დენ სიმონსის ჰიპერფანტასტიკური ილიადა

სამეცნიერო ფანტასტიკის ჟანრის განვითარებამ დიდი ოთხეულის და მათი თანამედროვე კლასიკოსების შემდეგ მცირედით შეიცვალა კალაპოტი და მეოცე საუკუნის 80-იანი წლებიდან სულ მთლად ახალ საფეხურზე აინაცვლა.

ნილ გეიმანის Marvel 1602

2001 წელს ნილ გეიმანმა, გრაფიკულის ნოველების აწ უკვე აღიარებულმა მწერალმა და The Sandman-ის შექმნელმა, გადაწყვიტა Marvel-თან ეთანამშრომლა და ბედი მეინსტრიმულ კომიქსში მოესინჯა (უფრო სწორად, თავად Marvel-ისგან მიიღო შემოთავაზება).

არტ შპიგელმანის ომგამოვლილი თაგვი

„როდესაც რამდენიმე დღით ერთ ოთახში ჩაგკეტავენ მშივრებს, იქ სიტყვა "მეგობარი" აღარ არსებობს.“

„უფრო მეტი, ვიდრე ადამიანი“: თეოდორ სტარჯენის ევოლოციური თეორია

„ჩვენ გვჭირდება არა ფიზიკური, არამედ - ფსიქიკური ევოლუცია“.

Showing posts with label თანამედროვე ლიტერატურა. Show all posts
Showing posts with label თანამედროვე ლიტერატურა. Show all posts

31 July, 2015

ნილ გეიმანის Marvel 1602


2001 წელს ნილ გეიმანმა, გრაფიკულის ნოველების აწ უკვე აღიარებულმა მწერალმა და The Sandman-ის შექმნელმა, გადაწყვიტა Marvel-თან ეთანამშრომლა და ბედი მეინსტრიმულ კომიქსში მოესინჯა (უფრო სწორად, თავად Marvel-ისგან მიიღო შემოთავაზება). გეიმანი ყოველთვის აღიარებდა, რომ Marvel-ის ფანი იყო, რადგან მისთვის   მარველის მულტივერსი ერთგვარ „ჯადოსნურ“ სამყაროსთან ასოცირდებოდა. გეიმანი დარწმუნებული არ იყო რა სტილის კომიქსს დაწერდა, თუმცა 11 სექტემბრუს მოვლენების შემდეგ გადაწყვიტა, რომ კომიქსში არ ყოფილიყო თვითმფრინავები, ბომბები, იარაღები და ცათამბჯენები. მცირე ხანში, ვენეციაში მოგზაურობიდან დაბრუნებისას, გეიმანს ინსპირაცია ეწვია - ვენეციაში მან დაინახა „თუ რამდენად ახლოს იყო წარსული“.  

როგორც სათაურიდან ჩანს, მოქმედება ხდება 1602 წელს, რადგან ეს იყო „საუკეთესო პერიოდი ამბის მოსათხრობად. ამ პერიოდმა საშუალება მომცა, მომეთხრო ამერიკაზე და განმეხილა სხვა მოვლენები, რომლებიც ცვლიდნენ მსოფლიოს. ამ პერიოდმა ასევე მომანიჭა საოცრებისა და მაგიის განცდა“ - წერს გეიმანი.

Marvel 1602 აერთიანებს ისტორიულ პიროვნებს და მარველის სუპერგმირებს/ვილანებს. ინგლისის სამეფო კარის ინტრიგების პარალელურად მოთხრობილია ესპანეთში მოღვაწე დიდი ინკვიზიტორის, ამერიკაში შექმნილი პირველი კოლონიისა და ტამპლიერთა საიდუმლო განძის შესახებ.  ისტორიული პირვონებებიდან ნარატივში გვხვდებიან ელიზაბეთ I და შოტლანდიის მეფე ჯეიმს I. სწორედ მათი დაპირისპირების ფონზეა მოთხრობილი „ეშმაკის ნაშიერების“ ამბები. ესენი არიან ადამიანები, რომლებმაც, ინკვიზიციის განცხადებით, ეშმაკთან დადეს გარიგება და მიიღეს ზებუნებრივი შესაძლებლობები. ყველაფერი კი იწყება მსოფლიოში ამინდის უცნაური ცვლილებით, პერსონაჟებმა კი უნდა ამოხსნან ამ ფენომენის საიდუმლო და მსოფლიო აპოკალიფსისგან იხნსნან.

