დენ სიმონსის ჰიპერფანტასტიკური ილიადა

სამეცნიერო ფანტასტიკის ჟანრის განვითარებამ დიდი ოთხეულის და მათი თანამედროვე კლასიკოსების შემდეგ მცირედით შეიცვალა კალაპოტი და მეოცე საუკუნის 80-იანი წლებიდან სულ მთლად ახალ საფეხურზე აინაცვლა.

ნილ გეიმანის Marvel 1602

2001 წელს ნილ გეიმანმა, გრაფიკულის ნოველების აწ უკვე აღიარებულმა მწერალმა და The Sandman-ის შექმნელმა, გადაწყვიტა Marvel-თან ეთანამშრომლა და ბედი მეინსტრიმულ კომიქსში მოესინჯა (უფრო სწორად, თავად Marvel-ისგან მიიღო შემოთავაზება).

არტ შპიგელმანის ომგამოვლილი თაგვი

„როდესაც რამდენიმე დღით ერთ ოთახში ჩაგკეტავენ მშივრებს, იქ სიტყვა "მეგობარი" აღარ არსებობს.“

„უფრო მეტი, ვიდრე ადამიანი“: თეოდორ სტარჯენის ევოლოციური თეორია

„ჩვენ გვჭირდება არა ფიზიკური, არამედ - ფსიქიკური ევოლუცია“.

Showing posts with label კინო. Show all posts
Showing posts with label კინო. Show all posts

19 February, 2016

DC Extended Universe-ის კინემატოგრაფია

The DC Extended Universe (DCEU) წარმოადგენს ამერიკულ მედია ფრენჩაიზს და ფიქციურ სამყაროს, რომელიც ორიენტირებულია DC-ის სუპერგმირების როგორც სოლო, ასევე - ქროსოვერ ფილმებზე. ფრენჩაიზის პროდიუსერია Warner Bros. Pictures. ამ პროექტის ფარგლებში პირველი ფილმი იყო 2013 წლის Man of Steel. გარდა ამისა, პროექტის ფარგლებში ვიხილავთ შემდეგ ფილმებს:

Batman v Superman: Dawn of Justice




25 მარტს, გოთემელი ბეტმენი, იმის შიშით, რომ სუპერმენის უკონტროლობამ შეიძლება მძიმე შედეგები გამოიწვიოს, სტუმრობს მეტროპლისს, რათა ამ უკანასკნელს „დაელაპარაკოს“, ამასობაში კი სცენაზე შემოდის მესამე მხარე ლექს ლუთორისა და დუმსდეის სახით.თავდაპირველად, ფილმი დაანონსდა San Diego Comic-Con International-ზე, Man of Steel-ის გამოსვლის შემდეგ. 2013 წლის ივნისში ზაკ სნაიდერმა და დევიდ გოიერმა დაიწყეს პროექტზე მუშაობა. Batman v Superman: Dawn of Justice იქნება Man of Steel-ის გაგრძელება და ბეტმენის ფრენჩაიზის რებუთი,ასევე, პირველი ლაივ-ექშენი, რომელშიც ერთად გამოჩნდება ბეტმენი, სუპერმენი, ვანდერ ვუმენი, აქვამენი, ფლეში და საიბორგი.

Suicide Squad

5 აგვისტოს თვითმკვლელთა რაზმს - პატიმრობაში მყოფი ცუდი ბიჭები და გოგონების ჯგუფს, შეწყალების სანაცვლოდ, საიდუმლო სახელმწიფო უწყებააგზავნის სახიფათო მისიაზე. ფილმში გამოჩნდებიან ისეთი ვილანები, როგორებიცაა Deadshot, Diablo, Rick Flag, Boomerang, Killer Croc, Slipknot, Enchantress, და წყვილი, რომელსაც ყველაზე მეტად ელოდება მაყურებელი, Joker და Harley Quinn. 

Wonder Woman



2017 წლის 23 ივნისს ეკრანებზე ვიხილავთ ამაზონის პრინცესას, უკვდავ, ნახევრად ქალღმერთს და ზევსის ქალიშვილს -ვანდერ ვუმენს. როგორც ჯეფ ჯონსმა, DC-ის წარმომადგენელმა განაცხადა, ის „საუკეთესო მებრძოლია“ DC-ის სამყაროში და იმსახურებს სოლო ფილმს. ფილმის ძირითადი გადაღებები დაიწყო 2015 წლის ნოემბერში. 

Justice League - Part 1

2017 წლის 17 ნოემბერს, საბოლოოდ ვიხილავთ DC-ის ერთ მხარეს მდგომ სუპერგმირებს.

The Flash






ლაბორატორიაში მუშაობისას ელვის დარტყმის შედეგად მსოფლიოში უსწრაფესი ადამიანის სოლო ფილმის პრემიერა 2018 წლის 23 მარტს შედგება. ფლეშს ითამაშებს მსახიობი ერზა მილერი.

Aquaman

2018 წლის 27 ივლისს დიდ ეკრანებზე ვიხილავთ ჯეისონ მომოას მიერ განსახიერებულ არტურ კარს - ნახევრად ადამიანს, ნახევრად ღმერთს და ზღვის სამყაროსთან მოლაპარკე აქვამენს.

Shazam



ბილი თინეიჯერია, რომელიც სუპერძალებს მომაკვდავი ჯადოქრისგან მიიღებს. როცა ის წარმოთქვამს სიტყვას „შაზამ“, მაშინ 2019 წლის 5 აპრილს კინოთეატრებში ბილი მოგვევლინება სუპერგმირად. მისი მოწინააღმდეგე კი დუეინ ჯონსონის მიერ გაცოცხლებული შავი ადამი იქნება

Justice Leagure - Part II



Warner Bros ერთ „სამართლიანობის ლიგაზე“ ვერ ჩერდება და 2019 წლის 14 ივნისს მეორე ნაწილით ბრუნდება.

Cyborg


















მსახიობი რეი ფიშერი ითამაშებს სპორტსმენ ვიქტორ სტოუნის როლს, რომელიც უბედური შემთხვევის წყალობით, ახალ... კიბორგულ სხეულში ამოყოფს თავს. საიბორგის რისხვას კი კინოთეატრებში 2020 წლის 3 აპრილს ვიხილავთ.

Green Lantern Corps



მწვანე ლამპარი უერთდება გალაქტიკური მართლწესრიგის დამცველთა ორდენს, რომელმაც ის მაგიური ბეჭდით დააჯილდოვა. მწვანე პოსტერებით აჭრელებულ კინოთეატრებს კი 2020 წლის 19 ივნისს უნდა ველოდოთ.

The Batman


პრემიერის ზუსტი თარიღი უცნობია, თუმცაშავი რაინდის აღზევებას კვლავ ვიხილავთ 2020 წლის ზაფხულის შემდეგ.



ავტორი: გიორგი ნაკაშიძე

17 September, 2015

სერიალის მიმოხილვა: Narcos


ნარკოტიკები, სიმდიდრე, ქალები, მასობრივი მკვლელობები: კოლუმბიელი ნარკობარონის პაბლო ემილიო ესკობარ გავირიას ცხოვრება ყველა იმ ელემენტს შეიცავს, რომელთა დახმარებით ფართო აუდიტორიისთვის გათვლილი კარგი დრამის გაკეთება შეიძლება. მართალია, თანამედროვე სატელევიზიო სივრცე ნამდვილად არ განიცდის დანაშაულებრივ-მაფიოზურ-განგსტერული ფილმებისა თუ სერიალების ნაკლებობას, მაგრამ ეს ჟანრი მაინც ვერ „იმსახურებს“ მაყურებელთა უყურადღებობას, განსაკუთრებით დღეს, როცა HBO-ს True Detective-მა განახლებული არომატი შემოიტანა ბაზარზე. აღნიშნული სერიალის იმედგამაცრუებელი მეორე სეზონის გამოსვლის შემდეგ კი მაყურებელს სჭირდებოდა რაღაც ახალი, თანამედროვე, დინამიკური. Netflix-მაც არ დააყოვნა და თავისი „ქმნილებების“ სია კიდევ ერთი ნამუშევრით გაამდიდრა და, სავარაუდოდ, მადაგაფუჭებული აუდიტორიის კეთილგანწყობაც სამართლიანად დაიმსახურა: მოძებნა `based on true story` სცენარი, გადაინაცვლა სერიალების ჩვენთვის ისე კარგად ნაცნობ ლოკაციაზე, როგორიცაა კოლუმბია, სამსახიობო ქასტი მაქსიმალური დოზით დააკომპლექტა ლათინო-ამერიკელი მსახიობებით, ეპიზოდებში ჩართო დოკუმენტური არქივების კადრები, დაამატა დრამა და მიიღო კოლუმბიელი ტონი მონტანას აღზევებისა და დაცემის ქრონიკებზე უფრო მეტი - Narcos.

