დენ სიმონსის ჰიპერფანტასტიკური ილიადა

სამეცნიერო ფანტასტიკის ჟანრის განვითარებამ დიდი ოთხეულის და მათი თანამედროვე კლასიკოსების შემდეგ მცირედით შეიცვალა კალაპოტი და მეოცე საუკუნის 80-იანი წლებიდან სულ მთლად ახალ საფეხურზე აინაცვლა.

ნილ გეიმანის Marvel 1602

2001 წელს ნილ გეიმანმა, გრაფიკულის ნოველების აწ უკვე აღიარებულმა მწერალმა და The Sandman-ის შექმნელმა, გადაწყვიტა Marvel-თან ეთანამშრომლა და ბედი მეინსტრიმულ კომიქსში მოესინჯა (უფრო სწორად, თავად Marvel-ისგან მიიღო შემოთავაზება).

არტ შპიგელმანის ომგამოვლილი თაგვი

„როდესაც რამდენიმე დღით ერთ ოთახში ჩაგკეტავენ მშივრებს, იქ სიტყვა "მეგობარი" აღარ არსებობს.“

„უფრო მეტი, ვიდრე ადამიანი“: თეოდორ სტარჯენის ევოლოციური თეორია

„ჩვენ გვჭირდება არა ფიზიკური, არამედ - ფსიქიკური ევოლუცია“.

Showing posts with label სტივენ კინგი. Show all posts
Showing posts with label სტივენ კინგი. Show all posts

31 October, 2016

რიჩარდ ბახმანი - სტივენ კინგის უმცროსი ორეული


წლების წინ, როცა სტივენ კინგის მწერლობა თავის პიკს აღწევდა, წიგნის მაღაზიების თაროებზე გამოჩნდა ვინმე რიჩარდ ბახმანის რომანები. ბახმანი წერდა ფსიქოლოგიურ დრამებს/თრილერებს და მის წიგნებში ძნელად თუ იპოვნიდით არამიწიერ არსებებს და ბევრ სისხლისღვრას (ისე, არც ამას აკლებდა), თუმცა აქ იყო ყველაფერი ის, რაც სტივენ კინგს მკითხველისთვის საყვარელ მწერლად ქმნიდა და რისი დაფარვაც ნებისმიერი ფსევდონიმისთვის შეუძლებელი იყო. ასე და ამგვარად რამდენიმეწლიანი ცხოვრების შემდეგ ვაშინგტონის ერთ-ერთი წიგნის მაღაზიის კლერკმა ვინმე სტივ ბრაუნმა მისი ვინაობა გაშიფრა და კინგის გამომცემელს დაუკავშირდა, ეგება და მითხრათ, რა გავაკეთოო. რამდენიმე დღეში სტივ ბრაუნს სტივენ კინგი პირადად ურეკავს, სთავაზობს სტატიის დაწერას იმის შესახებ, თუ როგორ გაშიფრა მან ბახმანი და თანხმდება ინტერვიუს მიცემაზე. 

ყველაფერი კი დაიწყო იმით, რომ გამომცემლებმა სტივენ კინგს უარი უთხრეს - გამოეცათ წელიწადში მისი ერთზე მეტი წიგნი. კინგი კი თავის მხრივ წერის ჟინით იყო სავსე და თან როგორც შემდეგ ომნიბუს "ბახმანის წიგნები - 4 ადრეული რომანი" შესავალში ამბობს, სურდა გაეგო რა იყო მისი წარმატების მთავარი მიზეზი - ნიჭი, თუ გამართლება. თან ბახმანის სახელით ისეთი წიგნები გამოსცა, რომელიც მასაში პოპულარულ 'ცუდ პერსონაჟებს' არ ეხებოდა და არც გაცვეთილ თემებს ფარავდა საშინებელებათა საბურველში. შედეგად ბახმანის წიგნები საკმაოდ პოპულარული გახდა, თუმცა მაგალითდ ერთ-ერთი მათგანი - "მხდომარე" (Thinner) 28 000 ასლი გაიყიდა, ბახმანის რეალური ვინაობის გააშკარავების შემდეგ კი ეს რიცხვი ათჯერ გაიზარდა.



კინგმა ბახმანს შეუქმნა თავისი მოკლე ბიოგრაფიაც, რომლებსაც წინასიტყვაობებში იყენებდა. სახელი კი ერთი მხრივ დონალდ უესტლეიქის ფსევდონიმ რიჩარდ სტარკიდან (შემდგომში სტარკს კინგი თავის "ბნელ ნახევარში" გამოიყენებს) და მეორე მხრივ Bachman - Turner Overdrive - იდან აიღო. ეს იყო როკ'ნ'როლ ბენდი, რომელსაც ავტორი იმ პერიოდში აქტიურად უსმენდა. ეს ფოტო კი, ერთადერთია რომელზეც ვითომდა ამერიკელი მწერალი რიჩარდ ბახმანია გამოსახული და რომელიც თურმე მისმა მეუღლემ კლაუდია ინეზ ბახმანმა გადაიღო. სინამდვილეში ეს არის რიჩარდ მანუელი - კინგის ლიტერატურული აგენტის, კირბი მაკკოლის სადაზღვევო აგენტი. აი, მისი ფიქციური მეუღლე კლაუდია ინეზ ბახმანი კი კინგმა ბნელი კოშკის საგაში ჩართო.



საერთო ჯამში ბახმანის სახელით 7 წიგნი გამოვიდა. მე-8-ზე მუშაობისას მისი ვინაობა გატყდა ამიტომ მისი გამოცემა უკვე სტივენ კინგის სახელით მოხდა. ჩვენთან ადრე 2007 წელს გამოცემული ბლეიზი მიმოვიხილეთ, ამიტომ მასზე აღარ შევჩერდებით და დანარჩენ რომანებს მოკლედ და ზოგადად შევეხებით ქრონოლოგიური წესების სრული დაცვით.


მრისხანება (1977)

