დენ სიმონსის ჰიპერფანტასტიკური ილიადა

სამეცნიერო ფანტასტიკის ჟანრის განვითარებამ დიდი ოთხეულის და მათი თანამედროვე კლასიკოსების შემდეგ მცირედით შეიცვალა კალაპოტი და მეოცე საუკუნის 80-იანი წლებიდან სულ მთლად ახალ საფეხურზე აინაცვლა.

ნილ გეიმანის Marvel 1602

2001 წელს ნილ გეიმანმა, გრაფიკულის ნოველების აწ უკვე აღიარებულმა მწერალმა და The Sandman-ის შექმნელმა, გადაწყვიტა Marvel-თან ეთანამშრომლა და ბედი მეინსტრიმულ კომიქსში მოესინჯა (უფრო სწორად, თავად Marvel-ისგან მიიღო შემოთავაზება).

არტ შპიგელმანის ომგამოვლილი თაგვი

„როდესაც რამდენიმე დღით ერთ ოთახში ჩაგკეტავენ მშივრებს, იქ სიტყვა "მეგობარი" აღარ არსებობს.“

„უფრო მეტი, ვიდრე ადამიანი“: თეოდორ სტარჯენის ევოლოციური თეორია

„ჩვენ გვჭირდება არა ფიზიკური, არამედ - ფსიქიკური ევოლუცია“.

27 April, 2015

აქცია „ჩემი ქალაქი“, ანუ ქართული რეპი არ მომკვდარა



„პროექტის მიზანია, ნაჩვენები იყოს „დედა-ქალაქის“ ის მეორე, პირქუში და დაბინძურებული მხარე, რომელ რეალობაშიც თითოეული ჩვენგანი ვცხოვრობთ და ყოველდღიურად ვეჩეხებით“ - ამბობს აღნიშნული პროექტის შესახებ  facebook გვერდი

პროექტის იდეაა, რომ რეპის საშუალებით, შეულამაზებლად გამოხატონ ქალაქში არსებული სიტუაცია. ეს არის საკმაოდ თამამად, თუმცა სასიამოვნოდ, გამოხატული სათქმელი. ერთგვარი კრიტიკული მანიფესტი, რომელიც მიმართულია საზოგადოებისკენ და ცდილობს რეჩიტატივების საშუალებით ასახონ რეალობა. არის ცენზურიანი ტექსტები, თუმცა რეპისთვის ასეთი ლექსიკა განუყოფელი ნაწილია.

პროექტში მონაწილეობას იღებენ: Qseli 56, Ol’ Boy, Letro, Young Mic, Kmc, Baza, BonNie, Fio, Mc Friend’, Chester, K'A, Landi & Tozi, Fula, თერიკა, დივერსანტები.

ვიდეოები იუთუბის ჩენელზე - Hip Hop Movement უკვე 1 აპრილიდან თითქმის ყოველ მეორე დღეს იდებოდა (პირველი ორი ვიდეო პირადი ფავორიტია). 


















ავტორი: გიორგი ნაკაშიძე


24 April, 2015

გალერეა: Beautiful Death ანუ Game of Thrones-ის პერსონაჟების სიკვდილის ქრონიკები



დღეს ალბათ Game of Thrones-ის ხსნებისას ყველას ახსენდება ჯორჯ მარტინის შეუბრალებელი მიდგომა საკუთარი პერსონაჟებისადმი - All Men Must Die. იქედან გამომდინარე, პერსონაჟების სიკვდილი ამ სერიალის ერთ-ერთი სავიზიტო ბარათია, HBO-მ გადაწყვიტა, რომ ამ ფენომენისთვის სათანადო ყურადღება დაეთმო და ამ მიზნით დაუკავშირდა ციფრულ სააგენტო 360i-ის, რომლის არტისტმაც, რობერტ მ. ბოლმა (Robert M. Ball) კრეატიულად წარმოადგინა თითოეული ეპიზოდის მნიშვნელოვანი სიკვდილი.

