31 July, 2015

ნილ გეიმანის Marvel 1602


2001 წელს ნილ გეიმანმა, გრაფიკულის ნოველების აწ უკვე აღიარებულმა მწერალმა და The Sandman-ის შექმნელმა, გადაწყვიტა Marvel-თან ეთანამშრომლა და ბედი მეინსტრიმულ კომიქსში მოესინჯა (უფრო სწორად, თავად Marvel-ისგან მიიღო შემოთავაზება). გეიმანი ყოველთვის აღიარებდა, რომ Marvel-ის ფანი იყო, რადგან მისთვის   მარველის მულტივერსი ერთგვარ „ჯადოსნურ“ სამყაროსთან ასოცირდებოდა. გეიმანი დარწმუნებული არ იყო რა სტილის კომიქსს დაწერდა, თუმცა 11 სექტემბრუს მოვლენების შემდეგ გადაწყვიტა, რომ კომიქსში არ ყოფილიყო თვითმფრინავები, ბომბები, იარაღები და ცათამბჯენები. მცირე ხანში, ვენეციაში მოგზაურობიდან დაბრუნებისას, გეიმანს ინსპირაცია ეწვია - ვენეციაში მან დაინახა „თუ რამდენად ახლოს იყო წარსული“.  

როგორც სათაურიდან ჩანს, მოქმედება ხდება 1602 წელს, რადგან ეს იყო „საუკეთესო პერიოდი ამბის მოსათხრობად. ამ პერიოდმა საშუალება მომცა, მომეთხრო ამერიკაზე და განმეხილა სხვა მოვლენები, რომლებიც ცვლიდნენ მსოფლიოს. ამ პერიოდმა ასევე მომანიჭა საოცრებისა და მაგიის განცდა“ - წერს გეიმანი.

Marvel 1602 აერთიანებს ისტორიულ პიროვნებს და მარველის სუპერგმირებს/ვილანებს. ინგლისის სამეფო კარის ინტრიგების პარალელურად მოთხრობილია ესპანეთში მოღვაწე დიდი ინკვიზიტორის, ამერიკაში შექმნილი პირველი კოლონიისა და ტამპლიერთა საიდუმლო განძის შესახებ.  ისტორიული პირვონებებიდან ნარატივში გვხვდებიან ელიზაბეთ I და შოტლანდიის მეფე ჯეიმს I. სწორედ მათი დაპირისპირების ფონზეა მოთხრობილი „ეშმაკის ნაშიერების“ ამბები. ესენი არიან ადამიანები, რომლებმაც, ინკვიზიციის განცხადებით, ეშმაკთან დადეს გარიგება და მიიღეს ზებუნებრივი შესაძლებლობები. ყველაფერი კი იწყება მსოფლიოში ამინდის უცნაური ცვლილებით, პერსონაჟებმა კი უნდა ამოხსნან ამ ფენომენის საიდუმლო და მსოფლიო აპოკალიფსისგან იხნსნან.

Marvel 1602-ის კითხვისას ყველაზე დიდი მუღამი აქვს ცნობილი პერსონაჟების განსხვავებული ვიზუალით და ოდნავ შეცვლილი სახელებით გამოჩენას: ზოგს ვიზუალით ხვდები, ზოგს - ვინაობით, ზოგიერთი პერსონაჟის გამოსაცნობად კი დამატებითი ინფორმაცია გჭირდება. ყოველი პერსონაჟის გაშიფვრის შედეგად მიღებული სიამოვნება კი გაიძულებს ერთ დაჯდომაზე წაიკითხო რვავე ნომერი. 

ინგლისის დაზვერვის სამსახურის უფროსი - ადამიანი ცალი თვალით; ქუჩის ბრმა მომღერალი; ახალგაზრდა ჯაშუში, რომელიც „რატომღაც“ სულ ობობებთან ერთად „იჩითება“; ლატვერიის ჰერცოგი, ზედმეტსახელად „სიმპატიური“; „სიმპატიურის“ ჯაშუში - ევროპაში ყველაზე საშიში ქალი (რომელზედაც აუცილებლად გაგახსენდებათ „სამი მუშკეტერის“ მილედი), გემ „ფანტასტიკას“ ეკიპაჟი, რომლებიც ოკეანეში უცნაური გამოსხივების ქვეშ მოხვდნენ; დედოფლის პირადი ექიმი ბევრი მისტიური ნივთით სახლში; დიდი ინკვიზიტორი, რომელსას უხარია, რომ მკვლელი რკინის ხანჯლით მიეპარა და არა სხვა საშუალებით; დიდი ინკვიზიტორის ორი მსახური: და-ძმა (ძმა ყველაზე კარგი შიკრიკია ევროპაში, რადგან ერთ დღეში რამდენჯერმე „დაქრის“ ესპანეთიდან ინგლისში, ინგლისიდან ვატიკანში და ა.შ.); ინვალიდი კარლოს ხავიერი, სკოტიუს სამერისლი, ჰალ მაკკოი და ა.შ. ეს იმ პერსონაჟთა მცირე ჩამონათვალია, რომლებიც ამ უცნობი გრაფიკული ნოველას კითხვისას უფრო მეტად ფამილიარულ ატმოსფეროს შეგიქმნიან, ვიდრე - მრავალჯერ ნაქები თუ განხილული კლასიკის პირველად წაკითხვისას გაგიჩნდებათ.

