დენ სიმონსის ჰიპერფანტასტიკური ილიადა

სამეცნიერო ფანტასტიკის ჟანრის განვითარებამ დიდი ოთხეულის და მათი თანამედროვე კლასიკოსების შემდეგ მცირედით შეიცვალა კალაპოტი და მეოცე საუკუნის 80-იანი წლებიდან სულ მთლად ახალ საფეხურზე აინაცვლა.

ნილ გეიმანის Marvel 1602

2001 წელს ნილ გეიმანმა, გრაფიკულის ნოველების აწ უკვე აღიარებულმა მწერალმა და The Sandman-ის შექმნელმა, გადაწყვიტა Marvel-თან ეთანამშრომლა და ბედი მეინსტრიმულ კომიქსში მოესინჯა (უფრო სწორად, თავად Marvel-ისგან მიიღო შემოთავაზება).

არტ შპიგელმანის ომგამოვლილი თაგვი

„როდესაც რამდენიმე დღით ერთ ოთახში ჩაგკეტავენ მშივრებს, იქ სიტყვა "მეგობარი" აღარ არსებობს.“

„უფრო მეტი, ვიდრე ადამიანი“: თეოდორ სტარჯენის ევოლოციური თეორია

„ჩვენ გვჭირდება არა ფიზიკური, არამედ - ფსიქიკური ევოლუცია“.

Showing posts with label მეტრო 2035. Show all posts
Showing posts with label მეტრო 2035. Show all posts

12 July, 2015

არაყი, გიტარა, რადიაცია


ბოლო დროინდელი მუსიკალურ-სპორტულ-ტრაგიკული მოვლენების გამო, უსამართლოდ დაგვიგვიანდა დიმიტრი გლუხოვსკის ახალი წიგნის მიმოხილვა. არადა, ეს მეტროს საგის მესამე ნაწილია, რომელიც აგერ უკვე ერთი თვეა რუსეთის წიგნის მაღაზიების თაროებს ამშვენებს. ჯერ არც ინგლისურად არის წიგნი ნათარგმნი და (ჯერ!) არც ქართულად. ამიტომ, მის შესახებ განხილვებსა და დისკუსიებს მხოლოდ რამდენიმე რუსულ ფორუმზე თუ წააწყდებით, იქაც შეფასებები არაერთგვაროვანია. ნაწილი თვლის, რომ წიგნი ღირსეულად ასრულებს ტრილოგიას, დანარჩენს კი გლუხოვსკი "დაბერებასთან" ერთად, დასუსტებულიც ეჩვენათ და ამიტომ გამუდმებით ამტკიცებენ, ეპიკური გაგრძელების ნაცვლად ხელში ნაუცბათევად დაწერილი, მშრალი რომანი შეგვრჩაო. ჩვენი აზრით კი, ის უბრალოდ, გაიზარდა და წიგნსაც ეს აშკარად ეტყობა.

სინამდვილეში საქმე გაცილებით მარტივად არის. მეტრო 2035-მა რეალურად გაამართლა ის მოლოდინი, რაც მის მიმართ უნდა გვქონოდა. ზუსტად 10 წელი გავიდა მას შემდეგ, რაც მეტროს ფანები მისი პირველი ნაწილის გაგრძელებას ელოდებიან. ვინაიდან 2034 წლის მოვლენებმა აქცენტი სხვა გმირებზე გადაიტანა და მიუხედავად ძალიან კარგი დასასრულისა, მას პირველ ნაწილის დონემდე ასვლა მაინც გაუჭირდა, მკითხველის მთელი ყურადღება საგის მესამე ნაწილისკენ იყო მიმართული. მესამე ნაწილს ჩვენც დიდი ენთუზიაზმით ველოდით და მის შესახებ რაღაც  პროგნოზებსაც ვაკეთებდით, მაგრამ უნდა ვაღიარო, რომ წიგნმა ოდნავადაც არ გამიმართლა მოლოდინი. თუმცა, ეს იმას არ ნიშნავს, რომ ის რამენაირად უკეთესი, ან უარესი გამოვიდა. არა, უბრალოდ, როგორც ჩანს, არასწორად შევაფასეთ ამხანაგი გლუხოვსკი და რატომღაც ველოდით, რომ 10 წლის შემდეგაც იმავე სტილში აღწერდა სულ რაღაც ორ წელიწად განვლილ ისტორიას, მაგრამ ამის საპირისპიროდ, მეტრო 2035-მა აშკარად აჩვენა, რომ გლუხოვსკი, როგორც მწერალი ძალიან გაიზარდა. გაიზარდა მისი მხატვრული ენა, პერსონაჟების მრავალფეროვნება და მათი პრობლემების რაოდენობაც. უცვლელი დარჩა მხოლოდ ბნელი და ნესტიანი მეტროს განუყრელი ატრიბუტები - სოკოს არაყი, სიმამოგდებული გიტარა და ზედაპირი - რომელზეც არავინ უწყის, რა იმალება.

