დენ სიმონსის ჰიპერფანტასტიკური ილიადა

სამეცნიერო ფანტასტიკის ჟანრის განვითარებამ დიდი ოთხეულის და მათი თანამედროვე კლასიკოსების შემდეგ მცირედით შეიცვალა კალაპოტი და მეოცე საუკუნის 80-იანი წლებიდან სულ მთლად ახალ საფეხურზე აინაცვლა.

ნილ გეიმანის Marvel 1602

2001 წელს ნილ გეიმანმა, გრაფიკულის ნოველების აწ უკვე აღიარებულმა მწერალმა და The Sandman-ის შექმნელმა, გადაწყვიტა Marvel-თან ეთანამშრომლა და ბედი მეინსტრიმულ კომიქსში მოესინჯა (უფრო სწორად, თავად Marvel-ისგან მიიღო შემოთავაზება).

არტ შპიგელმანის ომგამოვლილი თაგვი

„როდესაც რამდენიმე დღით ერთ ოთახში ჩაგკეტავენ მშივრებს, იქ სიტყვა "მეგობარი" აღარ არსებობს.“

„უფრო მეტი, ვიდრე ადამიანი“: თეოდორ სტარჯენის ევოლოციური თეორია

„ჩვენ გვჭირდება არა ფიზიკური, არამედ - ფსიქიკური ევოლუცია“.

Showing posts with label ლავკრაფტი. Show all posts
Showing posts with label ლავკრაფტი. Show all posts

26 August, 2016

აღორძინება - სტივენ კინგი დიდ ავიაციას დაუბრუნდა


სახელწოდება: აღორძინება
ავტორი: სტივენ კინგი
ქვეყანა: აშშ 
ენა: ინგლისური 
პირველი გამოცემის წელი: 2014 
შეფასება Goodreads-ზე: 3.75/5


"სახლი არის იქ, სადაც მათ სურთ რომ შენ დიდ ხანს დარჩე ."


   როდესაც სტივენ კინგი 2013 წელს "გუმბათის ქვეშ"-ს არეკლამირებდა, ერთ-ერთ პრესკონფერენციაზე მკითხველს ახარა, რომ მალე მისი ახალი რომანი "აღორძინება" გამოვიდოდა, რომელიც მოგვითხრობდა ახალგაზრდა ბიჭის და მისი ბავშვობის დროინდელი პადრეს ამბავს. აღორძინების მცირედი ნაწილი "ექიმი ძილის" ერთ-ერთ გამოცემასაც დაერთო თან. ავტორის თქმით წიგნს საფუძვლად ედო მერი შელის "ფრანკენშტეინი" და არტურ მეიჩენის "დიდებული ღვთაება პანი". 2014-ში აღორძინებაც გამოვიდა და მიუხედავად ტრადიციული მოლოდინისა, წიგნმა დიდი მასების მოლოდინი ვერ გაამართლა. მკაცრი კრიტიკოსები კვლავ იმ აზრზე დარჩნენ, რომ მერსედესის ტრილოგიით შექმნილი ფონი კინგის ირგვლივ გრძელდებოდა და კიდევ ერთხელ ამტკიცებდა იმ მოსაზრებას, რომ მწერალი, რომელიც სიბერეში დეტექტივების წერას იწყებს, ნელ-ნელა უკან-უკან ეშვება. პრინციპში, არც მისტერ მერსედესამდე ჰქონდათ კრიტიკოსებს განსხვავებული აზრი და 11/22/63-ც კი ვერ დააყენეს ახალგაზრდობის დროინდელი საუკეთესო რომანების გვერდით, მაგრამ ამჯერად ყველას აღორძინება აინტერესებდა. იყო კინგის მრევლის დიდი ნაწილი, რომელიც ისევე როგორც მის ყველა წიგნს, ამ ახალ რომანსაც უმაღლეს შეფასებებს უწერდა. საბოლოოდ კი მივიღეთ ის, რომ აღორძინებამ მხოლოდღა "ჯოილენდს აშკარად სჯობს..." შეფასება დაიმსახურა.