Marvel 1602-ის კითხვისას ყველაზე დიდი მუღამი აქვს ცნობილი პერსონაჟების განსხვავებული ვიზუალით და ოდნავ შეცვლილი სახელებით გამოჩენას: ზოგს ვიზუალით ხვდები, ზოგს - ვინაობით, ზოგიერთი პერსონაჟის გამოსაცნობად კი დამატებითი ინფორმაცია გჭირდება. ყოველი პერსონაჟის გაშიფვრის შედეგად მიღებული სიამოვნება კი გაიძულებს ერთ დაჯდომაზე წაიკითხო რვავე ნომერი. 

ინგლისის დაზვერვის სამსახურის უფროსი - ადამიანი ცალი თვალით; ქუჩის ბრმა მომღერალი; ახალგაზრდა ჯაშუში, რომელიც „რატომღაც“ სულ ობობებთან ერთად „იჩითება“; ლატვერიის ჰერცოგი, ზედმეტსახელად „სიმპატიური“; „სიმპატიურის“ ჯაშუში - ევროპაში ყველაზე საშიში ქალი (რომელზედაც აუცილებლად გაგახსენდებათ „სამი მუშკეტერის“ მილედი), გემ „ფანტასტიკას“ ეკიპაჟი, რომლებიც ოკეანეში უცნაური გამოსხივების ქვეშ მოხვდნენ; დედოფლის პირადი ექიმი ბევრი მისტიური ნივთით სახლში; დიდი ინკვიზიტორი, რომელსას უხარია, რომ მკვლელი რკინის ხანჯლით მიეპარა და არა სხვა საშუალებით; დიდი ინკვიზიტორის ორი მსახური: და-ძმა (ძმა ყველაზე კარგი შიკრიკია ევროპაში, რადგან ერთ დღეში რამდენჯერმე „დაქრის“ ესპანეთიდან ინგლისში, ინგლისიდან ვატიკანში და ა.შ.); ინვალიდი კარლოს ხავიერი, სკოტიუს სამერისლი, ჰალ მაკკოი და ა.შ. ეს იმ პერსონაჟთა მცირე ჩამონათვალია, რომლებიც ამ უცნობი გრაფიკული ნოველას კითხვისას უფრო მეტად ფამილიარულ ატმოსფეროს შეგიქმნიან, ვიდრე - მრავალჯერ ნაქები თუ განხილული კლასიკის პირველად წაკითხვისას გაგიჩნდებათ.

რაც შეეხება ლიტერატურულ შეფასებას, აქ ოდნავ გაგიცრუვდებათ იმედები, რადგან ნილ გეიმანისგან აშკარად ბევრის მოლოდინი გაქვს, ბოლოს და ბოლოს რევოლუციური კომიქსი - The Sandman დაწერა. კომიქსი მთლიანად დაცლილია გეიმანის სტილისგან, არ გვხვდება მისტიური განწყობით გაჟღენთილი წინადადებები, უცნაურად დაწყობილი სიტყვები, რაც გეიმანს ახასიათებს. მაქსიმუმ ერთ-ორ ადგილზე წააწყდეთ ისეთ ციტატას, დამახსოვრების სურვილი რომ გაგიჩინოთ. ზედაპირულადაა დახატული პერსონაჟების ფსიქოლოგიური პორტრეტები. ყურადღება გამახვილებულია მოქმდებებზე, თავგადასავლებზე, ინტრიგებზეთუმცა, ეს სულაც არ არის იმის ბრალი, რომ გეიმანი ამ დროს სრულიად დაცლილი იყო გრაფიკული კომიქსების წერის მუზისგან და არც ის უნდა დავასკვანათ, რომ The Sandman მისი ერთი დიდი იღბლიანი გასროლა იყო. აქ გასათვალისწინებელია, რომ Marvel 1602 არის მეინსტრიმული კომიქსი, რომელიც იმთავითვე მარველის სამყაროს ფარგლებით და პერსონაჟებით იყო შეზღუდული, The Sandman კი უშუალოდ გეიმანის ქმნილებაა. სწორედ ასეთი შეზღუდვის ფარგლების მიხედვით თუ შევაფასებთ, Marvel 1602 „ხოშიანი“ გრაფიკული ნოველაა, რომელიც იმდენად წარმატებული (მარკეტინგულად) გამოდგა, რომ მარველის სამყაროში სათავე დაუდო Earth-616-ის (ეს არის სამყარო, სადაც მარველის კომიქსების აბსოლუტური უმრავლესობის მოქმედება მიმდინარეობს) პარალელურ სამყაროს - Earth-313-ს.

