დენ სიმონსის ჰიპერფანტასტიკური ილიადა

სამეცნიერო ფანტასტიკის ჟანრის განვითარებამ დიდი ოთხეულის და მათი თანამედროვე კლასიკოსების შემდეგ მცირედით შეიცვალა კალაპოტი და მეოცე საუკუნის 80-იანი წლებიდან სულ მთლად ახალ საფეხურზე აინაცვლა.

ნილ გეიმანის Marvel 1602

2001 წელს ნილ გეიმანმა, გრაფიკულის ნოველების აწ უკვე აღიარებულმა მწერალმა და The Sandman-ის შექმნელმა, გადაწყვიტა Marvel-თან ეთანამშრომლა და ბედი მეინსტრიმულ კომიქსში მოესინჯა (უფრო სწორად, თავად Marvel-ისგან მიიღო შემოთავაზება).

არტ შპიგელმანის ომგამოვლილი თაგვი

„როდესაც რამდენიმე დღით ერთ ოთახში ჩაგკეტავენ მშივრებს, იქ სიტყვა "მეგობარი" აღარ არსებობს.“

„უფრო მეტი, ვიდრე ადამიანი“: თეოდორ სტარჯენის ევოლოციური თეორია

„ჩვენ გვჭირდება არა ფიზიკური, არამედ - ფსიქიკური ევოლუცია“.

Showing posts with label ფილიპ დიკი. Show all posts
Showing posts with label ფილიპ დიკი. Show all posts

08 February, 2016

- რა არის უბიკი?



   

სათაური: უბიკი
ავტორი: ფილიპ კ. დიკი
პირველი გამოცემის წელი: 1969
შეფასება Goodreads-ზე: 4.1/5


"...მეგობრებო, წარმოუდგენლად დაბალ ფასად გთავაზობთ ჩვენს ჩუმ, ელექტრულ უბიკებს. მაგრამ გახსოვდეთ: თითოეული უბიკის გამოყენება დაშვებულია მხოლოდ მკაცრად განსაზღვრული ინსტრუქციის მიხედვით..." 


უბიკი ფილიპ დიკის მიერ შექმნილი რეალობაა, რომელიც უდავოდ ავტორის ერთ-ერთ საუკეთესო ნამუშევრად ითვლება და რომლის მთავარი მოქმედებაც 1992 წელს, ჩრდილოეთ ამერიკის კონფედერაციაში მიმდინარეობს. წიგნის მთავარ გმირებს მისტერ გლენ რანსიტერის ასოციაციის თანამშრომლები წარმოადგენენ, რომლებიც ინერციალების სახელით არიან ცნობილი. ინერციალები ერთგვარი ზებუნებრივი შესაძლებლობის ადამიანებად ითვლებიან, თუმცა უბიკში ეს სულაც არ ითვლება ზებუნებრივად. სიუჟეტში მთავარი კვანძი იკვრება მაშინ, როდესაც ინერციალები მთვარეზე მომხდარი აფეთქების მსხვერპლი ხდებიან და ნელ-ნელა მათი ცხოვრების რეალობა დროსა და სივრცეში ირევა, კარგავს ბუნებრივი სვლის მიმართულებას და ეს ყოველივე ბოლომდე გაურკვეველი რჩება. (ანდა დიკისგან ეს რა გასაკვირია...)

მაგრამ, რა არის უბიკი?

"...უბიკი ხალხის რჩეული ლუდია, რომელიც მხოლოდ კლივლენდში მზადდება."

რანსიტერის ასოციაციის ხერხემალი მისი მთავარი გამომცდელი, ჯო ჩიპია, რომელიც თავის მხრივ, დიკის წიგნებისთვის დამახასიათებელი სიმშრალით და უბრალოებით ხასიათდება. მას არ ჰყავს მეგობარი ქალი, ნაკლებად ამოძრავებს კერძო ინტერესი, ვერ ახერხებს ფინანსური პრობლემების მოგვარებას და საკუთარი ბინის ფასიანი კარისთვის გადასახდელი ხუთ-ცენტიანიც არ აქვს, რის გამოც კარმა შეიძლება სასამართლოში უჩივოს. მოკლედ, ჩიპი ტიპური 'მთავარი გმირის' ტიპის პერსონაჟია, რომელმაც საბოლოოდ სამყარო უნდა გადაარჩინოს, თუმცა უბიკის სამყაროს გადარჩენა არ სჭირდება, რადგან უბიკი...

