დენ სიმონსის ჰიპერფანტასტიკური ილიადა

სამეცნიერო ფანტასტიკის ჟანრის განვითარებამ დიდი ოთხეულის და მათი თანამედროვე კლასიკოსების შემდეგ მცირედით შეიცვალა კალაპოტი და მეოცე საუკუნის 80-იანი წლებიდან სულ მთლად ახალ საფეხურზე აინაცვლა.

ნილ გეიმანის Marvel 1602

2001 წელს ნილ გეიმანმა, გრაფიკულის ნოველების აწ უკვე აღიარებულმა მწერალმა და The Sandman-ის შექმნელმა, გადაწყვიტა Marvel-თან ეთანამშრომლა და ბედი მეინსტრიმულ კომიქსში მოესინჯა (უფრო სწორად, თავად Marvel-ისგან მიიღო შემოთავაზება).

არტ შპიგელმანის ომგამოვლილი თაგვი

„როდესაც რამდენიმე დღით ერთ ოთახში ჩაგკეტავენ მშივრებს, იქ სიტყვა "მეგობარი" აღარ არსებობს.“

„უფრო მეტი, ვიდრე ადამიანი“: თეოდორ სტარჯენის ევოლოციური თეორია

„ჩვენ გვჭირდება არა ფიზიკური, არამედ - ფსიქიკური ევოლუცია“.

30 December, 2014

რუსულენოვანი ფანტასტიკა (sci-fi/fantasy/etc.)




რუსული sci-fi და ზოგადად, ფანტასტიკა, როგორც ჟანრი, სათავეებს მე-19 საუკუნიდან იღებს. რუსული ფენტეზის სათავეები რუსულ ფოლკლორსა და მითებში უნდა ვეძიოთ, (გახსოვთ ჩერნაბოგი "ამერიკელ ღმერთებში"?) თუმცა, რა თქმა უნდა, როგორც ჟანრმა, თავის ოქროს ხანას სსრკ-ს პერიოდში მიაღწია. ამ დროს ასპარეზზე გამოჩნდნენ ძმები სტრუგაცკები, ბულიჩოვი, მიხაილ ბულგაკოვი და სხვ.

ეტიმოლოგიური კუთხით, ფენტეზი, sci-fi, ჰორორი და სხვა მსგავსი ჟანრები ერთი საერთო სახელწოდების ქვეშ ერთიანდება, ეს არის - "ცისარტყელა" (Радуга) . თუმცა, ყველაზე ხშირად, რუსებიც ფენტეზის ტერმინს იყენებენ. აგრეთვე, გოთიკური და მისტიკური ნაწარმოებების დახასიათებისას გამოიყენება ტერმინი "მისტიკა". ცისარტყელა გამოიყენა ერთ-ერთმა პირველმა დიდმა გამოცემამ, რომელმაც აქტიურად დაიწყო მსგავსი ჟანრის წიგნების პოპულარიზაცია.

თუკი მე-18/მე-19 საუკუნეების მწერლობაში ძირითადად სოციალური სტატუსი იყო გამოკვეთილი, ეს სრულიად უცხო იყო ფანტასტიკური ჟანრის ნაწარმოებებისათვის. განსაკუთრებით კი, მე-20 საუკუნეში პოპულარული გახდა "წარმოსახვით-ვოიაჟური" ტიპის ნაწარმოებები. პოპულარული იყო უტოპიური და ფანტასტიკური თემებიც.

ჟანრის ფუძემდებლად შეიძლება დავასახელოთ ფიოდორ დმიტრიევ-მამონოვის - „ფილოსოფოსი თავადი“. (1769წ), უტოპიური შინაარსის პიონერია ალექსანდერ სუმაროკოვის "ბედნიერი საზოგადოების ოცნება" (1759). შემდგომ პერიოდში შეიქმნა კიდევ ორი დიდი ნაწარმოები უტოპიურ-ვოიაჟურ ჟანრში. ესენია - ვასილი ლევშინის "უახლოესლი ვოიაჟი" (1784წ.) რომელიც აგრეთვე შეიძლება ჩაითვალოს რუსულ ლიტერატურაში პირველ ისეთ ნაწარმოებად, სადაც მოქმედება ვითარდება მთვარეზე. კერძოდ კი, აღწერილია მთვარეზე მოგზაურობა. და რა თქმა უნდა, მიხაილ შშერბატოვის "მოგზაურობა ოფირის მიწისაკენ", რომელიც წარმოადგენს ფსევდო-ისტორიულ-ჰეროიკულ რომანს.

ჟანრის ფუძემდებლებში არ შეიძლება არ აღინიშნონ ნიკოლაი გოგოლი, ანტონი პოგორელსკი, ნიკოლაი მელგუნოვი, ვლადიმირ კარლგოფი და ა.შ. აქვე, უნდა გავიხსენოთ პუშკინის სახელგანთქმული "დამა ყვავი" (Queen of spades), რომელსაც დოსტოევსკიმ "ფანტასტიკის შედევრი" უწოდა. მე-19 საუკუნის ცენტრალური ფიგურა კი გახლდათ ვლადიმირ ოდოევსკი, რომელიც რომანტიკული შინაარსის ნაწარმოებებს წერდა, მის ნაწარმოებებში იგრძნობა ე.ტ.ა. ჰოფმანის გავლენა. ოდოევსკის სწამდა მეცნიერებისა და ტექნოლოგიების სამომავლო პროგრესის. იგი გახლდათ ბევრი გოთიკური შინაარსის მოთხრობის ავტორიც.

თუ ვინმეზე შეიძლება ითქვას, რომ სამეცნიერო ფანტასტიკის პირველი "ნაღდი" წარმომადგენელია, ეს გახლავთ ალექსანდრე ველტმანი. მისი ნაწარმოებები გაჯერებულია ფსევდო-ისტორიული შინაარსითა და ფიქციური გმირებით. ველტმანის ნოველებში ჩნდება ცნობილი რუსი "გმირი" კაშეი ბისმერტნი. (უკვდავი კაშეი) - 1833წ. რაც შეეხება დროში მოგზაურობას, ამ თემატიკაში პირველია, აგრეთვე ველტმანის - "კალიმეროსას წინაპრები: ალექსანდრ ფილიპოვიჩ მაკედონსკი". ამ ნაწარმოებში ნარატორი მოგზაურობს ძველ საბერძნეთში და იქ არისტოტელეს ხვდება. აგრეთვე, მოგზაურობს ალექსანდრე მაკედონელთან ერთად მე-19 საუკუნეში. ამავე რომანში მთავარი გმირი მოგზაურობს წარმოსახვით ბალკანურ ქვეყანა - ბოსფორანიაში. აქვე აღწერილია სამეცნიერო და ტექნოლოგიური მიღწევები 35-ე საუკუნეში.

მიუხედავად იმისა, რომ მე-19 საუკუნის შუა ნახევრიდან პოპულარული გახდა რეალიზმი ლიტერატურაში, მაინც აქა-იქ ჩანდნენ sci fi-ს მიმდევრებიც, ასეთები იყვნენ, მაგალითად, ნიკოლაი ახშაურუმოვი, ნიკოლაი ვაგნერი და სხვანი. აღსანიშნავია ივან ტურგენევის "მისტიური ნოველები". აგრეთვე, ვერა ძელიხოვსკის "ოკულტური ფიქცია". მიხაილ მიხაილოვის ნაწარმოები "ისტორიის მიღმა" (1869წ.) პრეისტორიული ფიქციაა და პრე-დარვინისტულ ფანტასტიკის ელემენტებს შეიცავს. შემდგომში პრეისტორიულ ადამიანზე ბევრმა დაწერა, მათ შორის ვილჰელმ ბიტნერმა - "პრეისტორიული ადამიანი" (1890წ.).

მამონტისა და ყინულის კაცის ამბავი მოგვიყვა პიოტრ დრავერტმა, 1909 წელს. 1910-ში კი, ვლადიმირ ბოგორაჟმა "დრაკონის მსხვერპლები" დაწერა.  "ცხოველთა აჯანყება" 1917 წელს დაიწერა, ისტორიკოს ნიკოლაი კოსტომაროვის მიერ. ეს ნაწარმოები ძალიან ძალიან ჰგავს ორველის "ცხოველების ფერმას". (რომელიც 1945 წელს გამოიცა).

დოსტოევსკის რამდენიმე მოკლე მოთხრობაც შეიძლება ჩაითვალოს ფანტასმაგორიული დეტალების შემცველად. მაგალითად, "სასაცილო კაცის სიზმარი" (სხვა პლანეტაზე არსებული უტოპიური საზოგადოების შესახებ). აგრეთვე, ნოველა - "დაბბლი (The double)" პეტერბურგის პოემა, სადაც ჩნდება დოპპელგენგერი. აქვე უნდა ითქვას, რომ დოსტოევსკის ჟურნალმა - "ვრემია", პირველად გამოაქვეყნა ედგარ ალან პოს "ნანტაკეტელი არტურ გორდონ პიმის ამბავი"

უტოპიურ თემატიკაზე ბევრს აღარ შევჩერდებით. იმ პერიოდში, ხარისხიანი ამ ჟანრში თითქმის არაფერი შექმნილა. თუ ვინიცობაა და ვინმეს გაინტერესებთ, გადახედეთ კონსტანტინ ციოლკოვსკის, ალექსანდერ გრინს, ალექსანდერ ბოგდანოვს და ვალერი ბრიუსოვს.

ახლა კი, საბჭოთა ერა... sci-fi-სა და ფენტეზის ოქროს ხანა. სსრკ-ში არსებული შეზღუდვები კიდევ უფრო აღაგზნებდა იმდროინდელ ავტორებს. რუსეთში მომხდარ პოლიტიკურ ცვლილებებთან ერთად, იცვლებოდა ლიტერატურული მიმართულებებიც. 20-იან წლებში ალექსანდერ ბელიაევი, გრიგორი ადამოვი, ვლადიმირ ობრუჩევი და ძმანი მათი ერთიანად გამოჩნდნენ რუსულ ლიტერატურაში.

ეს ხალხი თავიანთ ნაშრომებში დიდ ზეგავლენას განიცდიდნენ პატივცემული ჟიულ ვერნის, არტურ კონან დოილისა და ჰერბერტ უელსის ნაშრომებიდან. 20-იანი წლებიდან იმდროინდელი რუსული ფიქციური ლიტერატურა დიდი დოზით შეიცავს სამეცნიერო პროგნოზებს მომავლისათვის, განსაკუთრებით პოპულარული იყო კოსმოსური მოგზაურობები, ხშირი იყო ასევე მუშა კლასის ბრძოლა კაპიტალიზმის წინააღმდეგ. (ალექსეი ნ. ტოლსტოის "აელიტა" (1923), რომელიც მარსზე რუსების მიერ მოწყობილ ევოლუციას აღწერს). "ინჟინერ გარინის სიკვდილის დღე" (1926წ.) - მოგვითხრობს გიჟი მეცნიერის გეგმების შესახებ, თუ როგორ სურს მას სამყაროს დაპყრობა. თუმცა უცაბედად მას კაპიტალისტები თავიანთ რიგებში იღებენ. მსგავსი ანტაგონისტური განწყობაა ბელიაევის  "ჰაერის გამყიდველში" (1926წ.) ასევე ბელიაევის "ბრძოლა ეთერში" (1928წ.) რომელიც მომავალ მსოფლიო ომს ეხება, კომუნისტ ევროპასა და კაპიტალისტურ ამერიკას შორის. ბელიაიევი აღწერს ასევე "ისტორიული" ატლანტიდის ქრონიკებს. - "ატლანტიდის უკანასკნელ ადამიანში". რა თქმა უნდა, ყველას გვახსოვს, ჩვენი ბავშვობის უკვდავი ქმნილება - "ადამიანი ამფიბია".

