დენ სიმონსის ჰიპერფანტასტიკური ილიადა

სამეცნიერო ფანტასტიკის ჟანრის განვითარებამ დიდი ოთხეულის და მათი თანამედროვე კლასიკოსების შემდეგ მცირედით შეიცვალა კალაპოტი და მეოცე საუკუნის 80-იანი წლებიდან სულ მთლად ახალ საფეხურზე აინაცვლა.

ნილ გეიმანის Marvel 1602

2001 წელს ნილ გეიმანმა, გრაფიკულის ნოველების აწ უკვე აღიარებულმა მწერალმა და The Sandman-ის შექმნელმა, გადაწყვიტა Marvel-თან ეთანამშრომლა და ბედი მეინსტრიმულ კომიქსში მოესინჯა (უფრო სწორად, თავად Marvel-ისგან მიიღო შემოთავაზება).

არტ შპიგელმანის ომგამოვლილი თაგვი

„როდესაც რამდენიმე დღით ერთ ოთახში ჩაგკეტავენ მშივრებს, იქ სიტყვა "მეგობარი" აღარ არსებობს.“

„უფრო მეტი, ვიდრე ადამიანი“: თეოდორ სტარჯენის ევოლოციური თეორია

„ჩვენ გვჭირდება არა ფიზიკური, არამედ - ფსიქიკური ევოლუცია“.

26 August, 2015

გალერეა: Marvel Comics-ის ოქტომბრის თვის ნომრები და ქოსპლეის კოსტუმები


მარველმა საჯარო გახადა ოქტომბრის ნომრების სავარაუდო გარეკნები, რომლებზეც გამოსახული იქნება მარველის ქოსპლეების საუკეთესო კოსტუმები. „როცა ქოსპლეებზე დავდივარ, უფრო და უფრო მეტი ადამიანი მხვდება მარველის თავიანთი საყვარელი გმირის კოსტუმებში“ - ამბობს მარველის მარკეტინგისა და გაყიდვების ვიცე-პრეზიდენტი დევიდ გებრიელი. „სახლში დამზადებული და ხელით გაკეთებული ეს კოსტუმები იმდენად ზუსტია, რომ პირდაპირ კომიქსის გვერდებიდან გადმოტანილი გეგონება. ეს ინიციატივა საშუალებას მოგვცემს, წავახალისოთ ის საზოგადოება, რომელიც ჩვენ მხარს გვიჭერს“.

  


















ავტორი: გიორგი ნაკაშიძე

სერიალის მიმოხილვა: Mr. Robot

Our Democracy has been hacked.

როცა დამღლელი დღის ბოლოს უხალისოდ დაეგდები კომპიუტერთან და ფიქრობ, თუ რითი გაიხალისო შენი პოტენციურად მოსაწყენი მომდევნო დღეები, ამ დროს შეიძლება გაგახსენდეს მეგობრის სხვათაშორის ნათქვამი წინადადება, რომ ახალი სერიალი დაიწყო ჰაკერებზე - „მისტერ რობოტი“. ამას მოსდევს ინსტინქტური ქმედება: IMDb-ზე შესვლა და სერიალის მოკლე აღწერის წაკითხვა, თან ცალ თვალს რეიტინგსაც გადაავლებ და თუ ამ ინფორმაციის შემდეგ დაიჯერებ, რომ  ღირს კვირაში ერთი საათი გამოყო და კვირიდან კვირამდე ახალ სერიას ელოდო, მაშინ მეგობრის რჩევასაც აფასებ და შინაგან მესაც უხარია, რომ ახალი თავშესაქცევი მონახე.

„მისტერ რობოტი არის ფსიქოლოგიური თრილერი, რომელიც მოგვითხრობს დღისით კიბერ-უსაფრხოების კომპანიაში მომუშავე ინჟინრის შესახებ, რომელიც ღამით მეამბოხე ჰაკერად იქცევა.“ ამ სტანდარტული ჰოლივუდური რეცენზიის წაკითხვის შემდეგ მაქსიმუმ პირველი ეპიზოდის ნახვის სურვილი შეიძლება გაგიჩნდეს „ცდა ბედის ნახევარია“ განწყობით. ელოდები ორობითი სიმბოლოების მწვანედ ჩამომდინარე ნაკადებს; თითების გაურკვეველი მოძრაობების შედეგად კარგად დაცული კომპიუტერული სისტემების მარტივ მამრავლებად დაშლას; ყოვლისშემძლე ჰაკერს და ყოველი სერიის ბოლოს მის გარდაუვალ გამარჯვებას კომპიუტერულ ალგორითმებთან ბრძოლაში. თუმცა, ეს მოლოდინი ისევე განიცდის კრახს, როგორც კომპანიის ან საჯარო დაწესებულების კომპიუტერზე მომხმარებლის მიერ ახალი პროგრამის დაინსტალირების მცდელობა. 

„მისტერ რობოტი“ არის კარგი შოუ. ამ სერიალს აქვს ყველაფერი, რაც უნდა ჰქონდეს ისეთ პროექტს, რომლის რეცენზიაში ფიგურირებს ორი საკვანძო სიტყვა: „ფსიქოლოგიური“ და „ჰაკერი“. დაწყებული კინემატოგრააფიდან, დამთავრებული ტექნიკური სიზუსტით, „მისტერ რობოტი“ შეძლებს სერიალების მოყვარულებში გატეხოს ის ფაიერვოლი, რომელიც მათ ასეთი ტიპის სერიალების ნახვის წინააღმდეგ უაქტიურდებათ.