"...მარტივია გამოსაყენებლად, არ ეკვრის ზედაპირს და მის სისუფთავეს ბზინვარებას სძენს. უბიკი დაგიზოგავთ დროს და დაგავიწყებთ სამზარეულოს გაუთავებელ ხეხვას. უბიკი სრულებით უსაფრთხოა ინსტრუქციის მიხედვით გამოყენების შემთხვევაში. "



ჩრდილოეთ ამერიკის კონფედერაცია და პრინციპში მთელი მსოფლიოც, 1992 წელს უკვე ფასიან ტექნიკაზეა გადასული. ყველაფერს თავისი ფასი აქვს, - ყავის მოდუღება, კარის გაღება, შუაღამით მაცივრის სტუმრობა და შხაპის მიღება, შესაბამისად, 5, 10, 15, ან 40 ცენტი დაგიჯდებათ. გადაუხდელობის შემთხვევაში, თქვენ კრედიტუუნაროს სტატუსს იღებთ და ეს სტატუსი მთელი ცხოვრების განმავლობაში გაგყვებათ. სხვათა შორის, სწორედ ამ პრობლემის წინ დგას ჯო ჩიპიც მაშინ, როცა ის ასოციაციის ერთ-ერთი საუკეთესო მზვერავის, გ. გ. ეშვუდის 'ნანადირევს', ანტიტელეპათიური უნარის პატრონს, მოხდენილსა და კოხტას, შავგვრემან პატ კონლის გაიცნობს. პატის უნარი, ყველა სხვა ინერციალისგან განსხვავებულია იმ მხრივ, რომ მას შეუძლია გადაინაცვლოს წარსულის კონკრეტულ მომენტში და შეცვალოს მისი სვლა, მოახდინოს დროითი კონტინიუმის იმგვარი ცვლილება, რომ ამის შესახებ ვერავინ მიხვდეს. პატი კიდევ ერთი საინტერესო პერსონაჟია, რომელზე დაკვირვებაც ნამდვილად ღირს და რომელიც არც ერთ მომენტში არ მოგცემთ იმის უფლებას, რომ მის ირგვლივ რაიმე სახის ზუსტად განსაზღვრული შეხედულება ჩამოგიყალიბდეთ.

დროდადრო (თუმცა ეს განსაზღვრებაც მთლად ზუსტი არ არის, რადგან 'დრო' უბიკის სამყაროში ერთ-ერთი ყველაზე ფეხქვეშ გათელილი კატეგორიაა) პატი ჯო ჩიპის ფინანსური გარანტი ხდება და მისი ფინანსური პრობლემებიც წარსულს ბარდება. არადა, ამის მიღწევა ჯოს სხვაგვარადაც შეეძლო, რადგან...

"...თუ ფინანსური პრობლემები გაწუხებთ, თქვენ უნდა ესტუმროთ უბიკის“ დაგროვებით-შემნახველ ბანკს. ის დაგეხმარებათ ვალებისგან გათავისუფლებაში..."




დიკი გვთავაზობს ფილოსოფიური დუალიზმის ახლებურ განსაზღვრებას. 90-იანებში ადამიანები უკვე იყენებენ მორატორიუმებს, სადაც შესაბამისი მომსახურების და გარდაცვლილის ცხედრის სამაცივრე სარკოფაგში მოთავსების შემდეგ, შესაძლებელი ხდება მისი ცერებრარული აქტივობის აღდგენა და ერთგვარი ნახევარ-სიცოცხლის შექმნა, რომლის პერიოდშიც მიცვალებულები ახლობლებთან კავშირზე გამოსვლის უნარს იძენენ. მორატორიუმი უზარმაზარ დერეფნებიანი ცივი შენობაა, რომელიც ერთი დიდი სარკოფაგია, სადაც ერთმანეთის გვერდით მოთავსებულ მკვდარ სხეულებს ეკრანზე გამოსახვის და მეტყველების უნარი აქვთ შერჩენილი. სხვათა შორის, მორატორიუმი ამ პერიოდში საკმაოდ მომგებიან საქმიანობად ითვლება და მისი მეპატრონე, ჰერბერტ შონჰაით ფონ ფოგელზანგიც საკმაო ფულს შოულობს. ამიტომ, მას არაფერში სჭირდება უბიკი.