როგორც ბოლმა განაცხადა, მას უნდოდა პერსონაჟების სიკვდილი  გამოესახა არა პირდაპირი ილუსტრაციებით, არამედ სიმბოლურად, რომელიმე პერსონაჟის თვალთახედვიდან, ან ზოგადად, თითოეულ ეპიზოდში შექმნილი ატმოსფეროს გათვალისწინებით. აქ წარმოდგენილი სერია Beautiful Death არის მიმდინარე პროექტი. ამ პოსტში მოცემულია ყველა პოსტერი, რომელიც დღემდე შექმნილა. ახალი პოსტერების დადებისთანავე ახალი ნამუშევრები დაემატება ამ პოსტსაც. პოსტერები დალაგებულია თანმიმდევრობით.

© HBO

I სეზონი











II სეზონი











III სეზონი











IV სეზონი











V სეზონი



ავტორი: გიორგი ნაკაშიძე


23 April, 2015

ჯორჯ მარტინის წერილი სტენ ლის (1960-იანი წლები)



1960-იან წლებში, დიდი ხნით ადრე, ჯორჯ მარტინი, სანამ XXI საუკუნის შედევრს „ცეცხლისა და ყინულის სიმღერას“ (Game of Thrones) დაწერდა, ერთი ჩვეულებრივი სათვალეებიანი და წვერებიანი ნერდი იყო, რომელიც კვირიდან კვირამდე კომიქსების კითხვით იყო დაკავებული და ამ სფეროში იმდენად გაცნობიერდა, რომ თვით დიდ სტენ ლის წერილი მისწერა და რამდენიმე რჩევა მისცა. გთავაზობთ ამ წერილის თარგმანს:

„ძვირფასო სტენი და დორი,

მას შემდეგ რაც მივიღე და წავიკითხე „ფანტასტიკური ოთხეულის“ 32-ე და „შურისმაძიებლების“ მე-9 ნომერი, საბოლოოდ გადავწყვიტე, რომ ორივე მათგანი ბრინჯაოში ჩამოვასხა და ჩემი ოთახის შუაგულში პედესტალზე დავდგა. მიუხედავად იმისა, რომ „ფანტასტიკური ოთხეული“ „მსოფლიოს საუკეთესო კომიქსის ჟურნალია“, ამ ეტაპზე უნდა ვაღიარო, რომ „შურისმაძიებლები“ ოდნავ უფრო კარგი იყო. ეს არ ნიშნავს, რომ „ფანტასტიკური ოთხეული“ თავის სიმაღლეზე არ დგას, თუმცა „შურისმაძიებლები“, ასე ვთქვათ, უფრო სუნთქვისშემკვრელი იყო. ძალიან მაგარი ამბავი. სიტყვები არ მყოფნის. სწრაფმა ექშენმა, ძლიერმა პერსონაჟებმა და საშინელმა ფინალმა კიდევ მეტი ემოცია შემატა და კომიქსი უფრო მაღალ კლასში აიყვანა.  სტენ, შე ძველო, შეგიძლია თქვა, რომ შენმა კალამმა კიდევ ერთი შედევრი შექმნა. და ეს არტი! ყოველთვის მომწონდა დონ ჰეკის ნამუშევარი, მაგრამ ამ შემთხვევაში მან საკუთარ თავსაც კი აჯობა. 
სტენ ლი, ამერიკელი კომიქსების ავტორი,
Marvel-ის ყოფილი პრეზიდენტი
ჰეკის და აიერსის გუნდი „შურისმაძიებლების“ მუდმივ არტისტებად უნდა აქციო. დამატებითი კომენტარი რამდენიმე საკითხზე - შენ გვეკითხები, თუ რომელი ვილანები დააბრუნო. ჰო და მე ვფიქრობ, რომ პერსონაჟები, რომლებიც ღირსნი არიან გახდნენ „ფანტასტიკური ოთხეულის“ მუდმივი ვილანები, არიან Namor, Doc Doom, Hulk და Red Ghost. დანარჩენები, როგორიცაა Hate Monger და Molecule Man, ძალიან მაგრები იყვნენ, როცა პირველად გამოჩნდნენ, თუმცა მათი დაბრუნება არ ღირს, რადგან გააფუჭებენ პირველი ამბის შთაბეჭდილებებს. სხვებმა, როგორებიცაა Thinker, Puppet Master, Moleman და Diablo, დაიმსახურეს, რომ სამუდამო დაივიწყონ. ეს ოთხი არის ყველაზე სუსტი ვილანი, რომლებიც ოდესმე შეგიქმნია და ცოტა ირონიულია, რომ ეს ოთხი „ფანტასტიკური ოთხეულში“ მოხვდა, რომელიც შენი საუკეთესო გამოცემაა. ისიც მართალია, რომ ოთხივე ძალიან მაგარ ამბებში გვხვდებოდა, თუმცა ეს მთლიანად არის სტენ ლის  გასაოცარი წერითი ნიჭის დამსახურება, რომელსაც შეუძლია შექმნას ძლიერი ამბავი სუსტი ვილანებით. გთხოვ, რომ რასაც არ უნდა აპირებდე, ეს ოთხი არ დააბრუნო. ამის ნაცვლად ვისურვებდი, რომ „ფანტასტიკური ოთხეული“ ებრძოდეს შენი სხვა ამბების ისეთ ვილანებს, როგორიცაა Blob, Doc Ock, Sandman და Mandarin. 