მიუხედავად იმისა, რომ სერიალში მთავარი აქცენტი ციფრულ ტექნოლოგიებზეა გაკეთებული, მთავარი მუღამი მაინც სხვაა: ზედმეტ სპეცეფექტებსა და სპეციალური ტერმინოლოგიით დახუნძლულ დიალოგებს არაფერი გამოუვათ, თუ პერსონაჟები მოსაწყენები და ადვილად გაშიფვრადები არიან. „მისტერ რობოტის“ მთავარი კოზირი სწორედ პერსონაჟებია და არა - ტექნოლოგიები. მთავარი გმირი ელიოტი  (რემი მალეკი) ტიპური ნერდი, ნარკოტიკების პრობლემების მქონე სოციოპათია, მენტალური აშლილობით და ინტროვერტული მახასიათებლებით. ფსიქოლოგთან სეანსების დროს თვითონ შიფრავს და აანალიზებს ფსიქოლოგს. მას შეუძლია ჰქონდეს წვდომა ნებისმიერი უცხო ადამიანების ფიქრებზე, გრძნობებზე და პერსონალურ ინფორმაციებზე. სერიალში გვხვდება კიდევ ერთი საინტერესო პერსონაჟი - მისტერ ველიკი, ადამიანი, რომელიც ცხოვრობს დევიზით „საქმეს დასჭირდა და გავაკეთე“: ჰომოსექსუალური კავშირის დამყარება, მკვლელობა და ა.შ. მისთვის ის საშუალებებია, რომლებიც მიზანს ამართლებს. ამ ორი პერსონაჟის ტანდემის ფონზე ყველას ავიწყდება სერიალის მთავარი ვარსკვლავი -  კრისტიან სლეიტერი, რომელიც მისტერ რობოტის როლს ასრულებს.

სერიალის სავიზიტო ბარათია ელიოტის დიალოგების დროს დიალოგის ხმის გადაფარვა მისივე ფიქრებით. ამას დაახლოებით ისეთივე ეფექტი აქვს, როგორც გაი რიჩის „შერლოკ ჰოლმსში“ ჰოლმსის მიერ პერსონაჟების გაშიფვრას „ხმამაღალი ფიქრებით“. თუმცა, „მისტერ რობოტში“ ეს რეჟისორული სვლა სულ სხვა დონეზეა აყვანილი. თვალში  ასევე მოგხვდებათ კიდევ ერთი ხრიკი: კადრებში პერსონაჟები ნაჩვენებია კადრების კიდეებში და კუთხეებში, ნაცვლად კადრების ცენტრისა. ამას ემატება მაქსიმალურად რეალისტური ჰაკინგი და პროგრამული მოქმედებები: ელიოტი ხსნის ტერმინალურ ფანჯარას (დაახლოებით ისეთს, ვინდოუსში რომ command prompt-ია), იყენებს Linux-ის ოპერაციულ სისტემას, დისკებზე ჩაწერის ჩვეულებრივ პროგრამებს, ვირუსებს ბლოკავს Avast Antivirus, პასვორდების გასატეხად ელიოტი იყენებს Facebook-ის მონაცემებს და ა.შ. სერიალში, რა თქმა უნდა, არის უფრო რთული ოპერაციები, რომლებსაც სჭირდება სერვერებისა და პროგრამული ენების ცოდნა, მაგრამ შემქმნელებმა გაითვალისწინეს მაყურებლის თავმოყვარეობა და პერსონაჟები ძალიან ლაკონურად ცდილობენ ახსნან რამ გამოიწვია და როგორ შეაჩერეს DDoS შეტევა, რადგან რთულ და ზუსტ ახსნებს აზრი არ აქვს - ამით სერიების ქრონომეტრაჟსაც უფრთხილდებიან და მაყურებლის თვითშეფასების კოეფიციენტსაც.

რაც შეეხება სერიალის იდეას: ელიოტი და მისი საძმო (fsociety) მიზნად ისახავს გლობალური კორპორაციის E Corp-ის (E ისევე დახრილად წერია კომპანიის ლოგოზე, როგორც კომპანია DELL-ის შემთხვევაში) სერვერების წაშლას და მოსახლეობის გათავისუფლებას ამ კორპორაციისადმი მართებული ვალებისგან. ასეთ მიზანს ნაწილობრივ საფუძვლად უდებს შურისძიების მოტივიც, რადგან ელიოტის და კიდევ ერთი პერსონაჟის მშობლების ამ კომპანიის კანონგარეშე მოქმედებამ იმსხვერპლა. fsociety გეგმავს ხალხის გადარჩენას E Corp-ის კონსუმერისტული პოლიტიკისგან. ამ ეპიზოდების ნახვისას აუცილებლად გაგახსენდებათ „მებრძოლთა კლუბი“ და მათი გეგმა Project Mayhem. სერიალსა და ამ ფილმს შორის არსებულ იდეურ პარალელებს ასევე ემატება მთავარი პერსონაჟების მენტალური აშლილობის მსგავსებაც. აქ უკვე სპოილერები იწყება და გავჩერდები.

„მისტერ რობოტს“, მასში მოცემული სამსახიობო შესრულების, კინემატოგრაფიული მახასიათებლების, ემოციურ-ფსიქოლოგიური მომენტებისა და რეალისტური ტექნოლოგიების წყალობით, გააჩნია სრული პოტენციალი, რომ ადგილი დაიკავოს უკვე საკულტო სერიალების გვერდით და მოიპოვოს ერთ-ერთი საუკეთესო სერიალის სახელი კიბერპანკის და არა მარტო ამ ჟანრში.

სერიალი ქართული გახმოვანებით შეგიძლიათ ნახოთ ამ ლინკზე.