ორიოდ სიტყვა Marvel 1602-ის არტზე. გრაფიკული ნოველის ილუსტრაცია შექმნილია განსხვავებული ხერხით: თუ კომიქსთა უმრავლესობა ფანქრით შესრულებული კონტურების შემდეგ ეგზავნება მელნით დამუშავების სპეციალისტებს, Marvel 1602-ის შემთხვევაში ეს ეტაპი გამოტოვებულია და ფანქრით შესრულებული ესკიზების შემდეგ ილუსტრაციები შესრულებილია პირდაპირ გამფერადებლების მიერ (ე.წ. enhanced pencils ტექნიკა). ამგვარი ტექნიკა ქმნის ისტორიული ნამუშევრის ეფექტს, რაც პირდაპირ ეხამება ნაწარმოების ქრონოლოგიურ გარემოს. 

თუ მარველის ალტერნატიული ისტორიები ოდნავ მაინც მოგწონთ, მაშინ Marvel 1602 აუცილებელია თქვენი ბიბლიოთეკისათვის, განსაკუთრებით მაშინ, თუ ზემოთ აღწერილ დიდ ინკვიტორში და მის მსახურებში მაგნეტო, სკარლეტ ვიტჩი და ქვიქსილვერი, დაზვერვის სამსახურის უფროსში ნიკ ფიური, სკოტიუს სამერისლში კი ციკლოპი ამოიცანით და ა.შ. თუ გაინტერესებთ, რა არის ტამპლიერთა საიდუმლო განძი და რამ გამოიწვია დედამიწაზე იქს-ადამიანების 400 წლით ადრე გამოჩენა, მაშინ ეწვიეთ ტორენტებს და გაეცანით ნილ გეიმანის მიერ მოთხრობილ ჯადოსნურ ისტორიას.


ავტორი: გიორგი ნაკაშიძე

15 July, 2015

რეი ბრედბერი - „ბაბუაწვერას ღვინო“, ანუ ზაფხულის მოგონებები








წელიწადის განმავლობაში, ერთადერთი სეზონი, როდესაც ადამიანი შესაძლოა ყველაზე თავისუფლად გრძნობდეს თავს, ზაფხულია. ეს პერიოდი პირდაპირ დაკავშირებულია იმ საგნებთან, რისკენაც ადამიანი ტრადიციულად ისწრაფვის ხოლმე, თუმცა დროის უქონლობის გამო ამას ვერ ახერხებს. მსგავსი პრობლემის დასასრული კი სწორედ იმ მომენტიდან იწყება, როდესაც საათის წამების ისარი ზაფხულის პირველი დღის პირველ წამს ჩამოჰკრავს და მისი ხმა თითქოს ახალი სიცოცხლის დასაწყისი, ნიშანია, რომლის შემდეგ ადამიანი თავისფლდება სკოლის, უნივერსიტეტის და თვით სამსახურის ვალდებულებებისგან და გადადის ახალ დროის სისტემაში, ახალ განზომილებაში, სადაც უკვე საზრუნავია არა ის, გამოცდებისთვის რა მოამზადო, რა იმეცადინო, ან სამსახურში რაღაც წინასწარგაწერილ კოდებმორგებულმა იარო, არამედ ის, თუ როგორ შეიგრძნო ზაფხულის, თავისუფლების თითოეული წამი. ბუნებრივია, მსგავს სიტუაციაში, ადამიანი უკვე თავისდაუნებურად იძირება აზრების კორიანტელში, სადაც ფიქრს იწყებს იმ საგნებზე, რაზეც ფიქრის დრო არ ჰქონდა შრომის პერიოდში. შესაბამისად ეს პერიოდი ხდება აურაცხელი მოგონებების, პოზიტივისა და თავისუფლების გენერატორი. აქედან გამომდინარე, თუ დავაკვირდებით, ზაფხული ნელ-ნელა იძენს არა უბრალო წელიწადის ერთ-ერთი დროის, არამედ გაცილებით უფრო ფართო, ფილოსოფიურ მნიშვნელობას.

