22 November, 2016

რუსიფიცირებული ქინგ ქრიმსონი - ნაწილი 1






ვლადიმირ კალნიცკი 

რუსიფიცირებული ქინგ ქრიმსონი


ძვირფასო ვლადიმირ, გიგზავნი სპეციალურ წერილს რათა გითხრა: "აბა შენ იცი, გამომცემლების იმედად!" და მიხარია, რომ შემიძლია ეს გითხრა!    
     
გულთბილი მოკითხვით,
პიტერი (სინფილდი)
29 ივლისი 2000წ.                



ძვირფასო დოქტორო ვლადიმირ კალნიცკი, ...ნებას გრთავთ რომ დაბეჭდოთ ყველა იმ ტექსტის რუსული თარგმანი, რომელიც ჯგუფ ქინგ ქრიმსონისთვის დავწერე. გისურვებთ წარმატებებს თქვენს პროექტთან ერთად.  
             
პატივისცემით,
რიჩარდ პალმერ-ჯეიმსი  
მარტი 21, 2000წ.          


ვლად, ...წარმატებებს გისურვებ. ნებას გრთავ ჩემი ტექსტების გამოყენებაზე.   გაგიმარჯოს! 

ადრიან ბელიუ
მარტი 17, 2000წ.





ქინგ ქრიმსონის მთავარი მიზანია ანარქიის ორგანიზება, ქაოსის დაფარული ძალის გამოყენებით სხვადასხვა ერთმანეთისგან განსხვავებულ მოვლენათა ერთმანეთთან ურთიერთქმედების გზების და მათ შორის წონასწორობის პოვნა.      

რობერტ ფრიპი






ოცდაათ წელზე მეტი ხნის წინ - 1969 წლის 13 იანვარს ლონდონურ Fulham Palace Cafe-ში შედგა პირველი პრეზენტაცია ჯგუფისა, რომელიც მომავალში როკ-მუსიკის ერთ-ერთი მთავარი მოვლენა გახდება. ამ დროს ჯგუფში უკრავდნენ რობერტ ფრიპი (გიტარა), მაიკლ ჯაილზი (დასარტყამი), გრეგ ლეიკი (ბასი, ვოკალი) და იან მაკდონალდი (კლავიში, საქსოფონი, ფლეიტა). მანამდე ფრიპი იყო ჯგუფების - "The Majestic Dance Orchestra, The League of Gentlmen და ტრიო - Giles, Giles & Fripp"-ის წევრი. ამ უკანასკნელის შემადგენლობაში აგრეთვე შედიოდა მაიკლ ჯაილზი. გრეგ ლეიკი - რობერტ ფრიპის ბავშვობის მეგობარი მანამდე გიტარაზე უკრავდა ჯგუფებ - Shame და The Gods-ში. მათთანვე იყო პოეტი პიტერ სინფილდი, რომელიც აგრეთვე გადაადგილება/გადაზიდვის და ხმის ოპერირების მენეჯერი იყო.
               
ითვლება რომ ჯგუფის სახელის - King Crimson/ალისფერი მეფე - იდეა სწორედ სინფილდს ეკუთვნის. მას სურდა გამოეყენებინა ბიელზებაბის სინონიმი. ბიელზებაბი - დაცემული ანგელოზების წინამძღოლი ჯონ მილტონის წიგნიდან "დაკარგული სამოთხე." ეტიმოლოგიურად ბიელზებაბი/Beelzebub შესაძლოა უკავშრდებოდეს როგორც არაბულ "ბ'ილ საბაბ" (ადამიანი, რომელსაც გააჩნია მიზანი) ისე ივრიტულ "ბეელზებუბს" (ბუზთა ბატონი).

ჯონ გრინი, რომელიც სინფილდის შემოქმედებას სწავლობდა, წარმოადგენს თეორიას, რომლის მიხედვითაც ალისფერი მეფის ისტორიული პროტოტიპი ფრიდრიხ II (1194-1250) იყო, - სიცილიის მეფე და წმინდა რომის იმპერატორი. (უფრო დეტალურად ამის შესახებ თავში - "ალისფერი მეფის საიდუმლოებები").

ჯგუფის პირველი საჯარო გამოსვლა შედგა 1969 წლის 9 აპრილს ლონდონურ კლუბ Speakease - ში. ამის შესახებ თავის დღიურში რობერტ ფრიპი წერდა: "გრანდიოზული წარმატება. მუსიკალურ წრეებში ალაპარაკდნენ." იმავე წლის 5 ივნისს ჯგუფი ფართოდ გაიჭრა და 650 ათაში მსმენელის წინაშე გამოვიდა ჰაიდ-პარკში ისეთ ბენდებთან ერთად, როგორებიც არიან Rolling Stones, Family, Battered Ornaments, Third Ear Band, Screw და ა.შ.                       
ქინგ ქრიმსონის პირველმა ალბომმა - In The Court of The Crimson King/ალისფერი მეფის კარზე, დღის სინათლე 1969 წლის 10 ოქტომბერს იხილა. The Who-ს პიტერ თაუნშენდმა ალბომს "ზებუნებრივი შედევრი" უწოდა, ჟურნალმა როლინგ სთოუნზმა მას პრეტენზიული უწოდა, ჟურნალმა მელოდი მეიქერმა კი დაწერა: ალბომი სცენაზე მათი რეალური შესაძლებლობების სრულ ასახვას არ იძლევა, მაგრამ თავის თავში გასაოცარ იმპულსს მოიცავს". ალბომს ხსნის 21st Century Schizoid Man/ 21-ე საუკუნის შიზოიდი,  რომელიც ხმამაღალი ხმის ტალღით იპყრობდა მსმენელს, ისეთი კომპოზიციებისთვის კი როგორებიცაა Epitaph/ეპიტაფია და ალბომის სახელობით სიმღერა, ორკესტრის ეფექტის შესაქმნელად აქტიურად იქნა გამოყენებული - მელოტრონი, რომელსაც ზედმეტად რთული მოწყობილობის გამო იშვიათად თუ იყენებდნენ.

პირველი ალბომის შემდეგ შეიქმნა და ნელ-ნელა გაძლიერდა ქრიმსონის ფანების მოძრაობა. პირველი ამერიკული ტურნე ქინგ ქრიმსონმა 1969 წლის დეკემბერში ჩაატარა. გამოდიოდა სხვა პოპულარულ ბენდებთან ერთად. მათგან კი ძირითადად მუსიკისა და ტექსტების აპოკალიპტური შინაარსით გამოარჩევდათ. ამას ემატებოდა ერთმანეთში გადახლართული ინსტრუმენტალიზმი. ყველაფერთან ერთად აქ იყო რობერტ ფრიპი თავისი არაჩვეულებრივი ვიზუალით. წარმოიდგინეთ, წამყვანი გიტარისტი, რომელიც პირველი რვა კონცერტის შემდეგ გადაწყვეტს, რომ სცენაზე სკამზე მჯდარმა უნდა უკრას.

ქრიმსონის მეორე ალბომი - In the Wake of Poseidon/პოსეიდონის კვალდაკვალ, ჩაიწერა იმ დროს, როცა ბენდში სერიოზული საკადრო ცვლილებები იგეგმებოდა: გრეგ ლეიკი წასვლას და ახლადფორმირებული სუპერჯგუფ "Emerson, Lake & Palmer"-თან შეერთებას აპირებდა, მაკდონალდი და ჯაილზი დუეტის შექმნას გეგმავდნენ, (საბოლოოდ მაკდონალდის არჩევანი ჯგუფ Foreigner-ზე შეჩერდა). სტუდიური სამუშაოსთვის კი მოწვეულ იქნენ ბასისტი პიტერ ჯაილზი (Giles, Giles & Fripp-ის მეორე ჯაილზი), პიანისტი კიტ ტიპეტი, ვოკალისტი გორდონ ჰესქელი (ფრიპის ყოფილი პარტნიორი The League of Gentlemen-ში) და მელ კოლინზი, რომელიც Circus-ში საქსაფონსა და ფლეიტაზე უკრავდა. აგრეთვე განიხილებოდა ძირითად ვოკალისტად ელტონ ჯონის ან ბრაიან ფერის მოყვანის საკითხიც, მაგრამ ფრიპი საცდელი მოსმენებით უკმაყოფილო დარჩა.   