ნახევრად-სიცოცხლე განსაკუთრებით საინტერესო და საშიში ხდება მაშინ, როცა ნაწარმოების შუაწელს შემდეგ, ჩვენ მას უკვე მეორე მხრიდანაც ვეცნობით. ანუ არა მორატორიუმის, სადაც ახლობლები თავიანთ მიცვალებულებთან კონტაქტს ამყარებენ, არამედ მეორე, მიცვალებულთა სამყაროს მხრიდან, სადაც თავის მხრივ, არავინ თვლის თავს მიცვალებულად და საბოლოოდ ჩნდება შეკითხვა - რომელი სიცოცხლეა რეალური? ის, სადაც უბიკი მხოლოდ ფანტაზიის ნაყოფია, თუ ის, სადაც უბიკს თვით ბუნებრივ ხრწნადობასა და სიბერის პროცესზეც კი აქვს ბატონობა.
"...ჩვენი სურვილი იყო, თქვენთვის მოგვეწოდებინა ჯერაც არნახული საპარსი.                  ვთქვით, რომ დროა, მამაკაცის სახეს მეტი მზრუნველობით მოვეპყრათ. ვთქვით, რომ უბიკის მექანიკური, შვეიცარიული ქრომის უცვეთი პირების დახმარებით, ნაკაწრები წარსულს ჩაბარდა. სცადეთ უბიკი და თქვენ შეიყვარებთ მას.ყურადღება: გამოიყენეთ ფრთხილად, მხოლოდ ინსტრუქციის შესაბამისად..."


გეთანხმებით, ყველაფერი გაუგებარია. თუმცა, ათი ამდენი რომ წერო, მაინც ძნელი იქნება იმის გადმოცემა, რასაც დიკი ამ წიგნით ყვება. უბიკი 17 თავს შეიცავს და სანამ ბოლომდე ჩახვალთ, თავი შეიძლება 17-ჯერ დაკარგოთ. 17-ჯერ დაალაგოთ სათქვენო სცენარი და 17-ჯერ გასცეთ პასუხი შეკითხვას - რა არის უბიკი?

საერთო ჯამში, ეს არის ამერიკელი ავტორის ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი ნაწარმოები, რომელზეც აშკარად ძალიან ბევრი აქვს ნაფიქრი. ეს არის დიდი გამოცანა და ლაბირინთი, რომლის ამოხსნაც მხოლოდ უბიკის დახმარებითაა შესაძლებელი. თქვენ წინ გელით დაუჯერებელი მოგზაურობა დროსა და სივრცეში, სულის გამყინავი და გულის ამაჩქარებელი ცვლილებები პერსონაჟებსა და მათ მისწრაფებებში. ეს იქნება დაუვიწყარი თავგადასავალი ვიკუნიას (ცხოველია ასეთი) ტყავის ტანსაცმლიდან პლატონის თეორიებამდე, ჯორჯ ვაშინგტონის გამოსახულებიანი იასამნისფერი მარკებიდან ფასიან მოლაპარაკე კარამდე. საბოლოოდ, თქვენ გაიგებთ, რა არის უბიკი, მაგრამ ეს შეკითხვა ბოლომდე შეკითხვად დარჩება, რადგან   "... უბიკის სახელი, რომელიც არავინ იცის, არასდროს ითქმის..."

და ეს მხოლოდ დასაწყისია.