  არადა, სიუჟეტს ბანალური არ ეთქმის. ატმოსფერო - ნაცნობი და საუკეთესოა. ის მოიცავს ყველა იმ ესთეტიკურ-შინაარსობრივ დეტალს, რომელიც ყველაზე მეტად უხდება სტივენ კინგის წიგნებს. რომელიც, თავის დროზე "სალემის ხვედრის" და "შინაური ცხოველების სასაფლაოს" მთავარი დასაყრდენი გახდა. ზოგადად, აღორძინება აერთიანებს ავტორისთვის საყვარელ თემებს: პატარა ქალაქი, ბავშვი - შემდგომში ბავშვობის მოგონებებით დამძიმებული ახალგაზრდა, კათოლიციზმი, სიკეთისა და ბოროტების ბრძოლა, ცხოვრებისეული შემთხვევითობით გამოწვეული უბედურებით გაბოროტებული კეთილი ადამიანები და ა.შ.

   შინაარსობრივი დეტალების გამხელის გარეშე, მოკლედ რომ ვთქვათ, ეს არის ისტორია ერთ-ერთ პატარა ამერიკულ ქალაქში მცხოვრებ ოჯახზე და ამ ქალაქის ახალგაზრდა პადრეზე, რომელიც ამ ოჯახის ყველაზე პატარა წევრს დაუმეგობრდება. ქალაქში დატრიალებული უბედურება პადრეს აიძულებს უარი თქვას თავის საქმეზე და სხვაგან გადასახლდეს. ბედის უკუღმართობით ბიჭი და ღვთისმსახური წლების შემდეგ სულ სხვა ვითარებაში შეხვდებიან. მაშინ, როცა არც ერთია პადრე და აღარც მეორე პატარა ბავშვი. ყველაფერი სრულდება დაპირისპირებით, უნდობლობით და აწ უკვე გიჟ-მეცნიერად ქცეული პადრეს ტესლასეული ელექტრული ექსპერიმენტებით, რომლითაც ის ბიბლიის საწინააღმდეგო სენტენციების დამტკიცებას ცდილობს.

  აღორძინების მთავარი ხაზი დაპირისპირებაშია. (Good evening, 'The Stand') დაპირისპირებაში ახალგაზრდულ სულსა და გადაღლილ მოზრდილებს შორის. დაპირისპირებაში რწმენასა და ნიჰილიზმს, ნარკოტიკებით გაჟღენთილ ორგანიზმსა და მომაკვდავის წრფელ სურვილებს შორის. ბევრის აზრით წიგნის საუკეთესო ეპიზოდი ის რამდენიმე გვერდია, სადაც ჯეიკობი (პადრე) თავის უკანასკნელ მსახურებას ატარებს და საკმაოდ ვრცელ მონოლოგში თითქმის დამარწმუნებლად ასაბუთებს ყველა იმ იდეის სიმცდარეს, რომელსაც მთელი ცხოვრების განმავლობაში თავად ქადაგებდა.


      რა თქმა უნდა, აღორძინებას ვერ მოაქვს ის მუხტი, რომელიც უნდა მოჰქონდეს (სხვათა შორის, ელექტრული მუხტის 'მოტანას' წიგნის მთავარი გმირიც უშედეგოდ ცდილობს თავისი მიზნის მისაღწევად) და არც ისეთი დამაინტრიგებელია, როგორც კინგის ერთ-ერთი ბოლო ნამუშევარი, აწ უკვე სერიალად ქცეული - 11/22/63, თუმცა ეს მაინც სერიოზული ნაბიჯია უკან. უკან - დიდი ავიაციისკენ.

რატომ?

