06 June, 2016

რობერტ სალვატორე - ბნელი ელფის ტრილოგია



სახელწოდება: ბნელი ელფის ტრილოგია ("სამშობლო", "გაძევება", "დროებითი სამყოფელი"
ავტორი: რობერტ სალვატორე
ციკლი: დავიწყებული სამეფო
ქვეყანა: ამერიკა
ენა: ინგლისური
პირველი გამოცემის წელი: 1990
შეფასებები Goodreads-ზე: 4.26, 4.24, 4.23



დიდი ხანია აღარაფერი დაგვიწერია და ახალი მიმოხილვისთვის რამე განსხვავებულის, შედარებით ნაკლებ ცნობილის და შინაარსით თავისებური რომანის არჩევს გვსურდა. ამასობაში, ხელში ჩაგვივარდა ამერიკელი ავტორის, რობერტ სალვატორეს "სამშობლო", რომელიც სხვადასხვა ენებზე სულ სხვა ტერმინებითაა თარგმნილი და ალბათ ეს სწორიც არის, თუმცა ზუსტი თარგმანი სწორედ ასეთია და ჩვენც მას მივყვეთ. საქმე ის არის, რომ ეს წიგნი არის დასაწყისი იმ ვრცელი და საინტერესო ამბისა, რასაც "დავიწყებული სამეფო" (Forgotten Realms) ეწოდება და რაც მთავარია, ეს არის პირველი წიგნი საქვეყნოდ ცნობილ ბნელ ელფზე, დრიცდ დ'უორდენზე და ამავდროულად "ბნელი ელფის ტრილოგიის" პირველი ნაწილი. ეს ტრილოგია კი თავის მხრივ სხვა სერიების პრიქველია. თუმცა, წიგნის მთავარი ღირსება მაინც ის არის, რომ ის ბნელი ელფების რასის ერთგვარი ქრონიკაა და თუ ცოტა ხნის წინ მიმოხილულ "ელფებში" ბერნჰარდ ჰენენმა თეთრი ელფების რასა გაგვაცნო, აქ სალვატორე მათი ბოროტი ნათესავების და მათი დიდებული ქალაქის, მენზობერანზანის შესახებ გვიყვება.

ავტორი

რობერტ ენტონი სალვატორე 1959 წლის 20 იანვარს დაიბადა. ამერიკელი ავტორი ყველაზე ცნობილი ე.წ. დემონვორზის საგით გახდა. თუმცა, არანაკლები პოპულარობა მოუტანა დავიწყებული სამეფოს ნოველებმაც, სადაც პირველად გააცნო მკითხველს ბნელი ელფი დრიცთ დ'უორდენი. სალვატორე ავტორია ვარსკვლავური ომების თემაზე დაწერილი ნოველებისაც, მათ შორის - "ვარსკვლავური ომები: ჯედაის ახალი ორდენი". 2010 წელს ახალი კონტრაქტით სალვატორემ სავიწყებული სამეფოს ციკლის გაგრძელება იკისრა, ამის შემდეგ კი შექმნა ოთხ წიგნიანი "Neverwinter Saga", "Sundering", "Companions Codex", სულ ბოლოს კი "Homecoming"-ის ციკლში 2015-ში ჯერ "Archmage" გამოსცა, შემდეგ კი "Maestro", 2016-ში.


მისი წიგნები ხასიათდება კლასიკური ფენტეზის ელემენტებით, ტოლკინისეური რასებით, სხვადასხვა უნარებისა და შესაძლებლობის მქონე არსებებით, ბევრი ბრძოლით, სისხლისღვრითა და რაც მთავარია, მთავარ გმირზე ძირითადი აქცენტით გაკეთებით. თუკი სხვა ავტორები პერსონაჟთა ჯგუფებს ქმნიან და მათ სხვადასხვა ლოკაციებში, სხვადასხვა მიმართულებით ავითარებენ, ბნელი ელფის ტრილოგია თავიდან ბოლომდე კონცენტრირებულია დრიცთზე და მკითხველიც მხოლოდ მას უნდა მიჰყვეს, რადგან მისი ყველაზე ერთგული მეგობარიც კი, შესაძლოა შემდეგ გვერდზე გადაფურცვლისას ან რომელიმე მტარვალის სარს წამოეგოს, ან უბრალოდ თავად დრიცთმა გადაწყვიტოს, რომ ახლა გზის გაგრძელება ცალ-ცალკე სჯობს...