ჯორჯ რ. რ. მარტინი
36 E. First St. 
Bayonne, N. J. 07002 “

ახალი „ფანტასტიკური ოთხეულის“ ტრეილერი

ქართველი მაყურებელი მსოფლიო პრემიერამდე ერთი კვირით ადრე (კოინოთეატრების ანონსის მიხედვით) იხილავს „შურისმაძიებლების“ სიქველს - “შურისმაძიებლები: ალტრონის ერას“. რაც შეეხება ახალ „ფანტასტიკურ ოთხეულს“, მისი მსოფლიო პრემიერა 2015 წლის აგვისტოში შედგება.

ავტორი: გიორგი ნაკაშიძე


21 April, 2015

The Sandman: რევოლუციური კომიქსი



















კომიქსები ყოველთვის მიიჩნეოდა/მიიჩნევა მაკულატურულ ლიტერატურად. ასეთი სახის ნამუშევრები ძირითადად ეხებოდა ფერად კოსტუმებში გამოწყობილი მამრობითი სქესის სუპერგმირებისა და გამომწვევად ჩაცმული მდედრობითი სქესის კოლეგების თავგადასავლებს. თუმცა, 1990-იან წლებში გაჩნდა აზრი, რომ საჭირო იყო ახალი სისხლი, რადგან კომიქსებს ბევრად უფრო დიდი პოტენციალი ჰქონდათ. „ცვლილებათა ქარმაც“ მალე დაბერა.

ამის ერთ-ერთი მიზეზი და პიონერი იყო დღეს უკვე ლეგენდარული კომიქსი, თანამედროვეობის სიტყვის ჯადოქრის, ნილ გეიმანის The Sandman [! ეს სულ სხვაა და ადამიანი-ობობას ვილანი ქვიშის კაცი სულ სხვა]. ამ სერიამ საფუძველი ჩაუყარა DC Comics-ის ახალ ბრენდს - Vertigo-ს, რომლის მიერ გამოშვებული კომიქსები თინეიჯერების, სათვალეებიანი ნერდებისა და ჰორმონების შემოტევაში მყოფი მოზარდების ნაცვლად გათვლილი იყო მკითხველთა უფრო „სერიოზულ“ წრეზე. The Sandman-ის პოპულარობა განსაკუთრებით გაიზარდა 90-იან წლებში, როცა მან მიიღო The World Fantasy Award. ეს იყო პირველი შემთხვევა, როცა კომიქსმა მოახერხა ამ ჯილდოს აღება.

შესაბამისად, თუ ადრე ფიქრობდნენ, რომ კომიქსები იყო „დაბალი კულტურის“ მედიუმები, გათვლილი იყო მასებზე, ემსახურებოდა მხოლოდ გართობის მიზნით კითხვას და არ შეიცავდნენ ღირებულ მესიჯებს, მგდომარეობა რადიკალურად შეცვალა The Sandman-მა.  შეიძლება ითქვას, რომ გეიმანმა The Sandman-ის სახით ინოვაციური და კრეატიული გადაწყვეტა მოუძებნა „მაღალი კულტურა v. დაბალი კულტურის“ პრობლემას. მან ერთმანეთს შეაჯახა ეს ორი სამყარო, წარმატებულად გააერთიანა ეპიკურ საგაში და შედეგად მიიღო უნიკალური მესიჯი (ნაწარმოების თემებს და კონცეფციებს განვიხილავ ქვემოთ).

