დენ სიმონსის ჰიპერფანტასტიკური ილიადა

სამეცნიერო ფანტასტიკის ჟანრის განვითარებამ დიდი ოთხეულის და მათი თანამედროვე კლასიკოსების შემდეგ მცირედით შეიცვალა კალაპოტი და მეოცე საუკუნის 80-იანი წლებიდან სულ მთლად ახალ საფეხურზე აინაცვლა.

ნილ გეიმანის Marvel 1602

2001 წელს ნილ გეიმანმა, გრაფიკულის ნოველების აწ უკვე აღიარებულმა მწერალმა და The Sandman-ის შექმნელმა, გადაწყვიტა Marvel-თან ეთანამშრომლა და ბედი მეინსტრიმულ კომიქსში მოესინჯა (უფრო სწორად, თავად Marvel-ისგან მიიღო შემოთავაზება).

არტ შპიგელმანის ომგამოვლილი თაგვი

„როდესაც რამდენიმე დღით ერთ ოთახში ჩაგკეტავენ მშივრებს, იქ სიტყვა "მეგობარი" აღარ არსებობს.“

„უფრო მეტი, ვიდრე ადამიანი“: თეოდორ სტარჯენის ევოლოციური თეორია

„ჩვენ გვჭირდება არა ფიზიკური, არამედ - ფსიქიკური ევოლუცია“.

Showing posts with label რუსი მწერლები. Show all posts
Showing posts with label რუსი მწერლები. Show all posts

30 December, 2014

რუსულენოვანი ფანტასტიკა (sci-fi/fantasy/etc.)




რუსული sci-fi და ზოგადად, ფანტასტიკა, როგორც ჟანრი, სათავეებს მე-19 საუკუნიდან იღებს. რუსული ფენტეზის სათავეები რუსულ ფოლკლორსა და მითებში უნდა ვეძიოთ, (გახსოვთ ჩერნაბოგი "ამერიკელ ღმერთებში"?) თუმცა, რა თქმა უნდა, როგორც ჟანრმა, თავის ოქროს ხანას სსრკ-ს პერიოდში მიაღწია. ამ დროს ასპარეზზე გამოჩნდნენ ძმები სტრუგაცკები, ბულიჩოვი, მიხაილ ბულგაკოვი და სხვ.

ეტიმოლოგიური კუთხით, ფენტეზი, sci-fi, ჰორორი და სხვა მსგავსი ჟანრები ერთი საერთო სახელწოდების ქვეშ ერთიანდება, ეს არის - "ცისარტყელა" (Радуга) . თუმცა, ყველაზე ხშირად, რუსებიც ფენტეზის ტერმინს იყენებენ. აგრეთვე, გოთიკური და მისტიკური ნაწარმოებების დახასიათებისას გამოიყენება ტერმინი "მისტიკა". ცისარტყელა გამოიყენა ერთ-ერთმა პირველმა დიდმა გამოცემამ, რომელმაც აქტიურად დაიწყო მსგავსი ჟანრის წიგნების პოპულარიზაცია.

თუკი მე-18/მე-19 საუკუნეების მწერლობაში ძირითადად სოციალური სტატუსი იყო გამოკვეთილი, ეს სრულიად უცხო იყო ფანტასტიკური ჟანრის ნაწარმოებებისათვის. განსაკუთრებით კი, მე-20 საუკუნეში პოპულარული გახდა "წარმოსახვით-ვოიაჟური" ტიპის ნაწარმოებები. პოპულარული იყო უტოპიური და ფანტასტიკური თემებიც.

ჟანრის ფუძემდებლად შეიძლება დავასახელოთ ფიოდორ დმიტრიევ-მამონოვის - „ფილოსოფოსი თავადი“. (1769წ), უტოპიური შინაარსის პიონერია ალექსანდერ სუმაროკოვის "ბედნიერი საზოგადოების ოცნება" (1759). შემდგომ პერიოდში შეიქმნა კიდევ ორი დიდი ნაწარმოები უტოპიურ-ვოიაჟურ ჟანრში. ესენია - ვასილი ლევშინის "უახლოესლი ვოიაჟი" (1784წ.) რომელიც აგრეთვე შეიძლება ჩაითვალოს რუსულ ლიტერატურაში პირველ ისეთ ნაწარმოებად, სადაც მოქმედება ვითარდება მთვარეზე. კერძოდ კი, აღწერილია მთვარეზე მოგზაურობა. და რა თქმა უნდა, მიხაილ შშერბატოვის "მოგზაურობა ოფირის მიწისაკენ", რომელიც წარმოადგენს ფსევდო-ისტორიულ-ჰეროიკულ რომანს.

ჟანრის ფუძემდებლებში არ შეიძლება არ აღინიშნონ ნიკოლაი გოგოლი, ანტონი პოგორელსკი, ნიკოლაი მელგუნოვი, ვლადიმირ კარლგოფი და ა.შ. აქვე, უნდა გავიხსენოთ პუშკინის სახელგანთქმული "დამა ყვავი" (Queen of spades), რომელსაც დოსტოევსკიმ "ფანტასტიკის შედევრი" უწოდა. მე-19 საუკუნის ცენტრალური ფიგურა კი გახლდათ ვლადიმირ ოდოევსკი, რომელიც რომანტიკული შინაარსის ნაწარმოებებს წერდა, მის ნაწარმოებებში იგრძნობა ე.ტ.ა. ჰოფმანის გავლენა. ოდოევსკის სწამდა მეცნიერებისა და ტექნოლოგიების სამომავლო პროგრესის. იგი გახლდათ ბევრი გოთიკური შინაარსის მოთხრობის ავტორიც.

