დენ სიმონსის ჰიპერფანტასტიკური ილიადა

სამეცნიერო ფანტასტიკის ჟანრის განვითარებამ დიდი ოთხეულის და მათი თანამედროვე კლასიკოსების შემდეგ მცირედით შეიცვალა კალაპოტი და მეოცე საუკუნის 80-იანი წლებიდან სულ მთლად ახალ საფეხურზე აინაცვლა.

ნილ გეიმანის Marvel 1602

2001 წელს ნილ გეიმანმა, გრაფიკულის ნოველების აწ უკვე აღიარებულმა მწერალმა და The Sandman-ის შექმნელმა, გადაწყვიტა Marvel-თან ეთანამშრომლა და ბედი მეინსტრიმულ კომიქსში მოესინჯა (უფრო სწორად, თავად Marvel-ისგან მიიღო შემოთავაზება).

არტ შპიგელმანის ომგამოვლილი თაგვი

„როდესაც რამდენიმე დღით ერთ ოთახში ჩაგკეტავენ მშივრებს, იქ სიტყვა "მეგობარი" აღარ არსებობს.“

„უფრო მეტი, ვიდრე ადამიანი“: თეოდორ სტარჯენის ევოლოციური თეორია

„ჩვენ გვჭირდება არა ფიზიკური, არამედ - ფსიქიკური ევოლუცია“.

Showing posts with label სამეცნიერო ფანტასტიკა. Show all posts
Showing posts with label სამეცნიერო ფანტასტიკა. Show all posts

06 December, 2016

Goodreads-ის არჩევნების საბოლოო შედეგები ცნობილია




გარდა საქვეყნოდ ცნობილი პრემიებისა, როგორებიცაა ჰიუგო, ნებულა, ბრემ სტოკერი და ა.შ. უკვე რამდენიმე წელია, რაც საერთო თანრიგს სოციალურ ქსელ Goodreads-ის ჯილდოც შეემატა. საიტის მომხმარებელი ყოველწლიურად თითო-თითო ხმას აძლევს საყვარელ ავტორებს (მხოლოდ იმ წელს გამოცემული წიგნების მიხედვით) და გამოარჩევს ჟანრში თითო საუკეთესო ნაწარმოებს. ჟანრები გრადირებულია ზოგადი ბელეტრისტიკიდან კულინარიამდე, თუმცა ჩვენ მხოლოდ რამდენიმე მათგანზე გავამახვილებთ ყურადღებას, დანარჩენი კი უფრო დეტალურად შეგიძლიათ იხილოთ აქ.


მისტიკა და თრილერი

მიუხედავად იმისა, რომ მთელი მსოფლიო ერთხმად ვთანხმდებით - სტივენ კინგის დეტექტივში გადასვლა არც თუ ისე წარმატებული გამოდგა, წლევანდელმა ტრილოგიის ბოლო წიგნმა მაინც თავისი თქვა. რა დაგიმალოთ და როცა კინგის ბიბლიოგრაფიის ბოლოში გავალ, მერსედესის ტრილოგიას ალბათ უკანასკნელს გადავშლი, მაგრამ არის ხალხი, ვინც კინგის ამ მიმართულებით განვითარებას ერთგვარ ახალ ნაბიჯად აღიქვამს, ანდაც იმ აუცილებელი ორმოს ამოვსების წარმატებულ მცდელობად, რომელიც ყველა დიდმა მწერალმა უნდა გაიაროს, რომელიც მრავალმხრივ ჟანრობრივ არეალს მოიცავს. მოკლედ, ასეა თუ ისე, კინგის ფანბეიზი მძლავრობს და ისევე როგორც წინა წიგნების შემთხვევაში, პირველობას არც ამ შემთხვევაში უთმობს სხვა ავტორს. საგუშაგოს დასასრულმა 42 000-ზე მეტი ხმა აიღო, მეორე ადგილზე მყოფმა ლუიზი პენის დიდმა გაანგარიშებამ კი მხოლოდ 23 038. პრინციპში, სხვას არც არაფერს ველოდით. თან თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ ლუსი პენის დიდი გამოხმაურება არ მოჰყოლია. როგორც იცით, კინგი უკვე მუშაობს ახალ წიგნზე, რომელიც სავარაუდოდ ამავე ჟანრში დამკვიდრდება და მომავალ წელსაც ძნელად თუ ჩამოაგდებს ვინმე ტახტიდან. ისე, უნდა ითქვას, რომ ტრილოგიისგან განსხვავებით დიდი მოლოდინები გვაქვს მისი 2015 წლის მოთხრობების კრებულის მიმართ (ცუდი სიზმრების ბაზრობა), რომელსაც ყველა აღიარებს, როგორც ერთ-ერთ საუკეთესო კრებულს მის შემოქმედებაში.


ფენტეზი

ავად თუ კარგად, ზემოთ თქმული ტენდენცია გრძელდება შემდეგ ჟანრში, რომელშიც ლიდერობა არავის დაუთმო როულინგის დაწყევლილმა ბავშვმა, რომლის ყდაზეც ჰარი პოტერი იმხელა ასოებით წერია, რომ ძნელია მასზე, როგორც დამოუკიდებელ ნოველაზე იფიქრო. კრიტიკოსები ამ წიგნს არაერთგვაროვნად აფასებენ, თუმცა კარგია, რომ გუდრიდსის მომხმარებელი კრიტიკოსების აზრს არასდროს ითვალისწინებს და აქ რომანტიკული გრძნობები უფრო ჭარბობს ხოლმე, ვიდრე ლოგიკური შეფასება. ამ შემთხვევაშიც, ძნელია როულინგს სხვა თვალით შეხედო. არადა, ჟანრში ისეთი კონკურენტები ჰყავდა, როგორებიც არიან ბრენდან სანდერსონი, მარკ ლოურენსი, პატრისია ბრიგსი და სხვები. ისე, საინტერესოა, რომ სანდერსონის მისთბორნის მორიგ ნოველას - მგლოვიარე რაზმები, მეორე ადგილი მთელი 10 000 ხმით აწაპნა ვიქტორია შვაბმა მაგიის ჩრდილების მეორე წიგნით - აჩრდილთა კრება.
აღსანიშნავია, რომ თანამედროვე ფანტასტებს შორის ერთ-ერთი გამორჩეული - მარკ ლოურენსი (განადგურებული იმპერიის ტრილოგიის ავტორი), რომელიც აქტიური მომხმარებელია Goodreads-ზე და ხშირად გვანებივრებს კარგი ლიტერატურული მიმოხილვებით, თავისი ოშეიმის ბორბლით, რომელიც წითელი დედოფლის სერიის მესამე წიგნით იყო ჩართული ამ შეჯიბრში, მხოლოდ მე-18 ადგილს და 1 613 ხმას დასჯერდა.


სამეცნიერო ფანტასტიკა

ბოლო წლების მიდგომა აისახა სამეცნიერო ფანტასტიკის ჟანრშიც, სადაც შარშანდელის მსგავსად წელსაც პირს ბრაუნმა გაიმარჯვა, ამჯერად უკვე წითელი აღზევების ტრილოგიის მესამე წიგნით - დილის ვარსკვლავი. რატომ სამწუხაროდ? იმიტომ, რომ კლასიკური საი-ფაი პოზიციებს კარგავს და მკითხველი უფრო მარტივად საკითხავ წიგნებს ეტანება. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენთვის ყველასთვის საყვარელმა და სასურველმა მარსელმა შარშანწინ პირველობა არავის დაუთმო, ესეც ხომ არ არის წმინდა სამეცნიერო ფანტასტიკა? ენდ უეირში ჩვენ ხომ უფრო მეტად მისი იუმორი მოგვწონს, ვიდრე ფუტურისტული იდეები? არც პირს ბრაუნის ნაშრომებია ამ მხრივ დიდად განსხვავებული. ამასობაში კი ყურადღების მიღმა რჩებიან ისეთი ავტორები, როგორებიც არიან ნილ სტივენსონი, ორსონ სკოტ კარდი, ჯონ სკაცი და კიმ სტენლი რობინსონი.
წელს თითქმის 14 000 ხმის ჩამორჩენით მეორე ადგილზე ბლეიქ ქრაუჩის შავი მატერია გავიდა, მას მოჰყვა ვარსკვლავური ომების მორიგი ნოველა კლაუდია გრეის ავტორობით, მეოთხეზე კი ტერი პრეტჩეტის გრძელი კოსმოსი გავიდა, რომელიც ოსტატმა 2014 წელს სიკვდილამდე, 18 თვით ადრე დაასრულა, თუმცა ეს არ ყოფილა მისი უკანასკნელი ნამუშევარი. ეს გრძელი დედამიწის 5-ნაწილიანი საგის ბოლო წიგნია, რომლის თანაავტორადაც კიდევ ერთი ვეტერანი - სტივენ ბაქსტერი ევლინება.


გრაფიკული ნოველა

ცოტა არ იყოს უცნაური იყო კომიქსების კატეგორიაში გამარჯვებული სარა ანდერსენი, რომელმაც წელს გამოაქვეყნა გრაფიკული ნოველა - ზრდასრულობა მითია. აქაც, რაღა დაგიმალოთ და თინეიჯერი გოგონების წილი უფრო მეტი მგონია ამ ავტორის გამარჯვებაში, ვიდრე კომიქსის ღირსება. ჯერაც ნაკლებად ცნობილი სარა თავის გუდრიდსის აღწერაში გვეუბნება, რომ მან 2014 წელს დაამთავრა მერილენდის ხელოვნების კოლეჯი და ამჟამად ბრუკლინში ცხოვრობს. მისი კომიქსები კი ნახევად ავტობიოგრაფიულია, რომელიც მის მოგზაურობებს, მის პიროვნებას, მეგობრებსა და საყვარელ შინაურ ცხოველებზე მოგვითხრობს. მოკლედ, არ ვიცი... მეტი ამ ავტორის შესახებ მეც არაფერი გამიგია. სამაგიეროდ, ყველა კარგად ვიცნობთ მეორე ადგილზე გასულ საგას, რომელიც ბრაიან ვოგანის მიერ შექმნილი თანამედროვეობის ერთ-ერთი საუკეთესო კომიქსია. საგა წლევანდელ დაჯილდოებაზე მე-6 ვოლუმით შევიდა, თუმცა პირველ ადგილს მაინც ვერ შესწვდა. არადა, ის ერთნაირად გამორჩეულია უნიკალური მხატვრობითა და შიინარსით, რომელსაც აღფრთოვანებაში მოჰყავს როგორც ოქროს ხანის კომიქსების ფანები, ისე ამ ჟანრის დამწყები მკითხველი. უნდა ითქვას ისიც, რომ მისის მარველი მე-4 ადგილზე გავიდა, პოლ დინის - ბნელი რაინდი: ბეთმენის ნამდვილი ამბავი კი მხოლოდ მეშვიდეზე. 


საშინელება

და ბოლოს: წლევანდელი დაჯილდოების ყველაზე ლოგიკური, ყველაზე საინტერესო და ყველაზე საშიში განყოფილება. აი, ამიტომ არის ჯო ჰილი თანამედროვეობის ერთ-ერთი თვალსაჩინო მწერალი, რომელიც მალევე გამოვიდა მამამისის ჩრდილიდან და მე-20 საუკუნის მოჩვენებების კრებულის შემდეგ ყოველწლიურად უფრო და უფრო ღრმად ეფლობა საშინელებათა ჟანრში. მას სრული სიცხადით აქვს გაცნობიერებული, თუ როგორი უნდა იყოს საშინელება, რომელიც მკითხველს დააინტერესებს და ყოველ ახალ წიგნს ახალი მოლოდინით შეხვდება. ეს კატეგორია საინტერესო იყო იმითაც, რომ პირველ და მეორე ადგილოსანს შორის სხვაობა 2 000-ზე ნაკლები ხმა იყო. ამ საპატიო ადგილს დოტ ჰაჩისონის პეპლის ბაღი შესწვდა, მესამეზე ათასზე ოდნავ მეტი ხმის სხვაობით ჯასტინ კრონინის სარკეების ქალაქი გავიდა, ლავკრაფტისეული ჰორორის მორიგი ნოველა - ლავკრაფტის ქვეყანა კი, რომელიც მეტ რაფმა დაწერა, 5 8881 ხმით მეექვსე ადგილს იკავებს.


მოკლედ, წლევანდელმა დაჯილდოებამ ზედმეტი მოულოდნელობების გარეშე ჩაიარა. კვლავ გაიმარჯვეს მკითხველთა საყვარელმა ავტორებმა და კვლავ ჩრდილში დარჩნენ ნაკლებად პოპულარული, მაგრამ ძალიან კარგი მწერლები. თუმცა, ეს მხოლოდ იმ ჟანრებს ეხება, რომელიც ზემოთ ვახსენეთ და მათ შორისაც არის ის ერთი, რომელიც აუცილებლად, ყოველ მიზეზგარეშე იმსახურებდა ამ პრემიას. ჯო ჰილი თანამედროვე ჰორორს მხრებით ქაჩავს და მას ღირსეულად ემსახურება. Goodreads კი უკვე მომავალი წლისთვის ემზადება და 2017 წლისთვის გამზადებული წიგნებისთვის საპატიო თაროებს წინასწარ ამზადებს.







ავტორი: ირაკლი სულაძე 

08 February, 2016

- რა არის უბიკი?



   

სათაური: უბიკი
ავტორი: ფილიპ კ. დიკი
პირველი გამოცემის წელი: 1969
შეფასება Goodreads-ზე: 4.1/5


"...მეგობრებო, წარმოუდგენლად დაბალ ფასად გთავაზობთ ჩვენს ჩუმ, ელექტრულ უბიკებს. მაგრამ გახსოვდეთ: თითოეული უბიკის გამოყენება დაშვებულია მხოლოდ მკაცრად განსაზღვრული ინსტრუქციის მიხედვით..." 


უბიკი ფილიპ დიკის მიერ შექმნილი რეალობაა, რომელიც უდავოდ ავტორის ერთ-ერთ საუკეთესო ნამუშევრად ითვლება და რომლის მთავარი მოქმედებაც 1992 წელს, ჩრდილოეთ ამერიკის კონფედერაციაში მიმდინარეობს. წიგნის მთავარ გმირებს მისტერ გლენ რანსიტერის ასოციაციის თანამშრომლები წარმოადგენენ, რომლებიც ინერციალების სახელით არიან ცნობილი. ინერციალები ერთგვარი ზებუნებრივი შესაძლებლობის ადამიანებად ითვლებიან, თუმცა უბიკში ეს სულაც არ ითვლება ზებუნებრივად. სიუჟეტში მთავარი კვანძი იკვრება მაშინ, როდესაც ინერციალები მთვარეზე მომხდარი აფეთქების მსხვერპლი ხდებიან და ნელ-ნელა მათი ცხოვრების რეალობა დროსა და სივრცეში ირევა, კარგავს ბუნებრივი სვლის მიმართულებას და ეს ყოველივე ბოლომდე გაურკვეველი რჩება. (ანდა დიკისგან ეს რა გასაკვირია...)

მაგრამ, რა არის უბიკი?

"...უბიკი ხალხის რჩეული ლუდია, რომელიც მხოლოდ კლივლენდში მზადდება."

