15 January, 2015

ხულიო კორტასარი- მდევარი, ანუ ჯაზ მუსიკისა და მაგიური რეალიზმის შედევრი


ჩრდილოეთ ამერიკული ლიტერატურის განხილვის შემდეგ, რომელიც ქადაგებდა პიროვნულ თავისუფლებასა და მისი მიღწევის იდეებს, ნელ-ნელა უნდა გადავინაცვლოთ სამხრეთით, სადაც თითქოს, კოლოსალურად განსხვავებული სიტუაციაა. სამხრეთ ამერიკაში(ვგულისხმობ ძირითადად ლათინო-ამერიკის სახელმწიფოებს) ჩაისახა თითქოს ნაცნობი, მაგრამ ამასთანავე უცნობი იდეების მქონე ლიტერატურული მიმდინარეობა მაგიური რეალიზმი, რომელიც არ ჰგავდა არც ევროპულ რეალიზმს და მითუმეტეს არც ფენტეზის ჟანრის ლიტერატურას. მაგიური რეალიზმი წარმოიშვა ქრისიტანობის უკიდეგანო ფანატიზმის საფუძველზე. მან დასვა შემდეგი საკითხი: ქრისტიანებო, თუ თქვენ გწამთ რელიგიური სასწაულების, დავრდომილთა განკურნების წმინდა ნაწილებით, მირონმდინარე ხატების, მაშინ რა გიშლით ხელს იწამოთ კიდევ უფრო სხვა ამოუცნობი მოვლენები? რატომ გსურთ ჩარჩოში მოქციოთ სამყარო და რატომ არ გინდათ გახვიდეთ ამ საზღვრებს გარეთ? მაგიურმა რეალიზმა ჩამოაყალიბა მსოფმხედველობა, რომლის ფარგლებში მოღვაწე ხელოვანები თითქოს რეალობას არ წყდებიან, მაგრამ ამასთანავე სწამთ რაღაც მისტიკური, ამოუცნობი მოვლენების, რასაც ხშირ შემთხვევაში აკავშირებენ ზებუნებრივ ძალებთან, ღმერთთან ანუ ამოუცნობ მოვლენებს ენიჭება რაღაც ბუნებრიობის ეფექტი. ოღონდ ღმერთის ამგვარი რწმენა ამ მიმდინარეობაში არის ქრისტიანობის ფანატიზმზე დაფუძნებული. ამგვარ იდეოლოგიის გავლენის ქვეშ იმყოფებოდა(იმყოფება) სამხრეთ ამერიკული ლიტერატურა, რომლის წაიღში შექმნილი ნაწარმოებები ძალიან დიდი პოპულარობით სარგებლოს მსოფლიოში და რა თქმა უნდა, ბევრ მწერალზეც კი ჰქონდა გავლენა ამ მიმდინარეობას, მათ შორის ქართველ მწერლებზეც. ერთ-ერთი ასეთი მაგალითი გვაქვს გურამ დოჩანაშვილის ,,სამოსელი პირველი“, თუმცა ეს წიგნი ახლა უნდა გადავდოთ გვერდით, რადგან დღეს უნდა ვისაუბროთ ხულიო კორტასარის პატარა მოთხრობაზე - ,,მდევარი“.

პირველ რიგში, აუცილებელია ვახსენოთ თუ რა ტიპის სიუჟეტთან გვაქვს შეხება. ცხადია, მთელ ნაწარმოებში ადვილია შეიგრძნო მაგიური რეალიზმის მკვეთრი ნიშნები, რომელიც მკითხველს თითქოს წყვეტს და ამასთანავე არ წყვეტს რეალობას. მწერალი მოგვითხრობს ხელოვანის, ცნობილი ამერიკელი ჯაზ მუსიკოსის(ჯონი) ცხოვრების უკანასკნელი დღეების შესახებ. აუცილებელია აქ აღვნიშნოთ, რომ ავტორი გვესაუბრება ჯონის მეგობრისა და ამასთანავე კრიტიკოსის ენით(ამის მნიშვნელობაზე ქვემოთ ვისაუბრებთ), თითქოს ეს ადამიანი აღწერს ჯაზის გენიოსის ცხოვრებას, რომელიც თავიდან ბოლომდე ტრაგიზმია. პიროვნება, რომლის ნელ-ნელა ნაკუწებად იფლითება ნარკოტიკების ზემოქმედების შედეგად. ამას ემატება ის ფაქტი, რომ თითქოს ჯონი ვერ პოულობს თავის ადგილს ამ სამყაროში და მუდმივად ცდილობს გაექცეს რეალობას. ნარკოტიკები სწორედ ამის ერთადერთ საშუალებად მიაჩნია. თუმცა ერთადერთ საშუალებად არა. მისთვის კიდევ არსებობს ერთი გზა, რაც თავიდან ბოლომდე ავიწყებს საკუთარი თავის არსებობას, უქრება ის ეგზისტენციალისტური განცდა, რაც ფხიზელ მდგომარეობაში მუდამ თან დასდევს- ეს არის მუსიკა. სწორედ მწერლის ამ უკანასკნელისადმი უნიკალური დამოკიდებულება ამაღლებს ნაწარმოებს ერთი-ორად მკითხველის თვალში. თქვენ ნახავთ, რომ ჯონი მართლაც გენიოსია და მისი ამ გენიოსობის გამოვლენა მხოლოდ ჯაზ მუსიკის შესრულების დროს არის შესაძლებელი. აი რას წერს ვირტუოზი ამ ყველაფერზე: ,, როცა დაკვრა ვისწავლე, ვირძენი, რომ ლიფტში შევდივარ, ოღონდ, ასე ვთქვათ, დროის ლიფტში. დაკვრის მომენტში ჩემთვის არ არსებობს ტანისამოსი. ტანისამოსი მაშინ არსებობს, როცა მას ვიცვამ. იპოთეკები და ლოცვებიც მაშინღა იწყებდნენ არსებობას, როცა დაკვრას ვამთავრებდი და შემომდიოდა თმააბურძგნილი ბებრუხანა და იწყებდა წუწუნს- თითქოსდა თავი უსკდებოდა ამ ,,დაწყევლილი მუსიკით’’. ‘’