თუ ვინმეზე შეიძლება ითქვას, რომ სამეცნიერო ფანტასტიკის პირველი "ნაღდი" წარმომადგენელია, ეს გახლავთ ალექსანდრე ველტმანი. მისი ნაწარმოებები გაჯერებულია ფსევდო-ისტორიული შინაარსითა და ფიქციური გმირებით. ველტმანის ნოველებში ჩნდება ცნობილი რუსი "გმირი" კაშეი ბისმერტნი. (უკვდავი კაშეი) - 1833წ. რაც შეეხება დროში მოგზაურობას, ამ თემატიკაში პირველია, აგრეთვე ველტმანის - "კალიმეროსას წინაპრები: ალექსანდრ ფილიპოვიჩ მაკედონსკი". ამ ნაწარმოებში ნარატორი მოგზაურობს ძველ საბერძნეთში და იქ არისტოტელეს ხვდება. აგრეთვე, მოგზაურობს ალექსანდრე მაკედონელთან ერთად მე-19 საუკუნეში. ამავე რომანში მთავარი გმირი მოგზაურობს წარმოსახვით ბალკანურ ქვეყანა - ბოსფორანიაში. აქვე აღწერილია სამეცნიერო და ტექნოლოგიური მიღწევები 35-ე საუკუნეში.

მიუხედავად იმისა, რომ მე-19 საუკუნის შუა ნახევრიდან პოპულარული გახდა რეალიზმი ლიტერატურაში, მაინც აქა-იქ ჩანდნენ sci fi-ს მიმდევრებიც, ასეთები იყვნენ, მაგალითად, ნიკოლაი ახშაურუმოვი, ნიკოლაი ვაგნერი და სხვანი. აღსანიშნავია ივან ტურგენევის "მისტიური ნოველები". აგრეთვე, ვერა ძელიხოვსკის "ოკულტური ფიქცია". მიხაილ მიხაილოვის ნაწარმოები "ისტორიის მიღმა" (1869წ.) პრეისტორიული ფიქციაა და პრე-დარვინისტულ ფანტასტიკის ელემენტებს შეიცავს. შემდგომში პრეისტორიულ ადამიანზე ბევრმა დაწერა, მათ შორის ვილჰელმ ბიტნერმა - "პრეისტორიული ადამიანი" (1890წ.).

მამონტისა და ყინულის კაცის ამბავი მოგვიყვა პიოტრ დრავერტმა, 1909 წელს. 1910-ში კი, ვლადიმირ ბოგორაჟმა "დრაკონის მსხვერპლები" დაწერა.  "ცხოველთა აჯანყება" 1917 წელს დაიწერა, ისტორიკოს ნიკოლაი კოსტომაროვის მიერ. ეს ნაწარმოები ძალიან ძალიან ჰგავს ორველის "ცხოველების ფერმას". (რომელიც 1945 წელს გამოიცა).

დოსტოევსკის რამდენიმე მოკლე მოთხრობაც შეიძლება ჩაითვალოს ფანტასმაგორიული დეტალების შემცველად. მაგალითად, "სასაცილო კაცის სიზმარი" (სხვა პლანეტაზე არსებული უტოპიური საზოგადოების შესახებ). აგრეთვე, ნოველა - "დაბბლი (The double)" პეტერბურგის პოემა, სადაც ჩნდება დოპპელგენგერი. აქვე უნდა ითქვას, რომ დოსტოევსკის ჟურნალმა - "ვრემია", პირველად გამოაქვეყნა ედგარ ალან პოს "ნანტაკეტელი არტურ გორდონ პიმის ამბავი"

უტოპიურ თემატიკაზე ბევრს აღარ შევჩერდებით. იმ პერიოდში, ხარისხიანი ამ ჟანრში თითქმის არაფერი შექმნილა. თუ ვინიცობაა და ვინმეს გაინტერესებთ, გადახედეთ კონსტანტინ ციოლკოვსკის, ალექსანდერ გრინს, ალექსანდერ ბოგდანოვს და ვალერი ბრიუსოვს.

ახლა კი, საბჭოთა ერა... sci-fi-სა და ფენტეზის ოქროს ხანა. სსრკ-ში არსებული შეზღუდვები კიდევ უფრო აღაგზნებდა იმდროინდელ ავტორებს. რუსეთში მომხდარ პოლიტიკურ ცვლილებებთან ერთად, იცვლებოდა ლიტერატურული მიმართულებებიც. 20-იან წლებში ალექსანდერ ბელიაევი, გრიგორი ადამოვი, ვლადიმირ ობრუჩევი და ძმანი მათი ერთიანად გამოჩნდნენ რუსულ ლიტერატურაში.

ეს ხალხი თავიანთ ნაშრომებში დიდ ზეგავლენას განიცდიდნენ პატივცემული ჟიულ ვერნის, არტურ კონან დოილისა და ჰერბერტ უელსის ნაშრომებიდან. 20-იანი წლებიდან იმდროინდელი რუსული ფიქციური ლიტერატურა დიდი დოზით შეიცავს სამეცნიერო პროგნოზებს მომავლისათვის, განსაკუთრებით პოპულარული იყო კოსმოსური მოგზაურობები, ხშირი იყო ასევე მუშა კლასის ბრძოლა კაპიტალიზმის წინააღმდეგ. (ალექსეი ნ. ტოლსტოის "აელიტა" (1923), რომელიც მარსზე რუსების მიერ მოწყობილ ევოლუციას აღწერს). "ინჟინერ გარინის სიკვდილის დღე" (1926წ.) - მოგვითხრობს გიჟი მეცნიერის გეგმების შესახებ, თუ როგორ სურს მას სამყაროს დაპყრობა. თუმცა უცაბედად მას კაპიტალისტები თავიანთ რიგებში იღებენ. მსგავსი ანტაგონისტური განწყობაა ბელიაევის  "ჰაერის გამყიდველში" (1926წ.) ასევე ბელიაევის "ბრძოლა ეთერში" (1928წ.) რომელიც მომავალ მსოფლიო ომს ეხება, კომუნისტ ევროპასა და კაპიტალისტურ ამერიკას შორის. ბელიაიევი აღწერს ასევე "ისტორიული" ატლანტიდის ქრონიკებს. - "ატლანტიდის უკანასკნელ ადამიანში". რა თქმა უნდა, ყველას გვახსოვს, ჩვენი ბავშვობის უკვდავი ქმნილება - "ადამიანი ამფიბია".