პოსეიდონის უმეტესი ნაწილი და ხმის სისტემა ძირითადად სადებიუტო ალბომთან პოულობდა მსგავსებას. პირველი მხარე სახელობითი კომპოზიციით სრულდებოდა: ბრალდებითი მელოტრონიზირებული ოპუსით, რომელიც საკმაოდ წააგავდა პირველი ალბომის ეპიტაფიას. მეორე მხარე შეიცავდა შესანიშნავ და საკმაოდ ლამაზად სტილიზებულ - Cat Food/კატის საკვებს, რომელშიც მუსიკა და ტექსტი იმგვარ სინთეზს ქმნიდა, რომ არაფრით ჰგავდა ქრიმსონის წინა ნამუშევრებს. ამ ყველაფერს ემატებოდა The Devil's Triangle/ეშმაკის სამკუთხედი - რომელიც ინსტრუმენტალურ, პრაქტიკულად ორკესტრულ ჩანაწერს აგრძელებდა და ამ ყველაფრის შემდეგ თქვენთვის აშკარა გახდება, რომ ალბომის წარმატება გარანტირებული იყო. მიუხედავად ამისა, არ ცხრებოდნენ კრიტიკოსები, რომლებიც მუდმივად მსგავსებებზე საუბრობდნენ და მათი დიდი ნაწილი ნაადრევადაც აფასებდნენ ამ ყველაფერს, როგორც ბენდის მალევე დაშლის წინაპირობას.                                         

სხვა ყველაფერთან ერთად, პოსეიდონი - ეს იყო საკმაოდ საინტერესო, მითოლოგიური სიუჟეტის მქონე ალბომი. კონცეპცია ძირითადად კვლავ პიტერ სინფილდს ეკუთვნოდა, რომელმაც ასახვა ჰპოვა თვით ალბომის ყდაშიც. მთელი იდეა იმაში მდგომარეობდა, რომ მომხდარიყო ანტიკურობასა და თანამედროვეობას შორის პარალელების გავლება. სწორედ ამიტომ გამოიყენა ანტიკური მითები კონტექსტის მასალად და ეს ყველაფერი იმდენად სერიოზულად გააკეთა, როგორც ჯერ არავის - როკ მუსიკის ისტორიაში. ამ ტენდენციამ კარგად მოიკიდა ფეხი და ქინგ ქრიმსონმა ამ მიმართულებითაც გააერთიანა სხვა ისეთი ბრიტანული ბენდები, როგორებიც იყვნენ - Yes, Emerson, Lake & Palmer, Genesis... პრაქტიკულად ეს გაერთიანება მოიაზრებოდა მუსიკალურ მიმართულებად, რომელსაც Art Rock/სახელოვნებო როკს ან Progressive Rock/პროგრესულ როკს უწოდებდნენ. თუმცა, 70-იანების დასაწყისში ამგვარი ტერმინოლოგიით დატვირთვა და რანგირება მხოლოდ კრიტიკოსებს თუ აინტერესებდათ.

ამასობაში დაიწყო მომზადება შემდეგი ალბომისთვის - Lizard/ხვლიკი, რომელშიც სრულებით აშკარად გამოჩნდა ფრიპის ჯაზისადმი ინტერესი. ამ გრძნობისთვის ფრთების შესხმა ფრიპმა პროექტ Centipede/ორმოცფეხა-ს პროდიუსინგით მოახერხა. ქინგ ქრიმსონის მესამე ალბომის შექმნაში კი ბევრმა მუსიკოსმა მიიღო მონაწილეობა, ესენი იყვნენ: ენდი მაკკალოჰი, რობინ მილერი, მარკ ჩარიგი და ნიკ ევანსი. კომპოზიციისთვის Prince Rupert Awakes/პრინცი რუპერტი იღვიძებს, მოწვეულ იქნა აგრეთვე Yes-ის ჯონ ანდერსონი. 


მესამე ალბომი გასაოცარი იყო იმ მხრივაც, რომ ფრიპი, რომელიც დიდი სიამოვნებით უკრავდა აკუსტიკურ გიტარაზე, მაინც ცდილობდა რომ ძირითადად მეორე პლანზე დარჩენილიყო, მაშინ როცა მოვლენების ეპიცენტრში რობინ მილერის ჰობოი იდგა. თუმცა, ის, რამაც ეს ალბომი მართლაც გამორჩეულად აქცია, იყო მასზე მიღებული კრიტიკოსების შეფასებები. ვეღარსად შეხვდებოდით სტატიებს ფრაზებით: "ნუ, კი მომწონს, მაგრამ..." კრიტიკოსების უმეტესობამ ან უსიტყვოდ შეიყვარა ლიზარდი, ანდა თავიდანვე შეიძულა. ამგვარი ტენდენცია კიდევ მრავალ წელს გაჰყვება ქინგ ქრიმსონს და ჩვენს დღემდეც მოჰყვება.

1971 წლის 3 დეკემბერს გამოვიდა ნაზი და მშვიდი ალბომი - Islands/კუნძულები, რომელიც უფრო მეტად იყო ამბავი იმის შესახებ, თუ რას წარმოადგენდა ბენდი თავის თავად. ამ ალბომში პირველი შემადგენლობიდან მხოლოდ ფრიპი და სინფილდი დარჩნენ. მათ შეუერთდნენ მელ კოლინზი, რომელიც ლიზარდზეც იყო მოწვეული, როგორც ფლეიტისტი და საქსოფონისტი, აგრეთვე ვოკალისტი ბოზ ბარელი, რომელსაც ფრიპმა მალევე ბასიც ასწავლა და დასარტყმელ ინსტრუმენტებზე - იან უოლასი, რომელიც მანამდე The Warriors (ჯონ ანდერსონთან ერთად), Bonzo Doodah Band და The World - თან ერთად გამოდიოდა. ეს კვარტეტი დროდადრო სცენაზე იმატებდა პოეტ, პიტერ სინფილდს, რომელიც VCS3 სინთეზატორზე უკრავდა და ალბომის გამოსვლის მომენტიდან აქტიურად ახლდა ბენდს გასტროლებზე. ამ დროისთვის ფრიპმა უკვე დაარწმუნა პუბლიკა იმაში, რომ ჩაწერილი ალბომები მისთვის მეორეხარისხოვანი იყო. მთავარი სიამოვნება კი, მისთვის, როგორც მუსიკოსისთვის - იყო ცოცხალი შესრულება. ამ დროისთვის ქრიმსონის ბოლო ორი ალბომის მუსიკა გამორჩეულად ფრიპის მიერ იქნა დაწერილი.


ახლა უკვე აღარავის ეპარებოდა ეჭვი იმაში, რომ ქინგ ქრიმსონი კონკრეტულად ფრიპის ბენდი იყო. შესაძლოა, სწორედ ამიტომაც არ გაკვირვებია ბრიტანულ პრესას, როცა მორიგი ახალი წლის დასაწყისში სინფილდმა ფრიპი დატოვა. არ შეიძლება იმის დამალვა, რომ ეს ბენდისთვის დიდი დანაკლისი იყო. დიდწილად სწორედ სინფილდის დამსახურებაც იყო ის, რომ ქინგ ქრიმსონის პირველი ალბომი იქცა იმათ, რასაც რიხარდ ვაგნერი უწოდებს - Gesamtkunstwerk - ხელოვნების სრულყოფილ ნაწარმოებს, მუსიკის, მხატვრობისა და ტექსტის ჩათვლით. არც ერთ ამ ალბომში არაფერი არ ხდება შემთხვევით, ამა თუ იმ ერთეული ეფექტის მისაღწევად. ქრიმსონიდან წამოსვლის შემდეგ სინფილდი კიდევ რამდენიმე ჯგუფთან თანამშრომლობდა, რომელთაგანაც ყველაზე ცნობილია Emerson, Lake & Palmer. 1973 წელს კი მან სოლო ალბომი Still/სიჩუმე გამოუშვა, რომელშიც წარმოადგენდა როგორც კომპოზიტორს, პოეტს და მუსიკოსს, აგრეთვე მომღერალს. 

მიუხედავად აშკარა კონფლიქტისა, ჯგუფი მაინც დაუღალავად ემზადებოდა ამერიკული ტურნესთვის, რომელიც გაზაფხულზე უნდა შემდგარიყო. 1972 წლის 27 მარტის კონცერტი Yes-თან ერთად ჩატარდა. ეს იყო ბოლო კონცერტი, რომელზეც დასარტყამ ინსტრუმენტზე უკრავდა ბილ ბრუფორდი. ქრიმსონის ისტორიაში გარდამტეხი ეტაპი დადგა. 

22 აპრილს რობერტ ფრიპი ამერიკული ტურნედან მარტო დაბრუნდა. აღარ იყვნენ მის გვერდით ბოზ, მელ და იანი. ბევრი კრიტიკოსი და ფანი მანამდეც ხვდებოდა, რომ ბენდი იშლებოდა, ანდაც ყოველ შემთხვევაში, განსხვავებული მუსიკალური მიმართულებით ვითარდებოდა, რადგან აშკარა იყო, რომ დარჩენილი სამი წევრი ტიპური როკერი იყო, ინტელექტუალი და ექსპერიმენტატორი ფრიპი კი სხვა მუსიკალური შედეგისთვის იღწვოდა. იან უოლასი და მელ კოლინზი მალე გახდნენ წარმატებული სტუდიური მუსიკოსები, ბოზ ბარელი იქცა Bad Company-ს ერთ-ერთ დამაარსებლად.