წიგნი შეგვიძლია პირობითად რამდენიმე ნაწილად დავყოთ. პირველი - ერთ-ერთი საუკეთესო, შესავალი ნაწილია, სადაც პირველი ფრაზიდან მოყოლებული (რომელიც საშინლად ჰგავს 2033-ს საწყის ფრაზას) რამდენიმე თავის განმავლობაში იმგვარადაა ყოველივე დახატული, რომ ყველაზე მკაცრ მკითხველსაც ნოსტალგიის გრძნობას უღვიძებს, გულს უყუჩებს და იმ დამპალ, მაგრამ ერთიანად საყვარელ სამყაროს ახსენებს, რომელიც წლების წინ შეაყვარა არტიომმა, მელნიკმა, ჰანთერმა, дядя საშამ და საზარელმა "ბიბლიოთეკარმაც" კი. ეს განწყობა ნელ-ნელა უფერულდება და სიუჟეტის მეორე ნაწილში უკვე ნათლად წარმოგვიდგება წიგნის მთავარი გმირი, გაზრდილი და "გავირებული" არტიომი, რომელიც შავებთან შეხვედრის შემდეგ უცნაურად იქცევა. ის ახლა მეტროს ნამდვილი გმირია, თუმცა საკუთარი უსუსურობის გამო (რომელიც თავის აღსარებაში დეტალურად აღწერა) ამ ყოველივეს სიამოვნების ნაცვლად, ტანჯვით განიცდის.

წიგნის ერთ-ერთი მთავარი მშვენება გახლავთ - მთავარ გმირთაგან უხუცესი, მეტსახელად - ვინმე "ჰომეროსი", (თუმცა მეტროს მოყვარულებისთვის ის სულაც არ აღმოჩნდება - "ვინმე") რომელიც საკუთარ ოჯახს დროებით ტოვებს, რათა თან ახლდეს არტიომს და რაც მთავარია, მის შესახებ დაწეროს წიგნი. წიგნი, რომელიც თანამედროვე მეტროს ახალი ოდისეა გახდება. ოდისეა გმირზე, რომელმაც ცოცხალი სამყარო მომხდურთაგან იხსნა. ასე და ამგვარად, სიუჟეტის დიდი ნაწილი ჰომეროსის და არტიომის ერთობლივ გზას აღწერს, რომელსაც ისინი ერთმანეთისგან რადიკალურად განსხვავებული მიზნით განმსჭვალულები, ერთად მიიკვალავენ.

უნდა ვაღიაროთ, რომ მეტრო 2035-მა არ გასცა პასუხები წინა ნაწილებში დასმულ ყველა კითხვას, არც "არტიომის აღსარების" მსგავსი სიმძაფრის ტექსტები შემოგვთავაზა, თუმცა საერთო ჯამში, მივიღეთ ისეთი წიგნი, როგორიც უნდა ყოფილიყო საგის მესამე, მაგრამ არა საბოლოო ნაწილი. მართალია, ავტორი მეტროს თავიდანვე ტრილოგიად განიხილავდა, თუმცა მესამე წიგნის დასასრული მეტის მოთხოვნის საფუძველს გვაძლევს. ბოლო რამდენიმე თავში საოცარი სიცხადით ჩანს მთავარი გმირების ყველა დაფარული თვისება. ის, რაც მათ უხსოვარი დედამიწური დროიდან შემორჩათ. იკვეთება პერსონაჟების ნაწილი, რომლებიც მეტროს მენტალური ტყვეობის ქვეშ ყოფნას ეწინააღმდეგებიან და ბრძოლის სურვილს სოკოს არაყზე არ ცვლიან.

დასასრულს კი, უნდა ითქვას, რომ დიმიტრი გლუხოვსკიმ თავისი ახალი წიგნით თავისივე შემოქმედება ახალ საფეხურზე აიყვანა. შეჰმატა რა მას - მაგიური რეალიზმისთვის დამახასიათებელი რომანტიზმი. რომანტიზმი, რომელიც თანამედროვეობის ერთ-ერთ ყველაზე მძიმე რომანთა ციკლს კიდევ უფრო ახლობელს ხდის მკითხველისთვის და თითოეულ მათგანს უღვიძებს დაუოკებელ სურვილს, მეტრო 2035-ს ყოველი თავი - ძველებური გიტარის სევდიანი ჰანგების ფონზე წაიკითხოს.




ავტორი: ირაკლი სულაძე

15 May, 2015

რას ველით „მეტრო 2035“-გან?



ცოტა ხნის წინ სრულიად შემთხვევით (სირცხვილი აკუნინის ოფიციალურ ვებ-გვერდს) მეგობრისგან შევიტყვე, რომ უკვე თვეზე მეტია რაც ერასტ პეტროვიჩ ფანდორინის ახალი წიგნი გამოიცა. ამ ამბით რიგიანად გახარებაც ვერ მოვასწარი, რომ მალევე დიმიტრი გლუხოვსკიმ თავის ფეისბუქ-გვერდზე დიდი ხნის ნანატრი ინფორმაცია მოგვაწოდა. მეტრო 2035-ის გარეკანი გაგვაცნო და თან Дописал-ო - გვახარა. მანამდე კი ტრადიციულად საწყისი თავები ლიტრესზე გამოაქვეყნა და ჩვენც თანამედროვე პოსტაპოკალიპტური საგის ახალი წიგნის შესახებ მცირედი შთაბეჭდილების შექმნის შესაძლებლობა მოგვცა.