პირველად როცა მრისხანებას კითხულობ, გახსენდება მარკ დეივიდ ჩაპმანი და გიჩნდება შეკითხვა - რა იქნებოდა, რომ მისი ბინძური გონება სელინჯერის ნაცვლად სწორედ ბახმანის პირველი წიგნით დაინტერესებულიყო. სავარაუდოდ კარგი არაფერი, რადგან მე თუ მკითხავთ, ეს ბევრად მძიმე რომანია საზოგადოების წინააღმდეგ ამხედრებული ახალგაზრდის შესახებ, რომელიც გადაწყვეტს რომ ერთ 'მშვენიერ' დღეს კლასში გამოკეტოს კლასელები, მასწავლებლები და ცეცხლსასროლი იარაღის დახმარებით თვალებში ჩახედოს მათ და მათ ტყუილებს, გამოააშკარავოს მათი ყველაზე ცხოველური სურვილები და მისწრაფებები, წარმოაჩინოს მათი რეალური, ადამიანური სახე და ამ ყველაფერს იმაზე ბევრად ნაკლები ტრაგიზმით შეხედოს, როგორც ეს ერთი მოსმენით ჩანს. მთავარი გმირი ჩარლი დეკერი და მისი მსხვერპლები ერთგვარ ფსიქოთერაპევტული ჯგუფის წევრებს ემსგავსებიან. ნოველა არის ერთიანად ძალიან მძაფრი და ძალიან რეალისტური. ეს არის ნამდვილი საშინელება. ისეთი, რომელსაც ვერ გამოიგონებ. კინგიც ასე იყო, რეალურად მრისხანება გამოძახილი იყო იმ გახშირებული მკვლელობებისა, რომლებიც იმ პერიოდში ამერიკაში ხდებოდა და რომლის 'შემოქმედიც' ძირითადად სკოლის მოსწავლეები იყვნენ. სიტუაცია იმდენად გართულდა, რომ კინგმა თავადვე სთხოვა გამომცემლობას, ერთიანად ამოეღოთ გაყიდვებიდან ეს წიგნი. საბოლოოდ მრისხანება ამერიკულ წიგნის ბაზარზე მხოლოდ ბახმანის წიგნების ომნიბუსის სახით გამოჩნდა. მოგვიანებით გამოცემული ბლეიზის ბოლოსიტყვაობაში კი კინგი ამბობს: "მრისხანება გაყიდვებიდან ამოღებულია და ეს ძალიან კარგია." მისთვის გადამწყვეტი აღმოჩნდა სენდი ჰუკის დაწყებითი სკოლის ამბავი, რომელიც 2012 წლის დეკემბერში ქალაქ ნიუთაუნში, კონეკტიკუტის შტატში მოხდა. აქ ოცი წლის ადამ ლანზამ 6-დან 7  წლამდე ასაკის 20 ბავშვი დახოცა. ასევე სკოლის ექვსი თანამშრომელი. შინ ასევე მოკლა საკუთარი დედა. საბოლოოდ ლანზამ ეს სისხლიანი პროცესია თვითმკვლელობით დაასრულა. მოკლედ, მრისხანება ჯერაც რჩება კინგის ახალგაზრდობისდროინდელ ერთ-ერთ ყველაზე მძიმე ნამუშევრად, რომელსაც დღემდე შიშით უყურებს და გულის სიღრმეში ისიც აწუხებს, რომ სადღაც ერთი პატარა ბრალი მთელ ამ სისხლიან ამბებში მრისხანებასაც უდევს.


დიდი გასეირნება (1979)

ბახმანი, როგორც ასეთი, მრისხანების შემდეგ დიდად ლიტერატურულად შემსუბუქდათქო რომ გითხრათ, მოგატყუებთ. საერთოდაც სიმძაფრე და სიმძიმე მის წიგნებს ქრონოლოგიურად კლების პრინციპით სდევს. რიგით მეორე რომანი გრძელი გასეირნებაა, სადაც მრისხანებისგან განსხვავებით არარეალური, ასე ვთქვათ, დისტოპიური ამერიკაა წარმოჩენილი. მთელი წიგნი მოგვითხრობს ასი მოზარდი ბიჭის ამბავს, რომლებიც ჩართულნი არიან სატელევიზიო გასართობ შოუ-მარათონში - დიდი გასეირნება. თამაშის პრინციპი მარტივია: რაც არ უნდა მოხდეს, არ უნდა შეწყვიტო სიარული, დრო შეუზღუდავი, საპრიზო ფონდი კი მხოლოდ ერთ ადამიანზე გათვლილი. ყველა ვინც შეჩერდება, ან შესაბამისი რაოდენობის გაფრთხილებებს დააგროვებს, დამკვირვებელი სამხედროებისგან ტყვიას მიიღებს. მთავარი გმირი აქაც მოზარდი ბიჭია - რეიმონდ დეივის გერეთი. აქვე არიან მისი მეგობრები მაკვრაისი, ბეიკერი, ოლსონი, პარკერი, პირსონი, აბრაამი და ა.შ. შინაარსი მთლიანად ამ სამკვდრო-სასიცოცხლო მარათონს მიჰყვება, მონაწილე პერსონაჟების დიალოგებით, სამხედროების სისასტიკით და ამ ყველაფერს ფონს გაყოლებული 'გულშემატკივრებით', რომლებიც სამარათონე გზის პირას დგანან და თავთავიანთ 'ფალავნებს' ემოციურად და მხიარულად ახმიანებენ. საინტერესო გამოხმაურება მოჰყვა დიდ გასეირნებასაც. ასე მაგალითად ადრიანო გაცამ და ჯიმი პრიტსმა შექმნეს ძალიან საინტერესო მოკლემეტრაჟიანი ვიდეო-ფილმი ამ ნოველის შესახებ, რომელიც ცოტა ხნის წინ ჩვენს გვერდზეც დავდეთ.


საგზაო სამუშაოები (1981)

წარმოიდგინეთ ამერიკის ჩრდილოეთის პატარა ქალაქი (წარმოსადგენად დაიხმარეთ ფარგო, ან თვინ ფიქსი) თავისი პატარა სასადილოთი, სიცივისგან დამცავი ბუთხუზა სპეც-ქურთუკიანი პოლიციელებით და ქალაქის გასწვრივ გაყოლებული დიდი მაგისტრალით. ახლა ამ ყველაფერს დაუმატეთ ერთი ნაკლებად სასიამოვნოდ ჟღერადი სამართლებრივი ტერმინი - ექსპროპრიაცია და თქვენ ზოგადი წარმოდგენა გექნებათ იმის შესახებ, თუ რა ემართება წიგნის მთავარ გმირს ბარტონ ჯორჯ დაუზს. ეს არის კაცი, რომელსაც ჯერ ცხოვრება წაართმევს ყველაფერს, შემდეგ კი სახელმწიფოც იმავეს გაკეთებას შეეცდება. ყველაფერი იქამდე მიდის რომ მან არჩევანი უნდა გააკეთოს იმ ერთადერთი სახლის (რომელთანაც იმაზე მეტი აკავშირებს, ვიდრე ნებისმიერ სხვა რამესთან ამ სახლის გარეშე) გაყიდვასა და ერთგვარ იმდროინდელ ფირალობას შორის. თუმცა, გარდა მთავარი პრობლემისა წიგნში მეორე ძალიან საინტერესო ხაზიც არის. სახლიდან გამოქცეული ბარტონი გზად ყინვისგან გალურჯებულ ლამაზ გოგონას აიყვანს ავტო-სტოპით და კარგა მანძილს მასთან ერთად გაივლის. ერთი 'სიამოვნებაა' მისი ნატანჯი ფიზიონომიის დაკვირვება, როცა უკანა ხედვის სარკეში სიბნელეში მისი მანქანის სავარძელზე მიწოლილ ნარკოტიკებით გაჟღენთილ, მშიერ-მწყურვალ და მაინც ახალგაზრდობით აგრერიგად ქორფად და ლამაზად წარმოჩენილ გოგონას უყურებს. საგზაო სამუშაოები არის წიგნი ერთი ადამიანის შესახებ, რომელიც უიმედო ბრძოლაშია ჩაბმული და რომელმაც წინასწარვე იცის ამის შესახებ, თუმცა მისთვის მიზანს აღარ აქვს მნიშვნელობა. მთავარი პროცესია, პროცესი რომელიც უკანმოუხედავად გარბის.


