15 May, 2015

რას ველით „მეტრო 2035“-გან?



ცოტა ხნის წინ სრულიად შემთხვევით (სირცხვილი აკუნინის ოფიციალურ ვებ-გვერდს) მეგობრისგან შევიტყვე, რომ უკვე თვეზე მეტია რაც ერასტ პეტროვიჩ ფანდორინის ახალი წიგნი გამოიცა. ამ ამბით რიგიანად გახარებაც ვერ მოვასწარი, რომ მალევე დიმიტრი გლუხოვსკიმ თავის ფეისბუქ-გვერდზე დიდი ხნის ნანატრი ინფორმაცია მოგვაწოდა. მეტრო 2035-ის გარეკანი გაგვაცნო და თან Дописал-ო - გვახარა. მანამდე კი ტრადიციულად საწყისი თავები ლიტრესზე გამოაქვეყნა და ჩვენც თანამედროვე პოსტაპოკალიპტური საგის ახალი წიგნის შესახებ მცირედი შთაბეჭდილების შექმნის შესაძლებლობა მოგვცა.

მეტრო 2035-ის საწყისი ფრაზიდანვე პირველ წიგნში ვბრუნდებით, მეორე ნაწილში მივიწყებული არტიომი ისევ მთავარი გმირის ამპლუაში გვევლინება და პირველი ფრაზაც, ისევე როგორც 2033 წელს, ახლაც მას მიემართება. თუმცა, არტიომი უკვე გაზრდილი და დავაჟკაცებულია. ის ახლა მეტროს გმირია, ყველა მის შესახებ საუბრობს და ვინმე გომერი - მოხუცი მწერალი, მის შესახებ ისტორიული (მაგრამ თანამედროვე) წიგნის დაწერასაც გეგმავს. ის გარემო და განწყობა, რამაც ასე შეაყვარა მეტრო 2033 მკითხველს, ტრილოგიის ბოლო წიგნშიც უცვლელია. ვბრუნდებით ათი წლის წინ გაცნობილ სამყაროში, რომლის შესახებაც კარგა ხანია არაფერი გვსმენია.

2035-ის შინაარსი პირდაპირ მიბმულია პირველი წიგნის ეპილოგს - არტიომის წერილს, რომელშიც ის ერთგვარ აღსარებას გვაბარებს და ფარდას ხსნის "შავებზე" მოდებულ საიდუმლოებას. ის ახლა ყოველ დღე ადის ზედაპირზე - ბოტანიკურ ბაღში, ნელი ნაბიჯით უახლოვდება იმ კოშკს, რომლიდანაც დაინახა, როგორ განადგურდა "შავების" ბუდე და რომელზეც უკანასკნელად იხილა ისინი. უკანასკნელად დაინახა დედის სახეც. კოშკის უმაღლეს სართულზე ადის და ომგამოვლილი რადიო-სადგურიდან სიგნალის დაჭერას ცდილობს. - "მიღება, მიღება!... ლაპარაკობს მოსკოვი! ჰეი, პეტერბურგო, ვლადივასტოკო, ეკატერინბურგო! ხმა ამოიღეთ! მითხარით, რომ გადარჩით, რომ მანდაც ხართ ცოცხლები. ჩვენზე ბევრად კარგად ცხოვრობთ, სუფთა ჰაერს ყლაპავთ და ახლა მოსკოველი ძმების წამოსაყვანად ხალხსაც გამოგზავნით."

სიჩუმე...


გახსოვთ "მელნიკი"? ახლა მისი ქალიშვილი არტიომთან ერთად ცხოვრობს. თუმცა, მათი საერთო საწოლი მხოლოდ ფორმალურია. კაცი დილაადრიან ადის ზედაპირზე, უკან დაბრუნებულს კი ქალი უკვე სოკოზე ხვდება წასული. მოკლედ, თავიდანვე ჩანს, რომ ადამიანური გრძნობებით სითბომოდებული გვერდების სიმრავლე არც მეტრო 2035-ში გველის. სამაგიეროდ, ყოველი ახალი თავი ახალი ინტრიგით მთავრდება. ჯერ მარტო ის რად ღირს, რომ გომერი აღმოჩნდება კაცი, რომელმაც სხვა ქალაქებთან კავშირის დამყარება ერთხელ უკვე შეძლო.

მეტრო ფართოვდება და იზრდება.

თუმცა სიმართლე "შავების" შესახებ კვლავ მხოლო ერთმა ადამიანმა იცის.

მოკლედ, ლოდინად ღირდა. მეტრო 2035 იქნება ზუსტად ისეთი, როგორ დასასრულსაც იმსახურებს ეს ისტორია. რა თქმა უნდა, გლუხოვსკის არც მანამდე და არც ახლა ოდნავი მინიშნებაც არ გაუკეთებია ახალ წიგნში განვითარებულ სიუჟეტზე, თუმცა მკითხველთა ნაწილი ვარაუდობს, რომ აქ ვიხილავთ ისეთ დასასრულს, როგორსაც "არტიომის ევანგელიე"-ში (მეტრო 2033-ის ეპილოგი). თუმცა, ეს საკამათო თემაა, ვინაიდან ქრონოლოგიურად ის ამბავი უკვე მოხდა წლების წინ და არტიომს რომც არ ახსოვდეს უკანასკნელი შეხვედრა "შავთან", ერთხელ მოხდენილი აღარ განმეორდება.

უფრო მეტად სავარაუდოა, რომ ამ წიგნით ავტორი მოსკოვის საზღვრებს გასცდება და სოკოების და ღორების მოშენებით განებივრებული, უკვე "შავებისგან" გადარჩენილი რუსებისგან მოქმედების წერტილს სულ სხვა წერტილებში გადაიტანს.







ავტორი: ირაკლი სულაძე