ავტორი: გიორგი ნაკაშიძე

24 August, 2015

ბერნჰარდ ჰენენი და ელფების სამყარო




სახელწოდება: ელფები (პირველი ნაწილი)
ავტორი: ბერნჰარდ ჰენენი
ციკლი: ელფები
ქვეყანა: გერმანია
ენა: გერმანული
პირველი გამოცემის წელი: 2004
შეფასება Goodreads-ზე: 3.94/5



ცოტა ხნის წინ ერთ-ერთმა ინტერნეტ ჟურნალმა იმ 51 ფენტეზი-სერიის სია გამოაქვეყნა, რომლის წაკითხვაც ნამდვილად ღირს ჟანრის ნებისმიერი მოყვარულისთვის. აქ შეხვდებოდით თქვენთვის ნაცნობ ყველა ცნობილ საგას - "ბეჭდების მბრძანებელს", "ყინულისა და ცეცხლის სიმღერას", "მეფის მკვლელის ქრონიკებს", "ბნელი ელფის ტრილოგიას" და ა.შ. თუმცა, არც 51-წიგნიან სიაში მოხვდა თანამედროვე გერმანელი ავტორის - ბერნჰარდ ჰენენის საგა ელფების შესახებ (ორიგ. "Die Elfen"). საერთოდ, რატომღაც არავინ აქცევს ყურადღებას ამ სერიას, ინგლისურადაც კი არ არის სრულად ნათარგმნი, არადა პირველი ისტორია ელფების შესახებ 2004 წელს გამოიცა. მას შემდეგ, დღემდე, არ ეშვება ჰენენი გრძელყურა არსებებს და მათ შესახებ უფრო და უფრო სიღრმისეულ ქრესტომათიას ქმნის.

ავტორი
ბერნჰარდ ჰენენი 1966 წელს დაიბადა. პროფესიით - ფილოლოგი-გერმანისტი, არქეოლოგი და ისტორიკოსი გახლავთ. დაამთავრა კიოლნის უნივერსიტეტი. სწავლის პერიოდში მუშაობდა ჟურნალისტად სხვადასხვა გაზეთებსა და რადიო-ჟურნალებში. 1994 წელს ვოლფგანგ ჰოლბაინთან ერთად თავისი პირველი რომანი - "მიღების წელიწადი" (ორიგ. Das Jahr des Greifen) გამოსცა, იმავე წელს ნომინირებულ იქნა საუკეთესო გერმანულ რომანის კატეგორიაში ფენტეზის ჟანრში. დღესდღეობით მის კალამს ეკუთვნის 25-მდე ისტორიულ-ფანტასტიკური რომანი და კიდევ უფრო ბევრი მოთხრობა. ის ძირითადად გერმანულენოვან მკითხველს შორისაა ცნობილი, თუმცა რუსულმა გამოცემებმაც დროულად ითავეს ჰენენის წიგნების თარგმნა. შედეგად, თითქმის სრულად არის ნათარგმნი მისი სერია ელფების შესახებ. პირველი საგა სახელწოდებით "ელფები" (ორიგ. Die Elfen), 5 ნაწილისგან შედგება. მეორე, 2007 წელს დაწყებული სერია სახელწოდებით "ელფების რაინდი" (ორიგ. Elfenritter) ტრილოგიის ფორმითაა შედგენილი, ასეთივეა 2011 წლიდან გამოცემული - "დრაკონის ელფები" (ორიგ. Drachenelfen). 

Die Elfen
ზოგადად, ფენტეზის ჟანრმა განვითარების არც თუ ისე მცირე გზა განვლო და ამ პერიოდში მისმა ძირითადმა ელემენტებმა მრავალგვარი ცვლილება განიცადა. შეიცვალა პერსონაჟების, რასების ხასიათი, ბუნება და ერთმანეთისადმი დამოკიდებულება. თუმცა, ძირითადი რასების ტიპაჟები მაინც ერთიანი სტერეოტიპების ქვეშ გაერთიანდა. ასე მაგალითად, ტროლი ყველასთვის დაბალ, სუნიან და უარყოფით არსებად დარჩა, ჯუჯა - მიწისქვეშეთის ბინადარ ჭამა-სმის მოყვარულად, ელფი კი სისპეტაკესთან, წესრიგთან და მშვილდოსნობასთან იქნა ასოცირებული. ცალკეული რასებისადმი სქელტანიანი რომანების დათმობით განსაკუთრებით თავი იჩინეს გერმანულენოვანმა ავტორებმა. ასე მაგალითად, უდიდესი პოპულარობით სარგებლობს კრისტოფ ჰარდბუხის "ტროლები" (ორიგ. Die Trollen) და მარკუს ჰაიცის "ჯუჯები" (ორიგ.. Die Zwerge). აი, ბერნჰარდ ჰენენმა კი ელფების გზა აირჩია და დაიწყო მათი სამყაროს შექმნა. ააგო ძლევამოსილი ალვენმარკი, ფიორლანდია და ფაინგორნი. შექმნა უკვდავ ელფთა ორი შტო - ნათელი და ბნელი ელფები, რომლებიც საერთო წინაპარს - ალვებს მიეკუთვნებიან. აქ, ოდნავ უცნაურობას იწვევს ბნელი ელფების სახე, რომლებიც თავიანთი შორეული ნათესავებისგან ფრიად განსხვავდებიან, ისინი სიმაღლით დაბლები, მუქი კანის მქონენი და მშვილდისგან განსხვავებული საბრძოლო იარაღების ხმარებაში გაწაფულები არიან. 