ობრუჩევი კი, ცნობილია თავისი ფანტასტიკურ-ვოიაჟური ნაწარმოებით - "პლუტონია", რომელიც გამოიცა 1924 წელს და ეხება დედამიწის ცენტრისკენ მოგზაურობას  სადაც ექსპედიტორები აღმოაჩენენ პრეისტორიული პერიოდის ხანას, დასახლებულს დინოზავრებითა და სხვა გადაშენებული ცხოველებით. ობრუჩევი ცნობილია ასევე თავისი "დაკარგული სამყაროს" ტიპის ნოველით - "სანიკოვის მიწა" (1924წ.) ობრუჩევის წიგნებში დიდია ჟიულ ვერნის და არტურ კონან დოილის გავლენა.

ამ პერიოდის მნიშვნელოვანი ნაშრომი ეკუთვნის ევგენი ზამიატინს, ავტორს წიგნისა "ჩვენ" (1924წ.) და აგრეთვე მიხაილ ბულგაკოვს, რომელმაც სამეცნიერო ფანტასტიკას აჩუქა "ძაღლის გული" (1925), ფატალური კვერცხები (1925) და ივან ვასილიევიჩი (1936). ეს ორი ავტორი, სამეცნიერო ფანტასტიკას უფრო მეტად საბჭოთა რეჟიმის გასაკრიტიკებლად იყენებდნენ, ვიდრე სამეცნიერო წინასწარმეტყველებად. 50-60-იან წლებში ჟანრი მძიმე სტაგნაციას განიცდის. ეს რა თქმა უნდა, იმდროინდელ ცენზურას უნდა დავაბრალოთ. თუმცა, მიწისქვეშა ლიტერატურა მაინც ვრცელდებოდა, ისეთი ავტორების წყალობით,როგორებიც იყვნენ ალექსანდერ კაზანცევი, გეორგი მარტინოვი, ვლადიმირ სავჩენკო და სხვები.

ამ პერიოდის ფილმები კი, მაგალითად, "შტორმების პლანეტა" (1962) და "ბრძოლა მზის გასწვრივ" (1959) მეკობრული გზით დასავლეთშიც კი გაიტანეს.

მე-20 საუკუნის მეორე ნახევარში, ჟანრზე უდიდესი გავლენა მოახდინა სსრკ-ს კოსმოსში გასვლამ. ისევ იწერებოდა უტოპიურ მომავალზე, აპოკალიპტური შინაარსის წიგნები და ა.შ. გარდატეხა კი მოახდინა, ივან იეფრემოვის "ანდრომედამ" (1957 წ.) - უტოპია, უახლოეს მომავალში. ამას მოჰყვა ძმების, არკადისა და ბორის სტრუგაცკების გამოჩენა, რომლებიც უფრო კრიტიკულად მიუდგნენ საქმეს: მათი წიგნები შეიცავდა ბნელ თემებს და სოციალურ სატირას. მათი ყველაზე ცნობილი აადრეული ნაწარმოებებია "ძნელია ღმერთობა" (1964 წ.) და "ძალაუფლების ტყვეები" (1969 წ.) ძმებმა შექმნეს ასევე პირველი საბჭოთა სამეცნიერო ფანტასტიკური ტრილოგია - "ორშაბათი იწყება შაბათს" (1964 წ.) და მათი პირველი პოსტ-აპოკალიპტური ნოველა "პიკნიკი გზის ნაპირზე" (1971) რომლის ეკრანიზაციაც წარმატებულად ითავა ანდრეი ტარკოვსკიმ, თავისი კინოშედევრით - "სტალკერი". ეს ნაწარმოები უკავშირდება ჩერნობილის კატასტროფას, სასოწარკვეთილი ადამიანების ყოველდღიურ ყოფას, თავზეხელაღებულ რამდენიმე "თანამედროვე რაინდს" და კიდევ მრავალს და მრავალს.

სტრუგაცკები ისეთი თემაა, რომ ძნელია, მოიხსენიო სხვა მწერლებთან ერთად. ისინი არც რუსი ავტორები იყვნენ და არც რუსული ლიტერატურის წარმომადგენლები. ძმები სტრუგაცკები მსოფლიო საგანძურის ნაწილია, რომელთაც გაფრთხილება და მტვრისგან ხშირი გაწმენდა სჭირდება.

ერთ-ერთი ცნობადი სსრკ-ს ბოლო წლების მწერალი გახლდათ კირ ბულიჩოვი. მისი წიგნები შეიცავდა დროში მოგზაურობის და პარალელური სამყაროების არსებობა/არარსებობის თემატიკას. აქტიურად ჰქონდა წინ წამოწეული ანტიმატერიალიზმი და გარემოს დაცვის საკითხებიც. რუს მკითხველში ასევე პოპულარული იყო ალექსანდერ კოლპაკოვი, თავისი "გრიადა"-თი, და სერგეი სნეგოვის ტრილოგია - "ადამიანები,როგორც ღმერთები" (1966-1977).

ამას უკვე მოჰყვა ნანატრი 21-ე საუკუნე. ახდენილი წინასწარმეტყველებები და ახალი გამოწვევები..."ღამის გუშაკი"... "მეტრო 2033"... მაგრამ, როგორც იტყვიან, Впрочем, это уже совсем другая история...



ავტორი: ირაკლი სულაძე


28 December, 2014

ალბერტ კამიუ- შავი ჭირი (მიმოხილვა)



მეოცე საუკუნე, ხელოვნების განვითარების მხრივ, ნამდვილად უნიკალური ერა იყო, რადგან სწორედ ამ ეპოქაში ჩაეყარა საფუძველი ისეთ მიმდინარეობას, რომელმაც დაახლოებით იმ დონის ცვლილებები გამოიწვია აზროვნების მხრივ ხელოვნების ნებისმიერ დარგში, რა დონის ცვლილებებიც განაპირობა რენესანსმა თავის დროზე. გაჩნდა სამყაროს მოდერნისტული ხედვა, რომელიც არ ჰგავდა მის წინამორბედ მიმდინარეობებში არსებულ იდეოლოგიებს. მოდერნიზმმა დასვა კითხვები, რომელზეც პასუხები არ ჰქონდათ ადამიანებს, კითხვები, რომელსაც ადრე არ სვამდნენ ან უბრალოდ არ უნდოდათ მისი ხმამაღლა გაჟღერება. კერძოდ, რა აზრი ჰქონდა ან რა იყო თავად ცხოვრება, არსებობა, რა აზრი ჰქონდა ადამიანის ქმედებას ამ ცხოვრებაში? აქვს თუ არა აზრი ცხოვრებისეულ სიძნელეების გადალახვას თუ ამ ყველაფერს ადამიანმა ზურგი უნდა აქციოს? ამ ნიჰილისტურმა კითხვებმა მოდერნისტულად მოაზროვნეები მიიყვანა იმ დოგმის ჩამოყალიბებამდე, რამაც განაპირობა საბოლოო ჯამში ყველანაირი ფასეულობების ლპობა საზოგადოებაში, ეს იქნებოდა კულტურული, სულიერი თუ მორალურ-ეთიკური ნორმები. ადამიანმა სწორედ ამ ეპოქაში, ისე როგორც არასდროს, შეიტანა ეჭვი ღმერთის არსებობაში, სწორედ იმ ტიპის აზროვნების გამო, რაც ზემოთ ვახსენე. მოდერნიზმმა, ბუნებრივია, დასაბამი მისცა(ან უბრალოდ დაეხმარა განვითარებაში) სხვა ,,იზმებსაც“, რომლებმაც მოდერნისტულ იდეოლოგიაში სპეციფიკური ცვლილებების შეტანით საფუძველი ჩაუყარეს ახალ მიმდინარეობებსაც. სწორედ ერთ-ერთი მათგანია ეგზისტენციალიზმი. ეს მოძღვრება გულისხმობს სამყაროს ცენტრში ადამიანის, როგორც უმაღლესი ფიგურის, არსებობას და სხვათაშორის, ამ ტიპის აზროვნებამ საკმაოდ ბევრი მოაზროვნე მიიზიდა თავის წიაღში, რომელთა შორის იყვნენ კნუტ ჰამსუნი(თუმცა ასე გამოკვეთილად არ იგრძნობა), მიგელ დე უნამუნო და ფრანგი ეგზისტენციალიზმის ერთ-ერთი ,,მამა“ ალბერტ კამიუ. დღეს სწორედ მის ნაწარმოებზე- ,,შავ ჭირზე“ გვექნება საუბარი, მიუხედავად იმისა, რომ კამიუს ამ ნაშრომში ყველაზე ნაკლებად იგრძნობა ზემოთხსენებული ფილოსოფიის ნიშნები და საერთო ჯამში, კამიუს შემოქმედებაში ერთ-ერთ ყველაზე სუსტ ნაშრომადაც შეიძლება ჩაითვალოს.

დავიწყოთ უშუალოდ სიუჟეტით, რომელიც შავი ჭირით დაავადებულ ალჟირში ვითარდება. დაავადება, რომელიც იმ პერიოდში განუკურნებელი იყო, ათასობით ადამიანს იმსხვერპლებს. სულ რამდენიმე დღეში ადამიანები გაიხსენებენ თუ რაოდენ უსუსურნი არიან ისინი სხვადასხვა მოვლენების მიმართ. ძალიან კარგად მიხვდებიან, რომ სიკვდილი მათი განუყოფელი, თანამდები ფენომენია და როდის და სად შეახსენებს თავს, არავინ იცის. დაავადებულ ქალაქში მიმდინარე პროცესები აღწერილია ექიმის მიერ, რომელიც თავად იყო ამ ყველაფრის მონაწილე და გადარჩენილი. მიუხედავად მისი თავდაუზოგავი შრომისა, ის გახდება მრავალი უბედურების მსხვერპლი. ეს ნაწარმოები ორჯერ წავიკითხე და ორივეჯერ გარკვეული ირონია, სარკაზმი ვიგრძენი ავტორისგან, ოღონდ გაურკვეველი ადრესატით. თითქოს ის მომენტი, რომ მწერალი თავის პერსონაჟებს დასცინის, როდესაც ექიმს თითქმის ყოველდღე პაციენტები აკვდება ხელში და იგი ვერაფერს ახერხებს სიკვდილის მანქანის შესაჩერებლად, ეს სარკაზმი მხოლოდ პერსონაჟის მიმართაა. თუმცა აქ ისიც გასათვალისწინებელია, რომ ნაწარმოების კითხვისას მკითხველი თავადაა პერსონაჟის ადგილას, შესაბამისად მწერლის ირონიული დამოკიდებულება ირიბად მკითხველსაც ეხება. სხვათაშორის ნაწარმოებიდან აშკარად ჩანს, რომ ექიმის გადაწყვეტილება დაეწერა თხზულება, რომელიც აღწერდა შავი ჭირის საცეცებში მყოფ ადამიანთა მოქმედებას, არ იყო შემთხვევითი. ექიმის მიზანი იყო კაცთა მეხსიერებაში არ წაეშალა ის ავი გამოცდილება, სიმწარე და გასაჭირი, რაც ხალხმა ამ განსაცდელის ჟამს ისწავლა. ზოგადად, მიუხედავად იმისა, რომ ,,შავ ჭირში“ ნაკლებად იგრძნობა ეგზისტენციალიზმის გავლენა, აქ მაინც ვხვდებით მის გამოვლინებებს. მაგალითად, მიუხედავად ადგილობრივების სიგიჟისა, ექიმი(მწერალი) ფიქრობს, რომ ,,ადამიანში აღტაცების მომგვრელი მეტია, ვიდრე დასაძრახი“.

