დენ სიმონსის ჰიპერფანტასტიკური ილიადა

სამეცნიერო ფანტასტიკის ჟანრის განვითარებამ დიდი ოთხეულის და მათი თანამედროვე კლასიკოსების შემდეგ მცირედით შეიცვალა კალაპოტი და მეოცე საუკუნის 80-იანი წლებიდან სულ მთლად ახალ საფეხურზე აინაცვლა.

ნილ გეიმანის Marvel 1602

2001 წელს ნილ გეიმანმა, გრაფიკულის ნოველების აწ უკვე აღიარებულმა მწერალმა და The Sandman-ის შექმნელმა, გადაწყვიტა Marvel-თან ეთანამშრომლა და ბედი მეინსტრიმულ კომიქსში მოესინჯა (უფრო სწორად, თავად Marvel-ისგან მიიღო შემოთავაზება).

არტ შპიგელმანის ომგამოვლილი თაგვი

„როდესაც რამდენიმე დღით ერთ ოთახში ჩაგკეტავენ მშივრებს, იქ სიტყვა "მეგობარი" აღარ არსებობს.“

„უფრო მეტი, ვიდრე ადამიანი“: თეოდორ სტარჯენის ევოლოციური თეორია

„ჩვენ გვჭირდება არა ფიზიკური, არამედ - ფსიქიკური ევოლუცია“.

Showing posts with label კლასიკა. Show all posts
Showing posts with label კლასიკა. Show all posts

03 May, 2015

რა ტიპის ლიტერატურულ თარგმანებს გვპირდება წიგნის ეროვნული ცენტრი


უკვე რამდენიმე წელია, ,,ქართული წიგნის ეროვნული ცენტრი" აქტიურ პროპაგანდას ეწევა საზოგადოებაში ბეჭდური ლიტერატურის პოპულარიზაციის მიზნით. საბედნიეროდ ეს დაწესებულება მარტო არ არის და მხარში სხვადასხვა გამომცემლობები თუ წიგნის მაღაზიები უდგას. ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში, მიუხედავად ნელი ტემპისა, მაინც ითარგმნებოდა საინტერესო ლიტერატურა უცხოური ენებიდან. წელს კი ,,ქართული წიგნის ეროვნული ცენტრი" გაცილებით უფრო მრავალფეროვან წიგნების ასორტიმენტს გვპირდება. ჩვენ გთავაზობთ 2015 წელს სათარგმნი წიგნების სიას მოკლე ანოტაციით, რომლებზეც ნელ-ნელა უფრო კონკრეტულ მიმოხილვებსაც დავდებთ.(ზოგი წიგნი უკვე თარგმნილიც კი არის)

1)



რობერტ ბერნსი- ლექსები

გამომცემლობა- ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა

რობერტ ბერნსი შოტლანდიელი პოეტი გახლავთ, რომელიც შოტლანდიის ეროვნულ პოეტადაც არის მიჩნეული. მისი დაბადების დღე, 25 იანვარი შოტლანდიის ერთ-ერთ უმთავრეს დღესასწარულად ითვლება. ის იმ პოეტთა რიგს მიეკუთვნება, რომლებიც ლექსებს ორიგინალ შოტლანდიურ ენაზ წერდნენ, თუმცა მიუხედავად ამისა, ბერნსს ლექსების უმეტესობა ინგლისურ ენაზე აქვს დაწერილი, სადაც აშკარად იგრძნობა შოტლანდიური დიალექტი. იგი გახლავთ ,,პიონერი" ერთ-ერთი ხელოვნების მიმდინარეობის- რომანტიზმის. გარდაცვალების შემდეგ იგი გახდა ლიბერალური და სოციალური მოძრაობების ლიდერთა შთაგონების წყარო. ცნობილი ფაქტია, რომ ბერნსი აგროვებდა ძველ შოტლანდიურ ფოლკლორის ნიმუშებს და ზოგჯერ მათ ადაპტირებასა და მოდერნიზებას ახდენდა.



2)


ჯორჯ გორდონ ბაირონი- ლექსები

გამომცემლობა- მუსიკალური ფონდი

ბაირონის კალიბრის მწერალი მსოფლიო პოეზიას რომ გამოაცალო, თავზე ჩამოგვენგრევა, რადგან იგი გახლდათ ყველასთვის ცნობილი მიმდინარეობის- რომანტიზმის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ფუძემდებელი. მისი პოპულარობა დაიწყო ,,ჩაილ ჰორალდის" გამოქვეყნებით, რომელიც გახდა არსებული რეალობის წინააღმდეგობის სიმბოლო. ბაირონის შემდეგ მრავალი მწერალი თუ პოეტი მოექცა ამ კაცის გავლენის ქვეშ. ბაირონი ვერ ეგუებოდა არსებულ მდგომარეობას, ოცნებობდა უფრო ნათელ ცხოვრებაზე. ბაირონი გახდა უდიდესი მნიშვნელობის პოეტი, რადგან იგი წერდა მსოფლიო მნიშვნელობის მელანქოლიაზე, იმ საკითხებზე, რაზეც აქამდე ფაქტობრივად არავინ წერდა ან უბრალოდ ცდილობდნენ და ვერ გამოსდიოდათ. ბაირონმა კი გაბედა და დაუპირისპირდა მოცემულ მდგომარეობას და შთააგონა სხვა მწერლებიც მსგავსი იდეებით. ,,მუსიკალური ფონდი" კი მის ლექების თარგმანს 2015 წლისთვის გვპირდება.



3)



კურტ ვონეგუტი- ,,მეხუთე სასაკლაო ანუ ბავშვთა ჯვაროსნული ლაშქრობა"

გამომცემლობა- დიოგენე


კურტ ვონეგუტი ამერიკელი მწერალი გახლავთ. იგი არის ისეთი ცნობილი ნაწარმოებების ავტორი, როგორიცაა : კატის აკვანიმეხუთე სასაფლაო ანუ ბავშვთა ჯვაროსნული ლაშქრობა. ამ ადამიანმა პირადად გამოიარა მეორე მსოფლიო ომის საშინელება. უფრო მეტიც, იგი ომის ტყვე გახლდათ და შრომით ბანაკში ამუშავებდნენ. ვონეგუტს და მის თანამოაზრეებს სასაკლაოში ამუშავებდნენ, რომელსაც ,,სასაკლაო N5" ერქვა. ამ ამბებიდან 25 წლის შემდეგ კი მან გამოაქვეყნა მოთხრობა ,,მეხუთე სასაკლაო", რომლის თარგმანს დიოგენე გვპირდება. მანამდე კი მისი ნაწარმოებების მიმოხილვას ზემოთ მოცემულ ლინკებზე შეგიძლიათ გაეცნოთ.


4)



ელის მანრო- ძვირფასი სიცოცხლე

გამომცემლობა- დიოგენე

ელის მონრო გახლავთ კანადელი მწერალი. მუნროს ნამუშევრებმა რევოლუციური ცვლილება გამოიწვია მოკლე მოთხრობების სტრუქტურის აღნაგობაში. განსაკუთრებით კი ის ნიუანსია აღსანიშნავი, რომ ელისის ნაწარმოებებს აქვთ ტენდეცია დროში მოგზაურობის წინ და უკან. მსგავსი ეფექტი ნამდვილად უნიკალურს ხდის მის ნაწარმოებებს. გამომცემლობა დიოგენე კი გვპირდება ელის მანროს მოთხრობების კრებულის- ,,ძვირფასი სიცოცხლის" სრულ თარგმანს, რაც ნამდვილი სიუპრიზია ნებისმიერი მკითხველისთვის.



5)



ჯულიან ბარნსი- ინგლისი, ინგლისი

გამომცემლობა- დიოგენე


ჯულიან ბარნსი ბრიტანელი მწერალია. იგი ქართველი მკითხველისთვის წესით უცხო არ უნდა იყოს, რადგან დიოგენეს გამომცემლობამ უკვე თარგმნა ბარნსის 2 წიგნი, ,,დასასრულის განცდა" და ,,ფლობერის თუთიყუში". ამჯერად კი იგივე გამომცემლობა ემზადება ჯულიან ბარნსის ახალი წიგნის, ,,ინგლისი, ინგლისის" გამოსაცემად, რომელიც რამდენიმე სერიოზულ ლიტერატურული პრიზის ნომინაციაზეც კი იყო წარდგენილი. ,,ინგლისი, ინგლისი" ეხმაურება ქვეყნის იდენტობის შენარჩუნების საკითხს, გამოგონილ კულტურასა და ტრადიციას, მითებსა და ნამდვილ ისტორიას. იგი ნამდვილი პოსტმოდერნული შედევრია.


6)




ჯონ ფაულზი- ფრანგი ლეიტენანტის საყვარელი

გამომცემლობა- დიოგენე


ჯონ ფაულზი ბრიტანელი მწერალია, რომლის ნაწარმოებები მოდერნიზმსა და პოსტმოდერნიზმს შორის შეგვიძლია მოვაქციოთ. კრიტიკოსების აზრით, ჯონის ნაწარმოებებზე სერიოზული გავლენა ჰქონდა კამიუს. რაც შეეხება ,,ფრანგი ლეიტენანტის საყვარელს", ის პოსტმოდერნული ისტორიული რომანია. ამ წიგნში თქვენ შეხვდებით მოყვარული ნატურალისტის- ჩარლზ სმიტსონისა  და თავისუფალი ბუნების მქონე ქალის- სარა ვუდრაფის სასიყვარულო ისტორიას. მოქმედება მეცხრამეტე საუკუნის შუა ხანებში ვითარდება და თხრობაც სწორედ სარას ამბით იწყება.