ობრუჩევი კი, ცნობილია თავისი ფანტასტიკურ-ვოიაჟური ნაწარმოებით - "პლუტონია", რომელიც გამოიცა 1924 წელს და ეხება დედამიწის ცენტრისკენ მოგზაურობას  სადაც ექსპედიტორები აღმოაჩენენ პრეისტორიული პერიოდის ხანას, დასახლებულს დინოზავრებითა და სხვა გადაშენებული ცხოველებით. ობრუჩევი ცნობილია ასევე თავისი "დაკარგული სამყაროს" ტიპის ნოველით - "სანიკოვის მიწა" (1924წ.) ობრუჩევის წიგნებში დიდია ჟიულ ვერნის და არტურ კონან დოილის გავლენა.

ამ პერიოდის მნიშვნელოვანი ნაშრომი ეკუთვნის ევგენი ზამიატინს, ავტორს წიგნისა "ჩვენ" (1924წ.) და აგრეთვე მიხაილ ბულგაკოვს, რომელმაც სამეცნიერო ფანტასტიკას აჩუქა "ძაღლის გული" (1925), ფატალური კვერცხები (1925) და ივან ვასილიევიჩი (1936). ეს ორი ავტორი, სამეცნიერო ფანტასტიკას უფრო მეტად საბჭოთა რეჟიმის გასაკრიტიკებლად იყენებდნენ, ვიდრე სამეცნიერო წინასწარმეტყველებად. 50-60-იან წლებში ჟანრი მძიმე სტაგნაციას განიცდის. ეს რა თქმა უნდა, იმდროინდელ ცენზურას უნდა დავაბრალოთ. თუმცა, მიწისქვეშა ლიტერატურა მაინც ვრცელდებოდა, ისეთი ავტორების წყალობით,როგორებიც იყვნენ ალექსანდერ კაზანცევი, გეორგი მარტინოვი, ვლადიმირ სავჩენკო და სხვები.

ამ პერიოდის ფილმები კი, მაგალითად, "შტორმების პლანეტა" (1962) და "ბრძოლა მზის გასწვრივ" (1959) მეკობრული გზით დასავლეთშიც კი გაიტანეს.

მე-20 საუკუნის მეორე ნახევარში, ჟანრზე უდიდესი გავლენა მოახდინა სსრკ-ს კოსმოსში გასვლამ. ისევ იწერებოდა უტოპიურ მომავალზე, აპოკალიპტური შინაარსის წიგნები და ა.შ. გარდატეხა კი მოახდინა, ივან იეფრემოვის "ანდრომედამ" (1957 წ.) - უტოპია, უახლოეს მომავალში. ამას მოჰყვა ძმების, არკადისა და ბორის სტრუგაცკების გამოჩენა, რომლებიც უფრო კრიტიკულად მიუდგნენ საქმეს: მათი წიგნები შეიცავდა ბნელ თემებს და სოციალურ სატირას. მათი ყველაზე ცნობილი აადრეული ნაწარმოებებია "ძნელია ღმერთობა" (1964 წ.) და "ძალაუფლების ტყვეები" (1969 წ.) ძმებმა შექმნეს ასევე პირველი საბჭოთა სამეცნიერო ფანტასტიკური ტრილოგია - "ორშაბათი იწყება შაბათს" (1964 წ.) და მათი პირველი პოსტ-აპოკალიპტური ნოველა "პიკნიკი გზის ნაპირზე" (1971) რომლის ეკრანიზაციაც წარმატებულად ითავა ანდრეი ტარკოვსკიმ, თავისი კინოშედევრით - "სტალკერი". ეს ნაწარმოები უკავშირდება ჩერნობილის კატასტროფას, სასოწარკვეთილი ადამიანების ყოველდღიურ ყოფას, თავზეხელაღებულ რამდენიმე "თანამედროვე რაინდს" და კიდევ მრავალს და მრავალს.

სტრუგაცკები ისეთი თემაა, რომ ძნელია, მოიხსენიო სხვა მწერლებთან ერთად. ისინი არც რუსი ავტორები იყვნენ და არც რუსული ლიტერატურის წარმომადგენლები. ძმები სტრუგაცკები მსოფლიო საგანძურის ნაწილია, რომელთაც გაფრთხილება და მტვრისგან ხშირი გაწმენდა სჭირდება.

ერთ-ერთი ცნობადი სსრკ-ს ბოლო წლების მწერალი გახლდათ კირ ბულიჩოვი. მისი წიგნები შეიცავდა დროში მოგზაურობის და პარალელური სამყაროების არსებობა/არარსებობის თემატიკას. აქტიურად ჰქონდა წინ წამოწეული ანტიმატერიალიზმი და გარემოს დაცვის საკითხებიც. რუს მკითხველში ასევე პოპულარული იყო ალექსანდერ კოლპაკოვი, თავისი "გრიადა"-თი, და სერგეი სნეგოვის ტრილოგია - "ადამიანები,როგორც ღმერთები" (1966-1977).

ამას უკვე მოჰყვა ნანატრი 21-ე საუკუნე. ახდენილი წინასწარმეტყველებები და ახალი გამოწვევები..."ღამის გუშაკი"... "მეტრო 2033"... მაგრამ, როგორც იტყვიან, Впрочем, это уже совсем другая история...