მეტრო 2035-ის საწყისი ფრაზიდანვე პირველ წიგნში ვბრუნდებით, მეორე ნაწილში მივიწყებული არტიომი ისევ მთავარი გმირის ამპლუაში გვევლინება და პირველი ფრაზაც, ისევე როგორც 2033 წელს, ახლაც მას მიემართება. თუმცა, არტიომი უკვე გაზრდილი და დავაჟკაცებულია. ის ახლა მეტროს გმირია, ყველა მის შესახებ საუბრობს და ვინმე გომერი - მოხუცი მწერალი, მის შესახებ ისტორიული (მაგრამ თანამედროვე) წიგნის დაწერასაც გეგმავს. ის გარემო და განწყობა, რამაც ასე შეაყვარა მეტრო 2033 მკითხველს, ტრილოგიის ბოლო წიგნშიც უცვლელია. ვბრუნდებით ათი წლის წინ გაცნობილ სამყაროში, რომლის შესახებაც კარგა ხანია არაფერი გვსმენია.

2035-ის შინაარსი პირდაპირ მიბმულია პირველი წიგნის ეპილოგს - არტიომის წერილს, რომელშიც ის ერთგვარ აღსარებას გვაბარებს და ფარდას ხსნის "შავებზე" მოდებულ საიდუმლოებას. ის ახლა ყოველ დღე ადის ზედაპირზე - ბოტანიკურ ბაღში, ნელი ნაბიჯით უახლოვდება იმ კოშკს, რომლიდანაც დაინახა, როგორ განადგურდა "შავების" ბუდე და რომელზეც უკანასკნელად იხილა ისინი. უკანასკნელად დაინახა დედის სახეც. კოშკის უმაღლეს სართულზე ადის და ომგამოვლილი რადიო-სადგურიდან სიგნალის დაჭერას ცდილობს. - "მიღება, მიღება!... ლაპარაკობს მოსკოვი! ჰეი, პეტერბურგო, ვლადივასტოკო, ეკატერინბურგო! ხმა ამოიღეთ! მითხარით, რომ გადარჩით, რომ მანდაც ხართ ცოცხლები. ჩვენზე ბევრად კარგად ცხოვრობთ, სუფთა ჰაერს ყლაპავთ და ახლა მოსკოველი ძმების წამოსაყვანად ხალხსაც გამოგზავნით."

სიჩუმე...


გახსოვთ "მელნიკი"? ახლა მისი ქალიშვილი არტიომთან ერთად ცხოვრობს. თუმცა, მათი საერთო საწოლი მხოლოდ ფორმალურია. კაცი დილაადრიან ადის ზედაპირზე, უკან დაბრუნებულს კი ქალი უკვე სოკოზე ხვდება წასული. მოკლედ, თავიდანვე ჩანს, რომ ადამიანური გრძნობებით სითბომოდებული გვერდების სიმრავლე არც მეტრო 2035-ში გველის. სამაგიეროდ, ყოველი ახალი თავი ახალი ინტრიგით მთავრდება. ჯერ მარტო ის რად ღირს, რომ გომერი აღმოჩნდება კაცი, რომელმაც სხვა ქალაქებთან კავშირის დამყარება ერთხელ უკვე შეძლო.

მეტრო ფართოვდება და იზრდება.

თუმცა სიმართლე "შავების" შესახებ კვლავ მხოლო ერთმა ადამიანმა იცის.

მოკლედ, ლოდინად ღირდა. მეტრო 2035 იქნება ზუსტად ისეთი, როგორ დასასრულსაც იმსახურებს ეს ისტორია. რა თქმა უნდა, გლუხოვსკის არც მანამდე და არც ახლა ოდნავი მინიშნებაც არ გაუკეთებია ახალ წიგნში განვითარებულ სიუჟეტზე, თუმცა მკითხველთა ნაწილი ვარაუდობს, რომ აქ ვიხილავთ ისეთ დასასრულს, როგორსაც "არტიომის ევანგელიე"-ში (მეტრო 2033-ის ეპილოგი). თუმცა, ეს საკამათო თემაა, ვინაიდან ქრონოლოგიურად ის ამბავი უკვე მოხდა წლების წინ და არტიომს რომც არ ახსოვდეს უკანასკნელი შეხვედრა "შავთან", ერთხელ მოხდენილი აღარ განმეორდება.

უფრო მეტად სავარაუდოა, რომ ამ წიგნით ავტორი მოსკოვის საზღვრებს გასცდება და სოკოების და ღორების მოშენებით განებივრებული, უკვე "შავებისგან" გადარჩენილი რუსებისგან მოქმედების წერტილს სულ სხვა წერტილებში გადაიტანს.







ავტორი: ირაკლი სულაძე