7)



გილიან ფლინი- გაუჩინარებული ქალი

გამომცემლობა- პალიტრა L


გილიან ფლინი გახლავთ ამერიკელი მწერალი, სცენარისტი, გრაფიკული ნოველების ავტორი და ამასთანავე კრიტიკოსი. მისი ერთ-ერთი წიგნი ,,გაუჩინარებული ქალი(Gone Girl)" უკვე ყველასთვის ცნობილია, რადგან 2014 წელს დეივიდ ფინჩერმა წიგნის სიუჟეტის მიხედვით ფილმი გადაიღო. წიგნში მოთხრობილია ნიკისა და ემის რთული ქორწინების შესახებ. წიგნი პირველი ნაწილი პირველ პირშია დაწერილი, სადაც ნიკი და ემი ერთმანეთს ენაცვლებიან ამბის თხრობისას. ნიკი საუბრობს აწმყოდან, ხოლო ემი კი წარსულიდან. მათ საუბარს დღიურის სახე აქვს. ეს ორი ტიპის ამბავი ერთმანეთისგან კოლოსალურად განსხვავდება. კერძოდ რა განსხვავებაა, ამას მალე მკითხველი ქართულ ენაზე შეიტყობს.



8)



დინ ქუნცი- უცნაური თომასი

გამომცემლობა- პალიტრა L


დინ ქუნცი ამერიკელი მწერალია, რომელიც ტრილერის ჟანრის ნამდვილად ღირსეული წარმომადგენელია, რომელიც აქტიურად და წარმატებულად მოღვაწეობს ისეთ ჟანრებშიც, როგორიცაა: საშინელება და მისტიკა-ფენტეზი. რამდენიმე მისი წიგნი ,,ნიო იორკ თაიმზის" ბესტსელერების სიაშიც კი მოხვდა. უცნაური თომასი ტრილერის ჟანრის წიგნია, რომელიც 2003 წელს გამოიცა. წიგნის დასაწყისში ნაწარმოების მთავარ გმირს, თომასს უახლოვდება ახალგაზრდა გოგონას მოჩვენება, რომელიც გააუპატიურეს და შემდეგ დაუნდობლად მოკლეს. თომასს აქვს უნიკალური შესაძლებლობა გარდაცვლილთა სულებთან საუბარის. სწორედ მსგავსი უნარი აძლევს საშუალებას ამ გოგონას მკვლელის ვიანობა დაადგინოს. აქედან იწყება მისი თავგადასავალი.





9)



ქეით რუთ დეივის- ვამპირული ომები

გამომცემლობა- ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა

ქეით რუთი ბრიტანელი მწერალია, რომელიც 14 წლის განმავლობაში მოგზაურობდა და პარალელურად წერდა კიდეც. ამჟამად იგი საქართველოში ცხოვრობს და მუშაობს, როგორც ინგლისური ენის სპეციალისტი. მისი წიგნი ვამპირული ომები მოგვითხრობს თინეიჯერ დეას შესახებ, რომელსაც აქვს უნარი ვამპირების ამოცნობის. იგი ყველანაირად ცდილობს თავი აარიდოს ამ სისხლისმსმელ არსებებს, თუმცა ცხოვრებაში ყველაფერი ისე არ არის, როგორც ჩვენ გვინდა. დეა იძულებული ხდება საშინელ თავგადასავალში მიიღოს მონაწილეობა, სადაც გამჭრიახობა და წინდახედულობა უმნიშვნელოვანესია.


10)


რენე დეკარტე- სულის ვნებანი

გამომცემლობა- აგორა

რენე დეკარტე ფრანგი ფილოსოფოსი, მათემატიკოსი და მწერალი გახლავთ, რომელმაც მთელი თავისი ცხოვრება ჰოლანდიაში გაატარა. იგი თანამედროვე ფილოსოფიის ერთ-ერთ ფუძემდებლად არის აღიარებული. საბედნიეროდ, გამომცემლობა ,,აგორა" გვპირდება დეკარტეს ბოლო ნაშრომს, ,,სულის ვნებანს", რომელიც ავტორმა მიუძღვნა ბოჰემიის პრინცესა ელიზაბედს. მწერალი ცდილობს ვნებეთა ცნების ახსნას, რაც თანამედროვე ეპოქაში იგივდება ემოციებთან და რომელიც ფილოსოფოსთა დავის საგნად არის ქცეული პლატონიდან მოყოლებული.



11)



მარსელ პრუსტი- სოდომი და გომორი

გამომცემლობა- არტანუჯი


ალბათ ყველამ იცის, რომ მარსელ პრუსტი იყო ფრანგი მწერალი, კრიტიკოსი და ესეისტი, რომელიც ცნობილია თავისი ფილოსოფიური ნაშრომით, ,,დაკარგული დროის ძიებაში", რომელიც იყოფა 7 ძირითად ნაწილად. 2015 წელს კი გამომცემლობა ,,არტანუჯი" გვთავაზობს ამ 7 ნაწილიანი თხზულების მეოთხე ნაწილის თარგმანს, რომელსაც უკვე ძალიან ბევრი ადამიანი სულმოუთქმელად ელოდება.




12)





ალესანდრო ბარიკო- მეოცე

გამომცემლობა- ძია ნოდარის წიგნები


ალესანდრო ბარიკო იტალიელი მწერალი და რეჟისორია, რომლის წიგნები ძალიან ბევრ ენაზეა თარგმანი. წიგნის ეროვნული ცენტრის კონკურსში გამარჯვებული სწორედ მისი ერთ-ერთი წიგნი, ,,მეოცე" გახდა. გამომცემლობა ,,ძია ნოდარის წიგნები" კი მის ქართულ თარგმანს გვპირდება.




13)


კარლო ჩიპოლა- სახალისო, მაგრამ არც ისე


გამომცემლობა- ძია ნოდარის წიგნები



კარლო ჩიპოლა იტალიელი ეკონომიკის ისტორიკოსი გახლდათ. ბავშვობაში მას სურდა ეკონომიკისა და ფილოსოფიის შესწავლა, თუმცა უნივერსიტეტში მოწყობის შემდეგ, ერთი ლექტორის წყალობით, მან ნამდვილი ლტოლვა აღმოაჩინა ეკონომიკის ისტორიის მიმართ. ჩიპოლა საკმაოდ ,,ანცი" ბუნების ადამიანი გახლდათ. მან დაწერა წიგნი ,,სახალისო, მაგრამ არც ისე", რომელმაც ამ ადამიანს ძალიან დიდი პოპულარობა მოუტანა და ყოველ წელიწადს წიგნის ახალი ეგზემპლარი გამოიცემა და მილიონობით მათგანი იყიდება. ჩიპოლას აზრით მსოფლიოში არსებობს ადამიანთა ჯგუფი, რომელიც სულელებით კომპლექტდება. მისი აზრით, ასეთი დაჯგუფება ნებისმიერ მაფიაზე ძლიერია.


14)




გიორგოს სეფერისი- ლექსები

გამომცემლობა- ინტელექტი


გიორგოს სეფერისი გახლავთ ბერძენი პოეტ-დიპლომატი. იგი არის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ბერძენი პოეტი მე-20 საუკუნის ბერძნულ ლიტერატურაში, ამასთანავე, ნობელის პრემიის ლაურეატიც. გიორგოსზე დიდი გავლენა იქონია კვირპოსის კუნძულმა, როდესაც პირველად ეწვია. მისი ლექსების ნაწილის შთაგონების წყარო სწორედ ეს კუნძული გახდა. გამომცემლობა ინტელექტი კი მისი ლექსების თარგმანს გვპირდება.


15)



სვეტლანა ალექსიევიჩი- ჩერნობილის ლოცვა. მომავლის ქრონიკა

გამომცემლობა- არტანუჯი



სვეტლანა ალექსიევიჩი ბელარუსელი ჟურნალისტი და პროზაიკოსი. 2014 წელს იგი იყო ნომინირებული ნობელის პრემიის დაჯილდოებაზე. სვეტლანა მინსკში ცხოვრობდა, როდესაც ჩერნობილის კატასტროფა მოხდა. მან ინტერვიუ ჩამოართვა 500-ზე მეტ თვითმხილველს: მეხანძრეს, ლიკვიდატორებს(რადიაციისგან გამწმენდი სამსახური), პოლიტიკოსებს, ფიზოკოსებსა და ჩვეულებრივ მოქალაქეებს. ეს წიგნი ეხება ფსიქოლოგიურ და ინდივიდუალურ ტრაგედიას, რომელიც ჩერნობილის კატასტროფამ გამოიწვია.



ამას გარდა, წიგნის ეროვნული ცენტრის მიერ გამოცხადებულ კონურსში გამარჯვებული ნაწარმოებებია წარმატებული მენეჯერის, დიმიტრი დიმიტრიადის - ,,ვკვდები როგორც ქვეყანა" და ჯიბრან ხალილ ჯიბრანის პროზა და ესეისტიკა.







ავტორი: გიორგი წერეთელი

19 December, 2014

გამორჩეულ ჯენტლმენთა ლიგა


ისინი მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში დაიბადნენ და სხვადასხვა ეპოქის შვილები არიან. მათ მხოლოდ ერთი რამ აერთიანებთ. ისინი გამორჩნილ ჯენტლმენთა ლიგის წევრები არიან.

მარცხნიდან: კაპიტანი ნემო, ალან კუოტერმანი, მინა მიურეი, ჰავლი გრიფინი. უკან: მისტერ ჰენრი ჰაიდი


პირველი და ძირითადი ლიგა 1890 წელს ალან მურმა და კევინ ო'ნილმა შექმნეს და ჯენტლმენები ბრიტანეთის იმპერიის უსაფრთხოების სადარაჯოზე გამოიხმეს.