ავტორი: ირაკლი სულაძე


30 November, 2014

მიხეილ ლერმონტოვის „დემონი“, ანუ ფუნდამენტური ცვლილება ბოროტი ანგელოზის არსზე


(მიმოხილვა შეიცავს სპოილერებს, შესაბამისად რეკომენდირებული არაა მათთვის, ვისაც ჯერ არ წაუკითხავთ)

მე-19 საუკუნის შუა ხანებში ჯერ კიდევ მძლავრად ჰქონდა ფესვი მოკიდებული რომანტიზმსს, თუმცა ნელ-ნელა აშკარად ეტყობოდა ეპოქას, რომ სულ მალე ახალ ხელოვნების მიმდინარეობას ჩაეყრებოდა საფუძველი, მაგრამ მანამდე ჯერ კიდევ რამდენიმე ათეული წელი იყო საჭირო. მეცხრამეტე საუკუნის რომანტიზმში უმნიშვნელოვანესი ადამიანები გამოვიდნენ სამწერლო ასპარეზზე, როგორებიც არიან ჰიუგო და გოეთე. მათ არ ჩამორჩა რუსული ინტელიგენციაც და ამის დასტურია მიხეილ ლერმონტოვის შემოქმედება, რომლის გარეშეც მსოფლიო ლიტერატურის საგანძური, კერძოდ კი რომანტიკული პოეზია, ძალიან დიდი დანაკარგს განიცდიდა. ლერმონტოვის ბიოგრაფიას თუ გადავხედავთ, რამდენიმე საინტერესო დეტალთან ერთად შევამჩნევთ, რომ რუს მწერალზე უდიდესი შთაბეჭდილება იქონია გადასახლების პერიოდში საქართველომ, მისმა კულტურამ, ეთნიკურმა სილამაზემ და ბუნებამ. სამომავლოდ, სწორედ ეს ფაქტორები გახლდათ ლერმონტოვისთვის შთაგონების წყარო- რომელიც გამოვლინდა მის რამდენიმე სერიოზულ ნაშრომში. დღეს საუბარი სწორედ მის ერთ-ერთ ლექსზე, ,,დემონზე“ გვექნება.(სადაც მოვლენები სწორედ საქართველოში ხდება)

ვფიქრობ, ამ ლექსზე საუბრისას ყურადღება უნდა გავამახვილოთ რამდენიმე მნიშველოვან საკითხზე, რომელიც ჩემი აზრით, კარგად არის გაშლილი ნაწარმოებში. პირველ რიგში ადვილი შესამჩნევია, რომ სანამ მწერალი უშუალოდ ამბის თხრობაზე გადავიდოდა, მანამდე ის ლაპარაკს იწყებს ზოგადად ბოროტი ძალის, დემონის(თუმცა არ აგერიოთ ის ლუციფერში, ის უბრალოდ დემონია. ამას დიდი მნიშვნელობა აქვს, რომელიც ქვემოთ დაგვჭირდება) სვე ბედზე და მის არსზე. ლერმონტოვი აღნიშნავს, რომ ოდესღაც ის ბოროტი ძალაც კეთილი ანგელოზი იყო, რომელიც ლაღად გადაადგილდებოდა ნათლის სამეფოში. მას გააჩნდა სიყვარულის რწმენა და შესაბამისად ,,არ იტანჯვოდა სვებედნიერი არც მძულვარებით, არცა თუ იჭვით“. აქ უნდა დავუკვირდეთ რას ნიშნავს გამუქებული სიტყვები. თუ ქრისტიანობის ელემენტალურ დოგმატიკას გავიხსენებთ, ვნახავთ რომ სიყვარულში იგულისხმება ღმერთი( იონაე მახარებლის სიტყვები ,,ღმერთი სიყუარულისაი არს“), ხოლო რწმენა არის ის უმნიშვნელოვანესი ფაქტორი, რასაც ყურადღება ექცევა არა მარტო ქრისტიანობაში, არამედ მგონი ყველა რელიგიაშიც.( მაცხოვრის სიტყვები ,,იოტისოდენა რწმენაც რომ გაგაჩნდეთ, მთებს გადადგამდით“). აქედან გამომდინარე ლერმონტოვმა ხაზი გაუსვა იმ ფაქტს, რომ სიყვარულისადმი რწმენის დაკარგვა ნიშნავდა ღმერთისადმი რწმენის(კავშირის) გაწყვეტას, ხოლო სიკეთისა და სიყვარულის ნაკლებობა პირდაპირპროპორციულად ზრდის ბოროტის წილს. (სიბნელე ხომ უბრალოდ სინათლის ნაკლებობაა).

შემდეგი რამდენიმე თავის განმავლობაშიც ავტორი აგრძელებს დემონზე საუბარს და გვთავაზობს საკმაოდ საინტერესო აზრს: ,,ის დედამიწის იყო მფლობელი, თესავდა ბოროტს- გულგრილი თავად...“. მწერალს აშკარად მიაჩნდა რომ დედამიწის ბატონ-პატრონი ბოროტი ძალა იყო, რაც თავის თავში გულისხმობდა იმ უიმედობას, მწუხარებას და მარტოობას, რომელიც მწერლის აზროვნებაში იყო ფესვგადგმული. ეს პასიური რომანტისტული აზროვნების უტყუარი ნიშანია, როდესაც მწერალი ნიჰილისტურადაა განწყობილი წუთისოფლის ცხოვრების მიმართ და ფიქრობს რომ სიკეთე ძალიან ცოტაღაა დარჩენილი, ანუ ის მარტოა ამ ქვეყნად. ხელოვნების განვითარების შემდგომ საფეხურზე ამასთან დაკავშირებით მრავალი აზრი გაჩნდება, მაგალითად რეალიზმში რამდენიმე წლის შემდგომ დოსტოევსკი ,,ძმებ კარამაზოვებში“ შემდეგნაირ აზრს განავითარებს: ,,სატანა ღმერთს ებრძვის, ხოლო ბრძოლის ველი კი ადამიანთა გულებია“. აქ უკვე აშკარად ობიექტური ხედვა იკვეთება, დოსტოევსკმა აქ ყოველგვარი ნიჰილიზმის გარეშე ობიექტური ფაქტი დადო ლერმონტოვისგან განსხვავებით, რაც ეპოქათა შორის იდეოლოგიური განსხვავების ნათელი მაგალითია.