პერსონაჟები
ჰენენის ელფების მონარქი დიდებული ემერელია, რომელიც საუკუნეების განმავლობაში მართავს ელფებს და მათი ბედ-იღბლის მთავარ განმგებლად რჩება. აქვე არსებობს ადამიანთა რასაც, რომლებიც პარალელურად, მათთვის ჩვეულ სამყაროში ცხოვრობენ. რომან - "ელფების" მთავარი გმირი, რაც არ უნდა გასაკვირი იყოს, სწორედ ადამიანია. უფრო სწორად, ადამიანთა ყველა დროის ყველაზე ბრწყინვალე მეფე - მანდრედი. მანდრედი, რომელმაც ლეგენდების თანახმად, საუკუნეებს გადააბიჯა და თავის ელფ მეგობრებთან - ნურამონთან და ფაროდინთან ერთად ათასგვარ სიძნელეს დაუსხლტა ხელიდან. მანდრედის შვილი - ალფადრასი კი, ალვენმარკში გაზრდილი ადამიანია. მისი წესი და ჩვეულება ელფურია, გული კი ადამიანურად ძგერს. ადამიანების და ელფების გვერდით მშვიდობიანად თანაარსებობენ ალვების კიდევ ერთი წინაპრები - კენტავრები და მათი ერთ-ერთი ყველაზე თვალსაჩინო წარმომადგენელი - აიგილაოსი. აიგილაოსის და მანდრედის მეგობრების ისტორია, ალბათ მამაკაცებს შორის არსებულ უერთიერთობაზე მოყოლილი ყველაზე სევდიანი ამბავია ფენტეზის ისტორიაში. "ელფებს" არ აკლია რომანტიკული და ჰეროიკული არომატიც. ამის დასამტკიცებლად ისიც საკმარისია, რომ ნურამონი და ფაროდინი, ერთმანეთის ლამის ძმადნაფიცი მებრძოლები, საერთო სატრფოს - ნოროელის გულის მოგებას ცდილობენ და აგერ უკვე რამდენიმე ასწლეულის განმავლობაში ელიან მისგან პასუხს. 


დრო
ჰენენის სამყაროს ალბათ ყველაზე მეტად დამახასიათებელი ტექნიკური მომენტი ისტორიის დროში გაწელვადობაა. თავისუფლად შეიძლება ერთი თავიდან მეორე თავზე გადასვლისას 200-300 წელი გავიდეს, შემდგომ 40-გვერდიანი ისტორია ერთ-ერთი პერსონაჟის 60-წლიან ცხოვრებას დაეთმოს, სიუჟეტის შუაწელზე კი, საუკუნეთა მიჯნაზე გახლეჩილი მებრძოლი ჯგუფის გაერთიანების მოწმენი გავხდეთ. ამ ყველაფრის პარალელურად წინა პლანზე გამოდის რასათა შორის სხვაობა. ელფებისა და ადამიანების თვისობრიობის ერთ-ერთ მთავარ განმასხვავებელ ელემენტად სწორედ დროის ფაქტორი ჩნდება. მხოლოდ მაშინ თუ ესმით უკვდავ არსებებს ადამიანთა ავარდნილობის, სიხარბის, მომხვეჭელობისა და ნაყროვანობის, როდესაც სრული გონებით იაზრებენ მათი ცხოვრების სიმცირეს, მათი სიცოცხლის ხაზის სიმოკლეს. ადამიანები კი, თავის მხრივ, ელფების სიმშვიდესა და გაწონასწორებულობას სწორედ იმ ფაქტს მიაწერენ, რომ მათთვის პრაქტიკულად არ არსებობს "დღეს" და "ხვალ", რადგან მათთვის საუკუნეებს შორის სხვაობა პრაქტიკულად წაშლილია.

ფონი
ისევე, როგორც ყველა სხვა სათავგადასავლო რომანს, არც ელფების საგას აკლია ქვეტექსტები. მათ, ბუნებრივია, მკითხველი ყველა თავისებურად აღიქვამს, თუმცა ერთი - რაც აშკარაა, არის ის, რომ წიგნში წარმოჩენილ რასებისა და პერსონაჟების თვისებები ძალიან წააგავს თანამედროვე მსოფლიოს სხვადასხვა ხალხთა დამახასიათებელ ნიშნებს. ალბათ, ქართველი მკითხველი ყველაზე ახლობელად (თავისთავად, ადამიანების გარდა) კენტავრთა რასას მიიჩნევს. კენტავრებს ხომ აგრერიგად უყვართ ჭამა-სმა, ხმაურიანი ღრეობა და მეორე დილით მინიმალური ამუნიციით ბრძოლაში შებმა. ჰენენის მიერ შექმნილი ელფები, რომლებიც ძირითადი შტრიხებით მცირედით თუ განსხვავდება, საზოგადოდ ჩამოყალიბებული შეხედულებებისგან, მკაცრი, ცივი ხასიათის არსებები არიან. მათი წესრიგისა და სიბეჯითისკენ მიდრეკილება სანიმუშოა ყველასთვის. თუმცა, ელფების პრობლემების მთავარი მიზეზიც ხშირ შემთხვევებში მათივე განცალკევებით დგომა და უადგილო შოვინიზმია.


მტერი
ბოროტი ძალის საკითხი ჰენენთან ოდნავ განსხვავებულად დგას. ერთი მხრივ, მთავარი მტერი პირველივე გვერდებზე "თავს გვესხმის", მეორე მხრივ კი, შემდგომ ასეულობით გვერდის განმავლობაში იკარგება და სიუჟეტი სულ სხვა მიმართულებით ვითარდება. თუმცა, ჰეროიკულობის სრული წესების დაცვით, გერმანელი ავტორი დასასრულისკენ მძიმე ბატალურ სცენას გვთავაზობს, სადაც უკვე "რასობრივი" ომია გაჩაღებული. უნდა
ითქვას ისიც, რომ Die Elfen-ის რუსული თარგმანი დასათაურებულია როგორც - "Во власти девантара". დევანტერები უძველესი დროის დემონები არიან, რომლებსაც ალვების შთამომავლებთან ათასწლიანი ომის შემდეგ თავიანთი პოზიციები დათმეს. თუმცა, მაშინ როცა ელფებს ყველა დევანტერი განადგურებული ეგონა, ერთ-ერთმა მათგანმა ადამიანთა სამყოფელზე თავდასხმა და ამ გზით ალვენმარკის დაჩოქება გადაწყვიტა. ეპოქალური ომი, რომელმაც უნდა გადაწყვიტოს ალვების შვილების სამომავლო ბედი და ადამიანთა რასის არსებობა-არარსებობა, უდიდეს მომზადებას საჭიროებს. მოსამზადებლად კი, საკმაო დრო გვაქვს. ალვენმარკში დრო ძალიან ნელა გადის.