იმიტომ, რომ აქ მთელ წიგნს კინგისთვის დამახასიათებელი, ძალიან კარგი მუსიკა სდევს თან,
იმიტომ, რომ ეს არის მისი ერთი ძალიან საყვარელი თემის - პატარა ქალაქის და ამ პატარა ქალაქში დატრიალებული საშინელების, ამ ქალაქში 'გაზრდილი და ბავშვობისტრავმადაღდასმული მოზარდების' ერთ-ერთი საუკეთესო ისტორია,
იმიტომ, რომ ეს არის ამბავი რწმენადაკარგულ, ერთ დროს ბიბლიამომარჯვებულ პადრეზე,
იმიტომ, რომ ეს არის ამბავი განდგომილობაზე, დაკარგულ იმედებსა და სიკვდილზე,
იმიტომ, რომ ამ სიკვდილს კინგი ლავკრაფტისეული საშინელებით აღწერს,
იმიტომ, რომ ის არ უშინდება ფაქიზ წერტილებთან შეხებას და არ ტოვებს არც ერთ თემას, რომელსაც დიდ შავ კითხვისნიშანს არ უსვამს თავზე...

                                                                        
   მიუხედავად რამდენიმე ისეთი მომენტისა, რომელიც გვიანდელი პერიოდის კინგს ნამდვილად არ ახასიათებს დადებითად, რომელიც სიტუაციურად ფანტაზიადაშრეტილი შემოქმედის ნაშრომს მოგაგონებთ და რომელიც სამწუხაროდ ყველაზე კარგად "ექიმ ძილში" ჩანს, აღორძინების მთავარი ღირსება მაინც იმ ჰარმონიაშია, რომელსაც მისი ტრაგიკული პერსონაჟები ქმნიან. ძნელია გულგრილად წაიკითხო ამბავი ხალხზე, რომლებიც აბსოლუტურად შემთხვევით კარგავენ ყველას და ყველაფერს

     და კიდევ უფრო ძნელია განსაჯო ეს ხალხი მათი შემდგომში ჩადენილი 'სისულელეების' გამო. ამას თავად ავტორიც ხვდება და მიუხედავად იმისა, რომ ბევრ რომანში კინგი ხმალამოღებულ მეთოდისტია, ხშირად ის უფრო მეტად მიწაზე მყარად მდგომი რეალისტია, რომელიც ასეთ ხალხს მეტ პატივს სცემს, ვიდრე მათ, ვინც ტრაგიკული ამბის შემდეგ ან არ იცვლებიან, ან მხოლოდ დემორალიზებას მიეცემიან. გახსოვთ 'ცხოველების სასაფლაო' და მისი დასასრული? აღორძინებაც იმავე ხაზს მიჰყვება და შინაარსის მსვლელობასთან ერთად აშკარად იგრძნობა, რომ სტივენ კინგიც აქვე, თქვენ გვერდით ზის და თქვენს მოღუშულ სახეს და შეკრულ კოპებს თანაგრძნობით უყურებს, რადგან იცით, რომ ისიც იმავე აზრზეა და ისიც იზიარებს თავისი პერსონაჟების ტრაგიზმს.


   ზოგადად, სტივენ კინგის 'საშინელების' მთავარი პლუსი მისი რეალისტური მხარეებია. არასდროს ყოფილა მიმზიდველი სალემის ვამპირები, შუამიწეთის კიბორგები, მკვლელი მობილურები, მაგრამ ყველა დაუოკებელი მაგნიტიზმით ილტვოდა იმ შიშების მიმართ, რომლებიც - რეალურია. ყველას აძრწუნებდა კუნძულზე მარტო დარჩენილი კაცი, რომელიც საკუთარი თითების ჭამას იწყებს და ის გოგოც, რომელიც თანატოლებისგან დაჩაგრული, მზად არის სისხლიან მკვლელობაზე წავიდეს.

        ასეთივეა აღორძინებაც. ის გვახედებს იმ სარკეში, რომელსაც ყველა თვალს არიდებს და რომელში ჩახედვაც გარდაუვალია. კინგი უსვამს შეკითხვას ღრმა მორწმუნეებს - და იქნებ თქვენ ცდებით, მეგობრებო? იქნებ დედამიწაზე მოღვაწე ყველაზე კეთილშობილი კაციც კი სიკვდილის შემდგომ სამუდამო წამებისთვისაა განწირული?