ამის შემდეგ ავტორი გადადის უშუალოდ ამბის თხობაზე, რომელიც საქართველოში ვითარდება. ამბის თხრობაც სწორედ ჩვენი ქვეყნის აღწერით იწყება. აქ აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ ლერმონტოვს ამ ნაწარმოებზე მუშაობა საქართველოში გადმოსახლებამდე ჰქონდა დაყწებული, ხოლო საქართველოში გადასახლების მერე კი ძირფესვიანად დაიწყო პოემის ადრინდელი ვარიანტების გადამუშავება, გაამდიდრა ნაშრომი ქართული უძველესი ლეგენდებითა და რწმენა-წარმოდგენებით და რაც ყველაზე მთავარია, ნაწარმოების მთავარ მოქმედ პირად აიღო ქართველი ქალის- თამარის სახე.

თამარი არ იყო ჩვეულებირვი ქალი. ის გახლდათ თავადიშვილი, რომლის სილამაზე განთქმული იყო მთელს რეგიონში. სიუჟეტის განვითარება კი სწორედ მისი ქორწილის სამზადისით იწყება, როდესაც მისი საქმრო ამალასთან ერთად მასთან მიიჩქარის. პარალელურად ვითარდება მეორე საინტერესო მოვლენაც. დემონი, რომელიც უგზო-უკვლოდ, მარტოდმარტო და სასოწარკვეთილი დაეხეტებოდა კავკასიის მთებში, ნახავს მოცეკვავე თამარს, რომლის არამიწიერი სილამაზე მყისიერად მოხიბლავს და თითქოს სიცოცხლის ხალისს, აზრს უბრუნებს და სწორედ ამიტომ, მის ერთადერთ კონკურენტს, ქალის სატრფოს მარტივად მოიშორებს თავიდან. საინტერესოა, დემონს, რომელიც სამარადჟამოდ ბოროტს, უიმედობასა და მწუხარებას თესავდა ქვეყნად, უეცრად ისეთი გრძნობა უჩნდება, რასაც სიყვარული შეიძლება დავარქვათ. განა ეს შესაძლებელია? ლერმონტოვს კი ამის აშკარად სწამს. მას მიაჩნია, რომ თვით უბოროტესი არსებაც კი შეიძლება შეიცვალოს სიყვარულის ზემოქმედებით, ანუ თვით აბსოლუტურ წყვდიადშიც კი არსებობს მცირედი ნათელიც.(სხვათაშორის ეს წმინდა ქრისტიანული აზროვნებაა, ჩვენი რელიგიაც სწორედ ამას იძახის). მწერალმა დემონი დაგვიხატა ამ ეპიზოდში როგორც ტრაგიკული არსება, რომელიც თავისივე ამპარტავნებისა და სიძულვისი მსხვერპლია, მაგრამ ამასთანავე სიყვარულის მცირედი ამბიციის მატარებელიც. დემონის პლანეტალური მასშტაბის ტრაგიზმსს ჩვენ უფრო კარგად შემდეგ ეპიზოდებში დავინახავთ, თუმცა მანამდე საჭიროა გავიხსენოთ როგორ ვითარდება სიუჟეტი.

მომავალი საქმროს გარდაცვალება შოკისმომგვრელი აღმოჩნდება თამარისთვის და მონასტერში მონაზვნად აღიკვეცება, თუმცა იგი მთელი თავისი სულით და გულით თავის გარდაცვლილ საქმროსთანაა გონებით, თვით ლოცვაზეც კი მასზე ფიქრობს: ,,თუ მოისურვა ლოცვის დაწყება, მხოლოდ ი მ ი ს თ ვ ი ს ლოცულობს გული...“. სწორედ ამ მომენტიდან იწყებს დემონი მცდელობას გამოეცხადოს თამარს და ამაში ის მთელ თავის ცბიერებას ჩააქსოვს, რათა ქალს უბრალოდ არ შეშინებოდა და ზურგი არ შეექცია მყისიერად.( ამ ყველაფერისთვის მას უკვე საფუძველი მომზადებული აქვს იმ სიზმრებით, რომელიც ქალას ესიმზრებოდა ხოლმე, სადაც დემონის ტრაგიკული სიტყვები ესმოდა). ყველაზე მეტად რასაც ვაფასებ ამ ტექსტში არის ის, რომ მწერალს არ უნდოდა დაეხატა ბოროტი სული , როგორც უბრალოდ სატანა, ბოროტების ბუდე მთელი თავისი მსახვრალი ბუნებით. მას სურდა მკითხველში თანაგრძნობა გაეღვიძებინა თავისი ტრაგიკული გმირის მიმართ. ლერმონტოვმა ძალიან ორიგინალური იდეა შესთავაზა მკითხველს. კერძოდ, მან ხაზი გაუსვა იმ ფაქტს, რომ სატანა ტკივილს ანიჭებს ადამიანთა მოდგმას, ხოლო დემონი კი თავად იჩაგრება ამ ტკივილის ფასად. სატანა განასახიერებს სამყაროში არსებულ ტკივილს ყოველდღიურ ცხოვრებაში, ხოლო დემონი კი უდიდეს სულიერ ტკივილს და მწუხარებას. აი რა სიტყვებს ამბობს ქალის წინაშე მდგომი ბოროტი ანგელოზი: 

,,იგი ვარ, ვისი ხმებიც გსმენია ღამის დუმილში, ყოველ ცისმარე,

ვისი ნაღველიც შენ მოგწვდენია, გევლინებოდა ვინაც სიზმარით,
ვინაც უწყალოდ ღუპავს იმედებს, ვისთვის სიყვარულს არვინ იმეტებს...“