მეცხრამეტე საუკუნის ბოლოს პროფესორმა მორიარტიმ, იგივე "M"-მა, რომელიც ბრიტანეთის ინტელიგენციის წარმომადგენლობასთან ერთად მიწისქვეშა კრიმინალური სამყაროს წევრობასაც წარმატებით ითავსებდა, აღმოაჩინა რა, რომ ჩინელმა კრიმინალმა ფუ მანჩუმ მოიპარა ჰაერზე მსუბუქი მეტალი - კავორიტი, ნაძარცვის მის საწინააღმდეგოდ გამოყენების შიშით აღძრულმა, სასწრაფოდ დაავალა კემპიონ ბონდს, შეეკრიბა იმ დროისთვის მსოფლიოში გაბნეული საუკეთესო ინდივიდუალისტები და ისინი "იმპერიის სამსახურში" ჩაეყენებინა. 
ლიგის წარმატებული საბრძოლო ოპერაციების შემდეგ აშკარა აღმოჩნდა მორიარტის მზაკვრული მიზნები და ამჟამად ჯენტლმენები იძულებულნი იყვნენ დამქირავებლის წინააღმდეგ გაელაშქრათ. ამასობაში კი ისინი კიდევ ერთ ბრიტანელ ინტელიგენტს, მაიკროფტ ჰოლმსს უკავშირდებიან და უფროსი ჰოლმსი ხდება ახალი "M".

იმავე სახელწოდების 2003 წელს გამოშვებული სტივენ ნორინგტონის ფილმი

კომიქსების შემდგომ ადაპტაციებში ავტორებმა ლიგას დამატებს უბერებელი დორიან გრეი და ახალგაზრდა მსროლელი ამერიკიდან - ტომ სოიერი. სატელევიზიო ეკრანიზაციაში კი კუოტერმანის როლი შონ კონერმა მოირგო. დრო გადიოდა, იცვლებოდნენ პერსონაჟები, ემატებოდნენ ახალი გმირები, ერთადერთ ჯენტლმენად კი, რომლის ვიზუალიც ოდნავადაც არ შეცვლილა, გაგიკვირდებათ და უჩინარი კაცი იყო.


უჩინარი კაცი

ჰოლი გრიფინი, იგივე როდნი სკინერი. მშობელი - ჰერბერტ უელსი. ყოფილი ფიზიკოსი, რომელმაც მალევე გამოიგონა გაუჩინარების საშუალება. ერთადერთი, ვინც მას ხედავდა, იყო დოქტორი ჰაიდი. სკინერი თავისი უჩინარობით ძირითადად გასახდელებში გოგოებით ერთობოდა, რომელთაც შემდგომ დაორსულების მიზეზი სულიწმინდა ეგონათ. სკინერის ხულიგნობა შეუმჩნეველი არ დარჩა და საბოლოოდ "ზემოდან" დააკაკუნეს და გრიფინი სახელმწიფო საიდუმლო სამსახურში ჩაეწერა. მისი მთავარი პრობლემა იმაში მდგომარეობდა, რომ უხილავად მოძრაობისთვის აუცილებელი იყო სიშიშვლე. ამიტომ, სკინერი ხშირად ცივდებოდა.



მინა მიურეი

უილჰელმინა მიურეი, ნახევრად-ვამპირი. სახელი გაითქვა თავისი ყოფილი ქმრის - ჯონათან ჰარკერის მეშვეობით. ის ერთ-ერთ იმ გამონაკლის არსებებს მიეკუთვნება, რომლებსაც არ ეშინიათ დოქტორი ჰაიდის. გარდა ვამპირული ბუნებისა, მინას აქვს ადამიანის გონებაზე ზემოქმედების უნარიც. პირველად, რა თქმა უნდა, დრაკულასთან გამოჩნდა, როდესაც მისი მეუღლე ტრანსილვანიაში მიიწვიეს. ბედის უკუღმართობით, მინამაც დაკარგა ადამიანურობა, თუმცა კარგა ხანი მეუღლესთან და პროფესორ ვან ჰელსინგთან ერთად სწორედ ვამპირების წინააღმდეგ იბრძოდა. მინა პრაქტიკულად უკვდავია.



დორიან გრეი

ყოფილი არისტოკრატი, შემდგომში ფანტომის რაზმის წევრი, შემქმნელი : ოსკარ უაილდი. დორიანი უკვდავია და მას ასაკი არ ემჩნევა. გააჩნია სწრაფი რეგენერაციის და თვითგანკურნების უნარი. ახალგაზდობაში ჩათქმული სურვილი გრეის მოულოდნელად აუხდა და მისი პორტრეტი იქცა მის მეორე სახედ, რომელიც თავად არასდროს უნახავს. გარდა ნახსენებისა, ლიგაში გრეის მთავარი უპირატესობა მისი გონება და გამჭრიახობაა, მთვარი სისუსტე კი, თავისივე სახე. სახე, რომელიც მის პორტრეტზეა გამოსახული და მის ნაცვლად ბერდება. კინემატოგრაფიულ ვარიანტში რეჟისორმა მინას და დორიანის საინტერესო კვაზიურთიერთობაც წარმოგვიდგინა.



დოქტორი ჯეკილი / მისტერ ჰაიდი

რობერტ ლუი სტივენსონის მიერ შექმნილი კიდევ ერთი წარუმატებელი მეცნიერი, რომელმაც საკუთარი თავი მონსტრად აქცია. აგრესიის შემთხვევაში დოქტორში ბატონი ჰაიდი იღვიძებს. საკუთარი თავისგან გასაქცევად ჯეკილმა ბინა საფრანგეთში დაიდო. სწორედ იქ მიაკვლიეს ტომ სოიერმა და ალან კუოტერმანმა და ლიგის მიზნებისთვის ძალდატანებითაც შეიპყრეს. თავიდანვე ყველასთვის აშკარა იყო, რომ ლიგას სჭირდებოდა მუტრუკი ჰაიდი, რომელიც მის წინ ყველა და ყველაფერს ერთი ხელის მოსმით ანადგურებდა, საკუთარ ჭრილობებს კი ადამიანზე ბევრად სწრაფად იხორცებდა. თუმცა, აღმოჩნდება, რომ საბოლოოდ, ფიზიკურად სუსტი დოქტორი (ნემოსთან ერთად, რა თქმა უნდა) ლიგას უფრო მეტად დაეხმარება ვიდრე მისი მეორე სახე.



კაპიტანი ნემო

ჟიულ ვერნის ერთ-ერთი საუკეთესო პერსონაჟი. ნამდვილი სახელი - პრინცი დაკარი. ინდოელი რაჯას შვილი. ლიგის ინტელექტუალური ბაზისი, ინჟინერი და კიბერნეტიკოსი. ნემოს ტექნიკური მიღწევები აოცებდა მნახველს, მისი ნაუტილუსი კი ჯენტლმენთა ლიგის "სათავო ოფისია". ნემოს ნაუტილუსამდელი წარსული უცნობი და იდუმალებით მოცულია. კავორიტის ძიებაში ერთ-ეთი პირველი ჩაერთო, რიგი მიზეზების გამო ის და კუოტერმანი პრინციპულად განსხვავებული შეხედულების მქონე ადამიანები იყვნენ, თუმცა საბოლოოდ კარგ მეგობრებადა იქცნენ. მარსელებთან საბოლოო ბრძოლის შემდეგ თანალიგელებისგან განაწყენებული ნემო ტოვებს ლიგას და მის საყვარელ ხომალდს მიაშურებს. ამის შემდეგ ნემოს ამბავი აღარავის გაუგია.




ტომ სოიერი

მარკ ტვენის ცუღლუტი ახალგაზრდა გაიზარდა და დაკაცდა. დახელოვნდა იარაღის ხმარებაში და გახდა ამერიკის სადაზვერვო სამსახურის წევრი. ტომმა ისწავლა ვინჩესტერ 94-ის გამოყენება, რომელსაც მეტსახელად ეძახდა - "იარაღს, რომელმაც დაიპყრო დასავლეთი". ტომი "M"- ს წინააღმდეგ ოპერაციებში ჩართული არ იყო. ის უკვე შემდგომ, ლიგის მეორე მისიის დროს გამოგზავნეს ამერიკელებმა ფანტომის დასამარცხებლად. ფანტომის  დასამარცხებლად მას ყველაზე დიდი მოტივაცია ჰქონდა, ვინაიდან ამ ბოროტმოქმედმა ერთ დროს ტომის ბავშვობის მეგობარი, ჰეკლბერი ფინი მოკლა. მიუხედავად დორიან გრეის წინააღმდეგობისა, კუოტერმანმა მაინც ჩართო სოიერი ლიგაში. თანაც, კუოტერმანს ახალაგზრდა ტომი თავის დაღუპულ შვილს ახსნებდა. გადამწყვეტი შეტაკების დროს, კუოტერმანის მიერ დაჭრილი ფანტომი, რომელიც აღმოჩნდა რომ "M" ყოფილა, საკმაოდ შორი დისტანციიდან, სწორედ სოიერის ნასროლმა ტყვიამ მოკლა. სხვათა შორის, არც სოიერი ერიდებოდა ემა ჰარკერთან ფლირტს, თუმცა საბედნიეროდ, არაფერი გამოუვიდა.



ალან კუოტერმანი

სერ ჰენრი რაიდერ ჰაგარდმა პირველად ალან კუოტერმანი "სოლომონ მეფის მაღაროებში" გამოაჩინა, 1885 წელს. კუტერმანი იყო პროფესიონალი მონადირე და ბრიტანული იმპერიის პრესტიჟის დამცველი. მისი უკანასკნელი ექსპედიციის დროს კუოტერმანმა შვილი დაკარგა და ამის შემდგომ გადასახლდა კენიაში, სიმშვიდის საპოვნელად. მანამ სანამ "M" გამოიძახებდა, კუოტერმანი აფრიკით ტკბებოდა. თუმცა, იმპერიის წინააღმდეგ წამოწყებულმა მოძრაობებმა და ახალგაზრდა სოიერმა უბიძგა მოხუც მსროლელს, კვლავ ჩამდგარიყო იმპერიის სამსახურში. კუოტერმანი ლიგის საკვანძო პიროვნებაა, ყველაზე ბრძენი და ყველაზე გაწონასწორებული. მის ირგვლივ არიან გაერთიანებული ჯენტლმენები, მისმა სიკვდილმა კი ბუნებრივად ლიგის დაშლაც გამოიწვია. სიცოცხლის უკანასკნელი წუთები კუოტერმანმა სოიერთან გაატარა. მისი ბოლო სიტყვებიც ტომისადმი იყო მიმართული: "დაე, ახალი საუკუნე იყოს შენი, შვილო... ისევე, როგორც წინა იყო ჩემი...."





