25 November, 2014

დანტე ალიგიერი- ღვთაებრივი კომედია (მიმოხილვა)


საკმარისი ვახსენოთ სიტყვა ,,რენესანსი“, რომ მაშინვე თვალწინ წარმოგვიდგება მისი ,,აკვანი“ იტალია, აღორძინების ეპოქა და მნიშვნელოვანი ცვლილებები ხელოვნების ყველა დარგში. ლიტერატურამაც ნამდვილად დიდი ნაბიჯი გადადგა განვითარების მხრივ ამ ეპოქაში. კერძოდ, ადამიანებმა გადაწყვიტეს დაეწერათ არა მითოსურ და ლეგენდალურ გმირებზე, არამედ უბრალოდ მოკვდავებზე, რომლებიც წარმოადგენენ თითოეული ქვეყნის სახეს და სიძლიერეს.  აქტუალური გახდა უფრო კარგად შეესწავლათ მწერლებს უბრალო პიროვნების ბუნება, უფრო გაეშიშვლებინათ მისი პრობლემები და წარმოეჩინათ არა მხოლოდ ადამიანური სიდიადე, არამედ მისი ყველა მანკიერება, ცოდვა, რომლებიც თან სდევს კაცობრიობას ადამიანის დაცემის დღიდან. ამ საქმეში ბადალი არ ჰყავდა ბოკაჩოს, რომელმაც ყველანაირი მორიდების გარეშე აღწერა თუ რა დონეზე შეიძლება ჩავარდნილიყო ადამიანი ცოდვების ორომტრიალში, ხოლო ამ ცოდვებდატვირთული ადამიანის სამომავლო ცხოვრების აღწერის პასუხისმგებლობა კი დანტემ აიღო საკუთარ თავზე. მან პირველად დასვა კითხვა, იყო თუ არა ადამიანი იმაზე სასაცილო, უბადრუკი და არარაობა , ვიდრე თავად წარმოედგინა კაცობრიობის მოდგმას? იქნებ ყველა ის მიწიერი წადილი, რაც ,,ძლიერ ამასოფლისანთ“ ჩვევიათ, მხოლოდ და მხოლოდ ერთი პატარა მოძრაობაა უზენაესი გონის თვალში? სწორედ ეს კითხვები წამოჭრა ლიტერატურაში რენესანსის ერთ-ერთმა ფუძემდებელმა, დანტე ალიგიერმა და აღიარებაც მოიპოვა.

დანტეს ,,კომედიაში“, არსებობს სამი განზომილება, ჯოჯოხეთი(დღეს სწორედ ამ ნაწილზე გვექნება საუბარი), სალხინებელი და სამოთხე, რომელიც საკმაოდ ნიშანდობლივია. ჩემი აზრით, ის პირობითათ რეალობაშიც შეიძლება გადმოვიტანოთ და თეოლოგიური მსჯელობით იგი ადამიანის მიერ გასავლელ გზას განასახიერებს. კერძოდ, ჯოჯოხეთი შეიძლება ჩავთვალოთ ადამიანის მიერ გადასატან უცილობელ ტანჯვას ცხოვრებაში, ყველა იმ დაბრკოლებას და პრობლემას, რასაც იგი უნდა შეხვდეს და მონდომებისა და რწმენის შედეგად დაძლიოს. ამის შემდედ აუცილებლად უნდა მოხდეს ადამიანის სულიერი განწმენდა(სალხინებელი), ანუ გათავისუფლება ყველა ცოდვისგან, რომელიც ადამიანს საუკუნო დაცემას უქადის და ხელს უშლის მას განახორციელოს პიროვნული განახლება, მეტამორფოზა, რომელიც დანტეს სამოთხის სახით აქვს აღწერილი. სხვათაშორის, აქ მინდა გავიხსენოთ შოთა რუსთველის პოემიდან როსტევანისა და ავთანდილის ნადირობის სცენა. ერთი შეხედვით ეს უბრალო შეჯიბრია, რომელსაც საჯარო სკოლებში მარტივად ასწავლიან, თუმცა მისტერიების ენაზე კი გაცილებით ღრმა შინაარსის მატარებელია ეს ადგილი. როსტევანი, როგორც მოგეხსენებათ უკვე საკმაოდ მხცოვანი იყო, ფაქტობრივად ემზადებოდა ამ ქვეყნიდან ,,წასასვლელად“, ამიტომაც ნადირების ხოცვა ცოდვებისგან განსაწმენდი ერთგვარი რელიგიური რიტუალი იყო, რომელიც აუცილებლად უნდა შესრულებულიყო , რათა აღსრულებულიყო დანტესმიერი სულიერი განწმენდა. ბუნებრივია ეს მსგავსებები იქნებოდა ამ ნაწარმოებებს შორის, რადგან ვეფხისტყაოსანში აშკარად იგრძნობა აღორძინების ეპოქის პირველი ნიშნები, პირველი ინოვაციური იდეები და მსოფმხედველობები, რომლებიც მოგვიანებით გაჟღერდა, თუმცა ამაზე ლაპარაკი შორს წაგვიყვანს.