ლერმონტოვის ბრწყინვალე ჩანაფიქრად მიმაჩნია ისიც, რომ დემონის ბნელ სულში არსებულ ბოროტებაზე ესტეთიკურ სილამაზეს და სიყვარულს ამარჯვებინებს, რაც გენიალური იდეა იყო მწერლის მხრიდან. თვალთმაქცი, ტირანი და სისხლისმსმელი დემონი სიყვარულით ,,დაბრმავებული“(კარგი მნიშვნელობით) პირველად იძახის გულწრფელ სიტყვებს:

,,ძალგიძს მომმადლო სიკეთის მადლი, კვლავ დამიმკვიდრო ზეცის ბინაში
ვით ანგელოსი, პირითა ნათლით, ახლად მიხილონ უფლის წინაშე...“


ზემოთ როგორც ვახსენე, ჩვენ პოემის მეორე ნაწილში ვხვდებით უფრო დიდ ტრაგიზმს, რაც სიბნელის ანგელოზის სიტყვებში ჩანს. იგი გარემოების მსხვერპლია, რომელმაც მას სამუდამოდ ეულად ყოფნა მიუსაჯა. მასში დაახლოებით ისეთივე მასშტაბის მარტოობას და მწუხარებას ვხვდებით, როგორიც მერი შელის ,,ფრანკენშტაინის“ შექმნილი მონსტრის გულშია:

,,მაშინ ვუხმობდი ჩემებრ განდევნილთ განწირული და მიუსაფარი, 
ბოროტი სული იყო რამდენი, მაგრამ ვერ ვიცან ვეღარაფერი
დავქროდი ისევ, არ შემეყარა აღარც მიზანი, არც იმედები
ყველამ დამტოვა, თვითონ ქვეყანაც, უცხოდ გადმექცა, როგორც ედემი.“

მოგეხსენებათ, რომ ლერმონტოვზე სერიოზული გავლენა ჰქონდა რომანტიზმს და მის ნიჰილისტურ იდეოლოგიას, შესაბამისად წარმოუდგენელი იყო მას ნაწარმოები დაემთავრებინა ოპტიმისტურად(როგორც თუნდაც სხვა რომანტიკოსები აკეთებდნენ), მას აუცილებლად ისე უნდა განევითარებინა მოვლენები, რომ მთავარი პერსონაჟს დიდი უბედურება დატყდომოდა თავს. ეს უბედური განაჩენის გამოტანა იყო მწერლის თავისებური ხელწერა, რომელშიც ის თავისივე გრძნობებს და განწყობას აქსოვდა. ვფიქრობ, ვერ გამოვრიცხავთ იმ ფაქტს, რომ ლერმონტოვს შესაძლოა საკუთარი თავი გარკვეულწილად დემონში წარმოესახა, ანუ ყველა ის იმედგაცრუება, რაც მან ცხოვრებაში ნახა(თუ ბიოგრაფიას ვენდობით), ბნელი ანგელოზის განწყობაში განასახიერა. მგონი ძალიან ცუდი სპოილერი იქნება რომ დავწერო როგორ მთავრდება ჩვენი პოემა, ამიტომ ეს ჯობია  თავად მკითხველმა წაიკითხოს.


23 November, 2014

ვიქტორ პელევინის - "Generation П"