რანსიტერის ასოციაციის ხერხემალი მისი მთავარი გამომცდელი, ჯო ჩიპია, რომელიც თავის მხრივ, დიკის წიგნებისთვის დამახასიათებელი სიმშრალით და უბრალოებით ხასიათდება. მას არ ჰყავს მეგობარი ქალი, ნაკლებად ამოძრავებს კერძო ინტერესი, ვერ ახერხებს ფინანსური პრობლემების მოგვარებას და საკუთარი ბინის ფასიანი კარისთვის გადასახდელი ხუთ-ცენტიანიც არ აქვს, რის გამოც კარმა შეიძლება სასამართლოში უჩივოს. მოკლედ, ჩიპი ტიპური 'მთავარი გმირის' ტიპის პერსონაჟია, რომელმაც საბოლოოდ სამყარო უნდა გადაარჩინოს, თუმცა უბიკის სამყაროს გადარჩენა არ სჭირდება, რადგან უბიკი...

"...მარტივია გამოსაყენებლად, არ ეკვრის ზედაპირს და მის სისუფთავეს ბზინვარებას სძენს. უბიკი დაგიზოგავთ დროს და დაგავიწყებთ სამზარეულოს გაუთავებელ ხეხვას. უბიკი სრულებით უსაფრთხოა ინსტრუქციის მიხედვით გამოყენების შემთხვევაში. "



ჩრდილოეთ ამერიკის კონფედერაცია და პრინციპში მთელი მსოფლიოც, 1992 წელს უკვე ფასიან ტექნიკაზეა გადასული. ყველაფერს თავისი ფასი აქვს, - ყავის მოდუღება, კარის გაღება, შუაღამით მაცივრის სტუმრობა და შხაპის მიღება, შესაბამისად, 5, 10, 15, ან 40 ცენტი დაგიჯდებათ. გადაუხდელობის შემთხვევაში, თქვენ კრედიტუუნაროს სტატუსს იღებთ და ეს სტატუსი მთელი ცხოვრების განმავლობაში გაგყვებათ. სხვათა შორის, სწორედ ამ პრობლემის წინ დგას ჯო ჩიპიც მაშინ, როცა ის ასოციაციის ერთ-ერთი საუკეთესო მზვერავის, გ. გ. ეშვუდის 'ნანადირევს', ანტიტელეპათიური უნარის პატრონს, მოხდენილსა და კოხტას, შავგვრემან პატ კონლის გაიცნობს. პატის უნარი, ყველა სხვა ინერციალისგან განსხვავებულია იმ მხრივ, რომ მას შეუძლია გადაინაცვლოს წარსულის კონკრეტულ მომენტში და შეცვალოს მისი სვლა, მოახდინოს დროითი კონტინიუმის იმგვარი ცვლილება, რომ ამის შესახებ ვერავინ მიხვდეს. პატი კიდევ ერთი საინტერესო პერსონაჟია, რომელზე დაკვირვებაც ნამდვილად ღირს და რომელიც არც ერთ მომენტში არ მოგცემთ იმის უფლებას, რომ მის ირგვლივ რაიმე სახის ზუსტად განსაზღვრული შეხედულება ჩამოგიყალიბდეთ.

დროდადრო (თუმცა ეს განსაზღვრებაც მთლად ზუსტი არ არის, რადგან 'დრო' უბიკის სამყაროში ერთ-ერთი ყველაზე ფეხქვეშ გათელილი კატეგორიაა) პატი ჯო ჩიპის ფინანსური გარანტი ხდება და მისი ფინანსური პრობლემებიც წარსულს ბარდება. არადა, ამის მიღწევა ჯოს სხვაგვარადაც შეეძლო, რადგან...

"...თუ ფინანსური პრობლემები გაწუხებთ, თქვენ უნდა ესტუმროთ უბიკის“ დაგროვებით-შემნახველ ბანკს. ის დაგეხმარებათ ვალებისგან გათავისუფლებაში..."




დიკი გვთავაზობს ფილოსოფიური დუალიზმის ახლებურ განსაზღვრებას. 90-იანებში ადამიანები უკვე იყენებენ მორატორიუმებს, სადაც შესაბამისი მომსახურების და გარდაცვლილის ცხედრის სამაცივრე სარკოფაგში მოთავსების შემდეგ, შესაძლებელი ხდება მისი ცერებრარული აქტივობის აღდგენა და ერთგვარი ნახევარ-სიცოცხლის შექმნა, რომლის პერიოდშიც მიცვალებულები ახლობლებთან კავშირზე გამოსვლის უნარს იძენენ. მორატორიუმი უზარმაზარ დერეფნებიანი ცივი შენობაა, რომელიც ერთი დიდი სარკოფაგია, სადაც ერთმანეთის გვერდით მოთავსებულ მკვდარ სხეულებს ეკრანზე გამოსახვის და მეტყველების უნარი აქვთ შერჩენილი. სხვათა შორის, მორატორიუმი ამ პერიოდში საკმაოდ მომგებიან საქმიანობად ითვლება და მისი მეპატრონე, ჰერბერტ შონჰაით ფონ ფოგელზანგიც საკმაო ფულს შოულობს. ამიტომ, მას არაფერში სჭირდება უბიკი.

ნახევრად-სიცოცხლე განსაკუთრებით საინტერესო და საშიში ხდება მაშინ, როცა ნაწარმოების შუაწელს შემდეგ, ჩვენ მას უკვე მეორე მხრიდანაც ვეცნობით. ანუ არა მორატორიუმის, სადაც ახლობლები თავიანთ მიცვალებულებთან კონტაქტს ამყარებენ, არამედ მეორე, მიცვალებულთა სამყაროს მხრიდან, სადაც თავის მხრივ, არავინ თვლის თავს მიცვალებულად და საბოლოოდ ჩნდება შეკითხვა - რომელი სიცოცხლეა რეალური? ის, სადაც უბიკი მხოლოდ ფანტაზიის ნაყოფია, თუ ის, სადაც უბიკს თვით ბუნებრივ ხრწნადობასა და სიბერის პროცესზეც კი აქვს ბატონობა.
"...ჩვენი სურვილი იყო, თქვენთვის მოგვეწოდებინა ჯერაც არნახული საპარსი.                  ვთქვით, რომ დროა, მამაკაცის სახეს მეტი მზრუნველობით მოვეპყრათ. ვთქვით, რომ უბიკის მექანიკური, შვეიცარიული ქრომის უცვეთი პირების დახმარებით, ნაკაწრები წარსულს ჩაბარდა. სცადეთ უბიკი და თქვენ შეიყვარებთ მას.ყურადღება: გამოიყენეთ ფრთხილად, მხოლოდ ინსტრუქციის შესაბამისად..."


გეთანხმებით, ყველაფერი გაუგებარია. თუმცა, ათი ამდენი რომ წერო, მაინც ძნელი იქნება იმის გადმოცემა, რასაც დიკი ამ წიგნით ყვება. უბიკი 17 თავს შეიცავს და სანამ ბოლომდე ჩახვალთ, თავი შეიძლება 17-ჯერ დაკარგოთ. 17-ჯერ დაალაგოთ სათქვენო სცენარი და 17-ჯერ გასცეთ პასუხი შეკითხვას - რა არის უბიკი?

საერთო ჯამში, ეს არის ამერიკელი ავტორის ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი ნაწარმოები, რომელზეც აშკარად ძალიან ბევრი აქვს ნაფიქრი. ეს არის დიდი გამოცანა და ლაბირინთი, რომლის ამოხსნაც მხოლოდ უბიკის დახმარებითაა შესაძლებელი. თქვენ წინ გელით დაუჯერებელი მოგზაურობა დროსა და სივრცეში, სულის გამყინავი და გულის ამაჩქარებელი ცვლილებები პერსონაჟებსა და მათ მისწრაფებებში. ეს იქნება დაუვიწყარი თავგადასავალი ვიკუნიას (ცხოველია ასეთი) ტყავის ტანსაცმლიდან პლატონის თეორიებამდე, ჯორჯ ვაშინგტონის გამოსახულებიანი იასამნისფერი მარკებიდან ფასიან მოლაპარაკე კარამდე. საბოლოოდ, თქვენ გაიგებთ, რა არის უბიკი, მაგრამ ეს შეკითხვა ბოლომდე შეკითხვად დარჩება, რადგან   "... უბიკის სახელი, რომელიც არავინ იცის, არასდროს ითქმის..."

და ეს მხოლოდ დასაწყისია.







ავტორი: ირაკლი სულაძე

12 January, 2016

რობერტ ჰაინლაინის „კარი ზაფხულში“

დროში მოგზაურობის მექანიზმის გამომგონებელმა პროფესორმა თავისი სტუდენტი ლეონარდ ვინსენტი 500 წლით დროში სამოგზაუროდ გაუშვა (წარსულში ან მომავალში).
* * *
ჰაინლაინის „კარი ზაფხულში“ ერთი ხელის მოსმით დაწერილი ნაწარმოებია. ამ ფაქტმა კი ნაწარმოების ორი შესამჩნევი მახასიათებლის სასიამოვნო სინთეზი შექმნა: მძიმე სამეცნიერო ფანტასტიკის ეს წარმომადგენელი სწრაფად იკითხება და მკითხველს დროში მოგზაურობის ფენომენის (ფსევდო)მეცნიერული ახსნა-განმარტებების გარეშეც არ ტოვებს. მიუხედავად სათაურისა, „კარი ზაფხულში“ არ არის ის წიგნი, რომელიც შეძლებს და, ბრედბერის „ბაბუაწვერას ღვინის“ მსგავსად, წელიწადის ამ დროის მუდმივი თანამგზავრი გახდება მკითხველის ცნობიერებაში. სამაგიეროდ, წიგნის წაკითხვის შემდეგ, შეუძლებელია დაივიწყოთ კატა, სახელად პეტრონიუს არბიტერი, რომელიც... ეს კატა ცალკე აბზაცს იმსახურებს, ამიტომ ქვემოთ დავუბრუნდებით.

მას შემდეგ, რაც ეკრანებზე გამოვიდა ფილმი Predestination, რომელიც ჰაინლაინის მოთხრობის All You Zombies-ის ადაპტაციაა, ფართო მასებმა იხილეს დროში მოგზაურობის თეორიული პრობლემები, რომლებიც პირდაპირ გავლენას ახდენს პირად ცხოვრებაზე. „კარი ზაფხულში“ მიზნად არ ისახავს ასეთი პრობლემების კიდევ უფრო კომპლექსურ ილუსტრაციას ან განმარტებას (თუმცა, საინტერესოა „უგვირგვინო გენიოსი“ პროფესორის მიერ მონეტებზე და ზღვის გოჭებზე ჩატარებული ექსპერიმენტები). ნაწარმოებში დროში მოგზაურობა არის მთავარი გმირის პირადი პრობლემების მოგვარების საშუალება. 

რა მოხდებოდა, თუკი ვლადიმერ ნაბოკოვის ჰუმბერტ ჰუმბერტი ისეთ ხანაში იცხოვრებდა, რომ სადაზღვეო კომპანიები კრიოგენული გაყინვის მომსახურების შემოთავაზებას დაიწყებდნენ? მას აღარ მოუწევდა იმაზე ნერვიულობა, რომ ლოლიტასთან ურთიერთობა შეიძლება პედოფილიად შეერაცხათ. მთავარი გმირი, რომელიც თაღლითმა საცოლემ და არასანდო ბიზნესპარტნიორმა გაკოტრების მდგომარეობამდე მიიყვანეს, სწორედ ამ გზას მიმართავს, რათა მომავალში პატარა რიკისთან ერთად ცხოვრება შეძლოს. ასაკობრივად განსხვავებული ადამიანების ურთიერთობის პრობლემის მოგვარების ასეთი რიპ ვან ვინკლისეული მეთოდი ნამდვილად საინტერესოა, თუმცა თავად მეთოდი არასრულყოფილია.

მეთოდის არასრულყოფილება განპირობებულია იმით, რომ დროში მოგზაურობის უნარი არ არის მთავარი გმირის გენეტიკური ან ზებუნებრივი უნარი, როგორც, მაგალითად „პეპლის ეფექტში“ ან ოდრი ნიფენეგერის ნაწარმოებში „დროში მოგზაურის ცოლი“. ის დამოკიდებულია მეცნიერებაზე. კრიოგენული გაყინვა მომავალში მოგზაურობის პრიმიტიული საშუალებაა. მომავალში არსებული დროში მოგაზურობის მექანიზმი კი არ არის საკმარისად განვითარებული, რათა შეძლოს დროის მიმართულების განსაზღვრა (წარსული ან მომავალი). ჰაინლაინს დიდი დოზით მოუწია ფსევდომეცნიერების გამოყენება: მთავარი გმირი აწყობს საყოფაცხოვრებო საქმიანობის შემსრულებელ უნივერსალურ რობოტებს, ჰაინლაინი გვაწვდის მათი ტექნიკური აგებულებისა და სხვადასხვა მათემატიკური პრობლემების გადაჭრის გზას, მაგრამ ეს ყველაფერი არადამაჯერებელია, ზედმეტად მარტივია ჰაინლაინის სამყაროსთვის. რატომ? ალბათ იმიტომ, რომ მძიმე სამეცნიერო ფანტასტიკის თეორემები ნაწარმოების მთავარი თემა არ არის. ეს რომანტიკული სამეცნიერო ფანტასტიკაა. 

ნდობის დაკარგვა ნაწარმოების ერთ-ერთი ძირითადი პრობლემატიკაა. ადამიანური ურთიერთობები განსაკუთრებით დეფიციტურია მომავალში - ავტომატიზებულ საზოგადოებაში. მთავარი გმირი აღარავის ენდობა, ის ხვდება, რომ „აზრი არ აქვს, რამდენჯერ დაიწვავ თითებს, ადამიანების ნდობას ვერ გაექცევი. წინააღმდეგ შემთხვევაში, გამოქვაბულში მცხოვრებ განდეგილს დაემსგავსები, რომელსაც ცალი თვალით ძინავს“. მთავარმა გმირმა ბევრჯერ „დაიწვა თითები“, თუმცა ადამიანთა ნდობის იმედს მაინც არ კარგავს, ის ოპტიმისტია, რომელიც მომავლისკენ იყურება, უფრო სწორად წარსულისკენ, სადაც პატარა რიკი ელოდება, ერთადერთი ადამიანი, რომელსაც ენდობა.

აქ კი ბოდიში უნდა მოვუხადოთ პეტრონიუსს, რადგან მთავარი გმირი მას ყველაზე მეტად ენდობა. პეტრონიუსი თავზეხელაღებული ცხოვრების მოყვარულია, უფრო სწორად, ასეთი ხდება, როცა აბრაზებენ. პატრონის ჩანთაში მოკალათებული, ჩუმად მიირთმევს ხოლმე სასადილოებში ჯანჯალაფიან ელს, „საუბრობს“ პატრონის პრობლემებზე, ორთაბრძლებში იწვევს კატებს და, საჭიროების შემთხვევაში, ადამიანებსაც, უცხო ადამიანებს, რომლებიც რაღაცას სწორად ვერ აკეთებენ. სწორედ პეტრონიუსი ეძებს კარს ზაფხულში, რადგან არ უყვარს თოვლი. 11-კარიანი ფერმის სახლის თითოეულ კართან იმ იმედით მიდიოდა, რომ, მიუხედავად თოვლისა, ერთ-ერთი კარი მაინც გაიყვანდა ზაფხულში. პეტრონიუსი იმედით უყურებს ცხოვრებას, მის პატრონსაც გაუმართლა, რომ ასეთი ოპტიმისტი ძმაკაცი ჰყავს. მათ საერთო მიზანი აქვთ, მთავარი გმირი კრიოგენული გაყინვით, რომელიც ძალიან ჰგავს ზამთარს, ნათელი მომავლსიკენ მიისწრაფვის, პეტრნიუსსაც იგივე სურვილი აქვს. მას ზამთარი არ უყვარს. „კარი ზაფხულში“ ერთგვარი იმედი, რეი ბრედბერისეული „ბედნიერების მექანიზმია“.