რეი ბრედბერის ,,ბაბუაწვერას ღვინო“ კი იდეალური საშუალებაა ამ ყველაფრის შესაცნობად. ზოგადად, ყველამ იცის, რომ ბრედბერი განთქმულია სამეცნიერო-ფანტასტიკის სფეროში უნიკალური იდეებითა და მოსაზრებებით. თუმცა, ,,ბაბუაწვერას ღვინოში“ თქვენ ნახავთ, რომ ბრედბერმა გადაწყვიტა დროებით მოწყვეტოდა ამ ჟანრს და ცოტა რეალობას დაბრუნებოდა. უფრო რომ დავაზუსტოთ, ბრედბერი კი არ ამოვარდა თავისი მრავალფეროვანი სამყაროდან, არამედ ჩაიძირა რეალობის იმ სამყაროში, რომელიც თავის თავში უკვე მოიცავს ყოველგვარ საოცრებას, ყოველგვარ ფანტასტიკას და უნიკალურ წარმოდგენებს სამყაროს შესახებ. ამ რეალობას ბავშვობა ჰქვია. 

ბრედბერის ,,ბაბუაწვერას ღვინო“ რამდენიმე პატარა მოთხრობისგან შედგება, რომელიც ერთმანეთთა მჭიდრო სიუჟეტურ კავშირშია და ერთობაში ცალკე ნაწარმოებს ქმნის. წიგნში მიმდინარე პროცესები ძირითადად ვითარდება ძმები დუგლასი და ტომის ირგვლივ, რომლებიც ილინოისის ერთ-ერთ პატარა ქალაქში მიმდინარე მოვლენების მონაწილეები ხდებიან. წიგნში აღწერილი მოვლენების კითხვისას მკითხველი განუწყვეტლივ შეიგრძნობს იმ უცნაურ, თავბრუდამსხმელ ატმოსფეროს, რომელიც მომაჯადოებლად მოქმედებს ადამიანის გრძნობებზე. საინტერესოა, რომ კითხვისას მოგვრილი ეს გრძნობა საოცრად ნაცნობი არის ყველა ადამიანისთვის, ვინაიდან მოვლენები ვითარდება ზაფხულში, რომელიც ბრედბერს ცალსახად გაიგივებული აქვს ბავშვობასთან, რომელიც ყველა ადამიანის შემადგენელი ნაწილია. სწორედ ამიტომ, მკითხველი შეამჩნევს კიდეც, თუ როგორი კონტრასტი აქვს შექმნილი ავტორს ბავშვებსა და უფროსებს შორის. მისთვის ეს ორი კატეგორიის ადამიანი სხვადასხვა არსებებს წარმოადგენენ, რომლებსაც გაურკვეველი მიზეზების გამო არანაირი საერთო აღარ აქვთ. 

ვინაიდან წელიწადის ეს სეზონი ავტორმა რაღაც უნიკალურ დროის მონაკვეთად დაგვიხატა, ნაწარმოების მთავარი მოქმედი გმირი დუგლასი აანალიზებს ზაფხულის(ან უბრალოდ ბავშვობის) მნიშვნელობას, მან იცის რომ ეს პერიოდი არ არის დასაკარგი, ვინაიდან თავისუფლების, განცხრომის ეს საათები მხოლოდ 3 თვე გრძელდება და ამ 3 თვის განმავლობაში მან უნდა შეიმეცნოს და დააგროვოს იმდენი მოგონებები, რომელიც მას მთელი სიცოცხლის განმავლობაში ეყოფა. ის გულმოდგინედ აკვირდება ყველა იმ მოვლენას, რომელიც მისთვის შესაძლოა საჭირო აღმოჩნდეს და თითოეულ მნიშვნელოვან მომენტს აღრიცხავს დღიურში, რომელიც მისი განუყოფელი ნაწილია. ამ დღიურში მოექცა ისიც, როდესაც დუგლასმა მამასთან და ძმასთან სერინობის დროს პირველად შეიგრძნო მთელი არსებით, რომ ის ცოცხალი იყო და არსებობდა. მნიშვნელოვანი მოვლენა იყო ისიც, როდესაც ერთ-ერთმა ქალაქის მაცხოვრებელმა, რომელიც დაიღალა ამდენი მოწყენილი, ნაღვლიანი სახეების ყურებით, გადაწყვიტა ბედნიერების მანქანა შეექმნა, რომლის გამოყენებითაც ადამიანი განიცდიდა სიცოცხლის უბედნიერეს წუთებს და ამ ყველაფერს არ ექნებოდა დასასრული, თუკი ამას თავად ადამიანი მოისურვებდა. თუმცა, მსგავსი უნივერსალური მანქანის ხელოვნურად შექმნა არათუ რეალობაში, არამედ ბრედბერის საოცარ სამყაროშიც კი არ შეიძლება, რადგან ყველა ადამიანისთვის ბედნიერება ძალზედ სუბიექტურია და შესაძლოა ბედნიერება სწორედ იქ იმალებოდეს, სადაც ყოველდღიური დაკვირვების გამო შესაძლოა ვერც კი აღვიქვამდეთ. დაწვრილებით ამ ყველაფრის შესახებ კი მკითხველი თავად გაიგებს წიგნის შესაბამის თავში.