„ყველაფერი თავიდანვე გასაგებია. რიგითი მეწარმე ხსნის საწარმოს, სახელად, მაგალითად – „ევერესტი“ და აგერ უკვე მეორე დღეს იმდენად აჟიტირებულია ამით, რომ სურს „ევერესტის“ ლოგოტიპი, პირველ ნაციონალურ არხზე, სადმე „ბმვ“-სა და „კოკა-კოლას“ რეკლამებს შორის იხილოს. ამ აზრით იმდენადაა შეპყრობილი, რომ მეტზე ვეღარაფერზე ფიქრობს. და სწორედ ამ დროს გამოვდივართ ბუჩქებიდან ჩვენ…“
„ჩვენ“-ის გაგონებამ ტატარსკი ბავშვური სიხარულით აღავსო.
ვავილენ ტატარსკი ვიქტორ პელევინის რომანის – Generation “П”, მთავარი პერსონაჟია. ინტელიგენტი, ახალდიპლომაღებული ლიტერატორი, რომელიც უაზროდ არის გაჭედილი მე-20 საუკუნის ბოლოში. ეს-ესაა დაინგრა საბჭოთა კავშირი და მისი, როგორც რუსული წიგნების მოკავშირე რესპუბლიკების ენებზე მთარგმნელის მოთხოვნილებაც 0-მდე დავიდა. შემთხვევითობის წყალობით ის სარეკლამო ბიზნესში აღმოჩნდებაა. სხვადასხვა სახეობის ნარკოტიკის გასინჯვის შემდეგ უკვე სარეკლამო სლოგანების მოფიქრების ნიჭსაც გააღვიძებს საკუთარ თავში… და იწყება ვოვას ფანტასმაგორიული მოგზაურობა რეალობასა და წარმოსახვაში.
მისი, როგორც „კოპირაიტერის“ მთავარი მოვალეობაა, დასავლური პროდუქტი შეფუთოს იმგვარად, რომ ახალგისოსებმონგრეულ რუსეთის საზოგადოებას შეძლებისდაგვარად მარტივად შეაყვაროს „პეპსი“, „ჯონი უოლკერი“ და „მერსედეს ბენცი“. პეპსი, რომელიც უკვე აირჩია თაობა П – მ. თაობამ, რომელიც კიდევ უფრო უარეს დღეში აღმოჩნდა, ვიდრე მათი მონათესავე „დაკარგული თაობა“. ვავილენი ნელ-ნელა შედის იმ სამყაროში, სადაც კარგად გამოწყობილი უცნაურსახელიანი თანამდებობის მქონე ხალხი, ყოველდღიურ ცხოვრებას ეკრანის მეორე მხრიდან უყურებენ. ტატარსკის ნიჭის წყალობით, ის მალევე აღმოჩნდება რეკლამოლოგთა გილდიაში. მალევე მიხვდება, რომ როდესაც „ახალი რუსი“ ყიდულობს კოკაინს, ის სინამდვილეში ყიდულობს არა ნარკოტიკს, არამედ რაღაც X-ს. რადგან ამ შემთხვევაში, მთავარია არა საგანი, არამედ მისი ფასი. ხოლო, თუ „მომენტ წებო“-ს 100 გრამს გაყიდიან 500 დოლარად, ხოლო კოკაინს 100 რუბლად, ღიპიანი ივანოვების აბსოლუტური უმრავლესობა კოკაინიდან დაუფიქრებლად გადავა წებოზე. ხოლო ძვირადღირებული ნამუშევრების გამოფენებზე, უკვე საჭირო აღარ არის ექსპონანტის ილუსტრირება. მთავარია მხოლოდ მისი ფასი. ფასი, რომელზეც მიდის ვაჭრობა. ექსპონანტი კი, უკვე მისი ყიდვის შემდეგ შეიძლება ნახო. რადგან მთავარი… მთავარი ფასია. ფასი და პროცესი.
საინტერესოა, რომ 90-იანი წლების რეალობას, დდტ-ს მუსიკას, ჩეჩნეთ-რუსეთის პრობლემებს, ელცინის „ტინგიცობას“ და გახსნილ საზღვრებს ავტორი ოსტატურად ახვევს მითოლოგიურ საბურველში. ვავილენი თავიდანვე ეჭვობს თავისი სახელის ბაბილონურ წარმომავლობაზე, (სინამდვილეში კი მამამისმა ეს სახელი ლენინის და ვასილი აქსენოვის საპატივსაცემოდ დაარქვა) შემდგომ კი, მთელი წიგნის განამვლობაში, მანამ სანამ ტატარსკი წარმოსახვით რეალობას ეცნობა, ეჯახება ძალიან ბევრ მომენტს შუმერული მითოლოგიიდან. შეიძლება ითქვას, რომ სიუჟეტის დიდი ნაწილი შუმერულ მითოლოგიაზეა აგებული, თუმცა პელევინი ჭკვიანურად აქცევ ამ ყოველივეს, „კაიფში“ მყოფი ვავილენის წარმოსახვის ნაწილად.
Generation “П”-ს ყველა გამოცემის წინასიტყვაობაში, ნახსენებია ის საიდუმლო, რომელსაც ტატარსკი რეკლამის ბიზნესში მუშაობისას მიაგნებს. თუმცა, რა თქმა უნდა, ყველა ერიდება ამ საიდუმლოს გამხელას.  ჩემი აზრით კი, ეს წიგნის შინაარსში დამატებით შემოტანილი ფანტასტიკური ელემენტია, რომელიც დიდად არც მოქმედებს სიუჟეტის განვითარებაზე. თუმცა, დაე ეს ყველამ თავისი შეხედულებისამებრ გადაწყვიტოს. ვავილენმა კი, მარტივად დაიჯერა და თავისი შემდგომი საქმიანობაც ამ პრინციპზე ააგო.
გარდა ზემოაღნიშნული „პეპსის თაობისა“, არსებობს ნაწარმოების სათაურის გაშიფვრის მეორე ვერსიაც, რომლის მიხედვითაც, “П” აღნიშნავს სიტყვას – «Пиздец» , ხოლო სრული სათაური იკითხება როგორც – „GenerationПиздец“. პუბლიცისტი და კრიტიკოსი – გენადი მურიკოვი მიიჩნევს, რომ სათაურში ლათინურთან ერთად მხოლოდ ერთი, რუსული ასოს (“П”) გამოყენება მიანიშნებს იმ ფაქტზე, რომ ნაწარმოებში საუბარია არა საყოველთაო, არამედ კონკრეტულ, რუსულ სამამულო Пиздец-ზე. თუმცა, რა დასამალია და იმავე წარმატებით, პარალელურ სამყაროში ამავე წიგნს თავისუფლად შეიძლებოდა რქმეოდა – „Generation პ“.
ასეა თუ ისე, წიგნის ბოლოსკენ, ნათელი ხდება, რომ „პეპსის თაობამ“ საბოლოოდ მაინც კოკა-კოლა აირჩია.
მაგრამ სავარაუდოა, რომ ესეც  Пეპსის  რეკლამის ჭეშმარიტი მიზნებით მოხდა…
დასასრულს, აღსანიშნავია, რომ გარდა ნახსენებისა, პელევინი სიღრმისეულად გვაწვდის „ალტერნატიული ფილოსოფიის“ თემებს. იგი განიხილავს ადამიანის ცვლილებას Homo Sapiens-დან Homo Zapiens-ამდე და აღნიშნავს, რომ „უკვე კარგა ხანია, ადამიანი ადამიანისთვის აღარ არის მგელი. ადამიანი ადამიანისთვის აღარც ქილერია, აღარც „იმიჯმეიკერი“ და თქვენ წარმოიდგინეთ, აღარც „პერსონალური დისტრიბუტორი“. დღეს ყველაფერი გაცილებით მარტივად და საშიშად გამოიყურება. დღეს ადამიანი ადამიანისთვის არის… ”WOW”. გონებასა და ცნობიერებაზე ზემოქმედების ერთადერთი რეალური საშუალება.
ტატარსკის კი, მიუხედავად საბჭოთა კავშირის სიძულვილისა, მაინც არ ესმის, რა აუცილებელი იყო ბოროტების იმპერიის დანგრევა, თუ მის ნაცვლად მივიღებდით ბოროტ ბანანის რესპუბლიკას.
ბანანის რესპუბლიკას, რომელიც ბანანს ფინეთიდან ეზიდება.