ეს დევანტერი არ არის. დევანტერს გარეული ტახის თავი აქვს.
ეს ისკანდერიის ბიბლიოთეკაა, - სამყაროს ერთ-ერთი საკვანძო ლოკაცია

დიდია, მაგრამ ღირს
ჰენენის ელფების საგა იმ რომანთა (რომანთა კრებულის) კატეგორიას მიეკუთვნება, რომელთა წაკითხვასაც დიდი ხნით გეგმავ, თვეობით გადადებ მის დაწყებას და როცა დაიწყებ, კითხვაში წინსვლა იმდენად ნელია, რომ თავის დანებების სურვილი გიჩნდება. ყველაფერი კი იმიტომ, რომ გერმანელი ძალიან ვრცლად აღწერს თავის სამყაროს, დეტალურად გვაცნობს თითოეულ პერსონაჟს, ქალაქს და ლოკაციას. სამაგიეროდ, მისი პოეტური თხრობის მანერა, უმაღლესი მხატვრული ოსტატობა და რაც (ჩემთვის) ყველაზე მნიშვნელოვანია - ტოპონიმებისა და საკუთარი სახელების იდეალურად შერჩევის შესაძლებლობა, მკითხველს უდიდეს სიამოვნებას ჰპირდება. შეუძლებელია, პირველი წიგნის დასრულების შემდეგ კვლავაც არ გაგიჩნდეთ ალვენმარკსა და ისკანდერიის ბიბლიოთეკაში მოგზაურობის სურვილი, დევანტერის მალულად თვალთვალი, მისი გამყინავი ხმის მოსმენა და ბრძოლის წინ ნასვამი მანდრედის ცალყბა ხუმრობები.

სასიამოვნოა ისიც, რომ ეს მხოლოდ მოგზაურობის დასაწყისია. წინ "ელფების ზამთარი" (Elfenwinter) და "ელფების ნათელი" (Elfenlicht) გველის.







ავტორი: ირაკლი სულაძე

10 August, 2015

სერიალის მიმოხილვა: Sense8


როცა თეოდორ სტარჯენის „უფრო მეტი, ვიდრე ადამიანს“ ვკითხულობდი, მიჩნდებოდა ლოგიკური კითხვა, თუ რატომ არ იღებდნენ სამეცნიერო ფანტასტიკის ამ კლასიკის მიხედვით სატელევიზიო სერიალს ან თუნდაც კარგ ფსიქოლოგიურ სამეცნიერო ფანტასტიკას. წიგნი მოგვითხრობს ადამიანის ევოლუციის მორიგ საფეხურზე, როდესაც რამდენიმე ინდივიდი ქმნის კოლექტიურ არსებას, რომელშიც თითოეული მათგანი არის „ყველა“ და რომელიც უფრო მეტია, ვიდრე თითოეული ინდივიდის „ჯამი“. თუ კი ასეთ ორგანიზმს დავუმატებდით ფილიპ დიკის კოლექტიური ემპათიის ფენომენს ნაწარმოებიდან „ოცნებობენ ანდროიდები ელექტრონულ ცხვრებზე?“, მივიღებდით რაღაც განსაკუთრებულს, მაგალითად... თუმცა აქ წყდებოდა ჩემი ამ საკითხით დაინტერესებაც და, სავარაუდოდ, ჩემი წარმოსახვის ფარგლებიც.

არ ვიცი, რამდენად იცნობენ ვაჩოვსკები და მაიკლ სტრაზინსკი სტარჯენის  ან დიკის შემოქმედებას, თუმცა ფაქტია, ჩემს ცნობიერში დალექილ კითხვას საკმაოდ ხოშიანი პასუხი გაეცა ამ ზაფხულს Netflix-ის ახალი სერიალის - Sense8-ის ნახვის შემდეგ, რომლის მიხედვით შეგვიძლია დავასკვნათ, რომ ვაჩოვსკებში გარკვეულწილად კვლავ გაიღვიძა იმ შემოქმედებითმა პოტენციალმა, რომელიც საერთოდ ჩამკვდარი იყო Jupiter Ascending-ის გადაღებების პერიოდში. 

ყველაფერი კი იმით დაიწყო, რომ მაშინ ძმები და ახლა და-ძმა ვაჩოვსკები ერთ მშვენიერ დღეს ემპათიისა და ადამიანის ევოლუციის ურთიერთმიმართებაზე დაფიქრდნენ  და ამ ორთავიანი რეჟისორის თავზე დიდი ყვითელი ნათურა აინთო, რომლის ჩაქრობამდე მაიკლ სტრაზინკის დაუძახეს და მუშაობა დაიწყეს ისეთ პროექტზე, რომლისგანაც ისეთივე გავლენას ელოდნენ სატელევიზიო და კინო კულტურაზე, როგორიც „მატრიცას“ ჰქონდა („ნეტავ ეს მაიკლ სტრაზინსკი ვინ არის“ კითხვას რაც შეეხება, ეს კაცი თითქმის ყველა სახის მედიაში (ტელევიზია, რადიო, ტელესერიალები, კომიქსები, წიგნები...) მუშაობს, არის რამდენიმე სერიალის პროდიუსერი და წერდა ისეთი კომიქსებისთვის, როგორებიცაა The Amazing Spider-Man, Thor, Superman, the Superman: Earth One, Before Watchmen and Wonder Woman).