,,შავი ჭირი“ ძალიან კარგად ასახავს თუ რაოდენ სუსტი ბუნების შეიძლება იყოს ადამიანი, რომელიც ძალიან მოკლე ხანში უდიდესი აღფრთოვანებიდან და აღტაცებიდან უკიდურეს გულგრილობამდე ეშვება, სადაც ის კარგავს ადამიანურ სახეს და ღირსებებს. თავდაპირველად, მოსახლეობა თითქოს დიდი მოკრძალებით ასაფლავებს თითოეულ გარდაცვლილს, თუმცა როდესაც ხალხის მასობრივი ინფიცირება და სიკვდილი დაიწყება, უკვე სრული განუკითხაობა დაისადგურებს ქალაქში. გარდაცვლილთა ნაწილს ერთად ყრიან ორმოში, ნაწილს უბრალოდ წვავენ. სხვათაშორის, აქვე ვიტყვი(ახლოს არის თემასთან), რომ კამიუ ძალიან ემხრობოდა აბსურდის თეორიასაც. მას მიაჩნდა, რომ ადამიანი თავისი მონოტონური ცხოვრების რომელიღაც მომენტში ფხიზლდება და უამრავს შეკითხვას უსვამს საკუთარ თავს ცხოვრებაზე, არსებობაზე, მაგრამ პასუხის ნაცვლად აბსურდის კედლებს აწყდება. ეს აბსურდი გამოწვეულია იმით, რომ ადამიანი იაზრებს მისი მიასწრაფებებისა და ობიექტური რეალობას შორის წინააღმდეგობას, არათანხვედრას. თუმცა მიუხედავად ყოფის აბსურდულობისა, ამ თეორიის არსი იმაში მდგომარეობს, რომ პიროვნებამ აუცილებლად უნდა გაანალიზოს აბსურდულობა და მისი შეცნობის შემდეგ იგი ხდება რაღაცით იმაზე მეტი, ვიდრე იყო. სწორედ რეალობასთან ამგვარ დამოკიდებულების მაგალითია ჩვენი პერსონაჟების სიტყვები. მაგალითად ექიმი ერთგან იძახის: ,, ის რაც მართებულია ყველა ამქვეყნიური სნეულების მიმართ, მართებულია შავი ჭირის მიმართაც. მან შეიძლება ზოგი აამაღლოს კიდეც . მაგრამ როდესაც ხედავ მწუხარებას და ტანჯვას რომელიც მას მოაქვს, გიჟი ბრმა ან ლაჩარი უნდა იყო რომ შავ ჭირს შეურიგდე.“ ამავე აზრის მატარებელია თავად კამიუც, რომელიც იძახის რომ ის ვერ შეურიგდება სიკდილსა და ბოროტებას. სწორედ ამგვარი მსგავსება მაფიქრებინებს იმას, რომ ექიმის სახით მწერალმა ავტოპორტრეტი დახატა. კამიუ თავისი ბრძოლისუნარიანობით გასცდა ეგზისტენციალიზმის ფარგლებს, სადაც უკვე იწყება თეიზმისა და ათეიზმის განუწყვეტელი ჯახი, დაახლოებით იმ დონის ჭიდილი, რასაც დოსტოევსკის ნაშრომებში ვხვდებით. საინტერესო მსგავსებაა ისიც, რომ როგორც თავად კამიუსთვის, ასევე ექიმისთვის არ არსებობს ცოდვის ან მონანიების ფენომენი. უფრო მეტიც, ნაწარმოებში პირდაპირ წერია, რომ ადამიანი კი არ არის დამნაშავე ღმერთის მიმართ, არამედ ღმერთია თავად დამნაშავე, რათა ადამიანი დატოვა სატანჯველად. ეს კიდევ უფრო აძლიერებს იმ აზრს, რომ ექიმის მხატვრულ სახეში თავად კამიუ უნდა ვიგულისხმოთ. სხვათაშორის სწორედ ამგვარი ტიპის აზროვნება უდგას ეგზისტენციალიზმს საფუძვლად.

             საინტერესოა თავად მოძღვარი პანელუს სახე, რომელიც შეიძლება ექიმის(ავტორის) ანტიპოდად განვიხილოთ, რადგან ამ ორი ადამიანის იდეოლოგია მკვეთრად განსხვავებულია. პანელუს გადმოსახედიდან ექიმი, მთელი თავისი იდეოლოგიითა და გულისწყრომით, იყო ქალაქში მიმდინარე უბედური მოვლენების მსხვერპლი. ვფიქრობ, მისი აზრით(ამას პირდაპირ არ იძახის, თუმცა თუ დავუკვირდებით აშკარად ჩანს მისი მოქმედებებიდან. მაგალითად ექიმის მიერ ღმერთის გმობაზე ჩაღიმება და საპასუხოდ თანაგრძნობით ავსებული სიტყვების მიგებება) ექიმის გონება ძალიან ახალგაზრდაა, რომ ადეკვატურად, გაწონასწორებულად აღიქვას ის მოვლენები, რომლებიც ქალაქში ვითარდება, მიუხედავად იმისა, რომ ამ მოვლენების სახელი სიკვდილი და მასობრივი პანიკაა. ექიმი ყველაფერს ერთგვარად ,,გაბოროტებული“ აბრალებს ზენაარსს, ღმერთს, როდესაც იძახის(ჩემი თხოვნა იქნება ყურადღებით წავიკითხოთ ეს დიალოგი):

,,- ო, ეს ბალღი ხომ უცოდველი იყო, თქვენც კარგად უწყით!
- ასეთი წყრომით რატომ მელაპარაკებით?- უპასუხა მოძღვარმა- ეს სანახაობა ჩემთვისაც აუტანელი იყო!
- თქვენ მართალი ხართ, შემინდეთ. დაღლილობამ დამრია ხელი, მაგრამ არის წუთები, რომელიც ამ ქალაქში ჯანყისთვის განგაწყობს.
- მესმის, ჯანყისთვის განგვაწყობს, რაკი ყოველგვარი წვდომის საზღვარს სცილდება. მაგრამ, იქნებ, გვმართებს იმისი სიყვარული, რასაც ჩვენი გონება ვერ მისწვდენია!“

            ყურადღება მივაქციოთ გამუქებულ ნაწილს. მოძღვრის აზრით, ქალაქში გამეფებული ჟღლეტა მართალია საშინლად დამამწუხრებელი და დამაბრკოლებელია, მაგრამ ამ ყველაფერს გარკვეული მიზეზი, ჩვენთვის ჯერ კიდევ შეუცნობელი მეტაფიზიკური მისია აქვს, რომლის განსასაზღვრად ადამიანებს არ გააჩნიათ რწმენა, სხვათაშორის იოტისოდენა რწმენა, რომელიც საშუალებას მისცემს მათ გააგნონ ამ ერთგვარ განსაცდელში გზა-კვალი, გაიგონ რა და რისთვის ხდება. ცოტა გასაგებ ენაზე რომ ვთქვათ, დავესესხები დოჩანაშვილს, რომელიც ,,სამოსელ პირველში“ გენიალურად ამბობს, როდესაც დომენიკო მიჩინიოს ეკითხება(ზუსტად გამოგვადგება ეს დიალოგი ამ შემთხვევაში):

,,-ადამიანის სიკვდილს რაღატო მაყურებინეთ?
-პასუხად მშვიდად უპასუხეს: - ადამიანი რომ გყვარებოდა!“

             დიახ, რაოდენ გასაკვირიც არ უნდა იყოს ჩვენთვის, არ გამოვრიცხავ, რომ მოძღვარი პანელუც სწორედ ამ აზრზე იყო. კერძოდ, ეს მასობრივი ადამიანთა ჟლეტა იყო აუცილებელი ფაქტორი, რათა ადრე თუ გვიან ადამიანებს გაღვიძებოდათ ურთიერთსიყვარული და პატივისცემა, რომ იმ ეპოქაში გაუფასურებული იყო ის სულიერი თუ მორალური დოგმები, რომელიც საბოლოო ჯამში ადამიანთა შორის სიყვარულს განაპირობებდა. ეს რეალობა არ გეგონოთ მხოლოდ წიგნის სიუჟეტი. ეს აზროვნება და სულიერი გახრწნა რეალურად მოიტანა მოდერნიზმმა და შესაბამისად მოდერნისტი მწერლის ნაშრომში ამ პრობლემებზე რომაა საუბარი, მგონი გასაკვირი არ უნდა იყოს. კვლავ ვიმეორებ, რაოდენაც საშინლად არ უნდა ჟღერდეს, ,,ადამიანთა ხოცვა იყო ერთადერთი ვარიანტი, რათა საბოლოო ჯამში ადამიანთა სიყვარული აღმოცენებულიყო“. აქ ოდნავ რელიგიური კუთხით თუ მივდუგებით , (ნუ მაშინ ცალკე თემები წარმოიშვება, მაგრამ ახლა ერთს ვიტყვი და მოკლედ შემოვიფარგლები) ძალიან საინტერესო რამის აღმოჩენა შეგვიძლია, რომელიც შესაძლოა ერთგვარადაც ხსნიდეს რამდენიმე დეტალს. კერძოდ, ქრისტიანობის აზრით, უზომო და აღვირახსნილი ცოდვის საზღაური მხოლოდდამხოლოდ სიკვდილია! აქ მემგონი თქვენთითონაც ხვდებით თუ როგორ შეიძლება დაუკავშირდეს ეს მოვლენები ერთმანეთს.

             ახლა რომ შევაჯამო, ,,შავ ჭირში“ მრავალი საინტერესო ნიუანსის აღმოჩენა შეგიძლიათ მკითხველნო. იმდენად ბევრი და საინტერესო ნიუანსის, რამდენადაც მრავლისმომცველი და სერიოზული ფილოსოფიური მიმდინარეობაა თავად ეგზისტენციალიზმი. თქვენ ამ ნიუანსებს აღმოაჩენთ ყველანაირ შემთხვევაში, იზიარებთ თუ არ იზიარებთ ამ ფილოსოფიის იდეოლოგიას, რადგან ამ უკანასკნელის აზრთა კრებული, მიუხედავად გარკვეული ადამიანის ანტისიპათიისა(მეც ამ ადამიანებს ვეკუთვნი), საბოლოო ჯამში უთუოდ ქმნის თავის თავში დასრულებულ და ჩამოყალიბებულ მიმდინარეობას. მოკლედ რომ ვთქვათ, ამ წიგნის წაკითხვით თქვენ ნამდვილად არ დაკარგავთ დროს, რადგან იქ არსებული პრობლემები დღესაც ძალზედ აქტუალურია, ბოლოსდაბოლოს შავი ჭირი, თუ მეტაფორულ ენაზე ვიტყვით, ის განუყოფელი ბოროტებაა, რომელიც გამუდმებით სდევს ადამიანთა მოდგმას და მუდამ ცდილობს ჩვენს გულებში ჩაბუდებას. დანარჩენი კი მკითხველის განსჯის საგანია!



ავტორი: გიორგი წერეთელი

27 December, 2014

კოსტა რიკის ქვის სფეროები

ქვის ბურთულები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაშია გაბნეულია. არავინ იცის ვინ დაამზადა ან საიადან ჩამოგორდნენ ისინი. მათი შემადგენლობა ვულკანური ლავის მსგავსია. საინტერესოა, რომ სადაც ეს სფეროები მდებარეობს, შორიახლოს არსად არის ვულკანის კერები. მეცნიერები ვარაუდობენ, რომ სფეროების ასაკი დაახლოებით 12 000 წელია. მსგავსი სფეროების ყველაზე დიდი ბუდე - კოსტა რიკა.

სფეროების აღმოჩენა აბსოლიტურად შემთხვევით მოხდა. 1930 წელს ამერიკულმა ხილის კომპანიამ, ბანანის პლანტაციების გაფართოების მიზნით, გაჩეხა ჯუნგლები, რის დროსაც შემთხვევით წააწყდა უზარმაზარ სფეროებს, თითოეულის დიამეტრი სამ მეტრს აღწევდა და დაახლოებით თექვსმეტ ტონას იწონიდა. ამის შემდგომ არქეოლოგებმა და გეოლოგებმა დაიწყეს მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში მსგავსი სფეროების აღმოჩენა. მათი წარმოშობის შესახებ დღესაც არ არსებობს ერთიანი და ჩამოყალიბებული პოზიცია











ავტორი: ირაკლი სულაძე

25 December, 2014

სატელევიზიო სერიალების ანა-ბანა



სერიალების (TV-Series) ისტორია იწყება 1980-იანი წლებიდან, მაგრამ ძირითადად გასართობი შოუები, სიტკომები და მისთანები აქტიურობდნენ. ასეთი სატელევიზიო ნაწარმის ერთ-ერთი წარმომადგენელი იყო დღეს უკვე ყველასთვის კინოფილმად ცნობილი Jump Street 21, რომლის წყალობითაც ცნობილი გახდა ჯონი დეპი.