საინტერესოა, რომ ამერიკის პატარა ქალაქში თვით პრობლემებიც კი განსხვავებული, რაღაც არა სისტემატური ხასიათისაა. ამ ქალაქში არ არის საუბარი სოციალური სიღატაკეზე, უმუშევრობაზე და მსგავს ყოველდღიურ პრობლემებზე, რომელიც მთელ მსოფლიოში აქტუალურია. თქვენ ნახავთ, რომ ნაწარმოების გმირებისთვის მნიშვნელოვანია ისეთი თემები, როგორიცაა უკვდავება, მარადიული ახალგაზრდობა, ბედნიერების მანქანის შექმნა და ზაფხულის დაუსრულებელი დღეები, რომელიც თავგადასავლებითაა სავსე.

თუ ბრედბერის ნაწარმოებებს დავუკვირდებით, აღმოვაჩენთ, რომ თითქმის ყველა თავის ნაწარმოებში მწერალი ცდილობს რაღაც კუთხით შეეხოს სიკვდილსაც, რადგან ის ყველა  ჩვენგანის თანამდევი მოვლენაა და მისი კონტექსტიდან ამოგდება ნებისმიერი ჟანრის ლიტერატურას ხიბლს უკარგავს. ,,ბაბუაწვერას ღვინო“ ამ მხრივ არ არის გამონაკლისი, მაგრამ აქ სიკვდილი ცოტა სხვა ფორმითაა შეფასებული. ბრედბერმა შესძლო და საოცარი პროფესიონალიზმით აღწერა სიცოცხლის ახლადგაღვივებული ცეცხლის მატარებლის, ანუ ბავშვის ფიქრები სიკვდილის შესახებ. თუ როგორ აცნობიერებს შვიდიოდე წლის ადამიანი ყოვლისმმუსვრელი ცნების შინაარსს:

,,ადამიანებს ვერ ენდობი, რადგან...

ისინი გტოვებენ.

უცხო ადამიანები კვდებიან.

ისეთი ადამიანები, ვისაც კარგაც ინცობ, კვდებიან.

მეგობრები კვდებიან.

ადამიანები ერთმანეთს კლავენ, როგორც წიგნებში.

შენი საკუთარი ოჯახის წევრიც კი შეიძლება მოკვდეს.

ამიტომაც..!

თუკი ტრამვაები, მანქანები, მეგობრები და ახლო მეგობრები შეიძლება წავიდნენ დროებით ან სამუდამოდ, ან დაჟანგდნენ, დაიშალონ, მოკვდნენ, თუკი ადმაიანი შეიძება მოკლა და თუკი დიდი ბებოს მსგავსი ვინმეც კი, წესით უსასრულოდ რომ უნდა ეცოცხლა, შეიძლება მოკვდეს... თუკი ეს ყველაფერი მართალია... ესე იგი... მე, დუგლას სპოლდინგი, ოდესმე... უნდა...

მაგრამ ციცინათელები, თითქოს დუგლასის მძიმე ფიქრებმა დააფრთხესო, მოულოდნელად რბილად ჩაქრნენ.

დიახ, ბრედბერმა ამ შემთხვევაში სიცოცხლეს გაამარჯვებინა სიკვდილზე, არ მისცა საშუალება ბიჭს, რომელსაც სიცოცხლე ახლადდაწყებული ჰქონდა, სიკვდილის წყვდიადით მოცულ ფიქრებში ჩაძირულიყო. თქვნენ ნახავთ, რომ ბრედბერი კიდევ ერთხელ შეძლებს დუგლასს გაამარჯვებინოს სიკვდილზე წიგნის ბოლოს და იმედგაცრუებული დააბრუნოს წყვდიადის საუფლოში, ეს გამარჯვება კი გაცილებით უფრო სიხარულის მომტანი, გაცილებით უფრო შვებისა და ნეტარების მატარებელი იქნება, სადაც უდიდეს როლს ითამაშებს ზაფხულის სურნელი, ანუ მეტაფორა რომ გავშალოთ, ბავშვობის მოგონებების კორიანტელი. ამ ყველაფერს მკითხველი თავად გაეცნობა.