ნაწარმოებში კარგად არის ასახული ის ხელოვნური დაბრკოლებები, რაც ადამიანს შემოქმედებითი საქმიანობის განხორციელებაში უშლის ხელს. იურიდიული პროცედურები, ფინანსები, ხელშეწყობის არქონა და ა.შ. ყველაზე დიდი პრობლემა კი გენიოსის კონცეფციებსა და მისი მოღვაწეობის დროს შორის წინააღმდეგობრიობაა. გამომგონებელი „საჭირო დროს“ უნდა დაიბადოს. ლეონარდო და ვინჩის ნახაზების უმრავლესობის განხორციელება მის დროს შეუძლებელი იყო, რადგან ისინი დროს უსწრებდნენ. რატომ?
* * *
შეიძლება იმიტომ, რომ პროფესორის სტუდენტი ლეონარდ ვინსენტი მომავლის ნაცვლად წარსულში აღმოჩნდა და...


ავტორი: გიორგი ნაკაშიძე


15 October, 2015

აიზეკ აზიმოვის „The God Themselves“ და მასტურბაცია პარალელურ სამყაროში



ზიგმუნდ ფროიდი შესანიშნავი მწერალი იქნებოდა: მისი პერსონაჟები ლიტერატურის არც ერთ კრიტიკოსს არ დაუტოვებდნენ მათ ფსიქოლოგიასა და ფარულ მოტივებზე მსჯელობის საშუალებას. ფროიდის ყველაზე ცნობილ „ამბავს“ მხოლოდ სამი პერსონაჟი ჰყავს: იდი, ეგო და სუპერეგო. ეს არის ამბავი სურვილის, ძალაუფლებისა და კონტროლის, რთული შინაარსითა და გახსნილი პერსონაჟებით, რომელთა გაგება მათი ბოლომდე გახსნილი პერსონალურობის გამო კიდევ უფრო რთულია. ფროიდის მიხედვით, ჩვენი პიროვნება ჩვენსავე გონებაში ასახული სურვილებისა და მისწრაფებების „დრამაა“. ძველი ბერძნები ფიქრობდნენ, რომ ადამიანთა ცხოვრება ოლიმპოს მთაზე მცხოვრები ღმერთების მიერ შექმნილი დრამა იყო. ფროიდსაც მიაჩნდა, რომ ადამიანები მათი გონების მიერ დადგმული დრამის მსახიობები არიან. ეს მსახიობები კი სამი ასპექტის - იდის, ეგოსა და სუპერეგოს ჯამია. იდი მოქმედებს სურვილებით, ეგო - მოლაპარაკებებს აწარმოებს იდთან, თან ცდილობს ასიამოვნოს სუპერეგოს, სუპერეგო კი ცივ გონებას ინარჩუნებს და ერთგვარი მშობლის ფუნქციას თამაშობს, რათა იდმა და ეგომ გზიდან არ გადაუხვიოს. თითოეულ მათგანს „ამბის“ თავისებური ფინალი მიაჩნია სწორად. იდს ერთი დიდი კოზირი აქვს, ძალა სახელად ლიბიდო - ინსტინქტებიდან წარმოქმნილი პირველყოფილი სასიცოცხლო ენერგია. ლიბიდოს გარეშე დრამაში თამაში მინიმუმ მოსაწყენი იქნებოდა.

The God Themselves 1972 წელს გამოიცა. ამ დრომდე დაახლოებით 15 წლის განმავლობაში აზიმოვს არც ერთი მნიშვნელოვანი სამეცნიერო ფანტასტიკის ნაწარმოები არ დაუწერია, გარდა პოპულარული სამეცნიერო ნაშრომებისა და მოკლე მოთხრობებისა. გამოსვლიდან ერთ წელიწადში ამ მოთხრობამ ნებულასა და ჰიუგოს აღება მოახერხა. აზიმოვი ისევ ძველ ფორმაში იყო, თუმცა The God Themselves-მა აზიმოვის შემოქმედებაში ახალი ელემენტი შემოიტანა, რაც კრიტიკოსების დამსახურება იყო. კრიტიკოსები ყოველთვის შენიშნავდნენ, რომ აზიმოვის ნაწარმოებებს აკლდა უცხოპლანეტელები და სექსი. The God Themselves იყო პასუხი ამ კრიტიკაზე - სამეცნიერო ფანტასტიკის მორიგი შედევრი, ბევრი სექსითა და უცხოპლანეტელებით, უფრო სწორად, უცხოპლანეტელებს შორის სექსით. 

„ორლეანელ ქალწულში“ ფრიდრიხ შილერმა დაწერა, რომ „სისულელის წინააღმდეგ თავად ღმერთებიც კი ამაოდ ირჯებიან“ (Against stupidity the gods themselves contend in vain). აზიმოვმა The God Themselves სამ ნაწილად დაყო და თითოეულ ნაწილს შილერის ზემოთხსნებული ციტატის ნაწილები შეუსაბამა: „სისულელის წინააღმდეგ“, „თავად ღმერთები“ და „ამაოდ ირჯებიან“. ყველაფერი კი იმით დაიწყო, რომ დედამიწამ იპოვა სუფთა, უფასო და დიდი პოტენციალის მქონე ენერგიის წყარო, რომლის ფუნქციონირება ეფუძნება დედამიწასა და პარალელურ სამყაროს შორის ვოლფრამისა და პლუტონიუმის იზოტოპების გაცვლას, რომლებიც, განსხვავებული ფიზიკური კანონების მოქმედების შედეგად, გამოყოფენ თავისუფალ ნაწილაკებს და წარმოქმიან დიდ ენერგიას. კაცობრიობა იმდენად მიეჩვია ახალ ენერგიას, რომ ტრადიციულ ნავთობზე და ბუნებრივ აირზე დაბრუნება ქვის ხანაში დაბრუნებად მიაჩნია.

თუმცა, პრობლემა პირველივე ნაწილში იკვეთება. მეცნიერთა ნაწილი თვლის, რომ ასეთი ენერგიის გამოყენება მზის, ხოლო საბოლოოდ - „რძიანი გზის“ განადგურებასაც კი გამოიწვევს. მიუხედავად ამისა, ამ „ერეტიკული“ აზრის განვითარებას მომავალი არ უწერია, რადგან ახალი ენერგიის აღმომჩენი მეცნიერის გავლენა უკვე ისეთი სიძლიერისაა, რომ ყოველგვარ განსხვავებულ აზრს ჩანასახშივე სპობს. პირველი ნაწილის პირველი 50 გვერდი  ჩვეულებრივი „ლაბორატორიული თრილერია“, საინტერესოც ნაკლებად ხდება, თუმცა მწიფდება ის პრობლემა, რაც მუდმივად არსებობდა მეცნიერების ისტორიაში: ახალი გამოგონების გვერდითი (ნეგატიური) ეფექტების დაუნახავობა - კაცობრიობის დიდი სისულელე. ატომური ბომბი, მასობრივი განადგურების იარაღები, მაღალი სიხშირის ანთროპოგენული ზემოქმედება გარემოზე - ყველა მათგანი მეცნიერული პროგრესითაა გამართლებული. წარმატებებით მოხიბლულ მეცნიერებას ნაკლებად აინტერესებს კაცობრიობის ბედი. სიტუაცია განსაკუთრებით მაშინ რთულდება, როცა მთელ ამ „მეცნიერებას“ კონკრეტული ერთი მეცნიერი წარმოადგენს. ამის შედეგი ლაკონურად და შავი იუმორით გვიჩვენა კურტ ვონეგუტმა „კატის აკვანში“. გამოგონებები, რომლებიც კაცობრიობისთვის იქმნება, სინამდვილეში კონკრეტული მეცნიერის გამოწვევა და მასში მოპოვებული გამარჯვებაა, ყველგან ინდივიდუალური ინტერესი ფიგურირებს. როგორც ერთ-ერთი პერსონაჟი სენატორი ამბობს, კაცობრიობას კი არ უნდა საყოველთაო კეთილდღეობა, არამედ - ყველა ადამიანს უნდა პირადი კეთილდღეობა. შეიძლება შედეგი ერთი და იგივე იყოს, მაგრამ განსხვავება ისაა, რომ კაცობრიობის მომავალი აღარავის ანაღვლებს. ყველა დღევანდელი დღით ცხოვრობს. კოლექტიური „ჩვენ“-ის მაგივრად არსებობს ინდივიდუალური „მე“. თუმცა პოლიტიკური იდეოლოგია ბუნებას ნაკლებად აინტერესებს, ის თავისი კანონებით მოქმედებს. პირველი ნაწილიდან ადვილად შეიძლება დავასკვნათ, რომ სისულელის წინააღმდეგ, რომელიც საზრდოობს სამეცნიერო ფანატიზმის გავლენისა და კომფორტული ცხოვრების სურვილით, ყველა მეცნიერის საღი აზრი იმთავითვე განწირულია.

ნაწარმოების მეორე ნაწილი - „თავად ღმერთები“ - სხვა განზომილებაა როგორც ლოკაციით (პარალელური სამყარო), ისე - ლიტერატურული სტილის გათვალისწინებით. ამ ნაწილში გადავდივართ პარალელურ პლანეტაზე, რომელიც ბრუნავს მომაკვდავი მზის გარშემო. პარაპლანეტის საზოგადოება იყოფა ორ ძირითად ნაწილად: „მკვრივები“ და „რბილები“. „მკვრივები“ წარმოადგენენ პარაპლანეტის ინტელექტუალურ საზოგადოებასა და სამეცნიერო წრეს, ხოლო „რბილები“ - რიგით მოსახლეობას. „რბილების“ საზოგადოება დაყოფილია ტრიადებად, თითოეულ ტრიადაში ყოველ „რბილს“ თავისი სტატუსი აქვს: „ემოციური“, „რაციონალური“ და „მშობლიური“. თითოეულ ტრიადას კი ერთი მენტორი ჰყავს „მკვრივის“ სახით.

სწორედ ამ ნაწილში გვჭირდება, რომ ფროიდის ზემოთხსენებული „ამბავი“ ერთხელ მაინც გვქონდეს წაკითხული ან მოსმენილი. ამ ნაწილის ცენტრალური ტრიადა - ოდინი, დუა და ტრიტი (რუსულად ერთი, ორი, სამი) - ფროიდისეული „სამი მუშკეტერის“ ყველაზე კარგი ლიტერატურული განსახიერებაა. მიუხედავად სამეცნიერო ფანტასტიკისა, აიზოვმა შეძლო, რომ ნაწარმოების ეს ნაწილი სექსუალობის, ორგაზმის, მასტურბაციისა და სექსუალური ტაბუს სამცენიერო ფანტასტიკის მანიფესტად ექცია. პარაპლანეტის საზოგადოებაში ტრიადას აქვს მხოლოდ ერთი ფუნქცია - წარმოქმნას ახალი ტრიადა. პარაპლანეტის ბუნებრივი კანონების გამო, სქესობრივი კავშირი რადიკალურად განსხვავებული ინტერაქციით ხასიათდება, ვიდრე დედამიწაზე. სექსის დრო ტრიადის წევრები ატომები ერთმანეთს იმდენად შორდება, რომ შესაძლებელია საკუთარ ატომებს შორის წარმოქმნილი სივრცე ტრიადის სხვა წევრმა შეავსოს. შესაბამისად, სამი წევრი ისე ერწყმის ერთმანეთს, რომ სივრცეში იმავე მოცულობას იკავებენ, რასაც თითოეული წევრი ცალ-ცალკე. და კიდევ ერთი თავისებურება: ახალი ორგანიზმის წარმოსაქმნელად საჭიროა სამივე წევრის სქესობრივი ინტერაქცია, ამ დროს ყოველ წევრს თავისი როლი აქვს: „ემოციური“ ტრიადას უზრუნველყოფს ენერგიით (ლიბიდო), „რაციონალური“ გამოიმუშავებს სპერმას, ხოლო „მშობლიურში“ ხდება ნაყოფის ჩასახვა (სხვათაშორის „მშობლიური“ მამრობითი სქესისაა).

პარაპლანეტის მორალის მიხედვით, ტრიადაში მყოფ „ემოციურს“ ეკრძალება დამოუკიდებელი სქესობრივი აღგზნება, თუმცა დუა („ემოციური“) არ ერიდება და როგორც აზიმოვი წერს, ხშირად იკავებს ადგილს კლდის მოლეკულებს შორის, მარტივად რომ ვთქვათ, მასტურბირებს. ორგაზმის დროს კიდევ ერთი უცნაურობა შეინიშნება - ტრიადა „მყარდება“, უფრო მკვრივი ერთიანობა ხდება, ფიზიკური მახასიათებლებით „მკვრივებს“ უახლოვდებიან. სქესობრივი აქტი რამდენიმე დღე გრძელდება და ცნობიერების გათიშვას იწვევს. „ემოციური“ დუა ასევე ინტერესს იჩენს მეცნიერებისადმი, რაშიც ეხმარება „რაციონალური“ ოდინი, თუმცა ეს ყველაფერი არ სიამოვნებს „მშობლიურ“ ტრიტს. მოკლედ, „თავად ღმერთებიც“ ფროიდისეული „დრამის“ მონაწილეები არიან: დუა (იდი) მოქმედებს სურვილებით, ოდინი (ეგო) ცდილობს დიპლომატიური პოზიცია დაიკავოს ტრიადაში, ხოლო ტრიტი (სუპერეგო) მხოლოდ ტრიადის ფუნქციის შესრულებაზეა ორიენტირებული, ის ცივი გონებით მოქმედებს. სწორედ დუა აღმოჩნდება ის, ვინც მიხვდება, რომ ენერგიის გაცვლა დედამიწასთან დედამიწის გალაქტიკის განადგურებას გამოიწვევს, თუმცა მისი „საღი“ აზრი პარალელურ სამყაროშიც განწირულია, რადგან პარაპლანეტას თავისი პოლიტიკა აქვს: თუ დედამიწა განადგურდება, მისი განადგურების შედეგად წარმოქმნილი ენერგია პარაპლანეტას მილიარდობით წელი ეყოფა.