რაც შეეხება ლიტერატურულ შეფასებას, აქ ოდნავ გაგიცრუვდებათ იმედები, რადგან ნილ გეიმანისგან აშკარად ბევრის მოლოდინი გაქვს, ბოლოს და ბოლოს რევოლუციური კომიქსი - The Sandman დაწერა. კომიქსი მთლიანად დაცლილია გეიმანის სტილისგან, არ გვხვდება მისტიური განწყობით გაჟღენთილი წინადადებები, უცნაურად დაწყობილი სიტყვები, რაც გეიმანს ახასიათებს. მაქსიმუმ ერთ-ორ ადგილზე წააწყდეთ ისეთ ციტატას, დამახსოვრების სურვილი რომ გაგიჩინოთ. ზედაპირულადაა დახატული პერსონაჟების ფსიქოლოგიური პორტრეტები. ყურადღება გამახვილებულია მოქმდებებზე, თავგადასავლებზე, ინტრიგებზეთუმცა, ეს სულაც არ არის იმის ბრალი, რომ გეიმანი ამ დროს სრულიად დაცლილი იყო გრაფიკული კომიქსების წერის მუზისგან და არც ის უნდა დავასკვანათ, რომ The Sandman მისი ერთი დიდი იღბლიანი გასროლა იყო. აქ გასათვალისწინებელია, რომ Marvel 1602 არის მეინსტრიმული კომიქსი, რომელიც იმთავითვე მარველის სამყაროს ფარგლებით და პერსონაჟებით იყო შეზღუდული, The Sandman კი უშუალოდ გეიმანის ქმნილებაა. სწორედ ასეთი შეზღუდვის ფარგლების მიხედვით თუ შევაფასებთ, Marvel 1602 „ხოშიანი“ გრაფიკული ნოველაა, რომელიც იმდენად წარმატებული (მარკეტინგულად) გამოდგა, რომ მარველის სამყაროში სათავე დაუდო Earth-616-ის (ეს არის სამყარო, სადაც მარველის კომიქსების აბსოლუტური უმრავლესობის მოქმედება მიმდინარეობს) პარალელურ სამყაროს - Earth-313-ს.

ორიოდ სიტყვა Marvel 1602-ის არტზე. გრაფიკული ნოველის ილუსტრაცია შექმნილია განსხვავებული ხერხით: თუ კომიქსთა უმრავლესობა ფანქრით შესრულებული კონტურების შემდეგ ეგზავნება მელნით დამუშავების სპეციალისტებს, Marvel 1602-ის შემთხვევაში ეს ეტაპი გამოტოვებულია და ფანქრით შესრულებული ესკიზების შემდეგ ილუსტრაციები შესრულებილია პირდაპირ გამფერადებლების მიერ (ე.წ. enhanced pencils ტექნიკა). ამგვარი ტექნიკა ქმნის ისტორიული ნამუშევრის ეფექტს, რაც პირდაპირ ეხამება ნაწარმოების ქრონოლოგიურ გარემოს. 

თუ მარველის ალტერნატიული ისტორიები ოდნავ მაინც მოგწონთ, მაშინ Marvel 1602 აუცილებელია თქვენი ბიბლიოთეკისათვის, განსაკუთრებით მაშინ, თუ ზემოთ აღწერილ დიდ ინკვიტორში და მის მსახურებში მაგნეტო, სკარლეტ ვიტჩი და ქვიქსილვერი, დაზვერვის სამსახურის უფროსში ნიკ ფიური, სკოტიუს სამერისლში კი ციკლოპი ამოიცანით და ა.შ. თუ გაინტერესებთ, რა არის ტამპლიერთა საიდუმლო განძი და რამ გამოიწვია დედამიწაზე იქს-ადამიანების 400 წლით ადრე გამოჩენა, მაშინ ეწვიეთ ტორენტებს და გაეცანით ნილ გეიმანის მიერ მოთხრობილ ჯადოსნურ ისტორიას.


ავტორი: გიორგი ნაკაშიძე