*           *           *


ჯენტლმენთა ლიგის პირველი გამოცემის შემდეგ, კიდევ ბევრჯერ შეიცვალა მისი წევრების ვინაობა. ცალკე, ლიგის გულშემატკივრებმა შექმნეს ალტერნატიული ლიგები, თუმცა საუკეთესოდ ისევ პირველი კლასიკური ლიგა რჩება. 
ეს ისტორიები არ ჰგავს ტიპურ სუპერგმირულ ისტორიებს. გამორჩეულ ჯენტლმენთა ლიგა აერთიანებს კლასიკური ნაწარმოებების პერსონაჟებს. პერსონაჟებს, რომლებიც ძნელად წარმოსადგენია სუპერგმირებად. 
ამგვარად, ალან მურმა შეძლო კლასიკური ლიტერატურა კლასიკური კომიქსად ექცია.








ავტორი: ირაკლი სულაძე


11 December, 2014

8 წიგნი, რომლებსაც საფუძლად სოციალური მოძრაობები და პოლიტიკური რევოლუციები დაედო




რევოლუციები, სახალხო მოძრაობები, პატრიოტული სულისკვეთებით, თუ უბრალოდ მშიერი კუჭით აღძრული ხალხის მასა საუკუნეების განმავლობაში არაერთხელ აჯანყებია მდიდარ ფენას.

01 December, 2014

ყვითელი ქრომი - ალდოს ჰაქსლი




"ზოგიერთი ცხოვრებაში ყველაფერს მზამზარეულ იდეებს არგებს. სხვები ფილოსოფოსობით ცდილობენ ცხოვრების გაუმჯობესებას. მავანი და მავანი კი თავის ცხოვრებას სხვისი ფილოსოფიით ამართლებს... ჩემი აზრით, ცხოვრებაში ფაქტები და მოვლენები დომხალივით არეულ-დარეულია, იდეები კი, თუნდაც ყველაზე ურთულესი - მაცდუნებლად მარტივი. ისე გამოდის, რომ აზრთა სამყაროში ყველაფერი ნათელია, ცხოვრებაში კი - ბუნდოვანი და აბურდულ-დაბურდული. ამიტომაც არის, რომ ადამიანთა უმრავლესობა სულიერად იტანჯება და უბედურია"

ყვითელი ქრომი ალდოს ჰაქსლის პირველი და ბევრით არაფრით გამორჩეული რომანია. 27 წლის ჰაქსლიმ თავისი პირველი ნაშრომი 1921 წელს გამოსცა და რაც არ უნდა სამწუხარო იყოს Brave New World-ის მოყვარულთათვის, მასში ჩადო ყველაფერი საიმისოდ, რომ მკითხველს არ შეჰყვარებოდა ახალი ავტორი.

ყვითელი ქრომი აღწერს მე-20 საუკუნის პირველი ნახევრის ინგლისის ერთ-ერთ პროვინციაში მიმდინარე ყოველდღიურობას. ახალგაზრდა პოეტი, დენის სტოუნი, დასასვენებლად ჩადის ქრომში და იწყებს იქაურობის შესწავლას, დაკვირვებას და ათვისებას. ქრომის ყოველდღიური მშრალი რუტინის მიუხედავად, უნდა ითქვას, რომ აქ მცხოვრები ადამიანები თვისებურად ყველა საინტერესოა. თუმცა, მათი ერთიანობა მრავალფეროვნებით გამოწვეული სიმშვენიერის ნაცვლად, ერთ დიდ აბდა-უბდას ემსგავსება, სადაც ყველა ლაპარაკობს, მაგრამ არავინ უსმენს ერთმანეთს. აქ ყველა პერსონაჟს თავ-თავისი საფიქრალი აქვს, და რეალურად, არც ერთი მათგანის საფიქრალი არის სერიოზული. ისინი სხედან, ყოველ დღე, ჩაის სვამენ, განიხილავენ ზოგადსაკაცობრიო თემებს, წინასწარმეტყველებენ ომს, (თუმცა რა თქმა უნდა, არც ერთი არის მზად ომისთვის და არც აპირებს მასში მონაწილეობის მიღებას) და რა თქმა უნდა, მატრაკვეცობენ. მატრაკვეცობენ საუბრის მანერით, ქცევით, საყვარელი კერძებით და ა.შ.
შეიძლება ითქვას, რომ ყვითელი ქრომი ჰაქსლის მხრიდან არის სერიოზული რეალისტური ნამუშევარი, რომელიც პრინციპში, ინგლისური ლიტერატურის მოყვარულებს ალბათ, დააინტერესებს, თუმცა მოგეხსენებათ, რეალიზმი იშვიათად ახარებს მკითხველს მოულოდნელი „აფეთქებებით“. სამწუხაროა, რომ ვერც ქრომში ვხვდებით მსგავს რამეს. მიუხედავად ამისა, მაღალი ფენის ინგლისელების მოქილიკე ჰაქსლი, რომელიც თავადვე ამ ფენას მიეკუთვნებოდა, საკმაოდ ოსტატურად ახერხებს იმდროუნდელი არისტოკრატიის უუნარობის და სიყალბის ჩვენებას. ადამიანები, რომლებიც მაღალ ინტელექტუალთა წრეს მიეკუთვნებიან, ერთმანეთისგან იმდენად შორს არიან, რომ ავტორი მათ გეომეტრიულ პარალელურ წრფეებს ადარებს, რომელთაც არაფერი აქვთ ერთმანეთთან საერთო.

"სიტყვა ადამიანის პირველი და ყველაზე გრანდიოზული გამოგონებაა. სიტყვამ შექმნა მთელი სამყარო"

მიუხედავად მოსაწყენი სიუჟეტისა, წიგნი საკმაოდ თავისუფლად იკითხება. მოკლედ და ამავდროულად სიღრმისეულადაა გაცნობილი თითოეული პერსონაჟი - კაცების გულთამპყრობელი ინგლისელი ბარონესა, აპოკალიპსის წინასწარმეტყველი ღვთის მსახური, ქრომის მფლობელი, ქალაქის ისტორიაში ცხვირით ჩამძვრალი მოხუცი და სხვანი.



დაკვირვებულ მკითხველს არ გამოეპარება სტოუნის ერთ-ერთი თანამეინახე - მისტერ სკოგანი, რომელიც ერთ-ერთი ჩაის სმის და საკაცობრიო პრობლემების განხილვის დროს, სახავს შორეული მომავლის უტოპიურ პროექტს. საუბრობს მოსახლეობის კასტებად დაყოფაზე, ცენტრალიზებულ სახელმწიფო აპარატზე, ემბრიონებზე და კიდევ ბევრ ისეთ რამეზე, რაც ანტიუტოპისტებს Brave New World-ს გაახსენებს.

ძალიანაც რომ ეცადო, ყვითელ ქრომს ვერ დაასპოილერებ, ვერც ერთ ინტრიგას ვერ მოკლავ წინასწარ. რადგან, წიგნში ინტრიგა არ არის. ინტრიგა მთავრდება პირველი გვერდის გადაშლიდანვე. მათ კი, ვისაც ჩემ მსგავსად ყვითელ ქრომში ჟანრის ერთ-ერთი საუკეთესო  წარმომადგენლისგან რაიმე გემრიელს ელოდა, სხვა გზა არ დარჩენია, ამაზე თავად უნად იზრუნოს. ჩაი კი... ჩაი ქრომში ბლომად აქვთ.


ავტორი: ირაკლი სულაძე

30 November, 2014

მიხეილ ლერმონტოვის „დემონი“, ანუ ფუნდამენტური ცვლილება ბოროტი ანგელოზის არსზე


(მიმოხილვა შეიცავს სპოილერებს, შესაბამისად რეკომენდირებული არაა მათთვის, ვისაც ჯერ არ წაუკითხავთ)

მე-19 საუკუნის შუა ხანებში ჯერ კიდევ მძლავრად ჰქონდა ფესვი მოკიდებული რომანტიზმსს, თუმცა ნელ-ნელა აშკარად ეტყობოდა ეპოქას, რომ სულ მალე ახალ ხელოვნების მიმდინარეობას ჩაეყრებოდა საფუძველი, მაგრამ მანამდე ჯერ კიდევ რამდენიმე ათეული წელი იყო საჭირო. მეცხრამეტე საუკუნის რომანტიზმში უმნიშვნელოვანესი ადამიანები გამოვიდნენ სამწერლო ასპარეზზე, როგორებიც არიან ჰიუგო და გოეთე. მათ არ ჩამორჩა რუსული ინტელიგენციაც და ამის დასტურია მიხეილ ლერმონტოვის შემოქმედება, რომლის გარეშეც მსოფლიო ლიტერატურის საგანძური, კერძოდ კი რომანტიკული პოეზია, ძალიან დიდი დანაკარგს განიცდიდა. ლერმონტოვის ბიოგრაფიას თუ გადავხედავთ, რამდენიმე საინტერესო დეტალთან ერთად შევამჩნევთ, რომ რუს მწერალზე უდიდესი შთაბეჭდილება იქონია გადასახლების პერიოდში საქართველომ, მისმა კულტურამ, ეთნიკურმა სილამაზემ და ბუნებამ. სამომავლოდ, სწორედ ეს ფაქტორები გახლდათ ლერმონტოვისთვის შთაგონების წყარო- რომელიც გამოვლინდა მის რამდენიმე სერიოზულ ნაშრომში. დღეს საუბარი სწორედ მის ერთ-ერთ ლექსზე, ,,დემონზე“ გვექნება.(სადაც მოვლენები სწორედ საქართველოში ხდება)