სერიოზული ძვრები უკვე 90-იანების ბოლოდან დაიწყო და აქვე იშვა ორი დიდი მონსტრი. პირველი იყო ციხე - OZ, სპეციალურად მოწყობილი საპყრობილე, სადაც გვხვდებოდა არაერთი სახის ყოფილი და მოქმედი დამნაშავე. სერიალი 6 სეზონად გამოვიდა და საკმაოდ დადებითი შეფასებებაც დაიმსახურა. ეს იყო ნათელი მაგალითი იმისა, რომ კარგი თამაში მცირე ეკრანზეც შეიძლება და მხოლოდ ჰოლივუდი არაა ადგილი, სადაც ამერიკაში კინოს იღებენ.

The Sopranos - სოპრანოს კლანი, რომლის გამოშვებაც 1999 წლიდან დაიწყეს და 2007 წელს დასრულდა. გამოვიდა 6 სეზონი, 86 ეპიზოდი, რომლებშიც თითქმის იდეალურადაა აღწერილი ნიუ-ჯერსიში მოღვაწე XX საუკუნის 30-იანი წლების მაფიოზების შთამომავლები. მთავარი გმირი სოპრანოების ოჯახის თავი და თავი ტონი სოპრანოა, რომელსაც უხდება რამდენიმე პრობლემასთან ერთობლივად გამკლავება. აქეთ ოჯახი, იქეთ „სლეჰკა შიზანუტაია მაწ“, კიდევ - პროსტატიტიანი და ბოღმიანი ბიძიკო, ძაღლობა კუდზე და მცირედი ნევროზიც. სეზონები ერთმანეთს იდეალურად ებმის და არ ტოვებეს ნაკლოვანების გრძნობას. სერიალის აშკარად ძლიერი მხარეა სამსახიობო შესრულება. ტონის როლის შემსრულებელი ჯეიმს განდოლფინი (ნათელში ამყოფოს ღმერთმა) არაერთი ჯილდოს ლაურეატი გახდა 7 წლის განმავლობაში. სოპრანოს კლანს მხოლოდ ერთმა სერიალმა აჯობა ჯამური ნომინაციებით და ჯილდოებით. ამ სერიალზე პოსტის ბოლოს ვისაუბრებთ. სერიალში იდეალურადაა გადმოცემული სამხრეთ ევროპული გალანტურობა და ჭეშმარიტი იტალიური სული. ამის მისაღწევად ქასტინგებისას შერჩეული იქნა ისეთი იტალო-ამერიკელი მსახიობები, რომლებსაც შენარჩუნებული ჰქონდათ კავშირი სამშობლოსთან. იტალიური ფსევდო ტემპერამენტის სავსე, მუდამ სამთითმოკუმული და მცირედით უკმაყოფილო სახეებით, ჩაუჯექით და ისიამოვნეთ.


ოპრანოს მოსდევდა ორი თანამედროვე და გამორჩეული პროექტი - Lost და Prison Break. Lost იყო და არის ერთ-ერთი ყველაზე ჩახლართული და დამაინტრიგებელი სერიალი აშშ-ს TV-Series-ების ისტორიაში. ამბავი არც ისე მარტივი მოსაყოლია. Prison Break უფრო მეტად ფართო მასებზე იყო გათვლილი, ამაღელვებელი ისტორიით. ძმა მიდის ციხეში ძმის გადასარჩენად. სერიალის პირველ სეზონის წარმატება გახდა მიზეზი გაცილებით მეტის მომცემი სერიების გამოშვებისა. განსაკუთრებით გაიზარდა სერიალების ხარისხი ბოლო 3-4 წლის განმავლობაში, რასაც შედეგად მოჰყვა ბევრი ახალი პროექტის დაწყებაც. თუმცა ახლებზე გადასვლამდე მოკლედ მიმოვიხილავ რამდენიმე სერიალს, რომლებმაც თავიანთი კვალი გაცილებით ადრე დატოვეს.


Sons of Anarchy - კალიფორნიაში მოღვაწე ბაიკერების კლუბი, თავისი პატარა უფლისწულით, ინტრიგებით, დიდყვერებიანი, მაგრამ კიბოიანი ბაბუ პოლიციელით და ყველაფერი სიკეთით. საყურებლად სასიამოვნოა, მაგრამ 3-4 სეზონები შედარებით მდორედ მიედინება, რაც გახდა მიზეზი ბევრი პლასტიკფანის დაკარგვისა.


Dexter - მაიამის პოლიციის ექსპერტი,ღამით სერიული მკვლელი, რომელიც ვირტუოზულად ასრულებს ნაკის ვალდებულებებს. საყურებლად კარგია, რასა ჰქვია მოაქვს, მაგრამ ცოტა გაწელილია.


House M.D. - ყველასთვის საყვარელი და ბევრისთვის ექიმის ეტალონი, სარკასტულობითა და ბარძაყის კუნთის ატროფიით აღსასვსე ჰაუსი. ჰაუსი იყო პირველი სერიოზული სერიალი, რომელიც ეხებოდა სამედიცინო სფეროს. შემქმნელებმა საკმაოდ კარგად იმუშავეს. ქასთი პერიოდულად იცვლებოდა, თუმცა, ნაცნობი სახეები ხშირად ჩნდებოდნენ. ჰიუ ლორის პერფომანსი ცალკე აღნიშვნის ღირსია. მოკლედ, ტიპი არის უკიდურესად ჩუვაკი, მაგრამ ამავდროულად ახერხებს იყო ფრიად ტრაგიკულიც. სერიალის მთავარი ნაკლი ერთფეროვნებაა. კი, კარგია თითოეული სერია ცალ-ცალკე, მაგრამ ზედიზედ 7 სეზონი უყურო ერთი და იმავეს - დამღლელია. მოდის პაციენტი, რომელიც იტყუება, 40 წუთი ვერ შველიან და ბოლო 3 წუთში ჰაუსი შემთხვევითი მეტაფორის ხარჯზე ხვდება ყველაფერს და პაციენტსაც შველიან, მსგავსი ხასიათისაა სერიების 80%. ჰაუსი იდეალურია, მისი მეთოდები კი ღიმილის და ჟრუანტელის მომგვრელი, თუმცა არ დაგვავიწყდეს, რომ  „everybody lies“.

შემდეგ კატეგორიაში უბრალოდ შევეხები რამდენიმე სერიალს, რომელსაც საკმაოდ ბევრი მაყურებელი ჰყავს, ხარისხიც მაღალია, მაგრამ მაინც ვერ არიან TOP სერიალები.

Supernatural - ზებუნებრივ ძალებთან მებრძოლი ძმები. სერიალის მთავარი პრობლემა იყო ზედიზედ ჩავარდნილი 2-3 სეზონი, რომელთა გამოსასწორებლადაც უბრალოდ კარგი სერიების გადაღება საკმარისი არ აღმოჩნდა.  Crime Scene - დანაშაულის ადგილი, იქნებოდა ეს ლას-ვეგასი, მაიამი, ლოს ანჯელესი თუ სხვა - არაფერ ახალს არ იძლეოდა. ყოველ სერიაში მსგავსმა და მდარე ისტორიებმა თავისი ქნეს და დღეს 1-2-სღა თუ ახსოვს ეს სერიალი. უბრალოდ გადასარბენი სერიალი იყო Lie to Me, რომელსაც სამწუხაროდ, ტიმ როთმაც ვერ უშველა. აქვეა Mentalist-იც, რომელიც იმავე პრობლემებით იტანჯებოდა. ნაკლები კრეატიულობა, ყველა სერია ერთმანეთს ჰგავს. 

Elementary - დიადი დეტექტივის, შერლოკის ალტერნატიული ისტორია. ახალი მდებარეობა (ნიუ-იორკი) ახალი უოტსონი (ლუსი ლუ) და ახალი ჰოლმსი (ჯონი ლი მილერი). სერიალისგან ბევრს არაფერს ელოდოთ. სიუჟეტი ნაკლებად ჩახლართულია. მაგრამ მაინც აღნიშვნის ღირსია ჯონი ლი მილერის პერფომანსი, აღარაფერს ვამბობთ ლუსის ყვითელ მოჭუტულ თვალებზე. 

ვისაც ისტორიული სერიალები მოწონს მისთვისაა შექმნილი Rome და Spartacus. რომში კარგადაა აღწერილი ანტიკური ინტრიგები, შეთქმულებები და მუხანათობანი. სერიალი დატვირთულია შიშველი, ეროტიული და მაერეგირებელი სცენებით. ასე რომ ისტორიის მოყვარული მასტურბატორებისთვის ზედგამოჭრილია. 

აქვე ვახსენოთ მაფიოზების და ბუტლეგერების კასტაც. Broadwalk Empire - აღწერილია აშშ-ს 20-30-იანი წლები, მშრალი კანონი, ატლანტიკ სითი ჩიკაგო, კლივლენდი. ომიდან დაბრუნებული ჯარისკაცები, მშრალი სასის მაშველები და ძლივს ნაღირსები Steve Buscemi-ს წამყვანი როლი. სწორედ Broadwalk Empire-ში გამოჩენილი განგსტერთა ნაწილის შორეული ბიძაშვილობა გვხვდება უკვე ნახსენებ სოპრანოს კლანში. 

საბოლოოდ მოვედით იმ სერიალებმადე, რომელსაც დღეს მიპყრობილი აქვს ჩვენი ყურადღება და ყოველდღიური ცხოვრების ნაწილად გვექცნენ. 

Game of Thrones, Sherlock, Walking Dead, True Detective, Fargo, Hannibal, Vikings, Da Vinci’s Demons, House of Cards, Penny Dreadfull, Peaky Blinders და ბოლოს ყველასთვის საყვარელი, თოვლის ბაბუაზე სასურველი, ვიქტორიაზე (Victoria Secret) საიდუმლოებით მოცული და უბრალოდ დიდი დოზით ჩუვაკიზმი... 

ჩამოთვლილი სერიალებიდან ყველა გამოირჩევა განსაკუთრებულად საინტერესო სთორილაინით და მათთვის დამახასიათებელი უნიკალურობით.


Game of Thrones - ჯორჯ მარტინის ყინულისა და ცეცხლის სიმღერის მიხედვით გადაღებული სერიალი, რომლის 4 სეზონი გამოსულია და პირდორბლიანები ველით მე-5-ეს. ფილმი აღსავსეა ყველაფერით. ნუ, გარდა კარგად გაფორმებული ბატალური სცენებისა, რაც სავარაუოდოდ, გამოწვეულია მცირე ბიუჯეტით. HBO-ს წყალობით თამამი სცენები მრავლადაა. სერიალში მშვენივრად ახერხებენ პოლიტიკური ინტრიგების ხლართვას, რაც განსაკუთრეულად მიმზიდველს ხდის მას. აქვე არ დაგვავიწყდეს ყოველი სეზონის მე-9 სერია: მეტი სისხლი, დაუნდობლობა, სიკვდილი, ტირილი, კივილი და ხავილი. ვინც მარტინის ასაკზე ღელავთ შეგიძლიათ დამშვიდდეთ. მოარულ ჭორებს თუ ვენდობით, სერიალის სცენარისტებს უკვე აქვთ შემდეგი სეზონების სცენარის მარტინისეული ვერსია. ასე რომ მარტინის სიკვდილი პრობემას არ წარმოადგენს.


ბრიტანელების სიამაყე ! BBC-ს Sherlock. ეს არის ჰოლმსის მრავალი ეკრანიზაციებიდან დიდი ალბათობით საუკეთესო. სერიალის მთავარი სულის ჩამდგმელი Steven Moffat-ი ის მაგიკოსია, რომელმაც ყველაფრისმნახველებიც გააკვირვა შერლოკის ახალი მისეული ვერსიით. სერიალის მთავარი ნაკლია დიდი შუალედი ახალ სეზონებს შორის. შერლოკში შეხვდებით, როგორც ძველი ყველასთვის ნაცნობი დანაშაულების ალტერნატიულ ვერსიებს, ასევე ახალ ბოროტმოქმედებსა და ახალ სიუჟეტის განვითარებას. სერიალის წარმატებულობა დიდწილად განაპირობა ქასთმა. თამამად შეიძლება ითქვას, რომ ბენედიქტ კამბერბაჩი და მარტინ ფრიმანი (ჰოლმსი და ვატსონი) „შერლოკმა“ დააკაცა და მსახიობებად დააყენა. სწორედ შერლოკის წყალობით დღეს ორივე ჰოლივუდის მეგავარსკვლავია.