გარდა ჟანრობრივი ნოვაციურობის ნაკლებობისა, Narcos-ის წინაშე იდგა ისეთი გამოწვევა, როგორიცაა პაბლო ესკობარზე გადაღებული მხატვრული თუ დოკუმენტური ბიოპიკების სიმრავლე. გავიხსენოთ თუნდაც 2014 წლის ფილმი Escobar: Paradise Lost. თუმცა, Narcos-ის მთავარი პლიუსი ისაა, რომ მასში თანაბრადაა წარმოდგენილი დოკუმენტურის სტილის თხრობა და მხატვრული ფილმის მახასიათებლები. გარდა ამისა, დიალოგების დიდი ნაწილი მიმდინარეობს ესპანურად, რაც უფრო ამძაფრებს იმის შეგრძნებას, რომ ესკობარის ცხოვრების უშუალო თვითმხილველი ხარ. მართალია, ორიგინალში ყურება ცოტა დამღლელია მოზღვავებული ესპანურის გამო, მაგრამ 10 სერიის ბოლოს რომ ინგლისურ motherfucker-ს ესპანური puta madre ჩაანაცვლებს ქვეცნობიერში, მაინც კმაყოფილი ხარ. 

ამბის ნარატორად გვევლინება DEA-ის აგენტი სტივ მერფი (ბოიდ ჰოლბრუკი - Gone Girl, Run All Night, Milk), მაიამელი გრინგო, რომელიც ამერიკის ინტერესების დამცველად და ესკობარის მთავარ მოწინააღმდეგედ გვევლინება. თუმცა, რამდენიმე სერიის შემდეგ, მერფი სრულიად კარგავს შოუს მთავარი გმირის სტატუსს და მთავარი აქცენტი კეთდება ნარკოებზე (ესპ. ნარკოდილერი). სწორედ ამ მომენტიდან გადმოდის წინა პლანზე ესპანურ ენოვანი ქასტი: ვაგნერ მოურა (ესკობარი) Elysium-დან და ბრაზილიური მეგაჰიტიდან Elite Squad; Game of Thrones-ის ყველაზე სახასიათო ტიპაჟი პედრო პასკალი (ობერინ მარტელი); სტეფანი სიგმანი, რომელიც ბონდიანას ჯერ-ჯერობით ბოლო ეკრანიზაცია Spectre-ში ბონდის გოგონას როლს შეასრულებს; გაუცინარი და ჯმუხი ლუიზ გუზმანი. ამ ყველაფერს ემატება ესპანურენოვანი სიკარიოებისა და კორუმპირებული მაღალჩინოსნების მთელი ამალა. სწორედ ამ დეტალებმა მოახერხა Narcos-ის წინაშე არსებული გამოწვევების დაძლევა: Netflix-მა შექმნა კოლუმბიური ბიოპიკი; Narcos ისეთივე კოლუმბიურია, როგორც ესკობარი - კოლუმბიელი.

სერიალი არ ცდილობს ესკობარისგან შექმნას რომანტიული გმირი. 10 სერიის განმავლობაში მაყურებელი ნათლად ხედავს, თუ როგორ იქცა მედელინ კარტელის მეთაური პაბლო „რობინ ჰუდ“ ესკობარი ტერორისტად, რომელიც თავის მიზნების მისაღწევად უდანაშაულო მსხვერპლსაც აღარ ერიდება. ესკობარის მოქმედებები განგსტერის იმიჯის გამყარებას არ ემსახურება. მას თავისი მოტივაცია აქვს: სიღარიბეში დაბადებულმა რიგითმა ბიჭუნამ შეძლო და დღიურ შემოსავლად 60 მილიონი დოლარი გაიჩინა, ახლა კი იძულებულია, თავისი ნაშრომ-ნაამაგარი შეინარჩუნოს. მას თავისი მეთოდები აქვს: თუ ამერიკაში მოწმეებს აქრობენ, სასამართლოში რომ ჩვენება არ მისცენ, ესკობარმა თავად სასამართლო„გააქრო“; მას მიაჩნია, რომ ალ კაპონე მისთვის ცუდი მაგალითია, რადგან ალ კაპონეს არასდროს ჰქონია იმდენი ნაღდი ფული, რამდენიც ესკობარს; ესკობარს შეუძლია ერთდროულად უყვარდეს ცოლი და საყვარლად ჰყავდეს გავლენიანი ჟურნალისტი; შეუძლია გასცეს ჩვილი ბავშვის მოკვლის ბრძანება, რომლის დედას ოთახის კუთხეში შარავანდედიანი ესკობარის ხატი უკიდია; ესკობარი სახელმწიფო ციხეში არ ჯდება, ის საკუთარ ციხეს აშენებს. ვაგნერ მოურას მიერ განსახიერებული ესკობარი ქარიზმატული ნარკოდილერი, მეოჯახე მამა, კარგი ბიზნესმენი და თავზეხელაღებული ტერორისტია. სამაგიეროდ, ის „ბიძია სემზე“ მდიდარია.

მიუხედავად იმისა, რომ პერსონაჟები სატელევიზიო შოუების მთავარი კოზირია, Narcos სხვა მიმართულებას ირჩევს: მისთვის მთავარი ის დიდი ცხოვრებისეული თამაშია, რომელსაც პერსონაჟები თამაშობენ. Narcos-ის მიზანი არ არის პერსონაჟების ბოლომდე გახსნა. შესაბამისად, თუ 10 სერიის შემდეგ რომელიმე პერსონაჟის სამსახიობო თამაში თქვენს აღფრთოვანებას ვერ დაიმსახურებს, ეს სულაც არ ნიშნავს, რომ მსახიობებმა თავიანთი საქმე კარგად ვერ გააკეთეს. მთავარ პერსონაჟებზე სერიალი მხოლოდ ძირითად ინფორმაციას გვაწვდის, დანარჩენზე კი მათი საქმეები „მეტყველებენ“. როგორც აგენტი მერფი ამბობს, კოლუმბია მაგიური რეალიზმის სამშობლოა. სწორედ ამიტომ არის იქ შესაძლებელი ყველაფერზე ოცნება, ყველაფრის მიღწევის იმედის ქონა: 

„მაგიური რეალიზმი არის სიტუაცია, როდესაც ბოლომდე დეტალიზებულ და რეალისტურ გარემოში შემოიჭრება რაღაც იმდენად უცნაური, რომ შეუძლებელია მისი დაჯერება... არსებობს მიზეზი, თუ რატომ დაიბადა მაგიური რეალიზმი კოლუმბიაში. ეს არის ქვეყანა, სადაც ოცნებები და რეალობა ერთმანეთს ერწყმის. ხალხი იკარუსივით მაღლა დაფრინავს ოცნებებში, მაგრამ მაგიურ რეალიზმსაც აქვს თავის საზღვრები... იკარუსი მზესთან ახლოს ფრენამ დაღუპა.“

მაგიური რეალიზმის ლიტერატურული კონცეფციის სერიალში შემოტანამ შესაძლოა სამართლიანად ჩაითვალოს ესკობარის პირადი წარმატებების იდეოლოგიურ საფუძვლად, მაგრამ სერიალის რეჟისურასთან მაგიურ რეალიზმი არაფერ შუაშია. შინაარსობრივი ხაზის განვითარება იმდენად რეალისტურია, რომ მაგიური რეალიზმისთვის ადგილი ისევ და ისევ პერსონაჟების გონებაში რჩება. Narcos-ში გამოყენებული თხრობის ტრადიცია უფრო მეტად ლათინო-ამერიკული „ნარკო სინემაა“. ეს მეთოდი დამახასიათებელია ნარკომაფიაზე გადაღებული ფილმებისთვის: ნარკობარონების ძალაუფლებისა და ძალადობის ძლიერი რომანტიზაცია; სამართალდამცავების ანტაგონისტებად, ხოლო ნარკობარონების - გმირებად წარმოდგენა; ძალადობისა და სექსის სიჭარბე; სახელისუფლებო სისტემისადმი დაპირისპირება, რაც ყველაზე ძლიერად მოქმედებს მაყურებლის ფსიქოლოგიაზე. თუმცა, როგორც ზემოთ აღვნიშნე, Narcos სულაც არ ცდილობს ესკობარის სიმონ ბოლივარად „შეფუთვას“ და სახალხო გმირად შერაცხვას.