ვფიქრობ, ამ ლექსზე საუბრისას ყურადღება უნდა გავამახვილოთ რამდენიმე მნიშველოვან საკითხზე, რომელიც ჩემი აზრით, კარგად არის გაშლილი ნაწარმოებში. პირველ რიგში ადვილი შესამჩნევია, რომ სანამ მწერალი უშუალოდ ამბის თხრობაზე გადავიდოდა, მანამდე ის ლაპარაკს იწყებს ზოგადად ბოროტი ძალის, დემონის(თუმცა არ აგერიოთ ის ლუციფერში, ის უბრალოდ დემონია. ამას დიდი მნიშვნელობა აქვს, რომელიც ქვემოთ დაგვჭირდება) სვე ბედზე და მის არსზე. ლერმონტოვი აღნიშნავს, რომ ოდესღაც ის ბოროტი ძალაც კეთილი ანგელოზი იყო, რომელიც ლაღად გადაადგილდებოდა ნათლის სამეფოში. მას გააჩნდა სიყვარულის რწმენა და შესაბამისად ,,არ იტანჯვოდა სვებედნიერი არც მძულვარებით, არცა თუ იჭვით“. აქ უნდა დავუკვირდეთ რას ნიშნავს გამუქებული სიტყვები. თუ ქრისტიანობის ელემენტალურ დოგმატიკას გავიხსენებთ, ვნახავთ რომ სიყვარულში იგულისხმება ღმერთი( იონაე მახარებლის სიტყვები ,,ღმერთი სიყუარულისაი არს“), ხოლო რწმენა არის ის უმნიშვნელოვანესი ფაქტორი, რასაც ყურადღება ექცევა არა მარტო ქრისტიანობაში, არამედ მგონი ყველა რელიგიაშიც.( მაცხოვრის სიტყვები ,,იოტისოდენა რწმენაც რომ გაგაჩნდეთ, მთებს გადადგამდით“). აქედან გამომდინარე ლერმონტოვმა ხაზი გაუსვა იმ ფაქტს, რომ სიყვარულისადმი რწმენის დაკარგვა ნიშნავდა ღმერთისადმი რწმენის(კავშირის) გაწყვეტას, ხოლო სიკეთისა და სიყვარულის ნაკლებობა პირდაპირპროპორციულად ზრდის ბოროტის წილს. (სიბნელე ხომ უბრალოდ სინათლის ნაკლებობაა).

შემდეგი რამდენიმე თავის განმავლობაშიც ავტორი აგრძელებს დემონზე საუბარს და გვთავაზობს საკმაოდ საინტერესო აზრს: ,,ის დედამიწის იყო მფლობელი, თესავდა ბოროტს- გულგრილი თავად...“. მწერალს აშკარად მიაჩნდა რომ დედამიწის ბატონ-პატრონი ბოროტი ძალა იყო, რაც თავის თავში გულისხმობდა იმ უიმედობას, მწუხარებას და მარტოობას, რომელიც მწერლის აზროვნებაში იყო ფესვგადგმული. ეს პასიური რომანტისტული აზროვნების უტყუარი ნიშანია, როდესაც მწერალი ნიჰილისტურადაა განწყობილი წუთისოფლის ცხოვრების მიმართ და ფიქრობს რომ სიკეთე ძალიან ცოტაღაა დარჩენილი, ანუ ის მარტოა ამ ქვეყნად. ხელოვნების განვითარების შემდგომ საფეხურზე ამასთან დაკავშირებით მრავალი აზრი გაჩნდება, მაგალითად რეალიზმში რამდენიმე წლის შემდგომ დოსტოევსკი ,,ძმებ კარამაზოვებში“ შემდეგნაირ აზრს განავითარებს: ,,სატანა ღმერთს ებრძვის, ხოლო ბრძოლის ველი კი ადამიანთა გულებია“. აქ უკვე აშკარად ობიექტური ხედვა იკვეთება, დოსტოევსკმა აქ ყოველგვარი ნიჰილიზმის გარეშე ობიექტური ფაქტი დადო ლერმონტოვისგან განსხვავებით, რაც ეპოქათა შორის იდეოლოგიური განსხვავების ნათელი მაგალითია.

ამის შემდეგ ავტორი გადადის უშუალოდ ამბის თხობაზე, რომელიც საქართველოში ვითარდება. ამბის თხრობაც სწორედ ჩვენი ქვეყნის აღწერით იწყება. აქ აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ ლერმონტოვს ამ ნაწარმოებზე მუშაობა საქართველოში გადმოსახლებამდე ჰქონდა დაყწებული, ხოლო საქართველოში გადასახლების მერე კი ძირფესვიანად დაიწყო პოემის ადრინდელი ვარიანტების გადამუშავება, გაამდიდრა ნაშრომი ქართული უძველესი ლეგენდებითა და რწმენა-წარმოდგენებით და რაც ყველაზე მთავარია, ნაწარმოების მთავარ მოქმედ პირად აიღო ქართველი ქალის- თამარის სახე.

თამარი არ იყო ჩვეულებირვი ქალი. ის გახლდათ თავადიშვილი, რომლის სილამაზე განთქმული იყო მთელს რეგიონში. სიუჟეტის განვითარება კი სწორედ მისი ქორწილის სამზადისით იწყება, როდესაც მისი საქმრო ამალასთან ერთად მასთან მიიჩქარის. პარალელურად ვითარდება მეორე საინტერესო მოვლენაც. დემონი, რომელიც უგზო-უკვლოდ, მარტოდმარტო და სასოწარკვეთილი დაეხეტებოდა კავკასიის მთებში, ნახავს მოცეკვავე თამარს, რომლის არამიწიერი სილამაზე მყისიერად მოხიბლავს და თითქოს სიცოცხლის ხალისს, აზრს უბრუნებს და სწორედ ამიტომ, მის ერთადერთ კონკურენტს, ქალის სატრფოს მარტივად მოიშორებს თავიდან. საინტერესოა, დემონს, რომელიც სამარადჟამოდ ბოროტს, უიმედობასა და მწუხარებას თესავდა ქვეყნად, უეცრად ისეთი გრძნობა უჩნდება, რასაც სიყვარული შეიძლება დავარქვათ. განა ეს შესაძლებელია? ლერმონტოვს კი ამის აშკარად სწამს. მას მიაჩნია, რომ თვით უბოროტესი არსებაც კი შეიძლება შეიცვალოს სიყვარულის ზემოქმედებით, ანუ თვით აბსოლუტურ წყვდიადშიც კი არსებობს მცირედი ნათელიც.(სხვათაშორის ეს წმინდა ქრისტიანული აზროვნებაა, ჩვენი რელიგიაც სწორედ ამას იძახის). მწერალმა დემონი დაგვიხატა ამ ეპიზოდში როგორც ტრაგიკული არსება, რომელიც თავისივე ამპარტავნებისა და სიძულვისი მსხვერპლია, მაგრამ ამასთანავე სიყვარულის მცირედი ამბიციის მატარებელიც. დემონის პლანეტალური მასშტაბის ტრაგიზმსს ჩვენ უფრო კარგად შემდეგ ეპიზოდებში დავინახავთ, თუმცა მანამდე საჭიროა გავიხსენოთ როგორ ვითარდება სიუჟეტი.

მომავალი საქმროს გარდაცვალება შოკისმომგვრელი აღმოჩნდება თამარისთვის და მონასტერში მონაზვნად აღიკვეცება, თუმცა იგი მთელი თავისი სულით და გულით თავის გარდაცვლილ საქმროსთანაა გონებით, თვით ლოცვაზეც კი მასზე ფიქრობს: ,,თუ მოისურვა ლოცვის დაწყება, მხოლოდ ი მ ი ს თ ვ ი ს ლოცულობს გული...“. სწორედ ამ მომენტიდან იწყებს დემონი მცდელობას გამოეცხადოს თამარს და ამაში ის მთელ თავის ცბიერებას ჩააქსოვს, რათა ქალს უბრალოდ არ შეშინებოდა და ზურგი არ შეექცია მყისიერად.( ამ ყველაფერისთვის მას უკვე საფუძველი მომზადებული აქვს იმ სიზმრებით, რომელიც ქალას ესიმზრებოდა ხოლმე, სადაც დემონის ტრაგიკული სიტყვები ესმოდა). ყველაზე მეტად რასაც ვაფასებ ამ ტექსტში არის ის, რომ მწერალს არ უნდოდა დაეხატა ბოროტი სული , როგორც უბრალოდ სატანა, ბოროტების ბუდე მთელი თავისი მსახვრალი ბუნებით. მას სურდა მკითხველში თანაგრძნობა გაეღვიძებინა თავისი ტრაგიკული გმირის მიმართ. ლერმონტოვმა ძალიან ორიგინალური იდეა შესთავაზა მკითხველს. კერძოდ, მან ხაზი გაუსვა იმ ფაქტს, რომ სატანა ტკივილს ანიჭებს ადამიანთა მოდგმას, ხოლო დემონი კი თავად იჩაგრება ამ ტკივილის ფასად. სატანა განასახიერებს სამყაროში არსებულ ტკივილს ყოველდღიურ ცხოვრებაში, ხოლო დემონი კი უდიდეს სულიერ ტკივილს და მწუხარებას. აი რა სიტყვებს ამბობს ქალის წინაშე მდგომი ბოროტი ანგელოზი: 