ბნელი ელფები

როგორც ვთქვით, ბნელი ელფის ტრილოგიის მთავარი მიღწევა ჟანრის სამსახურში სწორედ ის არის, რომ ყურადღებას ამახვილებს ერთ კონკრეტულ რასაზე (თავდაპირველად) და მხოლოდ მათი გაცნობის შემდეგ იშლება სიუჟეტი სხვადასხვა მიმართულებით. თავიდანვე უნდა ითქვას, რომ სალვატორე ბნელი ელფის ტიპაჟის კლასიკურ გაგებას აღიარებს და არაფერ ახალს არ იგონებს. თუმცა, შეძლებისდაგვარად დეტალურად გვაცნობს მათ ყოფას, პრინციპებს და მისწრაფებებს. ბნელი ელფები მიწისქვეშეთში ცხოვრობენ, მათი დედაქალაქი კი ძლევამოსილი მენზობერანზანია. ამ ქალაქის სიდიადე ალბათ ის მომენტია, რომელსაც სალვატორე ყველაზე ლამაზად აღწერს პირველ თავებში და სწორედ ეს არის ის მიმზიდველი მომენტი, რაც მკითხველს პირველი წაკითხვისას ატყვევებს. უზარმაზარი სტალაქტიდები და სტალაგმიტები, ჩაბნელებული და მხოლოდ ფერმკრთალი ნათებით განათებული ქვაში გამოყვანილი დარბაზები, შიგადაშიგ დაბერილი ცივი ნიავი და მხოლოდ რამდენიმე ადგილზე მოჩუხჩუხე მიწისქვეშა წყლები. ეს ყველაფერი იმდენად სულისშემძვრელადაა დახატული, რომ არ შეიძლება, ამ სამეფოს მოწყობამ არ დაგაინტერესოს. სამეფო კი თავიდან ბოლომდე სისასტიკეზე, ფლიდობასა და ერთმანეთისთვის ზურგში დანის ჩარტყმაზეა აგებული. მიწისქვეშეთში რამდენიმე სახლი ბატონობს, რომლებიც შესაბამისი საფეხურებრივი დონით განსხვავდებიან ერთმანეთისგან. აქ დაშვებულია, რომ ერთ-ერთმა სახლმა სხვა რომელიმეს განადგურება, მისი მიწასთან გასწორება გადაწყვიტოს, ოღონდ ეს ისე უნდა გააკეთოს, რომ ამის შესახებ არავინ გაიგოს და შესაბამისად, მოწინააღმდეგე სახლის ყოველი წევრი, ბავშვიან-ქალიანად უნდა განადგურდეს, რადგან თუ არ დარჩება მოწმე ომისა, ეს ნიშნავს, რომ ომი არ ყოფილა.

ბნელი ელფები თაყვანს სცემენ ობობის დედოფალ ლოსს, რომელიც მათთვის ერთდროულად, უმაღლესი სუვერენიც არის, და მთავარი ღვთაებაც, რომელსაც თავისუფლად სწირავენ მსხვერპლს, მისი სახელით იწყებენ ომებს და მის სათაყვანებელ ანადგურებენ მეზობელ ქალაქებს. მენზობერანზანში არ არსებობს მორალისა და ღირსების გაგება. ზოგადი პრინციპების დონეზე, ნებისმიერს შეუძლია მოკლას, უღალატოს, გააცუროს გვერდზე მდგომი, თუკი ეს მისი პირადი წარმატებისთვის მნიშვნელოვანია. აქ რიგითი მცხოვრების სიკვდილი ისეთივე ჩვეულებრივია, როგორც წვიმა, მიწისზედა სამეფოებში.