ავტორი: ირაკლი სულაძე

10 May, 2015

Deutsche, hier steh' ich



შავ ფონზე გაკრულ სვასტიკაზე ამონათებული წითელი მზე იმ ალტერნატიული მომავლის (უფრო სწორედ წარსულის...) საუკეთესო წარმოსახვაა, რომელიც ერთ შერეკილ ამერიკელს წინა საუკუნის 50-იანების ბოლოს იდეად ჩაესახა. იდეა ამბად აქცია და 1962 წელს გამოსცა კიდეც ერთ-ერთი საუკეთესო მატყუარა ისტორიის სახელმძღვანელო. სახელმძღვანელო, რომლის მიხედვითაც მეორე მსოფლიო ომი 1947 წლამდე გაგრძელდა, ხოლო მოკავშირეებს არც მაშინ და აღარც შემდგომ, არასოდეს უმღერიათ День Победы. ფიურერის სიკვდილის შემდეგ დიდებულ რაიხს სათავეში ჰერ ბორმანი ჩაუდგა, მსოფლიოს გეოპოლიტიკური რუკა კი "ქერა-თმიანებმა" და "წვრილთვალიანებმა" სათავისოდ გაინაწილეს. ამ უკანასკნელთ ხელში იყო უძველესი აღმოსავლური ცოდნა, არიელები კი ტექნიკური მიღწევებით მარსზე შებიჯებას აპირებდნენ. მაგრამ, ერთ-ერთი კომიკოსის არ იყოს, გერმანელმა კოსმონავტებმა მარსიდან სიგნალი გადმოაგზავნეს, აქაც ებრაელები ყოფილან, ოღონდ უფრო დაბლები და ორთავიანებიო. შტატები ჯერაც ვერ გამოსულიყო დიდი დეპრესიის დროინდელი კრიზისიდან, ამერიკიდან ჩამოსული მუშა ხელი კი იაპონურ კორპორაციებში ღვრიდნენ ოფლს. 

თუმცა არსებობს კიდევ ერთი წიგნი, რომელიც ქალაქზე შესეული კალიის ამბავს აღწერს. წიგნი მკითხველში დიდი პოპულარობით სარგებლობს. ინტერესი არც მის ებრაელ ავტორს აკლია, რომელიც სადღაც მიყრუებულ მაღალ კოშკში ცხოვრობს. (რა თქმა უნდა, ამ შემთხვევაში ინტერესს სულ სხვა ხალხი იჩენს). კალიის ამბავი იმ ფსევდოალტერნატიულ ისტორიას მოგვითხრობს, რომელშიც "თურმე" ძლევამოსილი გერმანული არმია ბერლინში დამარცხდა და მსოფლიოს ომის შემდგომი ჰეგემონი სლავებთან ერთდ დიდი ბრიტანეთი გახდა. სლავებს კი რეალობაში მსოფლიო რუკის ყველაზე მტვრიან კუთხეში აქვთ ადგილი მიჩენილი. 

გამომცემლობა „წიგნები ბათუმში“

თავად პერსონაჟები რამდენიმე მიმართულებით არიან გაყოფილი. ნაწილი საიუველირო ბიზნესის აწყობას ცდილობს და ხელნაკეთი აქსესუარებს მაღაზიიდან მაღაზიაში დაატარებს, ზოგიც თავისი იაპონელი დამსაქმებლის მოხიბვლას ლამობს და ამერიკულ ტრადიციებზე მორგებული ტანჩამოსხმული აზიელებით საბოლოოდ თავადვე რჩება აღტაცებული. გმირების ნაწილი - მისტერ ტაგომი, ფრენკ და ჯულიანა ფრინკები თავიანთ ცხოვრების წარმართვას ძველ-აღმოსავლური სამისნო წიგნის დახმარებით ცდილობენ. წიგნი წიგნად, მაგრამ ამასობაში რეალობის აღქმა ეკარგებათ და მაღალ კოშკში მჯდარი უცნაური კაცის ნაწერსაც, მიუხედავად უდიდესი თავდაპირველი ინტერესისა, დასასრულის მოკლედ გაგების შემდეგ, მარტივად ხურავენ და მანქანის უკანა სავარძელზე აგდებენ.

სამისნო წიგნი არ არის ის ერთადერთი, რაზეც მიბმული არიან გმირები. რაზეც სიმწიფით დაბერილი ნაყოფის მსგავსად ოდნავღაა დაკიდებული მათი ცხოვრება, - ძირს დანარცხების წინ ძლივს რომ იკავებს თავს. აქ შეხვდებით ყველაფერს - დამონებულ პატრონებს და პატრონებად გამხდარ მონებს. ინდუსტრიული რევოლუციის ახალ ტალღას, სამეცნიერო პროგრესის მრავალფეროვნებას და თვით მომაკვდავ ჰიტლერს, შეშფოთებული თვალებით ნათქვამ მის უკანასკნელ სიტყვებს: Deutsche, hier steh' ich !
თუმცა ეს უკვე სხვა ისტორიაა...