      თუმცა, ნებისმიერი რომანი მაკულატურად ჩაითვლებოდა, მას რომ ლაბირინთიდან გასვლის მეორე ალტერნატიული გზა არ ჰქონოდა. არც კინგია უმეცარი და მიუხედავად კარგად ღრმა მოხუცებულობისა, თავის ბოლო ვრცელ ნოველაში ის მაინც საკმაო რაოდენობის ხელმოსაჭიდებს ტოვებს იმ რწმენით სავსე მკითხველებისთვის, რომლებიც წიგნში გაშიშვლებულ სიკვდილს არასერიოზულად უყურებენ და მას მხოლოდ პარალელურად, ბუნებრივისგან ოდნავ განსხვავებულ მდგომარეობად აღიქვამს. მდგომარეობად, რომელიც არის არა დაცემა და დეგრადირება, არამედ რაღაც ახალი, განსხვავებული... რაღაც აღორძინების მაგვარი.




ავტორი: ირაკლი სულაძე

26 November, 2014

The Beast In the Cave - გრაფიკული ნოველა



ლავკრაფტის "მხეცი მღვიმეში"
ჯეისონ ტომპსონის გრაფიკული ნოველა










მხეცი მღვიმეში - ჰოვარდ ლავკრაფტი



მხეცი მღვიმეში


გამყინავი წინათგრძნობა, რომელსაც ჩემს სხეულში დაესადგურებინა, თავბრუსხვევასთნ ერთად, ნელ-ნელა საკუთარი თავის რწმენას მმატებდა. მარტო ვიყავი, უიმედოდ მარტო. ვიდექი მამონტის გამოქვაბულის ერთ-ერთ მიყრუებულ და ბნელ ლაბირინთში. დაძაბული მზერით ვათვალიერებდი ჩემ ირგვლივ არსებულ საშიშ გარემოს, მაგრამ არსაით ჩანდა გადარჩენის ნიშანი. მორჩა, დამთავრდა, ვეღარასდროს ვნახავ მზის სინათლეს, ვეღარ შევიგრძნობ მწვანე მინდვრებს, ვეღარ შევეხები სამყაროს მშვენიერებას,  დამთავრდა;  ის უკანასკნელი იმედის ნაპერწკალიც კი, რაც აქამდე მაცოცხლებდა, ჩაქრა.
მართალია, ჩემი ცხოვრების განმავლობაში, არაერთი მოაზროვნის ნაშრომს გავეცანი, რაც საკმაოდ დიდ სიამოვნებას მგვრიდა, მაგრამ იმის მსგავსი, რასაც ახლა ვგრძნობდი, არც ერთი მათგანის ნაწერში არ ამომიკითხავს. მაკვირვებდა ჩემი თავი. ხშირად წამიკითხავს, უიმედო მდგომარეობაში ჩავარდნილი ადამიანების და მათი ქცევის შესახებ, მაგრამ მსგავსი არაფერი მეტყობოდა. ახლაც ისევე გაუნძრევლად ვიდექი ერთ ადგილზე, როგორც ორიენტაციის დაკარგვის მომენტში. იმაზე ფიქრი, თუ რა მელოდა, ოდნავადაც არ უშლიდა ხელს ჩემს ცივსისხლიანობას. ვფიქრობდი, რომ თუკი სიკვდილი გარდაუვალი იყო, მაშინ ეს საშინელი, მაგრამ ამავდროულად დიდებული გამოქვაბული, ისეთივე ხელგაშლილი მიიღებდა ჩემს სხეულს, როგორც ჩვეულებრივი სასაფლაო;
მსგავსი ფიქრები ჩემში უიმედობის ნაცვლად სიმშვიდეს თესდა.