The Sandman არის ნილ გეიმანის რევოლუციური მნიშვნელობის კომიქსების სერია, რომელმაც შეცვალა საზოგადოების მიერ ზოგადად კომიქსების ლიტერატურული ღირებულების აღქმა და აჩვენა, რომ კომიქსიც შეიძლება იყო სერიოზული ლიტერატურული ნამუშევარი. The Sandman რადიკალურად განსხვავდება ტრადიციული კომიქსებისგან. თუ ამ უკანასკნელთა უმრავლესობა ორიენტირებულია ექშენზე/დრაივზე, The Sandman აგებულია პერსონაჟების განვითარებაზე, უფრო მეტ ყურადღებას უთმობს ამბის თხრობის ტექნიკას, პერსონაჟების ქცევისა და ფსიქოლოგიის კვლევას.

The Sandman არის ამბავი ამბების შესახებ. მთლიანი სიუჟეტი ჩაშლილია უფრო მცირე წრეებად, რომელთაგან თითოეული მათგანი, განსხვავებულ სივრცეში, დროსა და განზომილებაში, ეხება კონკრეტულ ამბავს ან პერსონაჟს. თავად ეს მცირე წრეები კი ქმნიან ურთიერთდაკავშირებულ სიუჟეტურ ხაზს - თითოეული მათგანის შინაარსს თავისი წვლილი შეაქვს ერთიანი ამბის ჩამოყალიბებასა და ნაწარმოების კულმინაციაში. 

The Sandman-ის ძირითადი ნაწილი შედგება 75 ნომრისგან. ძირითად პერსონაჟებს წარმოადგენენ ენდლესების ოჯახის წევრები. ესენია: სიზმარი/ოცნება (Dream - იგივე მორფეუსი და კიდევ სხვა მრავალი სახელის მფლობელი); ბედისწერა (Destiny); სიგიჟე (Delirium), რომელიც ადრე იყო სიამოვნება (Delight); სურვილი (Desire), სასოწარკვეთა (Despair); სიკვდილი (Death) და აწ უკვე ოჯახისგან განდგომილი წევრი - განადგურება (Destruction). ენდლესები არ არიან სუპერგმირები ან ღმერთები - ისინი წარმოადგენენ მეტაფიზიკური ერთეულების ანთროპომორფულ პერსონიფიკაციებს. ისინი არსებობდნენ ჯერ კიდევ მაშინ, როცა „დრო ახალგაზრდა იყო“, როცა „იბადებოდნენ“ ადამიანთა ღმერთები და მტვრისგან და გაზისგან იქმნებოდა მზის სისტემა.

„ენდლესები არის იდეა. ენდლები არიან ტალღოვანი ფუნქციები. ენდლესები არიან განმეორებადი მოტივები.“ „ჩვენ ენდლესები, ცოცხალთა მსახურები ვართ, ჩვენ არ ვართ მათი ბატონები. ჩვენ ვარსებობთ, რადგან მათ, გულის სიღრმეში, იციან ეს.“

ენდლესები (მარცხნიდან მარჯვნივ): განადგურება, სასოწარკვეთა, სურვილი, მორფეუსი, სიკვდილი, სიგიჟე, ბედისწერა