მორბენალი კაცი (1982)

გარბის ბენ რიჩარდსიც, რომელიც ბახმანის "მორბენალი კაცის" მთავარი გმირია. საერთოდ, ბევრი რამით არი ეს წიგნი გამორჩეული. სტივენ კინგის შემოქმედებაში თითქოს ორ რომანს უკავია განსაკუთრებული, თავისებური ადგილი. ერთი - დრაკონის თვალებია, რომელიც ჩვეულებრივი ეპიკური ფენტეზია, უფრო მეტად რობერტ ჰოვარდის, რობერტ სილვერბერგის სტილში. მეორე კი - მორბენალი კაცი, რომელიც ძალიან ჩვეულებრივი სამეცნიერო ფანტასტიკაა, ოღონდ უფრო 90-იანების პერიოდის მსგავსი. თავიდანვე გეტყვით რომ არ უნდა შეგაცდინოთ მისმა სატელევიზიო ადაპტაციამ და არნოლდ შვარცნეგერის მიერ ბენ რიჩარდსის როლის მორგებამ. ამის ყურებას უმჯობესია გადაიმეოროთ ნისლი, მიზერი, ან მხდომარე. ისე კი, ამ წიგნის სიუჟეტი 2025 წლის დისტოპიურ ამერიკაში მიმდინარეობს, სადაც სრული ტოტალიტარული რეჟიმია დამყარებული. მთავარი გმირის შვილი ავად არის და სასწრაფოდ ძვირადღირებულ წამალს საჭიროებს. ამ მიზნით რიჩარდსის ცოლი პროსტიტუციაში ებმება, თავად რიჩარდსი კი გადაწყვეტს მონაწილეობა მიიღოს სატელევიზიო შოუში - მორბენალი კაცი. მონაწილეები გამოცხადებული არიან სახელმწიფოს მტრებად. 30 დღის განმავლობაში ის იძულებულია გაექცეს პოლიციას და სამხედრო ძალას, ყოველ ახალ ცოცხლად დარჩენილ ერთ საათში მას ასი დოლარი ეძლევა, დამატებით ასი დოლარია გამოყოფილი მის მიერ მოკლულ ყოველ ოფიცერზე, იმ შემთხვევაში კი თუ მორბენალი ერთ თვეს ცოცხალი გასტანს, მთავარ პრიზს - ერთ მილიარდ დოლარს მოიგებს. მას შეუძლია იმოგზაუროს ნებისმიერი მიმართულებით და დაიმალოს სადაც სურს. წიგნის მთავარი ღირსება მის აგებულებაშია. ყოველი მცირედი ქვეთავი იწყება და მთავრდება წამზომის შეხსენებით. დრო იწურებს, ბენ რიჩარდსი კი უფრო და უფრო უახლოვდება სიკვდილს.

 რეგულატორები (1996) 

სანამ ბოლო წიგნზე გადავალთ გეტყვით რომ 1996 წელს ბახმანის ავტორობით გამოიცა რეგულატორები, ამავე წელს გამოდის სტივენ კინგის უიმედოთა ქალაქიც. ბევრი რომ არ გავაგრძელოთ, რეგულატორები არის უიმედოთა ქალაქის ერთგვარი "სარკისებრი რომანი". მსგავსი სიუჟეტით, მსგავსი პერსონაჟებით და რადიკალურად განსხვავებული მიმართულებით. როგორც მკითხველები ამბობენ, კინგის უიმედოთა ქალაქში ღმერთი არსებობს, რეგულატორებში კი არა. ზოგადად, ვფიქრობთ უმჯობესია ამ ორი რომანის ერთად შეფასება და არა რეგულატორების ცალკე, ბახმანის სახელქვეშ მიმოხილვა.


მხდომარე (1984)

თავიდანვე უნდა ითქვას რომ 1996 წლის ადაპტაცია, რომელიც ტომ ჰოლანდმა გადაიღო, საკმაოდ კარგია. მართალია, დასასრული ოდნავ შეცვლილია და ყველაფრის თავი და თავიც ოდნავ გადასხვაფერებული (ფილმში ცოლი ქმარს ორალურ სიამოვნებას ანიჭებს, წიგნში კი მხოლოდ ხელსაქმით შემოიფარგლება), მაგრამ საერთო ჯამში მაინც კარგი ეთქმის. მთავარი გმირი ბილი ჰალეკია - ჭარბწონიანი ადვოკატი კონეკტიკუტიდან, რომელსაც ჭარბი წონა აწუხებს და რომელიც საგზაო 'სიამოვნების' პიკში მოხუც ბოშას გაიტანს. ბევრი რომ არ გავაგრძელოთ, გარდაცვლილის 106 წლის მამის 'შელოცვით' ყოველდღიურად არაადეკვატურად ბევრ წონას იკლებს. ყველაფერი იქეთკენ მიდის, რომ ჰალეკი ოჯახიდან გარბის და იწყებს შემლოცველი ციგნის ძიებას. რაღა უნდა თქვა, საინტერესო საშინელებათა სიუჟეტია. სასამართლო პროცესის სამივე მონაწილე (ბრალდებული, მოსამარლე და პოლიციელი, - ერთმანეთის მეგობრები), რომელთა დახმარებითაც ბრალდებული ჰალეკი ამ საგზაო შემთხვევაში უდანაშაულოდ ცნეს, საბოლოოდ საშინელი სენით ავადდება. ისე, ცოდვა გამხელილი სჯობს და Thinner-ის ზუსტ ქართულ თარგმანზე ჯერაც ვერ ჩამოვყალიბდით, მაგრამ ეგ არაფერი, იყოს მხდომარე. ისე, უნდა ითქვას რომ ეს ყველაზე მეტად კინგისეული წიგნია ბახმანის შემოქმედებაში. აი, თავად კინგს კი მისი იდეა ისევე სპონტანურად მოუვიდა, როგორც სხვა მრავალი წიგნის (მაგალითად 'ის'. კინგი იხსენებს, რომ ერთხელ სააბაზანოში შევიდა, ჩახედა ნიჟარას და გაიფიქრა, "ჰმ.. ნეტავ როგორი იქნება ახლა ამ ნიჟარიდან მწვანე ბრჭყალმა რომ ამოყოს წვერიო." ნუ, რას გაუგებ...). ცხოვრების რაღაც ეტაპზე კინგი 236 ფუნტს იწონიდა (107კგ.), ამიტომ ექიმმა სავალდებულო დიეტა და სიგარეტის აკრძალვა დაუნიშნა. ჩაპუტკუნებული კინგი კი დაფიქრდა, რა იქნებოდა რომ ეს 'იძულებითი გახდომა' სულაც არ იყოს ჩვენზე, ან ჩვენს ექიმზე დამოკიდებულიო. აქედან დაიბადა მხდომარეს შექმნის იდეა და შედეგად ძალიან კარგი, კაცობრიობის ერთ-ერთ რეალისტურ შიშზე აგებული რომანი შეიქმნა.