რაც შეეხება „თავად ღმერთების“ მეორე განზომილებას - ლიტერატურულ სტილს - აქ საქმე კიდევ უფრო რთულადაა: პირველი რამდენიმე გვერდის წაკითხვის შემდეგ მინიმუმ წიგნის ყდას დახედავთ, რათა დარწმუნდეთ რომ მართლაც აზიმოვს კითხულობთ. თავის ავტობიოგრაფიაში (I. Asimov: A Memoir..) აზიმოვმა დაწერა, რომ მთლიანად ეს ნაწარმოები, განსაკუთრებით კი მეორე ნაწილი, იყო ყველაზე რთული გამოწვევა მისი სამწერლობო შემოქმედების ისტორიაში. სირთულე მდგომარებს იმაში, რომ პარაპლანეტის წყობაზე და საზოგადოებაზე ინფორმაციას ვიღებთ ტრიადის თითოეული წევრის პერსპექტივიდან, თუმცა ეს ინფორმაცია წარმოადგენს ცნობიერების ნაკადებს, სპონტანურ ფიქრებს, რადგან ტრიადის წევრების ერუდიცია მათ საშუალებას არ აძლევს ყველაფერს თავისი სახელი დაარქვან. მეორე ნაწილის დასრულების შემდეგად შეიძლება ბევრი კითხვა პასუხგაუცემელი დარჩეს - საჭიროა საკვანძო სიტყვებისა და ფრაზების დაჭერა და საბოლოოდ, მეტ-ნაკლებად აწყობილ მოზაიკასაც მიიღებთ. „თავად ღმერთების“ სტილი ცნობიერების ნაკადისა და მაგიური რეალიზმის ერთგვარი ნაზავია. სამეცნიერო ფანტასტიკაში ასეთი წერის სტილი ცოტა იშვიათია, თუმცა იგივე სტილი გვხვდება თეოდორ სტარჯენის „უფრო მეტი, ვიდრე ადამიანში“.

მესამე ნაწილი - „ამაოდ ირჯებიან“ - მოგვითხრობს რამდენიმე წლის შემდეგ მთვარეზე განვითარებულ მოვლენებს. დედამიწელებმა შესძლეს და მთვარეზე შექმნეს მიწისქვეშა კოლონია. მთვარეს აქვს დამოუკიდებელი სტატუსი, მის „მოქალაქეებს“ კი ყოველგვარი კავშირი გაწყვეტილი აქვთ დედამიწასთან. დედამიწიდან ჩასულ ადამიანებს „იმიგრანტებადაც“ მოიხსენიებენ. ამ ნაწილში ერთგვარად თავს იყრის პირველი ორი ნაწილის მთავარი თემები: მეცნიერული ფანატიზმი და სექსუალობა. დედამიწიდან ჩასული მეცნიერი ცდილობს იპოვოს გამოვასავალი მზის განადგურების შესაჩერებლად და, პარალელურად, ვითარდება სექსუალური ლტოლვა მასსა და მთავარის მოქალაქე სელენს შორის (დედამიწელსა და მთვარის მოქალაქეს შორის სექსი საშიშია, რადგან გრავიტაციული განსხვავებების გამო მათი ორგანიზმები იმდენად განსხვავდება ერთმანეთისგან, რომ შესაძლოა დედამიწელმა სექსის დრო მთვარეული პარტნიორი, პირდაპირი გაგებით, ძვლებში დაამტვრიოს). რაც შეეხება მეცნიერულ ფანატიზმს, დედამიწელ მეცნიერს მთვარი სამეცნიერო ელიტის წარმომადგენელი ყველანაირად უშლიას ხელს, რომ მთვარის ზედაპირზე ცდები არ ჩაატაროს. მთვარეზეც კი მეცნიერული საღი აზრი საერთო პოლიტიკის წინააღმდეგ ამოჩნდება. თუმცა, მეცნიერი საბოლოოდ შეძლებს პრობლემის მოგვარებას. პრობლემის არსი კი შემდეგია: ენერგიის გაცვლა პარალელურ სამყაროს შორის იწვევს პარასამყაროების ფიზიკის ბაზისური კანონების ერთმანეთში არევას, რასაც შეეძლო აპოკალიფსის გამოწვევა. მეცნიერის თეორიის მიხედვით, თუ არსებობს ერთი პარალელური სამყარო, იარსებებს კიდევ მათი განუსაზღვრელი რაოდენობა. თუმცა, პრობლემა კვლავ იმაში მდგომარეობს, რომ შეუძლებელია ენერგიის ცალმხრივი  გადაცემა სამყაროებს შორის. მაგრამ, გამოსავალი ყოველგვარი სიტუაციიდან არსებობს და მეცნიერიც იპოვის ასეთ პარალელურ სამყაროს - სამყაროს „დიდი აფეთქების“ მდგომარეობამდე, რომელსაც არ გააჩნია ფიზიკის კანონები. ასეთი ენერგიის გამოყენებით კი შესაძლებელია ისეთი გეგმის შესრულება, როგორიცაა მთვარის გადაადგილება კოსმოსში, რათა საბოლოო კავშირი გაწყვიტონ დედამიწასთან.

„სისულელის წინააღმდეგ თავად ღმერთებიც კი ამაოდ ირჯებიან“ - შილერის ამ სენტენციის აზიმოვისეული განვითარება წარმოადგენს პასუხს კაცობრიობის „დიდ სისულელეებზე“. ამასთანავე, The God Themselves არის ფროიდის „ამბის“ თხრობა სამეცნიერო ფანტასტიკის განზომილებაში. საბოლოო ჯამში კი ეს არის წიგნი, რომლის წაკითხვა ერთხელ მაინც ღირს უცხოპლანეტელთა სქესობრივი აქტისა და აზიმოვის განსხვავებული წერის სტილის შედეგად მიღწეული ინტელექტუალური ორგაზმის განსაცდელად.


ავტორი: გიორგი ნაკაშიძე.

15 September, 2015

სტანისლავ ლემი - პროლეგომენები ყოვლადძლიერებისკენ


ჩემი გაცნობა სტანისლავ ლემთან ღრმა ბავშვობას, დეიდას ბიბლიოთეკაში მიგნებულ ყავისფერ, უსახური ყდის მქონე ,,მაგელანის ღრუბელს“ უკავშირდება. პირველ პირში დაწყებულმა თხრობამ მაინცდამაინც არ მომხიბლა იმ მომენტამდე, სანამ ამ სიტყვებს წავაწყდებოდი: „კუნძულის იმ მხარეში, სადაც ტროპიკულ კლიმატს ზომიერი ცვლის და პალმიანი ჭალების გვერდით ტანაყრილი ფოთლოვანი ტყეებია.“ ეს კუნძული კი არც მეტი და არც ნაკლები, გრენლანდია იყო. შემდეგ კი რამდენიმე საათში სუნთქვაშეკრული წიგნს ყელში გაჩხერილ უზარმაზარ ულუფებად ვნთქავდი. იმდენად სწრაფად მივიწევდი წინ, რომ ხანდახან წაკითხულის გასააზრებლად უკან დაბრუნება და წაკითხულის ხელახლა წაკითხვა მჭირდებოდა. (ვაღიარებ, ეს ცუდი ჩვევა დღემდე შემომრჩა). წიგნის დამთავრების შემდეგ კვირეების განმავლობაში შთაბეჭდილება არ მტოვებდა. ასე შედგა ჩემი გაცნობა პან სტანისლავთან.

1921 წელს იმდროინდელ პოლონეთში, დღეს კი დასავლეთ უკრაინის დედაქალაქ ლვივში (რომელიც ქართულში უფრო მისი რუსული სახელწოდებით, ლვოვით არის ცნობილი) ებრაელი ექიმის ოჯახში დაიბადა ბიჭი, რომელსაც ბედი ეწერა, პოლონეთის სახელი ისევე გაეტანა მსოფლიოში, როგორც ეს მისმა დიდმა წინამორბედებმა შეძლეს კოპერნიკის, მიცკევიჩის, კოსციუშკოს, სენკევიჩის, ვოიტილას (რომელიც უფრო მისი სასულიერო სახელით, იოანე-პავლე II არის ცნობილი), ვაიდას და სხვების სახით. ნამდვილად არ ვფიქრობ, რომ ზედმეტ პათეტიკას და ჰიპერბოლიზებას მივმართავ. რომ მოვერიდოთ მშრალი ფორმალური ეპითეტებით მის შემკობას, სრულიად საკმარისია აღვნიშნოთ, რომ მწერლის გარდა, მან შეძლო ყოფილიყო ფილოსოფოსი, ფუტუროლოგი, ესეისიტი, ფსიქოლოგი. ლიტერატურული მემკვიდრეობა სტანისლავ ლემს თამამად აყენებს ფანტასტიკის ისეთ კორიფეთა გვერდით, როგორებიც არიან: აიზეკ აზიმოვი, რეი ბრედბერი და არტურ კლარკი...

მეორე მსოფლიო ომის დაწყებას ახალგაზრდა სტანისლავი ლვოვის უნივერსიტეტის მედიკ-სტუდენტად შეხვდა. მიუხედავად ებრაული წარმოშობისა, გაყალბებული დოკუმენტების შემწეობით ოჯახმა შეძლო თავი აერიდებინა ებრაელთა თავს დატეხილი იმდროინდელი ჯოჯოხეთისთვის . ომის წლებში ახალგაზრდა ლემი იატაკქვეშა წინააღმდეგობის ჯგუფებში იბრძოდა დივერსიების და საბოტაჟის მეშვეობით. ომის დასრულების შემდეგ, როდესაც პოლონეთს დასავლეთ უკრაინა ლვოვითურთ ჩამოეჭრა და საბჭოთა კავშირმა მიისაკუთრა, ლემის ოჯახი კრაკოვში გადაბარგდა და კრაკოვის უნივერსიტეტში მედიცინის სწავლა განაგრძო. სწორედ აქ, უნივერსიტეტის კედლებში, როდესაც ომისშემდგომ გაპარტახებულ პოლონეთში ცხოვრება ძალიან ჭირდა, ლემი იძულებული გახდა დამატებითი საარსებო წყაროს მოსაძებნად თვითშემოქმედებისთვის მიეყო ხელი. იმ წლებში უნივერსიტეტში ,,მეცნიერებათმცოდნეობის წრე“ არსებობდა, რომელიც არსებითად სამეცნიერო ფანტასტიკის მოყვარულთა წრეს წარმოადგენდა. მოგვიანებით ლემი ამ წრეს ასე იხსენებდა:

    „იმ წლებში მე განსაკუთრებით კარგად ვიყავი ინფორმირებული ახალი სამეცნიერო მიმდინარეობების შესახებ. საქმე ის არის, რომ კრაკოვის წრე სამეცნიერო ლიტერატურის თავისებური კოლექტორი იყო, რომელიც ამერიკიდან და კანადიდან ყველა პოლონურ უნივერსიტეტში მიღებულ ცოდნას ისრუტავდა. ვხსნიდი რა წიგნის ყუთებს, „ვსესხულობდი“ ჩემთვის საინტერესო სხვადასხვა ნაშრომებს. კერძოდ, ნორბერტ ვინერის „კიბერნეტიკას და საზოგადოებას“. ყველაფერ ამას მე ღამ-ღამობით „ვყლაპავდი“, რათა წიგნები რაც შეიძლება სწრაფად მისულიყვნენ თავიანთ ჭეშმარიტ ადრესატებთან. მოვაგროვე რა ასეთი გზით ცოდნა,დავწერე რომანები, რომელთა ავტორობის დღესაც არ მრცხვენია: „სოლარისი“, „ედემი“, „დაუმარცხებელი“ (სტანისლავ ლემი, „ჩემი ცხოვრება“).

ლემის პირველი პუბლიკაციები 1946 წლიდან დაიწყო (,,ადამიანი მარსიდან“), მაგრამ პირველი სერიოზული წარმატება 1951 წელს მოვიდა, როდესაც ,,ასტრონავტები“ გამოიცა. თვითონ საკმაოდ კრიტიკულად უდგებოდა ამ ნაწარმოებს და მოგვიანებით უხალისოდ იძლეოდა ნებართვებს მის გამოცემაზე. როგორც თავად შემდგომ აღნიშნავდა - ,,ჩემი სამწერლობო გზის დასაწყისში მეორეხარისხოვან ლიტერატურას ვქმნიდი. მეორე ეტაპზე კი („სოლარისი“,„ედემი“) იმგვარ სივრცის საზღვარს მივაღწიე, რომელიც ჯერაც არ გამოკვლეულა.“ (სტანისლავ ლემი, „ჩემი ცხოვრება“).

ლემის შემოქმედება მკაცრი სამეცნიერო მიდგომით გამოირჩევა, რაც ინტელექტუალურად ძალზედ ამდიდრებს მის ნაწარმოებებს, ანიჭებს ნატიფ, ასე ვთქვათ ,,სამეცნიერო ჰედონისტურ“ სტილს და მკვეთრად აცლის ყოველივე ბანალურ და მოგებაზე ორიენტირებულ ელემენტებს. ლემის თხზულებები ბევრისთვის შეიძლება ადვილი აღსაქმელი არც იყოს. იმისათვის, რომ გაიგოთ ლემი, თქვენ ცოტა რამ მაინც უნდა გესმოდეთ ბიოფიზიკიდან, კიბერნეტიკიდან, ევოლუციური თეორიიდან, ბიჰევიორიზმიდან, მაღალი ენერგიების ფიზიკიდან, ორგანული ქიმიიდან, კოსმოგონიური თეორიებიდან, სოციალური მოდელებიდან, ფილოსოფიური სისტემებიდან და თეოლოგიიდან. აღარაა საუბარი უკვე ჩვეულებრივ კომპლექსურ და განზოგადებულ მეცნიერებებზე, ასტრონომია იქნება ეს თუ გეოგრაფია, ბიოლოგია თუ ფიზიკა, მათემატიკა თუ ანთროპოლოგია. ამ კუთხით სტანისლავ ლემი გარკვეულწილად ჟიულ ვერნსაც წააგავს, მაგრამ ვერნისგან განსხვავებით, მეცნიერება აქ ცალკეულ ულუფებად არ მიეწოდება მკითხველს (დაე მომიტევოს ჩემი საყვარელი დიდი ფრანგის სულმა), არამედ ნაწარმოები მთლიანად არის გაჟღენთილი ხისტი მეცნიერებით, რომელიც ყოველგვარ ლირიკულ წიაღსვლებს და გადახრებს გამორიცხავს და ამასთან, ინტელექტუალური ტკბობის განუმეორებელ შეგრძნებას იძლევა. სწორედ ეს გახდა სტანისლავ ლემის დაპირისპირების მიზეზი ამერიკელ მწერალ-ფანტასტების წრესთან (რომელთა დაარსებულიცაა პრემია - "ნებულა"). ლემი მათ ბანალურობასა და მოგებაზე ორიენტირებაში ადანაშაულებდა. საპასუხოდ, წრემ ლემი თავისი რიგებიდან გარიცხა. მოგვიანებით, მიუხედავად იმისა რომ ურსულა ლე გუინის და სხვა ცნობილი მწერლების რეკომენდაციით წრემ ლემს ჩვეულებრივი წევრობა შესთავაზა, ეს უკანასკნელი ამ წინადადებას აღარ დათანხმებია.