პერსონაჟები

და აი, როგორც წესი და რიგია, სწორედ ასეთ საზოგადოებაში იბადება ისეთი პერსონაჟი, რომელიც პირველად იჩენს მორალურ პრინციპებს და უჩნდება შეკითხვები, მისი ხალხის ჩვეული ყოფის საპირისპიროდ. არადა, დრიცთი შემთხვევით გადარჩა. მისი გადარჩენის საიდუმლო მოგვიანებით ირკვევა და ისიც, თუ ვინ არის მისი ნამდვილი მამა. მანამდე კი, დრიცთი იზრდება, იწვრთნება და ემზადება ღირსეული უფლისწულობისთვის. თავდაპირველად, მისი მომავლის შესახებ ბჭობისას გადაწყდება, რომ მისი უნარები უფრო მეტად მებრძოლისას ჰგავს, ვიდრე ჯადოქრის, შესაბამისად მის აღზრდასა და წვრთნას ხელს მოჰკიდებს ჯერ მისი და, შემდეგ კი სამეფოს რჩეული მებრძოლი ზაკნაფეინი, რომელიც აღმოჩნდება, რომ დრიცთის იდეების და შეხედულებების ფარულად გამზიარებელია, რასაც სასტიკად ეწინააღმდეგება დედა - მელისა, რომელიც ამავდროულად დ'უორენების სახლის მმართველია. საერთოდაც, ბნელ ელფებში მატრიარქატი ბობოქრობს და მიუხედავად იმისა, რომ მმართველი ქალები საშინლად გამაღიზიანებლად იქცევიან და სამეფოს საუკეთესო მებრძოლ კაცებსაც კი ჩალის ფასად თვლიან, მეორე და მესამე ნაწილებში ეს მდგომარეობა შემაწუხებელი აღარ არის. 

ტრილოგიის უმთავრესი და დრიცთის განუყრელი პერსონაჟია მაგიური პანტერა - გვენვივარი, რომლის 'გამოძახებაც' სპეციალური მაგიური მინიატურული ქანდაკებითაა შესაძლებელი. აქვე ნელ-ნელა ჩნდებიან და ქრებიან ორკები, მიწისქვეშა ჯუჯები, მათი ღირსეული და ბუზღუნა მეფე, მთავარი მებრძოლი, რომელსაც ბნელ ელფებთან შეტაკების შემდეგ ხელების ნაცვლად წერაქვი და ჩაქუჩი აქვს მიმაგრებული, აგრეთვე ბოროტი გნოლები, მთის გიგანტები და კიდევ ძალიან ძალიან ბევრი პერსონაჟი. ტრილოგიას კი ხურავს მიწისზედა ჯუჯების სამეფო, რომლის მთავარიც, ალბათ ერთ-ერთი ყველაზე ღირსეული მამრობითი სქესის პერსონაჟია მთელ ტრილოგიაში.


დრო

ამ კომპონენტზე ზედმეტი ყურადღება ნამდვილად არ არის გამახვილებული, თუმცა რადგან ჰენენის ელფების მსგავსად მიმოვიხილავთ ამ ტრილოგიას, ორიოდ სიტყვა დროის განსაზღვრებაზეც შეიძლება ითქვას. ბნელი ელფები, მათი ნათესავების მსგავსად, ასწლოვანი ცხოვრებით გამოირჩევიან. მათ გააჩნიათ მაგიური შესაძლებლობები, რიგ შემთხვევებში მკვდრეთით აღდგენის უნარიც, თუმცა რეალურად ბნელი ელფიც იმგვარად კვდება, როგორც ჩვეულებრივი ადამიანი. განსხვავება ის არის, რომ ელფები, რომლებსაც სალვატორე აგრეთვე უწოდებს - დროვებს, ადამინებზე ბევრად კარგი მებრძოლები და ჯადოქრები არიან. დრო განსაკუთრებით ჩქარა გადის ტრილოგიის პირველ წიგნში, სადაც პირველ თავში დრიცთი ჯერ დაბადებულიც არ არის, შემდეგ კი მალევე გადის ჯერ 10 წელი, როცა ის მისი დის მზრუნველობის ქვეშ იზრდება, შემდეგ კიდევ 10, 20 და მეორე წიგნი კი უკვე ორმოცი წლის ახალგაზრდის ამბით იწყება. რადგან, ორმოცი წლის ბნელი ელფი, პრაქტიკულად გარდატეხის ასაკში მყოფ ადამიანზე უფრო პატარაა. სხვათა შორის, როგორც კი ტრილოგიის დასკვნით თავებში ადამიანები აქტიურ პერსონაჟებად შემოდიან, სალვატორეც იმ საინტერესო პასაჟს ეხება, რაც ჰენენმა თავის ელფებთან განავრცო, თუმცაკი, მას საამისოდ იდეალური პერსონაჟი, ადამიანთა უკანასკნელი მეფე ჰყავდა. ასეთ ძლიერ კაცებს კი, სალვატორესთან ვერ ვხვდებით, თუმცა დრიცთის თვალით, ისიც საინტერესოდ აღწერს ამ რასას. რასას, რომლებიც ყველაზე უნდობლები და საშიშები არიან, თუმცა რომელთაც ყველაზე დიდი სიყვარული შეუძლიათ, რადგან მათი ცხოვრება ისეთივე ხანმოკლეა, როგორც რიგითი ბნელი ელფის მიერ მაგიის სკოლაში გატარებული დრო.