მუსიკა არის ჯონისთვის ყველაფრის დასაწყისი და დასასრული. მისი შესრულების დროს ის წყდება ყოველივე მატერიალურს და გადადის თავიდან ბოლომდე მეტაფიზიკაში, სადაც ძნელია გაიგო რა არის სინამდვილე და რა ილუზია. მუსიკის შესრულების დროს იცვლება დროის სვლაც, რასაც ადასტურებს მისივე სიტყვები: ,,ნეტავ შემეძლოს ისე ვცხოვრობდე, როგორც იმ წუთებში როგორც მუსიკაში ვცხოვრობ ხოლმე, როდესაც დრო აგრეთვე სულ სხვანაირად გადის. რეალობაში ის სხვანაირი დრო რომ გვაპოვნინა, მაშინ ადამიანები შევძლებდით ასობით წელი გვეცხოვრა, ათასჯერ იფრო დიდხანს, ვიდრე ახლა, ამ ეშმაკეულ საათს რომ შევცქერით...“ როგორც ყველა მუსიკის ვირტუოზისთვის, ასევე ჯონისთვისაც მუსიკა ზოგჯერ საშინელ სასჯელადად კი გარდაიქმენობდა, ამის ახსნა ცოტა ძნელია, თუმცა მარტივად რომ ვთქვათ, როდესაც მუსიკას არ ძალუძს სრული კმაყოფილების მონიჭება, იგი იქცევა განუწტვეტლივ აღმგზნებად საშუალებად, რომელსაც არ გააჩნია დაბოლოება და პირდაპირ დამანგრეველად მოქმედებს ადამიანის ფსიქოლოგიაზე. რაოდენ პარადოქსულადაც არ უნდა მოგვეჩვენოს, მუსიკა იყო ერთგვარი სალბუნიც და ამასთანავე უდიდესი ტკივილიც. ცოტა უხეში შედარება რომ გავაკეთოთ, გავიხსენოთ ლადო ასათიანის ერთ-ერთი ლექსი, რომელიც კარგად ხსნის ამ ფაქტორს(თუმცა მუსიკის მაგივრად მას ლექსის ცნება აქვს შემოტანილი):

,,როცა გულს გაჰკრავს ცივი ნიავი
რომ ლექსი შველის ყოველგვარ ტკივილს
და ლექსი თვითონ ტკივილი არის...