ვიცოდი - წინ მელოდა ბედისწერის უკანასკნელი გამოცდა - შიმშილი. ვიცოდი, რომ იმ ადამიანების მსგავსად, ვისი გზაც მე გამოვიარე, სიცოცხლეს სიგიჟით არ დავასრულებდი, ვიცოდი, რომ მე სხვაგვარი დასასრული მელოდა. თუმცა, ამაში ვერავის დავადანაშაულებდი, ჩვენი ჯგუფის ხელმძღვანელის გარეშე, საკუთარი ბრიყვული ნებით, დავტოვე ადგილი, რომელიც დამთვალიერებლებისთვის იყო განკუთვნილი და შევტოპე ბნელი გვირაბის ლაბირინთებში, რომლიდანაც, უკვე დარწმუნებით შემეძლო მეთქვა, რომ გასასვლელს ვეღარ ვიპოვნიდი. ფანრის შუქი ნელ-ნელა ფერმკრთალდებოდა, ახლოვდებოდა ჩემი და გამოქვაბულის უკუნის შერწყმის მომენტი. თვალწინ მოახლოებული სიკვდილის სცენა ნათლად მეხატებოდა. ამ დროს გამახსენდა ისტორიები, რომლებსაც გვიყვებოდნენ ტუბერკულოზით დაავადებულების შესახებ. ისინი ამ მღვიმეებში სამკურნალოდ ჩამოიყვანეს, იმ იმედით, რომ აქაური ტემპერატურა მათზე დადებითად იმოქმედებდა, თუმცა მკურნალობამ შედეგი ვერ გამოიღო და მალევე ავადმყოფები სხვადასხვა უცნაურ პოზაში დახოცილები იპოვეს. რამდენიმე მათგანის გვამი ჩემს ჯგუფთან ერთადაც ვნახე, დაკარგვამდე. ახლა კი, საინტერესო იყო, როგორ იმოქმედებდა ჩემზე გამოქვაბულში მოვლენილი სიკვდილის ბასრი კლანჭი. ჩემზე, სრულებით ჯანმრთელ ადამიანზე.  ვნახოთ....თუკი შიმშილი სიცოცხლეს ნაადრევად არ წამართმევს, ამ  კითხვის პასუხს შეიძლება თავადვე მივაგნო. ჩემი ფანრის უკანასკნელი სხივები კიაფობდნენ, სიბნელის მოახლოებასთნ ერთად, გადავწყვიტე, საკუთარ თავში ძალა მეპოვნა და გადასარჩენად ყველა ღონე მეცადა, არ შევშინებოდი გამოქვაბულის მოჩვენებებსაც კი. ამიტომ, ფილტვებში ენერგია მოვიკრიბე, ჩვენი გიდისთის დაგუდული ხმოვანი სიგნალის მისაღწევად. დიახ, გულის სიღრმეში მართლაც მჯეროდა, რომ ძახილი თავის ადრესატამდე მიაღწევდა და ჩემი ყურის ნიჟარა არ იქნებოდა ბგერების ერთადერთი მიმღები.

ამასობაში, შორიდან ნელი ნაბიჯის ხმა მომესმა. ნაბიჯები მშვიდად, აუღელვებლად ეხებოდა ქვებს. ნუთუ, ასე სწრაფად გამოჩნდა საშველი? ნუთუ, წინამძღოლმა შეამჩნია ჩემი არყოფნა და ჩემს კვალს გამოჰყვა, ნუთუ, ამ კირქვის უსულდგმულო სამეფოში ჩემთვისაც არსებობს ხსნა ?! ამ შეკითხვებმა სიხარულით ამავსეს. სიხარული ერთი-ორად მეზრდებოდა და მზად ვიყავი კიდევ მეყვირა, რათა მივახლოვებოდი გადარჩენის წამს. მაგრამ, უეცრად, ჩემი აღტაცება გაქრა და თავზარი დამეცა. ისედაც დაძაბული სმენა გვირაბის სიჩუმემ კიდევ უფრო დაძაბა და ჩემს ცნობიერებამდე მოიტანა შიში იმის შესახებ, რომ მოახლოებული ნაბიჯის ხმა სულაც არ ეკუთვნოდა ადამიანს. უცნობი, ფრთხილი, კატის ნაბიჯებით მიახლოვდებოდა. დაკვირვებამ იმ დასკვნამდეც მიმიყვანა, რომ მის ნაბიჯებში ორის ნაცვლად ოთხი ტაქტი ისმინებოდა.

