დენ სიმონსის ჰიპერფანტასტიკური ილიადა

სამეცნიერო ფანტასტიკის ჟანრის განვითარებამ დიდი ოთხეულის და მათი თანამედროვე კლასიკოსების შემდეგ მცირედით შეიცვალა კალაპოტი და მეოცე საუკუნის 80-იანი წლებიდან სულ მთლად ახალ საფეხურზე აინაცვლა.

ნილ გეიმანის Marvel 1602

2001 წელს ნილ გეიმანმა, გრაფიკულის ნოველების აწ უკვე აღიარებულმა მწერალმა და The Sandman-ის შექმნელმა, გადაწყვიტა Marvel-თან ეთანამშრომლა და ბედი მეინსტრიმულ კომიქსში მოესინჯა (უფრო სწორად, თავად Marvel-ისგან მიიღო შემოთავაზება).

არტ შპიგელმანის ომგამოვლილი თაგვი

„როდესაც რამდენიმე დღით ერთ ოთახში ჩაგკეტავენ მშივრებს, იქ სიტყვა "მეგობარი" აღარ არსებობს.“

„უფრო მეტი, ვიდრე ადამიანი“: თეოდორ სტარჯენის ევოლოციური თეორია

„ჩვენ გვჭირდება არა ფიზიკური, არამედ - ფსიქიკური ევოლუცია“.

Showing posts with label ტერი პრეტჩეტი. Show all posts
Showing posts with label ტერი პრეტჩეტი. Show all posts

08 April, 2015

სერ ტერი პრეტჩეტის უკანასკნელი ნოველა სექტემბერში გამოქვეყნდება


ტერი პრეტჩეტის უკანასკნელი ნოველა ,,The Shepherd's Crown" დღის სინათლეს სექტემბერში იხილავს. წიგნი პრეტჩეტის გარდაცვალებამდე რამდენიმე თვით ადრე დასრულდა.

ტომ ველდონი, Penguin Random House გამომცემლობიდან, ამბობს: ,,ჩემთვის დიდი პატივია ტერი პრეტჩეტის უკანასკნელი ნოველის გამოცემა. მისი ნაწარმოებები აღიარებული და დაფასებულია მთელ მსოფლიოში. ჩვენთვის, გამომცემლებისთვის და მკითხველისთვის ეს მოვლენა ძალიან მნიშვნელოვანია!"



წიგნის სიუჟეტი ვითარდება ტერის ფანებისთვის ცნობილ სამყაროში, რომელსაც Discworld ეწოდება. ეს სამყარო ჯერ კიდევ 1983 წლის ნოველაში The Colour Of Magic-ში გვხდება. Discworld გახლავთ გამოგონილი პლანეტა, რომელსაც დისკოს ფორმა აქვს და ოთხი სპილოს ზურგზეა მოთავსებული.


შეგახსნებეთ, რომ ტერი პრეტჩეტი 2015 წლის 12 მარტს გარდაიცვალა საკუთარ სახლში, ოჯახის წევრებისა და საყვარელი კატის გარემოცვაში. გარდაცვალების შესახებ ცნობა, მისმა ქალიშვილმა დაწერა სოციალურ ქსელ ტვიტერზე ,,AT LAST, SIR TERRY, WE MUST WALK TOGETHER".


მისი სიკვდილის შემდეგ ფანებმა 40 000 ევრო შეაგროვეს, რომელიც მოხუცებულთა თავშესაფარში გადარიცხეს. ამით სიმბოლურად გაგრძელდა ის ქველმოქმედება, რასაც სერ ტერი პრეტჩეტი ცხოვრების ბოლო წლებში ახორციელებდა.

13 March, 2015

მიმართულება: დედამიწა - Neverwhere


როდესაც კითხულობ ნილ გეიმანისა და ტერი პრეტჩეტის "კარგ წინასწარმეტყველებას" (ორიგ.: Good Omens), სურვილი გიჩნდება, ბოლო გვერდის დახურვისთანავე ორად გაიყო, ერთი ნაწილი სენდმენის ავტორის წიგნების საკითხად მომართო, მეორეს კი დისკვორლდი გააცნო. თუმცა, ყველაფერი ისე არ ხდება როგორც ჩვენ გვსურს და არც ჩვენ ვართ აზიმოვები, რომ ერთდროულად სხეულის რამდენიმე კიდურით ვწეროთ/ვიკითხოთ. სწორედ ამიტომ, მე და ჩემნაირებს დღემდე ბოლომდე შეუსწავლელ მოვლენად გვრჩება ტერი პრეტჩეტი. ამასობაში კი, ტერიმ 66 წლის ასაკში დაგვტოვა და ამან კიდევ უფრო გაგვიძნელა "ტერათონის" დაწყება. თითქოს ყველამ აქამდეც ვიცოდით, რომ სერი მძიმე სნეულებას ებრძოდა და ესეც რომ არა, ქართველი მკითხველის უმეტესობას მასთან შეხვედრის შესაძლებლობა მაინც არასდროს გვექნებოდა, მაგრამ მისმა სიკვდილმა მაინც განსაკუთრებული სევდა დაგვიტოვა. არა იმიტომ, რომ დაიღუპა დიდი მწერალი ან დიდი ადამიანი, არც იმიტომ, რომ ჩვენ მის ახალ ნაწარმოებებს ვეღარ წავიკითხავთ. არა, რაღაც სხვა, ამოუცნობი სევდა. თუნდაც იმიტომ, რომ ნილი რაღაც მომენტში მარტო დარჩა და ვინ იცის, ეს მის წიგნებსაც დაეტყოს მომავალში. მანამ კი, სანამ მარტო დარჩებოდა, მეოცე საუკუნის მიწურულს გეიმანმა გამოსცა ნოველა - Neverwhere, რომლის ქართულ თარგმანშიც დარწმუნებული არ ვარ. შეიძლება მოვიხსენიოთ როგორც "არსად", "არსადერთი" ან რაიმე მსგავსი.