ლემის შემოქმედებისთვის ადრეულ ეტაპებზე მკვეთრად დამახასიათებელია ინტელექტუალური დილემების და წინააღმდეგობების ძიება უცხო ცივილიზაციებთან კონტაქტის საქმეში. თემატიკის გამორჩეული წარმომადგენლებია ,,ედემი,“ ,,დაუმარცხებელი“ და სამეცნიერო ფანტასტიკის კლასიკა, საყოველთაოდ ცნობილი ჰიტი, ლემის მაგნუს ოპუსი - ,,სოლარისი.“


სანამ ,,სოლარისზე“ გადავიდოდეთ, არ შეიძლება რამდენიმე სიტყვით არ შევეხოთ წინახსენებულ ორ ნაწარმოებს. სრული დიქტატურა, აბსოლუტური ტირანია, ხელისუფლება, რომელიც თავისივე არსებობას უარყოფს და სადაც ხელისუფლების არსებობის შესახებ იდეის გამოთქმა სიკვდილით ისჯება. სისტემა, სადაც ხელისუფლება ქვეშევრდომებზე გენეტიკურ მანიპულაციებს ატარებს და შემზარავ მუტანტებს წარმოშობს. პლანეტა, სადაც გონებისთვის მიუწვდომელი, შემზარავი ბოროტება სუფევს და პლანეტა, რომელიც ორბიტიდან ძვირფასი მინერალის, ოპალის ათინათებით ციმციმებს და ელვარებს. პლანეტა, რომელიც კოსმოსიდან იმდენად მომაჯადოებელ ფერებში მოჩანს, რომ ადამიანებმა გადაწყვიტეს ,,ედემი“ უწოდონ, კაცობრიობის ბიბლიური ულამაზესი სამშობლოს მიხედვით. ულამაზესი პლანეტა, რომელიც კოსმოსიდან სილამაზით იტყუებს ადამიანებს და თავის წიაღში მძვინვარე ბოროტებას ახვედრებს.

საშინელი, პირქუშ ფერებში დახატული დისტოპია. ხელისუფლება, რომელიც უარყოფს თავისივე არსებობას და ამდენად, აბსოლუტურად მოუწყვლადია. საზოგადოება იმართება მაღალგანვითარებული დაპროგრამებული ინფორმაციული თეორიით, რაც ტოტალურ კონტროლს ამყარებს საინფორმაციო ნაკადებზე და პროგრამირებულ სოციალურ ჯგუფებს წარმოშობს. ამ თეორიის სწავლა სპეციალიზებულ დაწესებულებებს მიღმა იკრძალება, თეორია კი მოდის წყაროდან, რომელიც ოფიციალურად არ არსებობს. მოსახლეობა-ფიზიკურად/ბიოლოგიურად და მორფოლოგიურად სავარაუდო მუტანტები - ე.წ. ,,ორსხეულებs“ (ფიზიკურად ორი სხეულის, რუსული ,,მატრიოშკას“ პრინციპში ერთმანეთში ჩადგმული სხეულების მქონე ერთი ინდივიდი) ძალიან წააგავს კომპიუტერული ვიდეოთამაშების სტილში გადაწყვეტილ სიმულაციებს, რომელსაც მოგვიანებით ლემი არნახულ სიმაღლეებზე აიყვანს ნაშრომში... მაგრამ ამაზე მოგვიანებით.

რა უნდა მოიმოქმედოს ამის დანახვაზე ადამიანმა, რომელიც საკუთარ თავს შესაქმის გვირგვინად მიიჩნევს? არსებად, რომელიც განასახიერებს სიმართლეს, წესრიგს, სოციალურ თანასწორობას, სიყვარულს და რომელმაც საკუთარ თავს სამართლიანობისთვის მებრძოლი როლი დააკისრა? იქნებ აზროვნების სქემებს შორის სხვაობა იმდენად დიდია რომ სრულიად უცხო პლანეტაზე აზროვნების აბსოლუტურად სხვა ალგორითმების შემხედვარემ უნდა დაივიწყო ანთროპოცენტრისტული, შენთვის ასე სისხლში გამჯდარი პრინციპები და შეეცადო, აქამდე უჩვეულო, სხვა თვალით შეხედო რეალობას?

ადამიანთა მეორე ჯგუფი კი, სრულიად სხვა პლანეტაზე, სხვა მიზნით ეშვება -დაკარგული მეგობრების საძიებლად. გაცნობისთანავე პლანეტა ეჭვებს ბადებს. აქაური ატმოსფერო სავსეა ორგანული ჟანგბადით, ამავდროულად კი ირგვლივ გადაჭიმულ უკიდეგანო უდაბნოებში სიცოცხლის ნატამალი არ ჩანს. მოგვიანებით სიცოცხლე აღმოჩნდება... ზღვებში. მაგრამ ამ სიცოცხლეს ცოცხალი თავით არ სურს ხმელეთზე გადმოსვლა და ჭირიანივით, დაფეთებული გაურბის ნაპირს ოკეანის სიღრმეებში. ნაპირზე და ხმელეთზე კი სრული მდუმარება სუფევს.

მეგობრებმა მოასწრეს ორი შეტყობინების გამოგზავნა - პირველი, რომ მშვიდობიანად დაეშვნენ, მეორე კი ის, რომ რაღაც მწერებს წააწყდნენ. ასე იწყებს ,,დაუმარცხებელის“ ეკიპაჟი ,,კონდორის“ ეკიპაჟის ძიებას და საკმაოდ მალეც აღმოაჩენს მათ იდეალურად გამართულ ხომალდზე, ყოველგვარი ტექნიკური პრობლემების გარეშე, თითქოს სტარტისთვის გამზადებულთ. ხომალდზე ყველაფერი შვეიცარიული საათივით არის გამართული, არავითარი პრობლემები არ არსებობს, თუ არ ჩავთვლით იმას, რომ ეკიპაჟი... მკვდარია. და აქ იწყება ძიება...

ძიება კი აღმოაჩენს, რომ ევოლუცია ყოველთვის არ გულისხმობს ცოცხალის და თუნდაც... ორგანიკის განვითარებას. შესაძლოა მკვდარმა არაორგანულმა ,,ორგანიზმებმაც“ (და აქ უკვე დილემას მივადექით, ,,ორგანიზმი“ ხომ ცოცხალს და ორგანულს გულისხმობს) შეძლონ განვითარება. და შეძლონ ეს იმგვარად, რომ ფაქტიურად პლანეტაზე მოქმედ ბუნების ძალებს შეერწყან - მეტიც, თავად იქცნენ ბუნების ძალად, რომელიც მოსრავს ყოველივე ცოცხალს, - თუმცა არა შეგნებულად, არა წინასწარი განზრახვით, არა ცნობიერად ისევ და ისევ უბრალოდ მიზეზის გამო, რომ ისინი... ცოცხალი ორგანიზმები არ არიან და მათთვის ცნობიერება და აზროვნება უცხოა.

როგორ გინდა ებრძოლო მკვდარს? როგორ გინდა მოკლა ის, რაც უკვე მკვდარია? როგორ შეძლებ განადგურებული გაანადგურო და რომც შეძლო ეს, ვინ გაძლევს ამის უფლებას? რა უფლებით ამყარებს აბსოლუტურად უცხო პლანეტაზე საკუთარ წესებს? ბერძნებთან ომის დროს განრისხებულმა ქსერქსემ ჰელესპონტის (დარდანელის) სრუტე გააშოლტინა, რაკი მან ცხენები დაუხრჩო. სწორედ ასევე არაფრის მომცემია დაპირისპირება მათთან, ვინც ბუნების ძალად იქცა და რეალურად, ცოცხლები არც არიან, მაგრამ ამავდროულად, უკიდურესად სასიკვდილო საფრთხეს წარმოადგენენ. ასე რომ, სამყაროს აღქმის შენეული მოდელი აქაც უსარგებლო და გამოუსადეგარია. იძულებული ხარ სავსებით უცხო, წარმოუდგენლად ახალი გზა იპოვო.

ეს თემა, ადამიანის დაპირისპირება უცხო გონებასთან, აზროვნების არატრადიციული სქემები, ინტელექტუალური დილემები და წინააღმდეგობები უცხო ცივილიზაციასთან აბსოლუტური სრულყოფილების მწვერვალზე აიყვანა ლემმა საყოველთაოდ ცნობილ და გახმაურებულ რომანში - ,,სოლარისი,“ რომელიც ჟანრის ერთგვარ ბიბლიად იქცა.

დოქტორი ქრის ქელვინი სამეცნიერო სადგურზე მორიგეობის მიზნით მიემგზავრება ხელოვნურ თანამგზავრზე, რომელიც პლანეტა სოლარისის გარშემო ბრუნავს. სადგურზე დამჯდარი ქელვინი ამჩნევს, რომ მის გარშემო უცნაური მოვლენები ხდება და ყველაფერი ისე არ არის, როგორც უნდა იყოს. თავად პლანეტა კაცობრიობის ერთ-ერთი გრანდიოზული აღმოჩენაა.სიდიდით დედამიწაზე ოდნავ დიდი სოლარისის ზედაპირის აბსოლუტურ ნაწილს ფარავს ოკეანე, რომელიც ამავდროულად საოცრად მაღალგანვითარებული და გონიერი არსებაა. ეს გამოიხატება თუნდაც იმაში, რომ ოკეანე ასტაბილურებს პლანეტის ორბიტას, რომელიც განლაგებულია ორმაგი ვარსკვლავის, წითელი გიგანტის და ცისფერი ჯუჯის გარშემო და მაშასადამე, ციური მექანიკის ყველა კანონის გათვალისწინებით, ორბიტა არამდგრადი უნდა იყოს და პლანეტა მალე დაინთქას თავის ვარსკვლავთა წიაღში. თუმცა მეცნიერთა გასაოცრად, ეს ლოგიკური მოლოდინი ირღვევა, პლანეტის ორბიტა ალოგიკურად მდგრადია და ამას მისი მობინადრე ოკეანე უზრუნველყოფს - თუმცა გაუგებარია, როგორ. ნებისმიერი ცდა, დაუკავშირდნენ ოკეანეს, მთავრდება კრახით. თუმცა აშკარაა, რომ ოკეანეს ესმის ადამიანების, რადგან დროდადრო საკმაოდ ადეკვატურ რეაქციებს ამჟღავნებს. ამასთან, ოკეანის მხრიდან აგრესიულობის არავითარი ნიშანწყალი არ ჩანს. პირიქით, ის ნებას რთავს მკვლევარებს, დაეშვან პლანეტის მცირერიცხოვან ხმელეთზე, გაქვავებული ქაფისა და პლაზმის მასივებზე, რასაც ოკეანე დროდადრო გამოყოფს თავისი წიაღიდან. ყველა ამ მასივის საერთო ფართობი ევროპის კონტინეტს არ აღემატება. პერიოდულად ოკეანეში წარმოიქმნება მაღალორგანიზებული სტრუქტურები - სიმეტრიადები, ასიმეტრიადები, მიმოიდები, გრძელანები, ხვეულები და სხვ. მათი ფორმების და ზომების მრავალფეროვნება შთამბეჭდავია, თუმცა ურიცხვი მცდელობის მიუხედავად დანიშნულების იდენტიფიცირება ვერ მოხერხდა. კონტაქტის წარუმატებელმა მცდელობებმა თავდაპირველი მხურვალე ინტერესი სოლარისის მიმართ დააშოშმინა და მეცნიერები მიიყვანა სასოწარკვეთილ დასკვნამდე, - რომ როგორც ჩანს, ცივილიზაციებს შორის სხვაობა იმდენად დიდია, რომ კონტაქტი შეუძლებელია. სადგური წარმოადგენს იმედების უკანასკნელ ნაშთს და მის ბინადართაც მალე ევაკუაცია ელის. სწორედ ამ დროს ჩამოდის დოქტორი ქელვინი სადგურზე.

ძიების პროცესი, ადამიანური ტრაგიზმის, მოლოდინების და იმედების, ფსიქოლოგიის და ფსიქიატრიის გროტესკული, ფანტასმაგორიული ნაზავი; ცხოვრებისეული სირთულეები, წარსულში განცდილი მტკივნეული მარცხი, ეს ყველაფერი აშიშვლებს ადამიანის სულს ქირურგის დაუნდობელი სკალპელით და ლემს სააშკარაოდ გამოაქვს ჩვენი სულის ყველაზე ღრმა, ველურ კუთხეებში მიკარგული შემზარავი ინფორმაცია, რომელსაც თავადვე ვუფრთხით და ჩქმალავთ საიმედოდ; რათა არ შეგვაწუხოს. მაგრამ უცხო ცივილიზაცია სარკედ გვევლინება-სარკედ, რომელშიც ჩვენი თავი აირეკლება ყოველგვარი სოციალური ტაბუსგან თავისუფალი. ეს თავისუფლება კი გვაძრწუნებს.

რისთვის მივისწრაფვით კოსმოსში, რას ვეძებთ იქ? რას ვპოულობთ? იქნებ საკუთარ თავს? რამ განაპირობა ადამიანის ცივილიზაციის წარმოშობა? იქნებ შიშმა და ცნობისმოყვარეობამ? რისი გვეშინია ყველაზე მეტად? საკუთარი თავის ხომ არა? და მზად ვართ მოვიძულოთ ყველა და ყველაფერი, რომელიც საკუთარ თავს აბსოლუტურად შიშველს დაგვანახებს? ჩვენს კლასიკოსს, დოჩანაშვილს ეკუთვნის სიტყვები - "ძილის წინ არის წუთი, როდესაც ადამიანმა იცის რას წარმოადგენსო." ფსიქიკა, რა არის ეს თუ არა შეუცნობელი კოსმოსი, სადაც გონებისთვის მიუწვდომელი უამრავი აუხსნელი და გაუგებარი საოცრება გადამალულა და რომელთა წარმოდგენა, შეცნობა და გაგება იქნებ არც გვეხელეწიფებოდეს?

კოსმოსის ცივი მდუმარების წინ ყოველგვარი ემოცია ქრება, ადამიანურ საზრისებს აზრი ეკარგება. სიკეთე, სიბოროტე, სიყვარული, სიძულვილი-კოსმოსი მათზე მაღლა დგას. კოსმოსი მიუწვდომელი და დიდებულია. იგი უგრძნობია ჩვენ მიმართ. მის ცივ, გაყინულ სიღრმეებში, წყვდიადით მოცულ უფსკრულებში რამდენი რამ იმალება ისეთი, რამაც შეიძლება გული სიხარულით აგვივსოს, ანდა ძარღვებში სისხლი გაგვიყინოს, ან სულაც არანაირი გრძნობა არ დაგვიტოვოს - რადგან იგი უცხოა, სხვაა, ჩვენს სქემებს არ ემორჩილება და ჩვენს მიერ არ განისჯება.

და მით უფრო შემზარავია კოსმოსი, რომელიც ჩვენი განცდების სუბლიმირებას ახდენს, რომელიც ხვდება და იწერს ჩვენს უმწეობას. თუკი იგი ჩემი მეხსიერებიდან უძვირფასეს, დაკარგულ მეუღლეს გამოიხმობს, ვაიდა ასევე შეძლოს ჩემთვის შემზარავი საშინელების რეკონსტრუქცია? რატომ მგონია რომ ეს - მე ვსწავლობ მას? იქნებ თავად იგი მსწავლობს მე? და საერთოდ რას ვეძებ კოსმოსში? ყველაფერს თუ მხოლოდ საკუთარ თავს? ცივილიზაციებს, სადაც ჩვენი არსებობა აირეკლება და განსხეულდება.

