაც შეეხება მეორე მნიშვნელოვან მომენტზე, რომელიც ფილმიდან ,,ამოჭრილია“, ჩვენ მოგვიანებით ვისაუბრებთ. მანამე კი წიგნის სიუჟეტს გადავხედოთ.

                                                      მაკმერფი პაციენტებთან ერთად

ვისაც ფილმი მაინც გაქვთ ნანახი, გეცოდინებათ რომ მოვლენები ვითარდება ფსიქიატრიულ საავადმყოფოში(თუმცა წიგნში ამბის მთხრობელი არის ინდიელი, რომელიც ფილმში მეორე ხარისხოვანი პერსონაჟია). რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, მწერალს იქ არსებული პაციენტები გამოყვანილი ჰყავს არა როგორც სულით ავადმყოფები ან გიჟები, არამედ საზოგადოებისგან განსხვავებული და გარიყული სოციუმი. ფსიქიატრიულ კლინიკაში, მალევე აღმოაჩენთ, რომ ტოტალიტარიზმია, რომლის ,,ბელადიც“ არის მთავარი ექთანი. ადამიანი, რომელიც პირადი ცხოვრების წარუმატებლობის კომპლექსისგან იტანჯება, რის გამოც ბრაზს და ჯავს პაციენტებსა და მათ შორის, მომუშავე პერსონალზეც იყრის. ბუნებრივია, პაციენტები შეშინებულები და ,,დაპატარავებულები“ არიან. სწორედ ასეთ ვითარებში ასპარეზზე ჩნდება პროტაგონისტი მაკმერფი, რომელიც ადვილი მისახვედრია, ექთნის ანტიპოდად გვევლინება. მალევე აღმოაჩენთ, რომ მაკმერფის პიროვნება ძალიან განსხვავებულია, რომელმაც უბრალოდ არ იცის რა არის ტყვეობა, მორალური შეურაცყოფა და დამცირება, რადგან სულით ხორცამდე მსგავსი მოქმედებების წინააღმდეგ მებრძოლი ადამიანია. რაც ყველაზე აუცილებელია, მაკმერფი თავის სულისკვეთებას ავრცელებს ირგვლივაც, რაც ნიშნავს გარშემო მყოფი ადამიანთათვის იმედის მიცემას და თავმოყვარეობის გაჩენას. პაციენტებისთვის, რომლებიც გულიანადაც კი ვერ იცინიან, მაკმერფი მესიანური მისიით დატვირთული ადამიანია.

ბუნებრივია, საავადმყოფოში, სადაც უმრავლესობას წარმოადგენს მოწინააღმდეგე, რომელთა ხელშია მოვლენების მართვის სადავეები, ძალიან რთულია დადებითი განწყობისა და თავმოყვარეობით გამოწვეული ამბოხის პროპაგანდა. მაკმერფიმ იცოდა, რომ ნებისმიერი აგრესიული მოქმედება მასზე დამანგრეველად იმოქმედებდა, ამიტომ აირჩია ისეთი ბრძოლის მეთოდი, რომელიც ფიზიკურ ანგარიშსწორებას არ გულისხმობს, თუმცა ფსიქოლოგიურად დამანგრეველი იყო. ეს არის მოწინააღმდეგის(მთავარი ექთნის) მიმართ მშვიდი, გამანადგურებელი სარკაზმული დამოკიდებულება. მაკმერფის ამ ,,იარაღის საწყობი“ გახლდათ ის მხიარული განწყობისა და სიცილის შენარჩუნება, არა მარტო თავის თავში, არამედ გარშემო მყოფ პაციენტებს შორის, რომელიც აძლევდა ძალას ,,მტრისთვის დარტყმა მიეყენებინა“. მაკმერფი იმ ადამიანთა კატეგორიას მიეკუთვნება, რომლებიც ,,ცხოვრებას თამაშად აქცევენ, რათა მისი ოღრო-ჩოღროები ადვილად გადალახონ“.(ჯემალ ქარჩხაძე, ,,ქარავანი“). ამასვე ადასტურებს მისი სიტყვები: ..რა ემართებათ, რატომ ვერ იცინიან თამამად, კაცი მართლა მაგარი ვერასდროს გახდები, ნებისმიერი მოვლენის და საგნის სასაცილო მხარის დანახვაც თუ არ შეგიძლია.“ თქვენ ნახავთ, რომ მაკმერფი მართლა მონდომებით ცდილობდა ეს სასაცილო მხარე სხვებისთვისაც დაენახვებინა, რაც ძალიან დიდ ძალილისხმევას მოითხოვდა. ინდიელთან საუბრისას, რომელზეც ქვემოთ ვისაუბრებთ, ინდიელი პირველი ადამიანია, ვინაც მაკმერფის მიუხვდა ამ ყველაფერს, დაუფასა და უთხა, რომ მაკმერფიმ მასში გააღვიძა ის ,,უძველესი ინდიელის ბუნება“, რომელიც კარგა ხნის მივიწყებული იყო. ჩვენმა პროტაგონისტმა მოახერხა პაციენტთა პიროვნული ,,გაზრდა“, რამაც დათრგუნა მათი შინაგანი კომპლექსები და ისინი თავისუფალ ადამიანებად აქცია. მე მინდა ნაწარმოების სიუჟეტის განხილვისას კავშირი არ დავკარგოთ უშუალოდ ავტორის რეალობასთან, რომელიც ნამდვილად ეწეოდა მსგავსი თავისუფლების მოყვარული იდეების პროპაგანდას თანამედროვეებთან ერთად. სწორედ ამიტომ თავისუფლად შეგვიძლია ვთქვათ, რომ ამ ნაწარმოებში ერთგვარი ავტობიოგრაფიული ელემენტებიც ურევია, თან საკმაოდ ბევრი, რომლის ნახვაც ინტერნეტშიც შესაძლებელია, უბრალოდ ამაზე ლაპარაკი შორს წაგვიყვანს.