გარდა ენდლესების ოჯახის წევრებისა, ნაწარმოებში დიდ როლს თამაშობენ ადამიანები, სწორედ მათ მიმართ ვლინდება ენდლესების არსებობის მნიშვნელობა და დანიშნულება. როგორც ზემოთ აღვნიშნე, ენდლესები წარმოადგნენ მეტაფიზიკური ერთეულების განსახიერებას. ადამიანთა ყოფიერების განუყოფელ ცნებებს. მათი სახელები სწორედ ის იდეებია, რომელთა გარეშე ადამიანთა არსებობა წარმოუდგენელია. ადამიანებს ჭირდებათ მორფეუსი და მისი ოჯახი, ისევე , როგორც მორფეუსს და მის ოჯახს ჭირდებათ ადამიანები. ადამიანების გარდა კომიქსში თავიანთი ადგილი უჭირავთ მითოლოგიურ პერსონაჟებს. აქ შეხვდებით ღმერთებს ბერძნული, სკანდინავიური, ეგვიპტური, შუმერული, იაპონური პანთეონებიდან; ჯოჯოხეთის მმართველ ტრიუმვირატს, ღვთის ანგელოზებს, DC-ის ცნობილ გმირებს (ჯონ კონსტანტინი, მარშან მენჰანტერი, დოქტორი დესტინი), მორფეუსის სამფლობელოში მცხოვრებ ბიბლიოთეკარს (ამ ბიბლიოთეკაში ყველა წიგნია, რომელიც ვინმეს ოდესმე დასიზმრებია ან მის დაწერაზე უოცნებია), გოგრისთავა დამლაგებელს, გილბერტ კით ჩესტერტონის სახით წარმოდგენილ „ფიდლერის ოაზისს (საიქიო ცხოვრების ერთ-ერთი ვერსია), მეთიუს - მორფეუსის ყორანს, კაენს და აბელს, კოშმარ კორინთიანს, გაიგებთ ბიბლიური ადამის სამი ცოლის შესახებ... ეს არის საინტერესო პერსონაჟების დიდი გალერეა, გაზავებული მითოლოგიის, ისტორიის, ფანტაზიისა და გეიმანის თხრობის სტილის არომატით. 

The Sandman-ის კონცეფცია აერთიანებს რამდენიმე იდეის ახლებურ ინტერპრეტაციას, სხვა კუთხით წარმოადგენს ჩვენთვის ერთი შეხედვით კარგად შესწავლილ ცნებებს. განსხვავებულ და კრეატიულ ახსნას უძებნის ჩვენი ყოფიერების განუყოფელ მოვლენებს, ქმნის ახალ სამყაროს, რომელსაც ბევრი ჩვენგანი დაუფიქრებლად მიანიჭებდა უპირატესობას, ვიდრე არსებულ რეალობას (თუმცა, კაცობრიობა ჯერ რეალობის არსსაც ვერ ჩაწვდა, როგორც მორფეუსი აღნიშნავს).  

ნაწარმოების ბირთვია ამბავი, რადგან მორფეუსის ცხოვრება - ერთი დიდი ამბავი, მოთხრობილია ამბების საშუალებით. „ამბავში“ იგულისხმება როგორც ამბის შინაარსი, ისე - ამბის თხრობის მნიშვნელობა. კომიქსის დასაწყისში ნაჩვენებია ამბების მნიშვნელობა ინდივიდთა ცხოვრებაში. მაგალითად, ერთ-ერთი ოფიციანტი თავისი რუტინული სამუშაოს განმავლობაში წარმოიდგენს ხოლმე კლიენტთა ამბებს და ამით იმრავალფეროვნებს მონოტონურ ცხოვრებას; შემოქმედებით კრიზისში მყოფი მწერალი, ამბების ნაკლებობის გამო, იმ ზომამდე მივა, რომ ერთ-ერთ მუზას დაატყვევებს და მასთან ყოველი სქესობრივი კავშირის დამყარების შემდეგ ამბის გამოგონების უნარი უბრუნდება. ამბის თხრობის, როგორც სოციალიზაციისა და დაახლოვების საშუალების მნიშვნელობა, განსაკუთრებით კარგად ჩანს კომიქსის იმ ნომრებში, სადაც, სამყაროს დასასრულში არსებულ სასტუმროში, რეალობის შტორმის (აუხსნელი ფენომენი) განმავლობაში, პერსონაჟები სხვადასხვა სამყაროებიდან დროს ატარებენ ამბების თხრობაში. თუ ჯეფრი ჩოსერის „კენტერბერიული მოთხრობებიც“ წაკითხული გაქვთ, კიდევ უფრო კარგად მიხვდებით ამ სიუჟეტის მნიშვნელობას. საინტერესოა ამბის თხრობის როლი წინაპრებთან და ტრადიციებთან კავშირის შენარჩუნებაში. მაგალითად, ერთ-ერთი ტომის უხუცესს ტომის ახალგაზრდა უდაბნოში გაყავს და უყვება ამბავს მორფეუსის სიყვარულის შესახებ, რომელიც უხსოვარი დროიდან თაობებს გადაეცემა.