და კოსმოსის სილამაზე და სიდიადე სწორედ ისაა, რომ იგი იდუმალი და ხელმიუწვდომელია.

ჯერჯერობით...


პლანეტა სოლარისი დაფარულია ოკეანით, რომელიც როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, არც მეტი და არც ნაკლები, ერთიან ცოცხალ ორგანიზმს წარმოადგენს. ადამიანებს, რომელთაც ჰგონიათ, რომ ოკეანეს სწავლობენ, დასაწყისში ეჭვიც კი არა აქვთ რომ თავად ოკეანე იკვლევს მათ. საშინელი აღმოჩენების და აუტანელი ტანჯვის შემდეგ, ბოლოსდაბოლოს ჩნდება იმედი რომ იქნებ... იქნებ მაინც შევძლოთ უცხოსთან კონტაქტი? გავუგოთ მას, რომელიც ასე არაადამიანურია. რომელმაც არ იცის კეთილის და ბოროტის გარჩევა. იქნებ მივიღოთ ისეთი, როგორიცაა?

„ამ ცოცხალი წარმონაქმნის ყოველ მოძრაობაში, დაკვირტვაში, ზრდაში, გავრცელებაში, რაღაცნაირი; თუ შეიძლება ასე ითქვას, ფრთხილი, მაგრამ არაშიშნეული გულუბრყვილობა ვლინდებოდა; როდესაც იგი ცდილობდა თავდავიწყებით, აჩქარებით შეეცნო, აეთვისებინა ახალი, მოულოდნელად შეხვედრილი ფორმა და შუა გზაზე იძულებული ხდებოდა დაეხია; რადგან ამას შეიძლებოდა მოყოლოდა იდუმალი კანონით დადგენილი საზღვრების დარღვევა.


რა წარმოუდგენელ კონტრასტს ჰქმნიდა მისი შემპარავი ცნობისმოყვარეობა ჰორიზონტიდან ჰორიზონტამდე გადაჭიმულ მოლაპლაპე უკიდეგანობასთან! ტალღათა თანაბარ სუნთქვაში ასე სრულად პირველად შევიგრძენი გოლიათის სიახლოვე. მისი მძლავრი, მკაცრი დუმილი. გაქვავებული, ღრმა ფიქრებში წასული ვეშვებოდი მიუწვდომელ სიღრმეებამდე და თავგზააბნეული ვერწყმოდი ამთხევად, ბრმა გოლიათს. ვუნდობდი ყველაფერს ყოველგვარი ძალდატანების გარეშე. უსიტყვოდ, უაზროდ.

მთელი ბოლო კვირა ისე სამაგალითოდ ვიქცეოდი, რომ ბოლოსდაბოლოს სნაუტი დამშვიდდა და უნდობლად აღარ მიყურებდა. გარეგნულად დამშვიდებული შინაგანად მაინც რაღაცას ველოდი. რას? მის დაბრუნებას? როგორ შემეძლო ამის იმედი მქონოდა? ყოველმა ჩვენგანმა იცის, რას წარმოადგენს მატერიალური არსება, რომელიც ფიზიოლოგიის და ფიზიკის კანონებს ექვემდებარება და რომ ჩვენი ყველა გრძნობის ძალაც კი ერთად აღებული წინ ვერ აღუდგება ამ კანონებს. შეუძლია მხოლოდ სძულდეს ისინი - შეყვარებულების და პოეტების საუკუნოვანი რწმენა სიყვარულის ყოვლისშემძლეობისა, სიკვდილს რომ ამარცხებს. სიტყვები, რომლებიც საუკუნეების განმავლობაში თან გვდევს - „სიყვარული სიკვდილზე ძლიერია“ - სიცრუეა. თუმცა ეს სიცრუე სასაცილო კი არა, უაზროა. მაგრამ თუ იცი, რომ დროის აღმრიცხველი საათი ხარ, რომლის დაშლა და აწყობა შეიძლება. რომლის მექანიზმში, შეეხება თუ არა ამ ქნევარას კონსტრუქტორი, იწყება სასოწარკვეთა და სიყვარული; თუ იცი რომ შენ ხარ მხოლოდ ტანჯვის რეპეტირი, მით უფრო ძლიერი ტანჯვისა, რაც უფრო სასაცილო ხდება იგი თავისი მრავალჯერადობის გამო? ადამიანური არსებობის გამეორება კარგია. მაგრამ განა ისე, როგორც ლოთი იმეორებს გაცვეთილ მელოდიას მუსიკალურ ყუთში ახალ-ახალი შავი ფულის ჩაყრით! ერთი წუთითაც კი არ მჯეროდა, რომ თხევად გოლიათს, რომელმაც ასობით ადამიანს განუმზადა სიკვდილი თავის წიაღში, რომელთანაც თუნდაც სულ მცირე ურთიერთგაგების ძაფის გაბმას ამაოდ ცდილობდა მთელი ჩემი რასა ათეული წლების განმავლობაში, რომ მას, ვინც მტვრის ნაწილაკივით დამაქანებდა აქეთ-იქით, გულს აუჩუყებდა ორი ადამიანის ტრაგედია. მის მოქმედებას ჰქონდა რაღაც მიზანი, თუმცა ამაში მე მთლად დარწმუნებული არ ვიყავი. მაგრამ წასვლა იმას ნიშნავდა, რომ მომესპო ის თუნდაც უმცირესი, თუნდაც მხოლოდ წარმოსახვაში არსებული შესაძლებლობა, რომელიც მომავალს მოჰქონდა. მაშასადამე, ისევ წლები იმ ავეჯსა და ნივთებს შორის, რომელთაც ჩვენ ერთად ვეხებოდით ჰაერში, რომელიც ისევ ინახავდა მის სუნთქვას? რის გამო? მისი დაბრუნების იმედით? იმედი არ მქონდა. მაგრამ, ჩემში ცოცხლობდა მოლოდინი, ეს იყო უკანასკნელი, რაც გამაჩნდა. რისი აღსრულება, რა დაცინვა, ტანჯვა მელოდა ისევ? არაფერი ვიცოდი, მაგრამ წინანდებურად მჯეროდა, რომ მკაცრი საოცრებების დრო ჯერ არ გარდასულიყო.“

დაბეჭვდისთანავე რომანმა ფურორის ეფექტი მოახდინა და დღესაც კი, თითქმის 60 წლის შემდეგ იგივე გრძელდება. იგი დღემდე რჩება სამეცნიერო ფანტასტიკის შედევრად და ჟანრის კანონიკურ კლასიკად. თარგმნილია მსოფლიოს ორმოცდაათზე მეტ ენაზე, მათ შორის ქართულადაც.

„სოლარისმა“ გავლენა მოახდინა მომდევნო პერიოდის ბევრ ფანტასტზე და აიზეკ აზიმოვის „მე რობოტის“ და რეი ბრედბერის „მარსის ქრონიკების“ გვერდით ჟანრის ერთგვარ ბიბლიად იქცა. შეიქმნა რომანის სამი ეკრანიზაცია. პირველი ორი 1968 და 1972 წლებში ბორის ნირენბურგის და ანდრეი ტარკოვსკის რეჟისორობით, ხოლო მესამე, 2002 წელს ჰოლივუდში - სტივენ სოდერბერგის თაოსნობით. არც ერთ ეკრანიზაციას თავად ლემი დიდი სიხარულით არ შეხვედრია. პირიქით, მისი რეაქცია საკმაოდ ნეგატიური იყო, რადგან თვლიდა, რომ ფილმებში ძირითადი ყურადღება ან კოსმოსური სიყვარულის, ან კოსმოსისადმი შიშზე იქნა გადატანილი, რაც გარდა იმისა, რომ რომანის შინაარსს არ შეესაბამებოდა, საკითხის მეტისმეტად ტრივიალური წარმოჩენა იყო და ამასთან, შიშის შემთხვევაში, არასწორიც.


"„სოლარისის“ მსგავსი ყველა რომანი დაიწერა ერთი და იმავე მეთოდით, რომლის ახსნა თავადაც არ შემიძლია. ახლაც კი შემიძლია გაჩვენოთ ის ადგილები „სოლარისში“ და „დაბრუნება ვარსკვლავეთიდან“, სადაც წერის დროს არსებითად მკითხველის როლში გამოვდიოდი. როდესაც ქელვინი ეშვება სოლარისის ბაზაზე და მას არავინ ხვდება, როდესაც იგი მიეშურება ვინმეს მოსაძებნად და სნაუტს წააწყდება, ხოლო [სნაუტს] აშკარად ეშინია მისი; წარმოდგენაც კი არ მქონდა, თუ რატომ არავინ შეხვდა დედამიწიდან წარმოგზავნილს და რისი ეშინია სნაუტს. დიახ, არანაირად არაფერი არ ვიცოდი რაღაც პლანეტის გარემომცველ „ცოცხალ ოკეანეზე“, ყველაფერი ეს ჩემთვის მოგვიანებით გაიხსნა, როგორც მკითხველისთვის კითხვის პროცესში, მხოლოდ იმ განსხვავებით, რომ მხოლოდ მე შემეძლო მომეყვანა ყველაფერი წესრიგში." „სოლარისს“ მე წარმატებულ რომანად ვთვლი.“  (სტანისლავ ლემი, „ჩემი ცხოვრება“).

შემდგომ ლემის შემოქმედებისთვის დამახასიათებლად იქცა იდეალისტური უტოპიების ძიება და სამყაროები, სადაც ტექნოლოგიური სრულყოფილების გამო ადამიანის თითქოს ფუნქცია ეკარგება და იგი სულიერ კრიზისში, მისი დანიშნულების, მისი ღირებულების გადაფასების და ძებნა-ძიების პროცესში იმყოფება. ისევე, როგორც წინამორბედი თემის შემთხვევაში, აქაც მრავალი ნაწარმოები შეგვეძლო მოგვეყვანა ილუსტრირებისთვის, თუმცა ამჯერადაც რამდენიმეს დავჯერდებით.

...მივუბრუნდეთ დეიდას ბიბლიოთეკაში აღმოჩენილ ,,მაგელანის ღრუბელს.“ შორეულ მომავალში დედამიწაზე კომუნიზმი და იდეალური სოციალური წესრიგი მეფობს. შედეგად, საწარმოო ძალების გიგანტურმა გამოთავისუფლებამ არა მხოლოდ სამეცნიერო-ტექნიკური პროგრესი დააჩქარა, არამედ თავად დედამიწის კლიმატიც კი შეცვალა. რომანის მთავარი გმირი იბადება გრენლანდიაზე, პოლარული წრის მახლობლად, „კუნძულის იმ მხარეში, სადაც ტროპიკულ კლიმატს ზომიერი ცვლის და პალმიანი ჭალების გვერდით ტანაყრილი ფოთლოვანი ტყეებია.“თუმცა, ადამიანს ჯერჯერობით მხოლოდ მზის სისტემა აქვს ათვისებული და სამეცნიერო-ტექნიკური პროგრესის კვალდაკვალ საშუალება ჩნდება ერთი თაობის სიცოცხლეში მივაღწიოთ მზიდან უახლოეს ვარსკვლავს, ცენტავრის ალფას. მთავარი გმირი თავისი ენერგიული მისწრაფებით, კიბერნეტიკის, ასტრონავტიკის, მედიცინის მიზანმიმართული შესწავლით და ოლიმპიადაში გამარჯვებით იხდენს სანუკვარ ოცნებას და ეწერება ხომალდ „გეას“ 227 - კაციან ეკიპაჟში, რომლის დანიშნულებაა სტარტის აღება ალფა ცენტავრისკენ... 3114 წელს.

კოსმოკრატორი. ლემის პირველი რომანი - "ასტრონავტები" (1951წ.)
და რა ხდება ამჟამად? ადამიანი მის ახალ ფუქნციას ეძებს, ახალი ჰორიზონტებისკენ მიისწრაფვის, სურს რომ მისი თავი ხელახლა იპოვოს. იქ, კოსმოსის უძირო, გაყინულ უფსკრულებში ადამიანს სურს რომ თავისივე თავს შეხვდეს. საკუთარი თავის პოვნა კი ზოგჯერ საკმაოდ რთული და შემაძრწუნებელია:

„ბულიონი მოვამზადე და მივუტანე ზორინს. მან მითხრა რას კარგავ დროს ჩემთან ტრიალში, წადი და რადიოს მიხედეო. მაშინ მე ავედი მაღლა და დადუმებულ აპარატურაზე დავემხე. თან უკან ვიყურებოდი, კარი ხომ არ დამრჩა ღია-მეთქი. ძლივს გავატარე ოცი საშინელი წუთი. ჩავედი ძირს და დავიწყე მორიგი ამბავი უცხო არსებებზე, მათ კულტურაზე, იმაზე, რომ მომავალში ჩვენი პატარა სადგური კი არა, თეთრი პლანეტის მძლავრი ლოკატორები უხელმძღვანელებდნენ რაკეტებს დედამიწიდან მაგელანის ღრუბლებისკენ ტრანსგალაქტიკური ფრენების დროს.

მერვე საღამოს ნიადაგის რყევამ იკლო. ეტყობა ჩვენი ასტეროიდი მეტეორიტთა ნაკადიდან გადიოდა. მზის ჩასვლიდან ერთი საათის შემდეგ სრული სიწყნარე ჩამოვარდა. მიუხედავად ამისა, კამერიდან გამოსვლა ვერ მოვახერხე, ისეთ მძიმე მდგომარეობაში იყო ზორინი. იწვა თვალდახუჭული, სახეგაქვავებული და უკვე აღარაფერს მეკითხებოდა... დროდადრო ფრთხილად შევახებდი ხოლმე ხელს. მისი დიდი გული ბრძოლას განაგრძობდა.

შუაღამისას მან უცებ თქვა:

-ზღაპრები... გახსოვს?
-მახსოვს.
-ბავშვებს არ უნდოდათ... ნაღვლიანი დაამეტა... მხიარულ დასასრულს... უკეთებდა მათ...
შევცბი. რაუნდოდა ამით ეთქვა? მკერდი არათანაბრად აუდ-ჩაუდიოდა სუნთქვის დროს. უცებ ამოიჩურჩულა:
-ნავები... ისეთი ნავები...
-რასამბობ?-დავიხარე და ისე ვკითხე.
-არყის ხისგან... მე გამოვჭრი პატარას... მომეცი...
-აქ... არ არის არყის ხე...
-ჰო... მაგრამ... ტოტები... იასამანი... მომეცი...
მაგიდას ვეცი. იქ, მინისკოლბაში გამხმარი ტოტების კონა იდო. უკან რომ მოვტრიალდი ზორინი უკვე ამ ქვეყნისა აღარ იყო.

მე მას თვალები დავუხუჭე და სახეზე ქსოვილი გადავაფარე. ჩავიცვი სკაფანდრი, ავიღე ინსტრუმენტები და ავტომატების სანგარისკენ გავსწიე. მათთან ერთად სამი საათის განმავლობაში ვაწყობდი ანტენის რეფლექტორის ახალ სეგმენტებს, ვასწორებდი ანძას, ვადუღებდი მის დაზიანებულ ადგილებს, ვჭიმავდი ბაგირს. ყველაფერს ამას რაღაც უცნაურ ზმანებაში წასულივით ვაკეთებდი.