დასასრულს, აუცილებელია ითქვას ისიც, რომ იმ მომენტში, როცა ბახმანი მის რეალურ სახეში გამოიჭირეს, კინგი მუშაობდა არც მეტი არც ნაკლები, "მიზერი"-ზე. მიზერი კი, სხვისი არ ვიცი და მე თუ მკითხავთ მის სამ საუკეთესო ნამუშევარში შედის. კაცმა არ იცის, რა მოხდებოდა რომ მიზერი ბახმანის სახელით გამოცემულიყო და სტივენ კინგის ორეულიც არ გამჟღავნებულიყო, ანკი მიზერიც ასეთივე 'დიდი' წიგნი იქნებოდა, თუ არა, მაგრამ ფაქტია, რომ სტივენ კინგმა თავის მიზანს მიაღწია და რამდენიმე წელიწადში შექმნა საკუთარი თავის მეორე მე, რომლითაც მწერლობაში შემოვიდა ახალი მიმართულებით, ახალი ტიპის საშინელებებით (მიზერიც ხომ არატიპური კინგია) და სამუდამოდ დატოვა არარსებული მწერლის კვალი თავისი მძაფრი და სახასიათო პერსონაჟებით. 

რიჩარდ ბახმანს უნდა ეცხოვრა და რიჩარდ ბახმანი უნდა მომკვდარიყო.

p.s. მაგრამ მიზერის გამოცემა უნდა ეცლიათ...


                                             
  იკითხეთ ბახმანი და უსმინეთ ბახმანს







ავტორი: ირაკლი სულაძე

26 August, 2016

აღორძინება - სტივენ კინგი დიდ ავიაციას დაუბრუნდა


სახელწოდება: აღორძინება
ავტორი: სტივენ კინგი
ქვეყანა: აშშ 
ენა: ინგლისური 
პირველი გამოცემის წელი: 2014 
შეფასება Goodreads-ზე: 3.75/5


"სახლი არის იქ, სადაც მათ სურთ რომ შენ დიდ ხანს დარჩე ."


   როდესაც სტივენ კინგი 2013 წელს "გუმბათის ქვეშ"-ს არეკლამირებდა, ერთ-ერთ პრესკონფერენციაზე მკითხველს ახარა, რომ მალე მისი ახალი რომანი "აღორძინება" გამოვიდოდა, რომელიც მოგვითხრობდა ახალგაზრდა ბიჭის და მისი ბავშვობის დროინდელი პადრეს ამბავს. აღორძინების მცირედი ნაწილი "ექიმი ძილის" ერთ-ერთ გამოცემასაც დაერთო თან. ავტორის თქმით წიგნს საფუძვლად ედო მერი შელის "ფრანკენშტეინი" და არტურ მეიჩენის "დიდებული ღვთაება პანი". 2014-ში აღორძინებაც გამოვიდა და მიუხედავად ტრადიციული მოლოდინისა, წიგნმა დიდი მასების მოლოდინი ვერ გაამართლა. მკაცრი კრიტიკოსები კვლავ იმ აზრზე დარჩნენ, რომ მერსედესის ტრილოგიით შექმნილი ფონი კინგის ირგვლივ გრძელდებოდა და კიდევ ერთხელ ამტკიცებდა იმ მოსაზრებას, რომ მწერალი, რომელიც სიბერეში დეტექტივების წერას იწყებს, ნელ-ნელა უკან-უკან ეშვება. პრინციპში, არც მისტერ მერსედესამდე ჰქონდათ კრიტიკოსებს განსხვავებული აზრი და 11/22/63-ც კი ვერ დააყენეს ახალგაზრდობის დროინდელი საუკეთესო რომანების გვერდით, მაგრამ ამჯერად ყველას აღორძინება აინტერესებდა. იყო კინგის მრევლის დიდი ნაწილი, რომელიც ისევე როგორც მის ყველა წიგნს, ამ ახალ რომანსაც უმაღლეს შეფასებებს უწერდა. საბოლოოდ კი მივიღეთ ის, რომ აღორძინებამ მხოლოდღა "ჯოილენდს აშკარად სჯობს..." შეფასება დაიმსახურა.

  არადა, სიუჟეტს ბანალური არ ეთქმის. ატმოსფერო - ნაცნობი და საუკეთესოა. ის მოიცავს ყველა იმ ესთეტიკურ-შინაარსობრივ დეტალს, რომელიც ყველაზე მეტად უხდება სტივენ კინგის წიგნებს. რომელიც, თავის დროზე "სალემის ხვედრის" და "შინაური ცხოველების სასაფლაოს" მთავარი დასაყრდენი გახდა. ზოგადად, აღორძინება აერთიანებს ავტორისთვის საყვარელ თემებს: პატარა ქალაქი, ბავშვი - შემდგომში ბავშვობის მოგონებებით დამძიმებული ახალგაზრდა, კათოლიციზმი, სიკეთისა და ბოროტების ბრძოლა, ცხოვრებისეული შემთხვევითობით გამოწვეული უბედურებით გაბოროტებული კეთილი ადამიანები და ა.შ.

   შინაარსობრივი დეტალების გამხელის გარეშე, მოკლედ რომ ვთქვათ, ეს არის ისტორია ერთ-ერთ პატარა ამერიკულ ქალაქში მცხოვრებ ოჯახზე და ამ ქალაქის ახალგაზრდა პადრეზე, რომელიც ამ ოჯახის ყველაზე პატარა წევრს დაუმეგობრდება. ქალაქში დატრიალებული უბედურება პადრეს აიძულებს უარი თქვას თავის საქმეზე და სხვაგან გადასახლდეს. ბედის უკუღმართობით ბიჭი და ღვთისმსახური წლების შემდეგ სულ სხვა ვითარებაში შეხვდებიან. მაშინ, როცა არც ერთია პადრე და აღარც მეორე პატარა ბავშვი. ყველაფერი სრულდება დაპირისპირებით, უნდობლობით და აწ უკვე გიჟ-მეცნიერად ქცეული პადრეს ტესლასეული ელექტრული ექსპერიმენტებით, რომლითაც ის ბიბლიის საწინააღმდეგო სენტენციების დამტკიცებას ცდილობს.

  აღორძინების მთავარი ხაზი დაპირისპირებაშია. (Good evening, 'The Stand') დაპირისპირებაში ახალგაზრდულ სულსა და გადაღლილ მოზრდილებს შორის. დაპირისპირებაში რწმენასა და ნიჰილიზმს, ნარკოტიკებით გაჟღენთილ ორგანიზმსა და მომაკვდავის წრფელ სურვილებს შორის. ბევრის აზრით წიგნის საუკეთესო ეპიზოდი ის რამდენიმე გვერდია, სადაც ჯეიკობი (პადრე) თავის უკანასკნელ მსახურებას ატარებს და საკმაოდ ვრცელ მონოლოგში თითქმის დამარწმუნებლად ასაბუთებს ყველა იმ იდეის სიმცდარეს, რომელსაც მთელი ცხოვრების განმავლობაში თავად ქადაგებდა.