არ ვიცი რამდენს უდრის იმის ალბათობა, რომ ვაჩოვსკების ხსენებაზე პირველად Sense8 გამახსენდეს და არა - „მატრიცა“, თუმცა პროექტზე მომუშავე კოლექტივმა ნამდვილად კარგი შედეგი დადო: 12 სერიაში ჩვენ ვნახავთ როგორ იბადება ახალი ორგანიზმი მსოფლიოს სხვადასხვა 8 ქალაქში მცხოვრები ადამიანების ემოციური და ტელეპათიური დაკავშირების გზით; როგორ ნადირობს მათზე გენეტიკის შესწავლით დაინტერესებული ორგანიზაცია და რა სირთულეების წინაშე დგას ეს რვა ადამიანი, რომელთა გენომში ერთი ქრომოსომა ისე არ განვითარდა, როგორც წესი და რიგი იყო.

სერიალის ნახვისას აუცილებლად შეამჩნევთ, რომ სერიალის შემქნელებს თითქოს მომენტებში ავიწყდებათ, რომ სამეცნიერო ფანტასტიკას იღებდნენ, თუმცა მათი ჩანაფიქრიც სწორედ ესაა: მათ უნდოდათ ერთგვარი „რბილი“ სამეცნიერო ფანტასტიკის შექმნის გზით გამოეკვლიათ ის თემები, რომლებიც ტრადიციული სამეცნიერო ფანტასტიკისთვის არ არის დამახასიათებელი: ინდოელი ქალის საქორწილო მზადების ფონზე ნაჩვენებია გერმანული მაფიის ოჯახის ცხოვრება, ორი ლესბოსელის ცხოვრების პარალელურად ორი მექსიკელი გეის „ოჯახური ურთიერთობანი“, კენიაში მცხოვრები ავტობუსის ახალგაზრდა მძღოლის თავგადასავლებთან ერთად სამხრეთ კორეული კორპორაციის შიდა სკანდალები, ასევე ისლანდიელი დიჯეისა და ჩიკაგოელი პოლიციელის ცხოვრება. სწორედ ისინი შეადგენენ კლასტერს, ანუ მუტაციური ქრომოსომის მქონე ადამიანთა კოლექტიური ემპათიის სისტემას. ასეთი უნარი მათ საშუალებას აძლევს გამოიყენონ ერთმანეთის უნარები, გაიზიარონ გრძნობები და ემოციები და ა.შ.

სერიალი მაქსიმალურად ცდილობს, რომ მაყურებელს დაუტოვოს რეალობის მაქსიმალური შეგრძნება, დაწყებული ეპიზოდების შესავლით (რომლის ნახვისას უფრო მეტად იმის შთაბეჭდილება შეგემქნებათ, რომ დოკუმენტურ ფილმს უყურებთ Discovery-ზე), დამთავრებული ყოველდღიური თემების წინ წამოწევით. მაგრამ სწორედ ასეთი ლაიტმოტივის გამო არის ჩავარდნები ზოგიერთ მომენტში, რაც დამახასიათებელია ექშენ სცენებისთვის: ქრება ყველა იარაღი, რატომღაც ყველას ხელჩართული ბრძოლა უნდა (იმიტომ, რომ პროტაგონისტს არ აქვს იარაღი), პერსონაჟები არ კვდებიან მხოლოდ იმის გამო, რომ მნიშვნელოვან როლს თამაშობენ და ა.შ. მოკლედ კინომატოგრაფიული deus ex machina-ების ნაკლებობაც არ იგრძნობა, თუმცა სერიალში, რომელშიც ჟან-კლოდ ვანდამის კულტია შექმნილი, ასეთი მომენტები უფრო მეტად სიამოვნებას იწვევს, ვიდრე - სკეპტიკურ დამოკიდებულებას.

ცალკე აღნიშვნის ღირის ჰომოსექსუალური სცენები. ამ მხრივ გენდერული ბალანსიც დაცულია. ორი ლესბოსელი და ორი გეი, თუმცა ლესბოსელების შემთხვევაში საქმე უფრო რთულადაა, რადგან ერთ-ერთი ქალი კაცად დაიბადა და შემდეგ იპოვა რეალური „მე“. სცენები ისეა დადგმული, რომ ჰომოფობსაც შეიძლება, პირველ რიგში, რეჟისორული მიდგომა დავასებოდა. ასევე საინტერესოა ისიც, რომ მსახიობი, რომელიც „კაცად დაბადებულ ქალს“ თამაშობს, რეალურ ცხოვრებაშიც იგივე გამოცადა. რადგან ქასტზე ჩამოვარდა სიტყვა, ფართო საზოგადოებამ შეიძლება იცნოს დერილ ჰანა, საიდი სერიალ Lost-დან და კორეელი რობოტი გოგო ასევე ვაჩოვსკების Cloud Atlas-დან.

Sense8  არის „უნდა ნახო“ სერიალი, სამეცნიერო ფანტასტიკის ელემენტებით დატვირთული რეალური ცხოვრების ხედვა ადამიანის ევოლუციის კონტექსტში: კარგად დადგმული სცენები ლოკაციების დიდი ტერიტორიული მასშტაბით; სხვადასხვა კულტურის გავლენა მორალურ და ეთიკურ საკითხებზე, ნარატივის თანმიმდევრულად განვითარებადი დინამიკა და 4 Non Blonde-ის What's Up მე-4 ეპიზოდის ბოლოს. 12 სერიის ბოლოს თქვენს ცნობიერებაში დალექილ კითხვას „what's up“-ს კი პასუხს სავარაუდოდ მეორე სეზონი გასცემს, რომელზეც მუშაობა უკვე დაწყებულია.