ავტორი: ირაკლი სულაძე

დიმიტრი გლუხოვსკის "მომავალი"

FUTU.RE


როდესაც ევგენი ზამიატინი „ჩვენ“-ს წერდა, ალბათ ვერც კი წარმოიდგენდა, რომ 21-ე საუკუნის პირველი დეკადის შემდეგაც, ადამიანთა უმეტესობა ჯერ კიდევ მის რომანში აღწერილი მოვლენების მოლოდინში იქნებოდა. თუმცა, მე-20 საუკუნის ფანტასტიკოსთა უმეტესობას სამეცნიერო პროგრესი ბევრად მარტივად მისაღწევი ეგონათ, ვიდრე ეს დღეს გვეჩვენება. გლუხოვსკიმ კი, ჭკუა იხმარა და ანტიუტოპიური მომავალი მთელი 500 წლით წინ გადაწია.

აწ უკვე ცნობილი „მეტრო 2033“-ისა და მისი სიქუელის ავტორმა, თავისი 2013 წლის რომანის მოქმედება ჰორიზონტალურიდან ვერტიკალურ სიბრტყეში გადაიტანა და შექმნა თანამედროვეობის ერთ-ერთი საუკეთესო ანტიუტოპიური ნაშრომი – „FUTU.RE”.
წიგნის მოქმედება ვითარდება 25-ესაუკუნეში. შორეულ მომავალში. უკვე სამასი წელია გასული მას შემდეგ, რაც მეცნიერებმა გენური ინჟინერიის დახმარებით შექმნეს სპეციფიკური პრეპარატი, რომელიც ებრძვის დაბერებას. ცვლილებების წყარობით მოხდ აადამიანის დნმ-ის ცვლილება, რამაც მთლიანად შეცვალა ადამიანთა ფსიქოლოგია,კულტურა და საზოგადოებრივი ცხოვრების წესები.

რა თქმა უნდა, პირველ რიგში გარდაიქმნა მსოფლიო რუკის გეოპოლიტიკა. ცვლილებების შედეგად, მივიღეთ 4 მასშტაბური რეგიონი: პანამერიკა, ევროპა, ესპანოამერიკა და რუსეთი. ეს უკანასკნელი ხარბად ეწევა ბუნებრივი რესურსების უკანასკნელი მარაგის ექსპორტს და ცდილობს განყენებულად იდგეს დანარჩენი სახელმწიფოებისგან. საინტერესოა ის ფაქტი, რომ გლუხოვსკის მომავლის რუსეთში აგერ უკვე 300 წელია ერთი პარტიაა ქვეყნის სათავეში. ქვეყანას მართავენ მსხვილი ოლიგარქები, ტყის მარაგი განადგურებულია და მიუხედავად იმისა, რომ დემოგრაფიული მდგომარეობა ყოველწლიურად ახალ რეკორდულ ნიშნულს აღწევს, რუსეთში მაინც დიდი რაოდენობით დაუსახლებელი მიწაა. თუმცა,ვინ მოისურვებს უდაბნოში ცხოვრებას?!

წიგნის მთავარი გმირი – იანი, ევროპის კანონმორჩილი მოქალაქეა. მისი, როგორც სამხედრო მოსამსახურის პირდაპირ მოვალეობაში შედის ყველა შესაძლო მეთოდით დაამყაროს ბალანსი დაბადებულ და გარდაცვლილ ევროპელებს შორის. მომავლის ევროპაში უკვე საშიშია ბავშვის გაჩენა. მშობლებს უწევთ რისკზე წასვლა. თითოეული ახალგაჩენილი ბავშვი ახალ დაღუპულ მშობელს ნიშნავს. მოსახლეობის რაოდენობა პიკს აღწევს. და მიუხედავად იმისა, რომ მომავლის არქიტექტურის წყალობით ცათამბრჯენების სიმაღლეები იმ ნიშნულებს აღწევს, რომ ბაბილონის ამბავი ზღაპრადაც კი აღარავის აინტრიგებს, ბავშვების გაჩენა მაინც მკაცრად კონტროლირდება ხელისუფლების, კერძოდ კი, “უკვდავების პარტიის” მიერ.

ჟანრის წესების დაცვით, აქვეა იატაკქვეშა ორგანიზაცია – “სიცოცხლის პარტია”, რომელსაც “ვინმე” ხესუს როკამორუ ხელმძღვანელობს. იანს მასთანაც მოუწევს გარკვეული დროის გატარება და მისი სწავლებების ათვისება, თუმცა როგორც წესი, მისი პიროვნება მკითხველში ხშირად იწვევს ზიზღს. ის, რასაც იანი კანონის სახელით აკეთებს, ამაზრზენი და გულისამრევია. მაგრამ, რას იზამ… ასეთია “მომავლის” წესები.
წიგნის გმირებს უწევთ მთელი თავისი სისასტიკით იგრძნონ ის დილემა, რასაც შვილის ტირილის გაგონებასა და სიცოცხლით ტკბობას შორის არჩევნის გაკეთება ჰქვია.
გარდა ნახსენები თემებისა, წიგნი მთლიანობაში წარმოადგენს იდეალურ მხატვრულ ნამუშევარს. თითოეული დეტალი, რომელსაც ავტორი ეხება, მაქსიმალურად კარგად არის წარმოჩენილი. თქვენ გელით მოგზაურობა საშიშ სამყაროში, რომლის მკვიდრებიც, ალბათ დაუფიქრებლად დათანხმდებოდნენ 2033-ში, მოსკოვის მეტროს ნესტში ცხოვრებას.

როგორც თავად გლუხოვსკიმ ერთ-ერთ ინტერვიუში განაცხადა, კაცობრიობა უკვე ძალიან ახლოსაა უკვდავებასთან და ადამიანებს ისღა დაგვრჩენია, წარმოვიდგინოთ ის „მშვენიერება“, რასაც უკვდავება ჰქვია.
თუმცა, თუ გეყოფათ ნებისყოფა და “FUTU.RE”-ს ბოლომდე ჩაიკითხავთ, მიხვდებით, რომ ხანდახან ფანტასტი ავტორები ხელნაწერის მიღმაც ხშირად იტყუებიან.


ავტორი: ირაკლი სულაძე