      რა თქმა უნდა, აღორძინებას ვერ მოაქვს ის მუხტი, რომელიც უნდა მოჰქონდეს (სხვათა შორის, ელექტრული მუხტის 'მოტანას' წიგნის მთავარი გმირიც უშედეგოდ ცდილობს თავისი მიზნის მისაღწევად) და არც ისეთი დამაინტრიგებელია, როგორც კინგის ერთ-ერთი ბოლო ნამუშევარი, აწ უკვე სერიალად ქცეული - 11/22/63, თუმცა ეს მაინც სერიოზული ნაბიჯია უკან. უკან - დიდი ავიაციისკენ.

რატომ?

იმიტომ, რომ აქ მთელ წიგნს კინგისთვის დამახასიათებელი, ძალიან კარგი მუსიკა სდევს თან,
იმიტომ, რომ ეს არის მისი ერთი ძალიან საყვარელი თემის - პატარა ქალაქის და ამ პატარა ქალაქში დატრიალებული საშინელების, ამ ქალაქში 'გაზრდილი და ბავშვობისტრავმადაღდასმული მოზარდების' ერთ-ერთი საუკეთესო ისტორია,
იმიტომ, რომ ეს არის ამბავი რწმენადაკარგულ, ერთ დროს ბიბლიამომარჯვებულ პადრეზე,
იმიტომ, რომ ეს არის ამბავი განდგომილობაზე, დაკარგულ იმედებსა და სიკვდილზე,
იმიტომ, რომ ამ სიკვდილს კინგი ლავკრაფტისეული საშინელებით აღწერს,
იმიტომ, რომ ის არ უშინდება ფაქიზ წერტილებთან შეხებას და არ ტოვებს არც ერთ თემას, რომელსაც დიდ შავ კითხვისნიშანს არ უსვამს თავზე...

                                                                        
   მიუხედავად რამდენიმე ისეთი მომენტისა, რომელიც გვიანდელი პერიოდის კინგს ნამდვილად არ ახასიათებს დადებითად, რომელიც სიტუაციურად ფანტაზიადაშრეტილი შემოქმედის ნაშრომს მოგაგონებთ და რომელიც სამწუხაროდ ყველაზე კარგად "ექიმ ძილში" ჩანს, აღორძინების მთავარი ღირსება მაინც იმ ჰარმონიაშია, რომელსაც მისი ტრაგიკული პერსონაჟები ქმნიან. ძნელია გულგრილად წაიკითხო ამბავი ხალხზე, რომლებიც აბსოლუტურად შემთხვევით კარგავენ ყველას და ყველაფერს

     და კიდევ უფრო ძნელია განსაჯო ეს ხალხი მათი შემდგომში ჩადენილი 'სისულელეების' გამო. ამას თავად ავტორიც ხვდება და მიუხედავად იმისა, რომ ბევრ რომანში კინგი ხმალამოღებულ მეთოდისტია, ხშირად ის უფრო მეტად მიწაზე მყარად მდგომი რეალისტია, რომელიც ასეთ ხალხს მეტ პატივს სცემს, ვიდრე მათ, ვინც ტრაგიკული ამბის შემდეგ ან არ იცვლებიან, ან მხოლოდ დემორალიზებას მიეცემიან. გახსოვთ 'ცხოველების სასაფლაო' და მისი დასასრული? აღორძინებაც იმავე ხაზს მიჰყვება და შინაარსის მსვლელობასთან ერთად აშკარად იგრძნობა, რომ სტივენ კინგიც აქვე, თქვენ გვერდით ზის და თქვენს მოღუშულ სახეს და შეკრულ კოპებს თანაგრძნობით უყურებს, რადგან იცით, რომ ისიც იმავე აზრზეა და ისიც იზიარებს თავისი პერსონაჟების ტრაგიზმს.


   ზოგადად, სტივენ კინგის 'საშინელების' მთავარი პლუსი მისი რეალისტური მხარეებია. არასდროს ყოფილა მიმზიდველი სალემის ვამპირები, შუამიწეთის კიბორგები, მკვლელი მობილურები, მაგრამ ყველა დაუოკებელი მაგნიტიზმით ილტვოდა იმ შიშების მიმართ, რომლებიც - რეალურია. ყველას აძრწუნებდა კუნძულზე მარტო დარჩენილი კაცი, რომელიც საკუთარი თითების ჭამას იწყებს და ის გოგოც, რომელიც თანატოლებისგან დაჩაგრული, მზად არის სისხლიან მკვლელობაზე წავიდეს.

        ასეთივეა აღორძინებაც. ის გვახედებს იმ სარკეში, რომელსაც ყველა თვალს არიდებს და რომელში ჩახედვაც გარდაუვალია. კინგი უსვამს შეკითხვას ღრმა მორწმუნეებს - და იქნებ თქვენ ცდებით, მეგობრებო? იქნებ დედამიწაზე მოღვაწე ყველაზე კეთილშობილი კაციც კი სიკვდილის შემდგომ სამუდამო წამებისთვისაა განწირული?

      თუმცა, ნებისმიერი რომანი მაკულატურად ჩაითვლებოდა, მას რომ ლაბირინთიდან გასვლის მეორე ალტერნატიული გზა არ ჰქონოდა. არც კინგია უმეცარი და მიუხედავად კარგად ღრმა მოხუცებულობისა, თავის ბოლო ვრცელ ნოველაში ის მაინც საკმაო რაოდენობის ხელმოსაჭიდებს ტოვებს იმ რწმენით სავსე მკითხველებისთვის, რომლებიც წიგნში გაშიშვლებულ სიკვდილს არასერიოზულად უყურებენ და მას მხოლოდ პარალელურად, ბუნებრივისგან ოდნავ განსხვავებულ მდგომარეობად აღიქვამს. მდგომარეობად, რომელიც არის არა დაცემა და დეგრადირება, არამედ რაღაც ახალი, განსხვავებული... რაღაც აღორძინების მაგვარი.




ავტორი: ირაკლი სულაძე

25 November, 2015

რამონესის ჰანგებზე ამღერებული შინაური ცხოველების სასაფლაო





ისევ მოგვატყუა...

მოგვატყუა ისე, როგორც სალემში, სადაც პირველი გვერდის წაკითხვამდე, ყველას ეგონა, რომ ახალგაზრდა მწერლის რიგით მეორე რომანი სხვა არაფერი იყო, თუ არა ისტორია ვამპირებზე, რომელიც ბრემ სტოკერით შთაგონებულმა ინგლისურის მასწავლებელმა შეთხზა და ამ გზით სცადა მატერიალური მდგომარეობის გამოსწორება. გეგმამ იმუშავა და წიგნი დიდი ტირაჟით გაიყიდა, ქერის შემდეგ ეს სტივენ კინგის კიდევ ერთი აღიარება იყო, თუმცა ნებსით თუ უნებლიედ, ბევრს არ შეუმჩნევია, რომ რეალურად წიგნი საერთოდ არ ეხებოდა ვამპირებს. კარგი, ბოლო რამდენიმე თავში ბერლოუს ამბები ტიპური სტოკერისეული ჰორორია, მაგრამ ყველამ კარგად ვიცით, რომ ისტორია სულ სხვა თემებს ეხებოდა, ვიდრე ეს მკითხველში სიბნელეში წაწვეტებული კბილების გამოჩენით გამოწვეული შიშია. სინამდვილეში, საშიში სულ სხვა რამ არის, ის, რაც ბევრად ახლობელი და ბუნებრივია, ვიდრე ვამპირი.