რაც შეეხება ჩვენი წიგნის მთხრობელსა და აგრეთვე მთავარ მოქმედ პირს, ინდიელს, მასსაც ძალიან საინტერესო მხატვრული სახე აქვს. ინდიელი, რომელიც თავს ყრუ-მუნჯად ასაღებს, სინამდვილეში ყველაზე მეტს ხედავს, ყველაზე მეტს გრძნობს და ყველაზე ბევრი ესმის. იგი უნიკალური ადამიანია და ადვილად შეგიძლიათ წიგნში შეამჩნიოთ, თუ როგორც ცდილობს თავისი ეთნიკურობის შენარჩუნებას გონებაში, არ მოსწყდეს თავის ფესვებს, რომელიც კი არ აკავებს და თავისუფლებას უზღუდავს, არამედ პირიქით, ხის პრინციპის მსგავსად, ეს ფესვებია მისი სიცოცხლისა და თავისუფლების საწყისი და საზრისი. შეიძლება წიგნში მისი სიზმარ-ცხადები, სადაც ინდიელი თავის წინაპრებს, მშობლებს ელაპარაკება, ცოტა მოსაწყენად მოგვეჩვენოს, თუმცა სინამდვილეში პირდაპირ მიგვანიშნებს ინდიელის მართლაც ბელადურ ბუნებაზე. მან კარგად იცოდა, რომ საავადმყოფოში იგი ფაქტობრივად მარტო იყო, საჭირო გახლდათ საკუთარ წარმოდგენაში სასურველი სამყაროს შექმნა, სადაც ის დაელაპარაკებოდა იმ ადამიანებს, რომელთან ყოფნის სურვილიც ჰქონდა და იქნებოდა ისე, როგორადაც ყოფნის მიზანი ამოძრავებდა. ეს უნიკალური უნარია. სწორედ ამ სულით რომანტიკოსობამ(თუ შეიძლება ასე ვუწოდოთ) და შინაგანი სამყაროს აგებამ ჩაუყარა საფუძველი მის გათავისუფლების ,,კამპანიას“, რომელიც გააგრძელა და დააგვირგვინა მაკმერფიმ. მსჯელობას თუ მივყვებით, სამართლიანი იქნება ვთქვათ, რომ მაკმერფისა და ინდიელს შორის გაჩნდა უკვე რაღაც კავშირი არაცნობიერის დონეზე, რომლის წყალობით ისინი ხვდებოდნენ ერთმანეთის გულისწადილს და რაც მთავარია იმ მინიმალურ ადამიანურ მონაცემებს, რაც სიცოცხლისთვის(რომელიც გულისხმობდა არა მარტო გულის ფეთქვას, არამედ აზროვნებას, გავიხსენოთ რენე დეკარტის სიტყვები: ,,ვაზროვნებ, მაშასადამე ვარსებობ“) აუცილებელი იყო. სწორედ ეს მოვლენა კარგად ხსნის იმ ფაქტს, რაც ინდიელმა საბოლოო ჯამში გააკეთა მაკმერფის მიმართ. მაკმერფი ვეღარ აზროვნებდა, მაშასადამე ვეღარ არსებობდა. შესაბამისად ასეთი მაკმერფი აღარ იყო მაკმერფი და მისი ,,არსებობა“ აღარ იყო ცხოვრება- ეს იყო საცოდაობა. საბოლოო ჯამში, ინდიელმა გადალახა ის უკანასკნელი ზღვარი, დაბრკოლება, რომელიც მისი გათავისუფლების პირობად და აგრეთვე მაკმერფის ანერძადაც კი შეიძლება ჩაითვალოს. საავადმყოფოში არსებული უცნაური გიგანტური მოწყობილობის(პულტის) აღება და თავისუფლების დამთრგუნავი შენობის კედლების დანგრევა. ინდიელმა ეს გააკეთა.

                                                  ინდიელი ,,პულტის" მოგლეჯის პროცესში

ამის შემდეგ ფილმში მთავრდება ამბის თხრობა, ხოლო წიგნში კი გრძელდება და სწორედ ეს არის მეორე ის მნიშვნელოვანი ადგილი, რომლის გამოტოვება არ შეიძლებოდა. ინდიელი მანქანას გააჩერებს და ჩაჯდომის შემდეგ მძღოლი ეკითხება თუ საით მიდის. ამაზე ის პასუხობს ძალიან საინტერესო პასუხს- ის მიდოდა ინდიელთა მიწებისკენ, სადაც თავისი ტომის ეგულებოდა. ეს ძალიან საინტერესო ნიუანსია. ანალოგიური დამთავრება აქვს სხვა ამერიკულ ნაწარმოებებს და თუ გავიხსენებთ, ,,ჰეკლბერ ფინის თავგადასავალს“. როდესაც ჰეკლბერს ეკითხებიან საით აპირებდა წასვლას, ის ანალოგიურ პასუხს აძლევს: ,,ინდიელთა მიწებისკენ“. ამერიკულ ლიტერატურაში ინდიელთა მიწები აუცილებლად გულისხმობდა თავისუფლების მიღწევისთვის უმნიშვნელოვანეს ადგილს, რაც ბუნებრივია. თუ შეერთებული შტატების ისტორიას გადავავლებთ თვალს, ადვილად შევამჩნევთ, რომ ინდიელები იყვნენ ადამიანები, რომლებიც საკუთარი თავისუფლების დაცვას შეეწირნენ და მათკენ მისწრაფება თავისუფლებისკენ სწრაფვას გაუიგივეს.


ავტორი: გიორგი წერეთელი


09 January, 2015

სოლ ბელოუ- ჰენდერსონი, წვიმების მეფე (მიმოხილვა)

მსოფლიო ლიტერატურის საგანძურის ფორმირებაში თითქმის ყველა კულტურულ ქვეყანას აქვს წვლილი შეტანილი და თითოეული სახელმწიფოს ხელოვანთა(უფრო ზუსტად მწერალთა)ერთობლიობა, რომელსაც უნიკალური წერის მანერა ახასიათებდა, თავისებურ ლიტერატურულ გარემოს ქმნიდა, სადაც გარდა იმისა, რომ ფესგვადგმული იყო იმ ეპოქისთვის დამახასიათებელი ძირითადი იდეები, ემატებოდა სხვა, კიდევ უფრო განსხვავებული იდეოლოგიები, რომლებიც სწორედ კონკრეტული სახელწმიფოს წარმომადგენლებმა(მწერლებმა) ხმამაღლა გააჟღერეს. მაგალითად, ფრანგული მოდერნისტული ლიტერატურისთვის დამახასიათებელი ეგზისტენციალისტური სულისკვეთება, მიუხედავად იმისა, რომ სხვა ქვეყნის ავტორებშიც გვხვდება, მაინც უნიკალურია და უფრო სხვა გრძნობებს იწვევს მკითხველში. ანალოგიურად შეგვიძლია ვთქვათ ამერიკულ ლიტერატურაზე, რომელიც კოლოსალურად განსხვავდება ევროპული კლასიკური ლიტერატურისგან. ამ განსხვავებაზე ჩვენ შემდეგ მიმოხილვაში ვისაუბრებთ, რომელშიც განვიხილავთ ძალიან საინტერესო და ყველასთვის ნაცნობ წიგნს, თუმცა მანამდე ვიტყვი, რომ ამერიკულმა ლიტერატურამ პიროვნული თავისუფლების იდეა ყველაზე კარგად გააშიშვლა და ცოცხლად, ემოციურად მიიტანა მკითხველამდე. ადვილი შესამჩნევია, რომ ამერიკული მწერლობა პირადპირ მიმართული იყო არა ადამიანთა ჯგუფზე, საზოგადოებაზე, როგორსაც ევროპული რეალიზმის დროს ვხვდებით, არამედ თვითონ უშუალოდ პიროვნებაზე, მის პრობლემებზე, საზოგადოებრივ გაუცხოებაზე და საკუთარი ,,მე“-ს შენარჩუნებაზე. სწორედ ამგვარმა ორიგინალურმა დაკვირვებებმა ამერიკული ლიტერატურა უმნიშვნელოვანესი გახადა მსოფლიო ლიტერატურის წიაღში. ჩვენ ყველა ამ თვისებას განვიხილავთ ამერიკელი მწერლის, ფოლკნერის შემდეგ ერთ-ერთ ყველაზე აღიარებული ავტორის, სოლ ბელოუს წიგნში- ,,ჰენდერსონი, წვიმების მეფე“.