არსებობს თუ არა ღმერთი ენდლესების სამყაროში? - ის არსებობს და ამავდროულად, არც არსებობს. ეს საკითხი საინტერესოა იმ მხრივ, რომ ენდლესებს შეთავსებული აქვთ ღმერთების ფუნქცია, რადგან დიდ როლს თამაშობენ ადამიანთა ცხოვრებაში. თუმცა, ღმერთის (The One, The Shaper) არსებობა კარგად ჩანს ისეთი მომენტებიდან, როგორებიცაა მორფეუსის მიერ კაენის ლუციფერთან გაგზავნა. ლუციფერს არ შეეძლო კაენისთვის რაიმე დაეშავებინა, რადგან კაენს ღმერთისგან დადებული ნიშანი ჰქონდა და ღმერთის გარდა ვერავინ შეეხებოდა. ამას ლუციფერიც ხვდება და მორფეუსიც. ღმერთის არსებობა დადასტურებულია კიდევ სხვა მომენტებითაც (არ მინდა, რომ ბევრი შინაარსობრივი დეტალი გავამჟღავნო). თუმცა, არ არის აუცილებელი, რომ ეს იყოს ღმერთი იმ გაგებით, რომელიც მსოფლიოს რელიგიებში არსებობს. შეიძლება ეს იყოს სამყაროს კანონზომიერება, უზენაეს წესთა ერთობლიობა, რომელთა დაღრვევა არც მორფეუსს და არც  ენდლესების სხვა წევრებს არ შეუძლიათ. ღმერთის არსებობაზე ირიბად მიუთითებს თავისუფალი ნების არსებობა The Sandman-ის სამყაროში: ვალდებულებებით შებოჭილმა რამდენიმე პერსონაჟმა უარი თქვა თავის ფუნქციებზე და თავისუფალი ცხოვრება აირჩია (სხვათაშორის, The Sandman-ის ერთ-ერთ სპინ-ოფში სიკვდილმაც კი დაისვენა და შედეგად ანარქია მიიღო).


„მე არ ვარ ნოველისტი. მე ვარ ამბების მთხრობელი“ - ნილ გეიმანი


საინტერესოა ჯოჯოხეთის კონცეფციაც. თუ მორფეუსის ერთ-ერთ უსაყვარლეს დას - სიკვდილს დავუჯერებთ, ჯოჯოხეთი არის ფსიქოლოგიური და სიმბოლური ტანჯვა, ვიდრე სხეულის წამება (თუმცა ამის ფონზე ვხედავთ ლუციფერის ჯოჯოხეთს, ჰადესისა და პერსეფონეს მიწისქვეშეთს). როგორც ერთ-ერთი პერსონაჟი დაასკვნის, „ჯოჯოხეთი არ ის, რაც მუდმივად თან გსდევს.“ აქ იგულისხმება სინდისის ქენჯნით გამოწვეული შინაგანი შფოთვა. ჯოჯოხეთის არსებობაშიც კი დიდი როლი აქვს ოცნებებს, ანუ მორფეუსს:

„ლუციფერი: მორფეუსს, რატომ უნდა მოგცე ჯოჯოხეთის დატოვების ნება?.. რა ძალა გაქვს ჯოჯოხეთში?
მორფეუსი: შენი აზრით, აქ უძლური ვარ? შეიძლება მართალს ამბობ... თუმცა...ამბობ, რომ ოცნებები აქ უძლურია? მითხარი ლუციფერ ცისკრისვარსკვლავო... ყველა თქვენგანი საკუთარ თავებს შეეკითხეთ... რა ძალა ექნებოდა ჯოჯოხეთს, თუ მასში მოხვედრილებს არ შეეძლებოდათ, რომ სასუფეველზე ეოცნებათ?“