წიგნის კითხვისას გეუფლება შეგრძნება, თითქოს მძიმე ჩექმნებით ღრმა ტალახს მიაპობ. აქა-იქღა ჩანს სინათლე. ყოველი კუთხე-კუნჭული ერთმანეთის მსგავსია, - დამპალი, გაჩანაგებული და უსიცოცხლო. ხედავ სიბნელით მოსილ მუქ ფერებიდან მომზირალ თვალებს, ამჩნევ მათ უსიცოცხლო მზერას, უემოციო სახეებს, ისმის გაბმული, გასარჩევი, მაგრამ ყოველად უაზრო ხმები. მიდიხარ გვერდიდან გვერდამდე, ვერ ხვდები რა გელის ბოლოს და საშინელი ტრაგიზმი გიპყრობს როდესაც ფინიშთან მისულს გხვდება სიცარიელე და გაურკვევლობა. ისეთივე გაურკვევლობა, როგორიც მანამდე. და რჩება მხოლოდ ერთი კითხვა. კითხვა, რომელიც ამბავს მაღალ კოშკში ჩაკეტილ კაცის შესახებ მუდმივად თან სდევს.

"ხომ არ იქნებოდა სამყარო უკეთესი - ადამიანების გარეშე?"




ავტორი: ირაკლი სულაძე


05 December, 2014

ადამიანი v. ანდროიდი: ფილიპ კ. დიკის დილემა



ფილიპ კ. დიკი XX საუკუნის მეცნიერული ფანტასტიკის ჟანრის გენიაა. საქართველში ნაკლებად ცნობილია (არ ვგულისხმობ საი-ფაის მოყვარულებს), თუმცა ალბათ ბევრს აქვს ნანახი ისეთი ფილმები, როგორციაა Blade Runner, Total Recall, A Scanner Darkly, Minority Report, Paycheck, Next, Screamers, The Adjustment Bureau და Impostor. ყველა მათგანის  სცენარი დიკის ნაწარმოებებზეა დაფუძნებული. აქ არ დავიწყებ დიკის მიღწევებისა და ჯილდოების ჩამოთვლას, უბრალოდ იმას ვიტყვი, რომ 2007 წელს დიკი გახდა პირველი საი-ფაის ჟანრის მწერალი, რომელიც შევიდა The Library of America series-ში. ამ პოსტში განვიხილავ, მხოლოდ მის ერთ ნაწამროებს, რომელიც ზემოთ ნახსენებ Blade Runner-ის სცენარს დაედო საფუძვლად.

შეიძლება ითქვას, რომ ფილიპ დიკის კარიერა, განსაკუთრებით კი „ოცნებობენ ანდროიდები ელექტრულ ცხვრებზე?“ (შემოკლებით DADOES?) მოქცეულია ორი მოვლენის ჩრდილქვეშ: პირველი, ეს არის მისი რელიგიური გამოცდილება და მეორე - 1983 წელს რიდლი სკოტის ფილმის Blade Runner-ის გამოსვლა. პირველი მათგანი შედეგია დიკის სიცოცხლის ბოლო 8 წლის მუშაობისა, რომელმაც დადებითი გავლენა იქონია მის ნოველებზე და რომელიც საბოლოო სახით აისახა დიკის ლეგენდარულ თეოლოგიურ ჟურნალში The Exegesis. მეორე მათგანი კი, რომლის ნახვაც დიკს არ დასცალდა, წარმოადგენს საი-ფაი ჟანრისა და მეინსტრიმული ფილმის ბრწყინვალე ნაზავს. ამ ფილმის გავლენა იმთავითვე აშკარაა: DADOES?-ის რამდენიმე ბეჭდური გამოცემა Blade Runner-ის სახელითაა გამოცემული.