პირველ რიგში, აუცილებლად მინდა აღვნიშნო მწერლის გენიალური გადაწყვეტილება, რომელიც გულისხმობდა ნაწარმოების პირველ პირში მოთხრობას. მოგეხსენებათ, პირველ პირში დაწერილ წიგნში არსებული ემოციები გაცილებით უფრო ,,ცხელი“ მიდის მკითხველამდე, ვიდრე თუნდაც მესამე პირში დაწერილი ნაწარმოების, რადგან ჩვენ გვიყვება ავტორი, თითქოს სწორედ მან გადაიტანა ის ყველაფერი, რაც მის პერსონაჟებს გადახდათ თავს. ამას ემატება ის ფაქტი, რომ წიგნში, გარდა იმისა, რომ საინტერესო ფილოსოფიურ აზრებს შეხვდებით, თქვენ აღმოაჩენთ, რომ ნაწარმოებს არ აკლია ემოციური ხაზიც, რომელიც იმ მასშტაბის აღფრთოვანებასა და გაოცებას იწვევს მკითხველში, რომ მესამე პირში გადმოცემული ეს გრძნობა ნამდვილად ,,საცოდაობა“ იქნებოდა და დაკარგავდა იმ ეშხს, რაც გააჩნია. ალბათ ამ ყველაფრის შემდეგ მიხვდებით, რომ ამ ნაწარმოების კითხვისას გაცილებით ადვილია მთლიანად მის სამყაროში გადასვლა, იქ მოგზაურობა და პერსონაჟების დაკვირვება, ვიდრე ჩვეულებრივ ეს სხვა წიგნებში ხდება.

დავიწყებ სიუჟეტით, რომელიც ნამდვილად დააინტერესებს თავგადასავლის მოყვარულებს, თუმცა, რა თქმა უნდა, ის უფრო მეტია, ვიდრე უბრალოდ თავგადასავალი. ამერიკელი მულტიმილიონერი, ჯინ ჰენდერსონი, რომელსაც ცხოვრებაში არაფერი მატერიალური არ აკლია, სპონტანურად გადაწყვეტს აფრიკის შუაგულში გამგზავრებას. ბუნებრივია მკითხველს გაუჩნდება კითხვა ,,რატომ?“, თუმცა ამ კითხვაზე პირდაპირ ცალსახა პასუხის გაცემა ძნელია, სწორედ ამასვე ადასტურებს მთხრობელი და ამ ყველაფრის მიზეზი არის მისი ცხოვრების წესი და ბოლოსდაბოლოს მთლიანად წიგნში მოთხრობილი ამბავი. მე შევეცდები ნელ-ნელა, მცირედით მაინც ავხსნა ყველაზე საინტერესო რამ, თუ რამ განაპირობა მულტიმილიონერის აფრიკაში წასვლის გადაწყვეტილება, რა იყო მისი სულიერი პრობლემები და საბოლოო ჯამში სძლია თუ არა ამ განსაცდელს ჯინ ჰენდერსონმა.

საინტერესოა, რომ ნაწარმოების დასაწყისშივე ადვილი შესამჩნევია, რომ ჰენდერსონის დამოკიდებულება მისი ქონებისა და ზოგადად ფულისადმი არის ძალიან გულგრილი. პირველივე გვერდებში ის სვამს კითხვას თუ რა არის ფული? რა არის მისი ქონების მიზანი? რა არის ადამიანი? მიუხედავად იმისა, რომ ჰენდერსონისთვის არ წარმოადგენს არანაირ პრობლემას მატერიალური ნივთების ყიდვა, იგი სულიერად ცარიელია, ის ვერ უვლის ოჯახს, რისი დამადასტურებელია ის ფაქტი, რომ თავის დროზე მიატოვა პირველი ცოლი და მეორესთანაც ხშირ შემთხვევაში არ აქვს ურთიერთობა. ეს ყველაფერი მეტყველებს იმაზე, რომ ჰენდერსონის პრობლემების სათავე არის მის ადრეულ ცხოვრებაში. მისი სულიერი კრიზი არ იყო ერთბაშად დაწყებული, ეს იყო ძალიან გრძელი პროცესი, რომლის განმავლობაში გამუდმებით, თუმცა ნელა მიმდინარეობდა სულიერი ხრწნა. ჯინი აანალიზებს, რომ ამ პრობლემებამდე იგი მიიყვანა თავის ცხოვრების წესმა, რომელიც არ იყო ღირსეული ადამიანის ცხოვრების წესი. ეს იყო ტიპური მილიონერის, უზრუნველი არსებობის მქონე ადამიანის ყოფა, რომელიც პირველივე ცხოვრებისეული პრობლემა ვერ გადაჭრა, დაგროვდა და საერთო ჯამში ის გაანადგურა. საინტერესოა, ისიც, რომ ჰენდერსონის მთავარი საქმიანობაც, რომელსაც დიდ დროს უთმობს(თუმცა თვითონაც უკვირს რატომ) არის ერთ-ერთი ყველაზე ბინძური ცხოვრების მქონე ცხოველების- ღორების მოშენება, ისეთივე ბინძური ცხოვრების წესის, როგორიც თავად მათ პატრონს ჰქონდა. ეს ანალოგია ვფიქრობ ყურადსაღებია.

ჰენდერსონის ცხოვრებაში დაგროვებულმა პრობლემებმა საფუძველი ჩაუყარა ერთ-ერთ ყველაზე ძნელადმოგვარებად, პიროვნების გამანადგურებელ საშიშროებას- ეს არის ტიპური ადამიანური გაუცხოება. ის ვერ ეკონტაქტება ადამიანებს, არა იმიტომ, რომ მას საზოგადოების ეშინია ან ეზარება, ეს იმიტომ, რომ მას ჩამოუყალიბდა ,,ჰუმანოფობია“. ადამიანებთან კონტაქტი მას აღიზიანებდა და მუდამ ცდილობდა მათგან გაქცევას. აქ კიდევ მსუბუქ შემთხვევასთან გვექნებოდა საქმე, რომ ის საკუთარ თავთან მაინც განმარტოებულიყო, თუმცა მკითხველი ნახავს, რომ მას საკუთარი თავის უარყოფის მცდელობაც ჰქონდა, თუმცა მისდა საბედნიეროდ თუ სამწუხაროდ, მარცხი განიცადა. ჰენდერსონი აფრიკაში წასვლის გადაწყვეტილების მიღებამდე საშინელ მდგომარეობაში იყო, ის ვერ აჩერებდა საკუთარ შინაგან ხმას, რომელიც მუდამ იძახოდა : ,,მინდა, მინდა, მინდა“, თუმცა რა უნდოდა, ამას ვერანაირად ხვდებოდა. ვფიქრობ, ვერც იმას მიხვდა, რომ ეს ,,მინდა“ არ იყო მატერიალური სურვილი, ეს იყო სულიერი. ამისა გასაანალიზებლად ჰენდერსონს დასჭირდა ძალიან დიდი გზისა და ისეთი თავგადასავლების გავლა, რომლის წყალობით ჩვენ მივიღეთ სხვა ჰენდერსონი, სრულიად სხვა პიროვნება, რომელიც ბოლომდე დაეცა და შემდეგ ფერფლიდან აღსდგა. თუმცა კონკრეტულად ამ ყველაფრის შესახებ წიგნიდან გაიგებთ.