ამერიკული ტურნეს დროს გაკეთებული რამდენიმე ცოცხალი ჩანაწერით შედგა ახალი ალბომი - Earthbound/მიწიერი. განსხვავებული შეხედულებების მიხედვით, ეს ალბომი შეიძლება ჩაითვალოს, ან არ ჩაითვალოს ქინგ ქრიმსონის პირველ საკონცერტო ალბომად. კომპანია ატლანტიკ რიქორდსმა შტატებში არც კი გამოუშვა ის, ბრიტანულმა ვერსიამ კი საკმაოდ დაიგვიანა. ამის ახსნა მარტივია: ეს იყო საკმაოდ ჩახლართული ჩანაწერი, უხარისხო ხმის ხარისხით და მიუხედავად ამისა, ქრიმსონის ნამდვილ მოყვარულებს მაინც უყვართ იგი, რადგან სხვა თუ არაფერი, ეს იყო პირველი ცოცხალი ალბომი, რომელიც ლეგალურად ჩაიწერა. აქ მოისმენთ შიზოიდს და მეზღვაურის მონათხრობს - ალბომ Islands-ის ერთ-ერთ გამორჩეულ კომპოზიციას. საინტერესოა, რომ დღემდე ეს ლაივ-ალბომი მხოლოდ ვინილის მოყვარულებს აქვთ შემონახული. ოფიციალურად კომპაქტ დისკზე ის არასდროს გამოცემულა.

1972 წლის დარჩენილი გაზაფხული ფრიპმა ახალი ადამიანების გაცნობაში გაატარა. სწორედ ეს ადამიანები ითამაშებენ სერიოზულ როლს შემდგომში ქრიმსონის ალბათ ყველაზე მნიშვნელოვან პერიოდში. ბილ ბრუფორდთან გაცნობის პირველი შესაძლებლობა რობერტ ფიპს 1970 წელს პოსეიდონის პერიოდში მიეცა, როცა ჯერ ისიც კი არ იყო ცხადი, განაგრძობდა თუ არა ჯგუფი არსებობას. პიტერ ბენკსმა ის-ის იყო დატოვა Yes, ამიტომ ფრიპს სწორედ ამ ბენდში უხმეს როგორც წამყვან გიტარისტს. (შემდგომში ასეთი გახდა სტივ ჰოუი). ფრიპმა შემოთავაზებაზე უარი თქვა, ბრუფორდი კი Yes-ის დასარტყამებზე დარჩა. მიუხედავად ამისა, მათი ნაცნობობა შედგა. ჯონ უეტონი, ისევე როგორც ფრიპი, ბორნმუთში დაიბადა. პირველადაც იქაურ კოლეჯში შეხვდნენ ერთმანეთს. უეტონი ბასზე უკრავდა ბენდებში Family და Mogul Thrash და საკმაოდ კარგადაც ფლობდა ისნტრუმენტს. ფრიპმა თითქმის დაიყოლია ის ბენდთან შემოერთდებაზე Islands-ის პერიოდში, რაც ბოზს მთლიანად ვოკალზე გადართავდა მაგრამ უეტონმა წინასწარვე იგრძნო ზეწოლა და უარი თქვა. ამ პერიოდში, უკვე რამდენიმე წლის განმავლობაში ჯაზ და ავანგარდ წრეებში შემჩნეული იყო ჯემი მური - მისტიკოსი და შეშლილი მუსიკოსი, რომელიც მელოდიურ დასარტყამებზე უკრავდა და ურთიერთობა ჰქონდა ისეთ ბენდებთან როგორებიცაა Boris, Pete Brown's Battered Ornaments, Asagai, Sunship და Music Improvisation Company.

ფრიპი იხსენებს, რომ როცა მან მურს დაურეკა და ბენდში მოიწვია, მან ეს ინფორმაცია ზედმეტი გაკვირვების გარეშე მიიღო, თითქოს ამ შეთავაზებას უკვე რამდენიმე წელია ელისო. ფრიპმა, რომელიც როგორც წესი იხიბლებოდა სასულე ინსტრუმენტების მცოდნე მუსიკოსებით, რათა საბოლოოდ დაესრულებინა ბენდის ხმოვანი ნაწილის ფორმირება, გადაწყვიტა, რომ ამ ეტაპისთვის მეხუთე ინსტრუმენტად ვიოლინო გამოეყენებინა. მევიოლინე დევიდ ქროსი იმ დროისათვის მუშაობდა მომღერალ პ.ჯ. პრობისთან ერთად ფოლკ-როკ ჯგუფში - Ring. ქროსი კლავიშზეც უკრავდა, რაც მისთვის დამატებით შესაძლებლობებს ხსნიდა. თავის მხრივ, ფრიპიც იწყებდა მელოტრონით და სხვა კლავიშებიანი ინსტრუმენტებით ექსპერიმენტებს. 

ამ ახლადქმნილი პერიოდის საწყისებზე რიგი ტრანსფორმაციები განიცადა ფრიპის გარეგნულმა მხარემაც. გაქრა მისი ტალღოვანი თმები, რომლებიც აქამდე მხრებამდე სწვდებოდა. მოკლედ შეჭრილმა ფრიპმა წვერის დატოვება გადაწყვიტა, რაც აქამდე უკვე სცენაზე შეძენილ დაკვრის და ქცევის სტილთან ერთად მას დამატებით "ბოროტულ" იერს სძენდა. სკამზე მოკალათებული, ხელში Les Paul-ის შავი გიტარით, ფრიპი ხშირად არც კი იმჩნევდა პუბლიკას, არ იპყრობდა მის ყურადღებას მსმენელი არც საკუთარი იმპროვიზაციების დროს. რა თქმა უნდა, ეს შორს იყო როკ-სტილისგან და შეიძლება ფრიპი ამგვარად თავისი მისწრაფებების სერიოზულობის ხაზგასმასაც ცდილობდა, საბოლოოდ კი ის ცნობილი გახდა როგორც მისტერ როკის სპოკი/Mr. Spock of rock. - ამერიკელი ექიმისა და პედაგოგის სახელის მიხედვით, რომელიც ბავშვების აღზრდის შესახებ წერდა წიგნებს.


ალბომ - Larks' Tongues in Aspic/ტოროლების ენები ლაბაში, მთავარი ნაწილი დაიწერა (და მაშინვე შესრულდა ინგლისელი პუბლიკის წინაშე) კარგა ხნით ადრე, სანამ გამოვიდოდა - 1973 წლის დასაწყისში. ალბომის სახელწოდება მოიფიქრა მურმა. როცა ვიღაცამ რეპეტიციაზე იკითხა - რა დავარქვათ ალბომს? - მან დაუფიქრებლად უპასუხა: ტოროლების ენები ლაბაში, აბა სხვა რა?


შემდგომი პერიოდის ქრიმსონისთვის სიტყვა "მაგია" საკვანძო მახასიათებლად იქცა. ამისთვის ისინი ჟურნალ მელოდი მეიქერს უნდა უმადლოდნენ, სადაც ხშირად იწერებოდა მათ შესახებ და მათი სტატიების წყალობით გახდა სიტყვა "განსახიერება" მათ მუდმივ თანმდევად. ამას ემატებოდა ფრიპის უნარი - შეერწყა ერთმანეთისთვის მისტიციზმი და შექმნის პროცესი, რომლის შესახებაც თავის ინტერვიუებსა და დისკუსიებში საუბრობდა. ამ ალბომმა ყველა სხვა დანარჩენთან შედარებით ყველაზე კარგად შეძლო გამოეხატა ქინგ ქრიმსონის უნარი - მოსმენის დროს მიგეღწიათ მუსიკალური დაძაბულობისთვის. და აგერ უკვე 27 წლის შემდეგაც კვლავ ახალივით ჟღერს.

ქრიმსონის მეექვსე ალბომისთვის, ისევე როგორც შემდეგი ორისთვის, ტექსტები დაწერა რიჩარდ პალმერ-ჯეიმსმა, ბენდ Supertramp-ის წამყვანმა გიტარისტმა, შესრულება კი ჯონ უეტონმა ითავა. ზემოაღნიშნული ალბომის გახსნით კომპოზიცია Larks' Tongues in Aspic Part one/ტოროლების ენები ლაბაში ნაწილი I, შეუძლებელია მივაკუთვნოთ აქამდე შექმნილ რომელიმე ნაწარმოებს. იყო ეს როკი, ავანგარდი, თუ ჯაზი? თუმცა რა მნიშვნელობა აქვს ამას? ალბომის ორი კომპოზიცია - Exiles/განდევნილები და Easy Money/იოლი ფული ერთმანეთისგან რადიკალურად განსხვავებულ პოლუსებზე მდებარეობს: პირველი - ეს არის დაბურული და საიდუმლოებებით მოცული ბალადა, მეორე კი - მე-20 საუკუნის მატერიალიზმის ცინიკური შარჟი. ალბომს ასრულებს ინსტურმენტალი - Larks' Tongues in Aspic Part Two/ტოროლების ენები ლაბაში ნაწილი II, რომელიც დღემდე აქტიურად სრულდება კონცერტებზე. ის ქრიმსონის ფანატების არაერთი თაობის ფავორიტი ნაწარმოებია და აგებულია გიტარის მძიმე რიფზე, რომელიც შესანიშნავია თავისი სიმარტივით. ქროსის ვიოლინო უცნაურ მელოდიასთან მისთვის აუცილებელ კონტრპუნქტს ქმნის, რომელიც დიდ ხანს რჩება თქვენთან მას შემდეგ, რაც მუსიკა სრულდება. ამას დაუმატეთ ყველაზე უჩვეულო ჟღერადობა და გონგის ხმები, თეფშები, მეტალის ჯაჭვები, რომლებზეც უკანა ფონზე მური ჯადოქრობს და თქვენ აღმოაჩენთ კლასიკურ ქინგ ქრიმსონს.