უკვე ეჭვი აღარ მეპარებოდა, რომ ჩემი ყვირილით გამოქვაბულში მძინარე რომელიღაც ველური მხეცი გავაღვიძე, რომელსაც შემთხვევით გზა აბნეოდა. შესაძლოა, უზენაესი შიმშილით სიკვდილის ნაცვლად, სხვა, უფრო სწრაფ და ჰუმანურ ვარიანტს მიმზადებს სიცოცხლის დასასრულებლად. - ვიფიქრე მე.

თვითგადარჩენის სურვილი, რომელიც ჯერ კიდევ შემრჩენოდა, მკარნახობდა, რომ მომავალი საფრთხის მიუხედავად, სიცოცხლე მხოლოდ უმაღლეს ფასად უნდა დამეთმო. რაც არ უნდა უცნაური იყოს, მომხდურის მიმართ მხოლოდ მტრულ დამოკიდებულებას ვგრძნობდი. სიტუაციის შეფასებამ იმედი მომცა, რომ შესაძლებელი იყო, მხეცს არ შევემჩნიე და ჩემ მსგავსად, მასაც არეოდა ორიენტაცია. თუმცა, ჩემს იმედებს ახდენა არ ეწერა. აშკარა იყო, რომ მან იგრძნო ადამიანის სუნი და ცარიელ გვირაბში ნელ-ნელა ჩემთან მოახლოებას ცდილობდა.