ზემოთ როგორც ვახსენე, ჰენდერონსი ძალიან ცუდ დღეში იყო. ის საბედნიეროდ მიხვდა, რომ სჭირდებოდა განმარტოება და ყოველდღიური რუტინიდან გაქცევა, დანიშნულების ადგილი კი უნდა ყოფილიყო არა მულტიეთნიკური და ცათამბჯენებით გადატვრითული ლანდშაფტი, არამედ თითქმის ველური ბუნებისა და ექსტრაორდინარული ხალხის მომცველი ადგილი. ასეთი კი აფრიკა იყო. ეს გადაწყვეტილებაც სიმბოლურია. აფრიკის მკაცრ კლიმატს, აუტანელ სიცხესა და რაც მთავარია იქ მოსალოდნელ მარცხს ბოლომდე უნდა გაენადგურებინა, დაეწვა ჰენდერსონი, რის შედეგადაც ახალდაბადებული დაიწყებდა ხელახლა განვითარებას, თუმცა ეს განვითარება იქნებოდა სწრაფი და მიზანმიმართული. ჰენდერსონს რა თქმა უნდა ვერ უშველიდა ამერიკიდან მოცილება, მას ნეგატიური განწყობა და ის უარყოფითი მუხტი აფრიკაშიც გაჰყვა გარკვეული ხნით. თუმცა აქ ერთი რამ არის გასათვალისწინებელი. აფრიკაში პირველ ადგილობრივ ტომთან გაჩერებისას მას პირველად გაუჩნდა სურვილი ადამიანთა დახმარებისა, ნუ ის ცალკე თემაა, რომ მას პირიქით გამოუვიდა(ამას კონკრეტულად ნახავთ), თუმცა აქ მნიშვნელოვანია, რომ მასში გაჩნდა ადამიანთა დახმარების სულიერი მოთხოვნა.

მკითხველი შენიშნავს, რომ ჰენდერსონი შეპყრობილია რაღაც აუტანელი არასრულფასოვნების კომპლექსით, რომელიც საკუთარი თავის მიმართ უნდობლობას იწვევს, მართალია არა ყოველთვის, თუმცა მაშინ როდესაც ეს ხდება, ის საკმაოდ ძლიერად მოქმედებს ჯინზე, აფიქრებინებს, რომ მისი ძალისხმევა, რომელიც აქამდე ცხოვრებაში დაუხარჯავს და ახლაც ხარჯავს, ბოროტებას ხმარდება და ერთგვარი ზიზღიც კი იპყრობს ერთი პერიოდი, ხვდება, რომ სერიოზულად არასწორი გზა ჰქონდა ცხოვრებაში არჩეული, მაგრამ აქაც თუ დავაკვირდებით, დავინახავთ რომ საკუთარი შეცდომების დანახვის უნარი უკვე სერიოზული პროგრესი გახლდათ. აქედან გამომდინარე შეგვიძლია ვიმსჯელოთ, რომ ჰენდერსონის ბუნებაში გაჩნდა საფუძველი, რომელზე დაყდრნობით შეიძლებოდა მულტიმლიონერის მორალური განვითარების გაგრძელება. თუმცა, ძალიან კარგად მოგეხსენებათ, რომ ზოგჯერ ადამიანებს ძალიან უჭირთ დიდი პრობლემებიდან და გასაჭირიდან მარტო ამოსვლა. საჭიროა სხვისი დახმარებაც. ეს ბუნებრივიცაა, რადგან ადამიანი ისეთი არსებაა, ვისაც მარტო ყოფნა დიდი ხნის განმავლობაში ფაქტობრივად არ შეუძლია. შესაბამისად მწერალმა შექმნა ახალი პერსონაჟი, ფილოსოფოსი და ამასთანავე ტრაგიკული პიროვნება, რომელიც უნდა ყოფილიყო ჰენდერსონის სულიერი კათარზისის გვირგვინი.(სწორედ მის სამფლობელოში შეიძინა ჰენდერსონმა ,,წვიმების მეფის სტატუსი“) მას უნდა გაეგრძელებინა ჰენდერსონის სულში დაწყებული მორალური რევოლუცია, რომელიც გულისხმობდა ჯინის გარდაქმნას ახალ ადამიანად, თავისუფალ ადამიანად, რომელიც გაივლიდა ყველა გამოცდას, რათა თვითრეალიზაციისა და სულიერი თავისუფლების საშუალება მისცემოდა. ჰენდერსონის ამგვარ მასწავლებლად მოგვევლინება აფრიკის ერთ ერთი ტომის მეფე. მე არ დავაკონკრეტებ მათი საუბრისა და საქმიანობის შინაარსს, ეს ჯობია თქვენთითონ წაიკითხოთ, მაგრამ მეფესთან თავს გადამხდარი ამბავი და საათების განმავლობაში მიმდინარე დიალოგი ჯინზე მაგიურად იმოქმედებს. ჰენდერსონი სულ სხვანაირად შეხედავს როგორც გავლილ ცხოვრებას, ასევე მის აწმყოსა და მომავალს. დაფიქრდება თემებზე, რომლებზეც ფიქრი აქამდე აზრადაც არ მოუვიდოდა და შეეცვლება დამოკიდებულება იმ ადამიანის(ადამიანების) მიმართ, ვინც უყვარდა და პატივს სცემდა.


სოლ ბელოუს ამ წიგნში მოთხრობილია ცხოვრების ის გასავლელი გზა, რომელიც უნდა გაიაროს ყველა.... არა, ყველა არა, მხოლოდ ის გზა, რომელიც რჩეულთა ხვედრია. გზა, რომლის გავლა ყველას არ ძალუძს და ვფიქრობ არც არის აუცილებელი. ეს არის უაღრესი ტკივილის, მწუხარებისა და ამასთანავე ახალ სულიერ საფეხურზე, ახალი სამყაროს შეცნობისა და სამყაროს განსხვავებული ხედვის უნიკალური გზა. თუ ადამიანი არ არის მომზადებული, თუ მას ქვეცნობიერის დონეზე მაინც არ აქვს ეს სურვილი, ის უბრალოდ ამ ,,ხიდს“ ვერ გადალახავს. ასე რომ კეთილი იყოს მობრძანება სოლ ბელოუს სამყაროში!



ავტორი: გიორგი წერეთელი

08 January, 2015

ნილ გეიმანისა და ტერი პრეტჩეტის კეთილი წინასწარმეტყველება


Good Omens: The Nice and Accurate Prophecies of Agnes Nutter, Witch


აგნეს ნათერის აპოკალიპტური წინასწარმეტყველება ახდენის პირასაა. აპოკალიფსის ოთხი მხედარი თავისი მისიის შესასრულებლად მზად არის. ადამიანური ცხოვრების შეთვისებასთან ერთად თითოეულმა მათგანმა ახალი პროფესიაც შეიძინა. ერთი კი (ეპიდემია/ავადმყოფობა) საერთოდაც, პენიცილინის გამოგონების შემდეგ დამსახურებულ პენსიაზე გავიდა და ახლა მისი ადგილი „გარემოს დაბინძურებამ“ დაიკავა.

ყველაფერი 1985 წელს დაიწყო. როცა ჯერ კიდევ ახლადგაპოპალულებული ტერი პრეტჩეტი ჯერ მხოლოდ ჟურნალისტ, ნილ გეიმანს თავისი პირველი სერიოზული ნამუშევრის „მაგიის ფერის“ შესახებ ინტერვიუს აძლევდა. მალევე გეიმენმა კალამს ხელი დიდი რუდუნებით მოჰკიდა და ორმა ინგლისელმაც ერთმანეთში ბევრი საერთო იპოვა. დაიბადა იდეა, დაიწყეს წერა, გაცვალეს ათობით ფლოპი-დისკი, დახარჯეს ასობით გირვანქა სატელეფონო საუბრებზე და ავად თუ კარგად, 1990 წელს გამოსცეს ნილ გეიმანის და ტერი პრეტჩეტის პირველი და ჯერჯერობით უკანასკნელი კოლაბორაციული ნამუშევარი ავისა და კარგის კოლაბორაციის შესახებ - „კარგი წინასწარმეტყველება. (ორიგ: Good Omens)