სერიალი ლაკონურად, თუმცა ნათლად აჩვენებს ესკობარის დროინდელ პოლიტიკურ მდგომარეობას: კორუმპირებული მაღალჩინოსნები, მართლმსაჯულების ჩამოშლილი სისტემა. აშშ-ის პოლიტიკა კოლუმბიის მიმართ, სამოქალაქო არეულობები, სისხლიანი ქუჩები, გადამწვარი შენობები, წინასაარჩევნო კამპანიებით „დაბოლილი“ ხალხი, საპრეზიდენტო კანდიდატებისა და მინისტრების მკვლელობები. ამ ყველაფერმა ესკობარი იმას მაინც მიახვედრა, რომ მაგიურ რეალიზმსაც აქვს საზღვრები. ის ყოველთვის ცივი გონებით მოქმედებს. მას არ უნდა იკარუსის ბედი გაიზიაროს.

Narcos არის Goodfellas-ისა და The Wire-ს კარგი ნაზავი ესპანური და ლათინო-ამერიკული არომატით. პირველი სეზონის 10 სერიის ბოლოს ესკობარის ბედი ჯერ კიდევ გაურკვეველია. შესაბამისად, უნდა დაველოდოთ მეორე სეზონს. აღსანიშნავია ისიც, რომ Netflix გეგმავს გაფართოვებას და მსოფლიოს 200-მდე ქვეყანაში შესვლას. ამით შეიძლება აიხსნას ისიც, თუ რატომ გაკეთდა Narcos ესპანურენოვან პროექტად.

*** სერიალი ქართული გახმოვანებით შეგიძლიათ ნახოთ adjaranet.com-ზე


ავტორი: გიორგი ნაკაშიძე

26 August, 2015

სერიალის მიმოხილვა: Mr. Robot

Our Democracy has been hacked.

როცა დამღლელი დღის ბოლოს უხალისოდ დაეგდები კომპიუტერთან და ფიქრობ, თუ რითი გაიხალისო შენი პოტენციურად მოსაწყენი მომდევნო დღეები, ამ დროს შეიძლება გაგახსენდეს მეგობრის სხვათაშორის ნათქვამი წინადადება, რომ ახალი სერიალი დაიწყო ჰაკერებზე - „მისტერ რობოტი“. ამას მოსდევს ინსტინქტური ქმედება: IMDb-ზე შესვლა და სერიალის მოკლე აღწერის წაკითხვა, თან ცალ თვალს რეიტინგსაც გადაავლებ და თუ ამ ინფორმაციის შემდეგ დაიჯერებ, რომ  ღირს კვირაში ერთი საათი გამოყო და კვირიდან კვირამდე ახალ სერიას ელოდო, მაშინ მეგობრის რჩევასაც აფასებ და შინაგან მესაც უხარია, რომ ახალი თავშესაქცევი მონახე.

„მისტერ რობოტი არის ფსიქოლოგიური თრილერი, რომელიც მოგვითხრობს დღისით კიბერ-უსაფრხოების კომპანიაში მომუშავე ინჟინრის შესახებ, რომელიც ღამით მეამბოხე ჰაკერად იქცევა.“ ამ სტანდარტული ჰოლივუდური რეცენზიის წაკითხვის შემდეგ მაქსიმუმ პირველი ეპიზოდის ნახვის სურვილი შეიძლება გაგიჩნდეს „ცდა ბედის ნახევარია“ განწყობით. ელოდები ორობითი სიმბოლოების მწვანედ ჩამომდინარე ნაკადებს; თითების გაურკვეველი მოძრაობების შედეგად კარგად დაცული კომპიუტერული სისტემების მარტივ მამრავლებად დაშლას; ყოვლისშემძლე ჰაკერს და ყოველი სერიის ბოლოს მის გარდაუვალ გამარჯვებას კომპიუტერულ ალგორითმებთან ბრძოლაში. თუმცა, ეს მოლოდინი ისევე განიცდის კრახს, როგორც კომპანიის ან საჯარო დაწესებულების კომპიუტერზე მომხმარებლის მიერ ახალი პროგრამის დაინსტალირების მცდელობა. 

„მისტერ რობოტი“ არის კარგი შოუ. ამ სერიალს აქვს ყველაფერი, რაც უნდა ჰქონდეს ისეთ პროექტს, რომლის რეცენზიაში ფიგურირებს ორი საკვანძო სიტყვა: „ფსიქოლოგიური“ და „ჰაკერი“. დაწყებული კინემატოგრააფიდან, დამთავრებული ტექნიკური სიზუსტით, „მისტერ რობოტი“ შეძლებს სერიალების მოყვარულებში გატეხოს ის ფაიერვოლი, რომელიც მათ ასეთი ტიპის სერიალების ნახვის წინააღმდეგ უაქტიურდებათ.

მიუხედავად იმისა, რომ სერიალში მთავარი აქცენტი ციფრულ ტექნოლოგიებზეა გაკეთებული, მთავარი მუღამი მაინც სხვაა: ზედმეტ სპეცეფექტებსა და სპეციალური ტერმინოლოგიით დახუნძლულ დიალოგებს არაფერი გამოუვათ, თუ პერსონაჟები მოსაწყენები და ადვილად გაშიფვრადები არიან. „მისტერ რობოტის“ მთავარი კოზირი სწორედ პერსონაჟებია და არა - ტექნოლოგიები. მთავარი გმირი ელიოტი  (რემი მალეკი) ტიპური ნერდი, ნარკოტიკების პრობლემების მქონე სოციოპათია, მენტალური აშლილობით და ინტროვერტული მახასიათებლებით. ფსიქოლოგთან სეანსების დროს თვითონ შიფრავს და აანალიზებს ფსიქოლოგს. მას შეუძლია ჰქონდეს წვდომა ნებისმიერი უცხო ადამიანების ფიქრებზე, გრძნობებზე და პერსონალურ ინფორმაციებზე. სერიალში გვხვდება კიდევ ერთი საინტერესო პერსონაჟი - მისტერ ველიკი, ადამიანი, რომელიც ცხოვრობს დევიზით „საქმეს დასჭირდა და გავაკეთე“: ჰომოსექსუალური კავშირის დამყარება, მკვლელობა და ა.შ. მისთვის ის საშუალებებია, რომლებიც მიზანს ამართლებს. ამ ორი პერსონაჟის ტანდემის ფონზე ყველას ავიწყდება სერიალის მთავარი ვარსკვლავი -  კრისტიან სლეიტერი, რომელიც მისტერ რობოტის როლს ასრულებს.

სერიალის სავიზიტო ბარათია ელიოტის დიალოგების დროს დიალოგის ხმის გადაფარვა მისივე ფიქრებით. ამას დაახლოებით ისეთივე ეფექტი აქვს, როგორც გაი რიჩის „შერლოკ ჰოლმსში“ ჰოლმსის მიერ პერსონაჟების გაშიფვრას „ხმამაღალი ფიქრებით“. თუმცა, „მისტერ რობოტში“ ეს რეჟისორული სვლა სულ სხვა დონეზეა აყვანილი. თვალში  ასევე მოგხვდებათ კიდევ ერთი ხრიკი: კადრებში პერსონაჟები ნაჩვენებია კადრების კიდეებში და კუთხეებში, ნაცვლად კადრების ცენტრისა. ამას ემატება მაქსიმალურად რეალისტური ჰაკინგი და პროგრამული მოქმედებები: ელიოტი ხსნის ტერმინალურ ფანჯარას (დაახლოებით ისეთს, ვინდოუსში რომ command prompt-ია), იყენებს Linux-ის ოპერაციულ სისტემას, დისკებზე ჩაწერის ჩვეულებრივ პროგრამებს, ვირუსებს ბლოკავს Avast Antivirus, პასვორდების გასატეხად ელიოტი იყენებს Facebook-ის მონაცემებს და ა.შ. სერიალში, რა თქმა უნდა, არის უფრო რთული ოპერაციები, რომლებსაც სჭირდება სერვერებისა და პროგრამული ენების ცოდნა, მაგრამ შემქმნელებმა გაითვალისწინეს მაყურებლის თავმოყვარეობა და პერსონაჟები ძალიან ლაკონურად ცდილობენ ახსნან რამ გამოიწვია და როგორ შეაჩერეს DDoS შეტევა, რადგან რთულ და ზუსტ ახსნებს აზრი არ აქვს - ამით სერიების ქრონომეტრაჟსაც უფრთხილდებიან და მაყურებლის თვითშეფასების კოეფიციენტსაც.