დიახ, ეს სიზმარი იყო. მეტისმეტად რეალური, მაგრამ სიზმარი. იმიტომ რომ გულის სიღრმეში მწამდა, თუ ძალიან მოვინდომებდი გამეღვიძებოდა. შინ დაბრუნებისთანავე მაღლა, რადიოსადგურში ავედი და დენი ჩავრთე. რეპრუდოქტორში ყრუ ხმაური მოისმა.
უცებ პაწაწინა კაბინა ძლიერი სუფთა ხმით წარმოთქმულმა სიტყვებმა აავსო: - და მეოთხეჯერ გადმოგცემთ კოორდინატებს. ხვალ დილით, ადგილობრივი დროით ექვს საათზე „გეა“ იღებს კურსს თქვენკენ და ასტეროიდთან მოვა თორმეტი დღის შემდეგ. ძალიან გვაწუხებს თქვენი დუმილი. გამოძახებას ვაწარმოებთ მთელი დღე-ღამის განმავლობაში. ლაპარაკობს ირიოლა „გეას“ ბორტიდან თეთრ პლანეტასთან კავშირის დამყარების მეექვსე დღეს. ახლა მოუსმინეთ ანა რუისს. რეპრუდოქტორმა გაიჩხაკუნა და წამით დადუმდა. გიჟივით ზეზე წამოვვარდი, კარს ხელი ვკარი და გაშმაგებული ყვირილით თავქვე დავეშვი: - მე არ გატყუებდი ზორინ! არ გატყუებდი! ეს ყველაფერი მართალია, მართალი! დავემხე და ქვითინი აღმომხდა. რაღაცა მირტყამდა გონებაში. მეძახდა, მთხოვდა, მევედრებოდა... გონს მოვეგე. ეს ხომ ანა მეძახდა, ანას ხმა იყო... ნელ-ნელა კიბისკენ დავიხიე, თან თვალს არ ვაშორებდი ზორინის გაყინულ სახეს. მხოლოდ მაშინ, როცა ანამ ჩემი სახელი ახსენა, შევაქციე ზურგი მას. ანას ხმა უფროდაუფრო ახლოვდებოდა. კიბეზე ასვლისას მაღლა ავიხედე. ღია ილუმინატორში დავინახე სამხრეთის ჯვარი. იმის იქით კი ბაცი ლაქა: იქ თეთრი თანაბარი შუქით ანათებდა მაგელანის ღრუბლები.“

ითვლება, რომ „მაგელანის ღრუბელი“ არ მიეკუთვნება ლემის საუკეთესო ნაწარმოებთა რიცხვს და მისი მხატვრული ღირებულებები შედარებით მცირეა გვიანდელ კლასიკურ ნამუშევრებთან შედარებით. მაგრამ მიუხედავად ამისა, ნაწარმოები დღემდე რჩება სამეცნიერო ფანტასტიკის ერთ-ერთ ქრესტომათიულ მაგალითად. თავად ლემი მოგვიანებით საკმაოდ კრიტიკულად უდგებოდა ნამუშევარს, მიიჩნევდა მას სუსტად და კომუნიზმის აპოლოგიად. ამ მიზნით ლემმა აკრძალა ნაწარმოების იაპონურად თარგმნა, რადგან - „იაპონიამ არ იცოდა კომუნისტური რეჟიმი და თუ ჩემი რომანი თუნდაც ერთ იაპონელს მაინც მოაქცევდა კომუნიზმისკენ, მე ჯოჯოხეთის ცეცხლში დავიწვებოდი.“ 

და მაინც, მიუხედავად იმისა, რომ ნაწარმოები ლემის ერთგვარ ხარკად იქცა კომუნისტური რეჟიმის მიმართ, ლემი მასშიც დებს თავის განუმეორებელ, სუნთქვის შემკვრელ სტილს. ახერხებს, რომ ადამიანი დააფიქროს თავის დანიშნულებაზე და ადგილზე ამ სამყაროში. გარდა ამისა, პირადად მე ამ ნაწარმოების მიმართ ზემოხსენებულ, სრულიად გასაგებ მიზეზთა გამო განსაკუთრებული სენტიმენტები მაკავშირებს.

ამავე თემატიკას ეხმაურება ცნობილი რომანი ,,დაბრუნება ვარსკვლავებიდან.“ კოსმოსიდან დედამიწაზე 127 წლის შემდეგ დაბრუნებული ასტრონავტი საზოგადოებაში საკუთარ თავს ვეღარ პოულობს. დროის რელატივისტური შენელების გამო კი მისთვის სულ ათი წელიწადია გასული. დედამიწა ასტრონავტს სრულიად შეცვლილი ხვდება. აქ აღარც ავადმყოფობას იცნობენ, აღარც ომს. აღარც ბოროტებას, აღარც ეკოლოგიურ კრიზისებს. მოკლედ, ადამიანები იდეალურ სათბურში ცხოვრობენ. ბეტრიზაციის პროცედურას ახალდაბადებულის ტვინში აგრესიული იმპულსების სრული ნეიტრალზიება შეუძლია. ასეთ საზოგადოებაში კი რომელიც არ იცნობს რისკს, რომლისთვისაც უცხოა განვითარება და ახალი გზების ძიება, არაბეტრიზებული ასტრონავტი სახიფათოც კია. და ასეთი საზოგადოება, ცხადია განწირულია. მაგრამ ასტრონავტი მაინც რჩება დედამიწაზე და კოსმოსში არ ბრუნდება. რატომ? მიზეზი ამ შემთხვევაშიც ბანალურობამდე დასული ტრივიალურია: რა თქმა უნდა, ქალი. 

,,სოლარისს“ წარმატებულ რომანად ვთვლი, ,,დაბრუნებას ვარსკვლავეთიდან“  კი, წარუმატებლად. რადგან ამ წიგნისთვის ცენტრალური პრობლემა - სოციალური ბოროტების აღმოფხვრა, მეტისმეტად პრიმიტულად და არარეალურადაა განხილული. თუნდაც რომ დავუშვათ ბოროტების ,,ფარმაკოლოგიურად“ მიზანმიმართული მოშორების შესაძლებლობა, მაინც არანაირ ქიმიურ თუ სხვა ხასიათის ზემოქმედებას ტვინზე არ შეუძლია საზოგადოებრივი ურთიერთობის, კონფლიქტების და წინააღმდეგობების წაშლა, რაც თავისთავად წინასწარ განუზრახველ სოციალურ ბოროტებას შობს.“ (სტანისლავ ლემი, „ჩემი ცხოვრება“).

ამ სიისთვის ჩვენ შეგვეძლო მიგვემატებინა ,,კიბერიადა“ და ,,ვარსკვლავეთის დღიურები,“ ,,დიალოგები“ და ,,შემოჭრა ალდებარანიდან,“  ,,სამყაროს ხმა“ და ,,მოკვლევა,“ ,,მშვიდობა დედამიწაზე“ და ,,მეგაბიტური ბომბა.“ მაგრამ მსურს თქვენი ყურადღება საქართველში შედარებით ნაკლებად ცნობილ ნაწარმოებზე შევაჩერო, რომელიც ჩემი მოკრძალებული აზრით სტანისლავ ლემის შემოქმედების მწვერვალს (,,სოლარისზე“ მეტადაც კი), მის სრულ კვინტესენციას წარმოადგენს.

ეს ნაწარმოები ლემის მთელი მსოფლმხედველობის შემაჯამებელი დოკუმენტია. . ეს არ არის მხატვრული ლიტერატურა, აქ ვერ ან თითქმის ვერ შეხვდები პერსონაჟებს. თხრობა ხანდახან იმდენად მძიმდება ინფორმაციით, რომ დაღლილობის გარდა, წამოჭრილი პრობლემების და მით უფრო, ამ პრობლემების გადაწყვეტის სრულიად რადიკალური გზების დასახვით გამოწვეულ შიშს და გაქცევის სურვილს იწვევს. ეს ნაწარმოებია ,,ტექნოლოგიათა ჯამი.“ ტექნოლოგიათა ჯამი, იგივე ტექნოლოგიათა სუმა, (ლათ. Summa Technologiae) პოლონელი მწერლის, სამეცნიერო-ფანტასტის და ფუტუროლოგი ესეისტის სტანისლავ ლემის 1963-67 წლის ფილოსოფიურ-ფუტუროლოგიურ ესეთა კრებული. სახელწოდება მიეცა ალუზიით თომას აქვინელის ,,თეოლოგიათა ჯამის" (ლათ. Summa Theologiæ) და ალბერტ დიდის ,,თეოლოგიათა ჯამის" ნაშრომების მიხედვით. ფუნდამენტური თხზულება კაცობრიობის მომავალსა და ცივილიზაციის განვითარებაზე.

ცნობილი ფუტუროლოგიურ-ფილოსოფიური ესე ასახავს ცივილიზაციის დინამიკის და განვითარების ბიოლოგიურ, კიბერნეტიკულ, კოსმოგონიურ, სოციალურ, კულტურულ წახნაგებს და განიხილავს მათ ორი ტიპის ევოლუციის - ბიო და ტექნოევოლუციების ჭრილში; ასკვნის რა, რომ პრინციპში, ბუნება მათემატიკურად სრულყოფილი არაა, ის შეზღუდულია თავის გამოვლინებებში უთვალავი სახესხვაობის მიუხედავად და ჩვენ შეგვიძლია თვისობრივად გადავასწროთ მას. საინტერესოა თავად ავტორის პოზიცია მის ნაწარმოებზე, რომელიც შესავალ სიტყვაშივე იხსნება:

  „ბოლოსდაბოლოს, საკუთრივ რას წარმოადგენს ეს ჯამი? ესეთა კრებულს ,,სრულიად ინჟინერული" ლაიტმოტივით განმსჭვალულ ცივილიზაციის ბედზე? წარსულის და მომავლის კიბერნეტიკულ ჭვრეტას? კოსმოსის გამოსახულებას, როგორიც იგი წარმოუდგენია კონსტრუქტორს? მოთხრობას ბუნების საინჟინრო საქმიანობის და ადამიანის ხელების შესახებ? სამეცნიერო-ტექნიკურ პროგნოზს უახლოესი ათასწლეულისთვის? ჰიპოთეზათა ნაკრებს, ძალიან გაბედულს მკაცრ სამეცნიერო სტანდარტებზე პრეტენზიის განსაცხადებლად? ცოტ-ცოტა ყველაფერს. რამდენად შეიძლება, რამდენად დასაშვებია ვენდოთ ამ წიგნს? მე არ მაქვს პასუხი ამ კითხვაზე. მე არ ვიცი ჩემი რომელი მიხვედრა, წინადადება თუ ვარაუდი უფრო ჰგავს სიმართლეს. მათ შორის არცერთია მოუწყვლადი და დროის სრბოლა წაშლის ბევრ მათგანს. ან თუნდაც ყველას. მაგრამ არ სცდება ის, ვინც კეთილგონივრულად სდუმს.“

არსებითად წიგნში აღძრული საკითხები ეხება სამეცნიერო-ტექნიკურ, მორალურ-ეთიკურ და ფილოსოფიურ-ონტოლოგიურ საკითხებს და პრობლემებს, რომლებიც სავარაუდოდ დაიბადებიან ჩვენი ცივილიზაციის შემდგომი პროგრესის პროცესში. (ავტორის სიტყვებით ,,ჯერ აუყვავებელი ვარდების ეკალთა კვლევა.") ცივილიზაციის, რომელიც ჰიპერშორეულ მომავალში იფუნქციონირებს სრულიად თავისუფლად და დამოუკიდებლად ტექნოლოგიური თუ მატერიალური შეზღუდულობისგან.

წიგნში განხილული ფუნდამენტური საკითხები გვაოცებს თავიანთი გრანდიოზულობით. მასში დასმული პრობლემატიკა ერთდროულად საოცრად შორს დგას რეალობისგან და არამცთუ საუკუნეებს, არამედ ათასწლეულებს გადასწვდება. ამავდროს კი ის ჩვენი თანადროული ცხოვრებაა. მიუხედავად იმისა რომ წიგნზე მუშაობისას ლემმა დაუშვა რამდენიმე უზუსტობა მათემატიკის, ბიოლოგიის, სოციოლოგიის და ცოდნის სხვა დარგებში, ,,ტექნოლოგიათა ჯამი" მიუხედავად მისი ნახევარსაუკუნოვანი ასაკისა არამცთუ არ მოძველებულა, პირიქით - XXI საუკუნის გარიჟრაჟზე თანამედროვე სამეცნიერო-ტექნიკური განვითარების ფონზე ახალი სიცოცხლე შეიძინა. ვირტუალური რეალობა, ნანოტექნოლოგიები, ხელოვნური ინტელექტი, ტექნოლოგიური სინგულარობა - საკითხები, რომელნიც შორეულ 60-იან წლებში სუპერფანტასტიკურად მოჩანდა, დღეს უკვე თანამედროვე სამეცნიერო კვლევების ყოველდღიური ნაწილია.

სწორედ ,,ტექნოლოგიათა ჯამი“ წარმოადგენს ,,ედემზე“ საუბრისას ნაგულისხმევ ნაშრომს. იგი იყოფა რვა თავად, სადაც სკრუპულოზური სისავსით და სიცხადით განხილულია მეცნიერების, ფილოსოფიის და სოციოლოგიის ურთულესი დარგების ურთიერთმიმართება, თანაკვეთა და ზემოქმედება. ფაქიზი ნიველირული სიზუსტით დამშავებული პასაჟები იმდენად მომუსხველია, რომ დროდადრო, როგორც ზემოთ აღინიშნა, შიშნარევ გაქცევის სურვილს ბადებს. ჩვენ უბრალოდ ვერ ვბედავთ თვალი გავუსწოროთ საკითხთა სიდიადეს, ლემი ასე დაუნდობლად რომ აშიშვლებს. მხოლოდ მშრალი, ფორმალური ჩამონათვალიც კი კმარა გასაგებად, თუ რასთან გვაქვს საქმე:

ორი ევოლუცია - ტექნოსოციალური და ბიოევოლუცია. კოსმოსური ცივილიზაციები - ტექნოლოგიური ცივილიზაციები და გონიერი სიცოცხლე კოსმოსსა და დედამიწაზე.
ინტელექტრონიკა-კიბერნეტიკა, ინფორმაციული ტექნოლოგიები, საზოგადოების კიბერნეტიკული მართვა, რელიგიურ - მეტაფიზიკური ინფორმაცია, ხელოვნური ინტელექტი, ,,მნიშვნელობის" მნიშვნელობა. პროლეგომენია ყოვლადძლიერს-ყველაფრის კონსტრუირება, შესაძლებლობადობა და განხორციელებადობა, (იმიტოლოგია და ფანტომატიკა). ფანტომოლოგია-ვირტუალური რეალობა, ვირტუალიზებული ცივილიზაცია, ვირტუალიზებული საზოგადოება, ცერებრომატიკა, ტელეტაქსია, ფანტომატიკა და ფანტოპლიკაცია, ,,პიროვნების" გამრავლება.
სამყაროთა შექმნა-მეცნიერების განვითარება და ცოდნის ზრდა, ინფორმაციის ,,მოყვანა-გამოზრდა," შესაძლებლობადობა და განხორციელებადობა, ენის კონსტრუირება, ,,იმქვეყნიური სამყაროს" და უნივერსუმის კონსტრუირება. პასკვილი ევოლუციაზე - სამყაროს პრინციპული არასრულყოფილება, ადამიანის რეკონსტრუქციის შესაძლებლობები.