ერთი სიტყვით, სენდმენის სამყაროში „კლასიკური გაგებით ღმერთი“ ქმნის კაცობრიობას და ანიჭებს მას თავისუფალ ნებას, ჯოჯოხეთი წარმოადგენს სინდისის ქენჯნის შედეგად შექმნილ ფსიქოლოგიურ სატანჯველს, რომელიც არსებობს ცნობიერში, ქვეცნობიერში, ან სულაც, სიკვდილის შემდეგ, ტრანსცედენტულ სამყაროში. ღმერთი არის ადამიანის მოლოდინებისა და იმედების ადრესატი, ან, ამ მიზნით გამოგონილი იდეა, რომელიც არ არის ინტერვენციონისტური ბუნების. ღმერთი ქმნის ფორმებს, ენდლესები კი მათ მნიშვნელობასა და შინაარსს ანიჭებენ.

ნაწარმოების მანძილზე დანარჩენი ენდლესებიდან ყველაზე ხშირად ჩნდება სიკვდილი, რომლის აზრით, „ადამიანები იმიტომ კვდებიან, რომ ყველა ასე იქცევა. არავის უცდია სხვანაირად მოქცევა.“ თავის მრავალბილიკიან ბაღში დააბიჯებს ყველაზე უფროსი ენდლესი - ბედისწერა, თავის წიგნში კითხულობს ცხოვრების გზებს, მიუხედავად იმისა, რომ ბრმაა. თავის სხეულს იკაწრავს და ვირთხებს ჭამს სასოწარკვეთა. ადამიანთა გულებში ცხოვრობს სურვილი, რომელშიც მდედრობითი და მამრობითი სქესი ერთადაა გაერთიანებული. მუდმივად არალოგიკურად იქცევა სიგიჟე. მათი განდგომილი ძმა - განადგურება კი სამყაროებში დახეტიალობს, ხურჯინით მხარზე.

The Sandman-ის კითხვისას თქვენ ნახავთ, თუ როგორ შეიძლება შეცვალოს რეალობა ათასი კატის სიზმარმა; როგორ იქცა შექსპირი ფაუსტური გარიგების შედეგად უდიდეს მწერლად; როგორ ცხოვრობს უკვდავი ქალი, რომელიც სიკვდილზე ოცნებობს; რატომ დადის მორფეუსი ყოველ ას წელიწადში ერთხელ ბარში; ნახავთ ქალაქის სიზმრებში დაკარგულ ადამიანს, რომელსაც ეშინია, რომ ქალაქები ოდესმე გაიღვიძებენ და რეალობაც შეიცვლება; გახდებით ფერიების პოლიტიკური ინტრიგების მონაწილე; მოისმენთ ამბავს მეფეზე, რომელმაც ცოლი და მისი საყვარელი მოკლა, უკვდავების ხილი შეჭამა და დედამიწაზე დაძრწის; გაიგებთ ოქრის ბიჭუნაზე, რომელიც 1972 წელს ნიქსონის მაგივრად აშშ-ის პრეზიდენტად აირჩიეს, ჩაწვდებით ამერიკული ოცნების არსს და გაიცნობთ ბატონ სმაილის, რომელიც ამ ყველაფრის უკან დგას; იმოგზაურებთ ნეკროპოლის ლითარჯში - ცოცხალ მკვდართა ქალაქში და გაიგებთ მათი უცნაური ცხოვრების წესის შესახებ; ნახავთ რას გრძნობს რეჟისორი, რომელიც პირველად დგამს ახალ სპექტაკლს; გაიცნობთ ამერიკის პირველ იმპერატორს, რომელმაც მორფეუსის დახმარებით თვითმკვლელობა გადაიფიქრა და ცხოვრების აზრი „რეალურ სიზმარში“ იპოვა (სწორედ აქ ჩანს რეალობის განსაზღვრის პრობლემა. რეალობა მხოლოდ შეგრძნებათა ერთობლიობაა თუ რაღაც უფრო მეტი?); იმოგზაურებთ საფრანგეთის რევოლუციის პერიოდში, შეხვდებით მაქსიმილიან რობერსპიერს და ჯაშუშ ქალს, რომელმაც დავალება უნდა შეასრულოს; მოისმენთ მაქციის ამბავს, რომელსაც პრინცესა შეუყვარდა; გაიგებთ იმპერატორ ავგუსტუსის ბავშვობის ბნელ მოგონებებზე და რა როლს თამაშობს ამ მოგონებებში იულიუს კეისარი; გახდებით უდაბნოში დაკარგული მარკო პოლოს თანამგზავრი, რომელიც რეალობისა და მორფეუსის სამფლობელოს საზღვარზე აღმოჩნდა; თქვენ ნახავთ, თუ რა აკავშირებს მორფეუსსა და ორფეუსს, ყველაზე ცნობილ მითოლოგიურ მომღერალს, და რა როლს თამაშობს მათი ურთიერთობა მორფეუსის მომავალში; გაიგებთ, თუ რატომ კლავენ ჭილყვავების პარლამენტში სიტყვით გამომსვლელს ამბის მოყოლის შემდეგ; და ბოლოს, თუ როგორ დაკარგა ბაღდადის ხალიფამ თავისი ბრწყინვალე ქალაქი.