,,იგი ვარ, ვისი ხმებიც გსმენია ღამის დუმილში, ყოველ ცისმარე,

ვისი ნაღველიც შენ მოგწვდენია, გევლინებოდა ვინაც სიზმარით,
ვინაც უწყალოდ ღუპავს იმედებს, ვისთვის სიყვარულს არვინ იმეტებს...“


ლერმონტოვის ბრწყინვალე ჩანაფიქრად მიმაჩნია ისიც, რომ დემონის ბნელ სულში არსებულ ბოროტებაზე ესტეთიკურ სილამაზეს და სიყვარულს ამარჯვებინებს, რაც გენიალური იდეა იყო მწერლის მხრიდან. თვალთმაქცი, ტირანი და სისხლისმსმელი დემონი სიყვარულით ,,დაბრმავებული“(კარგი მნიშვნელობით) პირველად იძახის გულწრფელ სიტყვებს:

,,ძალგიძს მომმადლო სიკეთის მადლი, კვლავ დამიმკვიდრო ზეცის ბინაში
ვით ანგელოსი, პირითა ნათლით, ახლად მიხილონ უფლის წინაშე...“


ზემოთ როგორც ვახსენე, ჩვენ პოემის მეორე ნაწილში ვხვდებით უფრო დიდ ტრაგიზმს, რაც სიბნელის ანგელოზის სიტყვებში ჩანს. იგი გარემოების მსხვერპლია, რომელმაც მას სამუდამოდ ეულად ყოფნა მიუსაჯა. მასში დაახლოებით ისეთივე მასშტაბის მარტოობას და მწუხარებას ვხვდებით, როგორიც მერი შელის ,,ფრანკენშტაინის“ შექმნილი მონსტრის გულშია:

,,მაშინ ვუხმობდი ჩემებრ განდევნილთ განწირული და მიუსაფარი, 
ბოროტი სული იყო რამდენი, მაგრამ ვერ ვიცან ვეღარაფერი
დავქროდი ისევ, არ შემეყარა აღარც მიზანი, არც იმედები
ყველამ დამტოვა, თვითონ ქვეყანაც, უცხოდ გადმექცა, როგორც ედემი.“

მოგეხსენებათ, რომ ლერმონტოვზე სერიოზული გავლენა ჰქონდა რომანტიზმს და მის ნიჰილისტურ იდეოლოგიას, შესაბამისად წარმოუდგენელი იყო მას ნაწარმოები დაემთავრებინა ოპტიმისტურად(როგორც თუნდაც სხვა რომანტიკოსები აკეთებდნენ), მას აუცილებლად ისე უნდა განევითარებინა მოვლენები, რომ მთავარი პერსონაჟს დიდი უბედურება დატყდომოდა თავს. ეს უბედური განაჩენის გამოტანა იყო მწერლის თავისებური ხელწერა, რომელშიც ის თავისივე გრძნობებს და განწყობას აქსოვდა. ვფიქრობ, ვერ გამოვრიცხავთ იმ ფაქტს, რომ ლერმონტოვს შესაძლოა საკუთარი თავი გარკვეულწილად დემონში წარმოესახა, ანუ ყველა ის იმედგაცრუება, რაც მან ცხოვრებაში ნახა(თუ ბიოგრაფიას ვენდობით), ბნელი ანგელოზის განწყობაში განასახიერა. მგონი ძალიან ცუდი სპოილერი იქნება რომ დავწერო როგორ მთავრდება ჩვენი პოემა, ამიტომ ეს ჯობია  თავად მკითხველმა წაიკითხოს.


27 November, 2014

ჟორჟ როდენბახის მკვდარი ქალაქი



XIX საუკუნის ბელგიაში ცხოვრობდა ერთი ასეთი სიმბოლისტი მწერალი და პოეტი ჟორჟ როდენბახი, რომელმაც რამდენიმე ნაწარმოებთან ერთად მსოფლიოს დაუტოვა ნოველა ერთ მკვდარ ქალაქზე. მიუხედავად იმისა, რომ ცხოვრების უმეტესობა მან პარიზში გაატარა, მის შემოქმედებაში უმთავრეს როლს თამაშობდა ეს ქალაქი. ამ ნოველის შესავალში როდენბახი წერს: „ჩემი მთავარი მიზანია, ეს ქალაქი წარმოვაჩინო როგორც ცოცხალი არსება, პიროვნება, რომლის ცვალებადი ხასიათი გვარწმუნებს ან გადაგვარწმუნებს და განსაზღვრავს ჩვენს მოქმედებებს.“

ამ ნოველაში აღწერილი ამბავი არის ავადმყოფურ (აკვიატებულ) სიყვარულზე. ეს არის სიმბოლისტური ნოველა, შეიძლება ერთადერთი სიმბოლისტური ნოველა, რომელმაც განიცადა სიმბოლიზმის მთავარი ნიშნების - ხასიათების და მწუხარების გავლენა. ნოველის მთავარი პერსონაჟია ქვრივი კაცი, ჰიუგ ვიანი, რომელსაც რამდენიმე ხნით ადრე მოუკვდა ცოლი და დიდი წუხილით მოსილი გადადის ამ ქალაქში. აქ ის ცხოვრობს თავისი ცოლის ტანსაცმელთან, წერილებთან, მის თმასთან ერთად. სახლს მხოლოდ იმისთვის ტოვებს, რომ ქუჩებში უმიზნოდ იხეტიალოს. ერთ-ერთი ხეტიალისას წააწყდება თავისი ცოლის მსგავს ქალს (ჯეინი), რომელსაც ხმაც კი იგივე აქვს. რამდენიმე ხნის განმავლობაში ამ ქალთან ბედნიერია. თუმცა აღმოაჩენს, რომ მისი მკვდარი ცოლისგან მკვეთრად განსხვავებულია:

„ ჰიუგს იმ დღიდან, როცა ჯეინს თავისი ცოლის ერთ-ერთი ძველმოდური კაბა ჩააცვა, უცნაური გრძნობა დაეუფლა. მან შორს შეტოპა. ორი ქალის გაერთიანების მცდელობას შედეგად მათ შორის ზღვრის წაშლა მოჰყვა. თავის მოტყუება მაშინ ხდებოდა შესამჩნევი, თუ ისინი ერთმანეთისგან მოშორებით იმყოფებოდნენ, სიკვდილის ბურუსით განცალკევებულნი. ახლოს ყოფნისას ყველა განსხვავება თვალშისაცემი ხდებოდა.“

ბოლოს ეს ქალი ჰიუგს დასცინებს, მისი ცოლის თმასაც შეეხება, იმ ტაძარს დაანგრევს, რომელმაც ჰიუგმა ცოლის სახსოვრად ამ მკვდარ ქალაქში ააგო. ასეთი შეურაცხყოფის მოთმენა მისთვის ძნელი აღმოჩნდა და ამ საქციელს ჰიუგი საკადრის პასუხს სცემს [!]

ეს ნოველა აღსანიშნავია იმ კუთხითაც, რომ მიიჩნევა პირველ მხატვრულ ნაწარმოებად, რომელიც ილუსტრირებულია ფოტოსურათებით. სურათებში ასახულია ქალაქის უკაცრიელი ხედები, რომელთა არქიტექტურა ზუსტად არის არეკლილი ქალაქის წყლის არხებში.


სწორედ სურათების გამო მიიღწევა ის ეფექტი, რომ თითქოს ნოველაში ერთმანეთთანაა დაკავშირებული ფიქცია და რეალობა. მთხრობელი აღწერს ნამდვილ ადგილებს, ეკლესიებს, ხელოვნების ნიმუშებს, ქუჩებს. ამის შედეგად იზრდება რეალობის შეგრძნება და გარემო ხდება ნამდვილი. ნოველაში აღწერილი გარემო თვითმყოფადია, შეუძლებელია სხვაგან არსებობდეს. ის არ ჰგავს მაგალითად, „მადამ ბოვარს“, რომელიც საფრანგეთის ნებისმიერ პროვინციაში შეიძლება იპოვო.


ამის გამო იქმნება შთაბეჭდილება, რომ ქალაქი თავად არის ნოველის მთავარი გმირი, როგორც, მაგალითად, ჰიუგოს პარიზის ღვთისმშობლის ტაძარი. ემოციური კავშირი, რომელიც მთავარ გმირსა და ქალაქს შორის მყარდება, ერთის მხრივ, ქალაქის გარემოს მელანქოლიით სავსე სიცოცხლეზე მიანიშნებს. მეორე მხრივ კი, ქალაქის ატმოსფერო ნისლის, ცივი ქარებისა და უსიცოცხლო ქვების კონსტრუქციების სიმრავლის გამო სიკვდილის საუფლოს ემსგავსება. დიდია ალბათობა იმისა, რომ როდენბახმა სწორედ ქალაქი ჩაიფიქრა თავის მთავარ პერსონაჟად, მას ხომ ურთიერთობის უნარი აქვს:

„ქალაქებს აქვთ პიროვნულობა, საკუთარი სული, ფართო ხასიათი, რომელიც ეხმიანება სიხარულს, ახალ სიყვარულს, სასოწარკვეთას, დაქვრივებას. თითოეული ქალაქი არის გონების მდგომარეობა, ხასიათი, რომელიც ცოტა ხნის შემდეგ უკვე გეკონტაქტება, ჩვენში შემოდის და ჩვენ მისით ვიჟღინთებით, თუნდაც იმ ჰაერით, რომელსაც ვსუნთქავთ.“