თითქმის იგივე მეორდება "ცხოველების სასაფლაოში," რომელიც ავტორმა 1983 წელს გამოსცა, თუმცა თავიდანვე უნდა ითქვას, რომ კინგს სძულდა ეს წიგნი. პირველი ხელნაწერი ჯერ მეუღლეს აჩვენა, შემდეგ პიტერ სტრაუბს (ვისთანაც ერთადაც მალევე, 1984 წელს, გენიალური წიგნი "თალისმანი" გამოსცა და შემდეგ სიქუელი - "შავი სახლიც" მიაყოლა) და ორივესგან ერთი და იგივე პასუხები მიიღო. ცოლიც და საუკეთესო მეგობარიც წიგნის მიმართ ავტორის აზრს იზიარებდნენ. მოკლედ, ცხოველების სასაფლაო ძველმანების ყუთში აღმოჩნდა და კინგმა მის ნაცვლად მკვდარი ზონა გამოაქვეყნა. არავინ იცის, იყო თუ არა ჯონი სმიტის და მთლიანად ზონის გავლენა იმ საქმეში, რომ კინგი მალევე მიუბრუნდა ყუთში მოსროლილ წიგნს, მაგრამ ფაქტია, რომ "ცხოველების სასაფლაო" დაასრულა, გამოსცა და თან ეს აღმოჩნდა მისი ბოლო წიგნი, რომელზე უფლებებიც "დაბლდეი"-მ შეიძინა.


მიუხედავად იმისა, რომ წიგნმა საკმაო აღიარება მოიპოვა, ავტორს მაინც არ მოსწონდა ის. არა იმიტომ, რომ საკმარისად საშიში არ იყო, უბრალოდ, კინგს არ მოსწონდა შინაარსი, რომელსაც გადმოსცემდა ეს ისტორია. ისტორია კი, "ნათების" შემდეგ, ალბათ ყველაზე ავტობიოგრაფიულია მის შემოქმედებაში. წიგნში მოთხრობილი ამბის ძალიან ბევრი ეპიზოდი ემთხვევა კინგის ცხოვრებისეულ ფაქტებს, ასე მაგალითად, ახალ ქალაქში ოჯახთან ერთად გადასვლა, შინაური კატის სიკვდილი და უმცროსი ბიჭის კინაღამ მანქანის ბორბლებქვეშ დაღუპვა. შინაარსი რომ ნაწყვეტ-ნაწყვეტ არ მოვყვეთ, მოკლედ შეიძლება იმის თქმა, რომ წიგნი მოგვითხრობს ახალგაზრდა ამერიკელი ექიმის და მისი ოჯახის პატარა ქალაქში გადასვლის და ახალი ცხოვრების დაწყების შესახებ, სადაც ერთმანეთს ებმის უცნაური, თუმცა ბუნებრივი მოვლენები და ამ ყველაფერს ფონად სდევს სახლის უკან განთავსებული სასაფლაო, სადაც შინაური ცხოველები არიან დამარხული. ეს მთლიანი ტერიტორია, თავის აკლდამებიან-სახლებიანად იმ მიწაზეა, რომელიც ერთ დროს ინდიელებს ეკუთვნოდათ. 


ისევ ტყუილს რომ დავუბრუნდეთ, პატივცემული ავტორი დიდებულ მწერლობასთან ერთად, დიდებული გამყიდველიცაა, მან ზუსტად იცის როგორ შეფუთოს წიგნები, როგორი ყდა გააკეთოს და რა თქვას პრეზენტაციებზე. ის ყოველთვის ამერიკელი მკითხველის იმ სათუთ გრძნობებს ეთამაშება, რომლებზეც თავისი წიგნების შინაარსებს აგებდა. ასე მოხდა ქერის შემთხვევაში, როცა ტელეკინეზი და მისნაირი ზებუნებრივი შესაძლებლობები ყოველი ამერიკელისთვის ახლადაღმოჩენილი საშიში ამბავი იყო, შემდეგ ექსტრასენსების ბუმი და ექსტრასენსი ჯონი სმიტი "მკვდარ ზონაში", "ცეცხლის წამკიდებელი" კონსპირაციული თეორიების ირგვლივ და ა.შ. ამ შემთხვევაშიც, სანამ პირველ თავს არ ჩაიკითხავ, ჯიუტად გჯერა, რომ წიგნი არის დახოცილ ცხოველებზე, რომლებიც შემდეგ ან ცოცხლდებიან, ამ მათი სული ბრუნდება, თვალები საშიშად უნთიათ, ხალხს ხოცავენ, ირგვლივ სისხლი და ცხედრების ნაფლეთებია და მოკლედ, ეს ხომ საკმარისია, რომ გვეშინოდეს, ხოდა ამიტომაც ვყიდულობთ კინგის ჰორორს.

სინამდვილეში წიგნს ოდნავი სიახლოვეც კი არ აქვს ყოველივე ზემოთქმულთან. აქ კინგი გვიყვება იმ დიდი გრძნობის შესახებ, რასაც სიკვდილის სიახლოვე ჰქვია. სიკვდილის სიახლოვე, რომელიც მისი არსებობის შეცნობას აადვილებს და რომელსაც ყველა თავს არიდებს. ახალგაზრდა ექიმი მანამ ცდილობდა ბედნიერ ცხოვრებას, სანამ პირადად არ შეეჩეხება გარდაუვალი ტრაგედიის მძიმე მარწუხებს. მანამ კი, საგულდაგულოდ ცდილობს მისი მეუღლე, პატარა ქალიშვილს სიკვდილის არსებობა დაუმალოს, თუმცა მიუხედავად მცდელობისა, პატარა ელი თვითონვე იკვლევს გზას ამ ლაბირინთში მაშინ, როცა ტრიალ მინდორზე აღმართულ ქვის ყურღანებს შეამჩნევს, ზედ მოსიყვარულე ცხოველების შესახებ ეპიტაფიებით. ამას მოყვება ექიმის ცოლის ბავშვობისდროინდელი ტრაგედია, რომელიც ის ნამდვილი საშინელებაა, რომელიც ამ წიგნში ყველაზე საშიშია. უახლოესი ადამიანის სიკვდილით გამოწვეული გაუმხელელი ბედნიერება და ამ ბედნიერებით გამოწვეული ცხოვრებისეული ტანჯვა. ის ყოველივე, რასაც წიგნის გმირები განიცდიან, მოსალოდნელი და უბედურების მომასწავებელია. არ არსებობს ადამიანი, რომელიც შორს დგას ცხოველების სასაფლაოსგან, რადგან ეს ადგილი სიკვდილის სავანე და იმ მდუმარების აკვანია, რომელშიც ადრე თუ გვიან ყოველი სულიერი ჩაესვენება და არანაირი აზრი არ აქვს პატარა ბავშვისთვის ამის დამალვას. ის მაინც მიხვდება, რომ მისი კატა, რომელიც ტრაილერმა გაიტანა, ფეხზე ვეღარასდროს წამოდგება .