როგორც იქნა ქრიმსონმა სტაბილური სახე მიიღო როგორც მუსიკალური, ასევე პერსონალის მხრივ. თითქოს გამოჩნდა დიდ ხანს გაქაჩვის პერსპექტივაც. სამწუხაროდ, 1973 წლის 17 თებერვალს სცენაზე მიღებული ტრავმის შემდეგ ჯემი მურმა ჯგუფი დატოვა, შოტლანდიაში ბუდისტურ მონასტერს მიაშურა და ჩამოშორდა მუსიკალურ სცენას 1980 წლამდე (მონასტრიდან დაბრუნების შემდეგ ევან პარკერთან და დერეკ ბეილისთან ერთად რამდენიმე ჩანაწერი გააკეთა, შემდეგ საბოლოოდ მიატოვა მუსიკა და ფერწერაში გადაინაცვლა). დარჩენილმა კვარტეტმა ახალი ამერიკულ-ევროპული ტურნე დაიწყო, რომელიც საკმაოდ წარმატებული აღმოჩნდა.

აგვისტოში ბენდმა დაიწყო იმ ახალი კომპოზიციების რეპეტირება, რომლებიც შემდეგ ახალ ალბომში შევიდა - Starless and Bible Black/უვარსკვლავო და ეგვიპტური წყვდიადი. ალბომის სახელწოდება ნასესხებ იქნა ინგლისელი მწერლის დილან ტომასის წიგნიდან: "პატარა ქალაქში გაზაფხული უმთვარო ღამე იდგა, უმთვარო და შავი, როგორც ეგვიპტური წყვდიადი..." 

The Great Deceiver/დიდი მატყუარა-ს ჩაწერით ნემსისებრი დარტყმა მიაყენეს ვატიკანის კომერციალიზმს, Lament/ელეგია კი მუსიკალურ ბიზნესზე და მუსიკალურ მენეჯერებზე დაწერილი სატირაა. ამ კომპოზიციამ თითქმის მძიმე როკისებრი 21-ე საუკუნის შიზოიდისკენ იბრუნა პირი, მაშინ როცა Fracture/მსხვრევა, მიუხედავად კლიმაქტერიული დასასრულისა, შეიცავს მშვიდ ელემენტებს, გიტარის სოლოს, რომელიც კვლავ განაგრძობს იმ მსმენელის მოხიბვლას, ვინც პირველ ნაბიჯებს დგამს გიტარით ხელში. ალბომში, რომელმაც დღის სინათლე შემდეგ წელს იხილა, ბევრი კომპოზიცია შევიდა ისეთი, რომელიც დიდ ბრიტანეთსა და კონტინენტურ ევროპაში ჩატარებული კონცერტების დროს დაიწერა. ეს იყო მსმენელთათვის სრული შოკი: დარბაზში არსებული ყველა ხმა გაქრა (თუკი იყო ასეთები) და ბენდის ჟღერადობამ სტუდიური ჩანაწერის სახე მიიღო. წავიდა ისეთი კონცერტების დრო როგორიც იყო Earthbound. ახლა ბენდი უკვე უნაკლოდ ჟღერდა.

Starless and Bible Black-ის ტექსტების დიდი დოზით ცინიკური კრიტიკა გამოწვეული იყო ტურნეების დატვირთული გრაფიკით და ჰონორარის თაობაზე მენეჯერთან ხშირი კამათით. იმ დროისთვის ფრიპისთვის ჯერაც საიდუმლოდ რჩებოდა, რომ მინიმუმ ერთი წევრი ქრიმსონის კოლექტივიდან, დაკვრით სიამოვნებას აღარ იღებდა. ვციტირებთ დევიდ ქროსს: "ჩვენი იმპროვიზაციის უდიდესი ნაწილი საშინელების და პანიკის ფონზე იბადებოდა." სწორედ ქროსის სურვილი, აღარ მიეღო მონაწილეობა შემდგომ კონცერტებში და ფრიპის მიერ იმის გააზრება, რომ ტურნე რაღაც სურეალისტურში გადაიზარდა, გახდა საბოლოო ლურსმანი იმ კუბოზე, რომელშიც 70-იანების ქინგ ქრიმსონი ჩაესვენა.

ალბომი Red/წითელი 1974 წლის ივლისში ჩაიწერა. ერთი თვით ადრე ბენდმა ჩაატარა თავისი ბოლო კონცერტი ნიუ-იორკის ცენტრალურ პარკში. "ჩემი აზრით, ეს ყველაზე მძლავრი გამოსვლა იყო 1969 წლის შემდეგ," - ჩაწერა ფრიპმა თავის დღიურში. ბენდის ძლევამოსილებას ამტკიცებდა ზემოხსნებული ალბომის სახელობითი კომპოზიციაც. მეორე მხარე კი ორ ერთმანეთზე მიბმულ თრექს შეიცავდა - Providence/ბედისწერა - ცოცხლად ჩაწერილ თემას ქროსის ვიოლინოს იმპროვიზატორული ვარიაციით (და ამ დროს ქროსი უფრო როგორც მოწვეული მუსიკოსი, ისე ღებულობდა მონაწილეობას) და დასკვნითი კომპოზიციას - Starless/უვარსკვლავო, - უფრო მეტად ტიპური მატერიალი, რომელიც მელოტრონული კრეშენდოთი სრულდებოდა. ფრიპმა ამ ალბომის ჩაწერისას მოიწვია ყველა ყოფილი ქრიმსონელი და მიაღწია დაუჯერებელ ჟღერადობას, რომელიც ძველი და ახალი ქინგ ქრიმსონის შერწყმის შედეგი იყო. ამასთან, მან მიაგნო საკუთარ ფილოსოფიას, ან როგორც ალქიმიკოსები ამბობენ, - წითელ ქვას - როგორც ფიზიკურ, ისე სულიერ სუბსტანციას, რომელსაც ტყვიის ოქროდ და ადამიანის სუპერადამიანად ქცევა შეეძლო. ალბომის სახელწოდებაც ამით აიხსნება. 

"ბედისწერა" - ალბომიდან "Red" ჩაიწერა სხვა რამდენიმე ნაშრომთან ერთად ამერიკული ტურნეს დროს ჩაიწერა. ამ ჩანაწერებმა შემდგომში შეადგინა ალბომი - USA/აშშ. დისკს არ გაუვლია არანაირი სტუდიური წმენდა: შენარჩუნდა მსმენელთა ხმა, წამოძახილები "ბრუფორდ!" და "ფრიპ!", რომლებიც მუსიკოსების სცენაზე გამოჩენისას ისმოდა. ამ ალბომს ხშირად უწოდებენ პირველ ლეგალურ კონცეპტუალურ ალბომს ქრიმსონის შემადგენლობაში. ეს იყო სერიოზული ნაბიჯი Earthbound-ის უხარისხო ხმოვანებიდან. ალბომი იხსნება (როგორც იქნა!) პირველი ცოცხალი ვერსიით კომპოზიციისა "ტოროლების ენები ლაბაში ნაწილი II", რომელიც სერიოზულად განსხვავდება საკონცერტო ვერსიაში. "ელეგია" და "განდევნილები" ალბომის პირველ მხარეს ასრულებენ. მეორე მხარე კი იხსნება Asbury Park/ეშბერი პარკ-ის იმპროვიზაციით, რომელსაც მოჰყვება "იოლი ფული" და ალბომი სრულდება კარგად ნაცნობი "შიზოიდით". ამითვე სრულდება ამ პერიოდის ქინგ ქრიმსონის ისტორიის მორიგი გვერდი.


პრესასთან ფრიპმა ქინგ ქრიმსონის დაშლის სამი მიზეზი დაასახელა: "პირველი მიზეზი ის არის, რომ ეს დაკავშირებულია მსოფლიო ცვლილებებთან, მეორე: მე ვთვლიდი, რომ ისეთ ბენდში მონაწილეობა, როგორიც იყო ქრიმსონი, ლიბერალური აღზრდის საუკეთესო მაგალითი იყო, რომელიც ახალგაზრდა ადამიანს შეეძლო მიეღო. ახლა კი ვხვდები რომ ეს ასე არ არის. მესამე მიზეზია ის, რომ ენერგია, რომელიც ბენდის ცხოვრების ინდივიდუალურ სტილს ერგება, არ მოდის ჩემს საკუთარ ცხოვრებასთან თანხვედრაში." ფრიპმა განაცხადა, რომ როკ მუსიკა მთლიანობაში, ეს არის - "დინოზავრების ორდენი" და აქვე უკმაყოფილება გამოხატა პუბლიკის ცვლილების მიმართ, რომლებიც ბენდის მხრიდან ხმოვანი ძალით ზემოქმედებას ითხოვდნენ, რათა ჩაეგდო მსმენელი პანიკაში და ამგვარად მიეჯაჭვა მათი ყურთასმენა. ამით აიხსნება ფრიპის მოულოდნელი უარი მომდევნო ტურნეზე, მაშინ როცა იან მაკდონალდი უკვე გეგმავდა ბენდში დაბრუნებას. რა თქმა უნდა, ბრუფორდიც და უეტონიც ფრიპის გადაწყვეტილებით იმედგაცრუებულები დარჩნენ. შემდგომში უეტონი Uriah Heep-თან და Roxy Music-თან ითანამშრომლებს, საბოლოოდ კი შექმნის ჯგუფს - U.K., ამას მოჰყვება ზეპოპულარული Asia. ბრუფორდი კი, რომლის ისტორიაც ქინგ ქრიმსონთან, ჯერაც არ დამთავრებულა, შექმნის ბენდს - Earthworks, აგრეთვე ითანამშრომლებს U.K. Genesis და სხვა ცნობილ მუსიკოსებთან, მალევე განაახლებს Yes-თან ერთად ტურნეს. 