მორფეუსი ცვლის ადამიანთა ცხოვრებას, ადამიანები სიზმრებში პოულობენ დაკარგულ იდენტობას, სიზმრებში ხედავენ გამოსავალს რეალურ ცხოვრებაში შექმნილი სიტუაციიდან. სიკვდილი არც ისე საშინელია, როგორც ჩვენს ცნობიერებაში არსებობს. ადამიანები ყოველთვის რომელიმე ენდლესის სამფლობელოში ვართ, რადგან გვესიზმრება, ვოცნებობთ, გვიყვარდება, სასოწარკვეთაში ვვარდებით, ვანადგურებთ, ვცდილობთ გავიგოთ მომავალი, სიგიჟემდეც მივდივართ. ამ დროს კი სადღაც, რომელიც არსად არ არსებობს, მრგვალი მაგიდის ირგვლილ იკრიბებიან ენდლესები. ყოველ მათგანს აქვს პირადი პრობლემა, თუმცა ადამიანები არ ავიწყდებათ. იცით რატომ დადო მორფეუსმა გარიგება შექსპირთან? იმიტომ რომ მას, სიზმრების მეუფეს, არაფერი ესიზმრება, მას საკუთარი ამბავი არ გააჩნია. ის მარტოსულია.

„ქორონზონი: მე ვარ საშინელი სამყარო, მსხვეპლებზე მონადირე, სიკვდილის მომტანი.
მორფეუსი: მე ვარ მონადირე, ცხენზე ამხედრებული, მგელთა მფატრავი.
ქორონზონი: მე ვარ ცხენის მკბენელი ბუზი, ცხენის მნესტრავი, მონადირის გადმომგდები.
მორფეუსი: მე ვარ ობობა, რვაფეხიანი, ბუზებზე მონადირე.
ქორონზონი: მე ვარ გველი, ობობათა გამანადგურებელი, შხამიანი კბილებით.
მორფეუსი: მე ვარ ხარი, გველთა მჭყლეტავი, მძიმე ფეხებით.
ქორონზონი: მე ვარ დაავადება, ყასაბი, ბაქტერია, სიცოცხლის გამანადგურებელი.
მორფეუსი: მე ვარ სამყარო, სივრცეში მოტივტივე, სიცოცხლეზე მზრუნველი.
ქორონზონი: მე ვარ ნოვა, ასაფეთქებელი, პლანეტათა ფერფლადმქცევი.
მორფეუსი: მე ვარ სამყარო, ყველაფრის, სიცოცხლის მომცველი.
ქორონზონი: მე ვარ ანტიმატერია, განკითხვის მხეცი. მე ვარ სიბნელე ყველაფრის დასასრულის ბოლოს. სამყაროთა, ღმერთების, მსოფლიოების დასასრული... ყველაფრის. ახლა რაღა იქნები სიზმართა მბრძანებელო?
მორფეუსი: მე ვარ იმედი."


ავტორი: გიორგი ნაკაშიძე


19 April, 2015

გალერეა: სუპერგმირების ბავშვობა


ფრანგი არტისტის ალბერტო ვარანდას ნამუშევრების სერია Little Heroes, რომელიც მოგვითხრობს ცნობილი სუპერგმირების ბავშვობაზე.

© Alberto Varanda






































ავტორი: გიორგი ნაკაშიძე