DADOES?-ზე საუბრისას სასურველია, რომ ის განხილულ იქნეს არა ზემოთნახსენებ, არამედ - ისტორიულ-ბიბლიოგრაფიულ კონტექსტში: წიგნი გამოიცა 1966 წელს, იმავე წელს გამოვიდა „უბიკი“. DADOES?-ში თავი მოიყარა პერსონაჟებმა დიკის როგორც გამოუქვეყნებელი ნაწარმოებებიდან, ისე - გამოქვეყნებულებიდან, მაგრამ სახელების მცირე ცვლილებებით. ამავე პერიოდში იწყება კოსმოსური რბოლები, რის საფუძველზეც დიკს ნოველაში შემოაქვს მარსის კოლონიზაციის იდეა (დიკი არ აღწერს მარსზე განვითარებულ ამბებს, მაგრამ გვყავს ბიძია ბრედბერი „მარსის ქრონიკებით“). გამოიგონეს ხელოვნური საკვები დანამატები, ხელოვნური ტანსაცმელი (პოლიესტერი) და ეს ხელოვნური ნაგავიც თავს იყრის ამ ნოველაში.

DADOES? წარმოადგენს დაძაბული ნარატივისა (მთელ ნაწარმოებში აღწერილი ამბავის 98% ერთ დღეში ხდება) და ტვინისმბურღავი (თუმცა, კითხვის დროს მაინც სიამოვნებას განიცდი) ფილოსოფიის კომბინაციას. როგორც დიკი The Exegesis-ის შესავალში წერს, „მე ვარ ფიქციონერი ფილოსოფოსი და არა ნოველისტი“ და ამით გასაგებია მისი სტილის თავისებურებაც. თუმცა ეს არ არის არც კამიუს, არც სარტრის, არც ბორხესის (ისე ერთ-ერთმა კრიტიკოსმა დიკს „ამერიკელი ბორხესი“ უწოდა) და მისთანანის ფილოსოფია. ეს არის მსჯელობები ღმერთსა და ტექნოლოგიებზე, ადამიანებსა და ანდროიდებზე, ხელოვნურ ინტელექტზე და თვითშემეცნებაზე, მოკლედ ის არის, რაც XXI საუკუნეში გვაინტერესებს.

ასეთი მსჯელობების ფონზე კი იკვეთება მთავარი საკითხი - ადამიანისა და ანდროიდის კონცეფცია და მათი გამყოფი ხაზის გაფერმკრთალება ტექნოლოგიურ საზოგადოებაში (სწორედ DADOES?-ს უნდა უმადლოდეს დიკი მორალისტი ფილოსოფოსის სახელს). დიკი სვამს კითხვას, თუ რა განასხვავებს ადამიანსა და ანდროიდს, და თვითონვე პასუხობს - ემპათიის უნარი (სხვისი გრძნობებისა და ემოციების გაგება და გაზიარება, თანაგრძნობის გამოჩენა. მოგვიანებით, დიკმა The Exegesis -ზე მუშაობისას განავითარა ემპათიის კონცეფცია ახალაღთქმისეული მოყვასის სიყვარულის სახით). ეს გადაწყვეტა მეტ-ნაკლებად უცვლელი დარჩა მის შემდეგ ნამუშევრებშიც. მაგალითად VALIS-ში (რომელიც მიზანმიმართულად უფრო ფილოსოფიურია, ვიდრე DADOES?) ერთ-ერთი პერსონაჟი, უსამართლოდ მოკლული კატის დანახვაზე, ცდილობს რა განსაზღვროს ბოროტების არსი, ზუსტად ციტირებს ჰანიბალ სლოუტის სიტყვებს (ჰანიბალ სლოუტი არის ელექტრული ცხოველების შემკეთებელი ვეტერინარი DADOES?-ში).

DADOES? იკვლევს, განავრცობს, ართულებს და ზოგ ეპიზოდში ახდენს კიდეც ემპათიის იდეის სატირიზებას და ამას ახერხებს ისე, რომ არ გრჩება უკმაყოფილების გრძნობა. რიკ დეკარდი, თავებზე მონადირე ადამიანი, ნელ-ნელა კარგავს ემპათიის უნარის და ემსგავსება მის მსხვერპლ ანდროიდებს, ქარხანაში აწყობილ ცივსისხლიან და უემოციო (?) მანქანებს, რომლებიც 10 მილიონი ნეორონული არხის წყალობით ადამიანებზე ჭკვიანები არიან. არსებობს სპეციალური ვოიტ-კამპფის ტესტი, რომელიც ზომავს ემპათიის ხარისხს.