Walking Dead - ზომბი აპოკალიფსი. მოქმდებები ვითარდება ატლანტასა და მის შემოგარენში. გადარჩენილი ადამიანთა ჯგუფი ცდილობს გადარჩენას. მათ მეთაურობს ყოფილი ადამიანის უფლებათა დამცავი, არა სოზარ სუბარი არა, რიკ გრაიმსი. ძირითადი სთორილაინია ამ ადამიანთა ჯგუფის მიერ გამოვლილი განსაცდელები. სერიალი საინტერესოა, განსაკუთრებით დადებით შეფასებას იმსახურებს ბოლო 2 სეზონი.


თუ გსურთ თავი შეიქციოთ თეთრი სახლის ინტრიგებით, მაღალი საშემსრულებლო კლასით, ხართ ცივსისხლიანები და მიზნისკენ მიმავალ გზაზე ყველასა და ყველაფერს ანადგურებთ, ეს სერიალი თქვენთვისაა. House of Cards. კევინ სპეისის გადანაცვლება მცირე ეკრანზე წარმატებულზე მეტი გამოდგა და მაყურებელთან გულებიც ადვილად მოიგო.

ნიკ პიცოლატოს მიერ შექმნილი დეტექტივების წყვილი, რომელთა ცხოვრებაც ერთმა საქმემ შეცვალა. ვუდი ჰარელსონის ყვერებიანმა ოფიცერმა და მეთიუ მაკკონაჰის კაცად მონათვლის მცდელობამ ლამის იდეალური დუეტი მოგვცა. სერიალის მეორე სეზონში სულ სხვა ამბავი იქნება მოთხრობილი და სულ სხვა ქასთიც გვეყოლება. თქვენ კი, ვისაც ჯერ არ გინახავთ True Detective, მიაწყდით თქვენს კომპიუტერებს და დაეწაფეთ მშვენიერ სანახაობას.


ძმები კოენების 1994 წლის ფილმის ქროსოვერ ისტორია, სადაც ცოლის ჩმორი და დაქირავებული ქილერი ერთი ისტორიის გარშემო გაერთიანდებიან. მთავარ როლებს ბილი ბობ ტორტონი და მარტინ ფრიმანი თამაშობენ. ასევე ვხვდებით მამის ჩრდილიდან ვერ გამოსულ და ჩამოუყალიბებელ კოლინ ჰენკსს. სერიალთან ერთად საინტერესოა ცალკეული სერიების სათაურებიც, რომლებიც ბიბლიური მითების ან ცნობილი პარადოქსების სახელებით გვევლინებიან. სერიალი ვითარდება ჩრდილოეთ დაკოტაში , სადაც მუდამ ცივა და თოვლია. ეს მეტ მისტიურობას მატებს ისედაც სასიამოვნოდ  და უცნაურად გადაღებულ ფილმს.


ცალკე უნდა გამოვყოთ მადს მიკელსენის და ჰიუ დენსის მჭიდრო კავშირი სერიალ Hannibal-ში. პროექტი დაფუძნებულია ტომას ჰარისის „წითელ დრაკონზე“ და ასახავს ექიმ ჰანიბალ ლექტერისა და FBI-ს სპეც. აგენტ უილ გრემის „თანამშრომლობას“ ბალტიმორში მომხდარი დანაშაულებისთვის ფარდის ასახდელად. აქვე ვხვდებით ყველასათვის საყვარელ მორფეუსს (The Matrix, ლოურენს ფიშბორნი). სერიალში ნაკლები ექშენია და არაა გათვლილი ჩხუბის სცენების მოყვარულებზე. სერიალი გემოვნებიანი მაყურებლებისთვისაა, რომლებიც კარგად შესრულებული მკვლელობისაგან იგივე სიამოვნებას იღებენ, როგორსაც -  ოსტატურად მომზადებული ეგზოტიკური კერძისაგან. მოკლედ ესაა სერიალი თქვენი თვალებისა და კუჭისათვის. უყურეთ, მოუსმინეთ, დატკბით! შეგვიძლია კიდევ რამდენიმე სერიალზე გავაკეთოთ აქცენტი, რომლებიც დღესდღეობით პოპულარულია და მაყურებელთან ნაკლებობას არ განიცდის. ესენია:


Vikings - ვიკინგებისა და სკანდინავიელების ფარნავაზის არაკი. ამბავი რაგნარ ლოთბროკისა, რომელიც იყო პირველი ვიკინგი, ვისაც აზრად მოუვიდა პატარა „სამთავროების“ გაერთიანება და საერთო ძალებით დასავლეთის ოდისეების მოწყობა. სერიალში კარგად ჩანს იმდროინდელ ბრიტანეთში არსებული ვითარება. გამოკვეთილია რელიგიური დაპირისპირება სკადინავიურ ღმერთებსა და ქრისტიანობას შორის. სერიალს განსაკუთრებულად საინტერესოს ხდის მასში აღწერილი ფაქტების რეალურობა. რაგნარი, ისევე როგორც მისი შთამომავლები, რომლებმაც ხელთ იპყრეს ჩრდილოეთ ევროპა დანიიდან რუსეთის დასავლეთ ნაწილის ჩათვლით, რეალური პიროვნებები იყვნენ და სერიალში აღწერილი სთორილაინი მაქსიმალურად მიყვება ისტორიულ რეალობას.

ისტორიულ პიროვნებებზე გადაღებული სერიალებიდან აღსანიშნავი Da Vinci’s Demons: დიადი იტალიელის ალტერნატიული ამბავი, სადაც ლეოს გარდა ახლოს გავიცნობთ ლორენზო დი მედიჩის, ახალგაზრდა ნიკოლო მაკიაველს და ვატიკანის „სიამაყეს“, პაპ სიქსტ IV-ს. სერიალს განსაკუთრებით საინტერესოს  ხდის მისი მთავარი სცენარისტი და იდეის ავტორი დევიდ გოიერი. დევიდ გიოერი ის კაცია, ჯერ ნოლანთან ერთად რომ ბეთმენის ახალი ისტორია დაწერა და ახლა ზაკ სნეიდერთან ერთად კრიპტონელი არისტოკრატის ბედს რო წყვეტს.

საშიში ამბების მოყვარულთათვის სულ ახლახანს წარმოებაში ჩაეშვა და ჯერ მხოლოდ პირველი სეზონი გვაქვს მშვენიერი სერიალისა Penny Dreadfull - თარგმანის სიზუსტეზე თავს ვერ დავდებ, მაგრამ რუსულ წყაროებში „გროში ოპერებადაა“ ნათარგმნი და იგულისხმება შუასაუკუნეებში ხალხის მიერ შეთხზული საშიში ამბები და გმირები. ისეთები როგორებიც არიან მაქციები, ვამპირები, ფრანკენშტეინი, გრძნეულნი, დორიან გრეიც მათთან ერთად და ა.შ. (თუმცა პოსტის ავტორს ამ ყველას არსებობის ღრმად წამს ! ნუ გარდა დორიან გეისა, არა არ შემშლია სწორედ რო გეი!) სერიალი სავსეა ახალი და ყოფილილი ვარსკვლავებით. აქ გვყავს დაკარგული მაგრამ არდავიწყებული იღბლიანი სლევიი - ჯოშ ჰარტნეტი, სერ ტიმოთი დალტონი, რორი კინერი და ჩვენი ველური ეროტიული ფანტაზიების უშრეტი წყარო - მადმუაზელ ევა გრინი.


ბრიტანულ პროექტებში ბევრისგან გამოირჩა ბირმინგემელი ხულიგნების ბანდა. Peaky Blinders - დაფუძნებულია რეალური ისტორიაზე. შელბების ოჯახზე, რომელიც მოღვაწეობდა პირველი მსოფლიო ომის შემდგომდროინდელ ინგლისში და მოახერხა იმდროინდელ საბუკმეიკერო ბიზნესში მყარად დაფუძნება. ოჯახის ლიდერის ტომი შელბის როლს კილიან მერფი ასრულებს და თან საკმაოდ კარგადაც. მეორე სეზონში ებრაელ ბეინსაც ვიხილავთ. მოკლედ, ტომ ჰარდიც აქვეა. მოვლენები საკმაოდ საინტერესოდ ვითარდება, ბევრია ფიზიკური კონტაქტის სცენაც (ჩხუბი და ჰაი-ჰუი). სერიალი საკმაოდ მაღალხარისხიანია და მერწმუნეთ, რომ მაყურებელს იმედებს არ გაუცრუებს.


და ბოლოს ყველაზე ტკბილი და საყვარელი ნამცხვრის თავზე დადებული უგემრიელესი ალუბლის მსგავსად, რომ ადევს თავზე მთელ მცირე ეკრანების კინემატოგრაფიას. ნებისმიერ ადამიანში ყველანაირ გრძნობას რომ გააღვიძებს, მუდამ გაღიმებულს რო დაგტოვებს და 1-2 ღამე რო არ დაგაძინებს იმ სიტკბოებაზეც გეტყვით პაწას. ამ სიტკბოებას Breaking Bad ჰქვია და 2008 წლიდან მარადიულ სადგომად აქცია ჩვენი გულები. ისტორია ეხება 50 წლის ქიმიის მასწავლებელს (შეთავსებით სამრეცხაოზე მუშაობს), რომელსაც ფილტვის კიბოს დიაგნოზს დაუდგენენ და ამის შემდეგ გადაწყვეტს მოხარშოს მეტამფეტამინი და „ცოტა მაყუთი“ დაუტოვოს ოჯახს (700 000). ამ მთავარ გმირს უწოდებენ მისტერ უოლდერ უაითს, ნარკობიზნესში კი უფრო ცნობილია, როგორც ჰაიზენბერგი ! მისტერ უაითის ჰენჩმენად გვევლინება ქუჩის ბიჭი და კაი ბიჭი ჯესი. ეს ორი მთავარი და ერთმანეთისაგან სრულიად განსხვავებული პერსონაჟი ცდილობს დამკვდრდეს ნიუ-მექსიკოს ნარკობაზარზე. სწორედ მათი ეს განსხვავებულობა აძლევს განსაკუთრებულ ელფერს მთელ სერიალს. პროექტის მამა ღმერთი, ძეც და სულიწმინდაც ვინს ჯილიგანია, რომელმაც შექმნა ერთმანეთზე საინტერესო, დაძაბული და უმანკო სიყვარულით აღსავსე 5 სეზონი. არ მინდა დავასპოილერო და ამ სერიალის მომავალ მაყურებელებს პირველად განცდის ბედნიერება წავართვა, ამიტომ გეტყვით, რომ ეს არის, ჩემი აზრით, საუკეთესო სერიალი, რაც აქამდე შექმნილა. თითქმის უზადოა სამსახიობო შესრულების დონე. პერსონაჟების მრავალფეროვნება და სრულქმნილება უკვე ნახსენები ჯილიგანის მუშაობის შედეგია. როგორიც არ უნდა იყო შენ, რა კატეგორიის ფილმებიც არ უნდა მოგწონდეს, აქ შენ აუცილებლად იპოვნი შენს საყვარელ პერსონაჟს. 