70-იანების ბოლოსკენ კვლავ გრძელდებოდა ფრიპის ცხოვრების ევოლუცია და ცვლილებები. მათი უმეტესობა პირადი ფილოსოფიური ხასიათის იყო, რომელთა გარკვევაც ზედმეტად რთულია, რათა ახლა მათ შევეხოთ. საკმარისია იმის თქმა, რომ მთავარი იდეა აღმოჩნდა მსოფლიო წესრიგის რღვევის რწმენა და ახლობელი ეკონომკური კრახი. ფრიპი ატარებდა ბევრ ტურნეს, როგორც სოლო-მუსიკოსი და თავის ფრიპერტონიქსს სხვადასხვა ხალხებს წარუდგენდა, ეს მუსიკალური ინსტრუმენტი მისთვის ბრაიან ენომ აღმოაჩინა, რომელიც Roxy Music-ის ყოფილი კლავიშისტი იყო. პარალელურად ის უკრავდა გიტარაზე და აკეთებდა ჩანაწერებს ისეთ ხალხთან ერთად როგორებიც არიან პიტერ გაბრიელი, ბრაიან ინო, დეივიდ ბოუი, დერილ ჰოლი, აგრეთვე ბენდები Roches და Blondie. 1979 წლის ბოლოს ფრიპმა გამოუშვა თავისი პირველი სოლო-ალბომი - Exposure/დაუცველობა.

1980 წელს ფრიპმა მორიგი უცნაური გაადწყვეტილება მიიღო, მიატოვა ყველა სხვა წინანდელი დაწყებული საქმე და დაიწყო ახალი ბენდის ორგანიზება - The League of Gentlemen/ჯენტლმენთა ლიგა. პირველი ბენდის სახელწოდების აღდგენით, თითქოს ფრიპიც ხელახლა იწყებდა ცხოვრებას. აშკარა გახდა დაკვრის ახალი მანერა, მშვიდი და თანაც რიტმული. შეიცვალა გიტარის ჟღერადობა: უხეში ცივი სოლოები უფრო თბილი ბგერებით შეიცვალა, უფრო აშკარად გამოიკვეთა გიტარის ტონალობები. თუმცა, ლიგის არადამაკმაყოფილებელმა რიტმულმა სექციამ, ფრიპი აიძულა, შეექმნა ქინგ ქრიმსონის ახალი სახესხვაობა. პირველ რიგში მან მოიწვია ადრიან ბელიუ, რომლის ჯგუფიც - Gaga ხუთჯერ გამოვიდა სცენაზე ჯენტლმენთა ლიგასთან ერთად. ბელიუ უკვე საკმაოდ ცნობილი გიტარისტი იყო, დაეკრა დევიდ ბოუისთან და ფრენკ ზაპასთან ერთად, ასევე ბენდებთან - Talking Heads და Nine Inch Nails. ამას დაუმატა ძველი კოლეგის - ბილ ბრუფორდის მოწვევაც და ფრიპმა პირველი მოსმენა ჩაატარა ბასისტ ვეტერან - ტონი ლევინისთვის, რომელიც აქამდე ჯონ ლენონის, პოლ საიმონის, პიტერ გებრიელის და პინკ ფლოიდის ჩანაწერებში მონაწილეობდა. ლევინი კარგად ხმარობდა ჩეპმენის სტიკს. 

1981 წლის 30 აპრილს ახალმა ბენდმა - Discipline/დისციპლინა (საკვანძო სიტყვა ფრიპის ფილოსოფიური შეხედულებების არსში) პირველი კონცერტი ჩაატარა ინგლისის ქალაქ ბეთის ერთ-ერთ პაბში. რა თქმა უნდა, ფრიპი ეჭვის თვალით უყურებდა სახელ - ქინგ ქრიმსონის აღდგენას, განსაკუთრებით იმის გათვალისწინებით, თუ რა ღრმად დამარხა მან ის 1974 წელს. მუსიკალური ბიზნესი კი, თავისი ბუნებით კვლავინდებურად მონოლითური დარჩა, როგორიც აქამდე იყო. ყველაფერი მომხდარის შემდეგ კი სახელი - ქინგ ქრიმსონი არტ როკის და დინოზავრ როკის სინონიმად იქცა. - ეს უკანასკნელი ცნობილი იყო როგორც მიმართულება, რომელსაც ზურგს აქცევდა პანკ-თაობა და ზედმეტად მიიჩნევდა მას. საბოლოოდ, დემოკრატიულობის პრინციპის და ბენდის წევრების სურვილის გათვალისწინებით ქინგ ქრიმსონი დაბრუნდა. 

                                         

დემოკრატია - ალბომ დისციპლინის ერთადერთი უჩვეულო ელემენტი როდია. აღსანიშნავია, რომ ქინგ ქრიმსონს პირველად ჰყავდა ორი ამერიკელი წევრი - ლევინი და ბელიუ. ამასთან, ეს იყო ქრიმსონის პირველი კოლექტივი, რომელშიც ფრიპის გარდა სხვა გიტარისტიც გამოჩნდა (ბელიუ). ადრიანი არამხოლოდ გიტარაზე უკრავდა, მღეროდა კიდეც და წერდა ტექსტებს. ბენდის ხმოვანების ახალ ფერად იქცა სინთეზატორი და ახალი, გიტარისთვის აქამდე არადამახასიათებელი ჟღერადობა. კომპოზიციაში Sheltering Sky/თავშესაფარი ცა, ჩართულია ფრიპის ჰაეროვანი მუსიკალური ფრაზა, რომელიც პრაქტიკულად ორკესტრის ეფექტს ქმნის. (აღარანაირი მელოტრონი!). კომპოზიციაში - Elephant Talk/სპილოს საუბარი ბელიუს გიტარა გამოსცემს ისეთ ხმას, რომელიც შეედრება მხოლოდ და მხოლოდ... სპილოების საუბარს. Matte Kudassai/მატე კუდასაი-ში კი ბელიუ თოლიების ხმის იმიტაციას ახდენს. და ასე შემდეგ, და ასე შემდეგ. მუსიკალური კუთხით დისციპლინამ 70-იანების ქრიმსონისგან რადიკალურად განსხვავებული სახე მიიღო. ბევრმა პურიტანულმა ფანატმა, რომლებიც ქრიმსონის ძველ ჩანაწერებს აიდიალებდა, დისციპლინას ზურგი აქცია. თუმცა, ფაქტად რჩება, რომ ეს "ტოროლების ენები ლაბაში"- ს შემდეგ ყველაზე შეკრულ ალბომად რჩება. და შესაძლოა, ყველაზე კარგადაც. ის მსმენელს ქინგ ქრიმსონის აბსოლუტურად ახალ სახეს სთავაზობს. 

ბევრი შეკითხვა გამოიწვია სამმა საიდუმლოებით მოცულმა ფრაზამ, რომელთაგანაც ორი - დისციპლინის კომპოზიციების სათაური იყო, ერთი კი მოხსენიებული იყო ტექსტში. ამიტომ, ერთ-ერთ ინტერვიუში ბელიუმ ასეთი განმარტება გააკეთა: "Matte Kudassai" ანგლო-იაპონური სასაუბროდანაა აღებული და აღნიშნავს - "თუ შეიძლება, დამიცადე." მშვენივრად ჟღერდა და კარგი სათაურიც გამოვიდა; "The Hun Ginjeet" კი ანაგრამაა ფრაზისა -"Heat in the Jungle/სიცხე ჯუნგლებში." თავად კომპოზიცია, ბელიუს სიტყვებით, ინსპირირებული იყო ჯონ ლენონის სიკვდილით, რომელიც ნიუ-იორკში თავის სახლთან ახლოს მოკლეს. რაც შეეხება "Qua tari mei"-ს, ბელიუ ყოველ ჯერზე ახალ სახუმარო ისტორიას იგონებდა მის შესახებ. აი, ერთი მაგალითი: ერთ-ერთი აფრიკული ლეგენდის თანახმად, თუ რამდენჯერმე წაიმღერებ ამ ფრაზას, მაშინ როცა საშინელი კაციჭამიები შენს ცეცხლზე შეწვას აპირებენ, იძულებული გახდებიან რომ ხელშეუხებელი და საღ მდგომარეობაში მყოფი დაგიბრუნონ შენი კუთვნილი მაგნიტოფონი - Sony. მაგრამ, თუ ამ ფრაზას საბოლოოდ მაინც ანაგრამად მივიჩნევთ, სავარაუდოდ სწორედ ასეთი უნდა იყოს შედეგი - "Quit era aim/წასვლის ეპოქის მიზანი", ან "ეპოქის მიტოვების სურვილი".