                 
რომანი მოგვითხრობს ისტორიას იმის შესახებ, თუ როგორ ცხოვრობენ დედამიწაზე აზირაფეილი და ქროული. პირველი - ედემის აღმოსავლეთ კარიბჭის მცველი, მეორე კი ადამის და ევას შემცდენელი გველი. უკვე კარგა ხანია რაც ადამიანურად ცხოვრობენ, აქვთ თავიანთი საქმე, საყვარელი ნივთები და ადგილები. ანგელოზები იმდენად შეეჩვივნენ დედამიწაზე ცხოვრებას, რომ აპოკალიფსის მოახლოებას ვეღარ ეგუებიან. ამ დროსვე იბადება მომავალი სატანა, ანტიქრისტე, რომელიც შემთხვევით სხვა ოჯახში აღმოჩნდება და იწყებს პროვინციულ ცხოვრებას ინგლისის ერთ-ერთ ქალაქში. მისი სახელიც შემთხვევით, ინგლისური ტრადიციების მიხედვით შეარჩიეს და დაარქვას ადამი. ადამ იანგი. ჩვეულებრივი, სხვებისგან არაფრით განსხვავებული ბავშვი, რომელმაც მომავალში სამყარო უნდა აღგვას პირისაგან მიწისა. მაგრამ ყველაფერი ისე არ ხდება, როგორც ეს „ზემოთ“ იყო დაგეგმილი. ადამიანური ცხოვრებით განებივრებული ადამი ერთიანად დედამიწაზე ხდება შეყვარებული და უჩნდება საშინელი სურვილი, დაიცვას ყოველივე, რაც უყვარს. აზირაფეილი და ქროული (მისი განუყრელი ბენტლით) კი, ყველაფერს აკეთებენ მის დასახმარებლად და აპოკალიფსის მხედრების შესაჩერებლად.
                               
სიუჟეტი ერთი შეხედვით ბანალურია, თუმცა ამ ბანალურობას საფრთხეს უქმნის ქროულის (რომლის სახელიც შემთხვევითი არ არის და ქმნის ალუზიას ცნობილ ოკულისტ ალისტერ ქროულიზე) და აზირაფეილის მეგობრობა, ადამ იანგის წინასწარმეტყველებისშეუსაბამო ქცევები და მრავალი სხვა. ამ ყველაფერს მსუყე დოზით აქვს დამატებული კლასიკური ინგლისური იუმორი, კლასიკურ ინგლისურ ფობიებთან ერთად. ის, რისი პაროდირებაც გეიმანმა და პრეტჩეტმა ამ რომანით სცადეს, გულის სიღრმეში არამარტო ინგლისელების, არამედ მთელი სამყაროს შიშიც არის, თუმცა ორმა შლიაპიანმა ჯადოქარმა შეძლო რომ არმაგედონის კლასიკური სიუჟეტი რადიკალურად შეეცვალათ და აპოკალიფსის მხედრების აღვირი ადამიანისთვის მიეწოდებინათ. - არც ადამი და ევა იყვნენ გათვალისწინებული ედემსგარე ცხოვრებისთვის, მაშინ იქნებ არის შანსი იმისა, რომ ადამიანთა შორის დაბადებულმა ანტიქრისტემაც გადაუხვიოს თავისი „მისიიდან“....
აბსურდულია. ნამდვილად აბსურდული მსჯელობაა. თუმცა მსგავსი აბსურდიზმის ლამაზ ფერებში წარმომსახველმა ავტორებმა შეძლეს და ცოტა მეტად დაგვაფიქრეს იმ საკითხებზე, რაც ერთი მხრივ წარმოუდგენელი, მეორე მხრივ კი უკვე დადგენილი და გარკვეულია.

"ამერიკელებისა და სხვა უცხოპლანეტელებისთვის კი, განვმარტავთ..."

ეს და სხვა მრავალი მსგავსი ფრაზა წარმოადგენს წიგნის უმთავრეს კეთილშობილებას. დიდებული იუმორი, უპირველესად, მიმართული ამერიკელებისადმი, თუმცა ამასთან მთელი ადამიანური მოდგმისადმი. პრეტჩეტი და გეიმანი დასცინიან ადამიანთა ქცევებს და სიტყვებს, მათ რწმენას და ურწმუნოებას.

                   
ეს არის კონტრასტების წიგნი. მისი ყდა შავ და თეთრ ფერებშია, მისი მთავარი გმირები ანგელოზი და დემონი არიან,
აქ არის აპოკალიფსი,
აქ არიან აპოკალიფსის მხედრები,
აქ არის სიკეთე და ბოროტება,
აქ არის ნილი და აქ არის ტერი,
- ფერადი ლიტერატურული ფანტაზიის შავთეთრი ჯადოქრები...


ავტორი: ირაკლი სულაძე


07 January, 2015

კაცი, რომელსაც რეი ბრედბერი დაავიწყდა


რეი ბრედბერი 2012 წელს გარდაიცვალა. ნილ გეიმანს კი თავისი მეგობრის სახელი დაავიწყდა, რომელიც ათი წლის წინ გარდაეცვალა. მას თავისი მეგობრის ყველა პუბლიკაცია ზეპირად ახსოვდა, თუმცა მისი სახელი ვერ გაიხსენა. გეიმანი ამ ფაქტმა შეაშფოთა და გადაწყვიტა დაეწერა რეი ბრედბერზე, რათა ის დავიწყებისგან ეხსნა, ისევე როგორც ბრედბერმა დაწერა ედგარ ალან პოზე. „კაცი, რომელსაც რეი ბრედბერი დაავიწყდა“, მონოლოგია, რომლითაც გეიმანმა პატივი მიაგო სამეცნიერო ფანტაზიის (და არა მარტო ამ ჟანრის) არქიტექტორს. მონოლოგში ბევრი მინიშნებაა ბრედბერის, პოსა და შექსპირის შემოქმედებაზე, თუმცა მათი განმარტებები ამ პოსტში არ დავწერე. ასე უფრო საინტერესოა. მე გამიმართლა, რადგან გეიმანის ამ სასიამოვნო, ერთგვარი ცნობიერების ნაკადით დაწერილი ბოდვის თარგმნის შემდეგ აღარ მეშინია, რომ ბრედბერი ოდესმე დამავიწყდება. 


კაცი, რომელსაც რეი ბრედბერი დაავიწყდა

რაღაცეები მავიწყდება. მეშინია. 

სიტყვებს ვკარგავ, თუმცა არა - აზრებს. იმედი მაქვს, რომ ასეა. აზრს თუ დავკარგავ, ვერც დანაკლისს გავიაზრებ. აზრებს თუ დავკარგავ, როგორღა მივხვდები? 

ეს სასაცილოა, რადგან ყოველთვის კარგი მეხსიერება მქონდა. ყველაფერი თავის ადგილზე იყო. ზოგჯერ ისეთი კარგი მეხსიერება მქონდა, რომ ჯერ კიდევ უსწავლელ რაღაცეებს ვიხსენებდი. ვიხსენებდი მომავლიდან... 

არა მგონია, რომ ამის ასახსენელად რამე სიტყვა არსებობდეს, ასე არაა? გაიხსენო მოვლენები, რომლებიც ჯერ არ მომხდარა. აღარ მაქვს ის გრძნობა, რომელიც მაშინ მეუფლება, როცა გონებაში სიტყვის ძებნას ვიწყებ, ის კი იქ აღარ მხვდება, თითქოს ღამით ვიღაც მოვიდა და წაიღო. 