ალბათ დამეთანხმებით, რომ ,,ღვთაებრივი კომედიის“ ყველაზე საინტერესო ნაწილი ჯოჯოხეთში მოგზაურობაა, რადგან თვითონ ამ განზომილებაში მიმდიანრე პროცესებია უაღრესად ადამიანური ენით აღწერილი ანუ დანტემ თვით ბოროტების სამფლობელოში, სადაც იმედი ფაქტობრივად არ არსებობს, დაუშვა, რომ შესაძლებელია გარდაცვლილთა სულები ერთმანეთს დალაპარაკებოდნენ, თავიანთი განაჩენის მიზეზი აეხსნათ მოკვდავისთვის, რომელიც უაღრესად შოკირებულია იმ გარემოცვით, რომელშიც მოძრაობა უწევს. ძალიან კარგად არის სიმბოლურად გამოხატული ის სასჯელები, რომლებიც დაიმსახურეს გარკვეულ ცოდვაში ჩავარდნილმა ადამიანებმა, მაგალითად ტირანები და დიქტატორები, რომლებმაც თავის დროზე სისხლის მდინარეები ადინეს, ჯოჯოხეთში უკვე სისხლის ზღვაში ყრიან სასოწარკვეთილნი.  აქ აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ დანტეს მეგზური მთელი თავგადასავლის განმავლობაში არის დიდი რომაელი პოეტი ვერგილიუსი, რომელსაც დანტე ძალიან დიდ პატივს სცემდა და როგორც რამდენიმე წყარო იუწყება, ალიგიერი ვერგილიუსს თავის ,,მასწავლებლადაც“ კი თვლიდა.

ჯოჯოხეთის დანტესმიერი ,,ადამიანურობა“ გამოსჭვივის იმ ფაქტიდანაც, რომ გარდაცვლილთა სულების გარკვეულ კატეგორიას არ დაუკარგავს იმის იმედი, რომ ოდესღაც ისინი კვლავ წარსდგებიან სამსჯავროს წინაშე, სადაც მათ შეეძლებათ სულის ცხონება. დანტეს ,,ჯოჯოხეთს“ ახასიათებს ის თავისებურებაც, რომ მასში იმავე ვნებები და სურვილები ბობოქრობს, რაც ამქვეყნიურ ცხოვრებაში- დედამიწაზე.  ზემოთ ადუღებულ სისხლში ჩაყრილი ტირანები ვახსენე და ამ სასჯელში(და არა მარტო) განსაკუთრებულება ის არის, რომ მიუხედავად სასტიკი წამებისა, მათ მაინც აქვთ ლაპარაკის თავი და მოკვდავ სულსაც ჩვეულებრივ ესაუბრებიან, რაც წესით და რიგით არ უნდა იყოს ლოგიკური.

ამასთანავე ჩვენ ჯოჯოხეთში მოგზაურობისას ვხვდებით ,,შეყვარებულ“ წყვილსაც, რომელსაც შესაძლოა თავიდან ყურადღებაც კი არ მივაქციოთ, მაგრამ სინამდვილეში, ჩემი აზრით, ამ ფაქტორს მნიშვნელოვანი სიმბოლური დატვირთვა აქვს. თეოლოგიური კუთხით რომ შევხედოთ, სიყვარული არის ყველაფერი-ანუ ღმერთი და შესაბამისად სადაც სიყვარულია, იქ ღმერთიცაა და პირიქით-სადაც ღმერთია იქ სიყვარულია. ჩემი აზრით, დანტემ ჯოჯოხეთში ამ შეყვარებულთა წყვილის ,,შემოტანით" ხაზი გაუსვა იმ ფაქტს, რომ თვით ჯოჯოხეთის უკიდეგანო სიბნელეში, ჯურღმულებში და ტანჯვაშიც კი შეიძლება შევხდეთ სიყვარულს, ანუ ღმერთს. ამასვე ამტკიცებს ქრისტიანული დოგმატიკა, რომელიც ამბობს რომ ღმერთი ყველგანაა , მათ შორის ჯოჯოხეთშიც. დანტეს , ჩემი აზრით, ეს ჰქონდა გააზრებული და მისი ეს შეყვარებულობანა სწორედ ამას ეხმიანება.

ამრიგად დანტე მსოფლიო ლიტერატურის საგანძურის ერთ-ერთი უმნიშნველოვანესი წარმომადგენელია. ის იყო ერთ-ერთი უპირველესი მწერალი, რომელმაც ხაზი გაუსვა ადამიანის ფენომენის გაშიშვლების იდეას და თავდაყირა დააყენა იმ დრომდე არსებული ლიტერატურული სტანდარტები, რომელიც ნამდვილად უკვე მოძველებული იყო და ეპოქის ჩქარ ტემპს ვეღარ მისდევდა.



ავტორი: გიორგი წერეთელი