რაც შეეხება სერიალის იდეას: ელიოტი და მისი საძმო (fsociety) მიზნად ისახავს გლობალური კორპორაციის E Corp-ის (E ისევე დახრილად წერია კომპანიის ლოგოზე, როგორც კომპანია DELL-ის შემთხვევაში) სერვერების წაშლას და მოსახლეობის გათავისუფლებას ამ კორპორაციისადმი მართებული ვალებისგან. ასეთ მიზანს ნაწილობრივ საფუძვლად უდებს შურისძიების მოტივიც, რადგან ელიოტის და კიდევ ერთი პერსონაჟის მშობლების ამ კომპანიის კანონგარეშე მოქმედებამ იმსხვერპლა. fsociety გეგმავს ხალხის გადარჩენას E Corp-ის კონსუმერისტული პოლიტიკისგან. ამ ეპიზოდების ნახვისას აუცილებლად გაგახსენდებათ „მებრძოლთა კლუბი“ და მათი გეგმა Project Mayhem. სერიალსა და ამ ფილმს შორის არსებულ იდეურ პარალელებს ასევე ემატება მთავარი პერსონაჟების მენტალური აშლილობის მსგავსებაც. აქ უკვე სპოილერები იწყება და გავჩერდები.

„მისტერ რობოტს“, მასში მოცემული სამსახიობო შესრულების, კინემატოგრაფიული მახასიათებლების, ემოციურ-ფსიქოლოგიური მომენტებისა და რეალისტური ტექნოლოგიების წყალობით, გააჩნია სრული პოტენციალი, რომ ადგილი დაიკავოს უკვე საკულტო სერიალების გვერდით და მოიპოვოს ერთ-ერთი საუკეთესო სერიალის სახელი კიბერპანკის და არა მარტო ამ ჟანრში.

სერიალი ქართული გახმოვანებით შეგიძლიათ ნახოთ ამ ლინკზე.


ავტორი: გიორგი ნაკაშიძე

10 August, 2015

სერიალის მიმოხილვა: Sense8


როცა თეოდორ სტარჯენის „უფრო მეტი, ვიდრე ადამიანს“ ვკითხულობდი, მიჩნდებოდა ლოგიკური კითხვა, თუ რატომ არ იღებდნენ სამეცნიერო ფანტასტიკის ამ კლასიკის მიხედვით სატელევიზიო სერიალს ან თუნდაც კარგ ფსიქოლოგიურ სამეცნიერო ფანტასტიკას. წიგნი მოგვითხრობს ადამიანის ევოლუციის მორიგ საფეხურზე, როდესაც რამდენიმე ინდივიდი ქმნის კოლექტიურ არსებას, რომელშიც თითოეული მათგანი არის „ყველა“ და რომელიც უფრო მეტია, ვიდრე თითოეული ინდივიდის „ჯამი“. თუ კი ასეთ ორგანიზმს დავუმატებდით ფილიპ დიკის კოლექტიური ემპათიის ფენომენს ნაწარმოებიდან „ოცნებობენ ანდროიდები ელექტრონულ ცხვრებზე?“, მივიღებდით რაღაც განსაკუთრებულს, მაგალითად... თუმცა აქ წყდებოდა ჩემი ამ საკითხით დაინტერესებაც და, სავარაუდოდ, ჩემი წარმოსახვის ფარგლებიც.

არ ვიცი, რამდენად იცნობენ ვაჩოვსკები და მაიკლ სტრაზინსკი სტარჯენის  ან დიკის შემოქმედებას, თუმცა ფაქტია, ჩემს ცნობიერში დალექილ კითხვას საკმაოდ ხოშიანი პასუხი გაეცა ამ ზაფხულს Netflix-ის ახალი სერიალის - Sense8-ის ნახვის შემდეგ, რომლის მიხედვით შეგვიძლია დავასკვნათ, რომ ვაჩოვსკებში გარკვეულწილად კვლავ გაიღვიძა იმ შემოქმედებითმა პოტენციალმა, რომელიც საერთოდ ჩამკვდარი იყო Jupiter Ascending-ის გადაღებების პერიოდში. 

ყველაფერი კი იმით დაიწყო, რომ მაშინ ძმები და ახლა და-ძმა ვაჩოვსკები ერთ მშვენიერ დღეს ემპათიისა და ადამიანის ევოლუციის ურთიერთმიმართებაზე დაფიქრდნენ  და ამ ორთავიანი რეჟისორის თავზე დიდი ყვითელი ნათურა აინთო, რომლის ჩაქრობამდე მაიკლ სტრაზინკის დაუძახეს და მუშაობა დაიწყეს ისეთ პროექტზე, რომლისგანაც ისეთივე გავლენას ელოდნენ სატელევიზიო და კინო კულტურაზე, როგორიც „მატრიცას“ ჰქონდა („ნეტავ ეს მაიკლ სტრაზინსკი ვინ არის“ კითხვას რაც შეეხება, ეს კაცი თითქმის ყველა სახის მედიაში (ტელევიზია, რადიო, ტელესერიალები, კომიქსები, წიგნები...) მუშაობს, არის რამდენიმე სერიალის პროდიუსერი და წერდა ისეთი კომიქსებისთვის, როგორებიცაა The Amazing Spider-Man, Thor, Superman, the Superman: Earth One, Before Watchmen and Wonder Woman).

არ ვიცი რამდენს უდრის იმის ალბათობა, რომ ვაჩოვსკების ხსენებაზე პირველად Sense8 გამახსენდეს და არა - „მატრიცა“, თუმცა პროექტზე მომუშავე კოლექტივმა ნამდვილად კარგი შედეგი დადო: 12 სერიაში ჩვენ ვნახავთ როგორ იბადება ახალი ორგანიზმი მსოფლიოს სხვადასხვა 8 ქალაქში მცხოვრები ადამიანების ემოციური და ტელეპათიური დაკავშირების გზით; როგორ ნადირობს მათზე გენეტიკის შესწავლით დაინტერესებული ორგანიზაცია და რა სირთულეების წინაშე დგას ეს რვა ადამიანი, რომელთა გენომში ერთი ქრომოსომა ისე არ განვითარდა, როგორც წესი და რიგი იყო.

სერიალის ნახვისას აუცილებლად შეამჩნევთ, რომ სერიალის შემქნელებს თითქოს მომენტებში ავიწყდებათ, რომ სამეცნიერო ფანტასტიკას იღებდნენ, თუმცა მათი ჩანაფიქრიც სწორედ ესაა: მათ უნდოდათ ერთგვარი „რბილი“ სამეცნიერო ფანტასტიკის შექმნის გზით გამოეკვლიათ ის თემები, რომლებიც ტრადიციული სამეცნიერო ფანტასტიკისთვის არ არის დამახასიათებელი: ინდოელი ქალის საქორწილო მზადების ფონზე ნაჩვენებია გერმანული მაფიის ოჯახის ცხოვრება, ორი ლესბოსელის ცხოვრების პარალელურად ორი მექსიკელი გეის „ოჯახური ურთიერთობანი“, კენიაში მცხოვრები ავტობუსის ახალგაზრდა მძღოლის თავგადასავლებთან ერთად სამხრეთ კორეული კორპორაციის შიდა სკანდალები, ასევე ისლანდიელი დიჯეისა და ჩიკაგოელი პოლიციელის ცხოვრება. სწორედ ისინი შეადგენენ კლასტერს, ანუ მუტაციური ქრომოსომის მქონე ადამიანთა კოლექტიური ემპათიის სისტემას. ასეთი უნარი მათ საშუალებას აძლევს გამოიყენონ ერთმანეთის უნარები, გაიზიარონ გრძნობები და ემოციები და ა.შ.

სერიალი მაქსიმალურად ცდილობს, რომ მაყურებელს დაუტოვოს რეალობის მაქსიმალური შეგრძნება, დაწყებული ეპიზოდების შესავლით (რომლის ნახვისას უფრო მეტად იმის შთაბეჭდილება შეგემქნებათ, რომ დოკუმენტურ ფილმს უყურებთ Discovery-ზე), დამთავრებული ყოველდღიური თემების წინ წამოწევით. მაგრამ სწორედ ასეთი ლაიტმოტივის გამო არის ჩავარდნები ზოგიერთ მომენტში, რაც დამახასიათებელია ექშენ სცენებისთვის: ქრება ყველა იარაღი, რატომღაც ყველას ხელჩართული ბრძოლა უნდა (იმიტომ, რომ პროტაგონისტს არ აქვს იარაღი), პერსონაჟები არ კვდებიან მხოლოდ იმის გამო, რომ მნიშვნელოვან როლს თამაშობენ და ა.შ. მოკლედ კინომატოგრაფიული deus ex machina-ების ნაკლებობაც არ იგრძნობა, თუმცა სერიალში, რომელშიც ჟან-კლოდ ვანდამის კულტია შექმნილი, ასეთი მომენტები უფრო მეტად სიამოვნებას იწვევს, ვიდრე - სკეპტიკურ დამოკიდებულებას.