ახალგაზრდობაში დიდ, საერთო სახლში ვცხოვრობდი. მაშინ სტუდენტი ვიყავი. სამზარეულოში ყველას საკუთარი თარო გვქონდა, ჩვენი სახელებით მონიშნული. საკუთარი თაროები გვქონდა მაცივარშიც, სადაც ვინახავდით კვერცხებს, ყველს, იოგურტს, რძეს. ყოველთვის ვცდილობდი, რომ მხოლოდ ჩემი წილი მეჭამა. სხვები არ იყვნენ ასეთი ..... სიტყვა დამეკარგა. ის, რომელიც ნიშნავს „ცდილობს დაემორჩილოს წესებს.“ სახლის სხვა მაცხოვრებლები არ იყვნენ ასეთი .... მაცივართან მივიდოდი, თუმცა კვერცხები აღარ მხვდებოდა. 

ვფიქრობ კოსმოსური ხომალდებით სავსე ცაზე, იმდენ კოსმოსურ ხომალდზე, რომ ღამის მკრთალი იისფერი ნათების ფონზე ისინი ვერცხლისფერი კალიების ჯგუფს ემსგავსებიან. 

საგნები ჩემი ოთახიდანაც ქრებოდა. ყელიანი ფეხსაცმლები. მახსოვს ჩემი ყელიანი ფეხსაცმლების წასვლა. უფრო სწორად „წაყვანა“, რადგან არასდროს გამომიჭერია ისინი წასვლის პროცესში. ყელიანი ფეხსაცმლები უბრალოდ არ „მიდიან.“ ისინი ვიღაცამ „წაიყვანა.“ ისევე, როგორც ჩემი დიდი ლექსიკონი. იგივე სახლი, იგივე დრო. ჩემს პატარა თაროს ვესტუმრე ჩემს თავთან ახლოს (ყველაფერი საწოლის გვერდით მქონდა - თუმცა ჩემი ოთახი იმაზე დიდი არ იყო, ვიდრე კარადა საწოლით შიგნით). თაროსთან მივედი და ლექსიკონი აღარ დამხვდა - მხოლოდ ლექსიკონის ზომის სიცარიელე, რომელიც მაჩვენებდა სად აღარ იყო ჩემი ლექსიკონი. 

ყველა სიტყვა და წიგნი წავიდა. მომდევნო თვეებში მათ წაიღეს ჩემი რადიო, საპარსი ქაფი, ბლოკნოტი და ფანქრების ყუთი. და ჩემი იოგურტიც. და, შუქის წასვლის დროს აღმოვაჩინე, რომ ჩემი სანთლებიც. 

ახლა კი ვფიქრობ ბიჭზე, ტენისის ახალი ფეხსაცმელებით, რომელსაც ჰგონია, რომ სამუდამოდ ირბენს. მშრალ ქალაქზე, სადაც გამუდმებით წვიმდა. უდაბნოს გზაზე, სადაც კეთილი ხალხი მირაჟებს ხედავს. ფილმის პროდიუსერ დინოზავრზე. მირაჟი ყუბილაი ყაენის სიამოვნების გუმბათი იყო. 

არა... 

ზოგჯერ, როდესაც სიტყვები მიდიან, სხვა მხრიდან ვეპარები მათ და ვპოულობ. მაგალითად, მივდივარ და ვეძებ სიტყვას, ვთქვათ, პლანეტა მარსის მაცხოვრებლების აღმნიშვნელ სიტყვას, და ვხვდები, რომ ასეთი სიტყვა დამეკარგა. ასევე შეიძლება მივხვდე იმას, რომ დაკარგული სიტყვა რომელიმე წინადადებაში ან სათაურშია. __________ ქრონიკები. ჩემი საყვარელი ________. თუ ამანაც არ გაამართლა, წარმოვიდგენ შინაარსს. პატარა მწვანე კაცები, ან მაღლები, მუქკანიანები და თავაზიანები: ისინი იყვნენ მუქები და ოქროსთვალებიანები... და უცებ წინ ვხედავ სიტყვა მარსელებს, როგორც მეგობარს ან შეყვარებულს გრძელი დღის ბოლოს. 

როცა ჩემი რადიო წავიდა, მე სახლიდან წამოვედი. დამღლელი იყო იმ საგნების ნელი გაუჩინარება, რომლებიც ჩემი მეგონა - თითოეული ნივთის, თითოეული საგნის, თითოეული ობიექტის, თითოეული სიტყვის. 

12 წლის რომ ვიყავი, ერთმა მოხუცმა ამბავი მომიყვა, არასდროს დამვიწყებია. ერთ საბრალო კაცს ტყეში დაუღამდა და ლოცვების წიგნი თან არ ჰქონდა, საღამოს ლოცვები რომ წარმოეთქვა. მან თქვა: „ყოვლისმცონდე ღმერთო, ლოცვების წიგნი არ მაქვს და არც ერთი ლოცვა ზეპირად არ ვიცი. თუმცა შენ ყველა ლოცვა იცი. შენ ღმერთი ხარ. ასე რომ ვაპირებ, ჩამოვთვალო ანბანის ასოები, ხოლო სიტყვები შენ თვითონ შეადგინე.“ 

გონებიდან რაღაცეები მივარდება და ეს მაშინებს. იკარუს! ყველა სახელი არ დამვიწყებია. მახსოვს იკარუსი. მან მზესთან ახლოს იფრინა. ეს ამად ღირდა, ამბებში მაინც. ყოველთვის ღირს, რომ რაღაც სცადო, მაშინაც კი, თუ არაფერი გამოგივა, თუნდაც მეტეორივით მუდამ ქვემოთ ეშვებოდე. უმჯობესია სიბნელეში ანათო, სხვები შთააგონო, იცხოვრო, ვიდრე სიბნელეში იჯდე და წყევლო ხალხი, ვისაც მიეცი და აღარ დაგიბრუნეს საკუთარი სანთელი. 

ადამიანებიც დავკარგე, სხვათაშორის. 

უცნაურია, როცა ეს გემართება. რეალურად არც დამიკარგავს. არ ვგულისხმობ პატარა ბავშვის მიერ მშობლების დაკარგვას, როცა ბრბოში დედის ხელი გიჭირავს. როცა აიხედავ და მიხვდები, რომ ეს ხელის დედის არაა... შეიძლება მოგვიანებით მიხვდე. არ ვგულისხმობ შემთხვევას, როცა გიწევს მშობლების დასახასიათებლად საჭირო სიტყვების ძებნა, დასაფლავებაზე ან ხსოვნის საღამოზე, ან როცა მათ ფერფლს ფანტავ, ყვავილების ბაღში, ან ზღვაში. 

ზოგჯერ ვფიქრობ, რომ უმჯობესია ჩემი ფერფლი ბიბლიოთეკაში მიმოაბნიონ. მაგრამ მომდევნო დილას მოვლენ ბიბლიოთეკარები და ფერფლს ხალხის მოსვლამდე სამუდამოდ გააქრობენ.

მაინც მინდა, რომ ჩემი ფერფლი ბიბლიოთეკაში გაფანტონ, ან, შეიძლება, სადღესასწაულო ბაზრობაზე. 1930 წლის ბაზრობა, სადაც ზიხარ შავ... ზიხარ... შავ... 

სიტყვა დამეკარგა. კარუსელზე? ამერიკული გორაკებზე? იმას ვგულისხმობ, რომ ზიხარ და ახალგაზრდობა გიბრუნდება. ეშმაკის ბორბალი. დიახ. სხვა კარნავალიც არსებობს, ქალაქში რომ ბოროტება შემოაქვს. „ცერა თითების გატკაცუნებით...“ 

შექსპირი. 