Indiscipline/უდისციპლინობის უცნაური ტექსტის ახსნის გასაღებად გამოდგება ის ახსნა, რომ ტექსტი ძალიან ჰგავს ადრიანის ცოლის - მხატვარ მარგარეტ ბელიუს წერილს, რომელშიც ის თავისი ახალი ნახატის შესახებ ყვება. 

1982 წლის ზაფხულში მოხდა სასწაული: ქინგ ქრიმსონის ზედიზედ მეორე ალბომი გამოვიდა იმავე შემადგენლობით, რომლითაც წინა. ალბომ - Beat/ბიტი-ს ხსნიდა კომპოზიცია Neal and Jack and Me/ნილი და ჯეკი და მე, რომლითაც ბენდმა პატივი მიაგო ბიტნიკების თაობას, - დაღუპულ მსახიობებს, მწერლებსა და მუსიკოსებს, რომელთაც სახიფათო მატერიალურ საზოგადოებასთან შეხების გარეშე შეძლეს სულიერი სიმაღლეების დაპყრობა. 50-იანი წლების ბიტნიკების მოძრაობა, მიუხედავად ყველაფრისა, 70-იანების ჰიპებს ჰგავდნენ. სახელები - ჯეკი და ნილი ამერიკელ ბიტნიკ-მწერალს, ჯეკ კერუაკს და მის მეგობარ ნილ კესედის ეკუთვნით. ზოგადად, ალბომი დიდად განიცდის კერუაკუს ნაწარმოების - "გზაზე" გავლენას, აგრეთვე "მიწისქვეშეთის", რომლებიც ფრიპმა ბელიუს წააკითხა. ამასთან, კომპოზიციის სახელწოდება - Sartory in Tangier/სარტორი ტანჟერში ემთხვევა კერუაკუს ნაწარმოების - "სარტორი პარიზში" მიხედვით შექმნილი პიესის სახელწოდებას. ხოლო The Howler/მტირალა შეიძლება დაკავშირებული იყოს სხვა ბიტნიკი მწერლის - ალენ გინსბურგის ლექსთან - "ტირილი." 

მუსიკალური კუთხით ბიტის ბევრი ჩანაწერი, განსაკუთრებით Requiem/რექვიემი ძალიან წააგავს 1973-1974 წლების ქრიმსონის ინსტრუმენტალს, თუმცა აქ ასახულია ფრიპის და ბელიუს ინსტრუმენტების ურთიერთთანხვედრა. თანაც, ერთი შეხედვით ჟღერადი ორი გიტარის თანაკვეთა და უხეში ეფექტი, სინამდვილეში იდეალურ მელოდიურობას და ორი ვირტუოზი გიტარისტის საუცხოო ტანდემს ქმნის. ქინგ ქრიმსონი ისედაც ყოველთვის "გიტარული" ბენდი იყო, ახლა კი ამას ხაზი კიდევ უფრო გაესვა. ალბათ, ამ პერიოდის ქრიმსონის 70-იანისეულისგან ყველაზე დიდი განსხვავება მაინც ტექსტის შექმნის პროცესი იყო. ადრე სწორედ ჯეიმსი და სინფილდი სთავაზობდნენ მუსიკოსებს ახალ მატერიალს და მუსიკალური გაფორმებაც ამაზე იყო აგებული. ბელიუ კი, წერდა მუსიკას და ტექსტს, რომელიც ბევრი კრიტიკოსის აზრით ზედმეტად პოპ-ორიენტირებული იყო, საიმისოდ, რომ მას ქრიმსონისეული ჟღერადობა ჰქონოდა.

1984 წლის 24 მარტს ფრიპის, ლევინის, ბელიუს და ბრუფორდის შემოქმედებითი ტრილოგიის მესამე ალბომი გამოვიდა - Three of a Perfect Pair/იდეალური წყვილიდან სამი. ამ ალბომში სრული სიცხადით გამოჩნდა ბელიუს ლირიკის ღირებულება. რა თქმა უნდა, საწყისი კომპოზიცია Sleepless/უძილობა და Man with an Open Heart/გულღია კაცი რაღაც მხრივ მართლაც პოპ-ორიენტურებულია ძველ კომპოზიციებთან შედარებით, თუმცა თავისებური, ქრიმსონისეული ჟღერადობით. გულღია კაცში იგრძნობა მსოფლიოს სხვადასხვა კულტურათა აშკარა გავლენა: აღმოსავლური, აფრიკული და ინდურის. ალბომს და 80-იანი წლების ქინგ ქრიმსონს კი ასრულებს ინსტრუმენტალური - Lars' Tongues in Aspic Part III, რითაც სავსებით დამსახურებულად მიეგო პატივი წარსულის დიად შედევრს. 

ეჭვგარეშეა, რომ ფრიპმა ამით დაშვებული ფარდის ეფექტი შექმნა, რადგან კვლავ აშკარა გახდა მისი ანტიპათია ბენდის დინამიკის განვითარებისადმი. პრესიდან ძნელია იმის გაგება, რამდენად ორმხრივი იყო ეს გაუგებრობა. აშკარა არის ის, რომ ბრუფორდს გამოცდილება უკვე კარნახობდა, რომ ფრიპის გეგმებისადმი ფრთხილად უნდა ყოფილიყო განწყობილი. შემდეგ ბრუფორდმა ისიც აღიარა, თუ რა სიფრთხილით ეკიდებოდნენ პირველივე რეპეტიციიდან ბენდის წევრები ფრიპს, რომ ერთი უზუსტო ნოტი, ან შეუთანხმებელი აზრი შესაძლოა მათი შემდგომი თანამშრომლობისთვის წერტილის დასმის ტოლფასი ყოფილიყო. ფრიპი, ზოგაად ყოველთვის კრიტიკულად უდგებოდა Yes-ის ყოფილ დამრტყმელს. ამასთან, უდავოა რომ ბრუფორდი დასარტყმელი ინსტრუმენტების ოსტატი და მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული მუსიკოსია ამ კუთხით, რომელმაც Yes იმ დროს დატოვა, როცა ბენდს სუპერვარსკვლავური პერიოდი ედგა და ეს გააკეთა იმისთვის, რათა ქინგ ქრიმსონს შეერთებოდა და ეკეთებინა ის, რისიც სჯეროდა.

80-იან წლებში ქინგ ქრიმსონთან მუშაობის პარალელურად ფრიპმა ჩაწერა ორი მართლაც უნიკალური და შესანიშნავი გიტარული მუსიკის ალბომი ენდი სამერსთან ერთად, რომელიც Police-ში უკრავდა. ამ ალბომებიდან გამოჩნდა, რომ ფრიპის მისწრაფებებს არაფერი ჰქონდა საერთო ბენდის გარდაქმნასა თუ მის ახლებურ მუსიკასთან. ის უბრალოდ მარტოსული მუსიკოსი იყო, რომელსაც მარტივი ბასის, დასარტყამი ინსტრუმენტის და გიტარის ხმა იზიდავდა. საკმარისია იმის თქმა, რომ მისი გული უკვე აღარ ეკუთვნოდა ქინგ ქრიმსონს. ისევე, როგორც 1972 წელს Islands-ს და Earthbound-ს ერაში, სახეზე იყო ოთხი გენიალური ინდივიდი, რომელთაც საერთო სახელი ქინგ ქრიმსონი აერთიანებდათ და თითოეულს დიდებული მუსიკის შექმნა შეეძლო დამოუკიდებლად, თუმცა ამას არაფერი საერთო ჰქონდა ბენდთან და ამიტომ მუსიკაც საბოლოოდ ოთხი სხვადასხვა მიმართულებით იშლებოდა. 1984 წელს ალბომ "Three of a Perfect Pair"-ის რეკლამირებისთვის კვარტეტმა გამართა კონცერტები იაპონიასა და ჩრდილოეთ ამერიკაში და უეცრად ტურნე შეწყდა. არ არსებობდა რაიმე დრამატული პრეს-რელიზი ან მკვეთრი განცხადება. უბრალოდ, მუსიკოსები აშკარად მეგობრულად დაშორდნენ ერთმანეთს და თავთავიანთ გზას გაუდგნენ. ფრიპმა რამდენიმე წლით შეწყვიტა კომპოზიციების ჩაწერა და მთელი დრო ერთგვარ გიტარის სემინარიას - Guitar Craft/გიტარის ხელოვნება, დაუთმო, რომელიც ფრიპის პრინციპებს ეფუძნებოდა და გულს, თავსა და ხელებს ერთმანეთთან აკავშირებდა გიტარაზე დაკვრის უნიფიცირებული შედეგის მისაღწევად. ამ მცდელობებმა საბოლოოდ ფრიპი ახალი ბენდის შექმნამდე მიიყვანა - The League of Crafty Guitarists/ხელოვან გიტარისტთა ლიგა. ამასთან ფრიმპა ორგანიზება გაუკეთა ბენდს - Sunday All Over the Worlds/კვირა დღე მთელ მსოფლიოში და ჩაწერა ალბომი - The Lady or the Tiger?/ქალი თუ ვეფხვი? მომღერალ ქალბატონ ტოი უილკოკსთან ერთად. ამ დროისათვის ტოი უილკოკსი უკვე ცნობილია როგორც მისის რობერტ ფრიპი.