ავტორი: გურა ღვინჯილია

22 December, 2014

Top 10 გა(სა)მართლებული წიგნი



ეს არ არის მხოლოდ აკრძალული წიგნების სია. ასეთი ბევრია. აქ საუბარია კონკრეტულად ეროტიული ხასიათის ისეთ ცნობილ წიგნებზე, რომლებიც არამარტო აკრძალეს, არამედ - „გაასამართლეს“ კიდეც. მაშ ასე, თქვენ წინაშეა გა(სა)მართლებული წიგნები:

1. ჯონ კლელანდის „ფენი ჰილი, ანუ სიამოვნების მომნიჭებელი ქალის მემუარები“ (1749)

„ფენი ჰილი“ გამორჩეულია იმით, რომ აშშ-ის ისტორიაში მიიჩნევა ყველაზე დიდი ხნით აკრძალულ წიგნად. 1821 წელს წიგნი გამოცხადდა ამორალურად და მანამდე ატარებდა ამ სტატუსს, სანამ 1966 წელს აშშ-ს უზენაესმა სასამართლომ საპირისპირო არ გადაწყვიტა. ამ 145 წლის განმავლობაში ამ წიგნის აკრძალული ხილის გემო ჰქონდა, დღეს კი, მხოლოდ ვიწრო წრის ყურადღებას იქცევს. 


2. გუსტავ ფლობერის „მადამ ბოვარი“ (1857)

როცა მადამ ბოვარის ნაწყვეტი 1856 წელს საფრანგეთში გამოიცა, სამართალდამცველებს თვალში არ მოუვიდათ ექიმის მოღალატე ცოლის მხატვრული აღწერა (აქ განხილულ ნაწარმოებებთან შედარებით მადამ ბოვარი ნამდვილი დედა ტერეზაა) და სცადეს მთლიანად აეკრძალათ ნაწარმოების გამოცემა პორნოგრაფიის მარეგულირებელი მკაცრი ფრანგული კანონების დახმარებით. საქმე სასამართლომდე მივიდა. ბევრი სჯა-ბაასის შემდეგ ფლობერმა პროცესი მოიგო და წიგნის გამოცემა კვლავ განახლდა 1857 წელს.


3. ჯეიმს ჯოისის „ულისე“ (1922)

ალბათ ყველაზე ცნობილი გასამართლებული წიგნი. როცა „ულისეს“ მასტურბაციის ეპიზოდი 1920 წლის ლიტერატურულ ჟურნალში დაიბეჭდა, New York Society for the Suppression of Vice-ის შოკირებულმა წევრებმა გადაწყვიტეს უსაქმოდ აღარ ყოფილიყვნენ და თავის თავზე აიღეს „ულისეს“ ამერიკული გამოცემის აკრძალვა. 1921 წელს სასამართლომ განიხილა „ულისე“, მიიჩნია პორნოგრაფიულ ნაწარმოებად და აკრძალა „ულისეს“ არა მარტო ამ ეპიზოდის, არამედ მისი მთლიანად გამოცემა. გადაწყვეტილება შეცვალეს 12 წლის შემდეგ და 1934 წელს ულისეს ამერიკული გამოცემა კვლავ დაბრუნდა თაროებზე.


4. დევიდ ჰერბერტ ლოურენსის „ლედი ჩატერლეის საყვარელი“ (1928)

ის, რაც დღეს ლოურენსის ყველაზე ცნობილ ნაწარმოებად მიიჩნევა, მისი ცხოვრების განმავლობაში მხოლოდ პირად საიდუმლოებას წარმოადგენდა. წიგნი, რომელიც თავდაპირველად პირადი დაფინანსებით გამოიცა, 1928 წელს (ლოურენსის სიკვდილამდე 2 წლით ადრე), მოგვითხრობს მდიდარი ქალბატონისა და მისი ქმრის მოსამსახურის სასიყვარულო ურთიერთობაზე. წიგნმა ყურადღება მას შემდეგ მიიქცია, რაც ამერიკულმა (1959 წ.) და დიდმა ბრიტანულმა (1960 წ.) გამომცემლებმა გამოსცეს. ორივე გამოცემამ სათავე დაუდო გახმაურებულ სასამართლო პროცესებს (წიგნების პორნოგრაფიული ხასიათის ბრალდებით), თუმცა ორივე შემთხვევაში გამომცემლები გამართლდნენ.


5. რედკლიფ ჰოლის „მარტოობის ჭა“ (1928)

ამ ნაწარმოების მთავარი გმირი ლიტერატურის პირველი ლესბოსელი წარმომადგენელია, რაც საკმარისი აღმოჩნდა იმისთვის, რომ რომანის ყველა ეგზემპლარი გაენადუგურებინათ და სასამართლო პროცესები დაწყებულიყო. რომანმა აღიარება უკანასკნელ ათწლეულებში მოიპოვა და უკვე კლასიკად ითვლება. რომანში კარგად ჩანს XX საუკუნის დასაწყისში არსებული დამოკიდებულება სექსუალური უმცირესობების მიმართ.


6. ჰენრი მილერის „კირჩხიბის ტროპიკი“ (1934) 

„ჩემ თავს პირობა დავუდე“, ამბობს მილერი, „რომ, ჩემს დაწერილში ერთ სიტყვასაც არ შევცვლი“. ეს სიტყვები 1963 წელს წარმოითქვა, როცა მილერის „კირჩხიბის ტროპიკის“ სასამართლო პროცესები დაიწყო. ეს ნახევრად ავტობიოგრაფიული რომანი დაახლოებით ისეთივეა, მილან კუნდერას „ყოფის აუტანელი სიმსუბუქე“ ვუდი ალენს რომ დაეწერა. ჯორჯ ორუელმა რომანს უდიდესი ინგლისური ნაწარმოები უწოდა. სემუელ ბეკეტმა კი რომანის გამოცემა მისი თანამედროვე მწერლობის უდიდეს მოვლენად შერაცხა. 1964 წელს აშშ-ის უზენასმა სასამართლომ „კირჩხიბის ტროპიკს“ ამორალური ნაწაროების სტატუსი მოუხსნა.


7. ალენ გინზბერგის „ყმუილი და სხვა ლექსები“ (1955)

„დავინახე, თუ როგორ გაანადგურა სიგიჟემ ჩემი დროის საუკეთესო წარმომადგენლები...,“ - წერს გინზბერგი „ყმუილის“ დასაწყისში. დასაწყისი ისეთია, რომ საჯარო გამოსვლის ან რელიგიური ქადაგების კარგ დასაწყისადაც შეიძლება გამომდგარიყო. მაგრამ მას შემდეგ, რაც მის ლექსში ანალური პენეტრაციის აღმნიშვნელი ფრაზა წაიკითხეს [“who let themselves be fucked in the ass by saintly motorcyclists, and screamed with joy.”], 1957 წელს მან სასამართლო პროცესზე ამოჰყო თავი, რამაც გინზბერგი უცნაური ბიტნიკიდან რევოლუციურ მწერლად აქცია.


8. უილიამ ბეროუზის „შიშველი ლანჩი“ (1959)

ბიტთაობის ეს უმნიშვნელოვანესი ნაწარმოები პირველად ორ ამერიკულ ჟურნალში გამოჩნდა და როცა ეს ჟურნალები ფოსტაში ჩაეშვა, უფლებამოსილმა ორგანომ ჟურნალის ყველა ასლი ამოიღო, რათა თავიდან აეცილებინა „ამორალური პროზის საზოგადოებაში გავრცელება.“ 1962 წელს გამართულ პროცესზე წიგნი მიჩნეულ იქნა ამორალურად პედოფილიისა და ბავშვის მკვლელობის ელემენტების აღწერისთვის. თუმცა გადაწყვეტილება შეცვალეს ოთხი წლის შემდეგ, როცა პროცესზე უილიამ ბეროუზის დასაცავად სიტყვით გამოვიდნენ ნორმან მეილერი და უკვე ამ საქმეში გამოცდილი ალან გინზბერგი.


9. ჰუბერტ სელბის „უკანასკნელი გამგზავრება ბრუკლინში“ (1964)

ეს არის შოკისმომგვრელი შინაარსობრივი ელემენტებისა და ცნობიერების ნაკადით დაწერილი ექვსი მოთხრობის ბნელი კრებული, რომელიც მოგვითხრობს მკვლელობაზე, ჯგუფურ გაუპატიურებაზე და მუდმივ სიღარიბეზე სექსით ვაჭრობისა და იატაკქვეშა გეი საზოგადოებაზის არსებობის ფონზე. კრებულმა ოთხი წელი გაატარა ბრიტანეთის სასამართლოს სისტემაში სანამ ოფიციალურად აღიარებდნენ, რომ წიგნი არ იყო ამორალური. სელბის მეორე ცნობილი ნაწარმოებიც აქვს: „რექვიემი ოცნებაზე“. დიახ ის, რის მიხედვითაც გადაიღო დარენ არონოფსკიმ თავისი შედევრი.


10. არუნდჰატი როის „პატარების ღმერთი“ (1996)

ინდოელი ნოველისტის არუნდჰატი როის ამ სადებიუტო რომანმა ავტორს მილიონობით დოლართან, საერთაშორისო ცნობადობასთან და 1997 წლის ბუკერის პრემიასთან ერთად სასამართლო პროცესიც არგუნა წილად. 1997 წელს ინდოეთის უზენაეს სასამართლოში მას მოუწია იმის მტკიცება, რომ ნაწარმოებში აღწერილი მოკლე და შემთხვევითი სექსის სცენები ქრისტიან ქალსა და დაბალი კასტის წარმომადგენელ ინდუისტს შორის საფრთხეს არ უქმნიდა საჯარო მორალს. პროცესი როიმ მოიგო.






ავტორი: გიორგი ნაკაშიძე


20 December, 2014

ბორის ვიანი - გულსაგლეჯი (მიმოხილვა)



თუ ვინმეს გიზიდავთ მხატვრული ლიტერატურისთვის დამახასიათებელი ისეთი ელემენტები, როგორიცაა რომანტიკულ, წყნარ ატმოსფეროში სიუჟეტის განვითარება, ლამაზი პეიზაჟების ცვლილება და პროტაგონისტის დადებითი თვისებების სიუხვე, მაშინ პირდაპირ გეტყვით, რომ ეს წიგნი თქვენთვის არ არის. ნაწარმოების სათაური        (,,გულსაგლეჯი“) პირდაპირ მეტყველებს იმაზე, რომ სიუჟეტში არსებული მოვლენები საკმაოდ ნეგატიურ შთაბეჭდილებას დატოვებს მკითხველზე. მართლაც, წიგნის დასაწყისშივე, თქვენ გახდებით აბსურდული მოვლენების მომსწრე, თუმცა სანამ უშუალოდ წიგნის სიუჟეტზე გადავიდოდეთ, მანამდე რამდენიმე სიტყვა მწერალზეც უნდა ითქვას. 
ვიანი საკმაოდ ორიგინალური ადამიანი გახლდათ, რომელიც რამდენიმე პროფესიას მშვენივრად ირგებდა. თუ მის ბიოგრაფიას გადახედავთ, ბევრ საინტერესო ნიუანსს აღმოვაჩენთ, მათ შორის იმასაც, რომ ბორისი საკმაოდ ბევრ ფსევდონიმს ატარებდა. მიუხედავად იმისა, რომ ვიანი ,,მულტიპროფესიის“ მქონე ადამიანი გახლდათ, იგი მაინც მხატვრული ნაწარმოებებით გაიცნო ხალხმა. თუ ვინმეს ამ მწერილის სხვა წიგნი(ან ნოველა) გაქვთ წაკითხული, გეცოდინებათ, რომ ვიანს ძალიან უყვარდა სიტყვებით თამაში, მსუბუქი ირონია და ხანდახან ძლიერი გროტესკულობა. შესაბამისად, მისი ნაწარმოებები სავსეა ქარაგმებითა და მეტაფორებით. სამყაროს სიურეალისტული ხედვა აშკარად იგრძნობა მის ნაწარმოებებში, მათ შორის ,,გულსაგლეჯშიც“, შესაბამისად, რთულია მიაკუთვნო ეს მწერალი გამოკვეთილად რომელიმე ლიტერატურულ მიმდინარეობას.