ცალკე აღნიშვნის ღირის ჰომოსექსუალური სცენები. ამ მხრივ გენდერული ბალანსიც დაცულია. ორი ლესბოსელი და ორი გეი, თუმცა ლესბოსელების შემთხვევაში საქმე უფრო რთულადაა, რადგან ერთ-ერთი ქალი კაცად დაიბადა და შემდეგ იპოვა რეალური „მე“. სცენები ისეა დადგმული, რომ ჰომოფობსაც შეიძლება, პირველ რიგში, რეჟისორული მიდგომა დავასებოდა. ასევე საინტერესოა ისიც, რომ მსახიობი, რომელიც „კაცად დაბადებულ ქალს“ თამაშობს, რეალურ ცხოვრებაშიც იგივე გამოცადა. რადგან ქასტზე ჩამოვარდა სიტყვა, ფართო საზოგადოებამ შეიძლება იცნოს დერილ ჰანა, საიდი სერიალ Lost-დან და კორეელი რობოტი გოგო ასევე ვაჩოვსკების Cloud Atlas-დან.

Sense8  არის „უნდა ნახო“ სერიალი, სამეცნიერო ფანტასტიკის ელემენტებით დატვირთული რეალური ცხოვრების ხედვა ადამიანის ევოლუციის კონტექსტში: კარგად დადგმული სცენები ლოკაციების დიდი ტერიტორიული მასშტაბით; სხვადასხვა კულტურის გავლენა მორალურ და ეთიკურ საკითხებზე, ნარატივის თანმიმდევრულად განვითარებადი დინამიკა და 4 Non Blonde-ის What's Up მე-4 ეპიზოდის ბოლოს. 12 სერიის ბოლოს თქვენს ცნობიერებაში დალექილ კითხვას „what's up“-ს კი პასუხს სავარაუდოდ მეორე სეზონი გასცემს, რომელზეც მუშაობა უკვე დაწყებულია.


ავტორი: გიორგი ნაკაშიძე

02 July, 2015

სერიალის მიმოხილვა: Jonathan Strange & Mr. Norrel


2004 წელს ბრიტანელმა მწერალმა სიუზან კლარკმა გამოაქვეყნა თავისი სადებიუტო ნაწარმოები, რომელიც მოგვითხრობს ნაპოლეონის ომებში ჩართული XIX საუკუნის ინგლისის ალტერნატიულ ისტორიას. ნაწარმოების მიხედვით, 300 წელი გავიდა მას შემდეგ, რაც ინგლისში ჯადოქრობა აღარ გამოიყენება. არსებობენ მხოლოდ თეორეტიკოსი მაგიკოსები და ამ დროს სცენაზე გამოდიან ჯონათან სტრეინჯი და მისტერ ნორელი, პრაქტიკოსი ჯადოქრები, რომლებმაც ინგლისში უნდა დააბრუნონ ჯადოქრობა. ნაწარმოების ითვლება როგორც ფენტეზის, ისე - ისტორიული რომანის წარმომადგენლად. სერიალის ნაცვლად რომ წიგნის მიმოხილვა არ გამომივიდეს, მხოლოდ იმას დავამატებ, რომ წიგნის გამოსვლის დღიდანვე ნაწარმოებს აქტიურ პოპულარიზაციას უწევდა ნილ გეიმანი, რომლის აზრითაც „ჯონათან სტრეინჯი და მისტერ ნორელი“ არის „უდავოდ საუკეთესო ინგლისური ნაწარმოები ფანტასტიკის ჟანრში, რომელიც ბოლო 70 წელში დაწერილა.“

იმავე 2004 წელს New Line Cinema-მ შეიძინა საავტორო უფლებები ნაწარმოების ეკრანიზაციაზე. ასევე ცნობილი გახდა, რომ ავტორმა ამ გარიგებისთვის მიიღო „შვიდნიშნიანი თანხა“ და მაშინვე აღინიშნა, რომ ეს იყო ერთ-ერთი ყველაზე დიდი ანაზღაურება ასეთი სახის უფლებების შეძენის ისტორიაში. 2006 წელს განაცხადეს, რომ მზად იყო სცენარის პირველი ვერსია, თუმცა პროექტი ვეღარ განხორციელდა New Line Cinema-ში არსებული კორპორაციული პრობლემების გამო.

უნდა ვაღიაროთ, რომ „ჰარი პოტერის“ ფრენჩაიზის შემდეგ, კინოსამყაროში იგრძნობა უშუალოდ ჯადოქრობაზე და ჯადოქრებზე გადაღებული ნამუშევრების ნაკლებობა. ეს ან იმის ბრალია, რომ სცენარისტებს ეშინიათ „ჰარი პოტერთან“ კონკურენციისა და მათი ნამუშევრების a priori კრახის, ან აღარ მოიძიება მსგავსი შინაარსის მქონე ნაწარმოები, რომლის ეკრანიზაცია „ჰარი პოტერს“ თუ არ აჯობებდა, მინიმუმ სხვა სტერეოტიპებს ჩამოაყალიბებდა ჩვენში ჯადოქრებისა და მათი საქმიანობის შესახებ. რაც შეეხება „ჰარი პოტერის“ ასე ხშირად ხსენებას, სულაც არ ვაპირებ, რომ ეს სერიალი მასთან შედარების ფონზე განვიხილო. უბრალოდ „ჰარი პოტერი“ ის ფენომენია, რომელსაც (ალბათ) განსაკუთრებული ადგილი უკავია ჩვენს ბავშვობაში და შესაბამისად, საორიენტაციო ნამუშევრადაც გამოდგება.

პირველი დადებითი გარემოება ისაა, რომ მოქმედება ხდება ვიქტორიანულ ეპოქაში, თანაც ინგლისში. ვიქტორიანული ინგლისი, რომელიც დოგმებთან, კონსერვატიზმის ძლიერ აღქმასთან და გოთიკურ გარემოსთან ასოცირდება, სწორედ ის მთავარი გამოწვევაა, რომელის არსებობის პირობებში ორმა პრაქტიკოსმა (და არა თეორეტიკოსმა) ჯადოქარმა უნდა დაამტკიცოს, რომ მაგია არ ინგლისში არ გამქრალა. სერიალში არ გვხვდება ტროლები, გობლინები ან სხვა მითოლოგიურ-ფოლკლორული არსებები. სერიალი არც ისეთი ჰორორია, როგორც, მაგალითად Penny Dreadful. ეს არის ჯადოქრების ამბავი, დიდებზე გათვლილი „ჰარი პოტერი“ (თუმაც „ჰარი პოტერიც“ არაა მხოლოდ საბავშვო ნაწარმოები), ჯეინ ოსტინის ან ჩარლზ დიკენსის მიერ მოყოლილი ქრონიკები მათი თანამედროვე პრაქტიკოსი ჯადოქრების შესახებ.

Raven King (ყორნების მეფე)
მთავარი გმირები წარმოადგენენ აბსოლუტურად განსხვავებულ პერსონაჟებს. ერთი მხრივ მისტერ ნორელი, წიგნების ჭია, ბიბლიოთეკის ბუ, რომელმაც ჯადოქრობის შესახებ ინგლისში არსებული ყველა წიგნი შეაგროვა და ამდენი კითხვის შემდეგ პრაქტიკაც „დაამუღამა“. მეორე მხრივ კი, მის ანტიპოდად გვევლინება ექსცენტრიკული ახალგაზრდა ჯონათან სტრეინჯი, რომელსაც პრაქტიკული მაგიის თანდაყოლილი ნიჭი, კრეატივის უნარი და წარმოსახვის რეალიზაციის გასაოცარი ტალანტი აქვს. მათი მიზნებიც განსხვავებულია: ნორელს სურს, რომ მაგია ინგლისურ ელიტაში იქცეს „პატივსაცემ“ ფენომენად, ხოლო სტრეინჯს სურს, რომ მკვდრეთით აღადგინოს ანტიკური მაგია, ისეთი, როგორიც მაგიის ინგლისში შემომტანის - „ყორნების მეფის“ (Raven King) დროს არსებობდა. ასეთმა რადიკალურმა განსხვავებამ კი შესაძლოა ინგლისი დაღუპვის საფრთხემდეც მიიყვანოს.