მახსოვს შექსპირი, მისი სახელი, ვინ იყო და რა დაწერა. ახლა ის უსაფრთხოდაა. შეიძლება არსებობს ხალხი, ვისაც შექსპირი დაავიწყდა. მათ მოუწევდათ ესაუბრათ „კაცზე, რომელმაც დაწერა ყოფნა არყოფნა“, და არა ფილმზე, ჯეკ ბენის მონაწილეობით, რომლის ნამდვილი სახელი იყო ბენჯამინ კუბელსკი, რომელიც გაიზარდა უოკიგანში, ილინოისში, ჩიკაგოდან დაახლოებით ერთი საათის სავალზე. უოკიგანი, ილინოისი, მოგვინებით უკვდავყოფილი გრინთაუნის სახით ერთი ამერიკელი მწერლის მოთხრობებსა და წიგნების სერიებში. მწერლისა, რომელმაც დატოვა უოკიგანი და საცხოვრებლად გადავიდა ლოს ანჯელესში. რა თქმა უნდა, იმ კაცს ვგულისხმობ, რომელზეც ახლა ვფიქრობ. მას ჩემს გონებაში ვხედავ, როცა თვალებს ვხუჭავ. 

მის ფოტოებს მისივე წიგნების უკანა ყდაზე ვათვალიერებდი ხოლმე. კეთილი და ჭკვიანური გამომეტყველება ჰქონდა. 

მან პოზე დაწერა, რათა პო დავიწყებისგან ეხსნა. დაწერა მომავალზე, სადაც წიგნებს წვავენ და ასე ივიწყებენ მათ. ერთ მოთხრობაში კი მარსზე ვართ, თუმცა შეიძლება ვიყოთ უოკიგანში ან ლოს ანჯელესში იმ კრიტიკოსების მსგავსად, რომლებიც მის წიგნებს დაივიწყებენ და მიატოვებენ, ან სიტყვებს ამოიღებენ, ყველა სიტყვას, ან გაანადგურებენ ლექსიკონებს, და სიტყვებით სავსე რადიოებს. ან იმათ მსგავსად, სახლში რომ შედიან და ყველას კლავენ, სათითაოდ: ორანგუტანგით, მთხრებლით და ქანქარით, ღმერთის გულისთვის, მონტრესორ... 

პო. ვიცი პო. და მონტრესორი. და ბენჯამინ კუბელსკი და მისი ცოლი, სეიდი მარკსი, რომელსაც კავშირი ჰქონდა ძმებ მარქსებთან და ცნობილი იყო როგორც მერი ლივინგსტონი. ყველა ეს სახელი ჩემს გონებაშია. 

12 წლის ვიყავი. 

წაკითხული მქონდა წიგნები, ნანახი მქონდა ფილმები, და ქაღალდის აალების მომენტი იყო ის მომენტი, როცა მივხვდი, რომ ეს უნდა დამემახსოვრებინა. ხალხს უნდა ახსოვდეს წიგნები, რადგან ვინმემ შეიძლება ისინი დაწვას. ჩვენ მათ ჩვენი მეხსიერება უნდა მივუძღვნათ. ჩვენ წიგნებად ვიქცევით. ჩვენ გავხდებით ავტორები. ჩვენ გავხდებით მათი წიგნები. 

ბოდიში. რაღაც კვლავ დამეკარგა. ისე დამემართა, ჩიხისკენ მიმავალ გზაზე რო დაიკარგები და მარტო და დაბნეული რომ აღმოჩნდები ტყეში, აქ ვარ და აღარ ვიცი სად არის ეს აქ. 

შექსპირი უნდა ისწავლო და მომაგონდები, როგორც ტიტუს ანდრონიკუსი. ან შენ, ჩემო მეგობარო, შეგიძლია ისწავლო აგატა კრისტის მოთხრობა, და შენ იქნები მკვლელი აღმოსავლეთის ექსპრესში. ჯონ ვილმოტის, როჩესტერის თავადის ლექსების სწავლაც შეიძლება. შენ კი, ვინც ამას კითხულობ, შეგიძლია ისწავლო დიკენსი, და როცა დამაინტერესებს თუ რა მოუვიდა ბერნაბი რუჯს, მე მოვალ შენთან. შენ ყველაფერს მეტყვი. 

და იარსებებენ ადამიანები, რომლებიც დაწვავენ სიტყვებს; ადამიანები, რომლებიც თაროებიდან ჩამოიღებენ წიგნებს; მეხანძრეები და უცოდინრები; ადამიანები, რომლებსაც ეშინიათ ამბების, სიტყვების, ოცნებების და ჰელოუინის; ადამიანები, რომელთა სხეულები ილუსტრირებულია სხვადასხვა ამბის ამსახველი ტატუებით. ბიჭებო! შეგიძლიათ თქვენს სარდაფებში სოკოები გაზარდოთ! და თუ კი იარსებებს შენი სიტყვები, რომლებიც იქცევიან ადამიანებად, დღეებად და ჩემს ცხოვრებად, მაშინ შენ გიცხოვრია, შენს არსებობას მნიშვნელობა ჰქონია და შენ შეგიცვლია სამყარო. მე კი შენ სახელს ვერ ვიხსენებ. 

მე ვისწავლე შენი წიგნები. დავწვი ისინი ჩემს გონებაში. ვაი თუ ქალაქში მეხანძრეები მოვიდნენ. 

მაგრამ შენი არსებობა მალე ავიწყდებათ. მე ველოდები როდის დამიბრუნდება. ისევე ველოდები, როგორც ჩემს ლექსიკონს, ჩემს რადიოს, ჩემს დაკარგულ მაღალყელიან ფეხსაცმლებს, თუმცა უიმედოდ. 

ახლა მხოლოდ ცარიელი ადგილი დამრჩა გონებაში, სადაც ადრე შენ არსებობდი. თუმცა ამაშიც აღარ ვარ დარწმუნებული. 

ჩემს მეგობარს ველაპარაკებოდი. და შევეკითხე: „გეცნობა ეს ამბები?“ და ვუთხარი მას ყველა სიტყვა, რომლებიც მახსოვდა ბავშვიან სახლში მიმავალ ურჩხულებზე; ელვისებურ გამყიდველებზე და ბოროტ კარნავალზე, რომელიც მათ მოაწყვეს ქალაქში; მარსელებზე, მათ დაცემულ მინის ქალაქებზე და სრულყოფილ არხებზე. მეგობარს ეს ყველაფერი ვუამბე და მან მითხრა, რომ არაფერი იცოდა, რომ ისინი არ არსებობდნენ. 

ამან დამამწუხრა. 

ვწუხდი იმაზე, რომ მათ ცოცხლად ვინახავდი იმ ხალხის მსგავსად, რომლებიც ამბის დასასრულში თოვლში არიან გაჭედილნი, წინ და უკან დადიან, იმახსოვრებენ და იმეორებენ ამბის სიტყვებს და ასე აცოცხლებენ მათ. 

ვფიქრობ, რომ ყველაფერი ღმერთის ბრალია. 

იმას ვგულისხმობ, რომ ღმერთს შეიძლება ყველაფერი არ ახსოვდეს, მას უბრალოდ არ შეუძლია. ის გადატვირთულია. ამის გამო შეიძლება ის რაღაცეებს გადასცემს ადამიანებს. მაგალითად „მინდა, რომ შენ დაიმახსოვრო ასწლიანი ომის თარიღები. და შენ - ოკაპი. შენ - ჯეკ ბენი, რომელიც იყო ბენჯამინ კუბელსკი უოკიგანიდან, ილინოისიდან.“ და როცა შენ დაგავიწყდება ის, რისი დამახსოვრებაც ღმერთმა დაგავალა, ბუმ! აღარ არის ოკაპი. არსებობს მხოლოდ ოკაპის ფორმის სიცარიელე სამყაროში, ანტილოპასა და ჟირაფს შორის. აღარ არსებობს ჯეკ ბანი. აღარ არსებობს უოკიგანი. არსებობს მხოლოდ სიცარიელე გონებაში, სადაც ადრე არსებობდნენ ადამიანები ან აზრები. 