რუსულენოვანი თარგმანის დასკვნაში, რომელიც სპეციალურად ყოფილი საბჭოთა კავშირის სივრცისთვის დაიწერა, ლემი ამატებს სპეციალურ დამატებას, სადაც განხილულია აგრეთვე ადამიანთა საზოგადოების კონსტრუირების საკითხები.
წიგნის კითხვისას, როდესაც ვირტუალურ რეალობამდე მიხვალთ, თქვენდა გასაოცრად აღმოაჩენთ ვირტუალური მოდელირების პერსონაჟს, ვინმე მისტერ სმითს; რომელიც ასეთი მოდელირებით შექმნილ სისტემაში ცხოვრობს რომელსაც სახელად... დიახ, დიახ, რა თქმა უნდა - თქვენ სწორად მიხვდით... ,,მატრიცა“ ეწოდება.  სწორედ ამ იდეით ისარგებლეს ძმებმა ვაჩოვსკებმა თავიანთ ლეგენდარულ ტრილოგიაში. მეტიც, მატრიცა ამ წიგნში... ვიქნები შეუბრალებელი და დაწყებულს აღარ გავაგრძელებ იმ უბრალო მიზეზის გამო რომ მისი გადმოცემა გამიჭირდება, ეს თავად უნდა იხილოთ და შეიგრძნოთ. მე მის გადმოსაცემად უძლური ვარ. დასკვნის სახით კი უბრალოდ იმას ავღნიშნავ, რომ ამ წიგნში თხემით ტერფამდე ნატიფი, სრულყოფილი, გამოძერწილი ფანტასტიკა სწორედ ისაა, რაც თანამედროვე მეცნიერებას და მომავლის სცენარებს, ფუტუროლოგიას ედება საფუძვლად. აზროვნების რადიკალური, არასტანდარტული გზები, აღმაფრთოვანებელი ანალიზი, დახლართული ლოგიკური ჯაჭვები და სილოგიზმების ალგორითმები,  შორეული 1960-იანების პროგნოზები, რომელთა ახდენა ჩვენს თვალწინ მიმდინარეობს - საუბარიც ზედმეტია, რომ გულგრილს არ დაგტოვებთ, გარწმუნებთ, ადგილზე მოგაჯადოვებთ. კაცობრიობის მიერ მოპოვებული გენეტური ინფორმაციის ასეთი სრულყოფილი შეკუმშვა და თან განშლა, ჩვენი ადგილის ძიება სამყაროში, უცხო ცივილიზაციების ძებნა-ძიების პრობლემა, თავისი შირრმისეული ანალიზით მომნუსხველი ევოლუციის მსვლელობა, ცივილიზაციის მომავალი, პიროვნების გადატანა-ანუ იგივე ,,ავატარის“ სისტემა...

12 სექტემბერს დიდი ადამიანის დაბადების დღე გახლდათ. პან სტანისლავი 93 წლის გახდებოდა. მისი შემოქმედება კიდევ უამრავ ადამიანს მიანიჭებს  სიხარულს და შთაგონებას. კიდევ ბევრს მოსწყვეტს ყოველდღიურ რუტინას და იმ ახალ ჰორიზონტებს და მათკენ მიმავალ გზებს დაანახებს, რომლის გარეშეც განვითარება წარმოუდგენელია, რომლის გარეშე ჩვენი ცივილზიაცია განწირულია დასაღუპად. დიდი მადლობა ჩემს საყვარელ ქვეყანას პოლონეთს, ასეთი საამაყო შვილისთვის. თუ თქვენ ჯერ კიდევ არ გსმენიათ მისი სახელი, ბევრი დაგიკარგავთ. თუმცა ახლაც შეიძლება გადაშალოთ მისი ნებისმიერი წიგნი და ძალიან საინტერესო გზას დაადგეთ. გზას, რომელიც საბოლოოდ საკუთარ თავთან მიგიყვანთ.


ავტორი: არჩილ კიკვაძე

07 August, 2015

დენ სიმონსის ჰიპერფანტასტიკური ილიადა


სახელწოდება: ილიუმი
ავტორი: დენ სიმონსი
ციკლი: ილიუმ/ოლიმპო
ქვეყანა: აშშ
ენა: ინგლისური
პირველი გამოცემის წელი: 2003

პრემია: 2004 წელს, ლოკუსის პრემია საუკეთესო სამეცნიერო-ფანტასტიკური ჟანრის რომანისთვის.
შეფასება Goodreads-ზე: 3.99/5



სამეცნიერო ფანტასტიკის ჟანრის განვითარებამ დიდი ოთხეულის და მათი თანამედროვე კლასიკოსების შემდეგ მცირედით შეიცვალა კალაპოტი და მეოცე საუკუნის 80-იანი წლებიდან სულ მთლად ახალ საფეხურზე აინაცვლა. ამ შემთხვევაში, ძნელია შეაფასო - ხარისხობრივი სხვაობა ამ პერიოდის ფანტასტებსა და აზიმოვ-ჰაინლაინის ეპოქის მწერლებს შორის, თუმცა თვალშისაცემია ის ძირითადი კონტურები, რასაც მეოცე საუკუნის მიწურულის სამეცნიერო ფანტასტიკა სახავს. 80-იანი წლების ჟანრობრივ ლიტერატურაზე უდიდესი გავლენა მოახდინა ამერიკელმა მწერალმა - დენ სიმონსმა, რომლის შესახებაც ადრე უკვე ვწერდით, როცა მის "ჰიპერიონს" მიმოვიხილავდით. სიმონსის ხელწერა მეტნაკლებად მსგავსია მის ყველა ვრცელტანიან რომანში. ეს უკანასკნელი კი სიმონსს ნამდვილად სანაქებოდ გამოსდის. დასტურად მისი ლიტერატურული პრემიების ჩამონათვალის ნახვაც საკმარისია. მართალია, ჰიპერიონ კანტოსით მოპოვებულ აღიარებას მისი სხვა ვერც ერთი რომანი უტოლდება, მაგრამ მრავალფეროვნება, რომელსაც სიმონსი თავის ნაშრომებში იყენებს და მხატვრულ სამყაროთა შექმნის ოსტატობა იმდენად მაღალია, რომ მისი წიგნების გარეკანიც კი, სამეცნიერო-ფანტასტიკის ჟანრის მოყვარულებს ძნელად თუ დატოვებს გულგრილად .

"ილიუმი", რომლის შესახებაც ჯერაც არაფერი გვითქვამს, სიმონსის საყვარელი ფორმით - დიალოგიითაა შედგენილი და ჰიპერიონ/ენდიმიონის მსგავსად, აქაც ორ-რომანიან ციკლთან გვაქვს საქმე. ილიუმს მალევე, არასრულ ორ წელიწადში "ოლიმპოს" გამოცემა მოჰყვა, რომელსაც ილიუმის მკითხველი მოუთმენლად ელოდა. ორივე წიგნი საერთო სიუჟეტს მიჰყვება და პრინციპში, ავტორისეული ჩანაფიქრის სრულად თუ არა, უმეტესწილად გასაგებად, ოლიმპოს გაცნობაც აუცილებელია. 

სიუჟეტის მოქმედება, ტრადიციულად, თანამედროვეობიდან ორი ათასზე მეტი წლით დაშორებულ მომავალში მიმდინარეობს, სადაც ადამიანი ისეთივე უცხო არსებაა, როგორც დღევანდელობისთვის თეთრი ლომი. დედამიწა უკვე აღარ არის პოპულარული და მთავარი ბრძოლის ველიც წითელ პლანეტაზეა გადატანილი. მარსის მტვერს თელავენ ბერძნული მითოლოგიის ღმერთები, რომლებიც ახლებური ფორმითაა წარმოდგენილი, თუმცა არც ერთ მათგანს არ აქვს დაკარგული თავისი სიდიადე, ძლევამოსილება და რაც მთავარია, სხეულის ფორმები, რომლითაც თითოეული მათგანი ადამიანს მრავალჯერ აღემატება. ზევსი, არესი, ათენა, მუზები და ოლიმპოს მთელი შემადგენლობა ხელახალი ინტერესით აკვირდება მოკვდავთა ფენაში განვითარებულ მოვლენებს, რომელშიც თითქმის იდენტურად მეორდება ჰომეროსის ილიადას სიუჟეტი. აგანემნონი, ჰექტორი, აქილევსი და ელენა - კვლავაც ჩვეულ როლებს ირგებენ, თუმცა ახლანდელი რეალობა ლიტერატურულ ჩარჩოებს სცდება და ის, რომ თითოეული მათგანი ოდესღაც ერთი წვეროსანი ბერძნის შემოქმედების ნაწილი იყვნენ, ნაწარმოების მხოლოდ ერთმა პერსონაჟმა - მკვდრეთით აღმდგარმა ყოფილმა სწავლულმა - ჰოქენბერიმ იცის.

ჰოქენბერი თითქმის ერთადერთი ადამიანური ადამიანია, რომელიც ამ ორომტრიალშია ჩართული. მუზის მიერ ნაჩუქარი ღვთიური აქსესუარებით, ის არაადამიანური პრივილეგიების მოპოვებას შეძლებს და ნელ-ნელა "მომავლის ღმერთების" ამბებშიც გაერკვევა. საინტერესოა მისი დამოკიდებულება არსებულ რეალობაში, შესაძლებლობა - მოირგოს ნებისმიერი ადამიანის როლი, ცდუნებები, რომელთა დაძლევასაც ვერ ახერხებს და მუდმივი დაპირისპირება მის "პატრონ" ღმერთებთან, რომლებმაც ის ახალი თაობის ჯაშუშად აქციეს. ჰოქენბერის გარდა, გვხვდებიან ადამიანისებრი ორგანიზმები დედამიწაზეც. აქ მათ სიცოცხლის ხანგრძლივობა მკაცრად, ასი წლით აქვთ განსაზღვრული, ამის შემდგომ კი ისინი ხდებიან ე.წ. პოსტადამიანები. პოსტადამიანები ახლებურ რასას წარმოადგენენ, რომლებიც ღია კოსმოსში, მათთვის განსაზღვრულ პლანეტისებრ წარმონაქმნებზე ცხოვრობენ. 

ილიუმში სიმონსი თხრობის რამდენიმე გზას ირჩევს. პირველ პირში მოთხრობილი ერთადერთი ამბავის ავტორი ზემოხსენებული ჰოქენბერია, რომელიც დღიურისებრი ჩანაწერით მოგვითხრობს მარსზე დაბუდებული ოლიმპოს ღმერთების, მათ შორის არსებული დაპირისპირებების, ომის, მძვინვარების და ვნებების შესახებ. თავის მხრივ, ალბათ, მისი შეხედულებები და ემოციები წიგნის ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო თემაა. მეორე მხრივ, შინაარსის მცირედი ნაწილი რობოტებსაც ეთმობათ, რომლებიც იმდენად ადამიანურები არიან, რომ მათი სერიული ნომრის ხსენებისას, უხერხულობის გრძნობა გიპყრობს. ამგვარი რობოტების წრეს მიეკუთვნებიან მაჰნმუტი და იოს'ორფუ, რომლებიც გამუდმებით განიხილავენ ადამიანთა ისტორიული გონის მიღწევებს. განსაკუთრებით, ლიტერატურული დისკუსიები იტაცებთ და ხშირად კამათობენ შექსპირისა და პრუსტის ირგვლივ. მათ და მათ მსგავს მექანიზმებს სიმონსი "მორავეცებად" მოიხსენიებს. (ავსტრიელი ფუტურისტის, რობოტიკისა და ხელოვნური ინტელექტის მკვლევარის - ჰანს მოროვეცის საპატივცემულოდ).


თუმცა, რა თქმა უნდა, მომავლის ილიადას მთავარი გმირები ბერძენი გმირები არიან. - ბერძნები და ტროელები... აქ გვერდიგვერდ იბრძვიან აქილევსი, ოდისევსი და აგამემნონი. მენალაუსი, დიომედესი და ნესტორი. მეორე მხარეს კი, ღირსების დასაცავად ჰექტორი, ანდრომაქე, პარისი და ელენა გამოდიან. ტროას ომი შეფარვითი ზავებით უფრო და უფრო იწელება, ამ ყოველივეს კი ოლიმპოს მთიდან თვალყურს ადევნებენ ზევსი,ჰერა,ათენა,არესი,აპოლონი და კაცობრიობის ბედის კიდევ ერთხელ გადაწყვეტას ცდილობენ. აქვე შევხვდებით შედარებით მცირედ დატვირთულ ძველებურ ადამიანებს - ადას, ჰერმანს, დაემანსა და სავის - მოხეტიალე ებრაელს.


ასე და ამგვარად, ილიუმის პირველი 50 გვერდის წაკითხვაც საკმარისია საიმისოდ, რომ დაეჭვდეთ - სწორი იყო თუ არა, მისი ხელში აღების გადაწყვეტილება. ერთიანად უამრავი პერსონაჟის და ისტორიის ერთმანეთში გადახლართვა სიმონსის რომანებში მისი მთავარი გატაცებაა. თხრობის ენასაც არ ეთქმის მარტივი. გარდა ამისა, გმირების უხეშობა, (ამ სიტყვის პირდაპირი გაგებით. უხეშობა, და არა სისასტიკე, რომელიც ნებისმიერ ბატალურ სცენას თან სდევს) პირდაპირობა და ზოგ მომენტებში გაურკვეველი მოქმედებები, პრინციპში, ნერვების მომშლელია. გარდა ამისა, ავტორი არ ერიდება საკუთარი პოლიტიკურ-სოციალური შეხედულებების თავისივე უდიდეს ცოდნაში არევას. ზოგადად, დამღლელია, როდესაც გრძნობ, რომ ავტორმა ბევრი რამ იცის და ამ ყოველივეს შენთვის გაცნობას ცდილობს. როდესაც მსგავსი გრძნობა გეუფლება, მისდამი უნდობლობით ივსები, მაგრამ მიუხედავად ამ ყველაფრისა, უნდა ითქვას, რომ თუ ითამაშებ სიმონსის წესებით, ის აუცილებლად ჩაგითრევს იმ ჰიპერ-განვითარებული სამყაროს გაურკვეველ ხვეულებში, რომელსაც ასე სრულყოფილად წარმოაჩენს თავის წიგნებში. ილიუმი არის ძალიან საინტერესო ისტორია, რომელიც სრულდება ძალიან ცუდ მომენტში. გიჩნდება ოლიმპოს წაკითხვის დაუოკებელი სურვილი, თუმცა იცი, რომ ეს გზა კიდევ უფრო დამღლელი იქნება, ვიდრე პირვანდელი.



მაგრამ, მიუხედავად ამისა, დარწმუნებული ხარ, რომ ოდესმე აუცილებლად მიაღწევ ოლიმპომდე და მისი ნაწილიც გახდები.



ავტორი: ირაკლი სულაძე