მთავარი ანტაგონისტი არის ფერია, პირობითი სახელით „ჯენტლმენი“, რომელიც ერთ დროს „ყორნების მეფის“ მსახური იყო. ინგლისის პარალელურად არსებობს ზღაპრული სამყარო - „დაკარგული იმედი“, ფერიის სამფლობელო. „ჯენტლმენი“ არ არის ფერია კლასიკური გაგებით. პატარა ფრთოსანი გოგონას ნაცვლად „ჯენტლმენი“ არის ამბიციური, გაიძვერა, ადამიანების მანიპულაციის განსაკუთრებული უნარის მქონე არსება ინგლისელი არისტოკრატის ვიზუალით, რომელიც ფლობს პირველყოფილი მაგიის ძალას. მას თავისი გეგმები აქვს, სტრეინჯისა და ნორელის გამოჩენა კი მის გეგმებში არ შედიოდა.

„ჯენტლმენი“
გარდა ამისა, სერიალში გვხვდება რამდენიმე საინტერესო პერსონაჟი: ვინკულუსი - ფსიქიკურად აშლილი ქუჩს ჯადოქარი, უფრო სწორად „შარლატანი“, რომელიც დიდ საიდუმოს ინახავს. მისტერ სეგუნდუსი, რომელსაც წამს, რომ ინგლისი გაჟღენთილია მაგიით და მისი დაბრუნებაც შესაძლებელია. ჩილდერმასი - ნორელის მსახური, რომელიც თავისი უხეში ხასიათით აუცილებლად დაიპყრობს საყვარელი პერსონაჟებისთვის გამოყოფილ ადგილს თქვენს ცნობიერებაში. სტივენი - შავკანიანი მსახური, უსახელო მონა, რომლის მიმართ არსებობს წინასწარმეტყველება. ამათ გარდა, სერიალში გვხვდება კიდევ ბევრი პერსონაჟი, რომელთა გათვალისწინებით შეიძლება იმის თქმა, რომ სერიალს პერსონაჟების მდიდარი პალიტრა აქვს.

სერიალში მონაწილეობას იღებს საკმაოდ კარგი ქასტი: ვეტერანი ედი მარსანი (მისტერ ნორელი)[Sherlock Holmes, V for Vendetta, The Illusionist, Hancock]; შედარებით გამოუცდელი ბერტი კარველი (ჯონათან სტრეინჯი) [Les Miserables, Babylon], რომელიც შესანიშნავად ასრულებს ასევე ახალბედა და მხიარული ჯადოქრის როლს; მარკ ვარენი (ფერია) [Wanted, Green Street Hooligans]; ენზო კილენტი (ჩილდერმასი) [Guardians of the Galaxy, Pride and Prejudice, Next]. დასამახსოვრებელია ქასტის სხვა წევრების თამაშიც. ამ სერიალის ნახვა მარტო ქასტის გამოც ღირს, სულ რომ არ გაინტერესებდეთ ფენტეზი და ჯადოქრობა. 

დიდია სერიალის მოქმედების ტერიტორიული მასშტაბიც: დაწყებული ინგლისითა და ვენეციით, დამთავრებული „დაკარგული იმედითა“, „მეფის გზით“. რაც შეეხება სპეცეფექტებს. ბიუჯეტის გათვალისწინებით სერიალი ძალ-ღონეს არ იშურებს, რომ შესაძლებლობის ფარგლებში სრულად გამოიყენოს CGI და ეფექტურად გვაჩვენოს მოლაპარაკე ქანდაკებები, სარკეებში მოგზაურობა, გზების გაყვანა მთებში შელოცვის საშუალებით, საფრანგეთის სანაპიროებზე მიმდგარი ინგლისის ფლოტი, რომელიც მთლიანად ოპტკური ილუზიაა, გაცოცხლებული ზომბები, ქვიშის ცხენების საოცარი სცენა და ა.შ. ბატალური სცენებიც კი უფრო ეფექტურია, ვიდრე Game of Thrones-ში. 

მოკლედ, „ჯონათან სტრეინჯი და მისტერ ნორელი“ არის ინგლისური გოთიკით, „ჰარი პოტერისეული“ ჯადოქრობით, დიკენსისეული თხრობის მანერის არომატით გაზავებული და კარგი სამსახიობო შესრულების სინთეზი, რომელიც თავისი 7 სერიის მანძილზე ოდნავ მაინც დაგაჯერებთ, რომ მაგია ჯერ კიდევ არსებობს, ყველა პოტენციური ჯადოქარია, უბრალოდ არავის უცდია მისი გამოყენება, რადგან ყველამ დიდი ხნის წინ დაივიწყა.


ავტორი: გიორგი ნაკაშიძე

27 March, 2015

20 უცნობი (საინტერესო) ფაქტი ბეტმენის შესახებ


1. თურქეთში მდებარეობს ქალაქი, სახელწოდებით „ბეტმენი“. უცნობია, აქვს თუ არა ბეტმენს ამ ადგილებში უძრავი ქონება, თუმცა ადგილი მართლაც ლამაზია.


2. 90-იან წლებში ბეტმენი ებრძოდა ებოლას. ეპიდემიას კინაღამ ემსხვერპლა რობინი. სუპერგმირებსაც კი ჭირდებათ ჰიგიენის დაცვა.


3. სიტყვა „ბეტმენი“ გამოიყენება ვინმეს პირადი მსახურის აღსანიშნავად. გამოდის, რომ ალფრედ პენივორთი არის ბეტმენის ბეტმენის. თუ ალფრედს ეყოლებოდა თავისი მსახური, ის იქნებოდა ბეტმენის ბეტმენის ბეტმენი და ა.შ.


4. ბენ აფლეკი არის ერთდაერთი მსახიობი, რომელმაც მოირგო როგორც ბეტმენის, ისე - სუპერმენის კოსტუმები ორ სხვადასხვა ფილმში (აქ საუბარია ფილმ Hollywoodland-ზე, სადაც იძიებენ სატელევიზიო შოუს სუპერმენის - ტომ რივზის იდუმალებით მოცულ სიკვდილს).


5. 1996 წელს, DC-მ და მარველმა გამოუშვეს ქროსოვერ-კომიქსების სერია, სადაც ბეტმენი და სამურავი იქცნენ ერთ პერსონაჟად, სახელად Dark Claw (იხ. სურათი).


6. ტომ ჰარდს ბეინის როლის თამაშისას დაჭირდა სამ დუიმიანი ქუსლები, რათა გამხდარიყო კრისტიან ბეილის სიმაღლე და მისთვის „თვალებში ჩაეხედა“.


7. პოლ რუბენსმა 1992 წლის Batman Returns-ში ითამაშა პინგვინის მამის როლი.


8. ერთ დროს „ბეტმენი“ ერქვა ერთ-ერთ სამხედრო დგომას (პოზიციას).


9. კვენტინ ტარანტინოს გულზე არ ეხატება ბეტმენი, რადგან, მისი აზრით, „ბეტმენი არ არის საინტერესო პერსონაჟი.“ ტარანტინოს აზრით, ბეტმენს საუკეთესოდ ითამაშებდა ალეკ ბოლდუინი 80-იან წლებში.


10. არსებობს 1967 წლის (აწ უკვე დაკარგული) ფილიპინური ფილმი Batman Fights Dracula, რომელშიც ბეტმენი ებრძვის დრაკულას. ფილმი წარმოადგენს ბეტმენისა და ჰორორის ნაზავს კომედიური ელემენტებით.


11. ბეტმენი იმდენად ჯობნის რიდლერს გონებრივად, რომ ეს იწვევს რიდლერის სიგიჟეს. ერთხელ რიდლერმა ბეტმენისთვის მოაწყო „სრულყოფილი მახე“, თუმცა ბეტმენი გაიქცა. შოკმა და ცნობისმოყვარეობამ იმდენად იმოქმედა რიდლერის მენტალურ ჯანმრთელობაზე, რომ Arkham Asylum-ში უკრეს თავი.


12. ბეტმენის შექმნის შთაგონების წყაროა ლეონარდო და ვინჩი, ფილმები და ნიღბიანი ადამიანები - ფრთები აიღეს და ვინჩის მიერ დახატული საფრენი მოწყობილობიდან; კოსტუმისა და პიროვნების ინსპირაცია მოვიდა 1930 წლის ფილმიდან Bat Whisperers, მდიდარ ალტერ-ეგოს საფუძვლად დაედო 1920 წლის ფილმი The Mask of Zorro, რადიო პროგრამის პერსონაჟმა კი, სახელად შედოუმ, საბოლოო სახე მისცა ბეტმენის ვიზუალს, ორმაგ ვინაობას და ინტელექტუალურ შესაძლებლობებს.


13. ბეტმენის საიდუმლო ვინაობა არც თუ ისე „საიდუმლოა“. რეალურად 11-მა პერსონაჟმა იცის (ან იცოდნენ), რომ ბეტმენი და ბრიუს უეინი ერთი და იგივე ადამიანია.