1991 წელს ვინმე ტობი ჰოვარდმა ინტერნეტში გახსნა გვერდი სახელწოდებით - დისციპლინა, რათა ელექტრონული ფოსტის დახმარებით შეეგროვებინა ინფორმაცია რობერტ ფრიპის და ჯგუფის სხვა წევრების ირგვლივ. პირველი გამოშვება მხოლოდ ერთი პუბლიკაციისგან შედგებოდა: ვიღაცამ ჭორი ააგდო, რომ თითქოს ქინგ ქრიმსონს სახელი გადაერქმევა. ჭორი ჭორად დარჩა, ფრიპმა კი იმ დროისთვის გაირთულა ურთიერთობა კომპანია EG Records-თან, რომელიც კარგა ხნის განმავლობაში უზრუნველყოფდა მის ჩანაწერებს. ამან ქინგ ქრიმსონის შემდგომი ჩანაწერების პროცესი კიდევ უფრო გაწელა, განსაკუთრებით EG-ს ბრუფორდის დახმარებით Yes-თან ურთიერთობის გამო. პარალელურად სტუდიას და პიტერ გაბრიელთან ერთად ტურნეს დაუბრუნდა ტონი ლევინი, ადრიან ბელიუმ დაიწყო სოლო კარიერა, ფრიპი კი Gutar Craft-ში ლექციების წაკითხვასთან ერთად მონაწილეობდა ტურნეში ვოკალისტ დევიდ სილვიანთან ერთად. სილვიანის ბენდის ორი ძირითადი წევრი იყო - ტრეი განი, რომელიც სტიკზე და უორ გიტარაზე უკრავდა და დასარტყამებზე - პეტ მასტერლოტო, Mister Mister-ის ყოფილი დამრტყმელი. განი ფრიპის მოსწავლე იყო Guitar Craft-ში და მანამდე Sunday All Over the World-შიც უკრავდა. 

ფრიპმა ერთხელ თქვა, რომ double trio/გაორმაგებული ტრიო-ს შესახებ იდეა 1992 წელს დაებადა და ეს წამიერად მოვიდა. მას სურდა, რომ გამოეყენებინა ორი დასარტყამი, ორი ბასისტი, რომლებიც ასევე სტიკებზე დაუკრავდნენ და ორი გიტარისტი. 1994 წელს ფრიპის, ბრუფორდის, ლევინის, ბელიუს, მასტერლოტოს და განის კოლაბორაციამ გამოუშვა მინი-ალბომი სახელწოდებით VROOOM/ვრუუუმ, 1995 წელს კი ეს მატერიალი, ოღონდ ოდნავ შეცვლილი სახით და დამატებითი ჩანაწერებით შევიდა ალბომში ThRAK. პირველი ალბომის დიდი ასოებით გაკეთებული სათაური ძალიან წააგავდა აკრონიმს. ის არსად არ გაშიფრულა, თუმცა არსებობს მოსაზრება, რომ ის შეიძლება აღნიშნავდეს Virtual Reality Room/ვირტუალური რეალობის ოთახს, ან Virtual Reality Object Oriented Music/ვირტუალურ რეალობაზე ობიექტორიენტირებული მუსიკა. THRACK-ის შესახებ საგასტროლო პროგრამაში ნათქვამია, რომ ეს არის 117 გიტარის ხმა, რომლებიც ერთი და იმავე აკორდს ერთდროულად უკრავენ. ის სამოცი წუთის განმავლობაში ჟღერს და წარმოადგენს რაღაც არაორდინარულს. ხმა, როგორც ეს გაორმაგებული ტრიოსგან იყო მოსალოდნელი, მძაფრი, მაგრამ არა უწესრიგო. სტილისტურად კი ეს იყო ყველაზე გამორჩეული ქრიმსონული მუსიკა. ალბომის მთავარი თემა "ვრუუმ" მთელს ალბომს გასდევს და მას ერთიან ნაწარმოებად კრავს, რაც 70-იანი წლების მერე აღარ მომხდარა. 1995 წელს სწორედ ამ კომპოზიციამ დაიმსახურა გრემის ჯილდო კატეგორიაში - ინსტრუმენტალური როკ დადგმა.


არგენტინაში 1994 წელს გამოვიდა ორმხრიანი CD სახელწოდებით B'Boom/ბი'ბუუმ. სახელწოდება შესაძლოა უკავშირდებოდეს ჯაზ-დამრტყმელებს - M'boom, ან იქნებ უბრალოდ ბარაბნის ხმოვანებას აღნიშნავდეს. ამ ალბომში შევიდა რამდენიმე ბელიუს პოპ-ორიენტირებული ნაწარმოები THRAK-იდან, მათ შორის People/ხალხი თავისი გესლიანი ტექსტით და One Time/ოდესმე, დამატყვევებელი მელოდიით, რომელიც დიდ ხანს გრჩება გონებაში. თუმცა, ის რაც რეალურად ალამაზებს ამ ალბომს, არის ის ძველი თემები, როგორებიცაა Frame by Frame/ჩარჩოები, და Sleepless/უძილობა, ამასთან 80-იანების ეპოქის Talking Drum/მოლაპარაკე დრამი, 70-იანების "ტოროლების ენები ლაბაში ნაწილი II" და ალბათ ყველაზე მძაფრი კომპოზიცია - წითელი, რომელიც ორმაგი ტრიოს მიერ ახლებურად დამუშავდა. ის, რაც უდავოდ წარმოაჩინა ბ'ბუუმ-მა, ეს იყო რეპერტუარის სიმდიდრე, რომელსაც ქინგ ქრიმსონის 90-იანების შემადგენლობამ მიაღწია, მრავალფეროვანი თემებით წარსულიდან, რომელთაც ახლებური სიცოცხლე შეიძინეს. შიზოიდმაც კი, რომელიც ბოლო კონცერტებზე შესრულდა, ქრიმსონის ძველი ფანების სათანადო ოვაცია დაიმსახურა

ბოლო წლებში გაიზარდა ქინგ ქრიმსონის ინტერნეტ-გვერდის მკითხველთა რიცხვი. ახლა ეს ჟურნალი ცნობილი იყო სახელწოდებით - Elephant Talk, ანუ ET. ფანების რიცხვი უკვე 850 ათასს სცდებოდა. აღმოჩნდა, რომ ქინგ ქრიმსონი და ინტერნეტ-ტექნოლოგიები ისე ეწყობიან ერთმანეთს, როგორც... (თავად ჩასვით სათანადო მეტაფორა). ინტერნეტმა სრულად წარადგინა ბენდი და მისი წევრები, მათ შორის მათი სოლო პროექტები. 

განსაკუთრებით ინფორმატიული იყო საიტი ფრიპის და ფანის პროექტის - Robert Fripp String Quintet/რობერტ ფრიპის სიმებიანი კვინტეტ-ის და ბენდის სახელწოდებით - The California Guitar Trio/კალიფორნიული გიტარ ტრიო-ს შესახებ, რომელშიც ფრიპის გიტარისტთა ლიგის ყოფილი წევრები შედიოდნენ. ინტერნეტი ქინგ ქრიმსონის იმპერიის პროდუქციის უფრო ინტიმურად გავრცელებასაც უწყობდა ხელს, რომელსაც სერიოზულად ეხმარებოდა კომპანია - Discipline Global Mobile, დაშლის შემდეგ ჩამოყალიბებული როგორც EG. 