ირგვლივ მიმოვიხედე, ვცდილობდი, რაიმე ხელმოსაჭიდი მეპოვნა. ბოლოს, ახლოს მდებარე ყველაზე დიდ ქვას ჩავეჭიდე და მტრის დასახვედრად გავემზადე. დაბნეულობამ ამიტანა, მისი ფეხის ხმით, ის ხან ოთხფეხას, ხან კი ორფეხას ემსგავსებოდა. ვერა და ვერ მივხვდი, თუ რა ტიპის ცხოველთნ მქონდა საქმე. ბოლოს იმ დასკვნამდე მივედი, რომ ეს ერთ-ერთი ტყის ოთხფეხა მხეცი იყო, რომელიც საკუთარმა ცნობისმოყვარეობამ ამ უკუნ გვირაბებში შემოიტყუა და ახლა, ალბათ, ვირთხებით, ღამურებით და სოკოთი იკვებებოდა, რომელიც ხანდახან მღვიმის პირას ჩამდინარე მდინარის პირას ხარობდა. უცებ მივხვდი, რომ იმ შემთხვევაშიც, თუ მე მას დავამარცხებდი, ჩემი მტრის სახეს ვერ ვნახავდი, რადგან ფანარი უკვე კარგა ხნის ჩამქრალი იყო, ასანთი კი, თან არ წამომიღია. ახლოს... უფრო ახლოს მესმოდა ნაბიჯების ხმა. ამ საშინელების დროს, ერთიანად მინდოდა მეყვირა, მაგრამ ვიცოდი, არც ამას ჰქონდა აზრი. მაინც ვერავინ გაიგებდა. დარწმუნებული ვიყავი, რომ ის შორი გზიდან მესტუმრა, თუმცა გზად ძალიან დატანჯულიყო. ცხადი იყო, რომ გადაადგილება უძნელდებოდა. იმაშიც არ ვიყავი დარწმუნებული, ჩემი მარჯვენა ხელი სწორად შეასრულებდა, თუ არა, დაკისრებულ მისიას. ის უკვე ახლოს იყო. ახლა უკვე ყურისძირში მესმოდა ნაბიჯების ხმა. მზად ვიყავი შეტევისათვის. ახლა უკან დახევის დრო აღარ იყო. ქვა ნელ-ნელა ავწიე და ინტუიციას მივენდე. მოქნეული საგანი უცხო სხეულს შეეხო, რასაც თან ჩემი ყვირილი მოჰყვა. ჩემ წინ აღმართული უცხო სხეული უკან გადავარდა და გაშეშდა. გათამამებულმა, მეორე ქვაც ვესროლე მხეცს. ამჟამად სიხარულის ტალღამ დამიარა. საგრძნობლად შესამჩნევი იყო, რომ მტერი ქვებზე დაენარცხა. გაუნძრევლად იწვა. ერთიანად დაღლილი, კედელს მივეყუდე. მისი ცხელი და ნელი სუნთქვის ხმა ჩემამდე აღწევდა. ხელთ აღარაფერი მქონდა, რასაც მხეცისთვის ზიანის მიყენება შეეძლო. ახლა უკვე ნამდვილად აღარ ვგრძნობდი ინტერესს, გამეგო თუ რა იყო „ის“. ბოლო-ბოლო, რაღაც, შიშის მაგვარმა შემიპყრო. ვერ გადამეწყვიტა მასთან მიახლოება. მეშინოდა, საბოლოოდ არ მომეკლა ჯერ კიდევ ცოცხალი სხეული. სანაცვლოდ, ერთიანად მოვწყდი ადგილიდან და იმ მიმართულებით გავიქეცი, საიდანაც თავიდან მოვედი. უეცრად, განსხვავებული ხმა მომესმა, უფრო მეტიც, ეს იყო რეგულარული, გამყინავი ხმა, რომელიც მღვიმეში ხმოვან ნაწილაკებად ვრცელდებოდა. ეჭვი არ იყო. აქ, სადღაც, ჩვენი წინამძღოლი მოძრაობდა. ახლა კი, მთელი ძალით ვიყვირე, ვუხმე ადამიანებს საშველად. მალე შორიდან მანათობელი ფანრის შუქიც შევამჩნიე. ის ნელ-ნელა მიახლოვდებოდა. ნათების მიმართულებით გავრბოდი და უცებ, ისე, რომ ვერც კი შევამჩნიე როგორ, წინამძღოლის ფეხებთან გართხმული აღმოვჩნდი. მის ფეხსაცმლებს ვეჭიდებოდი, ერთმანეთში სიტყვებს ვურევდი, თან ჩემი უცნაური ისტორიის მოყოლას ვცდილობდი და თან მადლიერებას გამოვხატავდი ყველა შესაძლო გზით. აღმოჩნდა, რომ მან ჩემი არყოფნა მაშინ შეამჩნია, როდესაც ჯგუფი უკვე ტოვებდა მღვიმეს. ამის შემდგომ კი, ინტუიციას მიჰყვა და შემთხვევითობის პრინციპით აირჩია რამდენიმე გზა, იმ ადგილიდან, სადაც ბოლოს მესაუბრა. 
ჩემი პოვნა ოთხსაათიანი ძებნის შემდეგ შეძლო.