14. ბეტმენი მუდმივად 34 წლისაა - თუმცა აქვს მდიდარი CV: განათლება კემბრიჯსა და სორბონაში, FBI-ში მუშაობის გამოცდილება, საბრძოლო ხელოვნების ტრენინგები აზიაში, ნამდვილი ნინძებიდან მიღებული ცოდნა და ა.შ.


15. The Dark Knight არის პირველი ფილმი, რომლის სახელწოდებაში არ გვხვდება სიტყვა „ბეტმენი“. აღნიშნული მიდგომა შეინარჩუნა კრისტოფერ ნოლანმა The Dark Knight Rises-ის გადაღებებისას.


16. Batman: The Animated Series-ში ჯოკერის ხმა არის ლუკ სკაივოლკერის ხმა (გალაქტიკის უკანასკნელი ჯედაი გადადის „ბნელ მხარეზე“).


17. ისტორიაში ბეტმენის პირველი ფილმის რეჟისორი იყო ენდი უორჰოლი (პოპ-არტის ფუძემდებელი). მან 1964 წელს, DC-ის ნებართვის გარეშე გადაიღო შავ-თეთრი ფილმი Batman Dracula, რომელმაც ვერასდროს იხილა დღის სინათლე. 


18. გოთემი არის რეალური ქალაქი ნოტინგჰემში.


19. ბეტმენის სამყაროში არსებობს „ბითლზების“ ვერსია. 


20. რობინი მოკლეს ფანებმა -1988 წელს ჩატარდა გამოკითხვა რობინის ამბის დასასრულის შესახებ. 10, 000 გამოკითხულიდან 5343-მა მოითხოვა მისი სიკვდილი, რობინიც მოკლეს. 


წყარო: BestPictureBlog


ავტორი: გიორგი ნაკაშიძე


25 March, 2015

2014 წლის 9 ფილმი, რომლებიც IMDb Top 250-ში შევიდნენ



IMDb Top 250 ძირითადად შედგება „კლასიკად“ აღიარებული ფილმებისგან. ბევრი მიიჩნევს, რომ ფილმის „კლასიკად“ აღიარებისთვის აუცილებელია გარკვეული პერიოდის გასვლა მისი გამოშვებიდან. თუმცა ეს ბუნდოვანი კრიტერიუმი IMDb Top 250-ის შემთხვევაში შეცვლილია უფრო ობიექტური პირობით - 25, 000 ხმის მიცემით. თქვენ წინაშეა 2014 წლის 9 ფილმი, რომლებმაც ხმების ეს რაოდენობა მოაგროვეს და ღირსეულად დაიკავეს ადგილი აწ უკვე საკულტო ფილმებისა თუ „კლასიკის“ სტატუსის მატარებელ შედევრებს შორის.

 #22 – Interstellar      

რეჟისორი: ქრისტოფერ ნოლანი
 როლებში: მეთიუ მაკკონაჰი, ენ ჰეთევეი, ჯესიკა ჩესტეინი, მაიკლ კეინი.
კომპოზიტორი: ჰანს ზიმერი
ბიუჯეტი: 165 მილიონი
IMDb-ის რეიტინგი: 8.8



 #38 – Whiplash

რეჟისორი: დემიენ ჩეზელი
როლებში: მაილს ტელერი, ჯეი ქეი სიმონსი, პოლ რაიზერი
ბიუჯეტი: 3.3 მილიონი
IMDb-ის რეიტინგი: 8.6



 #141 – Gone Girl

რეჟისორი: დევიდ ფინჩერი
 როლებში: ბენ აფლეკი, როზამუნდ პაიკი, ნილ პატრიკ ჰარისი, ტაილერ პერი, კერი კუნი
ბიუჯეტი: 61 მილიონი
IMDb-ის რეიტინგი: 8.2




#184 – The Grand Budapest Hotel

 რეჟისორი: ვეს ანდეროსონი
როლებში: რალფ ფაინსი, ფ. მიურეი-აბრაჰამი, მეთიუ ამალრიკი, ედრიენ ბროუდი, უილიამ დეფო, ჯეფ გოლდბლუმი, ჰარვი კეიტელი, ჯუდ ლოუ, ბილ მიურეი, ედვარდ ნორტონი, ტილდა სვინტონი, ტომ ვილკინსონი, ლეა სეიდუ და სხვ.
ბიუჯეტი: 30 მილიონი
IMDb-ის რეიტინგი: 8.1




 #190 – Boyhood

 რეჟისორი: რიჩარდ ლინკლეიტერი
მროლებში: ელარ კოლტრანი, პატრიცია არკექტი, ლორელეი ლინკლეიტერი, ეთან ჰოუკი
ბიუჟეტი: 4 მილიონი
IMDb-ის რეიტინგი: 8.1



 #196 – Guardians of the Galaxy

რეჟისორი: ჯეიმს განი
როლებში: კრის პრატი, ზოე სალდანა, დეივ ბაუტისტა, ვინ დიზელი, ბრედლი კუპერი, ლი პეისი, ბენისიო დელ ტორო და სხვ.
ბიუჯეტი: 196 მილიონი
IMDb-ის რეიტინგი: 8.2



#204 – The Imitation Game

რეჟისორი: მორტე ტილდუმი
როლებში: ბენედიქტ კამბერბეჩი, კირა ნაითლი, მარკ სტრონგი, მეთიე გუდი და სხვ.
ბიუჯეტი: 14 მილიონი
IMDb-ის რეიტინგი: 8.1



 #229 – X-Men: Days of Future Past

რეჟისორი: ბრაიან სინგერი
როლებში: ჰიუ ჯეკმანი, ჯეიმს მაკევოი, მაიკლ ფასნებდერი, ჯენიფერ ლოურენსი, პიტერ დინკლეიჯი, იან მაკკელენი, პატრიკ სტიუარტი და სხვ.
ბიუჯეტი: 200 მილიონი
IMDb-ის რეიტინგი: 8.1



#236 – Kingsman: The Secret Service

რეჟისორი: მეთიუ ვონი
როლებში: კოლინ ფერტი, სემუელ ელ ჯექსონი, მარკ სტრონგი, ტეირონ ეგერტონი, მაიკლ კეინი
ბიუჯეტი: 81 მილიონი
IMDb-ის რეიტინგი: 8.2



ესენია ის ფილმები, რომლებმაც შეძლეს და გაამართლეს მაყურებელთა მოლოდონები. შეიძლება ითქვას, რომ ეს 9 ფილმი არის 2014 წლის კინოსამყაროს ერთგვარი შეჯამება („ერთგვარი“ იმიტომ, ბევრი ასეთივე კარგი ფილმი ამ სიის გარეთ დარჩა, მაგალითად Birdman). საინტერესოა ისიც, რომ 2013 წლის ფილმებიდან IMDb Top 250-ში მხოლოდ 4 ფილმი მოხვდა (The Wolf of Wall Street, Rush12 Years a Slave და  Prisoners).


ავტორი: გიორგი ნაკაშიძე


23 March, 2015

კაპიტანი ამერიკა: გასაკეთებელი ჯერ კიდევ ბევრია



რადგან სტივ როჯერსი რამდენიმე დეკადის (დაახლოებით 70 წელი) განმავლობაში კრიოგენულ მდგომარეობაში იმყოფებოდა, მას გამორჩა ბევრი მნიშვნელოვანი ისტორიული თუ კულტურული მოვლენა. ამის გამო, ის თან ატარებს ბლოკნოტსა და ფანქარს, რათა ჩაინიშნოს და გაეცნოს მისთვის უცნობ საინტერესო ფაქტებს ( ! ჯერ კიდევ ბლოკნოტს და ფანქარს იყენებს).

Captain America: The Winter Soldier-ის დასაწყისში ფალკონი ურჩევს კაპიტანს, რომ მოუსმინოს მარვინ გეის ალბომს Trouble Man-ს, კაპიტანი ამას ინიშნავს თავის ბლოკნოტში და ამ დროს კადრში ცოტა ხნით ჩანს კაპიტნის უკვე შედგენილი სია.

სიის ბრიტანული ვერსია
საინტერესოა ის, რომ Captain America: The Winter Soldier-ის ორიგინალი ვერსია შეიცავს 10 პუნქტიან სიას. თუმცა, ამ ფილმის სხვადასხვა ქვეყნებში გამართულ პრემიერებზე, ამ სიის პირველი ხუთი პუნქტი შეცვლილია უშუალოდ პრემიერის ქვეყანასთან დაკავშირებული ფაქტებით, ხოლო ბოლო ხუთი პუნქტი ყველგან უცვლელია.

ამ პოსტში წარმოდგენილია კაპიტან ამერიკის to-do-list ქვეყნების მიხედვით.