ავტორი: გიორგი ნაკაშიძე

07 August, 2015

დენ სიმონსის ჰიპერფანტასტიკური ილიადა


სახელწოდება: ილიუმი
ავტორი: დენ სიმონსი
ციკლი: ილიუმ/ოლიმპო
ქვეყანა: აშშ
ენა: ინგლისური
პირველი გამოცემის წელი: 2003

პრემია: 2004 წელს, ლოკუსის პრემია საუკეთესო სამეცნიერო-ფანტასტიკური ჟანრის რომანისთვის.
შეფასება Goodreads-ზე: 3.99/5



სამეცნიერო ფანტასტიკის ჟანრის განვითარებამ დიდი ოთხეულის და მათი თანამედროვე კლასიკოსების შემდეგ მცირედით შეიცვალა კალაპოტი და მეოცე საუკუნის 80-იანი წლებიდან სულ მთლად ახალ საფეხურზე აინაცვლა. ამ შემთხვევაში, ძნელია შეაფასო - ხარისხობრივი სხვაობა ამ პერიოდის ფანტასტებსა და აზიმოვ-ჰაინლაინის ეპოქის მწერლებს შორის, თუმცა თვალშისაცემია ის ძირითადი კონტურები, რასაც მეოცე საუკუნის მიწურულის სამეცნიერო ფანტასტიკა სახავს. 80-იანი წლების ჟანრობრივ ლიტერატურაზე უდიდესი გავლენა მოახდინა ამერიკელმა მწერალმა - დენ სიმონსმა, რომლის შესახებაც ადრე უკვე ვწერდით, როცა მის "ჰიპერიონს" მიმოვიხილავდით. სიმონსის ხელწერა მეტნაკლებად მსგავსია მის ყველა ვრცელტანიან რომანში. ეს უკანასკნელი კი სიმონსს ნამდვილად სანაქებოდ გამოსდის. დასტურად მისი ლიტერატურული პრემიების ჩამონათვალის ნახვაც საკმარისია. მართალია, ჰიპერიონ კანტოსით მოპოვებულ აღიარებას მისი სხვა ვერც ერთი რომანი უტოლდება, მაგრამ მრავალფეროვნება, რომელსაც სიმონსი თავის ნაშრომებში იყენებს და მხატვრულ სამყაროთა შექმნის ოსტატობა იმდენად მაღალია, რომ მისი წიგნების გარეკანიც კი, სამეცნიერო-ფანტასტიკის ჟანრის მოყვარულებს ძნელად თუ დატოვებს გულგრილად .

"ილიუმი", რომლის შესახებაც ჯერაც არაფერი გვითქვამს, სიმონსის საყვარელი ფორმით - დიალოგიითაა შედგენილი და ჰიპერიონ/ენდიმიონის მსგავსად, აქაც ორ-რომანიან ციკლთან გვაქვს საქმე. ილიუმს მალევე, არასრულ ორ წელიწადში "ოლიმპოს" გამოცემა მოჰყვა, რომელსაც ილიუმის მკითხველი მოუთმენლად ელოდა. ორივე წიგნი საერთო სიუჟეტს მიჰყვება და პრინციპში, ავტორისეული ჩანაფიქრის სრულად თუ არა, უმეტესწილად გასაგებად, ოლიმპოს გაცნობაც აუცილებელია. 

სიუჟეტის მოქმედება, ტრადიციულად, თანამედროვეობიდან ორი ათასზე მეტი წლით დაშორებულ მომავალში მიმდინარეობს, სადაც ადამიანი ისეთივე უცხო არსებაა, როგორც დღევანდელობისთვის თეთრი ლომი. დედამიწა უკვე აღარ არის პოპულარული და მთავარი ბრძოლის ველიც წითელ პლანეტაზეა გადატანილი. მარსის მტვერს თელავენ ბერძნული მითოლოგიის ღმერთები, რომლებიც ახლებური ფორმითაა წარმოდგენილი, თუმცა არც ერთ მათგანს არ აქვს დაკარგული თავისი სიდიადე, ძლევამოსილება და რაც მთავარია, სხეულის ფორმები, რომლითაც თითოეული მათგანი ადამიანს მრავალჯერ აღემატება. ზევსი, არესი, ათენა, მუზები და ოლიმპოს მთელი შემადგენლობა ხელახალი ინტერესით აკვირდება მოკვდავთა ფენაში განვითარებულ მოვლენებს, რომელშიც თითქმის იდენტურად მეორდება ჰომეროსის ილიადას სიუჟეტი. აგანემნონი, ჰექტორი, აქილევსი და ელენა - კვლავაც ჩვეულ როლებს ირგებენ, თუმცა ახლანდელი რეალობა ლიტერატურულ ჩარჩოებს სცდება და ის, რომ თითოეული მათგანი ოდესღაც ერთი წვეროსანი ბერძნის შემოქმედების ნაწილი იყვნენ, ნაწარმოების მხოლოდ ერთმა პერსონაჟმა - მკვდრეთით აღმდგარმა ყოფილმა სწავლულმა - ჰოქენბერიმ იცის.