ვუსმენდი გიდს, და თან ნელ-ნელა მოვლენების საღი აღქმის უნარი მიბრუნდებოდა. ნელ-ნელა კვლავ მიპყრობდა ჩემ მიერ დაჭრილი არსების ვინაობის დადგენის სურვილი. მსურდა ამ საიდუმლოსთვის ფარდა ამეხადა და თვალებში ჩამეხედა ჩემი მტრისთვის. ნელ-ნელა გამბედაობა მოვიკრიბე და ჩემი ბრძოლის ველისკენ გავემართე. ფანრით ხელში, ფრთხილად მივუახლოვდით და აღმოვაჩინეთ ძირს გაწოლილი გიგანტური, ადამიანის პროპორციების მქონე, მაიმუნის მსგავსი არსება.  მისი ბეწვი თოვლივით თეთრი იყო, ადგილ-ადგილ მღვიმის მტვრისა და ჭუჭყისგან გამუქებული. ტანზე შედარებით თხლად იყო შეფენილი, მხრები და თავი კი, მთლიანად თმით ჰქონდა დაფარული.  მისი სახის კონტურებს ვერ ვხედავდით. კიდურები უცნაურად გრძელი ჰქონდა. ალბათ, ეს იყო იმის მიზეზი, რომ თავიდან ვერ გამერკვია, თუ რამდენ ფეხზე მოძრაობდა გამოქვაბულის უცხო სტუმარი. ცხოველი, აშკარად ხან ორ, ხანაც ოთხივე კიდურს იყენებდა გადასაადგილებლად. გრძელი და ბასრი ფრჩხილები თითის ბალიშებიდან ამოწვერილიყო. უცნაურად მეჩვენა, რომ ამ მიწისვეშა ბინადარს კუდი არ ჰქონდა. მისი სუნთქვის ტემპი იკლებდა, ჩვენმა გიდმა იარაღი მოიმარჯვა, მზად იყო,  სიცოცხლისთვის გამოესალმებინა, მაგრამ მან უცაბედად ისეთი ხმა ამოუშვა, რამაც წინამძღოლს იარაღის დაშვება გადააწყვეტინა. ძნელი სათქმელია, თუ როგორი იყო მისი ყვირილი. ეს არ იყო მაიმუნის ტიპური ხმა, ან ველური ცხოველის აგრესიის გამომხატველი ღრიალი. მისი ხმის ახსნა შეიძლებოდა მხოლოდ მღვიმის უკუნი სიჩუმით და მისთვის უცხო, სინათლის ზემოქმედებით.  მოულოდნელად, სპაზმმა აიტანა. წინა კიდურები აუკანკალდა, თავი აწია და  ნელ-ნელა აიზლაზნა. მონსტრის საშინელმა სახემ მზის შუქზე შემოგვანათა, მისი თვალებიდან გამონათებულმა ნათებამ ერთიანად გამყინა. რამდენიმე წამით სხეულს ვეღარ ვგრძნობდი, მისმა ჩაღრმავებულმა თვალებამ ჩემი ცნობიერება დაატყვევა. ვიდექი და ვაკვირდებოდი, მაოცებდა, ცხოველისთვის არადამახასიათებელი, სახის კანის სისუფთავე. ერთ ადგილზე გაშეშებულებს, არ შეგვეძლო თვალი მოგვეწყვიტა მისთვის. მისი თხელი ტუჩები ნელ-ნელა შეიხსნა, უკანასკნელი ბგერები ამოუშვა და სამუდამოდ დამშვიდდა.

წინამძღოლი პლაშზე მომეჭიდა. ნანახმა გააოცა, იმდენად ძლიერად შექანდა, რომ ფანრის შუქმა ქვის კედლებზე თამაში დაიწყო. ისევ გაუნძრევლად ვიდექი და გამოქვაბულის იატაკს თვალს ვერ ვაშორებდი. შიშმა დამტოვა. მისი ადგილი კი წუხილმა და შეძრწუნებამ დაიკავა; უცნობი მხეცის მიერ გამოცემულმა ხმებმა და ჩვენ ფეხებთან გართხმულმა უცხო სხეულმა სისხლიანი ჭეშმარიტების კარი შეგვიღო. ის, ვინც მე მოვკალი, მღვიმის უცნობი მცხოვრები, როგორც ჩანს, ერთ დროს ადამიანი იყო. დიახ, ადამიანი...


ჰოვარდ ლავკრაფტი
1905 წ.


კომენტარი: ალბათ, ბევრმა თქვენგანმა დასასრული წინასწარვე გამოიცნო და ეს მოთხრობა სულაც არ მიაჩნია ძლიერ „ჰორორად“. თუმცა, აუცილებელია აღინიშნოს, რომ პატარა ლავკრაფტმა „The Beast In The Cave”  15 წლის ასაკში დაწერა და ეს მისი ერთ-ერთი პირველი სერიოზული ნამუშევარია.



მთარგმნელი: ირაკლი სულაძე