აშშ / კანადა

მე მიყვარს ლუსი (სატელევიზიო შოუ) 
მთვარეზე დაჯდომა 
ბერლინის კედლის აშენება + დანგრევა 
სტივ ჯობსი 
დისკო 
ტაილანდური საჭმელი 
Star Wars/Trek 
ნირვანა (ბენდი) 
როკი (როკი II ?) 
Troubleman (საუნდტრეკი) 

* Troubleman არის 1972 წლის ფილმის Trouble Man-ის საუნდტრეკი. ფილმში მონაწილეობს რობერტ ჰუკსი მისტერ ტის როლში (არაფერი აქვს საერთო „ალფა რაზმის“ მისტერ ტისთან), კერძო დეტექტივი, რომელიც სამართალს ხშირად აღასრულებს ხოლმე. ფილმი დიდი ვერაფერი, თუმცა საუნდტრეკი კლასიკაა, რომელიც ისმის სცენაში, რომელშიც სემ ვილსონი უყურებს საავადმყოფოში მწოლიარე სტივ როჯერსს. 

გაერთიანებული სამეფო 

შერლოკი (სატელევიზიო სერიალი) 
მთვარეზე დაჯდომა 
ბითლზი 
მსოფლიო ჩემპიონატის ფინალი (1966 წ)
შონ კონერი

* 1966 წელს ინგლისმა მოიგო დღემდე მისთვის ერთადერთი მსოფლიო ჩემპიონატი ფეხბურთში, როდესაც 4:2 დაამარცხა დასავლეთ გერმანია. 

ესპანეთი

რაფაერლ ნადალი 
ჩუპა ჩუპსი 
Héroes del Silencio 
1978 წლის კონსტიტუცია 
კამილო ხოსე სელა 

* Héroes del Silencio იყო ესპანური როკჯგუფი, რომელიც განსაკუთრებული წარმატები მოღვაწეობდა 1980-იან წლებში და თავი დაიმკვიდრეს, როგორც ესპანური როკის ერთ-ერთი დამაარსებლები. დაიშალნენ 1996 წელს. 1978 წლის ესპანეთის კონსტიტუცია არის ესპანეთის მიერ დემოკრატიისკენ გადადგმული ნაბიჯის მნიშვნელოვანი ელემენტი. კამილო ხოსე სელა არის ესპანელი მწერალი, ნოველისტი და ესეისტი, რომელმაც 1989 წელს მიიღო ნობელი ლიტერატურის დარგში. 

საფრანგეთი 

მსოფლიო ჩემპიონატი ფეხბურთში (1998 წ.) 
ლუი დე ფიუნესი 
კოლიუში 
Daft Punk 
მეხუთე ელემენტი 

* ლუის დე ფიუნესი და კოლიუში იყვნენ ლეგენდარული ფრანგი კომედიანტები. დანარჩენი ისედაც გასაგებია. 

ავსტრალია / ახალი ზელანდია 

AC/DC 
კოსმოსური ტურიზმი 
სტივ ირვინი 
Skippy the Bush Kangaroo 
Tim Tams 

* კოსმოსურ ტურიზმს გვთავაზობს ამერიკული კომპანია Virgin Galactic. Skippy the Bush Kangaroo იყო ავსტრალიური სატელევიზიო შოუ პატარა ბიჭისა და მისი კენგურუს თავგადასავლებზე, გადიოდა 1966-68 წლებში. Tim Tam არის Arnott's -ის შოკოლადის ნამცხვრის ბრენდი (ამბობენ გემრიელიაო). 

გერმანია 

კარივურსტი (Currywurst) 
მთვარეზე დაჯდომა 
ბერლინის კედლის აშენება + დანგრევა 
ოკტობერფესტი (Oktoberfest) 
დისკო 

* კარივურსტი არის გერმანიის სწრაფი კვების საჭმელი: ორთქლში მოხარშული/შემწვარი ღორის ხორცის დაჭრილი სოსისი კეტჩუპის, ცხარე საწებლისა და სხვა სანელებლების თანხლებით. ოკტობერფესტი არის ყოველწლიური ფესტივალი მიუხენში, ბავარიაში, რომელსაც ესწრება 6 მილიონზე მეტი ადამიანი სხვადასხვა ქვეყნიდან. ტარდება 1810 წლიდან. 
იტალია 

მსოფლიო ჩემპიონატი ფეხბურთში (1982 და 2006 წლები) 
ვასკო როსი 
ბერლინის კედლის აშენება + დანგრევა 
რობერტო ბენინი 
ფერარის გამარჯვებები ფორმულა 1-ის გრან პრიზე 

* ვასკო როსი იყო იტალიელი მომღერალი. გამოშვებული აქვს 26 ალბომი. ფერარის გუნდი არის ყველაზე წარმატებული გუნდი ფორმულა 1-ის ისტორიაში. რობერტო ბენინი - იტალიელი რეჟისორი და მსახიობი. 1999 წელს აიღო ორი ოსკარი საუკეთესო კაცი მსახიობისა და საუკეთესო უცხოენოვანი ფილმის კატეგორიებში (ფილმი „ცხოვრება მშვენიერია“).

ბრაზილია 

აირტონ სენა 
ვაგნერ მოურა 
შუშა 
Mamonas Assassinas 
ჩავესი 

* აირტონ სენა - ფორმულა 1-ის სამგზის მსოფლიო ჩემპიონი და ამ სპორტის ისტორიაში ერთ-ერთი უდიდესი მრბოლელი. ვაგნერ მოურა - მსახიობი, ცნობილი Elite Squad-ის ფილმებით. შუშა - ბრაზილიის მეგავარსკვლავი მუსიკოსი. Mamonas Assassinas - ბრაზილიური ბენდი, რომლის წევრები 1996 წელს დაიღუპნენ ავიაკატასტროფაში. „ჩავესი“ არის ადრეული 80-იანი წლებიდან არსებული, მექსიკური სატელევიზიო კომედიის El Chavo del Ocho -ს პორტუგალიური თარგმანი. 

ლათინური ამერიკა 

ჩილელი მაღაროელების სამაშველო ოპერაციები 
მარადონას „ღმერთის ხელი“ 
შაკირა 
ნერი ველა (პირველი მექსიკელი ასტრონავტი) 
ოქტავიო პასი (ნობელიანტი) 

* მარადონას “ღმერთის ხელი“ არის 2007 წელს გადაღებული ბიოგრაფიული ფილმი დიეგო მარადონას ცხოვრებაზე. ნერი ველა იყო პირველი და ერთადერთი მექსიკელი (მეორე ლათინოამერიკელი), რომელმაც იმოგზაურა კოსმოსში. ოქტავიო პასმა აიღო ნობელის პრემია ლიტერატურაში 1990 წელს. 

რუსეთი 

იური გაგარინი 
ვლადიმირ ვისოცკი 
საბჭოთა კავშირის დაშლა 
„მოსკოვს ცრემლების არ სჯერა“ 
დისკო 

* ვლადიმირ ვისოცკი - საბჭოთა მომღერალი, პოეტი და მსახიობი. „მოსკოვს ცრემლების არ სჯერა“ – 1979 წლის ფილმი, რომელმაც 1980 წელს მოიგო ოსკარი საუკეთესო უცხოენოვანი ფილმის ნომინაციაში.

კორეა

Dance Dance Revolution 
ჯი-სუნგ პარკი 
Oldboy 
2002 წლის მსოფლიო ჩემპიონატი ფეხბურთში 
დისკო 

* ჯი-სუნგ პარკი არის ყველაზე წარმატებული აზიელი ფეხბურთელი ისტორიაში. Oldboy არის სამხრეთ კორეელი რეჟისორის, პარკ ჩან ვუკის შედევრი შურისძიებაზე, რომელიც აუცილებლად უნდა გქონდეთ ნანახი; რეკომენდაცია იქნება, რომ არ ნახოთ სპაიკ ლის 2013 წლის რიმეიქი. 2002 წელს მსოფლიო ჩემპიონატი ფეხბურთში პირველად ჩატარდა აზიაში. 

P.S. მსოფლიოს დღესაც უყვარს დისკო. 



ავტორი: გიორგი ნაკაშიძე


25 February, 2015

გალერეა: Hobbit Art

Azog the Defiler

ოტის ფრამპტონის არტი: ჰობიტი 
Hobbit Art by Otis Frampton

Bilbo Baggins
Gandalf the Grey
Thorin
Balin
Dwalin
Bifur
Bofur
Bombur
Dori
Nori


Ori
Fili
Kili
Gloin
Oin
Gollum
Goblin King
Gothmog
Legolas & Gimli

ავტორი: გიორგ ნაკაშიძე