ნოველა დიდი პოპულარობით სარგებლობდა გამოცემის პერიოდში, თუმცა მომავალ თაობებში სრულად მივიწყებულიც კი იქნა. 1920 წელს ერიხ კორნგოლდმა ნოველის მიხედვით დაწერა ოპერა Die Tote Stadt, რომელიც დღესაც ბევრ სცენაზე იდგმება. არსებობს ვერსიები, რომ ამ ნოველამ შთააგონა ალფრედ ჰიჩკოკს Vertigo-ს გადაღება (მსგავსებები მართლაც დიდია, თუმცა ამაზე არ ვისაუბრებ). ჰიჩკოკი არ ვიცი, მაგრამ დარწმუნებული ვარ, რომ ეს ნოველა ნამდვილად წაიკითხა ბრიტანელ-ირლანდიელმა რეჟისორმა მარტინ მაკდონაჰმა (თუმცა ამაზე მითითება ინტერნეტსივრცეში ვერ ვიპოვე).
ნოველის დასაწყისში როდენბახი წერს:

„ქალაქი, რომელიც მართლაც ლამაზი და მომხიბვლელი იყოს წარსულში, წარმოადგენდა ჰიუგის პირადი დანაკარგის ვირტუალურ ინკარნაციას. ბრიუგე იყოს მისი ცოლი, ქალი კი თავად იყო ბრიუგე. მათი ბედისწერები ერთმანეთს დაუკავშირდა. ეს იყო მკვდარი ბრიუგე, მკვდარი ქალაქი, მისსავე ქვის ნავმისადგომებსა და სიკვდილის სუსხის მქონე არხებში განსახიერებული.“

ამ ქალაქს კიდევ ერთი გარემოება ახასიათებს: მის სურათებზე ხალხი თითქმის ან საერთოდ არ ჩანს - ბრიუგე მკვდარი ქალაქია. ნოველასაც ასე ჰქვია: „მკვდარი ბრიუგე“. „მკვდარი ბრიუგე“ სიმბოლიზმის შედევრია.


ავტორი: გიორგი ნაკაშიძე.





25 November, 2014

კარელ ჩაპეკი - თეთრი ჭირი




თავიდანვე გეტყვით, რომ კამიუს “შავი ჭირის” პირველი გამოცემის დროისათვის, “თეთრი ჭირი” უკვე 10 წლის გამოცემული იყო. და საერთოდაც, ჩაპეკი მამათა თაობის მწერალთა რიგშია, რომლის შემოქმედებაც ორ ომთა შუაა მოქცეული, რაც, თუ გავითვალისწინებთ ჟანრს, დამატებით ინტერესს მატებს მის ნაშრომებს.
და მაინც, რა ვიცით კარელ ჩაპეკის შესახებ? იგი გახლდათ ჟურნალისტობიდან მწერლობაში “გადაბარგებული” შემოქმედი, რომელმაც მსოფლიოს აჩუქა ტერმინი “რობოტი”. სწორედ ჩაპეკის პირველი პიესიდან – „რ.უ.რ. – როსუმოვის უნივერსალური რობოტები“ (ორიგინალში:R.U.R – Rosumovi Univerzální Roboti) გაიცნო სამყარომ ხელოვნური ინტელექტის პირველი პირმშო – როსუმოვის რობოტი. ჩაპეკი ჩეხეთის პატარა ქალაქ, მალე სვატონოვიცეში დაიბადა და შეგნებული ცხოვრების დიდი ნაწილი ჩეხეთის დამოუკიდებლობის ბრძოლას შეალია. ის და მისი ძმა ხშირად მართავდნენ ე.წ. „პარასკევის საღამოებს“ იმდროინდელი პოლიტიკური ელიტის წარმომადგენლებთან ერთად. ჩაპეკს ახლო მეგობრობა აკავშირებდა ჩეხოსლოვაკიის პირველ პრეზიდენტ, ტომაშ მასარიკთან. მისმა ნაციონალისტურმა მისწრაფებებმა ასახვა ჰპოვა მისივე შემოქმედებაში და მიუხედავად სამეცნიერო ფანტასტიკური შინაარსისა, ჩაპეკის ნებისმიერ პიესასა თუ ნოველას აშკარად დაჰკრავს პოლიტიკური ელფერი. საბოლოოდ ჩაპეკი ჰიტლერის მთავრობამ პერსონა ნონგრატად გამოავლინა, მისი 48-წლიანი ცხოვრება კი ჩეხმა მწერალმა, რომელსაც ჰაქსლისა და ორველის აღმოსავლეთევროპელ თანამოძმედ მოიხსენიებდნენ, რიგითი ტყვის როლში, გერმანულ საკონცენტრაციო ბანაკში დაასრულა.
„თეთრი ჭირი“ მისი ერთ-ერთი უკანასკნელი პიესაა, რომელშიც, როგორც ჩანს, ბედს შეგუებულმა ჩაპეკმა ყველაფერი ის ჩადო, რასაც იმდროინდელ პოლიტიკურ „მფარველებზე“ ფიქრობდა. ალბათ, ლიტერატურისა და მკითხველის პატივისცემა რომ არა, ფიქციური სახელების მოფიქრებაზეც არ შეიწუხებდა თავს.
პიესაში აღწერილია პატარა უსახელო ქვეყნის საუკუნის დასაწყისისდროინდელი ყოფა, სადაც მოულოდნელად გაჩნდება ჭირი. ავადმყოფობას “თეთრ ჭირად” მოიხსენიებენ, რადგან მის მსხვერპლებს სხეულზე თეთრი ლაქები უჩნდებათ.საინტერესოა, რომ დაავადებულთა აბსოლუტური უმრავლესობა 45 წელს გადაცილებული ადამიანები არიან. ახალგაზრდებს ავადმყოფობა ვერ ერევა. ერთიანად შიშისმომგვრელია ამდროს ერთ-ერთ რიგით ოჯახში ახალგაზრდების მშობლებთან საუბარი, რომლებიც კმაყოფილი არიან მიმდინარე მოვლენებით, რადგან მათი აზრით, სამუშაო ადგილების არარსებობის გამო, თეთრი ჭირი დადებით სამსახურს გაუწევს ახალ დიპლომაღებულ ახალგაზრდებს.
პარალელურად, დიდ სახელმწიფოთა შორის მიმდინარეობს ომი, რომელსაც უძღვება ვინმე უსახელო მარშალი. მარშალი ომს ე.წ. “მცირე სახელმწიფოს” დაპყრობით იწყებს. ამასობაში კი, ჭირი აგრძელებს მოქმედებას. ყველასგან მოულოდნელად, გამოჩნდება ექიმი – გალენი, რომელიც ფლობს ავამდყოფობის საწინააღმდეგო ვაქცინას, თუმცა რეცეპტის გამჟღავნებაზე უარს ამბობს. ამ უკანასკნელზე მხოლოდ იმ შემთხვევაში თანხმდება, თუ დიდი სახელმწიფოები შეწყვეტენ ომს და ხელს მოაწერენ საყოველთაო მშვიდობის აქტს.
რა თქმა უნდა, გალენის იდეალისტურ-ჰუმანისტური იდეები იდეებადვე რჩება; კეთილშობილი ექიმი კი, მხოლოდ ღარიბ-ღატაკებს კურნავს. მარშალი ომის შეწყვეტას არ აპირებს. თუმცა, ყველაფერი კითხვის ნიშნის ქვეშ დგება მას შემდეგ, რაც თეთრი ავადმყოფობა მრავალ ომგამოვლილ მრისხანე მთავარსარდალსაც იმორჩილებს.
ნაწარმოებში ჩანს კიდევ ერთი სამხედრო პირი – მარშალის თანაშემწერ, ბარონი კრიუგი, რომელიც ასევე თეთრი ჭირითაა დაავადებული. ამიტომ, კრიუგი მარშალს ემუდარება, შეწყვიტოს ომი, რათა გალენი მის განკურნებას დათანხმდეს, თუმცა ამაოდ. სხვათა შორის, აქ, პრობლემა შეექმნა ჩაპეკს კრიუგის გვარის გამო, რომელიც დაიწუნეს გერმანიაში და თითქმის შეაცვლევინეს კიდეც, მაგრამ საბოლოოდ ეს ასე არ მოხდა. საქმე ის არის, რომ კრიუგი ძალიან წააგავს გერმანულ der Krieg (ომი) -ს.
პიესის მთავარი გმირები სამ ნაწილად არიან გაყოფილები. ერთ მხარეს დგას მარშალი და ჯანმრთელი ახალგაზრდობა, რომლებსაც ომი სწყურიათ და რომლებიც მზად არიან ფეხქვეშ გათელონ მშვიდობისმოყვარე ექიმი, მეორე მხარეს დგას დაავადებული ადამიანების დიდი მასა, რომელიც მზად არის ყველაფერზე წავიდეს, ოღონდ გადარჩეს… მესამე მხარეს კი, განცალკევებით, დგას ექიმი გალენი. პიესაში ძალიან მნიშვნელოვან ადგილს იკავებს ციფრები და სიმბოლოები. ბევრი კრიტიკოსის აზრით, გალენის პალატის ნომერი, დაავადების გავრცელების დრო და სხვა არაერთი ციფრი ადგენს თარიღებს, რომლებიც პირდაპირ კავშირშია ჰიტლერის მთავრობის მიერჩადენილ დანაშაულებთან.
თეთრი ჭირი საუკეთესო ამსახველია პირველ და მეორე მსოფლიო ომს შორის ჩეხოსლოვაკიაში არსებული მდგომარეობის. იმ იმედების და უიმედობის, რაც იმ პერიოდში გერმანიის სათავეში ნაცისტური მთავრობის მოსვლას მოჰყვა. რაც ყველაზე საინტერესოა, ამ ყველაფერს აღწერს ადამიანი, რომელიც უშუალოდ ამ ყველაფრის მონაწილე იყო. ადამიანი რომელმაც საბეჭდ მანქანას სტატიების წერაზე უკეთესი გამოყენება მოუძებნა და რომელიც, თავისი „პატარა ნაციის“ სიყვარულმა ერთ-ერთი საპატივსაცემო ოჯახის შვილობიდან დიდი სახელმწიფოს რიგით მსხვერპლად აქცია.