1995 წელს ქრიმსონის გაორმაგებული ტრიო ინტენსიურ ტურებს აწყობს ალბომ THRAK-ის რეკლამირებისთვის. ამ კონცერტების პარალელურად Discipline Global Mobile Unit-ის დახმარებით ჩაწერილ იქნა იმპროვიზებული აუდიო-მატერიალის დიდი ნაწილი. შემდგომში ალბომ THRaKaTTaK-ის გამოსვლის ერთ-ერთი მიზეზი გახდა დისკუსია საკონცერტო ჩანაწერების გამოშვების თემაზე, რომლებიც ინტერნეტში ვრცელდებოდა. აი, ეს იყო იდეალური მაგალითი იმისა, თუ როგორ შეიძლება იმოქმედოს ფანების ჯგუფმა ბენდის მატერიალის რელიზზე. დიდი ნაწილი ამ ალბომისა თავისუფალ მუსიკას მოიცავს, რომელიც Starless and Bible Black-ის დროინდელ იმპროვიზაციებს მოგვაგონებს. იმის თქმა, რომ ეს არაკომერციული ალბომი იყო, იგივეა, რაც არ ითქვას არაფერი. ეს იყო მუსიკა მხოლოდ ნამდვილი გურმანებისთვის. ერთ-ერთმა კრიტიკოსმა დაწერა, "ეს არის კარგი თანმხლები კოშმარებისთვის," ET-ს მკითხველმა კი განაცხადა, რომ ამ მუსიკას კომპიუტერულ თამაშ Quake-ს თამაშის დროს უსმენს. ტრადიციულად ალბომს 1996 წელს საკონცერტო ტურნე მოჰყვა ევროპასა და ჩრდილოეთ ამერიკაში. რაღაც პერიოდი ინტერნეტში არ წყდებოდა დისკუსიები ქინგ ქრიმსონის გაორმაგებული ტრიოს ირგვლივ. თუმცა, ურყევ ფაქტად რჩება ის, რომ ეს იყო ქრიმსონის ყველაზე მძლავრი შემადგენლობა, რომელსაც კი ოდესმე უარსებია, თუმცა კი შესაძლოა ამ შემადგენლობასაც უკვე მაქსიმალურად ჰქონდა რეალიზებული თავისი შესაძლებლობები. მას ახასიათებდა ყველაფერი ის, რაც ქინგ ქრიმსონს სხვებისგან გამოარჩევდა: ტექნიკური ვირტუოზულობა, ელექტრონული ჟღერადობის უმაღლესი ხარისხი, მეტრიკული გაადწყვეტილებების უჩვეულობა და ჰარმონიული თემების სწრაფი ცვლა. 

1997-დან 1999 წლამდე ბენდი განიცდიდა დეფრაგმენტაციის პერიოდს და მუსიკოსების სხვადასხვა შემადგენლობებით ატარებდა ექსპერიმენტებს. 1997 წელს გაორმაგებული ტრიოს წევრები ძირითადად თავთავიანთ პროექტებით იყვნენ დაკავებულნი. ქრიმსონის ნაწილი - ფრიპი, ბრუფორდი, განი და ლევინი მხოლოდ დეკემბერშიღა შეიკრიბნენ სახელწოდებით - ProjeKct One იმისათვის, რათა რამდენჯერმე გამოსულიყვნენ ლონდონის Jazz Cafe-ში. სათაურის უცნაურობა ასო K-ს სახით შემადგენლობის King Crimson-თან კავშირზე მიანიშნებდა. შიდაკრიზისული ცხოვრების აშკარა გამოცოცხლება დაემთხვა 1998 წელს, როცა თებერვლიდან აგვისტოს ჩათვლით ProjeKct Two-მ შემადგენლობით: ფრიპი, განი, ბელიუ (ვი-დრამზე) მოიარეს ამერიკა, კანადა, იაპონია და ინგლისი. ამ ტურნეების დროს შეგროვებული აუდიო-მატერიალი შევიდა შემდგომ ალბომში, რომელიც პრაქტიკულად ორმაგ ჯაზ-ალბომად მიიჩნევა - ProjeKct Two - Space Groove/კოსმოსური ღრმული. სხვათა შორის, სიტყვა 'grove' შეიძლება გაშიფრულ იქნას როგორც კაიფი. 1998 წლის აგვისტოს შუაწელზე კანადაში ორი კონცერტი გამართა გაორმაგებულმა ტრიომ, ამავე წლის ოქტომბერ-ნოემბერში კი ამერიკელ და კანადელ მსმენელს შესაძლებლობა ჰქონდა მოესმინა ფრიპის, განის, ლევინისა და მასტერლოტოსთვის პროექტში - ProjeKct Four. 1999 წლის მარტში აშშ-ში რამდენიმე კონცერტი გამართა ProjeKct Three-მ: ფრიპი, განი და მასტერლოტო. ამ პერიოდის ქრიმსონის შემოქმედების შესახებ უფრო დეტალურ წარმოდგენას ქმნის 1999 წლის შემოდგომაზე გამოსული ალბომები: The ProjeKcts და The Deception of the Thrush: A Beginners' Guide to ProjeKcts/შაშვის თაღლითობა: დამწყებთა გზამკვლევი ProjeKcts-სკენ, რომელშიც ყველა ოთხი ProjeKct-ის ჩანაწერები შევიდა. ძნელია სიტყვებით იმის აღწერა, თუ რას წარმოადგენდა ეს ალბომები. ისინი აშკარად არ იყო გათვლილი მოუმზადებელი მსმენელისთვის. ET-ზე ერთი პერიოდი იმასაც განიხილავდნენ, რომ ProjeKct-ის მუსიკა ნეგატიურ გავლენას ახდენდა ადამიანის ფსიქიკაზე.

ბოლო ოთხი წლის განმავლობაში დღის სინათლე იხილა ქრიმსონის საკონცერტო ჩანაწერებით შემდგარმა ათზე მეტმა ალბომმა, რომლებიც 1965-1995 წლების პერიოდს მოიცავდა. მათ შორის მოხვდა ისეთი სიახლე, როგორიც იყო აუდიო-ვიდეო კომპაქტ დისკი: deja VROOOM/დეჟა ვრუუმ, რომელიც DVD ფორმატში ჩაიწერა. ამას დაემატა 1995 წლის ტოკიოს კოცნერტის ვიდეო-ჩანაწერი, გარდა ამისა ის შეიცავს დიდი მოცულობით ინფორმაციას ბენდის ისტორიის, მისი ტურნეს და ზოგადად ქინგ ქრიმსონის ირგვლივ. სამწუხაროდ, ამ ალბომების უმეტესობა მხოლოდ ქინგ ქრიმსონის კოლექტორთა კლუბის წევრებს აქვთ, რომელიც ქრიმსონის კოლექციონერებს აერთიანებს და ღიაა ფართო საზოგადოებისთვისაც.


1997-1999 წლების კონცერტები იძლევა იმის თქმის საფუძველს, რომ ფრიპმა ბენდი სრულად ელექტრონული მიმართულებით წარმართა, ელექტრონული დასარტყამები კი ბრუფორდის ძირეულ პრინციპებთან კონფლიქტში მოვიდა. ის დიდი გულისყურით მუშაობდა თავის ბენდ Earthworks-თან ერთად და ამ ყველაფრის პარალელურად მისი ქრიმსონისეული მომავალი დიდი კითხვის ნიშნის ქვეშ იდგა. 1999 წელს ნეშვილში (აშშ) ერთი თვის განმავლობაში გამოდიოდა ProjeKct X-ის კვარტეტი, რომელსაც შეადგენდნენ: ადრიან ბელიუ, რობერტ ფრიპი, ტრეი განი და პეტ მასტერლოტო. ფრიპის სიტყვებით, 2000 წლამდე ეს შემადგენლობა აქტიურ ტურნეებს გამართავდა და ჩაწერდა ახალ სტუდიურ ალბომს. ET-ზე გამოქვეყნებულ ღია წერილში ის ასევე აცხადებდა, რომ კარი ღია იყო ტონი ლევინისა და ბილ ბრუფორდისთვის, როგორც კი ამის შესაძლებლობას მათ თავიანთი პირადი გეგმები მისცემდა. 


2000 წლის დასაწყისში გაცხადდა, რომ ProjeKct X სხვა არაფერია, თუ არა გაორმაგებული დუეტი, - ქინგ ქრიმსონის ახალი სახექმნილება. 2000 წლის მაისში დაპირებისამებრ გამოვიდა მათი მორიგი სტუდიური ალბომი - The ConstruKction of Light/სინათლის კონსტრუKქცია. - რომელმაც გენიალურად გააერთიანა ძველი ქრიმსონი და შემდგომი პროჯეKქტები. დროთაშორის კავშირზე მიანიშნებს კომპოზიციის - FraKctured/დამსხვრეული (გაიხსენეთ კომპოზიცია - Fracture/მსხვრევა ) და "ტოროლებს ენები ლაბაში:-ს IV ნაწილი. ადრიან ბელიუს თითქმის ამოუცნობი ელექტრონულმიმსგავსებული ხმა კი ადგილ-ადგილ ძალიან წააგავდა გრეგ ლეიკის ხმას 21-ე საუკუნის შიზოიდიდან. ხოლო ალბომის უხეში და შავი იუმორით გაჯერებული ტექსტები თანამედროვე ცხოვრებაზე მისი ავტორების აშკარად პესიმისტურ შეხედულებაზე მიანიშნებდა. 


ახალი ალბომის პარალელურად ნეშვილში გამართული კონცერტების შემდეგ გაორმაგებული დუეტი იწყებს ახალ ტურნეს ევროპა, ამერიკასა და იაპონიაში. მართებულია, ალისფერი მეფის ქრონიკების ამ ოპტიმისტურ ნოტზე დასრულება, თუმცა ფრიპის არაპროგნოზირებადი ხასიათის გათვალისწინებით, ზედმეტი არ იქნება, თუ დავამატებთ: 



ღმერთო, დაიფარე ალისფერი მეფე! 

God save the Crimson King!








წყარო: http://indoor-games.ru/

ტექსტი იბეჭდება ავტორის ნებართვით.

ყველა უფლება დაცულია. (c) celsius233






მთარგმნელი: ირაკლი სულაძე