ბევრი რომ არ გავაგრძელო, პირდაპირ გადავიდეთ სიუჟეტის მიმოხილვაზე. მოვლენების განვითარება აშკარად მკაცრი სიზუსტითა და თანმიმდევრობით ხდება. ნაწარმოების მთავარი მოქმედი გმირი მკვდარჟაკი (ასე ითარგმნა ქართულად) ჩადის უცნობ სოფელში, სადაც ჩვეულებირივი ადამიანის გადმოსახედიდან განუკითხაობა სუფევს. იმ დონის ამაზრზენ მოვლენებს აქვს ადგილი ამ ღვთისგან მივიწყებულ სოფელში, რომ შეუძლებელია მკითხველი არ აღშფოთდეს. მოხუცებულთა ბაზარი, სადაც მათი ყიდვა-გაყიდვა, დაჩაგვრა ყოველდღიურად მიდის, სოფელში ჩვეულებრივი მოვლენაა, რომ აღარაფერი ვთქვათ ბავშვებზე, რომლებსაც ვირებივით ამუშავებენ სახელოსნოებში. ამ სოფელში, ფაქტობრივად, მოხუცებულები და ახალგაზრდები ადამიანებად არ ითვლებიან. ისინი უბრალოდ ერთგვარი სამუშაო ძალაა. თუმცა რაც ყველაზე გასაოცარია, თვითონ ადგილობრივი მოსახლეობა ამ ყველაფერს ნორმალურ მოვლენად აღიქვამს და ვერც კი წარმოუდგენიათ, თუ როგორი უნდა იყოს სხვაგვარად ცხოვრება. ნაწარმოების დასაწყისშივე თქვენ გაიცნობთ ქალბატონ კლემანტინს, ქალს, რომელიც მთელი თავისი გულით წყევლის მეუღლეს მხოლოდ იმიტომ, რომ მისგან სამი ტყუპი გაუჩნდა. ეს სამი ტყუპი, ვფიქრობ, ერთადერთი ნათელი წერტილია ამ ნაწარმოებში და მათზე აუცილებლად ვისაუბრებთ, რადგან ისინი ერთგვარ ქვეტექსტად, მკვეთრ კონტრასტად გასდევს მთელ შინაარსს.

ზემოთ ვახსენე, რომ ვიანი ხშირ შემთხვევაში იყენებს სიმბოლოებს, რომელთა ამოცნობა მიუხედავად იმისა რომ ფაქტობრივად შეუძლებელია, საცდელად მაინც ღირს. თუ გავითვალისწინებთ იმ ფაქტორს, რომ ვიანი ცხოვრობდა მოდერნისტული მიმდინარეობის წიაღში, რომელიც თავის თავში გულისხმობდა ნელ-ნელა ყველანაირი კულტურული ფასეულობების გაუფასურებას, მაშინ ვერ გამოვრიცხავთ, რომ ამ სოფელში არსებული სულიერი კრიზისი სწორედ ამის მანიშნებელი იყოს. სხვათაშორის ამ ყველაფერს ემატება ისიც, რომ ვიანს საკმაოდ უცნაურად აქვს შექმნილი სოფლის ეკლესიის სახეც. მისი დიზაინის აღწერა უკვე იმის მანიშნებელია, რომ ეკლესიაში ყველაფერი რიგზე არ არის. წინამძღვარიც, რომელიც ერთი შეხედვით ნორმალური და გაწონასწორებული ადამიანია, აღმოჩნდება, რომ წმინდა ტიპის ფანატიკოსია, შესაბამისად, ეკლესიაც გარყვნილების ბუდედაა ქცეული. აქედან გამომდინარე, იქ, სადაც ეკლესია თავისი საქმეს არ ასრულებს, ანუ ზნეობის სადარაჯოზე არ დგას, ბოროტება და სიგიჟე სუფევს, რასაც ადასტურებს სოფელში გამეფებული მარაზმი.

           
               სოფლის ეკლესია

სამწუხარო და ამასთანავე გასაოცარია ის ამბავიც, რომ ვიანის ამ ნაწარმოებში ვერ ვხვდებით ისეთ ადამიანს, ვინც დადებითი თვისებებითაა შემკული. ზრდასრული მოსახლეობაც სრულ უტოპიაშია გადავარდნილი. გარდა იმისა, რომ წარმოუდგენელი სურვილებით მიმართავენ მღვდელს, რომელიც ღმერთთან შუამავლად მიაჩნიათ, ისინი ჩადიან ისეთ საქციელსაც, როგორიცაა მაგალითად ულაყის ჯვარზე გაკვრა, მხოლოდ იმისთვის, რომ მან სხვა ცხენთან ,,შესცოდა“. მცირეწლოვან ბავშვების ფეხებზე ნალების დაჭედებაც ისეთივე ამაზრზენია, როგორც სხვა დანარჩენი მოვლენები. ვფიქრობ, სწორედ ამიტომ დაარქვა ვიანმა ამ წიგნს ,,გულსაგლეჯი“. ეს ყველაფერი საბოლოო ჯამში ნამდვილად ,,გულისგამგლეჯავად“ მოქმედებს მკითხველზე. დარწმუნებული ვარ ამ ნაწარმოების ორიგინალში წაკითხვა გაცილებით მძიმე იქნება, თუმცა ქათველ მთარგმნელსაც ვერ დავუკარგავთ შრომას, რომ ასეთი რთულ ენაზე დაწერილი ნაწარმოები ქართულ ენაზე გადმოთარგმნა, თან ამ ყველაფერს საკმაოდ კარგად გაართვა თავი.

არ შეიძლება ამ ნაწარმოებში არ ვილაპარაკოთ მოხუც მენავეზე, რომელსაც უმძიმესი ხვედრი აქვს წილად. სოფლის გარეუბანში ტბასთან მცხოვრები ადამიანი, რომლის ყოველდღიური მოვალეობა არის ტბაში ჩაყრილი ადამიანთა გვამების კბილებით ნავზე ამოთრევა და შესაფერისი ადგილის მიჩენა. გაინტერესებთ რა გვამებზეა საუბარი? თუ ჯერ კიდევ ვერ მიხვდით, მაშინ გეტყვით, რომ ამ სოფელში კაცის კვლაც ჩვეულებრივი მომენტია, ადამიანები ერთმანეთს ხოცავენ და გვამებს სწორედ მენავეს უყრიან. აქ უნდა დავუკვირდეთ ერთ მომენტს, კერძოდ, მოსახლეობის მოქმედებას. მოსახლეობა გულის სიღმრმეში, თითქმის არაცნობიერის დონეზე ხვდება, თუ რაოდენ ამაზრზენ საქციელს ჩადის და სწორედ სინდის დასამშვიდებლად შექმნეს ,,მენავის“ პოზიცია, რომელსაც აძლევენ ოქროს თავიანთი ,,მსუბუქი დანაშაულის“ (კაცის კვლის, შვილის მოკვლის, მოხუცებულის ცემის, ცხოველთა წამების) გამოსასყიდლად და სინდისდამშვიდებულები სახლში ბრუნდებიან, რათა მეორე დღისთვის კვლავ ,,განწმენდილები“ მოემზადონ ახალი მკვლელობისა და სისასტიკისთვის. საინტერესოა ის ფაქტი, რომ მენავეს ამ ოქროს გამოყენების უფლება არ აქვს, ანუ იგი არის სოფელში უმდიდრესი ადამიანი, თუმცა, ამასთანავე უღარიბესი და ყველაზე უბედური. ძნელია ისაუბრო რისი თქმა უნდოდა ასეთი ფენომენის შექმნით მწერალს, ალბათ ამაზე თავის მტვრევა არც ღირს, უბრალოდ თითოეულმა მკითხველმა ისე უნდა აღიქვას ეს მოვლენები, როგორც უფრო ლოგიკურად და ბუნებრივად ჩათვლის, უფრო ზუსტად, როგორც უფრო ახლოს იქნება მკითხველის ბუნებასა და შეხედულებასთან.

საინტერესოა თვითონ ერთი შეხედვით მთავარი მოქმედი პირის, მკვდარჟაკის მხატვრული სახეც. მწერალი ზუსტად არ აკონკრეტებს მის პიროვნებას, საიდან მოდის ან თუნდაც რა მიზნით, თუმცა ერთი რამ ცხადია, რომ იგი ერთ-ერთი დიდი ქალაქიდანაა ჩამოსული, ქალაქიდან ,,სადაც რწმენა დაკარგულია“. მკვდარჟაკი თავის თავს ასაღებს ფსიქიატრად, რომელიც პაციენტთა ,,გაფსიქოანალიზებით“ არის დაკავებული, რას ნიშნავს ეს ტერმინი, ამას თქვენთვითონ მიხვდებით, თუმცა წინასწარ გეტყვით, რომ ის ხშირ შემთხვევაში გულისხმობს პაციენტთან ინტიმური კავშირის დამყარებას. მაგრამ ამას ახლა თავი დავანებოთ. აქ ხაზი მინდა გავუსვა იმ მომენტს, რომ მკვდარჟაკისთვის თავდაპირველად უცხოა სოფელში მიმდინარე პროცესები, მიუღებელი, თუმცა ვერც იმას ვიტყვით, გაცხოველებულად აცხადებს პროსტესტსო, თუმცა ნახავთ, რომ ნელ-ნელა მკვდარჟაკისთვის ეს სიგიჟეც ნორმალურ ამბად იქცევა. ნამდვილად საინტერესოა, საბოლოო ჯამში როგორ დამთავრდება ეს ყველაფერი, მაგრამ ეს თქვენ თვითონ ჯობს ნახოთ. პირადად ჩემთვის, მისი მშვიდი დამოკიდებულება სოფელში მიმდინარე მოვლენების მიმართ თავისებურ ზიზღს იწვევს, რომლის მიზეზის პირდაპირ თქმაც ცოტა რთულია.




ბოლოს, მინდა რამდენიმე სიტყვით შემოვიფარგლო კლემანტინის, როგორც გაორებული პერსონაჟისა და მისი სამი ტყუპის მხატვრული სახის შესახებ. კლემანტინი, ერთი შეხედვით უარყოფითი პერსონაჟია, ის ნამდვილად ძლიერი და შვილებზე მზრუნველი დედაა, თუმცა ვიანმა შექმნა მისი ანტიპოდი ისევ ამ ქალშივე, ადამიანი ფანატიკოსი, რომელსაც შვილების მზრუნველობა სერიოზულ უკიდურესობაში გადაუვარდა, მათი დაცვის მიზნით ის სამ სულით რომანტიკოს არსებას თავისუფლებას უზღუდავს, ფრთებს აჭრის და გალიაში კეტავს, თან პირდაპირი მნიშვნელობით. (!)
კლემნანტინში გამუდმებითაა დაპირისპირება ნორმალურ დედასა და ფანატიკოს არსებას შორის, რაც სამწუხაროდ ყოველთვის ამ უკანასკნელის გამარჯვებით სრულდება. მისი მსხვერპლია ის სამი ტყუპი, რომლებიც ენით აღუწერელი რწმენით არიან გამსჭვალულები საკუთარი თავის მიმართ და ეს რწმენა მათ აძლევს საშუალებას დაძლიონ ყველანაირი მიწიერი დაბრკოლება, ისინი, როგორც ზემოთ ვახსენე, არიან ერთადერთი ნათელი წერტილი ამ განუკითხაობის ჭაობში და სამწუხაროდ ამ ნათელ წერტილსაც განადგურება ელოდება თან ვისი ხელით? საკუთარი მშობელი დედის. ეს აკორდი კი, მთლიან კომპოზიციას ყველაზე მეტად ამძიმებს. 

დანარჩენს, უფრო ზუსტად, თავად გაეცნობით. როდესაც ამ სადისტური იდეებით დახუნძლულ წიგნს წაიკითხავთ. 
კეთილი იყოს თქვენი მობრძანება სოფელში, სადაც ბოროტების მსახვრალი ხელიდან ვერაფერი დაგიცავთ!





ავტორი: გიორგი წერეთელი

19 December, 2014

გამორჩეულ ჯენტლმენთა ლიგა


ისინი მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში დაიბადნენ და სხვადასხვა ეპოქის შვილები არიან. მათ მხოლოდ ერთი რამ აერთიანებთ. ისინი გამორჩნილ ჯენტლმენთა ლიგის წევრები არიან.