თუკი არ...


ძნელია დაუშვა ის, რაც არ გინდა რომ დაუშვა. შეიძლება გსმენოდეს ამის ათასგვარი ვარიაცია და ისტორია, რომელშიც დეტალურად იყო აღწერილი ყოველი მოქმედება, მაგრამ მაინც შორეული, უცნობი და დაუჯერებელი გეჩვენოს, თუმცა დგება მომენტი, როცა გახსენდება ძველი პარადოქსი - "ვინ ჭრის ქალაქელ დალაქს?"

'' ერთ ქალაქში ერთი დალაქი ცხოვრობდა და ის მხოლოდ იმ ადამიანებს ჭრიდა, ვინც თავად არ იცოდა თმის შეჭრა. დრო გადიოდა და არაფერი იცვლებოდა, პასუხგაუცემელი რჩებოდა მხოლოდ ერთი კითხვა - ვინ ჭრის ქალაქელ დალაქს? ''

იხსენებს გამოცანას მთავარი გმირი და თვალწინ უდგება მესაფლავე ძია კარლი და კიდევ ერთი პასუხგაუცემელი კითხვა - ვინ დაასაფლავა მესაფლავე ძია კარლი?

ცხოვრებისეული დრამატიზმით დატვირთული საშინელება ერთიანად ამძიმებს ისედაც მძიმე სიუჟეტს და ყოველ ნაბიჯზე სურვილს გიჩენს, შორს მოისროლო ეს დაწყევლილი წიგნი და მის შესახებ აღარასდროს არაფერი გაიგო. ეს გრძნობა უცხო არ არის, თავად პერსონაჟებსაც ასეთი გრძნობა აქვთ თავიანთი ცხოვრების მიმართ, თუმცა არსებობენ გამონაკლისებიც. ასეთ გამონაკლისს მიეკუთვნება ოთხმოც წელს გადაცილებული ჯუდი, რომელიც ართრიტით გაწამებულ მეუღლესთან ერთად ცხოვრობს ახლადდასახლებულ ოჯახის მეზობლად და ყველანაირად ცდილობს მათ უცხო ქალაქის სიუცხოვე არ აგრძნობინოს და დეტალურად გააცნოს ყოველი კუთხე-კუნჭული - ადგილობრივი ქიმიური ქარხნის კუთვნილი მაღალსიჩქარიანი ტრაილერებით გადატვირთული გამყოფი გზიდან დაწყებული ინდიელების კუთვნილ მიწაზე გათხრილი ცხოველების საფლავებით დამთავრებული.


ჯუდს უადვილდება მწარე რეალობისთვის თვალის გასწორება. მისი სიტყვები კი კარგად წარმოაჩენს ამ რეალობის აღქმის საკითხში ეპოქათშორის სხვაობას . - "ჩვენს დროში სიკვდილთან უფრო ახლო დამოკიდებულება გვქონდა... არა, მაშინ სიკვდილს სკოლაში არ ასწავლიდნენ. ის უბრალოდ მოდიოდა შენთან სახლში და სავახშმოდ ჯდებოდა."

რაც არ უნდა ბევრი ვილაპარაკოთ, ცხოველების სასაფლაო მაინც ბოლომდე ამოუცნობ და მისტიურ წიგნად რჩება. საამისოდ ისიც კი კმარა, რომ თავად კინგმა ვერა და ვერ შეიყვარა თავისი ქმნილება, რომელიც ავტობიოგრაფიული ელემენტებით იმდენად დახუნძლა რომ ჰორორით შეზავების დროს, ის, პირველი ინგრედიენტი რომ უკვე დამატებული ჰქონდა, დაავიწყდა და  მასშიც რაღაც შიშები აღძრა. თუმცა, ეს მხოლოდ ვარაუდია და ვინ იცის, შეიძლება წიგნი მართლაც არაფრად ვარგა, თუმცა ამის მიუხედავად მაინც ძნელია ყურადღება არ მიაქციო იმ დეტალებს, რომლებიც აქა-იქ თავს იჩენს და ცოტა ხნით გავიწყებს საფლავის მიწის სურნელებით ამყრალებულ კატას.

საერთოდ, კინგი სოციალური მოდგმის მწერალია და ეს მის წიგნებშიც კარგად ჩანს. მისი საუკეთესო ნამუშევრებიც ხომ პატარა, ამერიკულ ქალაქებში აღწერილი მოვლენებია. ამ მხრივ ცხოველების სასაფლაოში საინტერესოდ აქვს გამოყოფილი ინდიელების თემა. ზოგადად, ცნობილია რომ ამერიკელებს საკუთრების და უძრავი ქონების მიმართ განსაკუთრებული დამოკიდებულება აქვს, მიწის ნაკვეთი, რომელიც მათ ეკუთვნის, ხშირად ბაბუის ბაბუის ბაბუის მიერ არის მოზომილი, პირველი პილიგრიმობის დროს და არ უნდა გაგიკვირდეთ, თუ ამის დამადასტურებელ ეტრატსაც გიჩვენებენ, სადღაც წინა საუკუნეებში რომელიღაც ევროპელი მეფის ხელმოწერით. თუმცა, კინგი ხაზს უსვამს, რომ მიუხედავად ამერიკელების მიერ კონტინენტის დაპატორნებისა, მიწის მიმართ მათი პირვანდელი პატრონების კვალი არ გამქრალა და ისინი მუდმივ კავშირში არიან ახლაც. არ არსებობს გაწყვეტილი კავშირი მეპატრონეს და წართმეულ მიწას შორის. ისევე როგორც შეუძლებელია კავშირის გაქრობა სიკვდილსა და სიცოცხლეს შორის.


წიგნი არ უყვარს, მაგრამ უყვარს რამონესი. რამონესი აფორმებს მთელ ამ შემძრწუნველ ამბავს. მისი როკ'ნ'როლი ახმიანებს მიცვალებულთა ძვლებს, მისი რიტმული ჰანგები ჩაესმით ჭირისუფლებს და უდროო დროს გაუაზრებლად ჰყვებიან მისამღერს. რამონესის მუსიკის ხმა ის გამონათებაა, რაც სიკვდილზე გაბრაზებულ და უიმედო ადამიანებს სიცოცხლისკენ აბრუნებენ და სისულელის ჩადენაზე ხელის აღებას აფიქრებინებენ, თუმცა ადამიანები რის ადამიანები არიან, სწორ დროს რომ სწორად დაფიქრდნენ.
...ხოდა დგანან ასე, ცოცხალ-მკვდრები, მომავლის და ნათელის იმედის გარეშე.