ჰოქენბერი თითქმის ერთადერთი ადამიანური ადამიანია, რომელიც ამ ორომტრიალშია ჩართული. მუზის მიერ ნაჩუქარი ღვთიური აქსესუარებით, ის არაადამიანური პრივილეგიების მოპოვებას შეძლებს და ნელ-ნელა "მომავლის ღმერთების" ამბებშიც გაერკვევა. საინტერესოა მისი დამოკიდებულება არსებულ რეალობაში, შესაძლებლობა - მოირგოს ნებისმიერი ადამიანის როლი, ცდუნებები, რომელთა დაძლევასაც ვერ ახერხებს და მუდმივი დაპირისპირება მის "პატრონ" ღმერთებთან, რომლებმაც ის ახალი თაობის ჯაშუშად აქციეს. ჰოქენბერის გარდა, გვხვდებიან ადამიანისებრი ორგანიზმები დედამიწაზეც. აქ მათ სიცოცხლის ხანგრძლივობა მკაცრად, ასი წლით აქვთ განსაზღვრული, ამის შემდგომ კი ისინი ხდებიან ე.წ. პოსტადამიანები. პოსტადამიანები ახლებურ რასას წარმოადგენენ, რომლებიც ღია კოსმოსში, მათთვის განსაზღვრულ პლანეტისებრ წარმონაქმნებზე ცხოვრობენ. 

ილიუმში სიმონსი თხრობის რამდენიმე გზას ირჩევს. პირველ პირში მოთხრობილი ერთადერთი ამბავის ავტორი ზემოხსენებული ჰოქენბერია, რომელიც დღიურისებრი ჩანაწერით მოგვითხრობს მარსზე დაბუდებული ოლიმპოს ღმერთების, მათ შორის არსებული დაპირისპირებების, ომის, მძვინვარების და ვნებების შესახებ. თავის მხრივ, ალბათ, მისი შეხედულებები და ემოციები წიგნის ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო თემაა. მეორე მხრივ, შინაარსის მცირედი ნაწილი რობოტებსაც ეთმობათ, რომლებიც იმდენად ადამიანურები არიან, რომ მათი სერიული ნომრის ხსენებისას, უხერხულობის გრძნობა გიპყრობს. ამგვარი რობოტების წრეს მიეკუთვნებიან მაჰნმუტი და იოს'ორფუ, რომლებიც გამუდმებით განიხილავენ ადამიანთა ისტორიული გონის მიღწევებს. განსაკუთრებით, ლიტერატურული დისკუსიები იტაცებთ და ხშირად კამათობენ შექსპირისა და პრუსტის ირგვლივ. მათ და მათ მსგავს მექანიზმებს სიმონსი "მორავეცებად" მოიხსენიებს. (ავსტრიელი ფუტურისტის, რობოტიკისა და ხელოვნური ინტელექტის მკვლევარის - ჰანს მოროვეცის საპატივცემულოდ).


თუმცა, რა თქმა უნდა, მომავლის ილიადას მთავარი გმირები ბერძენი გმირები არიან. - ბერძნები და ტროელები... აქ გვერდიგვერდ იბრძვიან აქილევსი, ოდისევსი და აგამემნონი. მენალაუსი, დიომედესი და ნესტორი. მეორე მხარეს კი, ღირსების დასაცავად ჰექტორი, ანდრომაქე, პარისი და ელენა გამოდიან. ტროას ომი შეფარვითი ზავებით უფრო და უფრო იწელება, ამ ყოველივეს კი ოლიმპოს მთიდან თვალყურს ადევნებენ ზევსი,ჰერა,ათენა,არესი,აპოლონი და კაცობრიობის ბედის კიდევ ერთხელ გადაწყვეტას ცდილობენ. აქვე შევხვდებით შედარებით მცირედ დატვირთულ ძველებურ ადამიანებს - ადას, ჰერმანს, დაემანსა და სავის - მოხეტიალე ებრაელს.


ასე და ამგვარად, ილიუმის პირველი 50 გვერდის წაკითხვაც საკმარისია საიმისოდ, რომ დაეჭვდეთ - სწორი იყო თუ არა, მისი ხელში აღების გადაწყვეტილება. ერთიანად უამრავი პერსონაჟის და ისტორიის ერთმანეთში გადახლართვა სიმონსის რომანებში მისი მთავარი გატაცებაა. თხრობის ენასაც არ ეთქმის მარტივი. გარდა ამისა, გმირების უხეშობა, (ამ სიტყვის პირდაპირი გაგებით. უხეშობა, და არა სისასტიკე, რომელიც ნებისმიერ ბატალურ სცენას თან სდევს) პირდაპირობა და ზოგ მომენტებში გაურკვეველი მოქმედებები, პრინციპში, ნერვების მომშლელია. გარდა ამისა, ავტორი არ ერიდება საკუთარი პოლიტიკურ-სოციალური შეხედულებების თავისივე უდიდეს ცოდნაში არევას. ზოგადად, დამღლელია, როდესაც გრძნობ, რომ ავტორმა ბევრი რამ იცის და ამ ყოველივეს შენთვის გაცნობას ცდილობს. როდესაც მსგავსი გრძნობა გეუფლება, მისდამი უნდობლობით ივსები, მაგრამ მიუხედავად ამ ყველაფრისა, უნდა ითქვას, რომ თუ ითამაშებ სიმონსის წესებით, ის აუცილებლად ჩაგითრევს იმ ჰიპერ-განვითარებული სამყაროს გაურკვეველ ხვეულებში, რომელსაც ასე სრულყოფილად წარმოაჩენს თავის წიგნებში. ილიუმი არის ძალიან საინტერესო ისტორია, რომელიც სრულდება ძალიან ცუდ მომენტში. გიჩნდება ოლიმპოს წაკითხვის დაუოკებელი სურვილი, თუმცა იცი, რომ ეს გზა კიდევ უფრო დამღლელი იქნება, ვიდრე პირვანდელი.



მაგრამ, მიუხედავად ამისა, დარწმუნებული ხარ, რომ ოდესმე აუცილებლად მიაღწევ ოლიმპომდე და მისი ნაწილიც გახდები.



ავტორი: ირაკლი სულაძე