მარცხნიდან: კაპიტანი ნემო, ალან კუოტერმანი, მინა მიურეი, ჰავლი გრიფინი. უკან: მისტერ ჰენრი ჰაიდი


პირველი და ძირითადი ლიგა 1890 წელს ალან მურმა და კევინ ო'ნილმა შექმნეს და ჯენტლმენები ბრიტანეთის იმპერიის უსაფრთხოების სადარაჯოზე გამოიხმეს.

მეცხრამეტე საუკუნის ბოლოს პროფესორმა მორიარტიმ, იგივე "M"-მა, რომელიც ბრიტანეთის ინტელიგენციის წარმომადგენლობასთან ერთად მიწისქვეშა კრიმინალური სამყაროს წევრობასაც წარმატებით ითავსებდა, აღმოაჩინა რა, რომ ჩინელმა კრიმინალმა ფუ მანჩუმ მოიპარა ჰაერზე მსუბუქი მეტალი - კავორიტი, ნაძარცვის მის საწინააღმდეგოდ გამოყენების შიშით აღძრულმა, სასწრაფოდ დაავალა კემპიონ ბონდს, შეეკრიბა იმ დროისთვის მსოფლიოში გაბნეული საუკეთესო ინდივიდუალისტები და ისინი "იმპერიის სამსახურში" ჩაეყენებინა. 
ლიგის წარმატებული საბრძოლო ოპერაციების შემდეგ აშკარა აღმოჩნდა მორიარტის მზაკვრული მიზნები და ამჟამად ჯენტლმენები იძულებულნი იყვნენ დამქირავებლის წინააღმდეგ გაელაშქრათ. ამასობაში კი ისინი კიდევ ერთ ბრიტანელ ინტელიგენტს, მაიკროფტ ჰოლმსს უკავშირდებიან და უფროსი ჰოლმსი ხდება ახალი "M".

იმავე სახელწოდების 2003 წელს გამოშვებული სტივენ ნორინგტონის ფილმი

კომიქსების შემდგომ ადაპტაციებში ავტორებმა ლიგას დამატებს უბერებელი დორიან გრეი და ახალგაზრდა მსროლელი ამერიკიდან - ტომ სოიერი. სატელევიზიო ეკრანიზაციაში კი კუოტერმანის როლი შონ კონერმა მოირგო. დრო გადიოდა, იცვლებოდნენ პერსონაჟები, ემატებოდნენ ახალი გმირები, ერთადერთ ჯენტლმენად კი, რომლის ვიზუალიც ოდნავადაც არ შეცვლილა, გაგიკვირდებათ და უჩინარი კაცი იყო.


უჩინარი კაცი

ჰოლი გრიფინი, იგივე როდნი სკინერი. მშობელი - ჰერბერტ უელსი. ყოფილი ფიზიკოსი, რომელმაც მალევე გამოიგონა გაუჩინარების საშუალება. ერთადერთი, ვინც მას ხედავდა, იყო დოქტორი ჰაიდი. სკინერი თავისი უჩინარობით ძირითადად გასახდელებში გოგოებით ერთობოდა, რომელთაც შემდგომ დაორსულების მიზეზი სულიწმინდა ეგონათ. სკინერის ხულიგნობა შეუმჩნეველი არ დარჩა და საბოლოოდ "ზემოდან" დააკაკუნეს და გრიფინი სახელმწიფო საიდუმლო სამსახურში ჩაეწერა. მისი მთავარი პრობლემა იმაში მდგომარეობდა, რომ უხილავად მოძრაობისთვის აუცილებელი იყო სიშიშვლე. ამიტომ, სკინერი ხშირად ცივდებოდა.



მინა მიურეი

უილჰელმინა მიურეი, ნახევრად-ვამპირი. სახელი გაითქვა თავისი ყოფილი ქმრის - ჯონათან ჰარკერის მეშვეობით. ის ერთ-ერთ იმ გამონაკლის არსებებს მიეკუთვნება, რომლებსაც არ ეშინიათ დოქტორი ჰაიდის. გარდა ვამპირული ბუნებისა, მინას აქვს ადამიანის გონებაზე ზემოქმედების უნარიც. პირველად, რა თქმა უნდა, დრაკულასთან გამოჩნდა, როდესაც მისი მეუღლე ტრანსილვანიაში მიიწვიეს. ბედის უკუღმართობით, მინამაც დაკარგა ადამიანურობა, თუმცა კარგა ხანი მეუღლესთან და პროფესორ ვან ჰელსინგთან ერთად სწორედ ვამპირების წინააღმდეგ იბრძოდა. მინა პრაქტიკულად უკვდავია.



დორიან გრეი

ყოფილი არისტოკრატი, შემდგომში ფანტომის რაზმის წევრი, შემქმნელი : ოსკარ უაილდი. დორიანი უკვდავია და მას ასაკი არ ემჩნევა. გააჩნია სწრაფი რეგენერაციის და თვითგანკურნების უნარი. ახალგაზდობაში ჩათქმული სურვილი გრეის მოულოდნელად აუხდა და მისი პორტრეტი იქცა მის მეორე სახედ, რომელიც თავად არასდროს უნახავს. გარდა ნახსენებისა, ლიგაში გრეის მთავარი უპირატესობა მისი გონება და გამჭრიახობაა, მთვარი სისუსტე კი, თავისივე სახე. სახე, რომელიც მის პორტრეტზეა გამოსახული და მის ნაცვლად ბერდება. კინემატოგრაფიულ ვარიანტში რეჟისორმა მინას და დორიანის საინტერესო კვაზიურთიერთობაც წარმოგვიდგინა.



დოქტორი ჯეკილი / მისტერ ჰაიდი

რობერტ ლუი სტივენსონის მიერ შექმნილი კიდევ ერთი წარუმატებელი მეცნიერი, რომელმაც საკუთარი თავი მონსტრად აქცია. აგრესიის შემთხვევაში დოქტორში ბატონი ჰაიდი იღვიძებს. საკუთარი თავისგან გასაქცევად ჯეკილმა ბინა საფრანგეთში დაიდო. სწორედ იქ მიაკვლიეს ტომ სოიერმა და ალან კუოტერმანმა და ლიგის მიზნებისთვის ძალდატანებითაც შეიპყრეს. თავიდანვე ყველასთვის აშკარა იყო, რომ ლიგას სჭირდებოდა მუტრუკი ჰაიდი, რომელიც მის წინ ყველა და ყველაფერს ერთი ხელის მოსმით ანადგურებდა, საკუთარ ჭრილობებს კი ადამიანზე ბევრად სწრაფად იხორცებდა. თუმცა, აღმოჩნდება, რომ საბოლოოდ, ფიზიკურად სუსტი დოქტორი (ნემოსთან ერთად, რა თქმა უნდა) ლიგას უფრო მეტად დაეხმარება ვიდრე მისი მეორე სახე.



კაპიტანი ნემო

ჟიულ ვერნის ერთ-ერთი საუკეთესო პერსონაჟი. ნამდვილი სახელი - პრინცი დაკარი. ინდოელი რაჯას შვილი. ლიგის ინტელექტუალური ბაზისი, ინჟინერი და კიბერნეტიკოსი. ნემოს ტექნიკური მიღწევები აოცებდა მნახველს, მისი ნაუტილუსი კი ჯენტლმენთა ლიგის "სათავო ოფისია". ნემოს ნაუტილუსამდელი წარსული უცნობი და იდუმალებით მოცულია. კავორიტის ძიებაში ერთ-ეთი პირველი ჩაერთო, რიგი მიზეზების გამო ის და კუოტერმანი პრინციპულად განსხვავებული შეხედულების მქონე ადამიანები იყვნენ, თუმცა საბოლოოდ კარგ მეგობრებადა იქცნენ. მარსელებთან საბოლოო ბრძოლის შემდეგ თანალიგელებისგან განაწყენებული ნემო ტოვებს ლიგას და მის საყვარელ ხომალდს მიაშურებს. ამის შემდეგ ნემოს ამბავი აღარავის გაუგია.




ტომ სოიერი

მარკ ტვენის ცუღლუტი ახალგაზრდა გაიზარდა და დაკაცდა. დახელოვნდა იარაღის ხმარებაში და გახდა ამერიკის სადაზვერვო სამსახურის წევრი. ტომმა ისწავლა ვინჩესტერ 94-ის გამოყენება, რომელსაც მეტსახელად ეძახდა - "იარაღს, რომელმაც დაიპყრო დასავლეთი". ტომი "M"- ს წინააღმდეგ ოპერაციებში ჩართული არ იყო. ის უკვე შემდგომ, ლიგის მეორე მისიის დროს გამოგზავნეს ამერიკელებმა ფანტომის დასამარცხებლად. ფანტომის  დასამარცხებლად მას ყველაზე დიდი მოტივაცია ჰქონდა, ვინაიდან ამ ბოროტმოქმედმა ერთ დროს ტომის ბავშვობის მეგობარი, ჰეკლბერი ფინი მოკლა. მიუხედავად დორიან გრეის წინააღმდეგობისა, კუოტერმანმა მაინც ჩართო სოიერი ლიგაში. თანაც, კუოტერმანს ახალაგზრდა ტომი თავის დაღუპულ შვილს ახსნებდა. გადამწყვეტი შეტაკების დროს, კუოტერმანის მიერ დაჭრილი ფანტომი, რომელიც აღმოჩნდა რომ "M" ყოფილა, საკმაოდ შორი დისტანციიდან, სწორედ სოიერის ნასროლმა ტყვიამ მოკლა. სხვათა შორის, არც სოიერი ერიდებოდა ემა ჰარკერთან ფლირტს, თუმცა საბედნიეროდ, არაფერი გამოუვიდა.



ალან კუოტერმანი

სერ ჰენრი რაიდერ ჰაგარდმა პირველად ალან კუოტერმანი "სოლომონ მეფის მაღაროებში" გამოაჩინა, 1885 წელს. კუტერმანი იყო პროფესიონალი მონადირე და ბრიტანული იმპერიის პრესტიჟის დამცველი. მისი უკანასკნელი ექსპედიციის დროს კუოტერმანმა შვილი დაკარგა და ამის შემდგომ გადასახლდა კენიაში, სიმშვიდის საპოვნელად. მანამ სანამ "M" გამოიძახებდა, კუოტერმანი აფრიკით ტკბებოდა. თუმცა, იმპერიის წინააღმდეგ წამოწყებულმა მოძრაობებმა და ახალგაზრდა სოიერმა უბიძგა მოხუც მსროლელს, კვლავ ჩამდგარიყო იმპერიის სამსახურში. კუოტერმანი ლიგის საკვანძო პიროვნებაა, ყველაზე ბრძენი და ყველაზე გაწონასწორებული. მის ირგვლივ არიან გაერთიანებული ჯენტლმენები, მისმა სიკვდილმა კი ბუნებრივად ლიგის დაშლაც გამოიწვია. სიცოცხლის უკანასკნელი წუთები კუოტერმანმა სოიერთან გაატარა. მისი ბოლო სიტყვებიც ტომისადმი იყო მიმართული: "დაე, ახალი საუკუნე იყოს შენი, შვილო... ისევე, როგორც წინა იყო ჩემი...."





*           *           *


ჯენტლმენთა ლიგის პირველი გამოცემის შემდეგ, კიდევ ბევრჯერ შეიცვალა მისი წევრების ვინაობა. ცალკე, ლიგის გულშემატკივრებმა შექმნეს ალტერნატიული ლიგები, თუმცა საუკეთესოდ ისევ პირველი კლასიკური ლიგა რჩება. 
ეს ისტორიები არ ჰგავს ტიპურ სუპერგმირულ ისტორიებს. გამორჩეულ ჯენტლმენთა ლიგა აერთიანებს კლასიკური ნაწარმოებების პერსონაჟებს. პერსონაჟებს, რომლებიც ძნელად წარმოსადგენია სუპერგმირებად. 
ამგვარად, ალან მურმა შეძლო კლასიკური ლიტერატურა კლასიკური კომიქსად ექცია.








ავტორი: ირაკლი სულაძე