წიგნი, გრაფიკული ნოველის დარად, ერთ საინტერესო სიუჟეტს მიჰყვება, რომელიც ერთდროულად სათავგადასავლო ალტერნატიული რეალობის ამსახველია და ამასთან, დაჰკრავს დიდი დოზით სატირა. სატირა - პირველ რიგში ადამიანთა არასწორი შეხედულებებისა და ფასეულობების მიმართ. წიგნის მთავარი გმირი ცხოვრობს ლონდონში, უფრო სწორად კი, იმ ლონდონში, რომელშიც ის და მის ნაირები ყოველდღიური ცხოვრებისეული მოთხოვნილებების დაკმაყოფილებას ცდილობენ. თუმცა, ლონდონი ბევრად დიდია. დიდი და საინტერესო. თუმცა, მისი მცხოვრებლები ამას ვერ ამჩნევენ. ჩვენს გმირს კი გაუმართლებს და აღმოაჩენს ლონდონის მეტროს იდუმალებას. მეტრო, რომელიც გარდა სატრანსპორტო დანიშნულებისა, ერთიანად წარმოადგენს სხვა, ალტერნატიულ ლონდონს. აქაც, რეზნიკისეულად ერთმანეთთანაა შეპირისპირებული ხილული და ნაწილობრივ უხილავი ქალაქის თავისებურებები. თუმცა, გეიმანი ბევრად უფრო მსუყე შინაარსს გვთავაზობს, თავისი საყვარელი მითიურ-რეალური პერსონაჟებითა და თემატიკით.

Neverwhere საინტერესოდ ეხება მეგობრობის, ერთგულების და ადამიანთა შორის არსებული განსხვავებების საკითხს. ქვედა ლონდონი კი, რომელშიც ძირითადად "ბომჟისეული" პერსონები სახლობენ, მკითხველს ჰპირდება დაუვიწყარ მოგზაურობას ბრიტანულ ნესტიან გვირაბებში, რომელშიც მართალია, ვერ შევხვდებით მეტრო 2033-ისეულ იდუმალებასა და სიმძაფრეს, თუმცა აქ გეიმანი ცოტა სხვა მომენტებზე აკეთებს აქცენტს. ის ფაქტი, რომ ქვემოთ მცხოვრებლები ზედა ლონდონელებისთვის თითქმის შეუმჩნევლები არიან და რომ არა რიჩარდ მეიუს (მთავარი გმირი) სამარიტანისეული კეთილშობილება, ვერც ის გაიცნობდა ოდესმე ლედი დორს, ანგელოზ იზლინგტონს და მარკიზ დე კარაბასს, ხაზს უსვამს იმ ფაქტს, რომ ადამიანები, რომლებიც დილით სუფთა პერანგებით და ხელში რძიანი ყავით თავმოწონებულები სუფთა მანქანის სუფთა სავარძლებზე მოკალათებული არ მოძრაობენ, ისეთივე ჩვეულებრივი ადამიანები არიან, როგორც სხვები. თუმცა, იმ სხვათა დამახინჯებული აზროვნების "წყალობით" ისინი პრაქტიკულად გაუჩინარებულები არიან. თითქოს არც არსებობენ. ან ოდესმე არსებობდნენ და ახლა აღარავის ახსოვს.


ტერი პრეტჩეტიც წავიდა. წავიდა, სადღაც არსებულ, ან არარსებულ სამყაროში. სადღაც იქ, ლონდონის მიწისქვეშეთში, იქ, სადაც Neverwhere-ის პერსონაჟები დახვდებიან და იქაურობას უკეთ გააცნობენ. ტერიც გახდება ერთ-ერთი შეუმჩნეველი ლონდონელი და ივლის რიგითი ინგლისელების გვერდიგვერდ, რიგითი ინგლისელები კი, (ყოველ შემთხვევაში მათი ნაწილი მაინც) იმ გაცვეთილი ქართული ანეკდოტის არ იყოს, მეტროში ჩასვლის დროს, ესკავატორზე დგომისას წამიერად მაინც მოძებნიან თვალებით მეტროს გვირაბებს შორის მოხითხითე ბერეტიან წვეროსანს.


ავტორი: ირაკლი სულაძე