ავტორი: ირაკლი სულაძე

03 April, 2015

შიში დიდი შინ-IT

ემოდგომა კი კართან იდგა და იცდიდა...
იცდიდა და ელოდა ზამთრისწინა სუსხს, ქარბუქს, გამხმარი ფოთლის ტეხვის ხმას, გამოჭრილ გოგრაში დანთებული ცეცხლის ხმას, ქვაფენილზე ჩამოდენილ ტალახიან წყლის და ნაწვიმარი ასფალტის სურნელს. იცდიდა, რადგან იცნობდა ქალაქს, რომელსაც უნდა შეხვედროდა. ეს პატარა ქალაქი იყო, პატარა ქალაქები კი განსაკუთრებით მგრძნობიარენი არიან ყველაფრის - მათ შორის წელიწადის დროების მიმართაც. ეს ქალაქი სალემი იყო. სალემიდან, რამდენიმე წლის შუალედით, ათობით ადამიანი გაუჩინარდა. უფრო სწორად, კიარ გაუჩინარდა - მოკვდა! დაიხოცნენ ისე, რომ სალემში ბუნებრივი სიკვდილი ლამის სანატრელი გახდა. ამერიკის ეს პატარა ქალაქი გახდა შუშის სფეროგადაფარებული სათამაშო, რომლის თითოეულ მცხოვრებსაც ყოველი მომდევნო დილის გათენება შიშის ზარს სცემდა.

შიში და შიშის ფსიქოლოგია რაც არ უნდა უცნაური იყოს, ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო სფეროა. ის კი უფრო საინტერესოა, რომ შიშის, როგორც მოვლენის გამოსაკვლევად საუკეთესო ხერხი - საშინელებათა ჟანრია. ჟანრი, რომელსაც ინგლისურად მარტივად horror ეწოდება.  ეტიმოლოგიურად, უნდა ვაღიაროთ, რომ ჰორორის პირდაპირი ქართული თარგმანი - „საშინელება“ ბევრად სუსტად ჟღერს და იმის ნახევარსაც არ გადმოსცემს, რასაც, მაგალითად, რუსული - ужас. შეიძლება ამიტომაცაა, რომ საშინელებათა ჟანრმა ჩვენში აგდებული და არასერიოოზული დამოკიდებულება დაიმსახურა. „უჟასების“ ოთხმოცდაათი პროცენტი თავის ხერხიან-ზარებიანად ერთი დიდი კომედიაა. კომედია, რომელზეც დალაგებულ ადამიანს არ უნდა გაგეცინოს, სხვა მხრივ კი ამ ყოველივეში საშიში არაფერი. შიში ბევრად უფრო რთული და დაფარული გრძნობაა. საშინელება ყველაზე შემზარავი მაშინ არის, როდესაც ის არ ჩანს. ის, როგორც ბოროტების მთავარი დამქაში ლოგინის ქვეშ ან ტანსაცმლის კარადაში იმალება, მის თვალებს ვგრძნობთ ბნელ დერეფნებში და ძალაუნებურად ვუჩქარებთ ნაბიჯს. სწორედ იმიტომ არის ჰორორი საინტერესო, რომ ის გვთავაზობს სამყაროს ყველაზე დაფარული ოთახების გასაღებს, რომელიც ამასთან ერთად არც მთლად ფანტასტიკურია.

სტივენ კინგმა, „ღამის ცვლის“ შესავალში საკმაოდ ბევრი ილაპარაკა ჰორორზე და იმ შინაგან სურვილებზე, რის გამოც მან საშინელებათა ჟანრს მოკიდა ხელი. მისი თქმით, ადამიანები ვკითხულობთ ნოველებს საშიში შინაარსით, თუნდაც იმიტომ, რომ დავთრგუნოთ ჩვენი საკუთარი შიშები. ეს შიშები კი, არ არის არც ვამპირების, არც მოჩვენებებისა და არც სიკვდილის შიში. ჩვენ სხვა, ერთი შეხედვით უმნიშვნელო მოვლენების მიმართ უფრო დიდი შიში გვაქვს. ჩვენ გვეშინია ბრძოლის, იმედის, თავაზიანობის, სიხარულის, ასაკობრივი ზრდის, მსუყედ ჭამის, უჭმელობის, შუქნიშანზე სწორად გადასვლის და სისუფთავის დაცვის, ქართული ასოებისთვის საკუთარი სახელის დარქმევისაც კი გვეშინია; და არავინ თქვას, რომ ეს უბრალოდ უყურადღებობა ან სიზარმაცეა. ეს შიშია! შიში, რომელსაც ვერ ვებრძვით და ნელ-ნელა მისი მსხვერპლი ვხდებით.

აუცილებელი არ არის დიდრონმა შავმა თვალებმა შემოგვანათოს, ან ბნელ ოთახში მძიმე სუნთქვის ხმა გავიგოთ, არც სასიკვდილო დიაგნოზია საჭირო სიკვდილის შიშისთვის. შესაბამიასად, ვამპირები და ბანჯგვლიანი მონსტრები - არ არის ის, რისთვისაც იქმნება საშინელებათა ლიტერატურა. საქმე ბევრად რთულად არის. როდესაც „სალემის ლოტში“ აღწერილია პატარა ქალაქის ბატონმპყრობელობა თავის მცხოვრებლებზე, ნაჩვენებია მისი - როგორც ყოველისმცოდნის და ყოვლისმჭვრეტელის სახე, ძნელია ამ ყოველივეს მხოლოდ მხატვრული ლიტერატურის ჭრილში უყურო. ჰორორი რაღაცით ფოკუსის პრინციპს ჰგავს (a.k.a. „პრესტიჟში როა, ის“) - ის მანამ არის საშიში და საინტერესო, სანამ არ ჩანს, სანამ ჩუმად მოიპარება და მანამ არ მოგეშვება, სანამ ძილის წინ სხეულის ყველა ნაწილს არ დაიფარავ იმის შიშით, რომ ლოგინის ქვეშიდან ამოსულმა კლანჭმა ხელი არ ჩაგავლოს. იცი, რომ ის არ არსებობს,მაგრამ მაინც გირჩევნია დაცული იყო. რა იცი, რა ხდება...

ძილის წინ "იმ" ერთი მომენტის გარდა, არის კიდევ რამდენიმე მომენტი. ერთ-ერთი მათგანი მთლიანად ძილისწინა შიშებს უკავია. ეშინია - ყველას, განურჩევლად სქესის, ასაკის და მისწრაფებებისა. ამ ნაწერსაც ალბათ რაღაცის ეშინია, ამიტომ სჯობს ფარად ჰორორის მთავარი ოსტატის სიტყვები ამოვუყენოთ.

"ასე რომ, ქუჩაში ისევ ბნელა და წვიმს, მაგრამ ჩვენ წინ ფრიად საინტერესო საღამო გველის. იმიტომ, რომ მე თქვენთვის რაღაცის ჩვენებას ვაპირებ. თქვენ კი შეგიძლიათ მას ხელით შეეხოთ. ის აქვეა, მეზობელ ოთახში...
თუმცა, უფრო ახლოს - მომდევნო გვერდზე...
მაშ, მზად ხართ?"

/ბრიჯსტონი, მენი, 1977 წლის 27 თებრევალი/


ავტორი: ირაკლი სულაძე