ავტორი: ირაკლი სულაძე

დანტე ალიგიერი- ღვთაებრივი კომედია (მიმოხილვა)


საკმარისი ვახსენოთ სიტყვა ,,რენესანსი“, რომ მაშინვე თვალწინ წარმოგვიდგება მისი ,,აკვანი“ იტალია, აღორძინების ეპოქა და მნიშვნელოვანი ცვლილებები ხელოვნების ყველა დარგში. ლიტერატურამაც ნამდვილად დიდი ნაბიჯი გადადგა განვითარების მხრივ ამ ეპოქაში. კერძოდ, ადამიანებმა გადაწყვიტეს დაეწერათ არა მითოსურ და ლეგენდალურ გმირებზე, არამედ უბრალოდ მოკვდავებზე, რომლებიც წარმოადგენენ თითოეული ქვეყნის სახეს და სიძლიერეს.  აქტუალური გახდა უფრო კარგად შეესწავლათ მწერლებს უბრალო პიროვნების ბუნება, უფრო გაეშიშვლებინათ მისი პრობლემები და წარმოეჩინათ არა მხოლოდ ადამიანური სიდიადე, არამედ მისი ყველა მანკიერება, ცოდვა, რომლებიც თან სდევს კაცობრიობას ადამიანის დაცემის დღიდან. ამ საქმეში ბადალი არ ჰყავდა ბოკაჩოს, რომელმაც ყველანაირი მორიდების გარეშე აღწერა თუ რა დონეზე შეიძლება ჩავარდნილიყო ადამიანი ცოდვების ორომტრიალში, ხოლო ამ ცოდვებდატვირთული ადამიანის სამომავლო ცხოვრების აღწერის პასუხისმგებლობა კი დანტემ აიღო საკუთარ თავზე. მან პირველად დასვა კითხვა, იყო თუ არა ადამიანი იმაზე სასაცილო, უბადრუკი და არარაობა , ვიდრე თავად წარმოედგინა კაცობრიობის მოდგმას? იქნებ ყველა ის მიწიერი წადილი, რაც ,,ძლიერ ამასოფლისანთ“ ჩვევიათ, მხოლოდ და მხოლოდ ერთი პატარა მოძრაობაა უზენაესი გონის თვალში? სწორედ ეს კითხვები წამოჭრა ლიტერატურაში რენესანსის ერთ-ერთმა ფუძემდებელმა, დანტე ალიგიერმა და აღიარებაც მოიპოვა.

დანტეს ,,კომედიაში“, არსებობს სამი განზომილება, ჯოჯოხეთი(დღეს სწორედ ამ ნაწილზე გვექნება საუბარი), სალხინებელი და სამოთხე, რომელიც საკმაოდ ნიშანდობლივია. ჩემი აზრით, ის პირობითათ რეალობაშიც შეიძლება გადმოვიტანოთ და თეოლოგიური მსჯელობით იგი ადამიანის მიერ გასავლელ გზას განასახიერებს. კერძოდ, ჯოჯოხეთი შეიძლება ჩავთვალოთ ადამიანის მიერ გადასატან უცილობელ ტანჯვას ცხოვრებაში, ყველა იმ დაბრკოლებას და პრობლემას, რასაც იგი უნდა შეხვდეს და მონდომებისა და რწმენის შედეგად დაძლიოს. ამის შემდედ აუცილებლად უნდა მოხდეს ადამიანის სულიერი განწმენდა(სალხინებელი), ანუ გათავისუფლება ყველა ცოდვისგან, რომელიც ადამიანს საუკუნო დაცემას უქადის და ხელს უშლის მას განახორციელოს პიროვნული განახლება, მეტამორფოზა, რომელიც დანტეს სამოთხის სახით აქვს აღწერილი. სხვათაშორის, აქ მინდა გავიხსენოთ შოთა რუსთველის პოემიდან როსტევანისა და ავთანდილის ნადირობის სცენა. ერთი შეხედვით ეს უბრალო შეჯიბრია, რომელსაც საჯარო სკოლებში მარტივად ასწავლიან, თუმცა მისტერიების ენაზე კი გაცილებით ღრმა შინაარსის მატარებელია ეს ადგილი. როსტევანი, როგორც მოგეხსენებათ უკვე საკმაოდ მხცოვანი იყო, ფაქტობრივად ემზადებოდა ამ ქვეყნიდან ,,წასასვლელად“, ამიტომაც ნადირების ხოცვა ცოდვებისგან განსაწმენდი ერთგვარი რელიგიური რიტუალი იყო, რომელიც აუცილებლად უნდა შესრულებულიყო , რათა აღსრულებულიყო დანტესმიერი სულიერი განწმენდა. ბუნებრივია ეს მსგავსებები იქნებოდა ამ ნაწარმოებებს შორის, რადგან ვეფხისტყაოსანში აშკარად იგრძნობა აღორძინების ეპოქის პირველი ნიშნები, პირველი ინოვაციური იდეები და მსოფმხედველობები, რომლებიც მოგვიანებით გაჟღერდა, თუმცა ამაზე ლაპარაკი შორს წაგვიყვანს.

ალბათ დამეთანხმებით, რომ ,,ღვთაებრივი კომედიის“ ყველაზე საინტერესო ნაწილი ჯოჯოხეთში მოგზაურობაა, რადგან თვითონ ამ განზომილებაში მიმდიანრე პროცესებია უაღრესად ადამიანური ენით აღწერილი ანუ დანტემ თვით ბოროტების სამფლობელოში, სადაც იმედი ფაქტობრივად არ არსებობს, დაუშვა, რომ შესაძლებელია გარდაცვლილთა სულები ერთმანეთს დალაპარაკებოდნენ, თავიანთი განაჩენის მიზეზი აეხსნათ მოკვდავისთვის, რომელიც უაღრესად შოკირებულია იმ გარემოცვით, რომელშიც მოძრაობა უწევს. ძალიან კარგად არის სიმბოლურად გამოხატული ის სასჯელები, რომლებიც დაიმსახურეს გარკვეულ ცოდვაში ჩავარდნილმა ადამიანებმა, მაგალითად ტირანები და დიქტატორები, რომლებმაც თავის დროზე სისხლის მდინარეები ადინეს, ჯოჯოხეთში უკვე სისხლის ზღვაში ყრიან სასოწარკვეთილნი.  აქ აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ დანტეს მეგზური მთელი თავგადასავლის განმავლობაში არის დიდი რომაელი პოეტი ვერგილიუსი, რომელსაც დანტე ძალიან დიდ პატივს სცემდა და როგორც რამდენიმე წყარო იუწყება, ალიგიერი ვერგილიუსს თავის ,,მასწავლებლადაც“ კი თვლიდა.

ჯოჯოხეთის დანტესმიერი ,,ადამიანურობა“ გამოსჭვივის იმ ფაქტიდანაც, რომ გარდაცვლილთა სულების გარკვეულ კატეგორიას არ დაუკარგავს იმის იმედი, რომ ოდესღაც ისინი კვლავ წარსდგებიან სამსჯავროს წინაშე, სადაც მათ შეეძლებათ სულის ცხონება. დანტეს ,,ჯოჯოხეთს“ ახასიათებს ის თავისებურებაც, რომ მასში იმავე ვნებები და სურვილები ბობოქრობს, რაც ამქვეყნიურ ცხოვრებაში- დედამიწაზე.  ზემოთ ადუღებულ სისხლში ჩაყრილი ტირანები ვახსენე და ამ სასჯელში(და არა მარტო) განსაკუთრებულება ის არის, რომ მიუხედავად სასტიკი წამებისა, მათ მაინც აქვთ ლაპარაკის თავი და მოკვდავ სულსაც ჩვეულებრივ ესაუბრებიან, რაც წესით და რიგით არ უნდა იყოს ლოგიკური.

ამასთანავე ჩვენ ჯოჯოხეთში მოგზაურობისას ვხვდებით ,,შეყვარებულ“ წყვილსაც, რომელსაც შესაძლოა თავიდან ყურადღებაც კი არ მივაქციოთ, მაგრამ სინამდვილეში, ჩემი აზრით, ამ ფაქტორს მნიშვნელოვანი სიმბოლური დატვირთვა აქვს. თეოლოგიური კუთხით რომ შევხედოთ, სიყვარული არის ყველაფერი-ანუ ღმერთი და შესაბამისად სადაც სიყვარულია, იქ ღმერთიცაა და პირიქით-სადაც ღმერთია იქ სიყვარულია. ჩემი აზრით, დანტემ ჯოჯოხეთში ამ შეყვარებულთა წყვილის ,,შემოტანით" ხაზი გაუსვა იმ ფაქტს, რომ თვით ჯოჯოხეთის უკიდეგანო სიბნელეში, ჯურღმულებში და ტანჯვაშიც კი შეიძლება შევხდეთ სიყვარულს, ანუ ღმერთს. ამასვე ამტკიცებს ქრისტიანული დოგმატიკა, რომელიც ამბობს რომ ღმერთი ყველგანაა , მათ შორის ჯოჯოხეთშიც. დანტეს , ჩემი აზრით, ეს ჰქონდა გააზრებული და მისი ეს შეყვარებულობანა სწორედ ამას ეხმიანება.

ამრიგად დანტე მსოფლიო ლიტერატურის საგანძურის ერთ-ერთი უმნიშნველოვანესი წარმომადგენელია. ის იყო ერთ-ერთი უპირველესი მწერალი, რომელმაც ხაზი გაუსვა ადამიანის ფენომენის გაშიშვლების იდეას და თავდაყირა დააყენა იმ დრომდე არსებული ლიტერატურული სტანდარტები, რომელიც ნამდვილად უკვე მოძველებული იყო და ეპოქის ჩქარ ტემპს ვეღარ მისდევდა.



ავტორი: გიორგი წერეთელი