მაგრამ რა არის მაინც ბაბუაწვერას ღვინო, რომელზეც ჯერ არაფერი გვითქვამს? ბაბუაწვერას ღვინო, ეს მისტიური რიტუალით დაწურული ღვინოა, რომელიც ბაბუაწვერებისგან მიიღება და რომელიც ზაფხულის გემოს, ზაფხული მოგონებებს ინახავს და საკმარისია ზამთრის ცივ, სუსხიან დღეს 1 წვეთიც კი დააგემოვნო, რომ მაშინვე სხვა განზომილებაში გადადიხარ. ამ რიტუალს დუგლასის ბაბუა ატარებს, რომლის დროსაც დუგლასს რიტუალის მნიშვნელობასთან ერთად სხვა ფილოსოფიურ თემებზეც ესაუბრება, შეიძლება დუგლასი ამას ვერც კი ხვდება, მაგრამ ოდესღაც, როდესაც ისიც შევა იმ ასაკში, რომელშიც ბაბუა იყო, აუცილებლად მიხვდება...

,,უბრალო იასამნის ბუჩქი ორქიდეებზე უფრო ძვირფასია. ბაბუაწვერა და ეშმაკის ბალახიც ძვირფასია. რატომ? იმიტომ, რომ ძირს დაგაჩოქებს, სულ ცოტა ხნით ჩამოგაშორებს ქალაქსა და ხალხს, ოფლს გამოგადენს და შენი ცხვირის არსებობას შეგახსნეებს. და როცა ასე მარტო რჩები საკუთარ თავთან, ცოტა ხნით კვლავაც საკუთარ თავად იქცევი. ეჩვევი ფიქრსა და განმარტოებას. მებაღეობა ხომ ყველაზე მარჯვედ ამართლებს ფილოსოფოსობას. ვერავინ გამჩნევს, ვერავინ გსაყვედურობს, არადა პეონების კვალში მუხლმოყრილი პლატონი ხარ, კონიოს კვლებზე მზრუნველი სოკრატე. კაცი, რომელიც თავისი ბაღის ბილიკზე ნაკელით სავსე ტომარას მიარწევს, მხრებზე სამყაროს ტვირთდაკიდებულ ატლასს ემსგავსება. როგორც ოდესღაც ბრძანა სემუელ სპოლდინგმა, ,,რაც მეტად ვთხრით მიწას, მით უფრო ღრმად ვაღწევთ საკუთარი სულის წიაღში.“

ბუნებრივია, ეს ამბები მხოლოდ მცირედია იმ ყველაფრისა, რასაც წიგნში შეხვდებით. ბრედბერის გენიალური ჩანაფიქრი მკითხველი რეალობისა და ფანტასტიკის ზღვარზე ამყოფოს, საოცარ ეფექტს ქმნის. შესაძლოა წამით დაიბნეთ კიდეც და გონს ვერ მოეგოთ სად იმყოფებით, რადგან ნაწარმოებში გადმოცემული მოვლენებთან საოცარ ადამიანურ სიახლოვეს იგრძნობთ. აუცილებლად დაგრჩებათ იმის გრძნობა, რომ სადღაც, ოდესღაც თქვენც გადაგხდენიათ თავს მსგავსი თავგადასავლები, რაც დუგლასს გადახდა. თქვენც შებრძოლებიხართ ბოროტ გამყიდველს, რომელსაც ,,ასწლოვანი ჯადოქარი“ ჰყავდა დატყვევებული, თქვენც განგიცდიათ ახალი ნივთის შეძენის სიხარული, რომელსაც ცხოვრების ახალი სტიმული მოუცია თქვენთვის. თქვენც გიგრძვნიათ საკუთარი მეგობრის, ახლობლის დაკარგვის საშიშროება, თუმცა საბედნიეროდ ეს ბნელი ფიქრები იმ ნათელს გაუყრია, რომელიც სწორედ თქვენთვის საყვარელი ადამიანის უეცარ გამოჩენას მოჰყოლია, რაც პირდაპირ იმის მანიშნებელია, რომ სიბნელე სინათლის თანმდევი მოვლენაა, შიში კი განუზომელი სიხარულის.



ავტორი: გიორგი წერეთელი