დეკარდი მხოლოდ ერთი მიზნით აკეთებს თავის საქმეს, რათა თავის ცოლს ნამდვილი ცხოველი უყიდოს (ადრე ჰყავდა ცხვარი, მაგრამ ტეტანუსით მოუკვდა და ელექტრულით ჩაანაცვლა). ცხოველის ყოლა მერსერიზმის (ამ რელიგიაზე ქვემოთ ვისაუბრებ) მიხედვით ადამიანურობის უტყუარი ინდიკატორია, რადგან მხოლოდ ადამიანებს შეუძლიათ ნამდვილი ემპათიის გამოვლენა ცხოველების მიმართ. თუმცა რადიაციულ მტვერში არსებულ საზოგადოებაში ცხოველთა ყოლამ ფეტიშისა და სოციალური კონკურენციის სახე მიიღო, მათ ისეთივე (თუმცა ძვირი) ფასი აქვთ, როგორც აპოკალიპტურ ომამდე (მსოფლიო ომი ტერმინუსი) არსებულ წიგნებსა და ბოთლის ღვინოს.

ემპათიის იდეაზეა დაფუძნებული რელიგია მერსერიზმი: წარმოიდინეთ დიდი პლაზმური ეკრანი და რეაქტიული თვითმფრინავის სამართავი პულტი, ორივე ხელში იჭერ ამგვარ პულტს და ცნობიერება ერთვება ერთგვარ მატრიცაში, სადაც მომხმარებელს ავატარად ევლინება ვინმე მერსერის სხეული, რომელიც დაუსრულებლად მიცოცავს კლდის მწვერვალისკენ. თუმცა მისი ყოველი სვლა განწირულია. ტკივილს, რომელსაც მერსერი განიცდის სიმულაციაში, რეალურად გრძნობს მომხმარებლის სხეული რეალურ სამყაროში. იდეა არის ის, რომ ერთდროულად სისტემაში შესული რამდენიმე მომხმარებელი განიცდის დანარჩენი მომხმარებლების ტკივილს. შედეგად იქმნება კოლექტიური ემპათიის სისტემა.

მერსერიზმის სიზიფესეული ციკლის მოწინააღმდეგედ შეიძლება განვიხილოთ ერთადერთი გადაცემა, რომელიც ტელევიზორში გადის. შეიძლება ითქვას, რომ ეს არის მედიისა და რელიგიის ბრძოლა ადამიანის ცნობიერების დასაუფლებლად (ვიტყოდი ადამიანის სულისაც-მეთქი, მაგრამ მედიას არაფერში აინტერესებს სული). ვის დარჩება გამარჯვება და რა გზით, იხილეთ წიგნში.

ნაწარმოებში შეგხვდებათ ბევრი საინტერესო დეტალი (მაგ. სექსი ანდროიდთან), საინტერესო პერსონაჟები და უფრო მაგარი დიალოგები, რომელსაც ვერ ნახავთ Blade Runner-ში. მაგალითად, ფილმში საერთოდ არ ჩანს მერსერიზმი და გაკვრითაა წარმოდგენილი ცხოველების მნიშვნელობა, ტერმინი „ანდროიდი“ შეცვლილია „რეპლიკანტით“. თუმცა ფაქტია, რომ რიდლი სკოტის ვიზუალიზაციამ განაპირობა ამ ნაწარმოების პოპულარობა. ეს შემთხვევა ნაწარმოებისა და ეკრანიზაციის მუტუალიზმის შესანიშნავი მაგალითია.

ცალკე ფენომენია დეკარდის ცოლი - რომელსაც ცხოვრება „ეზარება“ ამ სიტყვების პირდაპირი გაგებით, რომელიც „ხასიათის ორგანოს“ მეშვეობით წინასწარ განსაზღვრავს, როდის უნდა ჩავარდეს დეპრესიაში, როდის დაიძინოს, როდის დადგეს ამ მოწყობილობის გამოყენების ხასიათზე და ა.შ. ამის ფონზე ვხვდებით გაქცეულ ანდროიდებს, რომლებიც ყველა საშუალებით იბრძვიან სიცოცხლის შესანარჩუნებლად. ისინი მოქმედებენ ჯგუფურად, შეთანხმებულად, მათ „აღელვებთ“ რა მოუვა სხვა ანდროიდს, იქნებ ისინიც ოცნებობენ ელექტრულ ცხვრებზე?


ავტორი: გიორგი ნაკაშიძე