მე ზემოთ ვახსენე, რომ ჯონი მუდამ გაურბოდა რეალობას, თუმცა თავად ავტორს კი სხვაგვარი მოსაზრება გააჩნია ამ ყველაფერზე, რომელშიც რა თქმა უნდა, არის რაღაც კუთხით სიმართლეც. მწერალს მიაჩნია, რომ ჯონი ცხოვრებას არ გაურბოდა. ,,რაღაცის შესახვედრად სწრაფვა არ შეიძლება ნიშნავდეს გაქცევას, თუმცაღა ამ რაღაცასთან შეხვედრის ადგილი ყოველთვის იქით იწევა.“ თუ ამ მსჯელობას გავყვებით, ჯონს გააჩნდა რაღაც მიზანი, თუმცა ეს მიზანსწრაფვა რას გულისხმობდა, რის მიღწევას ლამობობდა, თვითონაც არ იცოდა. ჯონი განსაკუთებით იტანჯებოდა საკუთარი თავის შეუცნობლობის კომპლექსით, რომელიც თავის თავში გულისხმობდა საკუთარი ცხოვრების არსის შეუცნობლობას. ეს ყველაფერი, რა თქმა უნდა უფრო აძლიერებს მკითხველის თვალში ჯონის მიღმა არსებულ ტრაგიკულ პიროვნებას. თუმცა მიუხედავად ამ ყველაფრისა, ჯონი ამ პრობლემებს არ აძლევდა უფლებას ხელი შეეშალა მუსიკის შესრულებაში. ინსტრუმენტის ხელის მოკიდებისთანავე , ეს ინსტრუმენტი მაშინვე გადაიქცეოდა ჩვენი ვირტუოზის არსების ნაწილად, თითქოს 2 განსხვავებული საგნიდან( ჯონი და საკსაფონი) ერთი რაღაც იქმნებოდა. ,, ... როდესაც მე მას ხელში ვიღებ, განვიცდი და შევიგრძნობ, რომ ისიც არსებობს სამყაროში, თუკი შემიძლია ავიღო იგი და შევიგრძნო, მაშასადამე, სინამდვილეში აღარ შეიძლება ითქვას, რომ ეს არის- საგანი თავისთავად,- მეც თავისთავად...“ - იძახის ჯონი. სხვათაშორის, ცოტა თემას რომ გადავუხვიოთ, ლოგიკოსებსა და ფილოსოფოსებს დღესაც ვერ გადაუწყვეტიათ, ჩვენს გარეთ არსებული საგანი დამოუკიდებელ ფენომენად აღიქვან თუ უშუალოდ ადამიანის წარმოდგენის ნაყოფად. ანუ რაღაც A საგანი ჩვენს გარეთ ნამდვილად არსებობს თუ მხოლოდ და მხოლოდ ჩვენი ნაწილია. ეს ყველაფერი იმიტომ ვახსენე, რომ ჯონის ამგვარი წარმოდგენა არ არის მარტო მისტიკის სფერო...

ახლა რაც შეეხება ნაწარმოების ამბის მთხრობელს, ვგულისხმობ მთავარი მოქმედი პირის მეგობარსა და ამასთანავე კრიტიკოსს. როგორც ზემოთ ვახსენე, ის ძალიან საინტერესო პერსონაჟია, იმიტომ რომ მთელი მოთხრობის მანძილზე გამუდმებით იგრძნობა მათ შორის დაპირისპირება. დაპირისპირება არა პიროვნულად(რამე პირადი შუღლი, შური ან სხვა რამე), არამედ იდეურად. ჯაზმენი, რომელიც სულიერი ტანჯვის წამალს ეძებს ნარკოტიკებსა და მის შედეგად წარმოშობილ ჰალუცინაციებში(რა თქმა უნდა მუსიკაშიც) უპირისპირდება კრიტიკოსს, რომელიც არის ანალიტიკური აზროვნებისა და მკაცრი წესრიგის მომხრე. საუბარია შემოქმედსა(მუსიკის შემქმნელსა) და მსმენელის(მომხმარებლის) დაპირისპირებაზე. ბუნებრივია ამგვარი ცხოვრების წესის ორი ადამიანი ვერასდროს მიაღწევენ რამე შეთანხმებას. თქვენ ნახავთ, რომ ჩვენი ჯაზმენის ერთადერთი მიზანი არის ჯაზის საშუალებით წყვდიადის გაფანტვა და სინათლის დასადგურება. სწორედ ამიტომ, მართებული იქნება დავეთანხმოთ მწერალს, როდესაც იძახის, რომ ,,ჯონი სრულიადაც არ არის მსხვერპლი და კი არ დევნიან, როგორც ყველა ვარაუდობს, ჯონის კი არ ჰყოლია ბედი მდევარი, არამედ თვითონვე ქცეულა მდევრად, რომ ყველა მისი ცხოვრებისეული წარუმატებლობა მონადირის ხელმოცარულობაა და არა დევნისგან გამწარებული მხეცის ნახტომი.“ ეს იმის მანიშნებელია, რომ ბედმა კი არ დაიმორჩილა ჯონი, არამედ ჯონმა საკუთარი ნებით შექმნა თავისი ბედი.


საინტერესოა ნაწარმოების ფინალიც. ბუნებრივია ჯონისმიერი ადამიანის სიცოცხლის გაგრძელება არ შეიძლებოდა, რადგან ეს მისი ტანჯვის გაგრძელება იქნებოდა. მან ვერ იპოვა თავისი ადგილი ადამიანთა სამყაროში, თუმცა მკითხველს თუ ჰგონია, რომ ეს ყველაფერი სუიციდით მთავრდება ძალიან ცდებით. დასასრული ძალიან მარტივი და დამამშვიდებელია. ამ ყველაფერს ჯობია თვითონ გაეცნოთ და ეზიაროთ მაგიური რეალიზმისა და ჯაზ მუსიკის ჰარმონიულ ნაზავს.




ავტორი: გიორგი წერეთელი