ფონი და მტერი

მიუხედავად იმისა, რომ შიგადაშიგ ვკითხულობთ დრიცთის ჩანაწრებს აწმყოდან, მის მორალისტურ შეხედულებებს, მის მიერ მოწონებულ ჯუჯების ცხოვრების წესს, - დემოკრატიულ პრინციპებს, ურთიერთდახმარებასა და გუნდურ პრინციპებს, საერთო ჯამში ტრილოგიას მაინც ბრძოლის და სისხლიანი ცხელი მახვილის სურნელი გასდევს. თან, დრიცთს ასეთი მახვილი ორი აქვს. ის ჯერ თავისიანებს ებრძვის, შემდეგ მოწინააღმდეგე რასებს, ჭკუასუსტ გიგანტურ ქმნილებებს, თუმცა ყველაზე დიდი ბრძოლა საკუთარ თავთან აქვს და ხანდახან გამაღიზიანებელიც კია, მენზობერანზანის საუკეთესო მკვლელის მიერ წყლისა პირსა მჯდომი მოყმის როლში ყოფნა, თანაც საფიქრალ-სადარდებელი მრავალ თემაში, საბედნიეროდ, ქალი არსად ურევია. მავანი იფქრობს, რომ ამის მიზეზი მისი სასტიკი და/დედები და მენზობერანზანის მატრიარქატია, თუმცა ვინ იცის...

მიუხედავად ამისა, სამივე წიგნში იმდენად ბევრი საინტერესო თემაა გაშლილი, რომ ხანდახან გიჩნდება შთაბეჭდილება, რომ მე-20 საუკუნის ომის შემდგომი პერიოდის რომანტიკულ დრამას კითხულობ და ცოტა არ იყოს, გავიწყდება კიდეც, რა საგმირო საქმეები აქვს ჩადენილი მთავარ გმირს თავისი ერთგული იარაღის დახმარებით.

ღირს?


სალვატორე არის ძალიან კარგი მთხრობელი, მას შეუძლია ჭიქის ქვეშ ჩასვას ორი ბუზი და მათი ცხოვრება იმპერიული ყოფის მსგავსად წარმოგვიდგინოს, გვაჩვენოს ბუზებს შორის დაპირისპირება, ერთმანეთის შეჭმის სურვილი და ყველაფერი ის, რაც ეპიკურ ფენტეზის ეპიკურად აქცევს. მიუხედავად იმისა, რომ ტრილოგია სავსეა ამერიკული კლიშეებით და შეიძლება ითქვას, რომ მიუხედავად დიდი დოზით სისასტიკისა, აქ მაინც ძალიან ბევრი "ნედ სტარკი" პერსონაჟია, თანაც ბევრ მომენტში სალვატორე ზოგან ჟანრის კლასიკური კანონების დაცვით, ზოგაც ან სიზარმაცით, ან ხუმრობით, ლამაზად, თუმცა შეუსხვაფერებლად იმეორებს ტოლკინს, ეს მაინც ის ტრილოგიაა, რომელიც გულგრილს არავის დატოვებს, რადგან ავტორი ქმნის იდეალურ პერსონაჟს, რომელიც თანაბრად საყვარელია როგორც მორალისტი, ისე სამყაროზე გაბრაზებული მკითხველისთვის. დრიცთი ის მებრძოლია, რომელიც სჭირდება ნებისმიერ რასას, რათა თავდადება და ბრძოლისუნარიანობა ღირსებით შემოფარგლულ ჩარჩოებს არ გასცდეს.

ღირს, ნამდვილად ღირს, თანაც მიუხედავად ყველაფრისა, ეს არის ძალიან ინდივიდუალური და თვითმყოფადი ტრილოგია, რომელიც გარდა ტიპური სისხლიანი სცენებისა, მკითხველს კლასიკური ლიტერატურისთვის დამახასიათებელი დამაფიქრებელ საუბრებსაც სთავაზობს. დრიცთი კი, უდავოდ ის კაცია, რომელიც ჯორჯ მარტინს რომ პირველ წიგნში ჰყოლოდა, ნედ სტარკზე ადრე მოკლავდა.







ავტორი: ირაკლი სულაძე