არ ვიცი. 

არ ვიცი სად ვეძებო. ავტორიც ისევე დამავიწყდა, როგორც ერთ დროს ლექსიკონი დავკარგე? თუ უარესი: იქნებ ღმერთმა ეს პატარა დავალება მომცა და ესეც ვერ შევასრულე? და მას შემდეგ რაც ის დამავიწყდა, ის გაქრა თაროებიდან, საძიებელი წიგნებიდანაც და არსებობს მხოლოდ სიზმრებში... 

ჩემი სიზმრები. არ ვიცი შენი სიზმრები. იქნებ არ გესიზმრება ველდტი - შპალიერი, რომელმაც ორი ბავშვი შეჭამა. შეიძლება არ იცი, რომ „მარსი სამოთხეა“, სადაც ჩვენი საყვარელი გარდაცვლილი ადამიანები გველოდებიან, შემდეგ კი სიბნელეში გაგვანადგურებენ. შენ არ გესიზმრება ადამიანი, რომელიც მხოლოდ იმის გამო დააპატიმრეს, რომ ფეხით მოსიარულე იყო. 

მე ესენი მესიზმრება. 

თუ კი ის არსებობდა, მაშინ უკვე დამვიწყებია. დამავიწყდა მისი სახელი. მისი წიგნების სათაურები დამავიწყდა, სათითაოდ. დამავიწყდა მოთხრობები. 

მეშინია, რომ ვგიჟდები, რადგან მგონია, რომ შეუძლებელია ასაკი მომემატოს. თუ კი ამ მარტივ დავალებაში ჩავიჭერი, მაშინ გთხოვ ღმერთო, მხოლოდ იმას გთხოვ, რომ ეს ამბები სამყაროს დაუბრუნო. რადგან თუ ეს გაამართლებს, მათ ემსახსოვრებათ ის. ყველას ემახსოვრება. მისი სახელი კვლავ გახდება ამერიკის პატარა ქალაქების სინონიმი ჰელოუინის დროს, როცა ფოთლები შეშინებული ჩიტებივით დაფრინავენ ტროტუარებზე. ან მის სახელზე გაახსენდებათ მარსი, ან სიყვარული. ჩემ სახელს კი დაივიწყებენ. მზად ვარ ასეთი საფასურის გადახდისთვის, თუ კი ჩემს გონებაში არსებული ცარიელი წიგნის თაროები შეივსება, სანამ მე წავალ. 

ღმერთო, ისმინე ჩემი ლოცვა. 

ა... ბ... გ... დ... ე... ვ... ზ...


ავტორი: ნილ გეიმანი, 
2012

მთარგმნელი: გიორგი ნაკაშიძე

05 January, 2015

ჯემალ ქარჩხაძე - მდგმური


"გამახსენდა, რომ იმ დღეს დედოფალ ნეფერტიტის სურათზე მტვერი არ გადამიწმენდია."

ნეფერტიტის სურათი და მდგმური ერთად ცხოვრობენ. მათ შორის არსებობს რაღაც უცნაური კავშირი. ეს არც დედოფლის და ქვეშევრდომს შორის არსებული საფეხურობრივი კდემაა და არც ხელოვნების ნიმუშისადმი მისი დამფასებლის მორიდებული ტრფობა. ნეფერტიტის სურათი მისი პატრონისთვის დროთა განმავლობაში ხატად იქცა. იმ ხატად, რომლისაც ეშინია და რომლის წინაშეც სირცხვილით იწვის.


მიუხედავად იმისა, რომ გარემოებათა გამო მდგმურს არაერთხელ შესთავაზეს ნეფერტიტის სურათის გაყიდვა, ხშირად თვითონაც გულმა გაუწია სურნელოვანი თანაბარი ზომის რბილი ქაღალდებისკენ, მაინც არა და არ შედგა მათი გაყრა. არადა როგორ სჭირდებოდა ფული. ახალკურსდამთვრებული ინჟინერი, რომელიც კაპიკს კაპიკზე ადებდა და ფულს მანქანის საყიდლად აგროვებდა... დღე არ გავიდოდა, თავისი ავლა-დიდებისთვის ერთხელ მაინც არ გადაეხედა. საქმისთვის ხალისი რომ მიეცა, რეკორდიც კი დააწესა:  "თუ რომელიმე თვეში ცოტა მეტს დავზოგავდი, ეს თვე სარეკორდოდ გამოცხადდებოდა და მერე მომდევნო თვეებს საშუალება ექნებოდათ ებრძოლათ ამ რეკორდის მოსახსნელად."




მდგმურის ერთი შეხედვით უწყინარი ფინანსური ოპერაციები მანამ გაგრძელდა, სანამ ქუჩაში შემთხვევით ნანახმა მაკამ და ოთახში მტვერგადაუწმენდავმა ნეფერტიტმა უფრო მეტზე არ დააფიქრეს, ვიდრე მანქანისთვის ფულის გროვება იყო. მალე ისევე მარტივად მიანება თავი ფულის შეგროვებას, როგორადაც ერთ დროს მოწევას. მოწევას, რომელიც შემდგომში ირინემ განაახლებინა. ირინე, მაკა, ბებია მარიამი, ფართლეულით მოვაჭრე და სხვანი. ყველანი ერთად მდგმურის ირგვლივ ერთიანდებიან. მდგმური კი, უბრალოდ ქალაქელი ბიჭია, რომელიც ჯერ ერთ, შემდგომ კი მეორე ბინაში სახლობს. იმდენად კარგად არის შერჩეული მისი "წოდება", რომ საჭიროც კი არ არის მდგმურის ნამდვილი სახელის ცოდნა. ის ისეთივე ჩვეულებრივი მდგმურია, როგორც სხვა ყველა დანარჩენი. უთვისტომო და მარტოსული.


ტექნიკურად, ნაწარმოები იდეალურადაა შედგენილი. ერთიანად გიპყრობს ის შავ-თეთრი გარემო, რომელშიც მდგმური ცხოვრობს. გინდება შენც მასთან ერთად ჩაირბინო ქვაფენილიან დაღმართზე, დაელოდო გოგონას, რომელსაც ოქროსფერი თმები ყოჩივარდების თაიგულივით შეუკრავს, შემდგომ კი დიეტურ სასადილოში ისადილო. 


"მდგმური" გვიყვება ჩვეულებრივ ადამიანებზე. ადამიანებზე, რომელთაც სიყვარული აკლიათ და ამ სიცარიელის შესავსებად სხვა ადამიანებს ეკედლებიან. ხდებიან მათი მდგმურები. თუმცა, ქარჩხაძე არ ილაშქრებს ადამიანური სისუსტეების წინააღმდეგ. პირიქით, ეგუება მათ. ადამიანური ყოფის განუყოფელ ნაწილად მიიჩნევს და გამოსააშკარავებლად მდგმურს იშველიებს.


"- ქრისტე იუდამ გაყიდა. - მშვიდი ღიმილით ვუთხარი მე.
  - კაი ფასი შეეძლიათ, არც დანარჩენები დაიხევდნენ უკან."




ავტორი: ირაკლი სულაძე